აქტუალური თემა

სამედიცინო მენეჯმენტი

NOTA BENE

გაიდლაინი

კლინიკური შემთხვევა

ლექტორიუმი

სიახლეები

სიტუაციური ანალიზი

კვლევა

მიმოხილვა

დისკუსია

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ახალი პროექტები

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

გულის ჭრილობის წარმატებული გაკერვა [5.00]

შეუღლებული არააკომოდაციური სიელმის მკურნალობის თავისებურებანი [5.00]

პარკუჭოვანი არითმიის აბლაცია ვალსალვას სინუსიდან [5.00]


ჯანმრთელი დროული ახალშობილის მოვლა სამშობიარო სახლში [21338]

ვენური უკმარისობისა და წყლულების მედიკამენტური მკურნალობა [12491]

გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [7589]

ტკივილის მენეჯმენტი [7355]

საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულებსა და შიდსით დაავადებულებში სტიგმა დისკრიმინაციის სიტუაციური ანალიზი [6917]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 4

მუცლის მწვავე ქირურგიულ დაავადებათა კურსის შესავალი

ავტორი: ა. ბეთანელი, მ. მაისურაძე
თბილისის ომის ვეტერანთა ჰოსპიტალი


გაგრძელება, დასაწყისი წინა ნომერში

„პოეზია – ადამიანის პიროვნების განუყოფელი ნაწილია“ (სენ-ჟონ-პერსი). ვისაც კარგად ესმის ბუნება და ცხოვრება, იგი კიდეც რომ არ წერდეს ლექსებს, დრამებს, რომანებს, იგი მაინც პოეტია. ბუნების და ადამიანთა ცხოვრების გარეშე არ არსებობს პოეზია (ვაჟა ფშაველა). „იაზროვნო, ნიშნავს იყო პოეტი“ (ჰაიდეგერი). (აქ მოტანილ აზრთა კონტექსტში, ნაკლებად ღირებულია ბ. პასტერნაკის სიტყვები – პოეზია ეს ქარაგმული თქმაა). პოეტი – ძალზე მგრძნობიარე ხელსაწყოა“ (თ. გოტიე). პოეზია ცნობიერების შვილია, მეცნიერებისაკენ ბილიკია. პოეზია აუცილებელია როგორც ექიმისათვის, ასევე ავადმყოფისთვისაც. როგორც ჩანს, ეს განიცადა შ. ბოდლერმა: „პოეზიის წილი... სუნთქავს... საავადმყოფოს საწოლზე – გამოჯანსაღების იმედით“. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ პოეტის ნაწილაკზე, რადგან ჭეშმარიტი პოეტის შექმნა შეუძლებელია – „პოეტებს არ ჰყავთ მასწავლებელი: მისი მეცნიერება ერთადერთია, რომელიც არ შეიძლება შეისწავლო“ (ა. დევინი). სულიერი ცხოვრე­ბა – ეს იდეათა ცხოვრებაა (კ. იასპერსი). თავის დროზე ნოვალისს (ჰადენბერგს) მიაჩნდა, რომ პოე­ტი წვდება ბუნებას უკეთ, ვიდრე მეცნიერი. საეჭვოა, რომ გონიერი იყოს გენიოსთან კამათი. რომანტიკა, წარმოსახვა-შემოქმედების, შემეცნების პროცესის განუყოფელი ნაწილია. და მაინც – ქირურგმა უნდა მართოს თავისი წარმოსახვა. ზოგჯერ ყველაზე დახვეწილ ფანტაზიასაც არ შეუძლია მოიფიქროს ის, რაც შეიძლება შექმნას ცხოვრებამ.

„უჩინრად მეფობს გონებაში, ზედან ყოველი განცხრომისა, ყოველ ტანჯვისა, იდეათა ნაკადი მაცოცხლებელი.“
(ე. ვერჰარნი)

წარმოსახვა – წმინდა ადამიანური, საოცარი ნიჭია. წარმოსახვა – შემოქმედების საფუძველია“ (ჰ. უელსი). „თუ არ შესცოდავ გონების საწინააღმდეგოდ, საერთოდ ვერაფერს მიაღწევ“ (ა. ეინშტეინი). მავანთ ხომ „გონივრულად“ მიაჩნიათ ჩვეულებრივი, ცნობილი. „იმისათვის, რომ იყო დიდი მეცნიერი, საჭიროა ვეებერთელა ფანტაზია (ჯონი რადარი). მაგრამ არც ერთი წამით არ უნდა დავივიწყოთ, რომ გონი წარმოსახვაზე ძლიერია. ქირურგიისათვის აუცილებელია ბრძენი ინტელექტის პოეზია, შემოქმედებითი წარმოსახვა, ნაყოფიერი აზროვნება. შემოქმედებითი საქმიანობის „სამი ვეშაპია“: ცოდნა, აზრი, წარმოსახვა. და ყოველივე ეს გაერთიანებულია, გაადამიანებულია სიყვარულით. სიყვარულით ადამიანებისადმი, სიკეთისადმი, თავისი პროფესიისადმი, რასაც განამტკიცებს მისი საქმიანობის მიზანშეწონილობისადმი რწმენა. მე მიყვარს, ე.ი. მე ვარსებობ (მუნიე). „სიყვარული აღგვამაღლებს“ (შ. რუსთაველი). „სიყვარულის მარადიულო სულო – შენ გამარჯვებული ხარ“ (ბ. ზაიცევი). „სიყვარული სიკვდილის შიშზე ძლიერია“ (ვ. შექსპირი). სიცოცხლის მეცნიერებად აირჩიე სიკეთე (ჯამი). ცხოვრების ძირითადი იდეა არის სიყვარული – ადამიანების, კაცობრიობის და სწრაფვა სრულყოფილებისადმი (მ. ბაკუნინი). „გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (მათე, XXII, 39). თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად მართლდება ი. სვედენბორგის სიტყვები – მაგრამ სახელი მარადიული წყაროსი არის არა სიყვარული, არამედ „სიყვარულზე ოცნება“. და მაინც, ადამიანის მოვალეობაა, ოცნება გახადო სინამდვილედ, ზოგჯერ ეს მის ნებაშია. სიყვარული საჭიროებს გაფრთხილებას, მასში ბედნიერების საწინდარით. არ არსებობს არავითარი ფორმალური უფლებები იქ, სადაც ბატონობს სიყვარული. „ექიმობის უმაღლესი საფუძველი არის სიყვარული“ (ფ. პარაცელსი). „სიყვარულის აქტი – აი რა ბადებს ყოველ არსებულს დედამიწაზე“ (ი. სტოუნი). „სიკვდილი სიყვარულზე სუსტია“ (ხუანაინეს დე ლაკრუსი). ძნელია დაეთანხმო იმ იდეოლოგების აზრს, რომელნიც ფიქრობენ, რომ არ შეიძლება ადამიანს შეასწავლო სიყვარული, ვინძლო ეს ღვთის ბოძებული თანდაყოლილი შეგრძნებაა. სინამდვილეში სიყვარული ბევრადაა დამოკიდებული აღზრდაზე, ექვემდებარება პროპაგანდას და კულტივირებას.
სიყვარული ზნეობრივი გრძნობაა, ნებაყოფლობითი თავდადება. „წარმატება შრომაში და სიკეთე წარმატებაში“ (ვ. როზანოვი). არ არსებობს მეტი ჭეშმარიტად მხატვრული, ვიდრე გიყვარდეს ადამიანი“ (ვ. ვან გოგი). როდესაც გიყვარს, მიისწრაფი გახდე უკეთესი. „ყველაზე ჭკვიანური, რასაც ადამიანმა მიაღწია – ეს ქალის სიყვარულია, მისი სილამაზის თაყვანისცემაა: ქალის სიყვარულიდან დაიბადა დედამიწაზე ყოველი მშვენიერება“ (მ. გორკი). სიკეთე – ნებისმიერი შემოქმედების საფუძველია. „სიყვარული ადამიანის ცხოვრებაა“ (ე. სვედენბორგი). ყოველს თავისებურად უყვარს და სძულს. (მხედველობაშია სიყვარულის ყოველი სახე, არა მხოლოდ გამრავლების ინსტინქტი, ჰორმონსტიმულირებული, ჰედონური, სხეულებრივგრძნობადი სწრაფვა, სქესთა ურთიერთდამოკიდებულება. უკანასკნელი შექმნა ბუნებამ, სიყვარულის სხვა სახეები შექმნა ადამიანმა. „ღმერთმა შექმნა შერწყმის აქტი, ადამიანმა – სიყვარული“ (ძმები გონკურები). სხეულთა ურთიერთსწრაფვა, ხორციელი ჟინი, ადამიანთ ძველთაგან სჩვევიათ ისევე, როგორც ცხოველებს. ფ. საგანის თქმით კი – „ეს სიყვარული კი არ არის, უბრალოდ ფიზიოლოგიაა“. თანამედროვე სიყვარული, სულიერის და ხორციელის ჰარმონიული სწრაფვა, პრაქტიკულად ჩამოყალიბდა მხოლოდ შუა საუკუნეებისათვის. ჭეშმარიტი სიყვარული არ მოისაზრება შეყვარებულთა სულიერი ნათესაობის გარეშე. „პატიოსანი ადამიანები სიყვარულით ცხოვრობენ“ (რეტიფ დე ლა ბრეტონი). საექიმო მოღვაწეობის წარმატება ვერ მოისაზრება თავგანწირული სიყვარულის გარეშე. გაბრიელ გარსია მარკესმა ადამიანებს „დაუმტკიცა“, რომ ისინი არ არიან მართალნი, როდესაც ფიქრობენ, რომ მოხუცებულობის გამო აღარ ძალუძთ სიყვარული. პირიქით, ისინი ხუცდებიან იმიტომ, რომ აღარ არიან შეყვარებულნი. (დადგენილია, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხუცი ადამიანი ინარჩუნებს აქტივობას, საქმიანობას, მისი ტვინის უჯრედები არ განიცდიან ატროფიას). სიყვარული ცივილიზაციის სასწაულია (სტენდალი). ცხოველებს, როგორც ჩანს, სიყვარულის გრძნობა ნაკლებად გააჩნიათ. და მაინც, მართალია თომაზო კამპანელა – თავის თავისადმი სიყვარული და თვითდაცვის გრძნობა ძევს სიყვარულის ნებისმიერი სახეობის საფუძველში. გიყვარდეს ავადმყოფები, რათა ავადმყოფთაც უყვარდე შენ. „არც ერთ ადამიანს არ უყვარს ის, ვინც თვითონ არავის ყვარობს“ (დემოკრიტე). „სიყვარული არის სურვილი, იყო საყვარელი“ (პლატონი). „მხოლოდ ის არის კარგი, ვინც კარგია სხვისთვის“ (ფეიერბახი). უნდა ეცადო, დაუტოვო ხალხს შენი ცოდნა, ნიჭი და არ ჩაიყოლო ისინი საფლავში. ადამიანის ბედნიერების აუცილებელ ატრიბუტად წარმოგვიდგება – იცხოვრო სხვისთვის. იმისათვის, რომ იყო ბედნიერი, უნდა იყო შენი ვნებების ბატონი. ჭეშმარიტად დიდი ადამიანი კეთილი და კაცთმოყვარეა (ხუან მანუელი). სიკეთე არის სილამაზე და სილამაზე არის სიკეთე (თ. შალიაპინი). „იჩქარე აკეთო სიკეთე“ (ფ. გააზი). „მე არ ვიცნობ უპირატესობის სხვა ნიშნებს, გარდა სიყვარულისა“ (ლ. ბეთხოვენი). წარმატებული მკურნალობა შეუძლებელია სიკეთისა და კეთილგანწყობის გარეშე. „ცოტაა ატარო საპატიო წოდება ან იყო მევნიერი, უნდა იყო კეთილი“ (დ. დიდრო). ჯერ კიდევ ტიციანი იტყოდა – „ადამიანი დაბადებულია არა თავისთვის, არამედ სხვებისთვის“ „ადამიანი მხოლოდ მაშინ შეიგრძნობს თავის თვისებას, ოდეს სხვებს გაათბობს“ (შექსპირი). განურჩეველი, უგრძნობი, ცივი ადამიანისთვის არ არსებობს ადგილი ქირურგიაში. „ადამიანი იმისათვის კი არ ცხოვრობს, რომ მისთვის იმუშაონ, არამედ, რომ თვითონ იმუშაოს სხვებისათვის“ (ლ. ტოლსტოი). სიკეთე იარაღია, რომელსაც ვერავინ წაგართმევს“ (დიოგენე ლაერტიელი). ქირურგის ბედია – იტანჯოს სხვისი უბედურებით.
უნდა წინასწარ დაითქვას, რომ ავადმყოფის შესწავლისას უპირატესობა უნდა მიეცეს კლინიკურ ორგანოლეპტიურ გამოკვლევას, რომელიც ყველაზე „მარტივია“ და არაა ავადმყოფისათვის დამამძიმებელი. გამოკვლევის ე.წ. პარაკლინიკური მეთოდები (ლაბორატორიული, ინსტრუმენტული) უნდა ჩაითვალოს დამხმარედ (თუმც ზოგჯერ მათ შეიძლება ექნეს გადამწყვეტი მნიშვნელობა დიაგნოზის დასაზუსტებლად). „ხუთი გარეგნული შეგრძნებათა წარმოშობა – ეს დღემდე განვლილი მთელი მსოფლიო ისტორიის შედეგია“ (კ. მარქსი). „უნდა გაკეთდეს აქცენტი ადამიანურ კონტაქტთა სითბოზე და არა ცივ აპარატურაზე“ (ნ. კაზინსკი).

„უსარგებლოა ბევრის საშუალებით გააკეთო ის, რისი გაკეთება შეიძლება მცირედით“ (უ. ოკამი). „ხელოვნების ხელოვნებაა – სიმარტივე“ (უ. უიტმენი). „სიმარტივე – ეს თითქმის მუდამ სილამაზეა...“ (დ. ლეოპოლდი). „სილამაზე ეს ყველაზე ძნელია, რაც კი ბუნებაში არსებობს“ (კ. იუნგი).
„არც ერთი გამონათქვამი არ შეიძლება იყოს პირველი ან უკანასკნელი“ (მ. ბახტინი). „არ არსებობს ისეთი უვიცი, რომელსაც არ შეეძლოს მოგცეს იმაზე მეტი შეკითხვა, ვიდრე ყველაზე მცოდნე ადამიანი შეძლებს მათ გადაწყვეტას“ (მ. ლომონოსოვი). კითხვები წარმოიშობა მეტი, ვიდრე არსებობს მათზე პასუხები, რადგან „თვალი ნაკლებად ცდება, ვიდრე გონება“ (ლეონარდო და ვინჩი). თვალით დანახულის (ან ყურით თუ კანით შეგრძნობილის) მხოლოდ მეათასედი ნაწილი აღიქმება ტვინით. ვერ დაინახავ ყველაფერს, რასაც უყურებ. ადამიანი ვერ ამჩნევს ჰაერს, ვიდრე ნორმალურად სუნთქავს. უთუოდ მართალია ვ. სუხომლინსკი, როდესაც ამტკიცებს, რომ ისინი, ვისი გულიც ბრმაა და იყურებიან მხოლოდ თვალებით, ვერაფერს დაინახავენ. სიცოცხლის არსი წარმოუდგება მხოლოდ „მომზირალ გულს“.

„არ არსებობს შემეცნება შეკითხვების და ეჭვების გარეშე. ეჭვები განვითარებადი მეცნიერების აუცილებელი კომპონენტია“ (რ. ფეინმანი). გაუგებრობა გაგების ჩანასახია. „დაეჭვება – შემეცნების საწყისია“ (ჯ. ბრუნო), „...ჭეშმარიტების დედაა“ (დეკარტე). მეთოდური დაეჭვება – ბრძენთა ხვედრია (ჟ. მარმონტელი). „ფილოსოფიის პირველი საფეხური – დაეჭვებაა“ (დ. დიდრო). „საქმის ირგვლივ ნებისმიერი შეკითხვა – უკვე პასუხისაკენ ხიდია“ (მ. ჰაიდეგერი). „შეკითხვა არის ბებიაქალი, რომელიც ეხმარება აზრის დაბადებას“ (სოკრატე). „ვინც დაეჭვებულია, მას ჯერ არ დაუკარგავს იმედი, რომ მისი დაეჭვებანი ამოხსნილი იქნებიან“ (ჰეგელი). „მუდმივად უკმაყოფილოდ ყოფნა – შემოქმედების არსია“ (ჟ. რენარი). „გვიშველე ჩვენ ღმერთო – ვიყოთ მუდამ უკმაყოფილო“ (ლ. ტოლსტოი). უბედურნი არიან ადამიანები, ვისთვისაც ყველაფერი ნათელია“ (ლუი პასტერი), ისინი სულით ღატაკებია. „დაეჭვება უსიამოვნო მდგომარეობაა, ხოლო დარწმუნებულობა – უბრალოდ სისულელეა“ (ვოლტერი). უცოდინარობა – ცოდნის დედაა. ალიონს შეიძლება შეხვდე მხოლოდ ღამის ბილიკით (ჯაბრანი). „თუ გსურს უმეცრებისაგან განიკურნო, საჭიროა იგი აღიარო“ (მ. მონტენი). გაკვირვების ნიჭი – ხელოვნებაა. გაკვირვება – ცოდნის საწყისია, რომელიც შეიძლება შემოწმდეს, შეინახოს, სხვას გადაეცეს. გამოცანა აღვიძებს შემოქმედებით საწყისს (მეცნიერული ცნობისმოყვარეობა). მეცნიერება – „გაკვირვების და ცნობისმოყვარეობის ქალიშვილია“ (ლუი და ბროილი). კინორეჟისორი ს. გერასიმოვის განსაზღვრება – „არსებობს მხატვრობის ორი მთავარი თვისება: გაკვირვების ნიჭი და გულისხმიერება“, შესაძლებელია მთლიანად გადატანილ იქნეს ქირურგებზეც. „სამყარო ცოცხლობს მხოლოდ ერეტიკოსებით“ (ე. ზამიატინი). შემოქმედებითი შრომის მიზანია – ეძებო სიძნელეები და მონახო პასუხები, ჩაერთო მარად განვითარებადი და შესაძლოა ვერასდროს დამთავრებადი ფაქტების გამამჟღავნებელ და გამანათებელ შემეცნების პროცესში. მინახავს მხოლოდ ის, ვინც ეძებს. წიგნი კარგია, თუ აღაგზნებს აზროვნებას. კონფუცი ასწავლიდა: „ყველაზე არარაობაა ის, ვისაც არ სურს სიძნელეებისაგან მიიღოს ჭკუის სასწავლი გაკვეთილი“. მიუწვდომელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკვე მიღწეული.

მატერიალისტური აზროვნების საფუძვლად აღიარებული ფორმულა „შემეცნება არის აზროვნების მუდმივი, უსასრულო მიახლოება ობიექტთან“, თავისი არსით აგნოსტიკურია. იგი თითქოს აკანონებს ადამიანისათვის საწყის არსთა, „საგანი თავისათვის“ საბოლოო შემეცნების შეუძლებლობას. Ignoramus et ignorabimus – არც ვიცით და ვერც გავიგებთ (ე. დიუბუა-რეიმონი). არაა შემთხვევითი, რომ მსგავს აზრს გამოთქვამდა კათოლიკე თეოლოგი ტეიარ დე შარდენი: ადამიანის გამონათქვამები მუდამ შეზღუდულია, ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს; ადამიანი ვერასდროს გადააჭარბებს ადამიანურს. იგივეს შესახებ შატობრიანი – „მოკლე ჭკუას ჰგონია, რომ ყველაფერს ხედავს, როდესაც თვალდაჭყეტილი იყურება“. ჩვენ არ ვართ ჭეშმარიტების მფლობელნი, არამედ მხოლოდ მაძიებელნი“ (კ. პოპერი).

მაგრამ საფიქრებელია, რომ სამყარო ალბათ მაინც შემეცნებადია და მისი გადაკეთებაც კი არის შესაძლებელი. გავიხსენოთ ა. ეინშტეინის პარადოქსი: მსოფლიოში ყველაზე საკვირველი ისაა, რომ იგი შეცნობადია (Das unbegreiflichste in der Welt, ist das sie byreiflich ist), ცოდნა ნიშნავს „საგანი თავისთავად“ გადავაქციოთ „საგნად ჩვენთვის“. იგი შეცნობადია, მაგრამ უსაზღვროა. არ შეიძლება უარვყოთ, რომ იმას შორის, როგორადაც მოვლენა გვეჩვენება, და იმას შორის, რაც სინამდვილეში არსებობს, ზოგჯერ შეიძლება იყოს დიდი განსხვავება. საკითხი წარმოგვიდგება, როგორც მოლოდინის სახესხვაობა. „მეცნიერული სამყარო“ სულაც არ წააგავს „გრძნობათა სამყაროს“ (ბ. რასელი). ძნელია მიუთითო რომელიმე ბიოლოგიურ აღმოჩენაზე, რომელიც წმინდა მსჯელობით იქნა განხორციელებული (ა. ბერგსონი), ე.ი. წმინდა დედუქციით. დაკვირვებანი უნდა გააზრებულ იქნენ, აყვანილ იქნენ გონებაში. „არავინ არაფერს არ გამოიგონებს – ჩვენ ყველანი მხოლოდ ვიხსენებთ“ (ნერვალი). „ცოდნა და მოგონება – ერთი და იგივეა“ (გუსტავ მორინკი). ადამიანი არსებაა, რომელმაც შეძლო განევითარებინა თავისი გონი, შეძლო საგნების და მოვლენების არსის ჩაწვდომა. იგი მუდმივად აუმჯობესებს თავის აზროვნების უნარს. შესაძლოა, ადამიანის ცხოვრების არსი არის გონების (ცნობიერების) შენახვა ჩვენს პლანეტაზე. „მე ვარ საგანი, რომელიც აზროვნებს“ (რ. დეკარტი). „ადამიანის გონება შეიცნობს ზოგიერთ ჭეშმარიტებას იმდენად სრულყოფილად, ისეთი აბსოლუტური დანამდვილებით, როგორც გააჩნია თვით ბუნებას“ (გალილეო გალილეი). ამაზე მეტიც, ადამიანის გონებამ გამოიჩინა ნიჭი ბუნებაში აღმოაჩინოს ის, რაზეც არ იცოდა თვით ბუნებამაც, ავიღოთ თუგინდ დამწერლობა, პოეზია, მათემატიკა, ქირურგია, ფული (რომელიც სამწუხაროდ სასიცოცხლო აუცილებლობად იქცა). ადამიანმა ისინი კი არ აღმოაჩინა, არამედ შექმნა. „სრულყოფისადმი სწრაფვის ადამიანის ნიჭი განუსაზღვრელია“ (მ. კონდორსი). ადამიანისა და კაცობრიობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რაც მომავალზეა გამიზნული. „გზა მუდამ უმჯობესია, ვიდრე დასვენება“ (მ. დე სერვანტესი). უნდა ვისწრაფოდეთ წინ, მუდამ მხოლოდ წინ, უკეთესისაკენ, უფრო დიდისაკენ.

„ბუნება სფინქსია. და მით უფრო სრულად თავისი პირფერობით ღუპავს ადამიანს, შესაძლოა საუკუნეთგან არავითარი გამოცანა არც არსებობდა და არც ჰქონდა მას.”
(ფ. ტიუტჩევი)

„ჭეშმარიტება მარტივია ყოველივე არსებული – ნამდვილია.”
(ა. პოპი)

არ შეიძლება ბუნების ძალის ყოვლისშემძლეობისადმი რწმენა დაიკარგოს, მხოლოდ ისაა პროგრესის საფუძველი. „არ არსებობს არავითარი იდუმალი, რაც არ გახდება აშკარა“ (მოციქული ლუკა, რომელიც იყო მკურნალი). „იდუმალს აჯობა სახაზავმა“ (დ. კიტსი). „ჭეშმარიტება მეტად მარტივია, მისკენ მისვლა მუდამ რთული გზითაა საჭირო“ (ჟორჟ სანდი). წარმოსახვა ჩვევია პოეტებს, მსჯელობა – მეცნიერებს.

მუცლის მწვავე ქირურგიულ დაავადებათა საკითხების აქტუალობას განაპირობებს იმ დაავადებათა სიხშირე, რომელნიც სასიცოცხლო ჩვენებით საჭიროებენ გადაუდებელ ქირურგიულ დახმარებას. ჩვეულებრივ (ზოგად) ქირურგიულ საავადმყოფოებში, ოპერაციათა საერთო რიცხვიდან ყოველი მეოთხე, შესაძლოა მესამეც, ტარდება მუცლის ღრუს მწვავე ქირურგიული დაავადების გამო. საეჭვოა, რომ უახლოეს მომავალში მოხერხდეს ამ რიცხვის შემცირება. სადღეისოდ, სამწუხაროდ, მედიცინა არ ფლობს ამ დაავადებათა უმეტესობის პროფილაქტიკის საშუალებებს. ძნელია დაასახელო დაავადებათა სხვა ჯგუფი, რომელიც ასე სწრაფად და დრამატულად ვითარდება. ესოდენ მოკლე დროში ადამიანის ორგანიზმი საკომპენსაციო მექანიზმებს უყენებს ასეთ დიდ მოთხოვნებს. ქირურგიულ ოპერაციათა შემდგომ ლეტალურ გამოსავალთა 20 % მოდის ამ ოპერაციებზე, ხოლო უპირატესად გასტროენტეროლოგიურ დაავადებათა გამო წარმოებული ოპერაციების 60 %. პერიტონიტის შემდგომი ლეტალობა, სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით, 35-60%-ია. დენვერელ (კოლორადოს შტატი) პროფესორებს ჰარკენს და მურს (2004 წ.), მწვავე მუცელი მიაჩნიათ „მედიცინის ყველაზე რთულ პრობლემად“.

პერიტონიტის საშიშროება, ვით დამოკლეს მახვილი, ჰკიდია აბდომინური ქირურგის სასთუმალს ზემოთ. (პერიტონეუმის ცნება და სახელწოდება ანტიკური ავტორებისთვის და არაბებისთვისაც იყო ცნობილი. ხოლო ტერმინი „პერიტონიტი“ შემოიღო კულენმა 1776 წ.).

მუცლის ღრუს ორგანოთა მწვავე ქირურგიული დაავადებები, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება, ავადმყოფის ორგანიზმში განაპირობებს მისი სასიცოცხლო ფუნქციების რიგ დარღვევებს, რასაც უპირველეს ყოვლისა შეიგრძნობს თვით ავადმყოფი, ხოლო მოგვიანებით შეიძლება იქნეს შემჩნეული ავადმყოფის ირგვლივ მყოფი პირების მიერაც. არსი შეიმეცნება მოვლენების წყალობით. სამწუხაროდ, ამ კატეგორიათა კავშირი მეტწილად არაა მკვეთრად რეგლამენტირებული, ზუსტად განსაზღვრული, უნივარიანტი – არ არის დაკანონებული. აქედან წარმოდგება დიაგნოსტიკური სირთულეები. შეგრძნებები და განცდები შეადგენენ ავადმყოფთა ჩივილების საფუძველს, მის ანამნეზს, დაავადების სუბიექტურ სურათს. შეგრძნებები შესაძლოა გამოვლენილ იქნეს მხოლოდ ავადმყოფის მიერ მათი სიტყვიერი აღწერის საშუალებით. ამგვარ ასპექტში სიტყვა (ენა) არის ადამიანის ცნობიერების ობიექტივიზაციის, მისი გასაგნურების, ინკარნაციის საშუალება, მით უმეტეს თუ სიტყვები რეგისტრირდება (ჩაიწერება, გარდაიქმნება საგნად). „სული“ იძენს სხეულს. ენისა და დამწერლობის საშუალებით ადამიანის ვიწრო ინდივიდუალური გონება გაფართოვდა, გახდა მეტყველი (ალბათ 40-30 საუკუნის წინ), საზოგადოებრივი, კოლექტიური, მემკვიდრეობითი. ურთიერთობა, არის რა სუბიექტთა ურთიერთქმედება, ხორციელდება ობიექტურად (მ. იაროშევსკი). არ არსებობს აზროვნება (ცნობიერება) სიტყვების გარეშე; სიტყვა აზროვნების მთავარი პროდუქტია (ა. ლოსევი). „აზრი – სხეულის უმაღლესი მფლობელია (ა. დიუმა). სიტყვანი და აზრები უკვალოდ არ იკარგებიან“ (ედგარ პო). სიტყვების ფრთებით დაფრინავენ აზრები.
შესაძლოა ეს ჰქონდა აზრად იოანე მოციქულს, როდესაც შთაგონებულად წერდა – „დასაწყისში იყო სიტყვა, და სიტყვა ჰქონდა ღმერთს, და სიტყვა იყო ღმერთი“. სიტყვამ გაგვხადა ჩვენ ადამიანებად. ენა შუამავალია ფაქტსა და იდეას შორის (ჰუმბოლდტი). სიტყვა, უბრალოდ, ურთიერთობის საშუალებიდან გახდა ფანჯარა ცნობიერებისაკენ. შთაგონებული სიტყვის ზემოქმედებით აღიძვრება ცნობიერება, აზრი, ნება, რწმენა და სკეფსისი. საფუძველი ეყრება საქმეს, რომელიც ყოველის საფუძველია. ჰუმბოლდტს ენა ენერგიად მიაჩნდა. არ არსებობს რა სიტყვაზე ძლევამოსილი, თუმც იგი შიშველია და შეუიარაღებელი. სიტყვა არაა საგანი. ენა აზრის ფორმირების საშუალება და ადამიანთა შორის კომუნიკაციის საწინდარია. სიტყვებში ჩართული ძალა უზარმაზარია, მაგრამ საჭიროა იცოდე მისი გამომჟღავნება. სიტყვამ გვაქცია ჩვენ ადამიანებად. შეადარეთ ჩვეულებრივი ბაასი პოეზიას: აქ უბრალო სიტყვები იძენენ განსაკუთრებულ ძალას, იმოქმედონ წარმოსახვაზე. ზოგჯერ სიტყვები „უფრო ფაქტებია, ვიდრე თვით ფაქტები“ (ო. უაილსი). პოეტი – მარგალიტს იღებს მორევიდან... მოხდენილად შეადგენს წინადადებებს, რომლებიც ბრწყინავენ ვით ალმასები (აბდულ ფაიზფაიზი, XVI საუკ.). გასაკვირია, რა შეუძლია გააკეთოს ნიჭიერი მწერლის კალამმა, შეუხედავი ადამიანის ჩვეული ცხოვრებიდან. თუმც ფსიქიკა და იდეები არამატერიალურია, ისინი არსებობენ სავსებით რეალურად, არიან ქმედითნი. „სიტყვა იგივე სულია და გადაეცემა მემკვიდრეობას“ (ფ. გრილპაცერი). გასაოცარია აზრის ქმედება სხეულზე. ჩვენ ვცხოვრობთ სხვისი და ჩვენი სიტყვების ვეებერთელა, უსასრულო სამყაროში. სიტყვიერ სუგესტიას, შთაგონებადობას ხელს უწყობს საშთამგონებლოს მდგომარეობა, მისი დამორჩილებადობა, შიში, გარემოს რიტუალობა. სუგესტიის კერძო ფორმად მოგვევლინება ჰიპნოზი. ადვილად ემორჩილებიან ჰიპნოზს ავადმყოფები ნარკოზიდან გამოსვლის პერიოდში. აუცილებელია სამედიცინო პერსონალის სიფრთხილე, გაუფრთხილებლად წარმოთქმული სიტყვა შეიძლება ავადმყოფის მომდევნო მძიმე განცდების მიზეზი გახდეს („ჰიპნოზი გაუფრთხილებლობით„).

ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობის დარღვევები, რომელნიც მეორე პირის მიერ შეიძლება იქნენ შემჩნეულნი, ხდებიან დაავადების ე.წ. ობიექტური სურათის საფუძველი. „ე.წ. სუბიექტური ჩვენებები ისევე ობიექტურია, როგორც ნებისმიერი სხვები იმათთვის, ვისაც შეუძლია მათი გაშიფრვა“ (ა. უხტომსკი). ეს დაავადების შინაგანი, სუბიექტური სურათია, კლინიკური მედიცინისათვის ანამნეზის მნიშვნელობა უზარმაზარია. სწორედ ამით განსხვავდება იგი სხვა მეცნიერებებისაგან (ქიმიისაგან, ფიზიკისაგან, მათემატიკისაგან, ბიოლოგიისაგან და ა.შ.).

ანამნეზის (მოგონებების) შეგროვების ხელოვნება უპირველეს ყოვლისა დიალოგის ხელოვნებაა. ნიჭი – აალაპარაკო ადამიანი, წარმატებული დიალოგის აქტი, ორგანოების (ავადმყოფის და ექიმის) თანაჟღერაა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ენა, ურთიერთობის საშუალება, ერთდროულად ჭეშმარიტების შეცნობის საშუალებაცაა და ტყუილის იარაღიც. ტყუილს ეუბნება ყოველი თავის ახლობელს (დავითი, სახარება, 1, 11). „საუბარში იკვეთება პიროვნება. ადამიანის არც ერთ საქმიანობას არ სჭირდება ამდენი კეთილგონიერება“ (ბ. გრასიანი). სუგესტიური ზემოქმედებითი მცდელობისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ერთი აზრის განდევნა შეუძლებელია მისი მხოლოდ უარყოფით, საჭიროა იგი ჩაინაცვლოს მეორეთი. შთაგონების სიტყვები უნდა შეიცავდნენ მტკიცებას და არა უარყოფას. ურთიერთგაგების ხელოვნება ყველაზე მთავარია ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებაში, ჰუმანურობის საფუძველია. ენა – არა მხოლოდ ლაპარაკი (ხმოვანი ურთიერთობის ერთ-ერთი სახე), არამედ აზროვნებაცაა. ენა აზრის სარკეა. ენაში თავმოყრილია მოლაპარაკე კაცობრიობის სიბრძნე. „ჩვენ ვართ საუბარი“. ენა უდიდესი მფლობელია. „სიტყვა ტანსაცმელია ყოველი ფაქტის, ყოველი აზრის“ (მ. გორკი). რათა საუბარი იყოს ნაყოფიერი, უნდა აწარმოოთ გამოკითხვა და არა დაკითხვა“ (ა. გუბერგრიცი). ავადმყოფი უნდა დაარწმუნო, კი არ დააძალო. გულწრფელობის მისაღწევად დაუშვებელია სადისტური დაჟინება. არაა სასურველი ავადმყოფის გამოკითხვა სტანდარტული კითხვარის გამოყენებით, როდესაც არ ითვალისწინებენ დროს, გარემოს, ასაკს, სქესს, პროფესიას, ინტელექტუალურ და ემოციურ სტატუსს. „მოღუშული ექიმი ვერასოდეს მიაღწევს წარემატებას თავის საქმიანობაში“ (მ. მონტენი). არცთუ იშვიათად – „ავადმყოფს სიამოვნებს იმსჯელოს თავის თავზე“, ზოგჯერ მას ახასიათებს „თავისი ავადმყოფობით ტკბობა“ (ა. დე ვინი). მხოლოდ საუბრის გზით შეგვიძლია მივუახლოვდეთ ჩვენი ავადმყოფების სულიერ სამყაროს, ჩავწვდეთ მისი განცდების, ზრუნვის, იმედების, სურვილების წრეს. გუნებგანწყობა წუთიერად ცვალებადია, ხოლო მათი მოქმედება ორგანიზმზე – ვეებერთელა. ყოველ პიროვნებას აქვს თავისი პირი და სარჩული.

ნანახია: 2224 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 11

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269689


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.