მსოფლიოს ჯანდაცვა

სიახლეები

მიმოხილვა

თარგმანი

მოლეკულური მედიცინა

ახალი მეთოდები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

კანქვეშა ვენური პორტის იმპლანტაცია, მარტივი გამოსავალი გამოუვალი მდგომარეობიდან [4.50]

ფონ ვილებრანდის დაავადება - სისხლის შედედების პათოლოგია [4.00]

ბოტულიზმით განმეორებით დაავადების შემთხვევა [0.00]

დაბალსიხშირული ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედება ცალკეული ნეირონის ფუნქციონირებაზე [0.00]


ჰიპერბილირუბინემიის მართვა ახალშობილ ბავშვებში, რომელთა გესტაციური ასაკი 35 და მეტი კვირაა [20862]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
WORLD HEALTH ORGANIZATION [9979]

ჰიპოკალცემიის დიაგნოსტიკა და მართვა [9724]

ინტელექტი და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები [9626]

ყვავილები ელჯერნონისათვის [9202]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 5

ფონ ვილებრანდის დაავადება - სისხლის შედედების პათოლოგია

ავტორი: მ. მდივნიშვილი, მ. აბაშიძე, გ.იოსავა, თ.ნადირაძე
ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტი
M.Mdivnishvili, M.Abashidze, G.Iosava, T.Nadiradze
Acad. G. Mukhadze Institute of Hematology and Blood Transfusiology, Tbilisi
Von Willebrand disease pathology of coagulation of blood

>>  ფონ ვილებრანდის დაავადება სისხლის შედედების პათოლოგიათა შორის ყველაზე ხშირია. დაავადების გამომწვევი მიზეზია სისხლის მაღალმოლეკულური პროტეინის – ფონ ვილებრანდის ფაქტორის რაოდენობრივი ან ფუნქციური დეფიციტი. ფონ ვილებრანდის ფაქტორი ჰემოსტაზში ასრულებს ორ მთავარ ფუნქციას: 1. ის ხელს უწყობს დაზიანებული სისხლძარღვის კედელზე თრომბოციტების ადჰეზიას; 2. ასრულებს VIII ფაქტორის დამცველის და გადამტანის ფუნქციას.
ფონ ვილებრანდის ფაქტორი სინთეზირდება ენდოთელურ უჯრედებსა და მეგაკარიოციტებში. დაავადებას ყოფენ 3 ძირითად ტიპად: I ტიპი – ფონ ვილებრანდის ფაქტორის რაოდენობრივი დეფიციტი; II ტიპი – ფუნქციური დეფიციტი; III ტიპი – ფაქტორის ტოტალური დეფიციტი. დაავადების II ტიპი იყოფა A, B, N და M ქვეტიპებად. ფონ ვილებრანდის დაავადების სიმპტომებია: სისხლდენები ლოწოვანი გარსებიდან – ცხვირიდან, პირის ღრუდან, მენორაგიები, ჰემატომები, სისხლდენები ტრივიალური ჭრილობებიდან, პოსტოპერაციული სისხლდენები, შედარებით იშვიათად გასტროინტესტინალური სისხლდენები და ა.შ.
Von Willebrand disease is one of the most common inherited bleeding disorder. It is caused by quantitative and/or qualitative defects of the von Willebrand factor, a multimeric high molecular weight glycoprotein. vWF performs two major roles of hemostasis: it madiates the adhesion of platelets to sites of vascular injure and it binds and stabilazes blood clooting factor VIII in circulation. vWF is synthesized by endothelial cells and megakaryocytes. vWD is classsified into three major types: 1.vWD type 1 – partial quantitative deficiency of vWF; 2. vWD type 2 – qualitative deficiency of vWF; 3.vWD type 3 - total deficiency of vWF. vWD type 2 is subdivided into A, B, N and M subtypes. The symptoms of vWD are mucosal bleeding; nose bleeding, oral cavity bleedig, post-partum bleeding, skin bruises and hematomas, excessive menstrual bleeding, prolonged bleeding from trivial wounds, rarely gastrointestinal bleeding.


keywords: blood coagulation pathology; Von Willebrand’s disease; Von Willebrand factor; pseudohemophilia; endothelial cell; megakaryocyte; thrombocyte; α granules; menorrhagia; bleeding.
საკვანძო სიტყვები: სისხლის შედედების პათოლოგია; ფონ ვილებრანდის დაავადება; ფონ ვილებრანდის ფაქტორი; ფსევდოჰემოფილია; ენდოთელური უჯრედი; მეგაკარიოციტი; თრომბოციტები; α გრანულები; მენორაგია; სისხლდენა.

შესავალი
სისხლის შედედების პათოლოგიათა შორის ფონ ვილებრანდის დაავადება (vWD) ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. მისი გავრცელების სიხშირე სხვადასხვა ქვეყნაში 0,1 %-დან 2%-მდე მერყეობს. დაავადებას იწვევს სისხლის მაღალმოლეკულური პროტეინის – ფონ ვილებრანდის ფაქტორის რაოდენობრივი ან ფუნქციური დეფიციტი. დაავადება შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი.
სამწუხაროდ საქართველოში ეს დაავადება ნაკლებადაა შესწავლილი. ფონ ვილებრანდის დაავადების შესწავლა საქართველოში პირველად 2002 წელს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ჰემოფილიის ცენტრში დაიწყო. განვლილ პერიოდში სულ გამოკვლეულია 300-ზე მეტი პაციენტი. აღმოჩენილია 45-მდე პაციენტი ვილებრანდის დაავადებით. თვალსაჩინოა, რომ გამოკვლევათა ეს რაოდენობა არ არის საკმარისი საქართველოში დაავადების გავრცელების სტატისტიკური შეფასებისათვის. განსაკუთრებით გართულებულია პაციენტთა მოზიდვა გამოკვლევისათვის, რადგანაც ინფორმაცია ამ პათოლოგიის შესახებ მწირია არა მარტო პაციენტთა, არამედ მედიკოსთა შორისაც. ფონ ვილებრანდის დაავადებით გამოწვეული გართულებები (განსაკუთრებით პოსტოპერაციული) კი საკმაოდ ხშირია და რიგ შემთხვევებში ლეტალურად მთავრდება. ამიტომ ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ იქნება ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების, სიმპტომატიკის, ფორმების, კვლევის მეთოდების და მკურნალობის ზოგადი მიმოხილვა.
ფონ ვილებრანდის დაავადების შესწავლა 1926 წლიდან დაიწყო, როდესაც პროფესორმა ერიკ ფონ ვილებრანდმა გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი სისხლის შედედების მემკვიდრულ დაავადებაზე. მას ჰყავდა პაციენტი – 5 წლის გოგონა სისხლის შედედების დარღვევით. ფონ ვილებრანდის მიერ გამოკვლეულ იქნა ამ პაციენტის დიდი ოჯახი. აღმოჩნდა, რომ 66 საკვლევ პირს შორის 23-ს ჰქონდა სისხლის შედედების პრობლემები: სისხლდენები ცხვირიდან, პირის ღრუდან, მენორაგიები, სისხლჩაქცევები და ა.შ. ფონ ვილებრანდმა შენიშნა, რომ ეს დაავადება რამდენადმე განსხვავდებოდა ჰემოფილიისაგან; ჯერ ერთი, ის ერთნაირად იყო გავრცელებული ორივე სქესის ადამიანებში. გარდა ამისა, ლაბორატორიული გამოკვლევებით დადგინდა, რომ თრომბოციტების რაოდენობა ამ ადამიანებს ნორმის ფარგლებში ჰქონდათ, თუმცა ისინი ნორმალურად არ ფუნქციონირებდნენ. ვილებრანდმა ამ დაავადებას ფსევდო-ჰემოფილია უწოდა. ამჟამად იგი ცნობილია ფონ ვილებრანდის დაავადების სახელით.

სიმპტომები
ფონ ვილებრანდის დაავადების დამახასიათებელი სიმპტომებია: სისხლდენები ლორწოვანი გარსებიდან, სისხლდენები ცხვირიდან, მენორაგიები, გასტროინტესტინალური სისხლდენები, სისხლჩაქცევები და ჰემატომები, პოსტოპერაციული სისხლდენები, გახანგრძლივებული სისხლდენები ტრივიალური ჭრილობებიდან, სისხლდენები კბილის ექსტრაქციის შემდეგ და ა.შ.

ფონ ვილებრანდის ფაქტორის ფუნქციები
ფონ ვილებრანდის ფაქტორი (vWF) არის სისხლის პროტეინი, რომელიც მონაწილეობს თრომბოციტული კოლტის წარმოქმნის პროცესში, ანუ სისხლის შედედების პროცესის I ეტაპზე. ის ხელს უწყობს დაზიანებული სისხლძარღვის კედელზე თრომბოციტების ადჰეზიას. ფონ ვილებრანდის ფაქტორის რაოდენობრივი ან ფუნქციური დეფიციტის შემთხვევაში დარღვეულია თრომბოციტული კოლტის წარმოქმნის პროცესი. გარდა ამისა, ფაქტორი ასრულებს მეორე მნიშვნელოვან ფუნქციას – ის VIII ფაქტორის გადამტანი და დამცველია. სისხლში ფონ ვილებრანდის ფაქტორის არარსებობისას VIII ფაქტორი სწრაფად იშლება, რაც იწვევს მისი დონის შემცირებას, ეს კი საბოლოო ჯამში სისხლის შედედების ბოლო ფაზის გახანგრძლივებას განაპირობებს.

სინთეზი და დეპონირება
გენი, რომელიც პასუხისმგებელია ფონ ვილებრანდის ფაქტორის სინთეზზე, ლოკალიზებულია 12 p 13.2 რეგიონში. ამ გენის მუტაცია გავლენას ახდენს ფონ ვილებრანდის ფაქტორის სინთეზზე. ჰემოფილიისაგან განსხვავებით ფონ ვილებრანდის დაავადება არის აუტოსომური, რის გამოც მისი განვითარების ალბათობა ქალებსა და მამაკაცებში თანაბარია. შემთხვევათა უმრავლესობაში პათოლოგიური გენი გადაეცემა მხოლოდ ერთი მშობლისგან. ეს არის ე.წ. „ჰეტეროზიგოტური გენური დეფექტი“. უფრო იშვიათ შემთხვევაში პათოლოგიური გენის გადაცემა ხდება ორივე მშობლისაგან. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. „ჰომოზიგოტურ გენურ დეფექტთან“. დაავადების განსაკუთრებით მძიმე ფორმები სწორედ ჰომოზიგოტურია.
ფონ ვილებრანდის ფაქტორი სინთეზირდება ენდოთელურ უჯრედებსა და მეგაკარიოციტებში (სურ. 1, 2). ენდოთელურ უჯრედებში vWF-ის სინთეზი და შენახვა ხდება ე.წ. Weibel-Palade-ის სხეულებში, ხოლო თრომბოციტებში მისი შენახვა ხდება α-გრანულებში.

ნორმის ფარგლები
სისხლის პლაზმაში ფონ ვილებრანდის ფაქტორის საშუალო დონე დაახლოებით 10 გრ/მლ-ია და მერყეობს 40%-დან 240%-მდე. ფაქტორის საშუალო დონის ასეთი ფართო საზღვრები ართულებს ფონ ვილებრანდის დაავადების დიაგნოსტირებას. სისხლის პლაზმაში ფაქტორის ნორმალურ დონეზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, როგორიცაა სისხლის ჯგუფი, რასა, ასაკი. ცნობილია, რომ სისხლის I ჯგუფის მქონე ადამიანებში vWF-ის დონე საშუალოდ 25%-ით დაბალია სისხლის სხვა ჯგუფის მქონე ადამიანებთან შედარებით. ფაქტორის საშუალო დონე იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. ასევე გამოკვლეულია, რომ ფაქტორის საშუალო დონე 15%-ით მაღალია შავ რასაში.
ფონ ვილებრანდის ფაქტორის დონე სისხლში იცვლება სხვადასხვა ფიზიოლოგიური მდგომარეობის დროს – იზრდება ორსულობის (მეორე ტრიმესტრიდან), ჰიპერთიროიდიზმის, თირკმლის უკმარისობის, დიაბეტის, ღვიძლის დაავადებების, ათეროსკლეროზის, ანთებითი პროცესების, ავთვისებიანი სიმსივნეების, ასევე ტრავმების, ქირურგიული ჩარევის, ვარჯიშის დროს. ფაქტორის დონე მცირდება ჰიპოთიროიდიზმის დროს.

კლასიფიკაცია
ფონ ვილებრანდის დაავადება იყოფა 3 ძირითად ტიპად:
1. I ტიპი: ამ დროს შემცირებულია ფონ ვილებრანდის ფაქტორის რაოდენობა;
2. II ტიპი: ფონ ვილებრანდის რაოდენობა ნორმაშია, მაგრამ დაქვეითებულია მისი ფუნქცია;
3. III ტიპი: ადგილი აქვს ფონ ვილებრანდის ფაქტორის ტოტალურ დეფიციტს;
ფონ ვილებრანდის დაავადების II ტიპი თავის მხრივ იყოფა 4 ქვეტიპად: A, B, N და M.
1. 2A ქვეტიპი - ეს არის დაავადების ფუნქციური ვარიანტი. ამ დროს შემცირებულია ფაქტორის თრომბოციტ-დამოკიდებული ფუნქცია, რაც ასოცირდება ფონ ვილებრანდის ფაქტორის მაღალმოლეკულური წონის მულტიმერების არარსებობასთან.
2. ფონ ვილებრანდის დაავადების 2B ქვეტიპიც არის დაავადების ფუნქციური ვარიანტი, რომლის დროსაც იზრდება თრომბოციტების კავშირი გლიკოპროტეინ Ib-სთან;
3. 2M ქვეტიპისათვის დამახასიათებელია თრომბოციტ-დამოკიდებული ფუნქციის დაქვეითება, მაგრამ ეს არ არის გამოწვეული ფონ ვილებრანდის ფაქტორის მაღალმოლეკულური მულტიმერების არარსებობით;
4. 2N ქვეტიპი – არის ფონ ვილებრანდის ფაქტორის ფუნქციური ფორმა, რომლის დროსაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული ფონ ვილებრანდის ნათესაობა VIII ფაქტორთან.

გავრცელება
კვლევათა უმრავლესობის მიხედვით ყველაზე ხშირად გვხვდება ფონ ვილებრანდის დაავადების I ტიპი – დაახლოებით 60-80%, დაავადების II ტიპზე მოდის შემთხვევათა 7-30%, ხოლო III ტიპზე 5-20% (დიაგრამა 1), თუმცა ეს დაყოფა პირობითია, რადგანაც ის მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული კვლევის მეთოდებსა და დიაგნოსტიკის კრიტერიუმზე.
რაც შეეხება II ტიპის ქვეტიპების გავრცელებას, ის შემდეგნაირადაა განაწილებული: 2A – 30%, 2B – 28%, 2N - 34%, 2M -8% (დიაგრამა 2).

დიაგნოსტიკა
ფონ ვილებრანდის დაავადების დიაგნოზისათვის საჭიროა:
1. სისხლის შედედების დარღვევის პერსონალური ისტორია;
2. სისხლის შედედების დარღვევის ოჯახური ისტორია;
3. ლაბორატორიული კვლევის შედეგები.
ლაბორატორიული ტესტები, რომლებიც საჭიროა ფონ ვილებრანდის დაავადების დიაგნოსტირებისთვის, შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:
1. სკრინინგ-ტესტები – ეს არის პირველადი გამოკვლევა, რომელიც აუცილებლად უტარდება სისხლის შედედების პრობლემების მქონე ყველა პაციენტს;
2. სპეციფიური ტესტები, რომელიც აუცილებელია ფონ ვილებრანდის დაავადების დასადასტურებლად;
3. სადისკრიმინაციო ტესტები, რომელიც საჭიროა დაავადების სხვადასხვა ქვეტიპების განსასაზღვრად.
ფონ ვილებრანდის დაავადების სადიაგნოსტიკო სკრინინგ ტესტებია:
1. სისხლდენის დრო – გახანგრძლივებულია დაავადების მძიმე ფორმების შემთხვევაში (III ტიპი და II ტიპის ზოგიერთი ფორმა), მსუბუქი ფორმების შემთხვევაში კი ნორმის ფარგლებშია ან უმნიშვნელოდ არის გახანგრძლივებული;
2. შედედების დრო – საშუალებას იძლევა სწრაფად და მარტივად განისაზღვროს ფონ ვილებრანდის ფაქტორზე დამოკიდებული ფუნქცია, მაგრამ ეს მაჩვენებელი ნორმალურია დაავადების 2N ქვეტიპის დროს;
3. თრომბოციტების რაოდენობა – შეიძლება შემცირებული იყოს დაავადების 2B ქვეტიპის დროს.
4. აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (APTT) – გახანგრძლივებულია III ტიპისა და 2N ქვეტიპის შემთხვევაში, რადგანაც სისხლის პლაზმაში VIII ფაქტორის დონე დამოკიდებულია ფონ ვილებრანდის ფაქტორის დონეზე.
ფონ ვილებრანდის დაავადების დიაგნოზისათვის საჭირო სპეციფიური ტესტებია:
1. vWF ანტიგენი (vW Ag) - ის დაქვეითებულია I ტიპის შემთხვევაში, II ტიპის შემთხვევაში შეიძლება იყოს ნორმაში, ხოლო III ტიპის შემთხვევეში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გვაქვს ტოტალური დეფიციტი.
2. რისტოცეტინ-კოფაქტორული აქტივობა – რისტოცეტინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ხელს უწყობს ფონ ვილებრანდის ფაქტორის ზემოქმედებას თრომბოციტების გლიკოპროტეინ Ib-ზე. თრომბოციტების რისტოცეტინით გამოწვეული აგლუტინაციისთვის საჭიროა ფონ ვილებრანდის ფაქტორის მაღალმოლეკულური წონის მულტიმერები, ამიტომ რისტოცეტინ-კოფაქტორული აქტივობის შეფარდება ვილებრანდის ფაქტორის ანტიგენთან (vWF:Rco/vW Aგ) მნიშვნელოვნადაა შემცირებული vWD 2A და 2M ქვეტიპების შემთხვევაში, მაგრამ დაავადების I ტიპის, III ტიპის და 2N ქვეტიპისას ნორმის ფარგლებშია.
3. VIII ფაქტორის კოაგულაციური აქტივობა – როგორც აღვნიშნეთ, VIII ფაქტორის სეკრეცია და მისი მოლეკულის ნახევრადდაშლის პერიოდი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული vWF-ის დონეზე. ამიტომ ფონ ვილებრანდის დაავადების დროს VIII ფაქტორის კოაგულაციური აქტივობა დაქვეითებულია.
დაავადების სხვადასხვა ქვეტიპების დისკრიმინაციისათვის საჭირო ტესტებია:
1. თრომბოციტების რისტოცეტინით გამოწვეული აგრეგაცია (RIPA);
2. ფონ ვილებრანდის ფაქტორის მულტიმერული ანალიზი;
3. ფონ ვილებრანდის ფაქტორის და VIII ფაქტორის ურთიერთდაკავშირების ტესტირება.

მკურნალობა
ფონ ვილებრანდის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი: DDAVP (ვაზოპრესინის სინთეზური ანალოგი) და VIII ფაქტორის და ფონ ვილებრანდის ფაქტორის კომპლექსის შემცველი სისხლის პროდუქტების ტრანსფუზია, ანტიფიბრინოლიზური პრეპარატები და ჰორმონული თერაპია (ორალური კონტრაცეპტივები). ანტიფიბრინოლიზური პრეპარატები გამოიყენება როგორც ცალკე, ასევე სხვა საშუალებებთან ერთად. ის განსაკუთრებით კარგ შედეგს იძლევა ნაზოფარინგული, ორალური და გასტროინტესტინული სისხლდენების დროს. მენორაგიებისას გარდა ანტიფიბრინოლიზური პრეპარატებისა გამოიყენება, ჰორმონული თერაპია და DDAVP.
დაავადების მძიმე ფორმა შედარებით იშვიათია. გაცილებით ხშირია საშუალო და მსუბუქი ფორმები, როდესაც დაავადება თავს იჩენს მხოლოდ ქირურგიული ჩარევის ან ტრავმის დროს. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც პაციენტს აქვს მცირე სისხლდენები ცხვირიდან ან ჭარბი მენსტრუაცია, მაგრამ ის ამას არ აქცევს ყურადღებას და არ მიმართავს ექიმს, რადგანაც არ არის ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ.
ფონ ვილებრანდის დაავადების მსუბუქი ფორმა რუტინულ კოაგულოგრამაში არ აისახება, ამიტომ გართულებების თავიდან ასაცილებლად სასურველია გამოკვლეული იქნას ყველა ადამიანი, ვისაც აღენიშნება დაავადების მცირე სიმპტომებიც კი. გამოკვლევა აუცილებელია ქირურგიული ჩარევის წინ, ასევე ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაში მშობიარობის შემდგომი სისხლდენების თავიდან ასაცილებლად.

ლიტერატურა

ნანახია: 8433 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [4.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.