იუბილე

სიახლეები

NOTA BENE

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

კვლევა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

გაიდლაინი

დისკუსია

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ნობელის პრემიის ლაურეატები - 2008, მედიცინისა და ფიზიოლოგიის სფერო. [5.00]

ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [5.00]

საოფისე სკამი ხერხემლის შესაბამისი სიმრუდეების მქონე საზურგით [5.00]

ახალი ხელოვნური გული პრეკლინიკურ გამოცდას გადის [5.00]


ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [15901]

გულმკერდში ტკივილის მენეჯმენტი [14184]

ვულგარული აკნეს (ACNE VULGARIS) მართვის გაიდლაინი [13660]

ჰოსპიტალური მენეჯმენტი: პრელუდია [7696]

შუა ყურის ქოლესტეატომური დაავადების მკურნალობა [6115]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 3

ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში

ავტორი: ნ. გაფრინდაშვილი, თსსუ

>>  საუკუნეების მანძილზე მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ზოგიერთ ცხოველს სხეულის დაკარგული ნაწილების რეგენერაციის უნარი გააჩნია. მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია დაკარგული ფეხის ან თითის ხელახლა ჩანაცვლება, მაგრამ ჩვენი ორგანიზმი მუდმივად ანახლებს სისხლს, კანს და სხვა ქსოვილებს. მსგავსება ისეთ უჯრედებთან, რომელთაც აქვთ რეგენერაციის უნარი, პირველად აღმოჩენილი იყო მაშინ, როდესაც 1950-იან წლებში ძვლის ტვინზე ჩატარებული ექსპერიმენტებისას აღმოჩნდა, რომ ჩვენს ორგანიზმში არსებობს ღეროვანი უჯრედები. ეს ფაქტი მოგვიანებით საფუძვლად დაედო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას – ერთერთ ფართოდ გამოყენებად თერაპიას მედიცინაში. ისტორიაში პირველად, ექიმებს შესაძლებლობა მიეცათ დაზიანებული უჯრედების ჩანაცვლება მოეხდინათ ახალი და ჯანმრთელი უჯრედული მასით.
და დაიწყო ახალი ერა მედიცინაში...


სურათი 1. TnestFITC4 აგრეგირებული კულტურა მაღალი სიხშირის განათებაზე. ლურჯი –უჯრედთა ბირთვები, მწვანე – ნესტინი (ნერვული ღეროვანი უჯრედების მარკერი), წითელი – ასტროგლიის მარკერი, რომელიც ასევე ვლინდება ზოგიერთ ნერვულ ღეროვან უჯრედში. მარჯვენა ქვედა სურათი – გამოსახულების კომბინაცია.© Ectins project - Picture provided by Prof. John Sinden

რა არის ღეროვანი უჯრედი?
ძვლის ტვინის ტრანსპლანტანტში უჯრედების რეგენერაციის პოტენციალის გააზრების შემდეგ, მეცნიერები შეეცადნენ, მსგავსი უჯრედების იდენტიფიცირება ემბრიონში მოეხდინათ. ადამიანის განვითარების ადრეული ეტაპების შესწავლა მოწმობს, რომ ემბრიონის უჯრედებს აქვთ უნარი წარმოქმნან ორგანიზმის ყველა ტიპის უჯრედი. 1980-იან წლებში მეცნიერებმა შეძლეს თაგვის ორგანიზმიდან გამოეყოთ ემბრიონული ღეროვანი უჯრედები, 1998 წელს კი – ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეძლო ადამიანის ემბრიონული უჯრედების იზოლაცია და ლაბორატორიულ პირობებში მათი ცოცხლად შენახვა.
ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმი 200-ზე მეტი ტიპის უჯრედისაგან შედგება, ყველა მათგანს კი დასაბამს ღეროვანი უჯრედი აძლევს. განვითარების როგორც ადრეულ, ისე გვიან ეტაპზე ღეროვანი უჯრედების სპეციალიზაციისა და დიფერენციაციის ხარჯზე ხდება სხვადასხვა ტიპის (კანის, სისხლის, კუნთის, ნერვული) უჯრედების ჩამოყალიბება. ღეროვან უჯრედებს როგორც თავისი თავის რეგენერაციის, ასევე სხვა ტიპის უჯრედების სპეციალიზაციის უნარი გააჩნიათ.

ღეროვანი უჯრედის ტიპები (ცხრილი 1).
ღეროვანი უჯრედები გააჩნია თითოეულ ჩვენგანს, ორგანიზმის განვითარების ადრეული ეტაპებიდან სიცოცხლის ბოლომდე. არსებობს ღეროვანი უჯრედების სამი ძირითადი ტიპი: ტოტიპოტენტური, პლურიპოტენტული და მულტიპოტენტური. სამედიცინო კვლევისათვის სამივე ტიპი გამოსადეგია, თუმცა თითოეულ მათგანს სხვადასხვა შესაძლებლობები და ზღვარი გააჩნია.
ტოტიპოტენტური ღეროვანი უჯრედი ნიშნავს, რომ მას აქვს სრული პოტენციალი დასაბამი მისცეს ნებისმიერი ტიპის უჯრედს და მოახდინოს მთელი ორგანიზმის ფორმირება. პლურიპოტენტულ უჯრედებს, როგორიცაა ემბრიონული ღეროვანი უჯრედები, რომელთა გამოყოფაც ხდება ადამიანის ორგანიზმის განვითარების ძალიან ადრეულ სტადიაზე, აქვთ პოტენციალი წარმოქმნან თითქმის ნებისმიერი ტიპის უჯრედი. მულტიპოტენტური ღეროვანი უჯრედები, რომელსაც მიეკუთვნება მოზრდილთა ღეროვანი უჯრედები, ნანახია ზრდადასრულებული ორგანიზმის ზოგიერთ ქსოვილში და შეუძლიათ წარმოქმნან მხოლოდ ზოგიერთი ტიპის უჯრედი (სურათი 2).
ემბრიონული ღეროვანი უჯრედები
5 დღის განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს ბლასტოცისტას უწოდებენ. იგი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ამ წინადადების ბოლოს დასმული წერტილი, არის სფეროს ფორმის წარმონაქმნი, რომელიც სულ რაღაც 30-40 უჯრედისაგან შედგება. სწორედ ამ უჯრედებს უწოდებენ მეცნიერები პლურიპოტენტულს, რადგანაც მათ შეუძლიათ დიფერენცირება ნებისმიერი ტიპის ქსოვილად.
ღეროვანი უჯრედების საკვლევად ბლასტოცისტას გამოყენებისას, იღებენ უჯრედების შიდა მასას და ათავსებენ საკვები ნივთიერებით გამდიდრებულ სითხეში. ემბრიონული ღეროვანი უჯრედები უფრო ელასტიურია, ვიდრე მოზრდილის ღეროვანი უჯრედები და მათი შეგროვებაც უფრო ადვილია.
მეცნიერებს ძალუძთ ემბრიონული ღეროვანი უჯრედების ინდუცირება იმგვარად, რომ მათი რეპლიკაცია არადიფერენცირებულ სტადიაზე დიდ ხანს გრძელდება, მანამ, სანამ არ მოხდება მათი სტიმულაცია სპეციალიზებური ტიპის უჯრედების წარმოსაქმნელად. ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ რამოდენიმე ღეროვან უჯრედს შეუძლია მოგვცეს ექსპერიმენტებისათვის გამოსადეგი ღეროვანი უჯრედების დიდი ბანკი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი არადიფერენცირებული უჯრედების გამოყენება ტრანსპლანტაციისათვის არ შეიძლება, რადგანაც არსებობს ტერატომების განვითარების რისკი. აქედან გამომდინარე, თერაპიული მიზნებისათვის მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებურ უჯრედებად დიფერენცირების შემდეგ.

ემბრიონული ღეროვანი უჯრედების წყაროები
In vitro განაყოფიერება
ბლასტოცისტების მისაღებად ყველაზე დიდი წყარო არის In vitro განაყოფიერება. საერთოდ, ამ პროცესის მსვლელობისას, ექიმები ანაყოფიერებენ ყველა დონორ კვერცხუჯრედს, რათა მაქსიმალურად გაზარდონ ვარიაბელური ბლასტოცისტების წარმოქმნის შანსი, თუმცა ცხადია, ყველა მათგანის ჩანერგვა საშვილოსნოში არ ხდება და აქედან გამომდინარე რჩება „ზედმეტი“ ბლასტოცისტების დიდი მარაგი. In vitro განაყოფიერების კლინიკებში არსებული ბლასტოცისტების მარაგი შესაძლოა, გამოყენებული იყოს სამედიცინო კვლევებში, როგორც ემბრიონული ღეროვანი უჯრედების მთავარი წყარო. უნდა აღინიშნოს, რომ დონორების უმეტესობა საქმის კურსში არც ჩაუყენებიათ, ისე მოხდა „ნარჩენი“ ბლასტოცისტების კვლევისათვის გამოყენება. In vitro განაყოფიერების ტექნიკა შესაძლოა პოტენციურად გამოყენებული იყოს სპეციფიურად მხოლოდ ბლასტოცისტების მისაღებადაც, თუმცა აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ეთიკურ პრობლემას ზოგიერთი ადამიანისათვის, რადგანაც ასეთი ბლასტოცისტებიდან ვერასოდეს განვითარდება სრულყოფილი ადამიანის ორგანიზმი.
ბირთვების ტრანსფერი
პროცესი, რომელსაც ბირთვების ტრანსფერი ეწოდება, არის ღეროვანი უჯრედების შექმნის კიდევ ერთი გზა. ცხოველებში ბირთვების ტრანსფერი ხორციელდება მოზრდილი ინდივიდის უკვე დიფერენცირებული ბირთვის ჩასმით. მაგ; კანის უჯრედი – დონორის კვერცხუჯრედში, რომელსაც მოცილებული აქვს ბირთვი. კვერცხუჯრედი, რომელიც ახლა უკვე შეიცავს კანის გენეტიკურ მასალას, სტიმულირებულია იმისათვის, რომ მოხდეს ბლასტოცისტის ფორმირება, საიდანაც შემდგომში გამოიყოფა ღეროვანი უჯრედები. ამგვარად, შექმნილი ღეროვანი უჯრედები ორიგინალი, ზრდასრული უჯრედების ასლები ანუ „კლონები“ არიან, რადგანაც მათი ბირთვის დნმ-ი მოზრდილი უჯრედის დნმ-ის იდენტურია. 2006 წლის ზაფხულში ბირთვების ტრანსფერის პროცესი წარუმატებლად დამთავრდა ადამიანის ღეროვანი უჯრედების შექმნის მცდელობისას. თუმცა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ისინი შეძლებენ ამ პროცესის წარმატებით მართვას და ეს მათ სპეციფიკური დაავადებების განვითარების და პროგრესირების შესწავლის საშუალებას მისცემს, იმ ღეროვანი უჯრედების შექმნის გზით, რომლებიც შეიცავენ სხვადასხვა პათოლოგიებზე პასუხისმგებელ გენებს. მომავალში მკვლევარები „პერსონალური“ ღეროვანი უჯრედების შექმნასაც ვარაუდობენ, რომლებსაც განსაზღვრული პაციენტის შესაბამისი დნმ ექნებათ. აღსანიშნავია, რომ უჯრედების ტრანსფერი არ არის უჯრედების კლონირება.
მოზრდილთა ღეროვანი უჯრედები
მოზრდილთა ღეროვნი უჯრედები ღრმადაა ჩამალული ადამიანის ორგანიზმში, შემოსაზღვრულია მილიონობით ჩვეულებრივი უჯრედით და ხელს უწყობს ორგანიზმს შეივსოს უჯრედების დანაკლისი საჭიროების შემთხვევაში. ზოგიერთი ასეთი ღეროვანი უჯრედი, როგორიცაა სისხლის, კანის, ნაწლავის და თქვენ წარმოიდგინეთ ტვინისაც კი, უკვე ნაპოვნია ადამიანის ორგანიზმში. ემბრიონული ღეროვანი უჯრედებისაგან განსხვავებით, მოზრდილთა ღეროვანი უჯრედები ასე, თუ ისე უკვე სპეციალიზებულია. მაგ., სისხლის ღეროვანი უჯრედები ნორმაში დასაბამს აძლევენ სისხლის უჯრედების სხვადასხვა ტიპს, ნერვული ღეროვანი უჯრედები კი – ტვინის უჯრედებს. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, არსებობს მოსაზრება, რომ მოზრდილთა ზოგიერთ ღეროვან უჯრედს შეუძლია უფრო მოქნილი იყოს, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ, და ძალუძს, დასაბამი მისცეს არა მარტო სისხლის, არამედ ღვიძლის, კანის, კუნთის ქსოვილს, თუმცა ეს ფაქტი ჯერ დადასტურებული არ არის.

ღეროვანი უჯრედების იდენტიფიცირება
1961 წელს მეცნიერებმა უკვე იცოდნენ, რომ მოზრდილთა ძვლის ტვინი შეიცავდა უჯრედებს, რომელთაც შეეძლოთ დასაბამი მიეცათ სისხლის ყველა უჯრედისათვის, მაგრამ 1988 წლამდე ვერ მოხერხდა ღეროვანი უჯრედების სუფთა პოპულაციის გამოყოფა. რატომ დასჭირდა ამ ყველაფერს ესეთი დიდი დრო? ტექნიკა, რომელიც ღეროვანი უჯრედების გამოყოფისათვისაა საჭირო, სულ ახლახანს განვითარდა. გარდა ამისა, მოზრდილთა ღეროვანი უჯრედები თავისი ზომის, ფორმისა და ფუნქციის მიხედვით შეუმჩნეველნი არიან. მათ აგრეთვე აქვთ უნარი ღრმად ჩაიმალონ ქსოვილებში და მათი რაოდენობა მეტად მცირეა. ამიტომ, მათი იდენტიფიცირება და იზოლაცია თივის ზვინში ნემსის პოვნას ჰგავს.
როგორ ახდენენ ღეროვანი უჯრედის იდენტიფიცირებას? ნებისმიერ უჯრედის ზედაპირზე განთავსებულია ცილების გარკვეული კომპლექსი; განსხვავებული სახეობის უჯრედს განსხვავებული ცილები აქვს. მეცნიერებმა შეძლეს გამოეყენებინათ ზედაპირული ცილები, როგორც ცალკეული სახეობის უჯრედების „მარკერები“. ასეთი ცილები, სხვადასხვა სიგრძის სინათლის ტალღის ქვეშ, იძლევა ფლუორესცენტულ ნათებას და მკვლევარებს საშუალებას ეძლევა, ვიზუალურად განასხვავონ ერთმანეთისგან მაგ., სისხლის ღეროვანი უჯრედი და მწიფე ლეიკოციტი. სამწუხაროდ, ამგვარი მეთოდით არ ხდება ყველა ღეროვანი უჯრედის იდენტიფიცირება, რადგანაც შესწავლილი არ არის ყველა ღეროვანი უჯრედის ზედაპირული მარკერი.

უჯრედული ხაზების კულტივირება და ღეროვანი უჯრედების დიფერენცირების სტიმულაცია
წარმატებული ეწოდება ღეროვანი უჯრედების კულტივირების ისეთ პროცესს, როდესაც უჯრედები ინახება ჯანსაღად, არ კარგავს გამრავლების უნარს და არ განიცდის სპეციალიზაციას. ძვლის ტვინში, სადაც განთავსებულია სისხლის წინამორბედი ღეროვანი უჯრედები, ძვლის ტვინის უჯრედები გზავნიან ფიზიკურ და ქიმიურ სიგნალებს, რომლებიც აძლევს ამ სისხლის წინამორბედ უჯრედებს ნიშანს, თუ როდის დაიწყონ დიფერენცირების პროცესი. მეცნიერები ამ ეტაპზე დაკავებული არიან ამ სიგნალების შესწავლით და ცდილობენ განავითარონ აღნიშნული პროცესების მიმიკრიის გზები უჯრედულ კულტურებში. ტექნოლოგიები ითვალისწინებს ასევე ზოგიერთი ცილის დამატებას უჯრედულ კულტურებში და სხვადასხვა სპეციფიკური გენის აქტივაციას. ეს პროცესი, ფაქტობრივად, აღნიშნული პროცესის მთავარ საფეხურად ითვლება, რადგანაც მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ მათ საშუალება ექნებათ სრულად მოახდინონ უჯრედების დიფერენცირება მანამ, სანამ მოხდება სამედიცინო პროცედურებში მათი გამოყენება.

* * *
2004 წლის მაისის ნომერში BMJ წერდა, რომ ლონდონში გაიხსნა ღეროვანი უჯრედების პირველი ბანკი მსოფლიოში, რომელიც ემსახურება ღეროვანი უჯრედების წყაროს შენახვას, დახასიათებას, ხარისხის კონტროლს, მკურნალობისათვის მათი რაციონალური გამოყე­ნების დგეგმვას. ღეროვანი უჯრედების ბანკი სახელმწიფო ორგანიზაციაა. მას სათავეში უდგას ბიოლოგიური სტანდარ­ტებისა და კონტროლის ეროვნული ინსტიტუტი. ბანკი მოიცავს დღემდე აღმოჩენილ ნებისმიერი ტიპის ღეროვან უჯრედს, მაგრამ პრიორიტეტი მაინც ენიჭება ემბრიონულ, ნაყოფისა და მოზრდილთა ღეროვანი უჯრედების შეგროვებასა და კვლევას.

ეთიკური და მორალური ღირებულებები და კანონმდებლობა
2005 წელს, ნაციონალურმა აკადემიებმა გამოაქვეყნეს წამახალისებელი გაიდლაინები მეცნიერებისათვის, რომლებიც ატარებენ კვლევებს ადამიანის ღეროვან უჯრედებზე, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი გაიდლაინები ყველასთვის ლეგალური არაა და ძალიან ბევრი მკვლევარი მას იყენებს როგორც მოხალისე.
ხშირად ისმის კითხვა: არის თუ არა ემბრიონი ცოცხალი არსება? ემბრიო­ნული ღეროვანი უჯრედების მკვლევარები „ზედმეტ“ ბლასტო­ცისტებს, რომელიც გამოუსადეგარი რჩება in vito განაყოფიერების დროს, აცილებენ შიდა მასას. ცხადია, ასეთი ბლასტოცისტები განვითარებას ვეღარ გააგრ­ძელებენ და დასაბამს ვეღარ მისცემენ ცოცხალ ორგანიზმს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესისას „ნარჩენი“ ბლასტოცისტები მაინც ნად­გურ­დება კლინიკების მიერ. გარდა ამისა, ზოგიერთს მიაჩნია, რომ ბლასტო­ცისტების გამოყენება კვლევებში სამკურნალო მიზნით სულაც არაა მიუღებელი. რელიგიური და კულტურული ტრადიციების მიმდევრები საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამენ და მიაჩნიათ, რომ ცოცხალი ორგა­ნიზ­მის ხელყოფა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, რა კეთილშობილურ მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის. ზოგის აზრით, ემბრიონი ადამიანის შესაბამის მორალურ სტატუსს იძენს განვითარებიდან რამდენიმე კვირის, ან თვის შემდეგ. ამერიკელი მოსახლეობის გამოკითხულთა უმეტესობა ემხრობა ღეროვანი უჯრედების გამოყენებას კვლევითი მიზნებისათვის.

* * *
მიუხედავად ყველაფრისა, აზრთა სხვადასხვაობისა და წინააღმდეგო­ბე­ბისა, ღეროვან უჯრედებზე მაინც მიმდინარეობს ყოველდღიური კვლე­ვე­ბი, მაგრამ როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღნიშნეს, ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმეტებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუ არ მოხერხდა ღეროვანი უჯრედების ზრდისა და დიფერენცირების პრო­ცე­სების მართვა და კონტროლი...

ცხოველების როლი ღეროვანი უჯრედების კვლევაში
ღეროვანი უჯრედების კვლევისას მეცნიერები იყენებენ ცხოველებს იმისათვის, რომ დარწმუნდნენ, აქვთ თუ არა ღეროვან უჯრედებს უნარი ინტეგრირდნენ ქსოვილებში ისე, რომ არ გამოიწვიონ დაზიანებები ორგანიზმში. მაგ., ღეროვანი უჯრედებით პირველი ტიპის დიაბეტით დაზიანებული პანკრეასის უჯრედების ჩანაცვლებამდე ადამიანის ორგანიზმში, ახდენენ ადამიანის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას თაგვის ორგანიზმში, რათა დადასტურდეს, რომ ეს უჯრედები დასაბამს ჯანსაღ, ინსულინმაპროდუცირებელ უჯრედებს აძლევენ.
ორგანიზმს, რომელიც შეიცავს იგივე, ან სხვა სახეობის ინდივიდის უჯრედებს ან ქსოვილებს, უწოდებენ ქიმერას. ქიმერას მაგალითია თაგვი, რომელსაც უნერგავენ ადამიანის უჯრედებს, ამიტომ ის გამოიყენება სხვადასხვა დაავადების შესწავლისა და ახალი სამკურნალწამლო საშუალებების ტესტირებისათვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქიმერები ხშირად დისკუსიის საგანი ხდება მეცნიერებს, ეთიკის მცველებსა და საზოგადოებას შორის, განსაკუთრებით, თუ ქიმერა როგორც ცხოველის, ისე ადამიანის უჯრედების მტარებელია.

ემბრიონის გამოყენების ალტერნატივა ღეროვანი უჯრედების კვლევისას
ბლასტოცისტის რღვევის პროცესით ინდუცირებული ეთიკური პრობლემების თავიდან ასაცილებლად მეცნიერები ღეროვანი უჯრედების მოპოვების ალტერნატიულ გზებს ეძიებენ, ანუ ისეთ მეთოდს, როცა ემბრიონული ღეროვანი უჯრედების მსგავსი ღეროვანი უჯრედების მიღება ბლასტოცისტების დაზიანების გარეშე მოხდება. არსებობს რამდენიმე ასეთი ალტერნატივაა:
• მორულადან შეგროვილი უჯრედები: მორულა შეიცავს დაახლოებით 16-32 უჯრედს და ეგუება რამდენიმე უჯრედის კარგვის პროცესს ისე, რომ არ წყვეტს ორგანიზმის განვითარების პროცესს. კვლევებში მიღებულია დადებითი შედეგები, თაგვებში წარმატებით განხორციელდა აღნიშნული პროცესი და მორულას უჯრედებმა განაგრძეს ზრდა-განვითარება. თუმცა ეთიკური პრობლემა კვლავ რჩება, რადგანაც ამ დროს გამორიცხული არ არის მორულას დაზიანება.
• ბირთვების ტრანსფერის ალტერნატივა: ამ დროს მეცნიერები იყენებენ შემდეგ ტექნიკას: ბლასტოცისტას უცვლიან გენეტიკურ მასალას, ის წყვეტს განვითარებას და აღარ გამოიყენება საშვილოსნოში ჩასანერგად. ასე რომ, ეს პროცესიც არ გამოდგება ღეროვანი უჯრედების შესაგროვებლად.
• პროცესი ვმართოთ ისე, რომ მოზრდილთა ღეროვანმა უჯრედებმა იმოქმედონ ემბრიონული ღეროვანი უჯრედების მსგავსად. განვითარების პროცესში, უჯრედები სპეციალიზაციის შემდეგ კარგავენ გენების „ჩართვის“ უნარს. უჯრედების სპეციალიზაციაზე პასუხისმგებელი გენების „გამორთვის“ საშუალებით შესაძლებელია შევაჩეროთ მოზრდილთა ღეროვანი უჯრედების დიფერენცირების პროცესი.
დღესედღეობით მხოლოდ რამდენიმე დაავადების მკურნალობაა შესაძლებელი ღეროვანი უჯრედების საშუალებით, რადგანაც მეცნიერებმა მხოლოდ რამდენიმე ტიპის ქსოვილის რეგენერაცია მოახერხეს. ჯერჯერობით მხოლოდ სისხლის და კანის უჯრედებზე დაფუძნებული სამკურნალო მეთოდებია განვითარებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ღეროვანი უჯრედების საშუალებით უმკურნალონ ისეთ დაავადებებს, რომლებიც დღეს უკურნებლად არის მიჩნეული. მეთოდის დახვეწის პრინციპი ცნობილია. ბევრი დაავადება გამოწვეულია ერთი სახეობის უჯრედების ან ქსოვილის დაკარგვით ან გადაგვარებით. მაგ., I ტიპის დიაბეტი გამოწვეულია პანკრეასის ინსულინ-მაპროდუცირებელი უჯრედების ფუნქციის დაკარგვით და დღესდღეობით მისი მკურნალობა ეფუძნება უბრალოდ სიმპტომატიკის მოხსნას. ღეროვანი უჯრედების გამოყენების შემთხვევაში კი მოხდება დაკარგული ან დაზიანებული უჯრედების გამოვლენა, მათი გაზრდა და ჩანერგვა პაციენტის ორგანიზმში.
ღეროვანმა უჯრედებმა გარკვეული როლი შესაძლოა ტრადიციული ქიმიოთერაპიული მედიცინის განვითარებაშიც ითამაშონ. გამომდინარე იქედან, რომ მათ აქვთ უნარი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაიყონ და დასაბამი მისცენ სხვადასხვა ტიპის უჯრედებს, ისინი შეგვიძლია გამოვიყენოთ მედიკამენტების ტესტირებისათვის ისე, რომ ზიანი არ მივაყენოთ ადამიანის ორგანიზმს.

სისხლის ღეროვანი უჯრედები
ის ფაქტი, რომ ჩვენი ორგანიზმი გამუდმებით ანახლებს სისხლს, სიახლეს დიდი ხანია აღარ წარმოადგენს. მოზრდილი ადამიანების ღეროვან უჯრედებს იყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ლეიკემია, ნამგლისებურუჯრედოვანი ანემია, ძვლის ტვინის დაზიანება და იმუნოდეფიციტით გამოწვეული სხვა პათოლოგიები. სისხლის წინამორბედი ღეროვანი უჯრედებიდან დასაბამი ეძლევა ყველა ტიპის სისხლის უჯრედს, მაგრამ პირველადი მონაცემებით არსებობს ცნობა, რომ ჰემოპოეზის უჯრედებს შეუძლიათ დასაბამი მისცენ სხვა სახეობის უჯრედებსაც, თუმცა ეს ფქტი ჯერ დადასტურებული არ არის. წარსულში, ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების გამოყენების ერთადერთ გზას წარმოადგენდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, მაგრამ ეს პროცესი წარმოადგენს არაკომფორტულ და ინვაზიურ პროცედურას და თუ გვინდა, რომ მკურნალობა იყოს შედეგიანი, დონორი და რეციპიენტი უნდა იყვნენ გენეტიკურად მსგავსნი. უფრო და უფრო ხშირად ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედების გამოყოფა ხდება ჭიპლარის ან პლაცენტარული სისხლიდან დაბადებისას. ასეთი ხერხით მიღებული ღეროვანი უჯრედები უსაფრთხოა როგორც დედის, ისე ნაყოფისათვის.

კანის ტრანსპლანტანტის სახეცვლილება
ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები იყენებდნენ კანის რეგენერაციულ შესაძლებლობებს მძიმე ხარისხის დამწვრობების სამკურნალოდ. კანის ტრანსპლანტანტების გამოყენება შესაძლებელია მის ქვედა შრეებში განლაგებული ღეროვანი უჯრედების ხარჯზე. ტრადიციულად მძიმე ხარისხის დამწვრობების დროს ინერგება აუტოტრანსპლანტატები სხეულის ჯანსაღი უბნებიდან დაზიანებულ უბანში, მაგრამ, დიდი ფართობის დამწვრობებისას, აღნიშნული მეთოდი გამოუსადეგარია. ახლა მეცნიერებს საშუალება აქვთ კანის სულ მცირე ჯანსაღი ნაწილებიდან გაზარდონ ახალი ქსოვილები. ქსოვილების ინჟინერიის ეს რუტინული მეთოდი უკვე ოცი წელია გამოიყენება პრაქტიკაში. ახლახანს, მეცნიერებმა მოახერხეს გამოეყოთ სხვა ტიპის ღეროვანი უჯრედები თმის ფოლიკულში და კანის ღრმა შრეებში.

1956 – პირველი წარმატებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია;
1960 – ჟოზეფ ალტმანმა და გოპალ დასმა წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრება საჟალის მოსაზრების საპირისპიროდ მოზრდილი ადამიანების ნეირო­გენე­ზის შესახებ, რომელიც ამტკიცებდა, რომ არ არსებობს ახლი ნეირონების წარმოშობის შესაძლებლობა;
1963 – მაკ კულონმა და ტილმა დაადასტურეს თაგვის ძვლის ტვინის თვით­განახ­ლების შესაძლებლობა;
1968 – წარმატებით განხორციელდა მწვავე კომბინირებული იმუნოდეფიციტის მკურნალობის პროცესი სიბლინგებში ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ;
1978 – ადამიანის ჭიპლარში აღმოაჩინეს ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედები;
1981 – თაგვის ბლასტოციტებიდან გამოყოფილი იქნა ემბრიონული ღეროვანი უჯრედები;
1988 – გამოყოფილი და დახასიათებული იყო ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედები ზრდასრული თაგვის ორგანიზმიდან;
1992 – მოხდა ღეროვანი უჯრედების იდენტიფიცირება მოზრდილი ადამიანის თავის ტვინში;
1998 – ადამიანის ორგანიზმიდან მოხერხდა პირველი ღეროვანი უჯრედების იზოლაცია;
2001 – ბირთვების ტრანსფერისათვის შეიქმნა თაგვის ღეროვანი უჯრედები;
2002 – მოხერხდა პანკრეასის ჯრედების დერივაცია თაგვის ემბრიონული ღერო­ვანი უჯრედებიდან დიაბეტის სამკურნალოდ;
2003 – ექიმმა სანტიაგო შჰიმ და ნიჰმა აღმოაჩინეს მოზრდილთა ღეროვანი უჯრე­დები ბავშვის სარძევე კბილებში;
2004 – ადამიანის ღეროვანი უჯრედებიდან მოხდა პარკინსონის დაავადებისას და­ზიანებული ტვინის უჯრედების მსგავსი უჯრედების პროდუცირება;
2005 – ადამიანის ღეროვანი უჯრედები დიფერენცირდა აქტიურ, მოფუნქციონირე ნერვულ უჯრედებად თაგვის ტვინში მოთავსების შემდეგ;
2006 – მეცნიერებმა მოახერხეს ემბრიონული ღეროვანი უჯრედების დერივაცია თაგვის მორულადან და პირველად მოხერხდა მათი ზრდა კულტურაში ცხოველური პროდუქტების გარეშე.
2007 – ვაიკ ფორესტისა და ჰარვარდის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი ტიპის ღეროვანი უჯრედები ამნიონურ სითხეში;
2007 – მარიო კაპეჩის, მარტინ ევანსსა და ოლივერ სმიტსს მიენიჭათ ნობელის პრემია მედიცინის და ფიზიოლოგიის დარგში ღეროვანი უჯრედების გამოყენების საშუალებით გენების დამიზნების გზით გენური ინჟინერიით თაგვების ახალი, „ნოკაუტის“ ჯიშის გამოყვანისათვის.

ღეროვანი უჯრედების გამოყენების პერსპექტივა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ღეროვან უჯრედებს აქვს პოტენციალი რადიკალურად შეცვალოს სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მეთოდიკა. მკურნალობის რამდენიმე ალტერნატიული მეთოდი უკვე არსებობს. მაგ., ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რომელიც ლეიკემიის დროს გამოიყენება. მომავალში დაგეგმილია ისეთი დაავადებების სამკურნალო მეთოდების შემუშავება, როგორებიცაა: ავთვისებიანი სიმსივნეები, პარკინსონის დაავადება, ზურგის ტვინის დაზიანებები.
შესაძლებელია თუ არა მომავალში პარკინსონის დაავადების მკურნალობა?
დღესდღეობით არ არსებობს პარკინსონის დაავადების მკურნალობის საშუალება, რადგანაც ვერ ხერხდება დაღუპული ნერვული უჯრედების აღდგენა. რადგანაც პარკინსონის დაავადება გამოწვეულია ნერვული უჯრედების ერთი გარკვეული ტიპის კვდომით, ღეროვან უჯრედებზე მყარდება საკმაოდ დიდი იმედები მკურნალობის თვალსაზრისით. მკვლევარებმა ახლახანს შეისწავლეს ემბრიონული ღეროვანი უჯრედების დიფერენცირების პროცესი თავის ტვინის უჯრედების გარკვეულ ტიპებთან. მათ აგრეთვე წარმატებით მოახერხეს მოზრდილთა ნერვული ღეროვანი უჯრედების გადანერგვა თაგვის ტვინში. როდესაც დაიხვეწება უჯრედების ტრანსპლანტაციის ტექნიკა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პარკინსონის დაავადების მართვის საშუალება მიეცემათ.
შესაძლებელია თუ არა დიაბეტის კორეგირება?
დღესდღეობით პირველი ტიპის დიაბეტისგან სრულად განკურნების საშუალებაა პანკრეასის გადანერგვა გვამური მასალიდან. გამომდინარე იქედან, რომ ჯერჯერობით პანკრეასში არ არის აღმოჩენილი მოზრდილთა ღეროვანი უჯრედები, მეცნიერები ცდილობენ, რომ მოახდინონ ემბრიონული ღეროვანი უჯრედების ტრანსფორმირება ინსულინ-მაპროდუცირებელ უჯრედებად. მეთოდის ექსპერიმენტისას დონორის პანკრეასის კუნძულების უჯრედებს იღებენ და რეციპიენტის ღვიძლის პორტულ ვენაში შეჰყავთ. აღნიშნული პროცედურა ორ-სამჯერ მეორდება და პაციენტი საჭიროებს სამ თვემდე ჰოსპიტალიზაციას. აუცილებელია იმუნოსუპრესიის წარმოება. აღნიშნული მეთოდის წარმატების შემთხევაში ის საბოლოოდ გადაჭრის დიაბეტით დაავადებული ადამიანების პრობლემას.
ძირეული მოდგომა კიბოს მკურნალობისათვის?
რატომ არის ასე რთული კიბოს ელიმინაცია ორგანიზმიდან, მიუხედავად ქიმიოთერაპიის მრავალჯერადი კურსისა? პასუხი დაკავშირებულია რამოდენიმე ღეროვან უჯრედზე. სიმსივნური ღეროვანი უჯრედები პირველად იდენტიფიცირებული იყო 1997 წელს, როდესაც ტორონტოს მეცნიერთა ჯგუფმა გამოყო ლეიკემიით დაავადებული პაციენტის ორგანიზმიდან სისხლის რამოდენიმე ღეროვანი უჯრედი. მათ გადანერგეს ეს უჯრედები თაგვის ორგანიზმში და დააკვირდნენ მის ორგანიზმში ლეიკემიის განვითარებას. მსგავსი უჯრედები ინახა თავის ტვინისა და ძუძუს სიმსივნეების დროსაც. როგორც ნორმალური, ისე სიმსივნური ღეროვანი უჯრედები არსებობს ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მათ აქვთ უნარი გამრავლდნენ და ჩაანაცვლონ ჯანმრთელი უჯრედები. სიმსივნურ ღეროვან უჯრედებს ნორმალურისაგან განსხვავებით დაკარგული აქვთ ზრდისა და გამრავლების კონტროლის უნარი. კიბოს მკურნალობის ძირეული მეთოდი კი მდგომარეობს ქიმიოთერაპიისას სიმსივნური ღეროვანი უჯრედების მიზანში ამოღებაში.

სურათი 5. ღეროვანი უჯრედების სახეები.

* * *
სულ ახლახანს, 2008 წლის ივლისის ნომერში BMJ წერდა ორი კვლევის შედეგების შესახებ, რომ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია კიბოს მკურნალობის დროს უშედეგოა. აღნიშნული კვლევა ეფუძნებუდა ორი პაციენტის შედეგს, რომლების ძუძუს კიბოს მკურნალობის დროს იყენებდნენ ღეროვანი უჯრედების აუტოტრანსპლანტანტებს ქიმიოთერაპიულ მკურნა­ლო­ბასთან ერთად. გერმანიაში 1993 წელს დაიწყო კვლევა, რომლიც მოი­ცავდა 885 პაციენტს, რომელთა ასაკი 56 წელზე ნაკლები იყო, და რომელთაც ჩატარებული ჰქონდათ ქირურგიული ოპერაცია, ოღონდ არ აღენიშნებოდათ შორეული მეტასტაზების არსებობა (New England Journal of Medicine 2003;349:7-16). მეორე კვლევა, რომელიც ჩატარდა 1991 წელს, მოიცავდა ძუძუს კიბოთი დაავადებულ 540 ქალს. ორივე კვლევის დროს, გარდა ქიმიოთერაპიული კურსისა, პაციენტებს, მკურნალობა უტარდებოდათ აუტოჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედებით. პირველ ჯგუფში გარდაიცვალა ხუთი პაციენტი, ხოლო მეორეში – ცხრა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ქიმიოთერაპიის კურსის პარალელურად, დამატებით ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა შედეგს არ იძლევა.

ეს საინტერესოა:
2004 წელს ამერიკაში გამოყვეს 3 მილიარდი დოლარი ღეროვანი უჯრედების კვლევისათვის ათი წლის განმავლობაში;
2001-2006 წლებში ჯორჯ ბუშმა ღეროვანი უჯრედების კვლევისათვის გამოყო 100 მილიონი დოლარი, ხოლო მოზრდილთა და ცხოველთა ღეროვანი უჯრედების კვლევისათვის - 250 მილიონი დოლარი; მან აგრეთვე გაამარტივა კანონმდებლობა ღეროვანი უჯრედების კვლევისა და მკურნალობისათვის გამოყენების შესახებ;
2006 წლის ნოემბერში მისურის შტატში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც იურიდიულად ნებადართულია ღეროვანი უჯრედების გამოყენება კვლევისათვის და მკურნალობისათვის, მაგრამ კრძალება ადამიანის კლონირება;
2007 წლის თებერვალი – კალიფორნიის რეგენერაციული მედიცინის უნივერსიტეტი გახდა ღეროვანი უჯრედების კვლევის უდიდესი ფინანსური მხარდამჭერი ამერიკაში მას შემდეგ, რაც მოიპოვა 45 მილიონიანი გრანტი.

ლიტერატურა

ნანახია: 15900 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.