აქტუალური თემა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო მენეჯმენტი

გაიდლაინი

მიმოხილვა

ლექტორიუმი

სიახლეები

ახალი მეთოდები

კვლევა

ექსპერიმენტული კვლევა

ადამიანი და გარემო

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ჩვენი თანამედროვე

კლინიკური შემთხვევა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



განვითარებად მსოფლიოს სჭირდება საკუთარი სამეცნიერო ჟურნალები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

XXI საუკუნის დიდი მოაზროვნე [5.00]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [5.00]

თირკმლების ქრონიკული დაავადება [5.00]


თირკმლების ქრონიკული დაავადება [18719]

ჰემოსიდეროზით მიმდინარე დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები [8917]

საშვილოსნოს კედლის მთლიანობის აღდგენა ერთ­შრი­ანი განუწყვეტელი ნაკერით და პერიტონიზაცის ახალი მეთოდი [7589]

საქართველოში მოქმედი სამედიცინო საზოგადოებების როლი სამამულო ქირურგიის განვითარებაში [7291]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [5509]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

მუცლის მწვავე ქირურგიულ დაავადებათა კურსის შესავალი

ავტორი: ა. ბეთანელი, მ. მაისურაძე
თბილისის ომის ვეტერანთა ჰოსპიტალი


„შემოქმედება ნიშნავს სიკვდილის მოკვლას“
რომენ როლანი

„ადამიანი არის საიდუმლო, იგი უნდა გამოიცნო“
თედორე დოსტოევსკი

„ადამიანისადმი რწმენა – ჩემთვის ყველაზე ძვირფასია“
ვასილ სუხომლინსკი

„დაე იყოს გონება ცხოვრე­ბაში ჩვენი წინამძღოლი“
აბულკასიმ ფირდოუსი

სურათი 1. „The Agnew Clinic“ by Thomas Eakins (1889); Courtesy of the University of Pennsylvania Art Collection

ქირურგია განვითარებადი მეცნიერება და შემოქმედებითი ხელოვნებაა, უმაღლესი გამოხატულება – ჩაწვდეს და შეცვალოს ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი პროცესები კაცობრიობის საკეთილდღეოდ; მეცნიერება – კოლექტივის (საზოგადოების) იარაღია, ხელოვნება – პირადული (ინდივიდუალური) ფენომენია. ქირურგია ადამიანის გონების (ცნობიერების) ქმნილება და გამარჯვებაა.
მუცლის ურგენტული ქირურგია, რომელიც თით­ქოსდა კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთი ყვე­ლაზე დამუშავებული თავია, ჯერ შორსაა სრულ­ყოფილებისაგან. ყველაზე გამოცდილი, მხცოვანი ქირურგებიც კი, არაიშვიათად განიცდიან დიაგნოსტიკურ სიძნელეებს და ეჭვიანობის განცდებს ასეთი დაავადებებით ავადმყოფთა მკურნალობის დროს. მუცლის ღრუ კვლავაც სავსეა საიდუმლოებებით და მოულოდნელობებით. მუცლის ღრუ არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ორგანიზმის ენერგიითა და საშენი მასალებით უზრუნველყოფის რთული ლაბორატორიაა, არამედ ქალის შინაგანი სასქესო ორგანოების – „კაცობრიობის აკვანის“ – სათავსოცაა.
თანდათანობით დავიწყებას ეძლევა დრო, როცა, გვაკმაყოფილებდა ფრთოსანი, ხშირი ხმარებით გამოკვეთილი ტერმინით „მწვავე მუცელი“ („მუცლის კატასტროფა“ – სინდრომული დიაგნოზი), ქირურგი მეტად ქმედებით, ვიდრე საზრისით, აწარმოებდა „საცდელ ლაპაროტომიას“ და მხოლოდ ოპერაციის მსვლელობაში აზუსტებდა დიაგნოზს. მოხდენილი ეპითეტი ადვილად ვრცელდება, სიტყვა იწყებს ცხოვრებას თავისი სიცოცხლით. ადამიანის ტვინმა ისწავლა, რთული მოვლენები ადვილად გამოთქვას განმაზოგადებელი ტერმინებით. მაგრამ პრაქტიკა მოითხოვს მათ გაშიფრვას და კონკრეტიზებას, მათი ჭეშმარიტი რაობის გახსნას. ქირურგ-კლინიცისტის მოუსვენარი გონება სულ მეტი ჟინით ცდილობს დახელოვნდეს დაავადების ოპერაციამდელი დაზუსტებული ნოზოლოგიის იდენტიფიკაციაში. ამან მიგვიყვანა უფრო ზუსტი საოპერაციო ჩვენებების გამომუშავების, ოპერაციული ჩარევის მოცულობის შეზღუდვისა და ოპერირების მეტად დამზოგავი ტექნიკის დანერგვისაკენ, რასაც მოჰყვება მუცლის ღრუში ინფექციური საწყისის დისსემინაციის შეზღუდვა. ნაკლებად გამოსადეგია ნაპოლეონის ფორმულა: „On s’angage, pui on xoit“ („დავიწყოთ და შემდგომ ვნახავთ“). სტოქასტური (ალბათობითი) აზროვნება დეტერმინიზმს უთმობს ადგილს.
მაგრამ არ უნდა ვიყოთ ზედმეტად პედანტურნი. ექიმებმა დიდი ხანია იციან, რომ „ქირურგიული ცაიტნოტის“ („ოქროს წუთები“, „ოქროს საათი“) პირობებში, აშკარა მიახლოებითი დიაგნოზი, როგორც წესი, უფრო სასარგებლოა, ვიდრე დიდი სიზუსტის პრეტენზიების მქონე რთული თეორიული მსჯელობები (განსაკუთრებით ურგენტულ ქირურგიაში). „დიაგნოზი კარგია, როდესაც იგი დროულია“ (ი. კასირსკი). ნაყოფიერი ცდომილება სჯობს უნაყოფო უცოდველობას. პერიტონიტის დროს ერიდე გადავადებას, ძველად იტყოდნენ: „შეუბრუნებელი ხდება სწრაფად“ (ლუკიანე). „ის, რაც შენ წუთმა წაგართვა, ვერავითარი მარადისობა ვერ დაგიბრუნებს“ (ფ. შილერი, რომელიც ექიმიც იყო). („მოქმედება! მოქმედება! – აი რისთვის ვარსებობთ ჩვენ – ი. ფიხტე). უნაყოფოა აზრი, რომელიც არ ბადებს ქმედებას. „საქმე ჯობს უსაქმობას“ (მახაბხარატა ბხაგავადგიტა). „ჯერ სიცოცხლე, შემდეგ ფილოსოფია“ (ნ. მაკიაველი). რაც უფრო ადრე იქმნ – მით იოლია, რაც უფრო გვიან – მით უფრო ძნელია. წყალწაღებულის გადარჩენისას არ ბჭობენ წყლის ქიმიზმზე. თეორია კარგია, მაგრამ იგი არ უნდა აფერხებდეს ცხოვრებას. „ყოველმა ადამიანმა უნდა თვითონ მონახოს თავისი გზა“ (ჟან-პოლ სარტრი). ხელწიფობა და ცოდნა არაა ტოლფასი, ზოგჯერ მეტი გვეხერხება, ვიდრე ვიცით (მსგავსად ბავშვებისა და ველურებისა, რომელთაც მუდამ მეტი ეხერხებათ, ვიდრე გაეგებათ).
კორნელიუს ტაციტუსი ამტკიცებდა, რომ პოლიტიკოსებმა “თუ თვითონ არ მოიგონეს რაიმე გონიერი, შეუძლიათ მოიცადონ, სანამ სხვები ჩაიდენენ სისულელეს.” ქირურგებს ასეთი არ ძალუძთ – მათი უცოდინარობა, ჭოჭმანი, უგუნურობა ავადმყოფისათვის დამღუპველია. დაუშვებელია ხანგრძლივი მერყეობა, გადაწყვეტილების მიღების დაყოვნება. “უფრო მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, ვიდრე ააგო ბუდას სასახელო შვიდსართულიანი პაგოდა” (ჩინური სიბრძნე). “ჯანმრთელობა – უდიდესი გამარჯვებაა” – ასწავლიდა ბუდა. ერთადერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, როგორ შეუმსუბუქო ადამიანს ტანჯვა.
მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ცნება დაავადების შესახებ, ნოზოლოგიური ერთეულის შესახებ, განზოგადოებული ცნებაა, აბსტრაქციაა. სინამდვილეში არსებობენ მხოლოდ ავადმყოფი ინდივიდები, რომელთაგან თითოეულს ახასიათებს მისთვის ერთადერთი საკუთარი ცხოვრების პიროვნული თავისებურებები. არ არსებობს ავადმყოფობა, არსებობენ მხოლოდ ავადმყოფი ადამიანები. „...მკურნალი ადამიანს კი არ ჰკურნავს, არამედ კალიუსს ან სოკრატეს...“ (არისტოტელე). „უფრო იოლია შეიცნო კაცობრიობა ზოგადად, ვიდრე კერძოდ ერთი ადამიანი“ (ფ. ლაროშფუკო). ავადმყოფობს არა კაცობრიობა, არამედ ადამიანი, პიროვნება; არა საყოველთაო, არამედ ერთეული. ფორმალურად, დიაგნოსტიკა დაიყვანება მიღებული კლასიფიკაციის ჩარჩოებში დაავადების სახელწოდების განთავსებაში. მაგრამ სახელწოდების გამოთვლა, მისი გამოთქმა სხვა ადამიანებისათვის მისაწვდომ სიტყვებში, სრულიადაც არ ნიშნავს გაარკვიო დაავადების არსი.
(საერთოდ, ადამიანებს ახასიათებთ ცნებათა კლასიფიკაციაციის, თაროებზე მათი განლაგების სურვილი). “ჩვენ ბრძენებად მოვჩანვართ, უჭკვიანესი ტერმინებით გაბრწყინებული...” (ჯ. ჩოსერი). სამედიცინო მეცნიერებამ უნდა დაიცვას ექიმის გონი სიტყვიერი შაბლონებისაგან. გასაკვირია, თუ როგორ ახერხებს ზოგიერთი “ზეჭკვიანი ავტორი”, ილაპარაკოს გაუგებრად სრულიად მარტივ საგნებზე.
“რაც უფრო ძირფესვიანად ვეცნობით დაავადებებს, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ დაავადების ტიპიური სურათი, რომელმაც მიიყვანა არსებული ნოზოლოგიური ჯგუფის გამოყოფასთან, გვხვდება უფრო იშვიათად, ვიდრე არატიპიური” (მ. კროლი).
შეიძლება ითქვას, რომ არსებობს „მწვავე მუცლით“ იმდენი ავადმყოფი, რამდენი ავადმყოფიცაა ამ დაავადებით. ბუნებაში არაფერი მეორდება. ცხოვრება მარადი მეტამორფოზაა. ადამიანი მუდამ გზაშია – ამტკიცებენ ეგზისტენციონალისტები. მთავარი დაავადების მკურნალობა კი არ არის, დაავადებულის მკურნალობაა. გამოავლინეთ დაავადება, ებრძოლეთ მას, მაგრამ უმკურნალეთ ავადმყოფს. ნ. კაზინსი წერდა: „მთავარი დაავადების შეცნობა კი არ არის, არამედ ორგანიზმისა, რომელიც მან დააზიანა“. „ცხოვრება ცვლილებაა“ (ვ. სოლოვიოვი). (მანამდე, 18 საუკუნით ადრე, მარკუს ავრელიუსი იტყოდა: „სამყარო არის ცვლილება“). „ადამიანი არის პროცესი (გ. გურჯიევი). ადამიანი „მიედინება“, მარად გარდაიქმნება. ადამიანი არაა იზოლირებული გარემოსგან, ბუნებისგან, რომლის ნაწილსაც ის წარმოადგენს. ორგანიზმი და გარემო ურთიერთზემოქმედებაში არიან, იმყოფებიან დიალექტიკურ „დაპირისპირებათა ერთიანობაში“. არ არსებობს არაფერი უფრო ცოცხალი, ვიდრე ადამიანი, მისი მუდმივი ცვლილებებით. „ადამიანი – ეს მის ქმედებათა პროცესია“ (ა. გრამში). ყოველი ინდივიდი უნიკალურია. მას გააჩნია ცილების და ნუკლეინის მჟავების საკუთარი კომპლექტი, იგი ერთადერთია დედამიწაზე. „ყოველი ადამიანი თავისებურად იხოცავს ცხვირს“ (ლ. ტოლსტოი). (მას აქვს თავისი სუნი – ეს კარგად იციან ძაღლებმა). ამავე დროს, არ არსებობს ადამიანი, რომელიც რაიმეთი არ ჰგავდეს სხვებს. ცოცხალი, როგორც წესი, მრავლობითია. პიროვნების თავისებურებანი განპირობებულია გენეტიკური წინაგანსაზღვრით (არ არსებობს ორი ერთნაირი ჩვილი, ყოველი ბავშვი ინდივიდუალური პროექტითაა შექმნილი, რომელიც ჩადებულია ქრომოსომულ ლოკუსებში, გენებში; თუმცა საკუთრივ გენები, ისევე, როგორც ატომები, ჯერ ნათლივ არავის დაუნახავს. ჩვენ ყველანი მოვდივართ ბავშვობის ქვეყნიდან და ცხოვრებისეულად შეძენილი საკუთარი გამოცდილებით, რომელიც აფორმებს ინდივიდუალურ, ყველასაგან განსხვავებულ ორგანიზმს და მის მენტალიტეტს. ე.ი. ადამიანის ბედი დამოკიდებულია თანდაყოლილ დნმ-ზე და ცხოვრებისეულ შემთხვევით გარემოებებზე. ცხოვრება, სოციალური გარემო, აფორმებს არა ზოგადად ადამიანს, არამედ ინდივიდს. აბსტრაქტული ადამიანი არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება. ფორმირდება არა ორგანიზმი, არამედ პიროვნება (ინდივიდი ბიოლოგიური კატეგორიაა, პიროვნება – სოციალური). შეიქმნება ინდივიდუალობის განუმეორებელი სახე. დ. ლოკის ეს მოსაზრება სხარტად გამოთქვა პოეტმა (ა. ტენისონმა) – „მე ვარ ნაწილი იმისა, რასთანაც მომიხდა შეხვედრა“. ადამიანის ყოველი უმაღლესი უნარი თანდაყოლილი კი არა, შეძენილია, მიღებულია დასწავლის შედეგად. „ადამიანი არის ღვთიურ ღირებულებათა ჭურჭელი (ნ. ბერდიაევი).
პიროვნებად არ იბადებიან, არამედ იქმნებიან. ადამიანები ტვინიანი იბადებიან, მაგრამ ფსიქიკას შემდგომ იძენენ. შეგრძნებათა სიჭარბე ცხოვრების საზომია. ყოველი ადამიანი იძულებულია პირადად გადაიტანოს თავისი ავადმყოფობა, რადგან, როგორც წერდა ე. ფრომი – “თავისი სიცოცხლე ადამიანმა უნდა განიცადოს პირადად”. “გადაიტანე სნეულება და იქნები ჯანმრთელი” (ევრიპიდე). “ჩვენი ამაო თვისებები ურთიერთ ისე განსხვავდებიან, როგორც ცხვირები” (ჯორჯ ელიოტი). ჩვენ ერთმანეთს არ ვგავართ. გონება, სისულელე, კეთილშობილება, უხამსობა, თავმდაბლობა, თვითკმაყოფილება სხვადასხვანაირია, ყოველ ადამიანში თავისი. აქ ბევრი ცოდნებია, მაგრამ არ არსებობს ერთი ნამდვილი. შესაბამისად, ყოველ ავადმყოფს სჭირდება გამოკვლევისა და მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამა. “საექიმო ხელოვნება არაა ერთნაირი ყოველი არსებულისათვის” (არისტოტელე). ამიტომ მედიცინა ღარიბია უნივერსალური კანონებით (ამ ცნების მკაცრი გაგებით). არამედ არსებობს მრავალი ფაქტი, რომლებიც ერთეული მოვლენებია (“ათასი წვრილმანი”), ინდივიდუალური კაუზალობა. მცირე შეცდომა შეიძლება დიდი უბედურების მიზეზი გახდეს. “უმნიშვნელო მიზეზი ზოგჯერ მნიშვნელოვან შედეგებს ბადებს” (ა. დიუმა). “თუმცა ყოველი კანონი პირობითია, იგი გამოიყენება, ვიდრე სასარგებლოა” (ა. ბერგი). “თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ მეცნიერება ჭეშმარიტია – თქვენ ცდებით”(რ. ფეინმანი).
მეცნიერების მიზანია, მოიცვას სინამდვილე თავისი (ადამიანური) შემეცნების ნიჭით. შესაძლოა, ეს არ იყოს უეჭველი, მაგრამ კარგადაა მოგონილი. აბსოლუტური ჭეშმარიტებანი ჯერჯერობით არ არსებობენ. მცდარი თეორია ამუხრუჭებს პრაქტიკას.
ქალები ისეთები არ არიან, როგორც მამაკაცები. ქალებთან ურთიერთობის დროს შეეცადეთ, ზეგავლენა მოახდინოთ მათ ემოციურობაზე (ქვეცნობიერებაზე), მამაკაცებთან ურთიერთობისას ორიენტაცია აიღეთ მათ გონიერებაზე (ცნობიერებაზე).
ფიზიკის (ბუნების ფილოსოფიის) კანონები და მათი მათემატიკური აპარატი მხოლოდ ფაქტებს ადასტურებენ, ამარტივებენ გამოთვლებს, ცდილობენ მოცემული დროისათვის საუკეთესოდ აღწერონ მოვლენა, თუმცა მათ არ ძალუძთ ახსნან მისი არსი და პირველმიზეზი. აღწერილობითი („როგორ ხდება?“) ჭარბობს ამხსნადზე („რატომ ხდება?“). სწორედ ამიტომ ფ. ენგელსმა, ყოველი დროის უდიდეს ფიზიკოსს „ინდუქტიური სახედარი“ უწოდა. „ბუნების კანონებს არ შეუძლიათ ახსნან საკუთარი წარმოშობა“ (ჯ.ს. მილი). ფიზიკურ ცნებათა ბუნებაც კი პირობითია. ე. შრედინგერის თანახმად, ფიზიკის კანონები – სტატისტიკური კანონებია. მაგრამ, სტატისტიკურ კანონთა ალბათობა ჩვენი უცოდინარობის საზომია (ა. პუანკარე). მათემატიკურად გამოთვლილი ალბათობა შესაძლოა მხოლოდ საალბათო იყოს, ბუნება გვაძლევს საშუალებას, მხოლოდ ალბათობები გამოვითვალოთ, „გამოვიტანოთ“ განტოლებანი (რ. ფეინმანი). ხშირად რეალობა ძლევს ინტელექტს. „ფიზიკური რეალობის შესახებ ჩვენი წარმოდგენები არ შეიძლება საბოლოო იყოს“ (ა. ეინშტეინი). „მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი“ – აღიარებდა მოაზროვნეთა შორის უდიდესი – სოკრატე (მსოფლიო სიბრძნის რეფორატორი) და, როგორც ჩანს, ეს არცთუ მცირედია. „გახდა ჩემთვის გასაგები, რომ ჩემთვის ყოველივე გაუგებარია“ (იბნ-სინა). „ის, ვინც იცის, ფიქრობს, რომ მან არ იცის, ხოლო ის, ვინც არ იცის, დარწმუნებულია, რომ იცის“ (ხუან მანუელი). ამასთანავე უცნობია, რატომაა ქვეყანა მოწყობილი სწორედ ასე, როგორც ის არის და არა სხვანაირად. ჩვენ იძულებულნი ვართ, მივიღოთ იგი ისეთად, როგორიც ის არის. ბ. რასელის მიხედვით, ფილოსოფია არის მცდელობა, შევიცნოთ ქვეყანა გონების საშუალებით. სინამდვილე შემთხვევის შედეგია, ურთიერთდაკავშირებული შემთხვევითი მოვლენების ურთიერთმოქმედებაა. ბუნება შემთხვევითობათა სამეფოა (გ. ჰეგელი), მათი ცოდნა ზოგიერთი მოვლენის წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა. თუმც მეცნიერება – ეს გონებაში აყვანილი სინამდვილეა, მისი მიზანი ცდის შედეგის წინასწარმეტყველება. ჭეშმარიტების დამადასტურებელი მხოლოდ პრაქტიკაა. ცხოვრება თეორიაზე მდიდარია. „ჭეშმარიტი მეცნიერება არის ბუნების მიბაძვა ცნებებში“ (ფ. ნიცშე). მეცნიერების მიზანი ბუნების საიდუმლოებათა გახსნაა. „მეცნიერება საზოგადოებრივი ქონებაა“ (ბ. დომენი). „ყოველ დაავადებას აქვს თავისი ბუნებრივი მიზეზი და არაფერი ხდება ბუნებრივი მიზეზის გარეშე“ (ჰიპოკრატე). „მეცნიერება არის ადამიანის დიალოგი ბუნებასთან“ (ი. პრიგოჟინი, ი. სტენგერსი). „ადამიანმა გამოიგონა ზუსტი და ქმედითი ცნობისმოყვარეობა“ (პოლ ვალერი).
მეცნიერული კანონები აღწერენ მხოლოდ განმეორებით მოვლენებს (კ.რ. პოპერი). „მეცნიერება განმარტავს იმას, რაც ფუნქციონირებს და არა იმას, რაც არის“ (ა. კამიუ). მეცნიერება გამუდმებით სრულყოფილდება, დრეს მიღებული ცოდნა ხვალ უკვე ნახევარცოდნად იქცევა. შესაძლოა, დღევანდელი მეცნიერული კანონები უბრალოდ სიმართლისმსგავსი ფიქციები, ილუზიები, პროტომეცნიერებაა. ჩვენი ცოდნა დროებითია. „მეცნიერება უსასრულო მთლიანი ცვალებადობაა. იგი მუდმივ განვითარებაშია (მარკ ტვენი). ა. ბოგდანოვის (რომელიც ექიმიც იყო) თქმით – მეცნიერული, ეს თავის დროისათვის ობიექტურია. მეცნიერება ცნობიერების უმაღლესი მიღწევაა. „მთლიანად სწორი ახსნა, ალბათ საერთოდ შეუძლებელია“ (ა. ბერცელიუსი). ყოველივე გაივლის, მხოლოდ სიმართლე დარჩება („წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“). მეცნიერების პოსტულატები სინამდვილეზე მკრთალია. მეცნიერება იმყოფება მუდმივ პროგრედიენტულ მოძრაობაში, ახლის ძებნაში.
საექიმო მოღვაწეობის მიზანი თერაპიაა (ავადმყოფობის დაძლევაა), ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, ავადმყოფისათვის ცხოვრებით გახარების ნიჭის დაბრუნება. („მედიცინიდან არავითარი სარგებელი არაა, თუ იგი არ განდევნის დაავადებებს სხეულიდან“ – ეპიკურე). „ადამიანისათვის ჯანმრთელობა ყველაზე დიდი სიკეთეა“ (არისტოტელე). და მაინც, ავადმყოფთა მკურნალობა – ეს კიდევ მთლიანი მედიცინა არ არის. ეს მხოლოდ ხის ვარჯია, მართალია, ზოგჯერ საკმაოდ ეფექტური და წარმოჩენილი. ამ ხის ფესვები მიდის თეორიაში („ცოდნის გასაღებში“), სიცოცხლეზე სწავლებაში მისი ყველა გამოვლინებით. „ყველაფერი – ერთი მთლიანობაა“ (პაულო კოელიო).
დაავადებებთან მიმართებაში ქირურგი არა მხოლოდ დეტექტივი, არამედ მოსამართლეც და განაჩენის აღმსრულებელიცაა. სადღეისოდ, მძიმე ქირურგიული ავადმყოფის მკურნალობა რთული და კომპლექსური ამოცანაა, მოითხოვს სპეციალისტთა კოლექტივს. მაგრამ ამ კომპლექსის წამყვანი დირიჟორი რჩება ოპერატორი – ქირურგი, რომლის წაგრძელებულ ჩრდილად მოგვევლინება დასახელებული კოლექტივი. ქირურგს, რომელიც აკეთებს ოპერაციას, უნდა ახსოვდეს, რომ მანიპულირებს არა დაზიანებულ ორგანოზე, იგი მოქმედებს მთელს ცოცხალ ორგანიზმზე. მუცლის ღრუს ორგანოთა მწვავე ქირურგიულ დაავადებათა მკურნალობის დროს, ოპერაციის პარალელურად, სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გონიერ დამხმარე, მრავალმხრივ სიმპტომატიკურ, ზოგად (სისტემურ) მკურნალობას, არასპეციფიკურ ინტენსიურ თერაპიას. ჰიპოკრატეს ფრთოსანი ფორმულა – „მიზეზის მოშორებით, შენ მოაშორებ ავადმყოფობას“ – შორსაა სინამდვილისაგან. ქირურგი აკეთებს ოპერაციას, ბუნება განკურნავს – მას უნდა დავეხმაროთ, ე.ი. დავეხმაროთ ავადმყოფს, დაეხმაროს თავის თავს. ეთიოტროპული და პათოგენეზური თერაპიისაგან განსხვავებით, სისტემური მკურნალობა არ განდევნის დაავადების ძირითად მიზეზს, მაგრამ ეხმარება ორგანიზმს დაავადებასთან და მისი მიმდინარეობის დამამძიმებელ ფაქტორებთან ბრძოლაში, ხელს უწყობს რა ორგანოთა სისტემების ფუნქციის ნორმალიზებას, არცთუ იშვიათად განაპირობებს ბრძოლის კეთილ გამოსავალს, ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. მობილიზდება ორგანიზმის ყველა დამცველი ძალა – „თვით ბუნება – ის „შინაგანი ექიმია“, რომელსაც დაბადებიდანვე ყველა ატარებს თავის თავში“ (ს. ცვაიგი). ბუნება მძლავრია და ბრძენი. სხეული აგებულია არა ეკონომიკის პრინციპით, არამედ დიდსულოვნური სიუხვის პრინციპით; არსებობს გამძლეობის ვეებერთელა რეზერვი (უ. კენონი), ზოგიერთი ორგანო წყვილადაც კი არის. ექიმი მუდამგზის უნდა უკვირდებოდეს, თუ როგორ მკურნალობს თვით ბუნება და გამოცდილებისა და მეცნიერების შესაძლებლობის ფარგლებში, შეთანხმებულად დაეხმაროს მას (დაავადებათა უმეტესობა თვითგანიკურნება; Medicus curat, natura sanat). „ბუნებაზე გამარჯვება შესაძლოა მხოლოდ მასზე დამორჩილებით“ (ფ. ბეკონი). მაგრამ ბეკონამდე ჯერ კიდევ 2 ათასი წლის წინ, ჰერაკლიტემ განაცხადა – „სიბრძნე მდგომარეობს იმაში..., რომ უსმინო რა ბუნებას, მოიქცე მის შესაფერისად“. ნ. ჰარტმანის თანახმად – „სამყაროზე ადამიანს მხოლოდ იმდენად შეუძლია იბატონოს, რამდენადაც ის მისდევს მის კანონებს“. ხელოვნება ბაძავს ბუნებას, წერდა არისტოტელე. თუმც თანამედროვე მეცნიერებას მიაჩნია, რომ მას ძალუძს ბუნებაზე სისტემატური ბატონობა, სინამდვილეში ის მხოლოდ მასთან შემგუებელია. ბ. შოუს ხუმრობაში – „მეცნიერება არასდროსაა მართალი, იგი ვერასდროს გადაჭრის საკითხს, თუ იმავე დროს არ წამოჭრა ათი ახალი კითხვა“, ისევე, როგორც ყველა ხუმრობაში ბევრია სიმართლე. მეტად იმპონირებს იმავე ბრძენი მოხუცის მეორე გამოთქმა: „გონიერი ადამიანი შეეწყობა ირგვლივ სამყაროს, უგუნური კი ცდილობს თავის თავზე მოირგოს სამყარო. ამიტომ ყოველგვარი პროგრესი დამოკიდებულია უგუნურ ადამიანებზე“. ა. ალაბორი სამართლიანად მიუთითებდა, რომ აუცილებელია პარალელურად უმკურნალო „დაზიანებას“ და რეაქციას. რ. ლერიშმა ჩამოაყალიბა „ოპერაციის შემდგომი დაავადების“ ცნება. ტექნიკურმა ოსტატობამ უნდა განსაზღვროს საჭირო ჩარევის სწორად შესრულება. ოსტატობა მოიპოვება დაკვირვებით, პრაქტიკით, თავისი და სხვისი შეცდომების ანალიზით. „უნდა გამუდმებით გააუმჯობესო შენი ხელოვნების ტექნიკა, რათა მასზე არ იფიქრო შემოქმედების მომენტში“ (ე. დელაკრუა). მართალია სიმონა დე ბუვუარი (ფილოსოფოსი, ჟ.-პ. სარტრის მეუღლე), როდესაც ამტკიცებს, რომ არაა საკმარისი ვირტუოზულად ჩაატარო ოპერაცია. ავადმყოფი უნდა გაამხნევო შენი გულის სითბოთი. ქირურგიული ტექნიკა მიზანი არ არის, იგი მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა. ქირურგს, რომელიც ოპერაციის შემდგომ თავის ავადმყოფებს არ მკურნალობს, არა აქვს თავის მიღწევებზე ლაპარაკის უფლება (ი. ბუიალსკი). სანამ არაა გაკეთებული ყველაფერი, არაა გაკეთებული არაფერი (ჟან-რიშარ-ბლოკი).
სადღეისოდ, ბიოლოგიურ მეცნიერებათა მიღწევებმა მოგვცეს საშუალება უფრო ღრმად შევიჭრათ ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებში. ამ ცოდნათა კლინიკურმა გამოყენებამ წარმოაჩინა მთელი ორგანიზმის მნიშვნელობა ნებისმიერი პათოლოგიური პროცესის განვითარებაში. ამით კლინიცისტებს ხელთ მისცა ორგანიზმში ზოგიერთი გადახრის გამოვლენისა და კორეგირების საშუალებები. (“მთლიანი მეტია, ვიდრე მის ნაწილთა ჯამი” – ამტკიცებდა ფილოსოფოსი ი. სმეტსი, ქოლიზმის დამაარსებელი). ნათელი გახდა, რომ მწვავე აპენდიციტი, ნაწლავთა მწვავე გაუვალობა, კუჭის წყლულის პერფორაცია, მწვავე ქოლეცისტიტი და ა.შ. – ეს ცალკეულ ორგანოთა კი არა, მთლიანად ორგანიზმის დაავადებებია. ორგანიზმში ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულებაშია. “ცხოვრება – ეს ბიოლოგიური ჯაჭვია, იგი იმდენად მტკიცეა, რამდენადაც მდგრადია მისი ყველაზე სუსტი რგოლი” (ე. სელიე). სადაც წვრილია, იქ გაწყდება.
მუცლის ღრუს ორგანოთა მწვავე ქირურგიულ დაავადებათა სხვადასხვა სახეობათა განფენილ კლინიკურ სურათებს გააჩნია მრავალი საერთო ნიშანი, რაც მხოლოდ ნაწილობრივ არის პირველადად დაზიანებული ორგანოების ურთიერთმეზობლური მდებარეობის შედეგი. კლინიკურ სურათთა მსგავსება ძირითადში განპირობებულია მუცლის ღრუში განვითარებულ პროცესზე ორგანიზმის ერთსახოვანი რეაქციით. (ა. ლაბორის, 1955, სიტყვებით, ორგანიზმი პოლიგლოტი არ არის, მისი საპასუხო რეაქციები ერთგვაროვანია). მთელი ხის თანხმობის გარეშე ფოთოლი არ გაყვითლდება.
ასეთ ზოგად, ორგანიზმულ ასპექტში უნდა წარმოვიდგინოთ მუცლის ღრუს ორგანოთა მწვავე ქირურგიული დაავადება. თუმც მკვეთრად არ უნდა დავუპირისპიროთ ეს ცნება მუცლის ღრუს ცალკეულ ორგანოთა უფრო ლოკალისტურ სწავლებას, რომელთა ბუნებრივ სინთეზად მოგვევლინება მოცემული დაავადების ზოგადი ეს სინდრომი. ნაწილში აირეკლება მთლიანი, მთლიანში აირეკლება ნაწილი.
მუცლის მწვავე ქირურგიულ დაავადებათა სინდრომი ავადმყოფთა ხშირი სტუმარია, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ამომწურავად შესწავლილი და გაგებული. ეს კვლავაც ქირურგიის ძნელი საკითხებია. ისინი საჭიროებენ თანამედროვე ორთოლოგიისა და პათოლოგიის ასპექტებში გააზრებას. „ყველაზე პრაქტიკული – კარგი თეორიაა“ (ბოლცმანი). „მეცნიერება მხედართმთავარია, პრაქტიკა – ჯარისკაცები“ (ლეონარდო და ვინჩი). პრაქტიკა თეორიის გარეშე ქაოსია, თეორია პრაქტიკის გარეშე ფანტასტიკაა. და მაინც უდავოა მ. ლომონოსოვის სენტენცია: „ერთ ცდას მე ვაყენებ უფრო მაღლა, ვიდრე ათას მოსაზრებას, რომელნიც მხოლოდ წარმოსახვამ დაბადა“. „ცდა არასოდეს ცდება, ცდებიან მხოლოდ მსჯელობები“ (ლეონარდო და ვინჩი).
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზემოხსენებული საკითხები თავისი აქტიურობით აინტერესებთ და აღელვებთ პრაქტიკის ქირურგებს. თუმც „წაკითხვა აწვდის გონებას ცოდნის მასალას, მხოლოდ აზროვნებას ძალუძს გადააქციოს წაკითხული ჩვენ სიმდიდრედ“ (ჯ. ლოკი). წაკითხვა უნდა ხდებოდეს არა მხოლოდ თვალებით, არამედ გონებითაც. „თუ მხოლოდ ვისწავლეთ და არ ვისწრაფეთ აზროვნებისაკენ, შედეგი იქნება უხეირო“ (კონფუცი). ჰერაკლიტე ამტკიცებდა, რომ „მრავალცოდნა ჭკუას არ ასწავლის“. მრავალ ცოდნას, თუ არ იქნა მოწესრიგებული, „დავარცხნილი“, მივყევართ აზრთა აღრევამდე. „ჯობს იცოდე კარგად, ვიდრე იცოდე ბევრი“ (ჟ.-ჟ. რუსო). უნდა იცოდე ყველაფერი ცოტ-ცოტა, მაგრამ ყველაფერი ცოტაზე (კ. ტიმირიაზევი). აუცილებელია ცოდნის გონივრული, ლოგიკურად დასაბუთებული, მოფიქრებული სისტემატიზაცია. ჭეშმარიტება შეიცნობა მხოლოდ გონების დაძაბვით. „ნებისმიერი ცოდნა, რომელიც გონების სასწორზე არ არის აწონილი, არ არის ჭეშმარიტი ცოდნა“ (ავიცენა). ჭეშმარიტი და ღირებულია მხოლოდ ის, რაც გონებითაა გაშუქებული. უნდა ვისწრაფოთ მრავალაზროვნებისაკენ და არა მრავალცოდნისაკენ (დემოკრიტე). უნდა ვიწამოთ გონების შემოქმედებითი ძალა – იგი პროგრესის საფუძველია. „თუ მე რაიმეთი გავხდი საზოგადოებისათვის სასარგებლო, მე ამისათვის უნდა ვუმადლოდე მხოლოდ თავდადებულ და ხანგრძლივ აზროვნებას“ (ი. ნიუტონი). გენიოსი – ეს მოთმინებაა (ჟ. ბიუფონი; თ. ედისონი). კაცობრიობისათვის უდიდესი ბედნიერებაა, რომ ნების დაძაბვით, გონება შესაძლოა წარმართო სასურველ კალაპოტში. აზროვნების გამიზნულად წარმართვის ნიჭი – შემეცნების წყაროა.
„არაა საკმარისი გქონდეს კარგი ჭკუა, მთავარია იგი კარგად გამოიყენო“ (რ. დეკარტე), შეიმუშავო და გაჰყვე ჭეშმარიტების შემეცნების გონიერ მეთოდს, რათა სასურველი არ მიიჩნიო არსებულად. ჭეშმარიტება არაა დაცული ადამიანის აზროვნების მხრივ ხელყოფას, რომელსაც ძალუძს არა მხოლოდ მოვლენათა ახსნა, არამედ სინამდვილის გაუკუღმართებაც. აზროვნება შემოქმედებითი მოღვაწეობის ყველაზე დიდი შემადგენელია. თუმცა ის, რაც შესაძლებელია სხვა დარგებისათვის, არ გამოდგება ქირურგიაში. აქ დაუშვებელია პ. კაპიცას სენტენციის გამოყენება: „შემოქმედებითი თავისუფლება – ეს არის თავისუფლება, დაუშვა შეცდომები“. გენიალური რ. ვაგნერი მიიჩნევდა, რომ ნაყოფიერი ცდომილება უმჯობესია, ვიდრე უსიცოცხლო წესრიგი. მაგრამ, როგორც ჩანს, რაც დასაშვებია ხელოვნებაში, ნაკლებად გამოსადეგია მეცნიერებაში, ხოლო ქირურგიაში საშიშიც კი არის. ხელოვნება სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ქმნილება. „ცრუ გზით სვლა ამრავლებს ცდომილებებს“ (ფ. ბეკონი). (საინტერესოა, რომ ცნობილი ავანტიურისტი გრიგორი რასპუტინი არიგებდა ნიკოლოზ II-ეს: „თუ აპირებ რაიმეს გაკეთებას, ნუ ეკითხები გონებას, დაუჯერე გულს. გული გონებაზე ჭკვიანია“. რასაკვირველია, ასეთი რჩევა ქირურგებს არ გამოადგებათ). მეცნიერების განვითარება ბევრადაა დამოკიდებული ცრურწმენათა გადალახვაზე. წიგნი უთუოდ ადამიანის გონების უმდიდრესი შენაძენია. წიგნები – ტვინის შვილებია (ჯ. სვიფტი), ისინი ცოდნის საცავებია (თუმც, პრინციპში, წიგნების კითხვა არამატერიალური პროცესია). წიგნი ყოველივე არსებულის საცავია (ი. სტოუნი). წიგნი ღმერთის მიერ მოწოდებული საუკეთესო საჩუქარია (პ. რონსარი). ხშირად, ცოდნათა ნაკლებობის გამო, წარმოგვიდგენენ ცრუ აღმოჩენებს („ხელახლა აღმოაჩენენ ამერიკას“). მათ არ უნდა რცხვენოდეთ, რადგან ბოლოს და ბოლოს ისინი მიუთითებენ „აღმომჩენის“ სწორ აზროვნებაზე. ეს კი შეიძლება გახდეს მომავალი ნამდვილი მიღწევების საწინდარი. წიგნი ადამიანის ხელოვნებაა. ჭეშმარიტება – ბუნების ხელოვნებაა. ყოველი წიგნის უკან დგას მისი შემოქმედი ადამიანი. ამიტომ დაკვირვებული მკითხველი წიგნს ეპყრობა ისე, როგორც ცოცხალ ადამიანს. „ესაუბრება“ მის ავტორს – წიგნი თითქოსდა „ცოცხალი“ მოსაუბრეა. და მაინც, „წიგნები უსულოა და ვერ შეცვლიან ცოცხალ მეტყველებას და რჩევებს“ (ხუანა ინეს დელა კრუს).

თავისი მეცნიერული ცოდნის 99%-ს ადამიანი წიგნებიდან იძენს. აქ ვგულისხმობთ არა მარტო წიგნს, როგორც ასეთს, არამედ სხვა სპეციალურ საინფორმაციო საშუალებებსაც, სახელდობრ: ჟურნალებს, ინტერნეტს. ამ უკანასკნელში შეიძლება მოვიძიოთ ქირურგიის თანამედროვე მიღწევათა და სიახლეთა შესახებ ცნობები. ვებ-გვერდების მისამართებია:
www.mdlinx.com;
www.genezab surgery news.com;
www.news-medical.net.

უნდა ვკითხულობდეთ კლასიკოსებს და არა კონსპექტებს, რათა შევიძინოთ სწორი აზროვნების ჩვევა. ქირურგიის შემსწავლელთ ვურჩევდით დაეწყოთ რ. დეკარტეს „მსჯელობის შესახებ წიგნით“. ცნობილი ქირურგის ი. ჯანელიძის სამაგიდო წიგნი იყო კ. სტანისლავსკის „ჩემი ცხოვრება ხელოვნებაში“. „ვინც არ სწავლობს, ის ბრმაა (ხიტოპადეშა). ადამიანმა არასოდეს იცის იმდენი, რამდენიც შეუძლია იცოდეს, და ისე ნათლად, რომ შეიძლებოდეს უფრო ნათელი (პომპონაცი). მაინც, ადამიანის ცოდნა არ განისაზღვრება მის მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობით (რომენ როლანი). და მაინც, ქირურგმა უნდა ეცადოს, იცოდეს რაც შეიძლება მეტი იმისაგან, რაც წიგნებშია. „ცოდნა – ცეცხლია უკუნეთის გამფანტველი“ (აბუ-ლ-ატანია, VIII საუკ.). „კითხვა დამაკმაყოფილებელია, როდესაც წიგნი განიცდება“ (ვ. როზანოვი). მაგრამ „სწავლაში საჭიროა იყო ზომიერი, არ უნდა დააგროვო ისეთი ცნობები, რომელთა ცოდნა არც კი ღირს (ბ. გრასიანი). თუმცა, ის, რაც უსარგებლოა დღეს, შესაძლოა ხვალ აუცილებელი გახდეს. კარგმა ქირურგმა უნდა ისიც იცოდეს, რაც წიგნებში არ არის, გაითვალისწინოს ყველა არსებული ფაქტი. პირადი გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია (გ. ჯეიმსი). წიგნებში აღწერილია არა თვით დაავადება, არამედ ის, რაც ავტორებმა ამ დაავადების შესახებ იციან. (წიგნი – ეს ადამიანის საგნად ქცეული მეხსიერებაა). „ცდა – ცხოვრების მასწავლებელია“ (სავანაროლა).
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. თავს ნებას მივცემთ, გადმოვამისამართოთ მათემატიკოს ვეიერშტრასის სიტყვები: ქირურგი, რომელიც თავის თავში არ ატარებს პოეტის ნაწილაკს, ვერასდროს გახდება სრულყოფილი ქირურგი. (რასაკვირველია, ნოვალისის დეფინიციის ასპექტში – „რაც პოეტურია, ის ჭეშმარიტია“).

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ნანახია: 4379 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 11

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269689


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.