გლობალური კატასტროფები

სიახლეები

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

NOTA BENE

ადამიანი და გარემო

სადიაგნოსტიკო მეთოდები

მიმოხილვა

თარგმანი

ახალი მეთოდები

კლინიკური კვლევა

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების პლასტიკა პირამიდული საცობის გამოყენებით [5.00]

რობოტები და ქირურგია – სამეცნიერო ფანტასტიკა და რეალობა [5.00]

აპოკალიფსის 25 წელი [0.00]

სიამის ტყუპები [0.00]

კოტარდის სინდრომი [0.00]


ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების პლასტიკა პირამიდული საცობის გამოყენებით [8356]

ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკის ჰისტოპათოლოგიური მეთოდები [8308]

სიამის ტყუპები [7709]

22 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან… [5517]

კოტარდის სინდრომი [5504]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 0

შიდსი - გლობალური ბიოსამედიცინო და სოციალური პრობლემა

ავტორი: გიორგი კამკამიძე, მაია ბუწაშვილი, მაია ქაჯაია
საქართველოს ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი, www.mccu.ge

>>  შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი ვირუსული ინფექციაა და მისი გამომწვევია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). შიდსის ეპიდემიამ, რომელიც სულ რაღაც 25 წელს ითვლის, საოცარი სისწრაფით მოიცვა მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა და დაამტკიცა, რომ ამ ინფექციის მიმართ არავინ არის მედეგი და რომ იგი თანაბრად ემუქრება ყველას, ასაკის, სქესის, ეროვნებისა და განათლების მიუხედავად. ამ ვირუსისგან თავის დაცვის ერთადერთი საშუალება პროფილაქტიკის წესების ზედმიწევნით დაცვაა.


ისტორიული ცნობები
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გლობალური გავრცელების მიზეზი სხვადასხვაა. პენიცილინის აღმოჩენამ და საერთოდ, ანტიბიოტიკების ფართო გამოყენებამ აჩვენა, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები უმრავლეს შემთხვევაში ემორჩილება მკურნალობას. შეიქმნა კონტრაცეფციული მედიკამენტები, რომლებიც არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ამან გარკვეული როლი ითამაშა ადამიანების სქესობრივი ქცევის ცვლილებებში და იგი ამ მხრივ უფრო თავისუფალი გახადა. ამას გარდა, დემოგრაფიულმა ცვლილებებმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანთა ქცევა. სულ უფრო მზარდმა მიგრაციამ და მოგზაურობებმა სხვადასხვა პოპულაციური ჯგუფების მნიშვნელოვანი შერევა განაპირობა. პროგრესსა და ინდუსტრიალიზაციასთან ერთად თანდათან დაირღვა და მოიშალა ტრადიციები, რომლებიც სქესობრივი თავისუფლებისთვის გარკვეულ ბარიერს ქმნიდა.
იმუნოდეფიციტის ვირუსი ენდემური სახით ადრეც არსებობდა, მაგრამ მისი სწრაფი გავრცელება 70-იანი წლების ბოლოს მოხდა და ადამიანმაც სწორედ ამ დროს მიაქცია მას ყურადღება. შიდსის პირველი შემთხვევები აღწერეს აშშ-ში. დაავადებათა კონტროლის ცენტრში გროვდებოდა უჩვეულო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა მამაკაცები იღუპებოდნენ პნევმოცისტური პნევმონიით. ეს ფაქტი უჩვეულოდ მიაჩნდათ იმის გამო, რომ ჩვეულებრივ, ჯანმრთელი იმუნიტეტის პირობებში, ეს ინფექცია არ იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ ცვლილებებს. მალე ცნობილი გახდა ასევე კაპოშის სარკომით სიკვდილის შემთხვევებიც. მსგავსი შემთხვევები აღირიცხებოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა ივარაუდეს, რომ საქმე მანამდე უცნობ იმუნოდეფიციტთან ჰქონდათ, რომლის წარმოშობის შესახებ არავითარი მოსაზრებები არ არსებობდა. ამ დაავადებას შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი – შიდსი უწოდეს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში რეგისტრირებული ეს შემთხვევები აღინიშნებოდა ახალგაზრდა ჰომოსექსუალ მამაკაცებში, რის გამოც თავდაპირველად მას ჰომოსექსუალთა პნევმონია და სიმსივნე უწოდეს, თუმცა სულ მალე გაირკვა, რომ ეს მანამდე უცნობი სინდრომი იმავე წარმატებით შეიძლებოდა ჰქონოდათ სხვა პოპულაციური ჯგუფების წარმომადგენლებსაც. 1982 წელს ჰემოფილიით დაავადებულ სამ პაციენტს განუვითარდა პნევმოცისტოზი. ოდნავ მოგვიანებით, რეგისტრირდა პნევმოცისტური პნევმონიის შემთხვევა 20 თვის ბავშვში, რომელსაც ჰქონდა აუხსნელი იმუნოდეფიციტი. ამ ბავშვს ახალშობილობისას გადასხმული ჰქონდა იმ ადამიანის თრომბოციტული მასა, რომელიც შემდგომში გარდაიცვალა შიდსით. ამ და სხვა მრავალმა შემთხვევამ თანდათან დაარწმუნა ყველა, რომ შიდსი არ იყო მხოლოდ ჰომოსექსუალებისა და ნარკომანების დაავადება.
1982 წელს საფრანგეთში, პასტერის ინსტიტუტის ლაბორატორიაში, რომელსაც ცნობილი ფრანგი მეცნიერი ლუკ მონტანიე ხელმძღვანელობდა, ახალგაზრდა მეცნიერმა ქალმა ფრანსუაზ ბარე სინუსმა აღმოაჩინა შიდსის გამომწვევი ვირუსი, რომელსაც უწოდეს აივ-1. მოგვიანებით აღმოაჩინეს აივ-1-ის მონათესავე ვირუსი, რომელსაც ეწოდა აივ-2.
აივ ინფექციის გავრცელება მსოფლიოში
მსოფლიოში ამჟამად მცხოვრებ აივ ინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით 39,5 მილიონს შეადგენს. მათგან 37,2 მილიონი მოზრდილი (მათ შორის 17,7 მილიონი ქალი) და 2,3 მილიონი ბავშვია. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე შიდსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25 მილიონს აღემატება. მხოლოდ 2006 წელს შიდსის ვირუსით დაინფიცირდა 4,3 მილიონი ადამიანი, მათ შორის 3,8 მილიონი მოზრდილი და 530 000 ბავშვი. ყოველწლიურად შიდსის გამო 3 მილიონამდე ადამიანი იღუპება (მათ შორის 380 000 ბავშვი). შიდსის გამო დაობლებულ ბავშთა რაოდენობა 14 მილიონს აღემატება.
შიდსის მხრივ განსაკუთრებული კრიზისი სუბსაჰარულ აფრიკაში აღინიშნება. ამ რეგიონში მსოფლიოს ინფიცირებულთა ორი მესამედი (63%) ცხოვრობს (24,7 მლნ აივ ინფიცირებული). ამ არეალში აივ ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია. მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც კომერციული სექსის ფართო გავრცელება, ასევე ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფში ტრადიციულად მრავლობითი სქესობრივი პარტნიორის ყოლა. აზიის ქვეყნებში დიდი ხნის განმავლობაში შიდსის ეპიდემია არ იყო იმდენად საყურადღებო, როგორც მსოფლიოს სხვა რეგიონებში. ამჟამად აზიის ქვეყნების მაგალითმა აჩვენა, რომ აივ ინფექციის მიმართ იმუნიტეტი არავის აქვს, ანუ ეპიდემიის საფრთხე ადრე თუ გვიან ყველას თანაბრად ემუქრება. აზიაში 2006 წლის ბოლოსათვის აივ ინფიცირებულთა რაოდენობამ 8,6 მილიონს მიაღწია. ჩინეთში, სადაც აივ ინფექციის გავრცელება ძალიან დაბალი იყო, XXI საუკუნის დასაწყისში ეპიდემიის მკვეთრი აღმავლობა აღინიშნა. პრობლემურ საკითხად რჩება აივ ინფექციის შემთხვევების მატების ტენდენცია კონფლიქტურ ზონებში. სამოქალაქო ომებისა და ეთნოკონფლიქტების გამო იძულებით გადაადგილებულ პირებში პრევენციული ღონისძიებების გატარება და ინფექციათა კონტროლი ძალიან რთულია, რის გამოც მძიმე შედეგები არ აყოვნებს. მაგ.: ანგოლაში სამოქალაქო ომის ფონზე ორსულ ქალებში აივ ინფექციის გავრცელებამ 8,6%-ს მიაღწია, მაშინ როცა წინა წლების მონაცემებით ეს მაჩვენებელი არ აღემატებოდა 1,2%-ს. ამ მხრივ ძალზე საყურადღებო რეგიონია საქართველო, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა საკმაოდ დიდია.
აივ ინფექციის გავრცელების მხრივ საყურადღებო რეგიონია აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია, სადაც მსოფლიოში აივ ინფექციის ყველაზე სწრაფი აღმავლობა აღინიშნება. ამჟამად ამ რეგიონში1,7 მლნ ადამიანია ინფიცირებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 20-ჯერ მოიმატა. მხოლოდ 2006 წელს რეგიონში 270 000 ადამიანი დაინფიცირდა აივ-ით. ახლადინფიცირებულთა თითქმის მესამედი 15-იდან 25 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელია. რეგიონის აივ ინფიცირებულთა უმრავლესობა (90%) რუსეთსა და უკრაინაზე მოდის. 2006 წლის ბოლოსთვის რუსეთში ოფიციალურად რეგისტრირებულია აივ ინფექციის 350 000 შემთხვევა, თუმცა ვარაუდობენ, რომ რეალურად ქვეყანაში 940 000 ინფიცირებულია, რაც მთელი მოსახლეობის 1,1%-ს შეადგენს. უკრაინა, სადაც აივ ინფექციის გავრცელება მოსახლეობაში 1,4%-ია (410 000 აივ ინფიცირებული), ამ რეგიონში და მთლიანად ევროპაშიც შიდსით ყველაზე დაზარალებულ ქვეყანად ითვლება. მხოლოდ 2006 წელს უკრაინაში დაფიქსირდა აივ ინფექციის 4 723 ახალი შემთხვევა და შიდსით გარდაიცვალა 2 416 ადამიანი. ამჟამად აივ ინფექციის შემთხვევათა ძალიან სწრაფი მატებაა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უზბეკეთსა და ყაზახეთში. ესტონეთში 1999 წელს რეგისტრირებული იყო მხოლოდ 12 შემთხვევა, 2001 წელს კი ინფიცირებულთა რაოდენობამ შეადგინა 1474, ხოლო 2006 წლის ბოლოსათვის ამ მაჩვენებელმა 10 000-ს მიაღწია, რაც მოსახლეობის 1,3%-ია. აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ვირუსის გადაცემის ძირითადი გზაა ინტრავენური ნარკომანია (ინფიცირებულთა 63%-ს სწორედ ამ გზით აქვს ვირუსი შეძენილი), მაგრამ სულ უფრო და უფრო იზრდება ჰეტეროსექსუალური კონტაქტების როლი აივ ინფექციის გადაცემაში. განუხრელად იზრდება აივ ინფიცირებულ ორსულ ქალთა რაოდენობაც, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ აივ ინფექციამ რისკის ჯგუფებიდან მოსახლეობის ფართო ფენებში გადაინაცვლა.
აივ ინფექცია საქართველოში
2007 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია აივ ინფექციის 1430 შემთხვევა. მათ შორის 1090 მამაკაცი და 340 ქალი. შიდსი განუვითარდა 598 პაციენტს, 301 გარდაიცვალა. პაციენტთა ასაკი ძირითადად 29-დან 40 წლამდე მერყეობს.
საქართველოში აივ ინფექციის გადაცემის ძირითადი გზაა ინტრავენური ნარკომანია და ინფიცირებულთა უმეტესი ნაწილი სწორედ ამ გზით არის დაინფიცირებული (60,6%). გადაცემის გზებს შორის სიხშირით შემდეგ ადგილზეა ჰეტეროსექსუალური კონტაქტები (32,3%). ჰომოსექსუალური კონტაქტები მხოლოდ 2,7%-შია დადგენილი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირებულია სისხლის გადასხმით ადამიანთა ინფიცირების შემთხვევებიც (0,8%). გარდა ამისა, რეგისტრირებულია აივ ინფექციის პერინატალური გზით (დედიდან ბავშვზე) გადაცემაც (2.2%). შემთხვევათა 1,4%-ში გადაცემის გზა დაუდგენელია.
ინფიცირებულთა უმრავლესობა მოდის დედაქალაქის მცხოვრებლებზე. მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა სამეგრელოს, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიც. თუმცა აივ ინფექციის ერთეული შემთხვევები დაფიქსირებულია საქართველოს უმეტეს რეგიონში.
საქართველოში აშკარად შეინიშნება აივ ინფექციის შემთხვევათა ზრდის ტენდენცია. 1996 წელს რეგისტრირებული იყო მხოლოდ 8 შემთხვევა, მხოლოდ 2006 წელს კი 276 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა, რა თქმა უნდა, ინფექციის გავრცელების რეალურ მაჩვენებელს არ ასახავს და აივ ინფექციის გავრცელება საქართველოს მოსახლეობაში ბევრად აღემატება რეგისტრირებულ შემთხვევებს.
საქართველო აივ ინფექციის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ქვეყანაა შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
• ნარკომანიის გავრცელებით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა სხვა ქვეყნებს შორის;
• ჩვენს მეზობელ ქვეყნებში შიდსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლები აღინიშნება (განსაკუთრებით რუსეთსა და უკრაინაში);
• საქართველოში დაბალია შიდსის გადაცემის გზების და უსაფრთხო სექსის პრინციპების შესახებ განათლების დონე;
• საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო კონტაქტები და მოსახლეობის მიმოსვლა უცხოეთის ქვეყნებში
აღინიშნება ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებათა დეფიციტი და ამასთან, სამედიცინო მუშაკების არასაკმარისი უნარ-ჩვევები ინფექციათა გადაცემის პროფილაქტიკის თვალსაზრისით.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი მიეკუთვნება რეტროვირუსების ოჯახს. არსებობს მისი ორი ტიპი: აივ-1, აივ-2, რომლებიც ერთმანეთისაგან რამდენადმე განსხვავდებიან როგორც გენეტიკური შემადგენლობით, ასევე მათ მიერ გამოწვეული დაავადების მიმდინარეობით. აივ-2-ით ინფექცია კლინიკურად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და ნელა პროგრესირებს. მთელ მსოფლიოში აივ-1-ის გავრცელება მნიშვნელვნად აღემატება აივ-2-ის გავრცელებას. აივ-2 უპირატესად აფრიკის კონტინენტზე გვხვდება.
შიდსის ვირუსი შეიცავს რნმ-ის ორ ჯაჭვს. გენეტიკურ მასალას გარს აკრავს ნუკლეოკაფსიდი, რომელიც, თავის მხრივ, დაფარულია გარსით. გარსის პროტეინებიდან ყველაზე მეტად აღსანიშნავია gp120, gp41, რომელთა საშუალებითაც ვირუსი უკავშირდება და აღწევს სამიზნე უჯრედის შიგნით. ვირუსის შიგნით მოთავსებულია სპიციფიური ფერმენტი შებრუნებითი ტრანსკრიპტაზა, რომელიც ახორციელებს რნმ-დან დნმ-ის სინთეზს, რის შედეგადაც წარმოქმნილი ორჯაჭვიანი დნმ ჩაინერგება სამიზნე უჯრედის გენეტიკურ მასალაში. ამ ფერმენტს სწორედ ასეთი ფუნქციის გამო ეწოდება შებრუნებითი ტრანსკრიპტაზა, ხოლო თვით აივ-ს რეტროვირუსი (ჩვეულებრივ ბიოლოგიურ ობიექტებში ინფორმაციის გადაწერა მიმდინარეობს დნმ-დან რნმ-ზე).
სამიზნე უჯრედებს უპირატესად ადამიანის იმუნური სისტემის ცენტრალური უჯრედები, T ლიმფოციტების ერთ-ერთი ქვეჯგუფი, T ჰელპერები წარმოადგენს. ამ ლიმფოციტებს მათ ზედაპირზე არსებული ერთ-ერთი რეცეპტორის არსებობის გამო საერთაშორისო კლასიფიკაციით CD4 ლიმფოციტები ეწოდებათ. ამ უჯრედების გარდა, აივ-ი ადამიანის ორგანიზმში დამაზიანებელ გავლენას ახდენს სხვა უჯრედებზეც, მაგალითად, მაკროფაგებზე, ნერვული სისტემის უჯრედებზე და სხვა.
აივ ინფექციის გადაცემის სამი ძირითადი გზა:
•  სქესობრივი;
•  პარენტერალური;
•  ვერტიკალური (დედიდან ბავშვზე).
აივ ინფექციის ეპიდემიის დაწყებიდანვე ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ორი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება: ბიოსამედიცინო სფეროში და ქცევითი მეცნიერების სფეროში. მიუხედავად მეცნიერების სფეროში მიღწეული წარმატებებისა, ჯერ-ჯერობით აივ ინფექციის პროფილაქტიკისათვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ადამიანთა ქცევის წესის ცვლილება რჩება. ბევრ ქვეყანაში უკვე თვალნათლივ მიიღეს ამ გზით აივ ინფექციის ეპიდემიის აღმავლობის შენელება. მაგ., აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც დაუღალავად მიმდინარეობს უსაფრთხო სექსის და ნარკომანებში რისკის შემცირების პროპაგანდა, ახლად ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება წარმოადგენს შიდსის ეპიდემიის საწინააღმდეგო უმნიშვნელოვანეს სტრატეგიას, როგორც განვითარებულ, ისე განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. იგი საპროფილაქტიკო პროგრამების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება საშუალებას აძლევს ადამიანებს შეიტყონ აივ ინფექციის, მისი გადაცემის გზების, უსაფრთხო სექსის პრინციპების შესახებ, ჩაიტარონ აივ ინფექციაზე გამოკვლევა და გამოკვლევის შედეგის შესაბამისად შეცვალონ თავისი ცხოვრების წესი ისე, რომ არ დაინფიცირდნენ, ან თუ უკვე ინფიცირებულნი არიან, მოიქცნენ ისე, რომ არ დააინფიცირონ სხვები. ამ პროგრამების ფარგლებში გამოვლენილ ინფიცირებულებს საშუალება ეძლევათ მიმართონ სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ჩაუტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები იმუნური სისტემის მდგომარეობის და ოპორტუნისტული ინფექციების არსებობის შესაფასებლად, საჭიროების შემთხვევაში კი ჩაიტარონ სათანადო მკურნალობა, ხოლო ორსულ პაციენტებს ჩაუტარდეთ საპროფილაქტიკო მკურნალობა ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით აივ ინფექციის ნაყოფზე გადაცემის თავიდან ასაცილებლად.
სადღეისოდ არ არსებობს ისეთი მედიკამენტი, რომლითაც შესაძლებელია შიდსისაგან სრული განკურნება. თუმცა არსებობს მთელი რიგი ისეთი პრეპარატები, რომელთა მიღება მუდმივად, მთელი სიცოცხლის მანძილზე, მნიშვნელოვნად თრგუნავს ვირუსის გამრავლებას , შესაბამისად აფერხებს CD4 ლიმფოციტების რაოდენობის კლებას და ოპორტუნისტული ინფექციების და სიმსივნეების განვითარების რისკს. ამიტომ აივ ინფიცირებული პაციენტები, რომელთაც ასეთი მკურნალობა უტარდებათ, უმრავლეს შემთხვევაში თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ პრეპარატებს ანტირეტროვირუსული მედიკამენტები ეწოდება.
ამჟამად არსებობს შიდსის სამკურნალო მედიკამენტების ექვსი ძირითადი ჯგუფი. ჯგუფებად დაყოფა ხდება იმის მიხედვით თუ ვირუსის რომელ ნაწილაკზე მოქმედებს ესა თუ ის პრეპარატი. ანტირეტროვირუსული პრეპარატების ჯგუფებია: ნუკლეოზიდის ანალოგები (მოქმედებს ვირუსის ფერმენტ შებრუნებით ტრანსკრიპტაზაზე), არანუკლეოზიდის ანალოგები (ასევე შებრუნებით ტრანსკრიპტაზაზე მოქმედებს), პროტეაზას ინჰიბიტორები (მოქმედებს ფერმენტ პროტეაზაზე), შერწყმის ინჰიბიტორები (უკავშირდება აივ-ის ზედაპირულ gp41 ცილას, რაც ხელს უშლის ვირუსის T ლიმფოციტში შეჭრას), შეჭრის ინჰიბიტორები (უკავშირდება CD4 ლიმფოციტის CCR5 რეცეპტორს, რაც ხელს უშლის ვირუსის ლიმფოციტზე მიერთებას) და ინტეგრაზას ინჰიბიტორები (აინჰიბირებს აივ-ის ფერმენტ ინტეგრაზას, რითაც ხელს უშლის ვირუსული დნმ-ის ლიმფოციტის უჯრედის გენომში ჩანერგვას).
ძალზე ეფექტურია ამ პრეპარატების გამოყენება კომბინაციაში. როგორც წესი, ინიშნება სხვადასხვა ჯგუფის სამი ან მეტი მედიკამენტის კომბინაცია.
შიდსი – სოციალური პრობლემა
შიდსის ეპიდემიის 25 წლიანმა ისტორიამ ნათელი გახადა, რომ ეს დაავადება მხოლოდ სამედიცინო პრობლემა არ არის და იგი ასევე წარმოგვიდგება როგორც სერიოზული სოციალური პრობლემა. შიდსის ეპიდემიამ მორალურ ფასეულობათა შესახებ ბევრი ტრადიციული შეხედულება შეცვალა. ეპიდემია შეეხო საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს, ყველა სოციალურ ინსტიტუტს, მათ შორის ოჯახს, სკოლას, საქმიან სამყაროს, სამართლებრივ დაწესებულებებს, არმიას და სხვ. მან არნახული პრობლემების წინაშე დააყენა როგორც ექიმები და ბიოლოგები, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკები, სოციოლოგები და ფსიქოლოგები.
ადამიანთა წარმოდგენაში შიდსი ასოცირდება სექსთან, ნარკოტიკებთან, სისხლთან, სიკვდილთან და ამიტომ იგი ხალხში შიშსა და სასოწარკვეთას იწვევს. აივ ინფექციის მქონე ადამიანი სრულიად მცდარად აღიქმება, როგორც დაღდასმული და მისი ინფიცირებულობა ასოცირდება ქცევის წესთან: ნარკომანიასთან, მეძავობასთან, ჰომოსექსუალიზმთან. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებისათვის კარგად არის ცნობილი ვირუსის გადაცემის გზები და ეს ინფორმაცია საზოგადოებასაც მიეწოდება, შიდსი მაინც რაღაც შემაძრწუნებელ და საიდუმლოებით მოსილ საკითხად რჩება, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, სადაც შიდსის ეპიდემია ახალია და საზოგადოება ჯერ მიჩვეული არ არის ამ პრობლემას. შიდსის ეპიდემიის პირველ წლებში ინფიცირებული ადამიანები კარგავდნენ სამსახურს, მეგობრებს, ახლობლებს. აშშ-ში 80-იან წლებში ზოგიერთი ავიაკომპანია უარს აცხადებდა შიდსის მქონე ავადმყოფების გადაყვანაზე, ზოგიერთი დამკრძალავი ბიურო არ თანხმდებოდა შიდსით გარდაცვლილთა მომსახურებაზე. ყოველივე ინფიცირებულებს აიძულებდათ მკაცრად დაემალათ თავიანთი ავადმყოფობა.
მოსახლეობის ფართომასშტაბიანმა საგანმანათლებლო პროგრამებმა განვითარებულ ქვეყნებში თანდათან გამოიღო შედეგი და შიდსთან დაკავშირებული სტიგმა იმდენად აღარ არის გამოხატული, როგორც ეპიდემიის დასაწყისში. ინფიცირებულთა რიცხვის ზრდამ, მათთან ყოველდღიურმა კონტაქტმა დაარწმუნა ადამიანები, რომ ინფიცირებულები ძალიან ხშირად ამ ვირუსით თავიანთი ცხოვრების წესიდან გამომდინარე სულაც არ არიან შეპყრობილნი, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და რომ ეს დაავადება თანაბრად შეიძლება დაემართოს ყველას. გარდა ამისა, საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ აივ ინფექცია მართლაც მხოლოდ იმ გზებით გადადის, რომლებსაც მეცნიერები ახმოვანებენ და ინფიცირებულებთან საყოფაცხოვრებო კონტაქტი საშიში არ არის.
ინფიცირებულთა მიმართ ისეთ დამოკიდებულებას, როგორსაც ეპიდემიის დასაწყისში აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ადგილი ჰქონდა, ამჟამად ვხვდებით საქართველოში, სადაც შიდსის მქონე ავადმყოფს იმ უამრავ პრობლემასთან ერთად, რომლის წინაშეც იგი თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დგას, მთავარ პრობლემად ქცეული აქვს იმის შიში, რომ მის გარშემო ადამიანებმა არ გაიგონ ამ დაავადების შესახებ, თორემ შეიძლება მოერიდნონ კონტაქტს არა მხოლოდ ავადმყოფთან, არამედ მის ახლობლებთანაც.
დასავლეთის ქვეყნებში კარგად არის განვითარებული აივ ინფიცრებულთა სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამსახურები, რაც მართლაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სამედიცინო დახმარება. აივ ინფიცირებულთა რიცხვის თანდათანობითმა ზრდამ უკვე ჩვენს ქვეყანაშიც დააყენა ასეთი სამსახურების განვითარების საჭიროება.
სადღეისოდ ჩვენს ქვეყნაში აივ ინფექციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შიდსზე გამოკვლევამდე და გამოკვლევის შემდეგ პაციენტთან საუბრები არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალურ და ფსიქოლოგიურ საკითხებზეც ექიმების ფუნქციად არის მიჩნეული. ხშირად ექიმებს უხდებათ ისეთი საკითხების გადაწყვეტა, როგორიცაა შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა საზოგადოებასთან ადაპტირება, ოჯახური და სამსახურეობრივი პრობლემები, ფსიქოლოგიურ სტრესთან გამკლავება, მატერიალური საკითხების მოგვარება. დასავლეთის ქვეყნებში აივ ინფექციის დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტს აუცილებლად უტარდება გასაუბრება სოცილური მუშაკის და ფსიქოლოგის მიერ. სოციალური მუშაკის ინფიცირებულთან კონტაქტი პირველადი გასაუბრებით, როგორც წესი, არ სრულდება და ინფიცირებულები მუდმივად იმყოფებიან სოციალური მუშაკების ყურადღებისა და დახმარების ქვეშ. რაც შეეხება აივ ინფექციაზე პირველად ინფორმირებას, ამ მხრივაც დიდია სოციალური მუშაკების როლი. კერძოდ, მათი ფუნქციაა აივ ინფექციის რისკის ფაქტორების მქონე პირთა მაქსიმლურად გამოვლენა და მათი აივ ინფექციაზე კონსულტირებისა და ტესტირების ცენტრებში მიმართვა შესაბამისი მომსახურებისათვის.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

1930-იანი წლები – მეცნიერთა ვარაუდით ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV-1) წარმოიქმნა 1930-იან წლებში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსის მუტაციის შედეგად.

1950-იანი წლები – შიდსის დასტურებული პირველი შემთხვევის წყაროდ მიჩნეულია კონგოში 1959 წელს გარდაცვლილი მამაკაცი, რომლის სისხლის შრატში აღმოჩნდა აღნიშნული ვირუსი.

1960-იანი წლები – ადამიანის იმუნოდეფიციტის მეორე ტიპის ვირუსი (HIV-2), რომელიც უპირატესად დასავლეთ აფრიკაშია გავრცელებული, სავარაუდოდ 1960-იან წლებში წარმოიქმნა ასევე მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსის მუტაციის შედეგად გვინეა-ბისაუს ტერიტორიაზე. გენეტიკური ანალიზით დგინდება, რომ აივ-ის აშშ-ს ტერიტორიაზე გავრცელება 1968 წელს დაიწყო.

1970-იანი წლები – აივ ინფექცია შეუმჩნევლად ვრცელდება მთელი მსოფლიოს ტერიტორიაზე –პანდემიის (გლობალური ეპიდემიის) დასაწყისი.

1981 – უჩვეულო პნევმონიისა და კანის სიმსივნის იშვიათი ფორმის – კაპოშის სარკომის შემთხვევები აღიწერა ჰომოსექსუალ მამაკაცებში ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში. ეს იყო შიდსის პირველი დოკუმენტირებული შემთხვევები. წლის ბოლოსათვის ამ უჩვეულო დაავადების გამო გარდაიცვალა 121 ადამიანი.

1982 – დაავადებათა კონტროლის ცენტრის (ატლანტა, აშშ) მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ჰომოსექსუალ მამაკაცთა დაავადების მიზეზს ვირუსული ინფექცია წარმოადგენდა. აბრევიატურა GRID (gay-related immune deficiency - ჰომოსექსუალებთან დაკავშირებული იმუნური დეფიციტი), რომელიც მანამდე გამოიყენებოდა აღნიშნული დაავადებისათვის შეიცვალა აბრევიატურით AIDS (Acquired Immune Deficiency Syndrome – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი). ამ დროისათვის შიდსის შემთხვევები უკვე დაფიქსირდა დედამიწის ხუთ კონტინეტზე.

1983 – დადგინდა აივ ინფექციის გადაცემის რისკ-ფაქტორები.
პირველად ჩატარდა შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სანთლების აქცია.

1984 – ლუკ მონტანიესა (პასტერის ინსტიტუტი, საფრანგეთი) და რობერტ ჰალოს (სიმსივნის ნაციონალური ინსტიტუტი, აშშ) სამეცნიერო ჯგუფებმა აღმოაჩინეს შიდსის გამომწვევი. აღნიშნულ აგენტს მოგვიანებით ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ეწოდა.

1985 – შიდსის I საერთაშორისო კონფერენცია (ატლანტა, აშშ). აივ ინფექციის სადიაგნოსტიკო პირველი ტესტის შემუშავება. დონორთა სისხლის აივ ინფექციაზე გამოკვლევის დასაწყისი.

1986 – შიდსის II საერთაშორისო კონფერენცია (პარიზი, საფრანგეთი). აშშ პრეზიდენტმა რეიგანმა პირველად გააჟღერა საქვეყნოდ შიდსის საფრთხის შესახებ.

1987 – პირველი ანტირეტროვირუსული წამალი ზიდოვუდინი (AZT) დარეგისტრირდა ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს (FDA) მიერ.

1988 – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

1989 – შემუშავდა პირველი სამკურნალო ღონისძიებები Pneumocystis carinii-ით განპირობებული პნევმონიის (PSP) პროფილაქტიკისათვის, რომელიც წარმოადგენს შიდსთან ასოცირებულ ოპორტუნისტულ ინფექციას და ხასიათდება ძლიერ მაღალი ავადობითა და სიკვდილობით აივ-ინფიცირებულ პირებში.

1990 – იწყება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები აივ ინფიცირებულთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ, მათ შორის აშშ საემიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ.

1991 – კალათბურთელმა მეჯიკ ჯონსონმა საქვეყნოდ განაცხადა, რომ იგი აივ ინფიცირებულია. ჯგუფ „Queen“-ის სოლისტი ფრედი მერკური შიდსისაგან გარდაიცვალა. წითელი ბაფთა ხდება შიდსის შესახებ ცოდნის საერთაშორისო სიმბოლო.

1992 – შიდსის მე-8 კონფერენცია აშშ საემიგრაციო შეზღუდვების გამო ბოსტონის მაგივრად ამსტერდამში გაიმართა. შიდსი 24-44 წწ ასაკის მოსახლეობაში სიკვდილობის წამყვანი მიზეზი ხდება.

1993 – აშშ პრეზიდენტი კლინტონი თეთრ სახლთან არსებულ შიდსის პოლიტიკის ნაციონალურ სამსახურს აყალიბებს.

1994 – ოფიციალური რეკომენდაცია ზიდოვუდინის გამოყენების თაობაზე დედიდან ბავშვზე აივ ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკისათვის. კონდომების პრომოციის ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყება.

1995 – პირველი პროტეაზის ინჰიბიტორი – სექვინავირი. იწყება მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული მკურნალობის (HAART) ერა.

1996 – აივ ინფექციისადმი რეზისტენტობის გენის აღმოჩენა, რომელიც განაპირობებს ე.წ. CCR5 რეცეპტორის არასრულფასოვანი ვარიანტის წარმოქმნას, რაც თავის მხრივ ახდენს აივ-ის ლიმფოციტში შეჭრის პროცესის ბლოკირებას.

1997 – მაღალაქტიური ანტირეტროვირუსული მკურნალობის ფონზე პირველად დაფიქსირდა შიდსით სიკვდილობის შემცირება.

1998 – აივ-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართომასშტაბიანი კლინიკური გამოცდის დაწყება.

1999 – შიდსი მსოფლიოში ადამიანთა სიკვდილობის რიგით მეოთხე მიზეზი ხდება.

2000 – შიდსის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია – „დავარღვიოთ სიჩუმე“ იმართება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქ.დურბანაში. მოსახლეობის აივ ინფექცია/შიდსის პრობლემაზე ინფორმირებულობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ცხადდება.

2001 – შიდსის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების ღირებულების შემცირების პროცესის დაწყება. ანტირეტროვირუსული პრეპარატების დაბალფასიანი ვარიანტების ე.წ. „ჯენერიკების“ წარმოების დაწყება.

2002 –შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ჩამოყალიბება.

2003 – დაფიქსირდა აივ ინფექციის 5 მილიონი ახალი შემთხვევა. ამავე წელს შიდსით 3 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

2004 – აივ-ის მაბლოკირებელი მიკრობიციდული პრეპარატების კვლევის დაწყება.

2005 – მსოფლიოში 40 მილიონი აივ ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობს. ნიუ-იორკში აივ-ის მაღალრეზისტენტული სახეობის აღმოჩენა, რომელიც განაპირობებს შიდსის სწრაფ პროგრესირებას.

2006 – შიდსის მე-16 საერთაშორისო კონფერენცია, ტორონტო, კანადა. აივ-ზე მასობრივი/საყოველთაო ტესტირების ინიციატივა.

2007 – აივ პათოგენეზის, მკურნალობისა და პრევენციის კონფერენცია, სიდნეი, ავსტრალია. რეკომენდაცია სამედიცინო დაწესებულებეში აივ ინფექციაზე აქტიური (ექიმის მიერ ინიცირებული) ტესტირების შესახებ.

ლიტერატურა

ნანახია: 3887 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 6

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269111


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.