თანამშრომლობა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

სიახლეები

მიმოხილვა

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

NOTA BENE

გაიდლაინი

დისკუსია

სამედიცინო ბიულეტენი

ჩვენი თანამედროვე

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [5.00]

ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

უეცარი კარდიული სიკვდილი [5.00]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [4.00]

სანგრისეული ტერფი [0.00]


ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [48633]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [10489]

გულის დიასტოლური უკმარისობა: ეპიდემიოლოგია, ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [9196]

მასტოპათია და კიბო [7697]

მშობიარობის შემდგომი კონტრაცეპცია და ძუძუთი კვება [6253]


თემების რაოდენობა: 21
კომენტარები: 1

რელაპარატომია და მასთან დაკავშირებული ეთიკური და დეონტოლოგიური საკითხები

ავტორი: ბ. არჩვაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მარნეულის სარაიონოთაშორისო საავადმყოფო
Professor B. Archvadze, M.D. Marneuli Regional Hospital
Ethic and deontological issues in connection with re-laparotomy

>>  The work presented by the author is of general theoretic character, it does not deal with the reasons for re-laparotomy in certain cases of surgical diseases. In return it gives sufficient coverage of quite an important issue which is in direct connection with the performance of re-laparotomy. It concerns the mistakes which are made by the surgeons during the operation and therefore such mistakes are justly considered in connection with medical ethics and deontology. The author believes that the reason for the doctors’ mistakes lies in their insufficient qualification and considers that such mistakes can be minimized by increasing their professional level. As concerns medical ethics and deontology, for the recovery of the patient it is equally important to observe them properly during the implementation of repeated operations, than other organizational and technical issues.


დასასრული, დასაწყისი იხ. წინა ნომერში

სურათი 1. Consumor aliis inserviendo– ვუნათებ რა სხვას, ვიწვი თავად.

წინა ნომერში ჩვენ შევეხეთ შეცდომებს, რომლებიც გამოწვეული იყო ექიმის უცოდინარობითა და უყურადღებობით. ამგვარი შეცდომების აღრევა იმ შეცდომებში, რომლებსაც ექიმი არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო უშვებს, არ მიგვაჩნია მართებულად. როდესაც საუბარია ექიმის არასაკმარის კვალიფიკაციაზე და თანაც მაშინ, როდესაც ექიმს აქვს საკმარისი სამუშაო სტაჟი და ასაკი, არ შეიძლება, ეს საკითხი არ დავუკავშიროთ ექიმის პროფესიონალიზმს, ვინაიდან მხოლოდ არაპროფესიონალები უშვებენ სავალალო შეცდომებს.
მაინც რა არის ამის მიზეზი? სათანადო თეორიული მომზადების მიუხედავად, რატომ ვერ ხდება ბევრი ქირურგი პროფესიონალი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ არის მარტივი, ვინაიდან პროფესიონალი ექიმის ჩამოყალიბებას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს. ერთი რამ კი ცხადია, რომ პროფესიონალი ვერ ჩამოყალიბდება, თუ ახალგაზრდა ქირურგს არა აქვს კარგი თეორიული მომზადება. შემდგომში პრაქტიკული ჩვევების საკითხი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე და განსაკუთრებით, ქირურგის ჩამოყალიბების სათანადო ბაზაზე, ჩატარებული ოპერაციების რიცხობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. უნდა ითქვას ისიც, რომ ახალგაზრდა ქირურგს გეგმაზომიერი აღზრდა ესაჭიროება, შეუძლებელია ქირურგის ძალზე მოკლე დროში აღზრდა, ვინაიდან ამან შესაძლებელია უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის პროფესიონალად ჩამოყალიბებაზე. ნაადრევად გამოძერწილი ქირურგი შეიძლება ისე განეწყოს, რომ საკუთარ თავში შეუდარებელი პიროვნება აღიქვას და სწორედ ამ დროს დაუშვას საბედისწერო შეცდომა, ტრაგიკული განცდების შედეგად საბოლოოდ განუვითარდეს შიში და შეწყვიტოს აღმასვლა. ქირურგის აღზრდისას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ არის მისი აღმზრდელი. რა კვალიფიკაცია გააჩნია, როგორია მისი მუშობის სტილი, მისი დამოკიდებულება ახალგაზრდა ქირურგისადმი და ა.შ. აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ ქირურგი, გარდა ნიჭიერებისა ხელმარჯვე, უნდა იყოს. ქირურგია დიდი ხელოვნებაა და არ შეიძლება თანაბარი თეორიული მომზადების ქირურგები თანაბარი დონის პროფესიონალები გახდნენ. ბევრ რამეს ქირურგის ოპერაციული ტექნიკა წყვეტს. მარჯვე და მოქნილ ხელებს სასწაულის მოხდენა შეუძლია.
ზემოთ აღნიშნულის შემდეგ საჭიროა მივცეთ განმარტება პროფესიონალს. ვინ არის პროფესიონალი ქირურგი? რით განსხვავდება პროფესიონალი სხვა ქირურგისაგან? კითხვას პასუხი შემდეგნაირად შეიძლება გავცეთ: კვალიფიციურ ქირურგს შეუძლია, ბრწყინვალედ შეასრულოს სტანდარტული ოპერაციები; ის ოპერაციები, რომლებიც დანერგილი და აპრობირებულია წლების მანძილზე; ასევე შეასრულოს მაღალი დონის ოპერაციები, რისი საკმაო გამოცდილებაც გააჩნია ან მის მიერ არის დანერგილი კლინიკაში; ასევე ოპერაციები, რომლებსაც პერიოდულად აკეთებს ის ქირურგიული კოლექტივი, სადაც მას უხდება მოღვაწეობა.
რაც შეეხება პროფესიონალს, მისი მუშაობის სტილი განსხვავებულია. პროფესიონალი ასრულებს ნებისმიერ სტანდარტულ და არასტანდარტულ ოპერაციას, მაგრამ პროფესიონალს ნებისმიერი ოპერაციის შესრულების დროს მასში კორექტივები შეაქვს ამა თუ იმ ეტაპზე. იგი შემოქმედია. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში პროფესიონალის მიერ შესრულებული ერთი და იგივე ოპერაცია ერთმანეთს არ ჰგავს, თუმცა არაპროფესიონალის ხედვით ყველა ერთნაირად გამოიყურება. საერთოდ, არც უნდა ჰგავდეს ერთმანეთს ოპერაციები, ვინაიდან იდენტური არ არის არცერთი პათოლოგია და არც ორგანოების ანატომიურ-ტოპოგრაფიული აგებულება. პროფესიონალი ყოველთვის მიიყვანს ოპერაციას ბოლომდე, ავადმყოფის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე. ერთი სიტყვით, პროფესიონალის მიერ ყოველი სტანდარტული მდგომარეობა განიხილება არასტანდარტულად, ვინაიდან მას, თუნდაც ძალზე მცირე, მაგრამ გარკვეული კორექტივები მაინც შეაქვს ნებისმიერ კლასიკური ვარიანტით წარმოებულ ოპერაციაში. პროფესიონალის ხელში კერვის ტექნიკა დამუშავებულია მაღალ დონეზე. პროფესიონალს შეუძლია, მაგალითად, ნაკერი დაადოს ნაწლავის კედელს და არც ერთხელ არ განჭოლოს მისი სანათური, რასაც არაპროფესიონალი ვერ ახერხებს. პროფესიონალი თითქოს ნელა მუშაობს, მაგრამ ოპერაციას მალე ასრულებს, იმიტომ, რომ მას არა აქვს არცერთი ზედმეტი მოძრაობა. პროფესიონალები ერთეულები არიან, ვინაიდან პროფესიონალი ქირურგის აღზრდას დიდი შრომა სჭირდება.
ახლა რამდენიმე სიტყვით იმ შეცდომების შესახებ, რომლებიც დანაშაულებრივია.
ამგვარი შეცდომები ერთეულია, თუმცა ყველა შეცდომას, რომელიც იწვევს ავადმყოფის სიკვდილს, შეიძლება მიეცეს დანაშაულებრივი შეფასება. მთავარია, რა კუთხით შევხედავთ მას. სხვა საკითხია, როდესაც ექიმი თვითონ სჩადის დანაშაულს და ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებს. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ მცირე საკეისრო კვეთა და ჯანმრთელი ნაყოფის მოცილება, რომელიც არა მარტო მძიმე იურიდიული დანაშაულია, მას შეიძლება მოჰყვეს მძიმე გართულებები და განმეორებითი ოპერაციის აუცილებლობა, ზოგჯერ ლეტალური შედეგიც.
ქირურგის მიერ დაშვებული შეცდომების გარკვეული ნაწილი მიეკუთვნება ისეთ შეცდომებს, რომლებშიც ქირურგს არავითარი ბრალი არ მიუძღვის. ასეთი შეცდომები ზოგჯერ განპირობებულია ქირურგიული მკურნალობის ჩასატარებლად შესაბამისი პირობების არარსებობით. მაგ.: თუ ოპერაციის მიმდინარეობის დროს შეწყდა ელექტროენერგია, ჩაქრა შუქი და ოპერაცია გაგრძელდა არასაკმარისი განათების პირობებში, ადგილი ექნება ოპერაციის შესრულების ტექნიკურ წუნს, რაც გამოიწვევს გაუთვალისწინებელ გართულებებს. ამიტომაც არის, რომ ოპერაციის შესრულების დროს ორგანიზაციულ საკითხებს ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
რელაპაროტომიის წარმოებასთან დაკავშირებით აუცილებელად გადასაწყვეტია მეტად საპასუხისმგებლო საკითხი. კერძოდ ის, თუ ვინ უნდა შეასრულოს რელაპაროტომია. ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის ერთგვარი მოსაზრება: ზოგი თვლის, რომ რელაპაროტომია არ უნდა შეასრულოს იმ ქირურგმა, ვინც ოპერაცია აწარმოა, ზოგს კი საწინააღმდეგო მოსაზრება გააჩნია. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ოპერატორისათვის, მორალური თვალსაზრისით, ძალზე ძნელია განმეორებით მუცლის ღრუს გახსნა, მაგრამ თუ სხვა კუთხით შევხედავთ, ის, ვინც შეასრულა პირველი ოპერაცია, შექმნილ მდგომარეობაში უკეთესად გაერკვევა. მან მეტი იცის იმ პათოლოგიური პროცესების მიმდინარეობის შესახებ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა პირველი ოპერაციის დროს. გარდა ამისა, განმეორებითი ოპერაციის დროს, როდესაც პათოლოგიური პროცესები გაღრმავებულია, რთულია, სხვა გაერკვეს ყოველივე იმაში, რასაც შეძლებს თავად ოპერატორი. რელაპაროტომიის დროს საჭიროა იმის გარკვევა, თუ რატომ გართულდა დაავადება, ეს იყო ქირურგიული შეცდომით გამოწვეული გართულება თუ პირველადი პროცესების გაღრმავება. მაგ.: მწვავე პერიტონიტის შემდეგ ყველა გატარებული ღონისძიების მიუხედავად, მაინც არ მოხდა პროცესის ალაგება და ასეთი გართულების მიზეზი უნდა ვეძებოთ არა ქირურგიულ შეცდომებში, არამედ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის თავისებურებებში, ან კიდევ ჩატარებული მედიკამენტოზური მკურნალობის არასრულფასოვნებაში. მსგავს შემთხვევაში ვინ შეასრულებს ოპერაციას – ოპერატორი, თუ სხვა ქირურგი – არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია ქირურგი იყოს გამოცდილი და კარგად ერკვეოდეს ტაქტიკურ საკითხებში. სულ სხვაგვარად დგას საკითხი მაშინ, როდესაც ქირურგის მიერ დაშვებულია შეცდომები ოპერაციის ტექნიკური და ტაქტიკური უცოდინარობის გამო. ასეთ შემთხვევაში იმის გადაწყვეტა, თუ ვინ უნდა შეასრულოს ოპერაცია, დამოკიდებულია გართულებათა სახეობაზე. ყველა შემთხვევაში რელაპარატომია უმჯობესია შეასრულონ მაღალკვალიფიციურმა ქირურგებმა, იქნება ეს ოპერატორი თუ კლინიკის სხვა ქირურგი. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საჭიროა ვიცოდეთ ისიც, რომ თუ კლინიკაში არის უფრო გამოცდილი ქირურგი, ვიდრე ოპერატორი, უმჯობესია რელაპარატომია შეასრულოს მან ან, ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს, როგორც პირველმა ასისტენტმა. ყველაზე ცუდია ისეთი შემთხვევა, როდესაც რელაპარატომიის წარმოება გარდაუვალია და ოპერაცია ავტორიტეტულმა ქირურგმა გააკეთა, მაგრამ ის არაადექვატურად აფასებს შექმნილ სიტუაციას, მოულოდნელი გართულების გამო ემჩნევა ფსიქოლოგიური გაუწონასწორებულობა, იწყებს ნაკლებად მოტივირებულ მსჯელობას შექმნილი სიტუაციის თაობაზე, გაურბის სხვის აზრს და მიჰყავს ავადმყოფი ხანგრძლივი დაკვირვების პერსპექტივისკენ. ამავე დროს, მისი ავტორიტეტის გამო, ყველა ერიდება გადამწყვეტი სიტყვის თქმას, თუმცა ყველა თვლის, რომ უმჯობესია, სხვამ შეასრულოს ოპერაცია.
ასეთ ვითარებაში ქირურგიულმა კოლექტივმა უნდა გამოავლინოს ძლიერი ნებისყოფა, შერბილებულ ფორმებში დააყენოს ოპერაციის სწორი წარმართვის საკითხი და თუ ამჩნევს, რომ წინააღმდეგობას აწყდება, უმჯობესია საკითხი კლინიკის მიღმა, სხვა სპეციალისტის მოწვევის საკითხი დადგეს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ავადმყოფის სიცოცხლე მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება მიიღოს ზერელე გადაწყვეტილებები. ამდენად, ავადმყოფის სიცოცხლეზე პასუხისმგებელია არა მარტო ის, ვინც აკეთებს ოპერაციას, არამედ კლინიკის მთელი კოლექტივი.
ზოგს შეიძლება პარადოქსულად მოეჩვენოს ის, რომ არის შემთხვევები, როდესაც რელაპაროტომიის წარმოებაზე ავადმყოფი თანახმაა, მაგრამ მას სურს ოპერაცია შეასრულოს იმავე ქირურგმა, რომლის შეცდომის გამოც საჭირო ხდება რელაპაროტომიის წარმოება. ასეთ პირობებში ქირურგმა თვითონ უნდა დაარწმუნოს ავადმყოფი, რომ უმჯობესია, ოპერაცია შეასრულოს მასზე გამოცდილმა ქირურგმა. თუ მისმა ახსნამ შედეგი ვერ გამოიღო, რა გაეწყობა, ოპერაციას თავად შეასრულებს გამოცდილი ქირურგის თანდასწრებით. ასეთ პირობებში არ შეიძლება ავადმყოფის მოტყუება, მან უნდა იცოდეს, თუ ვინ უკეთებს ოპერაციას. აუცილებელია, მოვიქცეთ ავადმყოფის სურვილისამებრ. რასაკვირველია, ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ექიმს აქვს საკმარისი გამოცდილება და მუშაობის 10 წლის სტაჟი მაინც.
ზოგჯერ მძიმე ოპერაციის შესრულება უხდება ნაკლებად გამოცდილ ქირურგს, თანაც, როგორც უკვე აღინიშნა, ამგვარი ოპერაციის შესრულება ზოგჯერ იძულებითია, ვინაიდან ავადმყოფის მძიმე მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ოპერაცია შეასრულოს გამოცდილმა ქირურგმა. ასეთი შემთხვევის შემდეგ, თუ საჭირო შეიქმნა რელაპარატომია, იმავე ქირურგის მიერ მისი შესრულება ყოვლად დაუშვებელია, ვინაიდან რელაპაროტომია არ არის ისეთი სახის ოპერაცია, რომლის ჩვენებაც რამდენიმე წუთში ან თუნდაც საათში იყოს გადასაწყვეტი. ამიტომ რელაპაროტომიის შესრულება შესაძლებელია ნებისმიერ ქირურგიულ კლინიკაში ან განყოფილებაში, მაღალკვალიფიციური ქირურგის მიერ.
რელაპაროტომიის შესრულებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სუბიექტურ ფაქტორს. ეს ეხება ავადმყოფისა და მისი ნათესავების განწყობას როგორც რელაპაროტომიის, ასევე მისი შემსრულებლის მიმართ. ძალიან რთულია, როდესაც ავადმყოფს ესაჭიროება რელაპაროტომია და ან ავადმყოფი ან მისი ნათესავები უარს აცხადებენ მის წარმოებაზე. ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში საჭიროა დავადგინოთ, ჰყავს თუ არა ავადმყოფს ნათესაობაში პროფესიით ექიმი და თუ ასეთი აღმოჩნდა, როგორმე უნდა შევძლოთ მისი მოწვევა და ამ პიროვნების დახმარებით მოვახერხოთ ავადმყოფის და მისი ნათესავების თანხმობის მიღება. თუ ამგვარი საშუალება არ არსებობს, ყოველნაირად უნდა შევეცადოთ მათ დაყოლიებას. ასეთ შემთხვევებში საჭიროა მაღალი ეთიკური თვისებების გამოვლენა. საუბარი ნათესავებთან უნდა მიმდინარეობდეს ძალზე შერბირებული ტონით, მათ არ უნდა მოვუსპოთ ავადმყოფის გადარჩენის იმედი. ამავე დროს არც ისე უნდა დაიმედდეს ავადმყოფი, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში მის ნათესავებს ექიმის მიმართ გადაჭარბებული პრეტენზიები გაუჩნდეთ, ვინაიდან ყოველთვის როდია შესაძლებელი მძიმე ავადმყოფის გადარჩენა. პაციენტთან საუბრისას აუცილებელია, რომ საუბარში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ექიმები, რომლებსაც აქვთ წყნარი, დამაჯერებელი, თბილი საუბრისა და კომფორტული ატმოსფეროს შექმნის უნარი. როგორც წესი, დიდი მონდომების წყალობით თითქმის ყოველთვის არის შესაძლებელი ავადმყოფის ნათესავების ოპერაციაზე დაყოლიება.
სტატიის დასასრულს მინდა შევეხო ერთ მეტად მტკივნეულ საკითხს, რომელიც ეხება ექიმის მიერ ეთიკური და დეონტოლოგიური პრინციპების დარღვევას: არცთუ იშვიათია, როდესაც მკურნალობის გაგრძელების მიზნით ავადმყოფი გადაჰყავთ ერთი სამკურნალო დაწესებულებიდან მეორეში, ზოგჯერ განმეორებითი ოპერაციის წარმოების მიზნითაც. ძირითადად ხდება პერიფერიებიდან ცენტრალურ ქირურგიულ დაწესებულებებში გადაყვანა. სწორედ ასეთ შემთხვევებში, ზოგჯერ ადგილი აქვს ექიმების მხრიდან ეთიკური და დეონტოლოგიური ნორმების უხეშ დარღვევას. ზოგი ექიმი გასინჯვისთანავე ავადმყოფისა და ნათესავების თანდასწრებით დაუფიქრებლად აცხადებს: „ეს რა გაუკეთებიათ? ეს ვინ გააკეთა? რა უფლება ჰქონდათ ამის გაკეთების?“ უფრო მეტიც, ზოგი დააყოლებს – „მოუკლავთ კაცი და ჩვენ რაღა უნდა ვუშველოთო“ და ა.შ. სწორედ ამგვარი დაუფიქრებელი საუბრის შემდეგ იწყება ავადმყოფის გულშემატკივრების მხრიდან დაუსრულებელი საჩივრები, რაშიც ერთვება სამართალდამცავი ორგანოები და ექიმის მიერ დაშვებულ შეცდომებს სამწუხაროდ ეძლევა დანაშაულებრივი ხასიათი. არადა ზოგჯერ ძალიან ძნელია, გაავლო ზღვარი შეცდომებსა და კანონზომიერ გართულებებს შორის. დღეს, როდესაც სხვადასხვა გართულებების გამო არაერთი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ეთიკური და დეონტოლოგიური ნორმების დაცვას უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება, ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს სამედიცინო ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ასოციაციები, თორემ თუ ვითარება არ შეიცვალა, ჰიპოკრატეს ფიცში ჩამოყალიბებული დებულებებიდან აღარაფერი დაგვრჩება.
ის, რაც ნაშრომშია წარმოდგენილი, ძირითადად ჩემი პირადი შეხედულებებიდან გამომდინარეობს და ნაკარნახევია მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. თუ მკითხველს ექნება განსხვავებული მოსაზრება და არ დაეთანხმება ზოგიერთ საკითხს, ეს ჩვეულებრივი ჯანსაღი მოვლენაა და, შეიძლება, ზოგ საკითხში მეტი ჭეშმარიტებაც აღმოვაჩინოთ. მთავარია ყოველივეს რეალური აღქმა, რეალობას კი ვერსად გავექცევით.

ლიტერატურა

ნანახია: 2144 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 11

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269689


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.