გლობალური კატასტროფები

სიახლეები

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

NOTA BENE

ადამიანი და გარემო

სადიაგნოსტიკო მეთოდები

მიმოხილვა

თარგმანი

ახალი მეთოდები

კლინიკური კვლევა

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების პლასტიკა პირამიდული საცობის გამოყენებით [5.00]

რობოტები და ქირურგია – სამეცნიერო ფანტასტიკა და რეალობა [5.00]

აპოკალიფსის 25 წელი [0.00]

სიამის ტყუპები [0.00]

კოტარდის სინდრომი [0.00]


ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების პლასტიკა პირამიდული საცობის გამოყენებით [8356]

ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკის ჰისტოპათოლოგიური მეთოდები [8308]

სიამის ტყუპები [7709]

22 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან… [5517]

კოტარდის სინდრომი [5504]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 0

ბიოლოგიური დოზიმეტრია საქართველოში

ავტორი: მ. ანთელავა, ხ. გვიმრაძე, პროფ. ა.ზედგინიძე, ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თბილისი

>>  ადამიანები რადიაქტიურ წყაროებთან კონტაქტისას მაიონებელი რადიაციის სხვადასხვა დოზებით ზემოქმედებას განიცდიან.
დასხივების ფაქტის კონსტატირებისა და მიღებული დოზის დასადგენად არსებობს თანამედროვე რადიობიოლოგიისათვის შედარებით ახალი და უკიდურესად მნიშვნელოვანი კვლევის მეთოდი – ბიოლოგიური დოზიმეტრია. დასხივებულ პირთა დროული გამოვლენა აუცილებელია პრევენციული და თერაპიული ღონისძიებების დაგეგმისათვის.


შესავალი
ატომური წარმოების განვითარებამ, სპეციალური სადიაგნოსტიკო აპარატურის ფართოდ გამოყენებამ, რადიაქტიური წყაროების სამხედრო აღჭურვილობებში ხმარებამ უბედური შემთხვევების შედეგად ადამიანთა დასხივების ფაქტების რიცხვის ზრდა განაპირობა.
რადიაქტიურ წყაროებთან დაკავშირებული ისეთი ავარიები, როდესაც ადამიანების დიდი რაოდენობა მაღალი დოზებით სხივდება, იშვიათია. ინდივიდუალური დასხივება კი სხვადასხვა გარემოებებში შეიძლება მოხდეს:
• რადიოაქტიურ ნივთიერებებთან მუშაობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევისას;
• რადიოაქტიურ წყაროზე მომუშავე აპარატურის გაუმართავობისას;
• ზედამხედველობის გარეშე მიტოვებულ რადიოაქტიურ წყაროებთან კონტაქტისას;
• სხივური თერაპიის ჩატარებისას დოზის გადაჭარბების დროს.
მაიონებელი სხივების საშულო, ან მაღალი დოზებით ადამიანის დასხივებისას (>1Gy), განსაზღვრული კლინიკური სურათი ვლინდება. პირველ რიგში ზიანდება ის ორგანოები, რომლებშიც უჯრედების განახლება აქტიურად ხდება.
დასხივების ერთ-ერთ პირველ ნიშანს სისხლის მწიფე უჯრედების რიცხვის დაქვეითება წარმოადგენს. 1 Gy-ზე ძირითადად ვლინდება ჰემატოლოგიური დარღვევები. შედარებით მაღალ დოზებზე ამას ემატება ცვლილებები კუჭ-ნაწლავის სისტემაში. ძალიან მაღალ დოზებზე კი წინა პლანზე ნერვული სისტემის დაზიანებები მოდის. ავარიული სიტუაციებისას უფრო ხშირად ადგილი აქვს კომბინირებულ გამოვლინებებს. უბედური შემთხვევებისას სხეულის თანაბრად დასხივება იშვიათად ხდება და ლოკალური გამოვლინებები სრულიად სხვადასხვაგვარია.
ცნობილია, რომ რადიაციის მაღალი დოზები რამოდენიმე საათსა ან დღეში იძლევა ადვილად იდენტიფიცირებად კლინიკურ სურათს. მცირე დოზების (<1Gy) კლინიკური ეფექტი კი მხოლოდ რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს (6).
დაბალი დოზების მოქმედება იწვევს ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემების ცვლილებებს, ვითარდება პოლისინდრომული ხასიათის ფუნქციური დარღვევები, ყალიბდება ე. წ. ნოზოლოგიამდელი მდგომარეობები. რადიაციის ხანგრძლივად ზემოქმედების შემთხვევაში კი ეს მდგომარეობა თანდათან კლინიკურ პათოლოგიაში გადადის. ამდენად ცხადია, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მცირე დოზების ზემოქმედების დროულ გამოვლენას და დაავადების განვითარების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა სამედიცინო ღონისძიებების ჩატარებას.
თუ რადიაციის ზემოქმედების შედეგად მუტაცია სასქესო უჯრედში მოხდება, ეს შეიძლება შთამომავლობაზე აისახოს, ან დასხივებულმა ორგანიზმმა საერთოდ დაკარგოს შვილოსნობის უნარი. ხოლო, თუ მუტაცია სომატურ უჯრედში მოხდება, ის შთამომავლობაზე არ აისახება, მაგრამ შეიძლება ხელი შეუწყოს უჯრედის მალიგნიზაციას და დასაბამი დაუდოს სიმსივნურ დაავადებას.
დასხივების ფაქტის დასადასტურებლად და მიღებული დოზის დასადგენად აუცილებელია ბიოლოგიური დოზიმეტრია.
ნორმალური უჯრედის სტატუსში მომხდარი და პირველადი რადიაციული დაზიანებით განპირობებული ნებისმიერი დარღვევა, შეიძლება გამოყენებული იქნეს რადიაციული ზემოქმედების მარკერად. რადიაციით ინდუცირებული იდეალურ ციტოგენეტიკურ მარკერებად ითვლება ის დარღვევები, რომლებიც პასუხობენ შემდეგ მოთხოვნებს:
• არიან სპეციფიური მაიონებელი რადიაციისათვის;
• მათი აღრიცხვა დასხივებიდან მოკლე დროშივე უნდა ხერხდებოდეს და უნდა რჩებოდეს ხანგრძლივად;
• ავლენენ დოზაზე დამოკიდებულებას;
• ხელს უწყობენ სხვადასხვა ტიპის დასხივების დიფერენცირებას;
• ვარგისი არიან როგორც ტოტალური, ასევე პარციალური დასხივებისას;
• ის ბიოლოგიური მასალა რომელშიც ბიომარკერის კვლევა ტარდება უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი;
• შედეგები შედარებით სწრაფად მიიღება და მათემატიკურ დამუშავებას ექვემდებარება.
რასაკვირველია, ყველა მოთხოვნას ვერცერთი მარკერი ვერ უპასუხებს, შესაბამისად არც ბიოდოზიმეტრიის იდეალური მეთოდი არსებობს.
ოპტიმალურ მეთოდს, რომელიც დასხივების ფაქტის იურიდიული დასაბუთებაცაა, რადიაციაზე დამოკიდებული ქრომოსომული აბერაციების აღრიცხვა წარმოადგენს (10, 11). დღეისთვის არსებული ბიოდოზიმეტრიის კონვენციური ქრომოსომული მეთოდი რადიაციით ინდუცირებულ დიცენტრული და რგოლისებური ქრომოსომებისა და აცენტრული ფრაგმენტების აღრიცხვას ემყარება და მისი გამოყენება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და გაერო-ს ატომური რადიაციის მოქმედების სამეცნიერო კომიტეტის მიერაა რეკომენდებული (7, 8).
ბოლო წლებში მსოფლიო პრაქტიკაში სხვადასხვა მუტაგენის ზემოქმედების შესწავლის მიზნით ფართოდ გამოიყენება პერიფერიული სისხლის ლიმფოციტების მიკრობირთვების კვლევა (2, 3). რადიაციით ინდუცირებული მიკრობირთვები დიცენტრული ქრომოსომების, რგოლისებრი ქრომოსომების და აცენტრული ფრაგმენტებისგან, ანუ იმავე არასტაბილური აბერაციებისგან იქმნება, რომელთა აღრიცხვაზეცაა დამყარებული დიცენტრული ქრომოსომების კვლევის მეთოდი (4, 5).
2000 წლიდან საქართველოს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ციტოგენეტიკის ლაბორატორიაში ტარდება ბიოდოზიმეტრია ორივე მეთოდის გამოყენებით.
შრომის მიზანი:
შრომის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოსახლეობაში პერიფერიული სისხლის ლიმფოციტურ კულტურაში არასტაბილური ქრომოსომული აბრაციებისა და მიკრობირთვების დონის ფონური მაჩვენებლების განსაზღვრა. იმ პირთა ბიოდოზიმეტრიული კვლევის მონაცემების განზოგადება, რომლებმაც მაიონებელი რადიაციის სხვადასხვა დოზების ზემოქმედება განიცადეს.
მასალა და მეთოდები:
არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ატომური უსაფრთხოების ორგანიზაციების რეკომენდაციები, რომელთა თანახმადაც შერჩეული ბიოდოზიმეტრული მეთოდისთვის ლაბორატორიამ ინდივიდუალურად უნდა შეადგინოს საკუთარი კალიბრული მრუდები ცალკეული რადიაქტიური ნივთიერებისათვის და დაადგინოს მეთოდით საკვლევი მაჩვენებლების ფონური პოპულაციური სიხშირე (7, 8).
დოზა-ეფექტის მრუდების და ფონური სიხშირის მაჩვენებლების დასადგენად გამოყენებული იყო დონორის პერიფერიული სისხლის ლიმფოციტების კულტურა.
საკვლევ მასალას ასევე წარმოადგენდა მაიონებელი რადიაციის სხვადასხვა დოზის ზემოქმედებაგამოვლილ პირთა პერიფერიული სისხლის ლიმფოციტების კულტურები. გამოკვლეულია: კონტროლის მიზნით – 50 ჯანმრთელი პირი; 150 პირი, რომლებიც მსახურობენ ან ცხოვრობენ იმ ტერიტორიებზე, სადაც აღმოჩენილი იყო რადიაქტიური წყაროები;
როგორც in vitro დასხივებული სისხლის, ასევე საკონტროლო და საკვლევი ჯგუფების კვლევისას დიცენტრული ქრომოსომების კვლევისთვის ვიყენებდით მიურჰედის მიერ შემოთავაზებულ მეთოდს მოდიფიკაციით, ხოლო მიკრობირთვებს ვიკვლევდით ციტოხალაზინით ბლოკირებული მიკრობირთვების აღრიცხვის მეთოდით (CBMN) (5).
დიცენტრული ქრომოსომების ინდექსის (დიცენტრული ქრომოსომების რაოდენობა ერთ უჯრედზე) გამოსავლენად, თითო ადამიანის 200-ზე მეტი მეტაფაზა ანალიზდებოდა. ლიმფოციტარული მიკრობირთვების ინდექსის (მიკრობირთვების რაოდენობა ერთ უჯრედზე) გამოვლენის მიზნით კი, თითოეულ ადამიანს უტარდებოდა 500 ან 1000 ლიმფოციტის გამოკვლევა.
კვლევის შედეგები და მათი განხილვა:
პირველ ეტაპზე, ორივე მეთოდისთვის კალიბრული მრუდების აგების მიზნით, განვსაზღვრეთ დიცენტრული ქრომოსომების და მიკრობირთვების დონე in vitro 137Cs – 0,5 Gy წთˉ¹ სხვადასხვა დოზით დასხივებულ ჯანმრთელი დონორის სისხლში. დასხივების დოზები იყო: 0.25, 0.5, 0.75, 1.0, 2.0, 3.0 და 4.0 Gy ცხრილები 1 და 2.
ჩატარდა შედეგების მათემატიკური რანჟირება, აიგო დოზა-ეფექტის კალიბრული მრუდები ( მრუდი 1 და მრუდი 2). გამოყვანილი იქნა კოეფიციენტები დოზის გამოსაანგარიშებელი რეგრესიული განტოლებისათვის.
მიღებული წრფივი-კვადრატული რეგრესია შეესაბამებოდა შემდეგ განტოლებას:
Y = 1.56 * 10-3 + 0.035 * D + 0.068 * D2
სადაც Y – არასტაბილური აბერაციების (დიცენტრული ქრომოსომების) რიცხვია, ხოლო D – დოზა. ეს კოეფიციენტები აუცილებელია ჩვენს ლაბორატორიაში მიღებული დოზის შემდგომი განსაზღვრისათვის. ქვემოთ მოყვანილია ჩვენს მიერ შედგენილი კალიბრული მრუდი (მრუდი 1).
მიკრობირთვების კვლევის შედეგების ანალიზით, მიკრობირთვების რიცხვსა და დოზას შორის გამოვლინდა წრფივი და წრფივი კვადრატული რეგრესიული დამოკიდებულება, რომელიც ასევე გამოიხატება განტოლებით:
Y = 0,016 + 0,107 × D + 0,032 × D²
(D – დასხივების დოზა, ხოლო Y – მიკრობირთვების რაოდენობა ერთ უჯრედზე)
აიგო სათანადო მრუდი (მრუდი 2).
განტოლებების და მრუდების შედგენის შემდეგ ჩვენ განვსაზღვრეთ დიცენტრული ქრომოსომებისა და მიკრობირთვების დონის ფონური მაჩვენებლები. ორივე მაჩვენებელი მეტად ვარიაბელური სიდიდეა, რადგან ისინი უმეტესწილად ეკოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. დადგენილია ამ მაჩვენებლების ცვალებადობა ასაკსა და სქესთან და მრავალ სხვა ფაქტორთან დაკავშირებით (1).
გამოკვლეული იქნა შედარებით კეთილსაიმედო ეკოლოგიურ პირობებში მცხოვრები და მომსახურე პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანები, რომლებიც არ აღნიშნავდნენ მაიონებელი რადიაციის წყაროსთან კონტაქტს, გარდა ერთეული რენტგენოლოგიური გამოკვლევისას. შეირჩა 20-დან 45 წლამდე ასაკის 50 კაციანი საკონტროლო ჯგუფი.
ერთ უჯრედზე დიცენტრული ქრომოსომების სპონტანურმა სიხშირემ შეადგინა 0.0015. ეს მონაცემები შეესაბამებოდა იმ შედეგებს, რომლებიც მივიღეთ დონორის სისხლის დასხივებამდე დიდი რაოდენობით მეტაფაზების (2000) გამოკვლევისას.
ბინუკლეარული ლიმფოციტების კვლევით, მიკრობირთვების საშუალო ფონური სიხშირე იყო 0,01448 ± 0,008342. ამ მაჩვენებლის მინიმალური მნიშვნელობა იყო 0,00, ხოლო მაქსიმალური 0,038. დიაგრამა 1–ზე ნაჩვენებია მიკრობირთვების განაწილება ჯანმრთელ პოპულაციაში.
ჩვენს მიერ მიღებული ფონური მაჩვენებლები გარემოს საშუალო ხარისხით დაბინძურებაზე მიუთითებს, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ერთ უჯრედზე დიცენტრული ქრომოსომების რაოდენობის ფონური მაჩვენებლები მერყეობს 0–0.00342 ფარგლებში (2), ხოლო ბინუკლეარულ უჯრედზე მიკრობირთვების რიცხვი სხვადასხვა ქვეყნებისათვის 0-0.0036 (9).
საკვლევი კონტინგენტი შეადგინა 14-მა ადამიანმა, რომლებმაც საშუალო და მაღალი დოზით მწვავე დასხივების შედეგად სხივური ტრავმა მიიღეს (I ჯგუფი) და 136-მა მცირე დოზებით ქრონიკული დასხივების ქვეშ მყოფმა ადამიანმა (II ჯგუფი).
პირველ ჯგუფში შედიოდა 1997 წელს ლილოს ცნობილი ინციდეტისას დასხივებული 11 ჯარისკაცი და სოფელ ლიას სამი მცხოვრები, რომლებიც ტყეში შეშის ჭრის დროს გარკვეული დროის განმავლობაში გაშიშვლებული რადიაქტიური წყაროს მახლობლად იმყოფებოდნენ. როგორც დიცენტრული ქრომოსომების (სურათი 1), ასევე მიკრობირთვების (სურათი 2) აღრიცხვის მეთოდით ლილოს ბაზის 6 სამხედრო მოსამსახურის მიერ მიღებული დოზა 0,5–დან 1,6 Gy-მდე მერყეობდა.
სოფელ ლიას მცხოვრებლებთან კი კონვენციური მეთოდით კვლევისას ერთ უჯრედზე დიცენტრული ქრომოსომების რიცხვი იყო 0.6, 0.14 და 0.91. კალიბრული მრუდის და განტოლების გამოყენებით მიღებული დოზა შესაბამისად იყო: 1.12 Gy, 2.8 Gy, 3.3 Gy. მიკრობირთვების კვლევით ლიას მცხოვრებლებს დაუდგინდა მიკრობირთვების შემდეგი ინდექსები და დასხივების დოზები. მბი: 0.16, 0.55, 0.75. დოზა: 1.0 Gy, 2.6 Gy, 3.5 Gy. დაბალი დოზებით ქრონიკული დასხივების ქვეშ მყოფი 136 კაციანი ჯგუფის ორივე მეთოდით გამოკვლევით 0.2 Gy-ზე მაღალი დოზა გამოუვლინდა 12 პიროვნებას. კვლევის შედეგები მოყვანილია ცხრილში 3.
ორი მეთოდით გამოთვლილი დოზების გამოსახულება მოყვანილია დიაგრამა 2–ზე.
შედეგების სტატისტიკური შედარებისთვის გამოვიყენეთ შედარების არაპარამეტრული მეთოდი უილკოკსონ-მანნა-უიტნის კრიტერიუმი (ცხრილი 4). დოზებს შორის არ გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება (p<0,05), ანუ დადასტურდა ორივე კვლევის, როგორც დამოუკიდებელი ბიოდოზიმეტრიის მეთოდის ეფექტურობა.
დასკვნა
ბიოლოგიურ დოზიმეტრიას მნიშვნელობა მხოლოდ ავარიული დასხივების დაფიქსირებული შემთხვევებისას როდი აქვს. ჩვენს დროში, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ატომური ენერგია ფართოდ გამოიყენება და ადამიანთა დიდი ჯგუფები ქრონიკულად განიცდიან რადიაციის მცირე დოზების ზემოქმედებას, როდესაც ბევრ რეგიონში გაზრდილია რადიაციული ფონი და მრავალი ადამიანი გადის სხივურ თერაპიას, აუცილებელია არსებობდეს ჯამური მიღებული დოზის განმსაზღვრელი ეფექტური და სანდო მეთოდები. ცნობილია, რომ დასაშვები წლიური დოზა 0.03 Gy-ის არ უნდა აღემატებოდეს. უფრო მაღალი დოზების მიღებისას ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის საფრთხე ჩნდება.
თუ კი დასხივება მოხდა მაღალი დოზით (>1Gyმწვავე დასხივება), დოზის შესახებ ინფორმაცია აუცილებელია თერაპიის სწორი დაგეგმისათვის და იმ კლინიკური მდგომარეობის განსაზღვრისათვის რომელიც შეიძლება განვითარდეს მომდევნო კვირეებსა და თვეებში. უფრო დაბალი დოზისას (0,2-1 Gy), როდესაც მკურნალობა არაა აუცილებელი, დოზიმეტრიული ინფორმაცია საჭიროა დასხივებულ პირთათვის მოგვიანებით ვადებში დაავადების განვითარების რისკის დასადგენად. ხოლო ძალიან დაბალი დოზებით დასხივებისას (<0,2Gy), ქრომოსომული ცვლილებების არსებობის ვერიფიცირებისათვის, რათა დინამიკაში შემოწმდეს მათი ელიმინაციის ეფექტურობა.
შესრულებული ნაშრომის შედეგად განისაზღვრა პერიფერიული სისხლის ლიმფოციტებში სტაბილური ქრომოსომული აბერაციების, კერძოდ დიცენტრული ქრომოსომების ფონური სიხშირე და მიკრობირთვების ფონური სიხშირე. ციტოგენეტიკური მარკერების: დიცენტრული ქრომოსომებისა და მიკრობირთვების მაჩვენებლების მიხედვით გამოიყო მაიონებელი რადიაციის სხვადასხვა დოზის ზემოქმედებაგამოვლილი ჯგუფები, რომლებიც შეადგენენ ონკოლოგიური და შესაძლოა სხვა დაავადებების განვითარების რისკის ჯგუფს. ყველა იმყოფება დისპანსერულ აღრიცხვაზე საქართველოს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში.

ლიტერატურა

ნანახია: 3058 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269112


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.