მედიცინის ისტორია

თარგმანი

მოლეკულური მედიცინა

MEDICAL IT

სიახლეები

გაიდლაინი

კვლევა

დისკუსია

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



„იმელდა“ ციკლიდან „წერილები ახალგაზრდა ექიმს“ [5.00]

ჰოსპიტალური ინფექციის ანტიბიოტიკოპროფილაქტიკისა და ანტიბიოტიკოთერაპიის სტანდარტი [2.00]

„მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციის შემთხვევა [0.00]

მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველის გავლენა ნეირონის პლასტიურობაზე [0.00]

კიდევ ერთხელ სისტემებზე და სისტემურ მიდგომაზე მედიცინაში, ანუ სჭირდება თუ არა ექიმს ტვინი [0.00]


მედიცინა და ქართული სამეფო კარის ტრადიციები [11517]

ძუძუთი კვება [9204]

აორტის დეგენერაციული სტენოზი [7976]

α თალასემია საქართველოში [6961]

„მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციის შემთხვევა [6618]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 0

ძუძუთი კვება

ავტორი: პატ ჰადინოტი,1 დევიდ ტაპინი,2 შარლოტა რაიტი2
Pat Hoddinott,1 David Tappin,2 Charlotte Wright2
1Centre for Rural Health, University of Aberdeen, Inverness IV2 3BL
2Pediatric Epidemiology and Community Health Unit, Section of Child Health, University of Glasgow, Royal hospital for Sick children, Glasgow G3 8SJ

>>  The best option is exclusive breast feeding for six months, with no solids or other fluids, and supplemental breast feeding for two years or more.
Breast feeding has important health benefits, including reduced risk of infection in babies and reduced risk of breast and ovarian cancer in mothers.
Breast feeding has potential long term health benefits in children—reduced blood pressure cholesterol concentrations, and obesity.
Early assessment of breast feeding and skilled help is the key to preventing problems
New WHO growth charts will establish the breastfed infant as the biological norm with which all children should be compared and will be applicable to all ethnic groups.


Correspondence to: P. Hoddinott, p.hoddinott@abdn.ac.uk
BMJ 2008;336:881-7 doi:10.1136/bmj.39521.566296.BE

წყაროები და არჩევის კრიტერიუმები
ჩვენ შევისწავლეთ მონაცემთა რამოდენიმე ბაზა, მათ შორის Medline და Embase – საძიებელი სიტყვებით „breasatfeeding“, „breast-feeding“, „breast feeding“ და „infant feeding“; ასევე კოხრეინის სისტემური მიმოხილვების მონაცემთა ბაზა (გამოცემა 4 2007), ჯანმრთელობისა და კლინიკური ხელოვნების ეროვნული ინსტიტუტის გაიდლაინები, ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის სისტემური მიმოხილვები, კლინიკური მონაცემები და ცალკეულ ავტორთა შრომების არქივები.

განვითარებადი ქვეყნების კლინიცისტებმა კარგად იციან ახალშობილის ჯანმრთელობისთვის ძუძუთი კვების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ შესაძლოა მათ არ ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა განვითარებულ ქვეყნებში დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ძუძუთი კვების გავლენის შორეული შედეგების შესახებ, რაც ძირითადად სიმსუქნეს, სისხლის არტერიული წნევის მაღალ ციფრებს, ქოლესტეროლის მომატებულ დონესა და სიმსივნეთა განვითარებას შეეხება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ რეკომენდებულია ახალშობილის ძუძუთი ექსკლუზიური კვების (გულისხმობს ყოველგვარი დამატებითი პროდუქტის – წყალი, სითხეები, მკვრივი საკვები – გარეშე, ბავშვის მხოლოდ დედის რძით კვებას) წარმართვა დაბადების პირველი ექვსი თვის განმავლობაში და შემდგომ, სხვა საკვებთან ერთად, ძუძუთი უწყვეტი თანაკვება ორი და მეტი წლის განმავლობაში. გაერთიანებულმა სამეფომ (UK) აღნიშნული რეკომენდაცია მიიღო, მაგრამ ისეთი ქვეყნებისთვისაც კი, როგორიც აშშ და დიდი ბრიტანეთია მრავალი წინააღმდეგობა არსებობს, რადგან ძუძუთი კვების სიხშირე ყოველწლიურად მცირდება და ეს პროცესი ცვლილებების მიმართ შესამჩნევად რეზისტენტულია. მოცემულ მიმოხილვაში, ჩვენ ძირითადად ფოკუსირებული ვიქნებით განვითარებულ ქვეყნებზე, რომელთაც განვიხილავთ გლობალურ კონტექსტში, შევაჯამებთ ყველა იმ მონაცემს, რომელიც ადასტურებს ძუძუთი კვების ეფექტურობას, ვისაუბრებთ ეპიდემიოლოგიაზე, შემოგთავაზებთ პრაქტიკულ რჩევებს ძუძუთი კვებასთან ასოცირებული პრობლემების მართვის შესახებ, ხაზს გავუსვამთ ბავშვის ზრდა-განვითარების დიაგრამებში არსებულ ახალ ცვლილებებს, შევეხებით აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) და ქალის დონორული რძის ირგვლივ არსებულ დებატებს.
რა განსხვავებაა ქალის რძესა და კომბინირებულ საკვებ რძეს (formula milk) შორის?
ქალის რძე კომბინირებული საკვები რძისგან განსხვავებით არამარტო საკვებია, არამედ იგი ანტისხეულების, ფერმენტების, ჰორმონების და ჯანმრთელობაზე დადებითი ეფექტის მქონე სხვა მრავალი ნივთიერების შემცველი კომპლექსური პროდუქტია. აღსანიშნავია ის, რომ ზოგჯერ, კომბინირებული საკვები რძის მიცემა ბავშვს ინფექციის განვითარების სერიოზული რისკის წინაშე აყენებს. ანტისხეულებით მდიდარი ხსენის ადრეული მიცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ახალშობილებისთვის, მცირე მოცულობის ხსენი სითხის ბალანსის ადაპტაციის პროცესში ახალშობილის თირკმელს გადაძაბვისაგან იცავს.
რა დადებითი გავლენა აქვს ძუძუთი კვებას ჯანმრთელობაზე?
დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე ძუძუთი კვების, როგორც ხანმოკლე ასევე შორეული დადებითი შედეგები, (ცხრილი 1). და (ცხრილი 2-შია). შეჯამებული (აღებულია მტკიცებით მონაცემებზე დაფუძნებული ორი მიმოხილვიდან).12 ყურადღებით უნდა შეფასდეს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ჩატარებული ობსერვაციული კვლევების მონაცემები, რადგან სოციალ-ეკონომიკური ფაქტორები და განათლების მაღალი დონე ქმნის მიკერძოების საშიშროებას. მიღებული მონაცემების სისტემური მიმოხილვა გვიჩვენებს, რომ სხეულის მცირე მასით (ნაკლები 2500 გ) დაბადებული ახალშობილების საკვებად ქალის რძის გამოყენება ამცირებს ბავშვის სიკვდილობისა და ავადმყოფობის რისკს და დადებითი გავლენა აქვს ზრდასა და ნერვული სისტემის განვითარებაზე.
იმუნიზაციის დაბალი სიხშირე, დაბინძურებული სასმელი წყალი, დაქვეითებული იმუნიტეტი, როგორც შედეგი მალნუტრიციისა, განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ახალშობილების სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების შესამცირებლად, ძუძუთი კვების აუცილებლობას განაპირობებს. განვითარებადი სტატუსის მქონე 42 ქვეყნიდან მიღებული მონაცემების მიმოხილვა გვიჩვენებს, რომ დაბადებიდან პირველი 6 თვის მანძილზე ძუძუთი ექსკლუზიური და შემდეგ 12 თვემდე ძუძუთი ნაწილობრივი კვება თავიდან გვაცილებს ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის 1.3 მილიონ შემთხვევას (13%). შედარებისთვის, Haemophilus influenzae ტიპი b-ს ვაქცინისათვის ეს მაჩვენებელი 4%-ს, ხოლო წითელას ვაქცინისთვის 1%-ს შეადგენს. ძუძუთი კვება ასევე თრგუნავს ოვულაციას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაორსულების რისკს.
15 890 ახალშობილის (UK) ათასწლეულის კოჰორტული მიმოხილვის თანახმად, ექვსი თვის განმავლობაში ძუძუთი ექსკლუზიური კვება ასოცირებული იყო დიარეით ჰოსპიტალიზაციის 53 %-ით და რესპირატორული ტრაქტის ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის 27%-ით შემცირებასთან ყოველთვიურად, ძუძუთი ნაწილობრივი კვებისთვის კი იგივე მაჩვენებლები შესაბამისად 31% და 25% შეადგენდა. აღნიშნული კვლევის თანახმად, ძუძუთი კვების დადებითი ეფექტები უკუგანვითარდება ქალის რძის შეწყვეტისა და კომბინირებულ საკვებზე გადასვლისთანავე, განსხვავებით უფრო მცირე კოჰორტული კვლევებისგან, რომელთა მიხედვით ძუძუთი კვების შედეგი, მისი შეწყვეტიდან შვიდ წელზე მეტხანს გრძელდება.
რა ცვლილება განიცადა ძუძუთი კვების სიხშირემ?
ძროხის მოდიფიცირებული რძე პირველად მე-19 საუკუნის ბოლოს დამზადდა. ამის შემდეგ ძუძუთი კვების სიხშირემ კლება დაიწყო და ყველაზე დაბალ მაჩვენებელს განვითარებულ ქვეყნებში 1960-იან წლებში მიაღწია. 1990-იან წლებში, მსოფლიო მასშტაბით, 4 თვემდე ძუძუთი ექსკლუზიური კვების სიხშირის 48%-დან 52%-მდე ზრდა აღინიშნა (დიაგრამა 1). 2005 წელს, დიდ ბრიტანეთში (UK), 4 თვემდე ძუძუთი ექსკლუზიური კვების პრევალენსი 7% იყო, განსხვავებით ნორვეგიისაგან, რომელიც ბრიტანეთის მსგავსად განვითარებული ქვეყნების რიგს მიეკუთვნება და, რომლისთვისაც იგივე მაჩვენებელი 64%-ს შეადგენდა. 1990 წლიდან მუდმივად იზრდება იმ ახალშობილების პროპორციული წილი, რომელთა კვებასაც თავიდანვე ქალის რძით იწყებენ (მათ შორის ვისაც ერთხელ მაინც აქვს მიცემული დედის რძე). უფროსი ასაკის, თამბაქოს არამწეველი, უკეთესი განათლების და მაღალი სოციალ-ეკონომიკური სტატუსის მქონე დედების მიერ ახალშობილის ძუძუთი კვების სიხშირე გაცილებით მეტია იმ დედებთან შედარებით, რომელთა ჩვილებიც წინათ დედის რძით იკვებებოდნენ ან რომლებსაც თავად ძუძუთი კვებავდნენ.
აღსანიშნავია, რომ ძუძუთი კვების სიხშირე ყველაზე მეტად დაბადებიდან ოთხი დღის განმავლობაში იკლებს, როცა UK-ის ქალთა 12% წყვეტს ბავშვის კვებას თავისი რძით, ორი კვირის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი უკვე 22%-ს, ხოლო ექვსი კვირის ბოლოსთვის – 37%-ს აღწევს (დიაგრამა 2). ადრეული პროფესიონალური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 10-დან 9 დედა ძუძუთი უფრო მეტ ხანს კვების სურვილს გამოთქვამს.
ძუძუთი კვების მეთოდიკა ვარირებს სხვადახვა კულტურაში. მაგალითად, დაახლოებით 50 კულტურისთვის დამახასიათებელია დაბადებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში ახლშობილისთვის ხსენის მიცემის სრულად შეზღუდვა. აღინიშნება იმიგრანტთა მეორე და მესამე თაობის წარმომადგენელ დედათა (რომლებიც უკვე UK ჩვეულებებს ეზიარნენ) მიერ ბავშვის ძუძუთი კვების დაწყების სიხშირისა და ძუძუთი კვების ხანგრძლივობის კლების ტენდენცია.
რა ღონისძიებებით შეიძლება გაიზარდოს ძუძუთი კვების სიხშირე?
აღნიშნულ საკითხს რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების კოხრეინის (Cochrane) სამი მიმოხილვა და ჯანმრთელობისა და კლინიკური უპირატესობის ეროვნული ინსტიტუტის (National Institute for Health and Clinical Excelence – NICE) მიმოხილვა მიეძღვნა. აღმოჩნდა, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ კულტურულ თუ სოციალ-ეკონომიკურ ჯგუფზე მორგებული და მრავალასპექტური ინტერვენცია ყველაზე ეფექტურია. და მაინც, ყველა კვლევის ხარისხი დაბალია, ჯანმრთელობის სისტემასა და კულტურულ მახასიათებლებს ხშირად ერთ კონტექსტში არ განიხილავენ და ინტერვენციებიც ჰეტეროგენულია.
ორსულობის პერიოდში
აშშ-დან მიღებული 5 კვლევის (582 ქალი) შედეგები გვიჩვენებენ, რომ ორსულობის პერიოდში მომავალი დედებისათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებამ შესაძლოა გაზარდოს დაბალი შემოსავლის მქონე იმ ქალთა რიცხვი, რომლებიც შვილებს თავიანთი რძით გამოკვებავენ, მაგრამ საერთოდ, ამ პერიოდში რაიმე ეფექტური ინტერვენცია ძუძუთი კვების სიხშირის გასაზრდელად არ არსებობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, კოხრეინის სისტემური მიმოხილვა ამჟამადაც მიმდინარეობს.
საავადმყოფოში
საავადმყოფოშივე, დედისა და ახალშობილის ადრეული, კანი-კანთან კონტაქტი (30 კვლევა, 1925 მონაწილე), ბავშვის ხშირი და შეუზღუდავი კვება რძის უწყვეტი პროდუქციის გასაძლიერებლად (3 ძველი კვლევა, ახლი კვლევა არაეთიკურად იქნა მიჩნეული), და დახმარება კვებისას დედისა და ჩვილის მართებული ურთიერთმდებარეობისთვის (ერთი კვლევა, 160 ქალი), ის ღონისძიებებია, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია ძუძუთი კვების სიხშირის ზრდა მოხდეს. Unicef-ის „ახალშობილის მეგობრული ჰოსპიტალური ინიციატივა“-ს („baby friendli hospital iniciative“) მიერ რეკომენდებულ პოსტნატალური მოვლის შესახებ არსებული NICE-ს გაიდლაინები, როგორც სტანდარტი-მინიმუმი ისე სრულდება. აღნიშნულ ინიციატივას ამყარებს რამოდენიმე კვლევიდან მიღებული მონაცემები და იგი ჯანმრთელობის პროფესიონალური ტრენინგის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ორი კვლევის (1431 ქალი) საფუძველზე დადგინდა, რომ საოჯახო პირობებში მშობიარობა ზრდის ძუძუთი კვების დაწყებისა და 6-8 კვირის მანძილზე გაგრძელების სიხშირეს. 9 კვლევა (3730 ქალი) გვაწვდის სარწმუნო მონაცემებს იმის შესახებ, რომ სამშობიაროდან გაწერის დროს ქალისთვის შეთავაზებული კომბინირებული საკვები რძე ან პროდუქცია ამგვარი რძის მოსამზადებლად, მკვეთრად ამცირებს იმ ქალთა რიცხვს, რომლებიც ბავშვს ექსკლუზიურად 10 კვირამდე კვებავენ.
მშობიარობის შემდეგ
კოხრეინის მიერ 34 კვლევის (29 385 ქალი) მიმოხილვა აჩვენებს, რომ დამატებით პროფესიონალური თუ მეგობრული მხარდაჭერა ექვს თვემდე ზრდის ძუძუთი კვების პერიოდს და აქვს დადებითი ეფექტი ძუძუთი ექსკლუზიური კვების წარმართვისთვის, რომლის გახანგრძლივებაც WHO-სა და Unicef-ის მიერ ჯანდაცვის მუშაკებისათვის პროფესიონალური ტრენინგების ჩატარებამაც განაპირობა. (ექვსი კვლევის მეტა-ანალიზი). Unicef UK-მა ახალშობილის მეგობრული ინიციატივა ჯანდაცვის სისტემის დონეზე განახორციელა. ამ პოლიტიკური ნაბიჯის ეფექტურობა ჯერ კიდევ შეფასების პროცესშია.
პოლიტიკური ღონისძიებები
ინგლისმა და ჩრდილოეთ ირლანდიამ ძუძუთი კვების პოლიტიკის გატარება მიზნად ახლახანს დაისახა, ამიტომაც აღნიშნულ ქვეყნებში ამ ნაბიჯის ეფექტურობის შესახებ საუბარი ჯერ შეუძლებელია. შოტლანდიაში, მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვების სიხშირე გაიზარდა, 2005 წლისათვის ახალშობილთა 50%-ს დედის რძე მხოლოდ 6 კვირის ასაკამდე ეძლეოდათ. 2006 წელს, როდესაც ღონისძიებები სათანადოდ არ გატარდა, შოტლანდიაში, პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში, ძუძუთი კვების სიხშირის კლება აღინიშნა. ბრიტანეთში მცხოვრები მომუშავე, მეძუძური 7 ქალიდან მხოლოდ ერთს აქვს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ბავშვის ძუძუთი კვების შესაძლებლობა. 2005 წელს, შოტლანდიაში, მეძუძური დედა იძულებული იყო 2 წლამდე ასაკის ბავშვი ძუძუთი არ ეკვება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ძუძუთი კვების აქტის „არაეთიკურობის“ გამო. იმავე წელს, ბრიტანეთში, 7186 დედაზე დაკვირვებით აღმოჩნდა, რომ შოტლანდიის მაცხოვრებლებს, საზოგადოებრივ ადგილებში ძუძუთი კვების ყველაზე კარგი გამოცდილება აქვთ.
რა კლინიკურ პრობლემებს ვაწყდებით ძუძუთი კვების დროს? (ცხრილი 3.)
ძუძუთი კვების დროს ახალშობილისა და დედის კორექტული ურთიერთმდებარეობა კვების ეფექტურობის აუცილებელი პირობაა. (ნახატი 1) კარგია, თუკი ძუძუთი კვების სწავლების პროცესში, გამოცდილი სპეციალისტი აკვირდება კვების პროცესს და მშობელს პროფესიონალურ დახმარებასა და მხარდაჭერას სთავაზობს. დედის რძის სწორად მიღებამ შესაძლოა დაგვიცვას ისეთი პრობლემებისგან, როგორიც სარძევე ჯირკვლისა და დვრილების მტკივნეულობა, არასაკმარისი რძის პროდუქცია და ახალშობილის სხეულის მასის ადრეული კარგვაა. ცხრილი 3 ძუძუთი კვებასთან ასოცირებული პრობლემების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის.
როგორ უნდა დაუნიშნოს ექიმმა წამალი მეძუძურ დედას?
მეძუძური დედებისთვის მედიკამენტის დანიშვნა ექიმის დიდ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. ექსპერტთა რესურსის (განთავსებულია ჩარჩოში) მიხედვით, ხშირად ძუძუთი კვების შეწყვეტა არ არის საჭირო. თითოეული გამოწერილი წამალი, მოითხოვს ინდივიდუალურად დედისთვის და ბავშვისთვის რისკისა და სარგებლის შეფასებას, ასევე მედიკამენტის ჩვენების, პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის, ბავშვის ასაკის, საკვების რაოდენობისა და კვების სიხშირის მხედველობაში მიღებას. სამწუხაროდ, სტანდარტული მრჩეველი ტექსტები დიდებისთვის, ისეთი, როგორიცაა ბრიტანეთის ეროვნული წესდება ამ კუთხით ვერ გვეხმარება. წამლის დამამზადებლებს არ მოეთხოვებათ მეძუძური დედებისთვის მედიკამენტების ლიცენზირება. წამლის უსაფრთხოებაზე არსებული მონაცემების უმრავლესობა მიღებულია შემთხვევის შესწავლის ან ისეთი მცირე კვლევებისაგან, რომელშიც ოცამდე დედა იღებს მონაწილეობას. და მაინც, თუ წამალი ლიცენზირებულია ახალშობილისთვის, ამ წამლის ის კონცენტრაცია, რომელიც შესაძლოა დედის რძეში აღმოჩნდეს მისთვის უსაფრთხო იქნება. ამგვარად, ბრიტანეთის ეროვნული წესდება ბავშვთათვის, უკეთესი სახელმძღვანელოა მეძუძურ ქალთა წამლის შერჩევისათვის.
მიმდინარე „ცხელი“ საკითხები
ძუძუთი ნაკვებ ბავშვებზე დამყარებული ზრდის ახალი დიაგრამები
2006 წლამდე, ზრდის დიაგრამები ეფუძნებოდა შერეულ საკვებზე, უპირატესად ბოთლით კვებაზე მყოფ ბავშვების მონაცემებს, თუმცა, სხვადასხვა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ძუძუთი ექსკლუზიურ კვებაზე მყოფი ახალშობილები წონაში სხვანაირად იმატებენ. აღნიშნული საკითხი აქტუალური გახდა გამომდინარე იქედან, რომ მანამდე არსებული დიაგრამების მიხედვით ძუძუთი კვებაზე მყოფი ახალშობილების განვითარების არასწორი ინტერპრეტაცია მათთვის სრულიად არასაჭირო დამატებითი საკვების მიცემის მიზეზი ხდებოდა. ამან საფუძველი ჩაუყარა, ჯანმოს მიერ, ბოლო 15 წლის მანძილზე, მსოფლიოს მასშტაბით არსებული ექვსი ცენტრიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე ზრდის ახალი დიაგრამების შემუშავებას, რომლებიც უფრო მეტად ოპტიმალური ზრდის სტანდარტებს ასახავს და ზრდის საშუალო მაჩვენებლებს ნაკლებად შეესაბამება. ყველა არსებული მონაცემი ეკუთვნოდა დამაკმაყოფილებელ პირობებში მცხოვრები, არამწეველი ქალების ახალშობილებს, რომელთა ძუძუთი კვება გრძელდებოდა 1 წლის ასაკამდე (ძუძუთი ექსკლუზიური კვება 4 თვის ასაკამდე, დამატებით მკვრივი საკვები 6 თვის ასაკიდან). მიღებულმა შედეგებმა სხვადასხვა პოპულაციის ბავშვთა ზრდის ექსტრაორდინალური მსგავსება აჩვენა და დაადასტურა, რომ ექვსი თვის ასაკის შემდგომ, ძუძუთი კვებაზე მყოფი ახალშობილები წონის უფრო დაბალი ტრაექტორიით ხასიათდებიან.
ჯანმრთელობის დეპარტამენტის უახლესი რეკომენდაციით, ჯანმოს მიერ მოწოდებული დიაგრამების გამოყენება, 2კვირიდან 2 წლამდე ასაკის ყველა ბავშვისთვის, 2009 წლიდან დაიწყება. ჯანმოს ბავშვთა ზრდის ახალი დიაგრამები ბიოლოგიურ ნორმად ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებს აღიარებს. ამგვარად, ყველა ახალშობილის ზრდა-განვითარების შეფასება აღნიშნული დიაგრამებით მოხდება და იგი ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის გამოყენებადი იქნება. აღნიშნულ დიაგრამებზე გადასვლის შემდეგ, ახალშობილთა უფრო მცირე რიცხვი განისაზღვრება, როგორც მცირეწონიანი, სამაგიეროდ, პროპორციულად გაიზრდება იმ ბავშვთა რაოდენობა, რომელთაც ახალი დიაგრამებით ჭარბწონიან ახალშობილთა რიგს მიაკუთვნებენ.
აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) და ძუძუთი კვება
აივ-ის შესახებ ჯანმოს გაიდლაინები კონტექსტის, ინდივიდუალობისა და გარემოს მიხედვით ვარირებს. აივ ინფიცირებული დედის მიერ 6 თვის ასაკამდე ახალშობილის ძუძუთი ექსკლუზიური კვება იმ შემთხვევებშია დასაშვები, როცა კულტურული თუ ტრადიციული პრინციპებიდან გამომდინარე, ანდა დედის რძის შემცვლელი სხვა საკვების არარსებობის გამო, ბავშვის კომბინირებულ კვებაზე გადაყვანა შეუძლებელია. სხვა შემთხვევაში კი, უარი უნდა ითქვას ახალშობილის ძუძუთი კვებაზე, ახალი, პერინატალური, აივ-ით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. კოხრეინის მიმოხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ პროცესშია.
ქალის დონორული რძის ბანკები
ისტორიულად, ახალშობილის საკვებად ქალის დონორული რძის გამოყენება, ზოგიერთი მშობლის არჩევანი იყო. ამჟამად კი, სხვადასხვა მიზეზის გამო დედის რძის არარსებობის შემთხვევაში, ბავშვის ამგვარი რძით კვება რეკომენდებულია. აივ-ის, ციტომეგალოვირუსის და კროიცფელდ-იაკობის დაავადების შესაძლო გადაცემის რისკის გამო, გაერთიანებულ სამეფოში, დონორული რძის 17 ბანკის კონტროლი ახლახანს დაიწყო. დონორული რძის შესახებ კვლევების შედეგები შეზღუდულია და ამავე დროს დაბალი ხარისხის. ინარჩუნებს თუ არა ქალის დონორული რძე პასტერიზაციის შემდეგ ბიოლოგიურ აქტივობას ბუნდოვანია.
მეძუძური დედების კვება
ძუძუთი კვების შენარჩუნებისთვის დამატებით დღიურად დაახლოებით 2.09 Mg ენერგია და მრავალფეროვანი, ბალანსირებული კვებაა საჭირო. ორსული და მეძუძური ქალის კვების NICE გაიდლაინები უკვე ხელმისაწვდომია.
ვინაიდან, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მოსახლეობა განიცდის D ვიტამინის დეფიციტს, მათ საკვებში ამ ნივთიერების დამატება რეკომენდებულია. D ვიტამინის დამატებაა საჭირო ორსული და მეძუძური დედების საკვებშიც. კოხრეინის მიმოხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით ახლაც მიმდინარეობს.
რა უნდა გავაკეთოთ?
ჯანდაცვის ყველა წარმომადგენელმა აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი ძუძუთი კვებას, როგორც მნიშვნელოვან პირობას ახალშობილთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ქალის რძის შემცვლელების მარკეტინგის ჯანმოს საერთაშორისო კოდექსის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი პროცესია, როგორც განვითარებული ასევე განვითარებადი ქვეყნებისთვის. დედებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად, ასევე მეძუძური ქალებისთვის საზოგადოებრივ ადგილებში ძუძუთი კვების გასაადვილებლად, საჭიროა ძუძუთი კვების პოლიტიკისადმი ახალი მიდგომა. დაბადებიდან პირველი დღეები გადამწყვეტია ახალშობილის სიცოცხლისათვის, ამიტომაც მედპერსონალმა მაქსიმალურად უნდა შეამციროს იმ კომპლექსური ფსიქოლოგიური და სოციალურ-კულტურული ფაქტორების გავლენა, რომელიც ხელს უშლის ძუძუთი კვების გააქტივებას.

რჩევები არასპეციალისტებს
• მიაწოდეთ ინფორმაცია ორსულებსა და მეძუძურ დედებს ჯანმრთელობაზე 6 თვეზე მეტად ძუძუთი კვების დადებითი ზეგავლენის შესახებ, როცა ამის შემთხვევა მოგეცემათ;
• წაახალისეთ დედები და აამაღლეთ მათ მიერ ახალშობილის ძუძუთი კვების უნარი;
• ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა და თავიდან აცილება გადამწყვეტია. დარწმუნდით, რომ ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა კარგად იციან თუ სად მიიღონ როგორც პროფესიონალური, ასევე მეგობრული დახმარება 24 საათი, კვირაში 7 დღე;
• თუ თქვენ არ შეგწევთ უნარი შეაფასოთ ძუძუთი კვების ეფექტურობა, გაგზავნეთ ქალი სპეციალისტთან, რომელსაც ექნება საკმარისი დრო და გამოცდილება ამ პროცესის შესაფასებლად;

დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი მედპერსონალისთვის
• ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) (www.who.int/) – ხელმისაწვდომია ინფორმაცია გლობალურ სტრატეგიაზე, აქვეა ბავშვთა კვების, ახალშობილის მეგობრული ჰოსპიტალური ინიციატივის, ბავშვის ზრდის სტანდარტების, სიჯანსაღის, აივ-ის, კომბინირებული საკვების მიკრობიოლოგიური რისკის შესახებ არსებული მონაცემთა ბაზა;
• Unicef UK ბავშვთა მეგობრული ინიციატივა (www.babyfriendly.org.uk/) – მხარს უჭერს სამედიცინო სექტორს მაღალი ხარისხის მომსახურების გასაწევად. აქვეა ინფორმაცია ტრენინგებისა და უახლესი კვლევების შესახებ;
• Unicef (www.childinfo.org/eddb/brfeed/index.htm) – ძუძუთი კვებისა და დამატებითი კვების სტატისტიკები ქვეყნების მიხედვით;
• ჯანმრთელობის დეპარტამენტი (www.dh.gov.uk/en/Policyandguidance/Healthandsocialcaretopics/Maternalandinfantnutrition/DH_4071692) – ინფორმაცია ძუძუთი კვების პოლიტიკაზე, სიხშირესა და ინიციატივებზე (ინგლისი);
• ჯანმრთელობის დაცვის სააგენტო ჩრდილოეთ ირლანდიისთვის (www.healthpromotionagency.org.uk/Resources/strategies/breastfeedingstrategy.htm) - ინფორმაცია ძუძუთი კვების პოლიტიკაზე, სიხშირესა და ინიციატივებზე (ჩრდილოეთ ირლანდია);
• შოტლანდიის ეროვნული სერვისები (www.isdscotland.org/isd/4811.html) ძუძუთი კვების სტატისტიკა (შოტლანდია);
• უელსის ეროვნული ასამბლეა (www.wales.nhs.uk/publications/bfeedingstrategy-e.pdf) ძუძუთი კვების წახალისება (უელსი).

ინფორმაციისა და ვიდეოკლიპების წყაროები:
• Dipex (www.dipex.org/breastfeeding) – ვიდეოკლიპები, სადაც ქალები საუბრობენ თავიანთ მეძუძურობის გამოცდილებაზე. აქვეა მრავალი ბმული (links) სხვადასხვა წყაროსთან დასაკავშირებლად.
• „საუკეთესო დასაწყისი“ (www.bestbeginnings.info/) – ვიდეოკლიპები ძუძუთი კვების დროს დედისა და ახალშობილის მართებული ურთიერთმდებარეობის შესახებ.

ინფორმაციის სხვა წყაროები:
• ჯანმრთელობის დეპარტამენტი. 2007 წლის გამოცემა (www.dh.gov.uk/en/Publicationsandstatistics/Publications/PublicationsPolicyAndGuidance/DH_4135756) – პრაქტიკული და მშობელთათვის გამოსაყენებლად მარტივი ბუკლეტი ბავშვის ჯანმრთელობისა და კვების ყველა ასპექტის გათვალისწინებით.
• ჯანმრთელობის პრომოუშენის სააგენტო ჩრდილოეთ ირლანდიისთვის (www.breastfedbabies.org/) – მომხმარებელს სთავაზობს დახმარებასა და მხარდაჭერას ძუძუთი კვების გასამარტივებლად.
• ჯანმრთელი შოტლანდია. http://www.healthscotland.com/documents/1571.aspx) – კომბინირებული კვების ყველა ასპექტი და შრომები მოცემულია ბუკლეტის სახით
• კვების სტანდარტების სააგენტო. (www.eatwell.gov.uk/agesandstages/baby/ breastfeed/) – რჩევები მეძუძური ქალების სწორი კვების შესახებ.

რჩევები მეძუძური დედებისთვის წამლის გამოწერის შესახებ
ზოგადად
• აქ არსებული ინფორმაციის სიფრთხილით გამოყენება, უმრავლეს სიტუაციაში მეძუძური ქალებისთვის წამლის გამოწერის შესაძლებლობას იძლევა. ამგვარად, ამ თვალსაზრისით ძუძუთი კვების შეწყვეტა ძალიან იშვიათ შემთხვევებშია საჭირო.
• დაინიშნოს ის წამალი, რომელიც ბრიტანეთის ეროვნული წესდების მიხედვით 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა ლიცენზირებული.
• ახალშობილებისთვის დოზა შეირჩეს იმგვარად, რომ შეადგენდეს დედის დოზის 10%-ზე ნაკლებს.
• უარი ითქვას იმ ახალ პრეპარატებზე, რომელთა შესახებაც მცირედი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი
• არჩეულ იქნას ის მედიკამენტები, რომლებიც უკავშირდებიან პლაზმის პროტეინებს, რადგან ასეთი პრეპარატები ძალიან მცირე ოდენობით ხვდებიან დედის რძეში.
• პრეპარატები, რომლებიც ინიშნება სიფრთხილით და საჭიროებს მონიტორინგს
- ზოგიერთი ანტიეპილეპსიური საშუალება
- ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება
- სედატიური საშუალებები
- კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები (არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომელთა შვილები 3 თვემდე ასაკის არიან)
- ლითიუმი
- დიურეზული საშუალებები
• პრეპარატები, რომელთა დანიშვნაც თავიდან უნდა იქნას აცილებული
• ქიმიოთერაპიული საშუალებები
რეკომენდაციათა წყაროები
• ბრიტანეთის ეროვნული ფორმულარი ბავშვებისათვის – www.medicinescomplete.com/mc/;
• ლაქტაციის პერიოდში გამოსაყენებელი წამლების მრჩეველი – www.medicinescomplete.com/mc/;
• ჰალე ტვ. „დედის რძე და მედიკამენტები“; მე-12 გამოცემა. ტექსასი. Pharmasoft Medical Publishing, 2006;
• ლაქტაციისა და მედიკამენტების მონაცემთა ბაზა –http://toxnet.nlm.nih.gov/cgi-bin/sis/htmlgen? LACT;
• www.breastfeedingnetwork.org.uk.

Contributors: PH drafted the review. All authors helped collect data and write the paper . All authors are guarantors. Thanks to Jane Britten, Magda Sachs, Wendy Jones, and Linda Wolfson for their helpful comments on drafts of thisreview.
Competing interests: None declared.
Provenance and peer review: Commissioned; external lypeer reviewed.

შემაჯამებელი დასკვნები
• დაბადებიდან 6 თვის ასაკამდე ძუძუთი ექსკლუზიური კვება (ყოველგვარი სითხისა და მკვრივი საკვები დანამატის გარეშე) და შემდეგ ორ წლამდე ძუძუთი თანაკვება ძუძუთი კვების საუკეთესო მეთოდია.
• ძუძუთი კვებას ჯანმრთელობაზე მრავალმხრივად დადებითი მოქმედება გააჩნია. მაგალითად, მისი წყალობით ახალშობილებში ინფექციების, ხოლო ქალებში მკერდისა და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკი შესამჩნევად იკლებს.
• ძუძუთი კვებას პოტენციურად დადებითი შორეული ეფექტი გააჩნია ბავშვის ჯანმრთელობაზე, რაც დიდობაში მაღალი არტერიული წნევის, ქოლესტეროლის მაღალი დონის და სიმსუქნის განვითარების დაბალ რისკთანაა ასოცირებული.
• ჯანმოს ბავშვთა ზრდის ახალი დიაგრამები ბიოლოგიურ ნორმად ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებს აღიარებს. ამგვარად, ყველა ახალშობილის ზრდა-განვითარების შეფასება აღნიშნული დიაგრამებით მოხდება და იგი ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის იქნება გამოყენებადი.

თარგმნა გ. მაშანეიშვილმა

ლიტერატურა

ნანახია: 9203 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.