სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

ნობელის პრემია

NOTA BENE

MEDICAL IT

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

თარგმანი

პრევენცია

პრაქტიკოსის გვერდი

კლინიკური კვლევა

სამედიცინო ბიულეტენი

სიახლეები

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები [5.00]

ერთ კვირიანი სამმაგი თერაპია საკმარისია Helicobacter Pilori გამოწვეული კუჭის წყლულის სამკურნალოდ [5.00]

ევთანაზია [5.00]

შიდსის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინა უახლოეს მომავალში ნაპოვნი იქნება [5.00]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [5.00]


მწვავე გარდამავალი პორფირია [9009]

ქრონიკული ხველა და ექსტრაეზოფაგური რეფლუქსი [7803]

რეპროდუქციული ტრაქტის ინფექციები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები [7282]

ევთანაზია [6764]

ვაქცინაცია სიმსივნის წინააღმდეგ [6191]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 7

ევთანაზია

ავტორი: ვ. არჩვაძე, თსსუ ქირურგიის No2 დეპარტამენტის ზოგადი ქირურგიის მიმართულების ასისტენტ–პროფესორი

>>  სიცოცხლე ადამიანს ღმერთმა მიანიჭა და მანვე განუსაზღვრა ამქვეყნად მოსვლის მისია სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვედრის ანუ ცხონების სახით. აბსოლუტურად უიმედო სიტუაციებში ცნობიერებადაკარგული ადამიანისათვის მართვითი სუნთქვის აპარატის გამორთვა (ანუ პასიური ევთანაზია) მისთვის ცხონების უკანასკნელი შანსის წართმევას ნიშნავს, იესო ქრისტე ამბობს: "კაცთა მიერ შეუძლებელ არს, არამედ არა ღმრთისაგანცა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ" (მარკოზი 10.27) და მართლაც, მრავალი მაგალითი არსებობს სასიკვდილოდ განწირული ადამიანების ამქვეყნად მობრუნებისა უფლის წყალობით. განწირული ავადმყოფისათვის სასიკვდილო ინექციის გაკეთება მკვლელობის ტოლფასია, რადგან უფლის მიერ ნაბოძები სიცოცხლის წართმევის უფლება არავის აქვს. თავად ასეთი პაციენტი ევთანაზიაზე თანხმობით თვითმკვლელობას ჩადის. ავადმყოფის მოთხოვნა "მომკალითო" მხოლოდ და მხოლოდ ურწმუნოების შედეგია. მთავარი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრული კი არ არის, არამედ ის, თუ როგორ წარსდგება იგი სიკვდილის შემდეგ უფლის წინაშე. თავად მაცხოვარი გვეუბნება: "გარნა ეძიებდით საუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ" (ლუკა12.31) გვესაუბრა მღვდელი მამა დავით ქვლივიძე


„გონიერ კაცს ერთნაირად არ ეკადრება ინდომოს სიკვდილი ან ეშინოდეს მისი.“
არაბული სიბრძნე

„... ეს რომ თქვა, დიდი ხმით დაიძახა: „ლაზარე გამოდი!“ გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული.
უთხრა მათ იესომ: „გახსენით, გაუშვით, იაროს.“

(იოანე, 11, 43-44)

რა არის ბიოეთიკა?
XX საუკუნის ნეოლოგიზმთა შორის 60-იანი წლების მიწურულს ვან რენსლერ პოტერის მოწოდებულ ტერმინმაც – „ბიოეთიკა“ – დაიმკვიდრა ადგილი. მისი ავტორისეული დეფინიცია კი ასეთია: „ბიოეთიკა არის ზნეობრივ ღირებულებათა შუქზე ბიოლოგიასა და მედიცინაში ადამიანის მოღვაწეობის სისტემატური ანალიზი“ [1]. ჩემის აზრით, ეპოქალური აღმოჩენების ფონზე მორალურ-ეთიკური პრობლების განხილვის აუცილებლობა ადამიანთა საზოგადოების მორალურმა უმწიფრობამ წარმოშვა. უფრო მეტიც, აღმოჩნდა რომ სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს, როგორც წესი, მორალურ-ეთიკური რეგრესი და არნახული ზნეობრივი დეგრადაცია სდევს თან.
დღეს სადისკუსიო თემებად გადაიქცა სიღრმისეულად დეონტოლოგიური და „საჩოთირო“ სამედიცინო თემები: ტრანსფუზიოლოგია, ტრანსპლანტოლოგია. კონტრაცეპცია, in vitro განაყოფიერება, კლო- ნირება, წინასამშობიარო დიაგნოსტიკა, ხელოვნური აბორტი, გენეტიკური მანიპულაციები, ე.წ. „კლინიკური გამოკვლევები“, ევთანაზია და სხვა მრავალი.
იოლი სიკვდილი
ევთანაზია, როგორც „იოლი სიკვდილის“ აღმნიშვნელი ტერმინი XVII საუკუნეში იშვა (ფ. ბეკონი), XIX საუკუნიდან კი „სიბრალულის გამო ადამიანის მოკვდინების“ მნიშვნელობა შეიძინა. ეს ფაქტიურად ზედმეტი ტანჯვის თავიდან აცილების მიზნით ჩადენილი წინასწარგანზრახული მკვლელობაა. თამამად შეიძლება ითქვას, „ევთანაზიაზე“ უფრო ორაზროვანი სიტყვა ძნელი მოსაძებნია.
ევთანაზიაზე, როგორც ქმედებაზე, სამედიცინო „ისტებლიშმენტი“ მას შემდეგ ალაპარაკდა, როცა საჯაროდ ცნობილი გახდა ამერიკელი ექიმის Jack Kevorkian-ის აღიარება – 1991 წლიდან იგი 50-ზე მეტ ავადმყოფს „დაეხმარა სიკვდილში“ და მისი პასუხისმგებლობის საკითხი არც ერთხელ არ დამდგარა.
1994 წლის 14 აპრილს ჰოლანდიის პარლამენტმა ევთანაზია კანონის ჩარჩოებში მოაქცია. 1994 წლიდან სიკვდილის ეს წესი აშშ ორეგონის შტატშიც დაკანონდა. 1995 წლის 25 მაისიდან მსგავსი კანონი ამოქმედდა ავსტრალიის ჩრდილოეთ პროვინციაში. ხსენებულმა საკანონმდებლო აქტებმა იურიდიული პასუხისმგებლობისაგან ყველა ის პირი გაათავისუფლა, ვინც ადამიანს „იოლად სიკვდილში“ ეხმარება.
რუსეთის ერთ-ერთ სატალევიზიო არხზე (ОРТ) პოპულარულ გადაცემაში მოწვეული ექიმი მრავალმილიონიან აუდიტო- რიას არწმუნებდა, რომ მარტოხელა მოხუცთა მათივე თხოვნის საფუძველზე სასიკვდილო ინიექციით მოკვდინება, თანაც, წინასწარი გასამრჯელოს ფასად, ჰუმანური აქტია და თავადაც ამგვარი საქმიანობით „რეგულარულად არის დაკავებული“. ჩვენდა გასაოცრად, გადაცემა ყოველგვარი კომენტარისა და პუბლიკის კრიტიკული გამოსვლების გარეშე დასრულდა.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცის უხილავი ნება საზოგადოებას ევთანაზიის ყოფნა-არყოფნის საკითხის დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებისათვის ამზადებს. პრეცენდენტები კი – შვილის მიერ დედის მო---კვდინების და პირიქით – რუსეთში (როსტოვი, Белая Калита) და გერმანიაში („ექთნების საქმე“) XX საუკუნის მიწურულს – უკვე იყო.
რა არის ევთანაზია
ჰოლანდიის პარლამენტის დეფინიცია: „ევთანაზია ეწოდება ყოველ ქმედებას, რომელიც მიმართულია ამა თუ იმ პირის სიცოცხლის მისივე სურვილით შეწყვეტისაკენ და სრულდება არადაინტერესებული პირის მიერ.“ ვფიქრობ ამ განმარტების არცერთი სიტყვის კრიტიკის და შეძრწუნების გარეშე მიღება შეუძლებელია. „ყოველი ქმედება“ – სრულებით დაუკონკრეტებელია და ამავდროულად გამორიცხავს უმოქმედობას (უკანასკნელი კი ე.წ. „პასიური ევთანაზიის“ საფუძველია). „ამა თუ იმ პირის“ მისივე სურვილით მოკვდინებაზე საუბრისას დეფინიციაში არ ფიგურირებს, რომ პირი არის პაციენტი (ავადმყოფი, რომელმაც მიმართა ექიმს), რომ მისი სენი არა თუ უკურნებელი (Status incurabilis) და არაოპერირებადია (Status inoperabelis), არამედ მძიმე ფიზიკური ტანჯვის მომტანია, დაავადება კი ტერმინალურ ფაზაშია. მეტად საინტერესოა „არადაინტერესებული პირის“ ფიგურა, რომელიც ქონებრივი ინტერესების მქონე (მემკვიდრეობის ან დაზღვევის თანხის მიღების სურვილით ანთებული) პირის ამგვარი „ქმედებისაგან“ ჩამოშორების მიზნით გაკეთებულს წააგავს, თორემ ავადმყოფის მდგომარეობის შემსუბუქებით უდაოა ყველა ერთნაირად უნდა იყოს დაინტერესებული, სამედიცინო პერსონალი კი ამ შემთხვევაში ნახსენებიც არ არის.
ამრიგად, ევთანაზიის ხსენებული განსაზღვრებით, „ესა თუ ის პირი“, სულაც არ არის აუცილებელი რომ ავად იყოს, საკმარისია, რომ ჰქონდეს სიკვდილის სურვილი და ამაზე „არადაინტერესებული პირი“ დაითანხმოს.
გადავიდეთ 1980 წლის 5 მაისს სარწმუნოების სწავლების კონგრეგაციის მიერ მიღებული დოკუმენტის: „დეკლარაცია ევთანაზიის შესახებ“ განხილვაზე. „...ევთანაზია გულისხმობს ყოველ ქმედებას ან უმოქმედობას, რომელიც თავისი არსით და განზრახვით იწვევს სიკვდილს, რომლის მიზანიც ტკივილისა და ტანჯვის თავიდან აცილებაა“.
ევთანაზიის ეს განსაზღვრება მართალია, შეიცავს ე.წ. პასიურ ევთანაზიას (უმოქმედობით გამოწვეულ მოკვდინებას), მაგრამ მასში არ არის ასახული დიაგნოზი, პიროვნების შეურაცხადობა, მისი და ახლობლების ნება, ხოლო ტკივილის გამო ავადმყოფის მოკვდინების საკითხის დასმა თანამედროვე ფარმაკოლოგიური არსენალის პირობებში კი ცოტა არ იყოს გაუგებარია. ფრანგი მეცნიერის, მედიცინის დოქტორის ჟაკ სუდოს კომენტარი ევთანაზიის ამ განმარტებაზე ასეთია: „თავისი პირდაპირი მნიშვნელობით ევთანაზია არის წინასწარგანზრახული მკვლელობა“ (! – ვ.ა.), იმ მეთოდის მეშვეობით, რომელიც ყველაზე ნაკლებ ტკივილსა და ტანჯვას იწვევს და სრულდება „სიბრალულის გამო ადამიანის მიმართ, რომლის აუტანელ ტანჯვასა და ცხოვრებისეულ სირთულეებს უდა მოეღოს ბოლო, რომელთა ღირსიც თვით ის ადამიანი არ არის.“ მეცნიერის აზრით, ტერმინოლოგიური აბრაკადაბრა ევთანაზიის მომხრეთა მიერ ხელოვნურად არის პროვოცირებული, რათა ტერმინები „ვაცალოთ სიკვდილი“ (პასიური ევთანაზია) და „დავეხმაროთ სიკვდილში” (აქტიური ანუ ჭეშმარიტი ევთანაზია) ერთმანეთთან გაიგივებული ყოფილიყო.
გვახსენდება ფსევდოჰუმანიზმის ესა თუ ის გამოვლინება; მაგ.: 1977 წლიდან სიკვდილმისჯილთათვის აღსრულების მე-თოდად აშშ-ს 37 შტატში მიღებულია სასიკვდილო ინტრავენური ინიექცია (Lethal injection), ხოლო გლობალურ ტელეტრანსლიაციებში (Animal Planet) მაწანწალა კატებისა და ძაღლების სიცოცხლის გადასარჩენად მიღებულ ღონისძიებათა წარუმატებელი შემთხვევების შემდგომ ასეთი კომენტარი ჟღერს: „ჩვენ იძულებული ვიყავით ცხოველი დაგვეძინებინა“.
ჩვენი აზრით, სისასტიკე ნაკლებად საშიშია, ვიდრე ფსევდოჰუმანიზმი, ზუსტად იმდენად, რამდენადაც მტკნარ ტყუილს ნაკლები ვნების მოტანა შეუძლია, ვიდრე სიმართლით „შეზავებულს“ – ნახევრად სიმართლე ხომ უფრო ადვილად დასაჯერებელია.
ევთანაზიის განსაზღვრება არ იქნება სრული, თუ არ განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:
1. უკურნებული სენის ცნება და მისი რელატივისტური არსი;
2. „სიბრალულის გრძნობა“, მისი ბუნება და ინტერპრეტაციები;
3. იურიდიული „ვირაჟები“;
4. „სიკვდილის უფლება“ – არსებობს კი ის, ან ვინ განიჭებს მას?
ინკურაბელობის ცნების ფარდობითობა
ინკურაბელობა
ორი გარემოებით არის განპირობებული: პირველი – დიაგნოსტიკური შეცდომის ალბათობით და მეორე – პროგნოზის ცვალებადობით ანუ ის რაც უკურნებული იყო გუშინ, დღეს განკურნებადია. ამასთან, ჩნდება პრობლემური ნოზოლოგიების ახალი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდები, იხვეწება, სრულყოფილი ხდება ძველი. მსოფლიოში კი გამოჩნდნენ ექიმები, რომლებიც ევთანაზიაში სპეციალიზდებიან.
ძნელია იყო რომის პაპზე უფრო კათოლიკე და ჰიპოკრატეზე უფრო ჰუმანისტი: „...ჩემი ძალებისა და ცოდნის სრული გამოყენებით ვუმკურნალებ ავადმყოფს, დავიცავ მას ყოველგვარი ვნებისა და უსამართლო მოპყრობისაგან. ვერავინ მიიღებს ჩემი ხელიდან მომაკვდინებელ საშუალებას და არც არავის ვასწავლი გზებს ავი განზრახვის განსახორციელებლად. ყოველ მხრივ შევეწინააღმდეგები აბორტის გაკეთების მცდელობას. სპეტაკად და უზადოდ წარვმართავ ჩემს ცხოვრებას და სრულვყოფ ჩემს ხელოვნებას“ („ჰიპოკრატეს ფიცი“). ჟენევის დეკლარაციის ქვაკუთხედია ფრაზა: „უსაზღვრო პატივი ვცე ადამიანის სიცოცხლეს“ (ჟენევა, შვეიცარია, 1948 წლის სექტემბერი, მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის II გენერალური ასამბლეა).
სიბრალული
სიბრალულის მოტივით ჩადენილ (თუ ჩატარებულ) ევთანაზიაზეც შეუძლებელია ერთ პროექციაში მსჯელობა. თავად სიბრალული, როგრც მკვლელობის მოტივი დიდ არგუმენტაციას არ საჭიროებს, როცა საქმე დასახიიჩრებულ და სასიკვდილოდ განწირულ ცხენსა თუ ძაღლს ეხება. დასაშვებია კი ადამიანისა და მისი წილი სატანჯველის იგივე ჭრილში განხილვა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ სომატური ტკივილი და ტრავმული შოკი საზოგადოდ ძუძუმწოვრებში მსგავსი პათოგენეზური რგოლებისაგან შედგება? ჩემის აზრით, ეს დაუშვებელია! მეტიც, თუ თანამედროვე ტექნოკრატული და მომხმარებლური საზოგადოების ზნეობრივი დეგრადაციის ხარისხს გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში თვით სიბრალულის სიწრფელეც დადგეს ეჭვქვეშ. პროფესორ ჟ.სუდოს აზრით ხშირად, პაციენტის თხოვნის – „მომკალი!“ – უკან უჩუმარი მუდარა – „გაიზიარე ჩემი ტკივილი და დამეხმარე!“ – იმალება. აქედან გამომდინარე, ევთანაზიის შედეგად ზოგჯერ პაციენტის გულქვა ახლობელმა უფრო შეიძლება შვება იგრძნოს, ვიდრე მოკვდინებულმა. შესაძლოა ტერმინალური მდგომარეობა თავმდგმურისათვის უფრო ამაზრზენი და დამთრგუნველი სანახაობა იყოს, თუმცა არც მომდევნო საკითხის უგულებელყოფა იქნება მართებული.
იურიდიული საკითხები
სოციო-ლეგალური „ვირაჟები“ უფრო ციცაბო და დაკლაკნილია. „იოლ სიკვდლზე“ წერილობითი თანხმობაც კი შესაძლოა ძალის არმქონედ ჩაითვალოს, თუ იგი ცნობიერებაშეცვლილ პიროვნებას „ჩამოართვეს“. სრულ ჭკუაზე მყოფმა პირმაც შეიძლება განაცხადოს თანხმობა ევთანაზიაზე, თუკი თავს საზოგადოებისათვის „ზედმეტ ტვირთად“ აღიქვამს. ასეთი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფი პირი ინვოლუციური ცვლილებბების ფონზე მისთვის მძიმე გადაწყვეტილებას იღებს, თავადაც ცოდვას იდებს და მისი ნების შემსრულებელსაც უმძიმეს ცოდვაში აგდებს. ყოვლად დაუშვებელია ევთანაზია აგონიის ფონზე, მხოლოდ ახლობლების თანხმობის საფუძველზე, ვინაიდან ყველას როდი ძალუძს ილიასეული აფორისტული სიმაღლიდან გადმოხედვა: „ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან“.
სიცოცხლის თუ სიკვდილის უფლება
ადამიანის უფლებათაგან უპირველესი სიცოცხლის უფლებაა, მაგრამ ევთანაზიის აპოლოგეტები ადამიანის პრეროგატივებს სიკვდილის უფლებასაც მიაკუთვნებენ, რომლის გამოყენების საკითხი ჭეშმარიტად ადამიანისათვის ღირსეული არსებობის (კონტაქტისა და ურთიერთობის პირობებში) შეწყვეტისას წამოიჭრება. ამგვარი ლოგიკით, კინოსა და ესტრადის ცნობილ მოღვაწეს კარაჩენცევს მეუღლის მხარდაჭერისა და თანადგომის ნაცვლად სასიკვდილო ინიექცია უნდა ჰქონოდა გაკეთებული, ხოლო ჰოლივუდელი „სუპერმენის“ განმასახიერებელ ვარსკვლავს არ უნდა ჰქონოდა „არაადამიანურ პირობებში“ არსებობის იმედი.
ევთანაზიის მომხრეთა არგუმენტებს კიდევ ერთი რაკურსი გააჩნია – არსებობს „ცხოვრება, როდესაც სიცოცხლე ღირს“ – ახალგაზრდა, ჯანმრთელი, ლამაზი, ბედნიერი, კმაყოფილი, ჭკვიანი და საზოგადოებისათვის საჭირო ინდივიდების ყოფა. მაშასადამე არსებობს სიცოცხლეც, რომელიც „არღარა ღირს არცა ჩირად“ – სნეულთა, ხეიბართა, საზოგადოებისათვის უმაქნისთა და „კეთროვანთა“ სიცოცხლე. პლატონისეული ამ შეხედულებიდან ხომ ერთი ნაბიჯი რჩება ნაცისტურ–ტოტალიტარულ ფსიქოლოგიამდე და რეჟიმებამდე, როდესაც ადამიანის სვე-ბედს „ტროიკა“ წყვეტს – „არასაჭირო სტომაქთა“ ლიკვიდაცია, გასახლება-გადასახლება, გამუჰაჯირება, გაციმბირება, კატორ- ღასა თუ რეზერვაციაში განთავსება. ეს იდეოლოგია მიუღებელია ქრისტიანული ცნობიერებისათვის.
გასართობთა და დროის გაყვანის ძებნაში „ცოცხალთა სამყაროსათვის” სიკვდილი „არაკომფორტული თემაა“, უხერხულია, იქ ხომ საკუთარი პერსპექტივის ხილვაცაა შესაძლებელი, რაც ამაოდ აქცევს ყოველდღიურობას, გართობით კომუფლაჟირებას კი შეუძლებელს ხდის.
ათი მცნებისათვის – არა კაც ჰკლა – უცხოა „შემამსუბუქებელი“ გარემოებანი (დამნაშავეთა სიკვდილით დასჯა, თავდაცვა და ახლობლის დაცვა, სამშობლოს სამართლიან ომში დაცვა – რასაკვირველია ცალკე თემებია). ევთანაზია კი ამ კანონის პირდაპირი დარღვევაა ისევე, როგორც უდანაშაულო ადამიანის – სულ ერთია ემბრიონის თუ ნაყოფის სტადიაში, ბავშვის, მოზრდილის, ხნიერის, უკურნებელი სენით შეპყრობილისა თუ მომაკვდავის მოკვდინება. განა რაც შესაძლებელია, ყველაფერი დასაშვებია? მაგ.: რომის პაპის პია XII-ის მიერ დამტკიცებული დეკლარაციით დასაშვებია პაციენტის თანხმობით როგორც ანალგეტიკების, ასევე ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება, თუ ცნობიერების მქონე პირის აზრით მან თავისი მორალური ვალი ოჯახისა და რელიგიის მიმართ აღასრულა. მინდა დავეთანხმო დოქტორ ჟ. სუდოს, „საჭიროა სიცოცხლე თვით სიკვდილამდე მივაცილოთ“, რათა მომაკვდავმა თავი ეულად არ იგრძნოს. ჩემის აზრით, სიცოცხლის მიწურულს ასეთი პაციენტები ისეთივე მოვლას საჭიროებენ, როგორც კეთილსაიმედო პროგნოზის მქონენი, ოღონდ მეტი ყურადღებით, თანაგრძნობითა და ადამიანური სითბოთი. მათი დრამა ხომ იმაში მდგომარეობს, რომ თავს არამარტო ექიმისაგან, არამედ ნათესავებისაგან მიტოვებულად გრძნობენ. საბედნიეროდ, ამგვარი კონცეფციის გზას მსოფლიოს მრავალი სამედიცინო დაწესებულება ადგას, რაც იმედის მომცემია.
ბოლოსიტყვა
საქართველოში ვაჟასეული და გალაკტიონისეული ფილოსოფიითა და სიკვდილ-სიცოცხლის გააზრებით აღზრდილი სამედიცინო მუშაკისათვის სათანადო დეონტოლოგიური ინფორმირებუ- ლობის პირობებში ძნელი არ უნდა იყოს ადამიანის ამქვეყნიური ყოფის ბოლო კადრების „ვარდისფერ გზად“ ქცევა. არც ის იგავი უნდა დავივიწყოთ, როცა შვილისაგან ხრამში გოდრით გადასაგდებად განწირულმა მამამ ვაჟს გოდრის შინ წაღება ურჩია, შენს შვილს გამოადგებაო.
ბრძენის სიკვდილი უშიშრად სიკვდილია და უმეცრულია მოკვდე სიკვდილის შიშით – უთქვამს სენეკას. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი ადამიანს არნახულ შესაძლებლობებს ანიჭებს, მაგრამ იმავდროულად არანაკლები მასშტაბის ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების წინაშე აყენებს. ამიტომაც ბიოეთიკის მრავალი საკითხი მეტად აქტუალური, დისკუტაბელური და ძნელად გადასაჭრელია. შემეცნების ნაყოფი მწარეა, ვინაიდან ვამრავ- ლებთ რა ჩვენს ცოდნას, ვიმრავლებთ სადარდებელსაც.

„სიკვდილი ძნელი არ არის, სიცოცხლე უფრო ძნელია“.
იაპონური სიბრძნე

- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

პალიატიური მკურნალობა
• მიმართულია იმ პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, რომლებიც დგანან უიმედო პროგნოზის დაავადების წინაშე.
• პალიატიური მკურნალობის ამოცანაა, შეამციროს ავადმყოფის ტანჯვა ტკივილის მკურნალობისა და ისეთი საკითხების გადაწყვეტის გზით, როგორიცაა ფიზიკური, ფსიქოსოციალური და სულიერი პრობლემები.

პალიატიური მკურნალობის ამოცანებია:
• ტკივილისა და სხვა დისტრესიული სიმპტომების შემცირება;
• ფსიქოლოგიური და სულიერი ასპექტების ჩართვა მკურნალობის სქემაში;
• პაციენტის აქტიური ცხოვრების გახანგრძლივება სიკვდილამდე;
• გუნდური მიდგომის გამოყენება პაციენტისა და მისი ოჯახის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
• ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება;
• დახმარება ძირითადი მკურნალობის (როგორიცაა გამათერაპია, სხივური თერაპია და ა.შ.) დაწყების ადრეულ ეტაპზე.

ნანახია: 6763 | შეფასებულია: 2 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.