პალიატიური მედიცინა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

NOTA BENE

კვლევა

გაიდლაინი

პრეს–რელიზი

სიახლეები

ახალი მეთოდები

მიმოხილვა

CASE REPORT

კლინიკური კვლევა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



მორფინი [5.00]

საზარდულის თიაქრების ღია პროთეზირებადი პლასტიკის ალტერნატივა – დესარდას მეთოდი [5.00]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [5.00]

E ვიტამინის შემცველი კონტაქტური ლინზები გლაუკომის სამკურნალო [5.00]

მილდრონატი®-ს ეფექტურობა სტენოკარდიის მკურნალობის დროს სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში [5.00]


პრაქტიკული რჩევები პალიატიური მედიცინით დაკავებულ ექიმებს [14519]

მოზრდილთა წელის ტკივილი [14484]

პერინატალური ინფექციები [12995]

ეთიკა ონკოლოგიაში [11063]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [9944]


თემების რაოდენობა: 24
კომენტარები: 1

მე სისხლის უანგარო დონორი ვარ... შენ?

ავტორი: ნ. გაფრინდაშვილი, სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „თანამედროვე მედიცინა“
N. Gaprindashvili, Medical Scientific Practical Journal Tanamedrove Meditsina
I am voluntary blood donor... and YOU?

>>  სისხლის დონაცია არის პროცესი, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი გასცემს სისხლს. განვითარებულ მსოფლიოში დონორების უმეტესობა საკუთარ სისხლს გასცემენ სრულიად უანგაროდ, უსასყიდლოდ, ხოლო განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში სისხლის არასაკმარისი მარაგის გამო. პოტენციური დონორი აუცილებლად უნდა შემოწმდეს, თუ რამდენად უსაფრთხოა მისი სისხლი. სკრინინგი მოიცავს ტესტირებას ისეთ დაავადებებზე, რომელთა ტრანსმისიაც შესაძლებელია სისხლის ტრანსფუზიის შედეგად. აუცილებელია, ასევე თავად დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ანამნეზის შეკრების საფუძველზე, რათა დადგინდეს, რომ დონაციის პროცესი მისთვისაც სრულიად უსაფრთხო იქნება. სისხლის დონაციის ინტერვალი მერყეობს რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე და დამოკიდებულია იმაზე, თუ სისხლის რომელი კომპონენტის დონაცია ხდება და ასევე რეგულირდება ადგილობრივი კანონმდებლობით. მაგ., აშშ-ში ინტერვალი უნდა მოიცავდეს მინიმუმ 8 კვირას (56 დღე) სისხლის მთლიანი დონაციისას, თრომბოციტული მასის დონაციებს შორის კი სამდღიანი ინტერვალიც საკმარისია. რაც შეეხება რაოდენობას, აქაც განსხვავებაა, თუმცა უმეტესწილად მაქსიმუმი 450მლ-ია (დაახლოებით ერთი ამერიკული პინტი) ერთ ჯერზე.
A blood donation occurs when a healthy person voluntarily has blood drawn. In the developed world, most blood donors are unpaid volunteers who give blood for a community supply. In poorer countries, established supplies are limited and donors usually give blood when family or friends need a transfusion. Many donors donate as an act of charity, but some are paid and in some cases there are incentives other than money such as paid time off from work. A donor can also have blood drawn for their own future use. Donating is relatively safe. Potential donors are evaluated for anything that might make their blood unsafe to use. The screening includes testing for diseases that can be transmitted by a blood transfusion, including HIV and viral hepatitis. The donor is also asked about medical history and given a short physical examination to make sure that the donation is not hazardous to his or her health. How often a donor can give varies from days to months based on what he or she donates and the laws of the country where the donation takes place. For example, in the United States donors must wait 8 weeks (56 days) between whole blood donations but only three days between plateletpheresis donations. The amount of blood drawn and the methods vary, but a typical donation is 450 milliliters (or approximately one US pint) of whole blood.




დადგენილია, რომ უანგარო (უგასამრჯელო) დონორი ანაზღაურებადი დონორისაგან განსხვავებით არის უსაფრთხო სისხლის გარანტი, რადგანაც ის მოტივირებულია პაციენტის დახმარებაზე, მის ინტერესში არ შედის მატერიალური ანაზღაურება, ამიტომ ის არ მალავს გადატანილ თუ არსებულ დაავადებებს, რითაც ამცირებს რეციპიენტის დასნებოვნების მაღალ რისკს.

დონაციის ტიპები
სისხლის დონორებს რამდენიმე ჯგუფად ყოფენ იმისდა მიხედვით, თუ რაში გამოიყენება მათი სისხლი და ვინ იქნება რეციპიენტი. ალოგენური, ანუ ჰომოლოგიური დონაციის შემდეგ სისხლს ინახავენ სისხლის ბანკში ტრანსფუზიისათვის უცნობი რეციპიენტისათვის. პირდაპირი დონაციის დროს კი სისხლის გაცემა ხდება განსაზღვრული პიროვნებისათვის და უხშირესად დონორი და რეციპიენტი ოჯახის წევრები ან ახლობლები არიან ერთმანეთისათვის. პირდაპირი დონაცია საკმაოდ იშვიათია განვითარებულ ქვეყნებში. ჩანაცვლებით დონორს წარმოადგენს ჰიბრიდი, რომელიც ძალზედ ხშირია განვითარებად ქვეყნებში, მაგ., განაში, როდესაც რეციპიენტის მეგობარი, ან ოჯახის წევრი სისხლს გასცემს, რათა შეივსოს სისხლის ბანკში მარაგის ის დანაკლისი, რომლის დახარჯვაც მოხდა აღნიშნული რეციპიენტის ჰემოტრანსფუზიის დროს. აუტოდონაციის დროს ხდება პაციენტის სისხლის წინასწარ შენახვა, რომელსაც მოგვიანებით გამოიყენებენ საჭიროების მიხედვით, მაგ., ქირურგიული ჩარევის დროს.
აღნიშნული პროცესი რეგულირდება ქვეყნების ადგილობრივი კანონმდებლობისა და დონორული ორგანიზაციების მიერ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასეთი დონორული ორგანიზაციებისათვის იძლევა რეკომენდაციებს, თუმცა განვითარებადი ქვეყნების უმეტესობა აღნიშნულ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, იმის გამო, რომ დონაციისათვის განკუთვნილი სისხლის გამოკვლევა მოითხოვს ლაბორატორიულ დანადგარებს, გამოცდილ კადრს და სპეციალურ რეაგენტებს, რომელიც აღნიშნული ქვეყნებისათვის ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის სიძვირის გამო.
სისხლის, თუნდაც უანგარო, დონაციის დროს აუცილებელია პაციენტის თანხმობა. არასრულწლოვანს მშობლის თანხმობის გარეშე სისხლის გაღების უფლება არ აქვს. დონაციის დროს ზოგჯერ იცავენ ანონიმურობას, თუმცა აშშ-ში აუცილებელია ბლანკში სახელისა და გვარის მითითება. აღნიშნული „გამოუსადეგარი“ დონორების სიის დასადგენადაა საჭირო. თუ დონორი უარს აცხადებს ვინაობის გამჟღავნებაზე, მაშინ ხდება მისი დაყოვნება და ეძლევა დრო დონაციის პროცესში მოგვიანებით ჩასართავად.
ისტორიულად, წლების წინ, დონორების დაყოფა ხდებოდა რასის, რელიგიისა და ეთნიკური ნიშნის მიხედვით. დღესდღეობით ეს ასე არაა, თუმცა ზოგჯერ წარმოშობისა და ეთნიკურობის ცოდნა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ ეს ეხება სისხლის იშვიათ, ნაკლებად გავრცელებულ ჯგუფებს, რადგანაც სხვადასხვა რელიგიის ადამიანებში მათი გავრცელების სიხშირე განსხვავებულია.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გართულების თავიდან ასაცილებლად, ხშირად დონორობაზე უარს ეუბნებიან ასაკოვან პაციენტებს. არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა ორსული ქალის დო­ნო­რო­ბა, ამიტომაც ისინიც ამოირიცხებიან დონორების სიიდან.

რეციპიენტისა და დონორის უსაფრთხოება
დონორის სისხლი ზოგჯერ არც თუ ისე უსაფრთხოა რეციპიენტისათვის და შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. დონორის სისხლი მოწმდება ისეთ დაავადებებზე, რომელიც სისხლის გზით გადაეცემა: აივ-ინფექცია, მალარია, ვირუსული ჰეპატიტები. აუცილებელია, რომ დონორმა კითხვარის საშუალებით გასცეს პასუხები ისეთ სპეციფიკურ შეკითხვებზე, როგორიცაა: უმოგზაურია თუ არა საზღვარგარეთ, რათა გამოირიცხოს მალარიისა და კრუცფელდ-იაკობსის დაავადების არსებობა, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს იღებს თუ არა რაიმე მედიკამენტს დონორი. თავის მხრივ, დონორის უსაფრთხოებაზე ზრუნვაც აუცილებელია. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ სისხლის დანაკარგი მას საფრთხეს არ შეუქმნის. სწორედ ამიტომ აუცილებელია ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის განსაზღვრა, პულსის, არტერიული წნევის, სხეულის ტემპერატურის მონიტორინგი.

აღებული სისხლის შემოწმება
ტრანსფუზიისათვის გამოსაყენებელი სისხლი პირველ რიგში სისხლის ჯგუფსა და რეზუსზე მოწმდება. მეორე ეტაპი სხვადასხვა დაავადებებზე შემოწმებაა. როგორც წესი, დონორის სისხლის შემოწმების უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლი ოთხი ჯანმო-ს მიერ მოწოდებული მინიმუმია:
• B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენი;
• ანტისხეულები C ჰეპატიტზე;
• ანტისხეულები აივ-ზე, 1 და 2 სეროტიპი;
• სეროლოგიური ტესტი სიფილისზე.
თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 124 ქვეყნიდან 56 ყოველთვის არ ითვალისწინებს ამ მოთხოვნას და სისხლის შემოწმება არ ხდება ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებებზე.
იმის მიუხედავად, რომ ტესტირებისას უმეტესწილად საკმაოდ მაღალმგრძნობიარე მეთოდები გამოიყენება, ცრუ-დადებით და ცრუ-უარყოფით შედეგები მაინც არსებობს. ცრუ-უარყოფითი შედეგი საკმაოდ იშვიათია, მაგრამ საბედისწეროა, რადგანაც ეს ნიშნავს კონტამინირებული სისხლის გადასხმას და რეციპიენტის დასნებოვნებას.
დამატებითი ტესტირება სხვა დაავადებებზე სავალდებულო არაა და პირადი ან ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად ხდება საჭიროებისდა მიხედვით, რადგანაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

წამახალისებელი ღონისძიებები
1997 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სისხლის დონორებს შესთავაზა, რომ თავისი საქმიანობა ანაზღაურების გარეშე ეწარმოებინათ და უანგაროდ ექციათ, თუმცა 2006 წლისათვის 124 ქვეყნიდან მხოლოდ 49-ში მიიღეს ეს, როგორც სტანდარტი. აშშ-ში პლაზმაფერეზისათვის გამოსაყენებელი სისხლის დონორება ჯერ კიდევ ანაზღაურებადია. თუმცა ზოგიერთი ქვეყანა მაინც ანაზღაურებად დონორებს ეყრდნობა, რათა შეავსონ საჭირო სისხლის მარაგი, ზოგიერთმა კი, როგორიცაა მაგ. ტანზანია, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია უანგარო დონაციის საკითხში და თუ 2005 წლისათვის მათი დონორების სრული რაოდენობის მხოლოდ 20% იყო უანგარო, 2007 წლისათვის ეს მაჩვენებელი უკვე 80%-მდე გაიზარდა. ასეთი მაგალითები მსოფლიოში სამწუხაროდ არც თუ ისე ბევრია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებით 124 ქვეყნიდან 68-მ ან საერთოდ არ განიცადა პროგრესი ამ საკითხში, ან მხოლოდ უმნიშვნელოდ. ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა მაგ. ბრაზილია, არა მხოლოდ სისხლის, არამედ ნებისმიერი ქსოვილის დონაცია დანაშაულად და არალეგალურად ითვლება, თუ მასში ფულადი ან სხვა სახის კომპენსაციაა მიღებული.
აშშ-ში სისხლის ბანკები ვალდებული არიან თერაპიული დონორისგან მიღებულ სისხლს მიაკრან შესაბამისი ეტიკეტი, სადაც დეტალურად აღწერილია სისხლის მდგომარეობა, ამის გამო ხშირია უარი დონაციაზე ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისათვის. ავსტრალიის წითელი ჯვრის სისხლის სერვისი ჰემოქრომატოზით დაავადებული დონორების სისხლსაც კი იბარებს; იმის მიუხედავად, რომ ეს გენეტიკური დაავადებაა, ის არ იწვევს დონაციისათვის გამოსაყენებელი სისხლის უსაფრთხოების შეცვლას. იტალიაში უანგარო დონორს დონაციის დღეს სამსახურში ანაზღაურებად თავისუფალ დღეს აძლევენ. უანგარო დონორების წახალისებაზე ზრუნავს არა მხოლოდ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ ის ცენტრები და ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ დონაციის კამპანიას და წამახალისებელი საშუალებებიც განსხვავებულია. საჩუქრები ძირითადად სიმბოლურია და მოიცავს: უფასო მაისურებს, პირველადი დახმარების გაწევისათვის საჭირო აღჭურვილობებს, კალმისტრებს და სხვ. თუმცა, უანგარო დონორების უმეტესობა სულაც არ ფიქრობს წახალისებაზე და არანაირი სარგებლის მიღებაზე არ არის ორიენტირებული.
სისხლის დონაცია ზოგჯერ დონორისთვისაც სასარგებლო პროცესია. კერძოდ, რკინის ჭარბი დაგროვებისას სისხლში, უკანასკნელის გაცემა ამცირებს ტოქსიური ნივთიერებების აკუმულაციის საფრთხეს, მამაკაცებში ამცირებს, აგრეთვე, კარდიოლოგიური დაავადებების რისკს.

რას ნიშნავს „დისკვალიფიცირებული“ დონორი?
დისკვალიფიკაცია დონორს, შესაძლოა, მრავალი მიზეზის გამო მისცენ, რაც გულისხმობს იმას, რომ მას არ შეუძლია ჩააბაროს სისხლი ან გარკვეული დროის განმავლობაში, ან სამუდამოდ. ასეთი დონორი ავტომატურად შედის „დისკვალიფიცირებული“ დონორების სიაში საიდენტიფიკაციო ნიშნების წესის სრული დაცვით. ასეთი სიები იგზავნება სისხლის ჩაბარების ყველა პუნქტში და იმ შემთხვევაში, თუ დონორი შეეცდება დისკვალიფიკაციის დროის გასვლამდე ჩააბაროს სისხლი, მიიღებს ავტომატურ უარს.
რა შეიძლება გახდეს „დისკვალიფიკაციის“ მიზეზი:
•თუნდაც ერთხელ ი/ვ არალეგალური ნარკოტიკული საშუალების გამოყენება;
• მამაკაცის სქესობრივი კონტაქტი მამაკაცთან (1977 წელს მიღებული კანონით);
• სისხლის შედედების ფაქტორ-კონცენტრატების თუნდაც ერთხელ გადასხმა;
• პოზიტიური აივ-ინფექცია (შიდსი);
• შეხება პროსტიტუციასთან ან არალეგალურ ნარკოტიკებთან (1977 წელს მიღებული კანონით);
• B და C ჰეპატიტი;
• ფსორიაზის გამო ტეგისონით ჩატარებული მკურ­ნალობა;
• კრუცფელდ-იაკობსის დაავადების რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტი;
• ის, ვინც 1980 წლიდან 1996 წლამდე სამი და მეტი თვის განმავლობაში იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში;
• ის, ვინც 1980 წლიდან დღემდე ტრანსფუზიისათვის მიიღო სისხლი საფრანგეთში ან დიდ ბრიტანეთში;
• ის, ვინც ევროპის რეგიონში 1980 წლიდან დღემდე გაატარა ხუთი წელი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დონორთა კლუბი“
უანგარო დონორობის აღორძინებისათვის ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო. ამ მიზნით 2008 წელს საქართველოში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „დონორთა კლუბი“, რომელიც საქართველოში მუშაობს უანგარო (უგასამრჯელო) დონორობის განვითარება-პოპულარიზაციაზე, დონორთა უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე. ეს მიზანი ხორციელდება დონორთა კლუბის ქსელის გაფართოებით, პერმანენტული საგანმანათლებლო და პრაქტიკული მუშაობის ჩატარებით უანგარო დონორობის განვითარებასთან დაკავშირებით და კონტაქტების განვითარებით საერთაშორისო პარტნიორულ ორგანიზაციებთან. დონორთა კლუბი მუშაობს უანგარო დონორთა მონაცემთა ბაზის შექმნასა და განვითარებაზე.
„დონორთა კლუბის“ დამფუძნებლები არიან: სულხან აბუსერიძე, ზურაბ გოგაძე, ლევან ბახუტაშვილი, გიორგი გაფრინდაშვილი, მიხეილ დიაკონიძე, ზურაბ ჯაფარიძე, ჯაბა ჯირკველიშვილი, თეკლა გვანცელაძე. საპატიო პრეზიდენტია: ზურაბ რობაქიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის კონსულტანტი.
დონორთა კლუბმა მიზნად დაისახა სისხლის დეფიციტის აღმოფხვრა. ამ მიმართულებებით კლუბის მესვეურებმა აქცენტი გააკეთეს ახალგაზრდებზე, განსაკუთრებით სტუდენტებზე, რადგანაც სტუდენტები ჩვენი საზოგადოების ყველაზე ჯანსაღი, მოტივირებული და აქტიური ფენაა. ეს მეთოდი აპრობირებულია დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ანალოგიური პრობლემების გადაჭრა სწორედ მსგავსი ორგანიზაციების მეშვეობით ხდება. მათ ხელს უწყობს ადგილობრივი ხელისუფლების ჯანდაცვის სფეროში სწორად წარმოებული პოლიტიკა. ამის საუკეთესო მაგალითებია: ესპანეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და სხვ.

• აშშ-ში სისხლის პირველი ბანკი 1937 წელს დაარსდა ჩიკაგოში Cook County-ის საავადმყოფოს ბაზაზე, მას შემდეგ დონაციის პროცესში აქტიურადაა ჩართული მთელი ქვეყანა და შეგროვილი სისხლის მთლიანი მოცულობის რეგიონების 75%-ზე მოდის. 1992 წელს აშშ–ში 13,588,000 ერთეული სისხლი შეგროვდა.
• ბლადმობილი – ეს არის სისხლის დონაციის მოძრავი ცენტრი, უმეტესწილად ავტობუსი,რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო დანადგარითა და ნივთით, რომელიც გამოიყენება სისხლის აღების დროს. ძალზედ მოსახერხებელი საშუალებაა აქციების დროს მასობრივად სისხლის ასაღებად კოლეჯებში, უნივერსიტეტებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებს შორის გადასაადგილებლად.

კანონი სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ
საქართველოში სისხლისა და მისი კომპონენტების დონაცია ხორციელდება 1995 წლის 21 მარტს მიღებული კანონმდებლობის თანახმად, რომელიც ითვალსწინებს:
• სახელმწიფო უზრუნველყოფს დონორის უფლებრივ გარანტიებს და მისი ჯანმრთელობის დაცვას, აგრეთვე აწესებს შეღავათებს;
• დონორს უფლება აქვს თავისი სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ნებისმიერ დღეს წავიდეს სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გამოსაკვლევად და სისხლის ჩასაბარებლად;
• დონორს უფლება აქვს სისხლის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამატებითი დასვენების დღე და გამოიყენოს იგი სისხლის გაღების მეორე დღეს. მას შეუძლია ეს დღე დაუმატოს მორიგ შვებულებას ან ისარგებლოს ამ დღით სხვა დროს სისხლის გაღებიდან ერთი წლის განმავლობაში;
• სამხედრო მოსამსახურე დონორი სისხლისა და მისი კომპეტენტურობის გაღების დღეს თავისუფლდება განწესის, გუშაგობის და სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულებისაგან;
• მეორე და პირველი კატეგორიის დონორის წოდებას ანიჭებს საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო სისხლის გადასხმის დაწესებულებათა წარდგინების საფუძველზე;
• დამსახურებული დონორის წოდებას ანიჭებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარდგინებით;
• აღნიშნული შეღავათები ვრცელდება იმ დონორებზე, რომელთაც სისხლი ან პლაზმა ჩაბარებული აქვთ ამ კანონის მიღებამდე.

დონორთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა ლექცია–სემინარები და ტრენინგები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სახელწოდებით „უანგარო დონორობა და მისი განვითარების გზები“. ასევე გაიმართა თეატრალიზირებული PR–აქციები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ყველა ამ ღონისძიების დროს ხდებოდა საზოგადოების ინფორმირება დონორობის უსაფრთხოებისა და აუცილებლობის შესახებ. ყველა დასმულ შეკითხვას პასუხობდნენ კომპეტენტური და კვალიფიციური პირები, რომლებიც მომზადებული იყვნენ წამყვანი ტრანსფუზიოლოგების მიერ. ამ ღონისძიებების მოწყობასა და ორგანიზებაში „დონორთა კლუბმა“ ჩართო რამოდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, სხვადასხვა სამედიცინო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები და კერძო კომპანიები. აღნიშნულმა ღონისძიებებმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია მიზნობრივ ელექტორატში. ამის დადასტურება იყო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში მოწყობილი სისხლის გაღების დღე, რომელშიც ასეულობით სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რამაც გარკვეული დროით შეავსო სისხლის დეფიციტი. ეს არის იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალი, რასაც არასამთავრობო ორგანიზაცია „დონორთა კლუბი“ ახორციელებს ორი წლის განმავლობაში.
„დონორთა კლუბს“ აქვს კარგად გაწერილი სამოქმედო გეგმა, ჰყავს 500–ზე მეტი რეგულარული დონორი, რომლებიც წელიწადში მაქსიმუმ 1500-2000 დონაციას ახორციელებენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2005 წლის სტატისტიკური მონაცემებით სისხლის უანგარო დონორობაზე მოდიოდა 0% და მოსახლეობის ინფორმირება თითქმის არ არსებობდა. ამ ეტაპზე კლუბი აქტიურად თანამშრომლობს თბილისსა და ქუთაისში არსებულ სისხლის იმ ბანკებთან, რომლებიც მუშაობენ ჯანმო–ს მიერ მოწოდებულ საერთაშორისო რეკომენდაცაბზე დაყრდნობით, გახსნილია ფილიალები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სოხუმისა და აგრარულ უნივერსიტეტებში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. უნივერსიტეტში.
2009 წლის თებერვლიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ნორვეგიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით დაიწყო სისხლის უსაფრთხო და უსასყიდლო დონაციის პროექტის განხორციელება, პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდებში უსაფრთხო და უსასყიდლო სისხლის დონაციის შესახებ ცოდნის დონის ამაღლებას.

• სისხლის უანგარო დონორობა სისხლის უსაფრთხოების უპირველესი გარანტიაა.
• თქვენს მიერ გაცემულმა სისხლმა შეიძლება სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნას.
•  სისხლის დონორობა არამარტო უსაფრთხო, არამედ სასარგებლოცაა ჯანმრთელობისთვის.
• სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18–დან 65 წლამდე.
• განმეორებით დონორობა დასაშვებია მხოლო ორ თვეში ერთხელ.
• სისხლის დონორმა დონაციის ანკეტაში შეტანილ ყველა შეკითხვას გულახდილად უნდა გასცეს პასუხი.
• თუ რომელიმე შეკითხვაზე არ ან ვერ გასცემს პასუხს უმჯობესია სისხლი საერთოდ არ ჩააბაროს.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად ჩვენს ქვეყანას წელიწადში ესაჭიროება 50000 სისხლის დონაცია, ამჟამად კი მხოლოდ 25000 სისხლის დონაცია ხორციელდება წელიწადში.

ლიტერატურა

ნანახია: 5831 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 11

თქვენ ხართ სტუმარი No: 1286566


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.