პალიატიური მედიცინა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

NOTA BENE

კვლევა

გაიდლაინი

პრეს–რელიზი

სიახლეები

ახალი მეთოდები

მიმოხილვა

CASE REPORT

კლინიკური კვლევა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



მორფინი [5.00]

საზარდულის თიაქრების ღია პროთეზირებადი პლასტიკის ალტერნატივა – დესარდას მეთოდი [5.00]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [5.00]

E ვიტამინის შემცველი კონტაქტური ლინზები გლაუკომის სამკურნალო [5.00]

მილდრონატი®-ს ეფექტურობა სტენოკარდიის მკურნალობის დროს სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში [5.00]


მოზრდილთა წელის ტკივილი [14235]

პრაქტიკული რჩევები პალიატიური მედიცინით დაკავებულ ექიმებს [13484]

პერინატალური ინფექციები [12741]

ეთიკა ონკოლოგიაში [10746]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [9676]


თემების რაოდენობა: 24
კომენტარები: 1

მორფინი

ავტორი: მიხეილ ბულგაკოვი
რუსულიდან თარგმნა დ.ჯიქიამ


ჭკვიან ხალხს არაერთხელ უთქვამთ, რომ ბედნიერება – ჯანმრთელობასავითაა: როცა სახეზეა, ვერ ამჩნევ. გაივლის წლები და, როგორ იხსენებ ბედნიერებას, ოჰ, როგორ იხსენებ!
მე რაც შემეხება, მე, როგორც ახლა გაირკვა, ბედნიერი 1917 წელს ვიყავი, ზამთარში. დაუვიწყარი, ქარბუქიანი, თავბრუდამხვევი წელი!
ამოვარდნილმა ქარბუქმა ამიტაცა, როგორც გაზეთის ნაგლეჯი, და მიყრუებული უბნიდან სამაზრო ქალაქში გადამისროლა. დიდი ამბავია, სამაზრო ქალაქი? მაგრამ თუკი ვინმეს, ჩემსავით, წელიწადნახევარი, ყოველი დღე, ზამთარში – თოვლში, ზაფხულში კი მკაცრ და უსიერ ტყეებში გაუტარებია, თუკი ვინმეს წინა კვირის გაზეთის ბანდეროლი ისეთი გულისფანცქალით გაუხსნია, თითქოს საყვარლის ცისფერი კონვერტი, თუკი ვინმეს მშობიარობის მისაღებად 18 ვერსი ცხენებით წალიკ-წალიკ შებმულ მარხილში გაუვლია, ის, ალბათ, გამიგებს.
ძალზე მოხერხებული რამაა ნავთის ლამპა, მაგრამ მე ელექტროობას ვუჭერ მხარს!
და აი, მე ისინი კვლავ ვიხილე, მომხიბვლელი ელექტრონათურები! ქალაქის მთავარი ქუჩა, გლეხური მარხილებით კარგად დატკეპნილი, ქუჩა, რომელზეც თვალწარმტაცად ჩამოკიდებულა – ჩექმებიანი აბრა, ოქროს კრენდელი, წითელი დროშები, ღორისთვალა და თავხედური მზერის ახალგაზრდა კაცის გამოსახულება, რომელსაც აბსოლუტურად არაბუნებრივი ვარცხნილობა აქვს, რაც ნიშნავს, რომ მინის კარებს მიღმა განთავსებულია ადგილობრივი დალაქი, რომელიც ოცდაათ კაპიკად ნებისმიერ დროს მზადაა გაგპარსოთ, დღესასწაულების გარდა, რომლებიც უხვადაა ჩემს სამშობლოში.
დღემდე ჟრუანტელი მივლის დალაქის ხელსახოცების გახსენებაზე, ხელსახოცების, რომლებიც გაიძულებენ განუწყვეტლივ წარმოიდგინო კანის დაავადებების გერმანული სახელმძღვანელოს ის ფურცელი, რომელზეც დამაჯერებლად არის გამოსახული ვიღაც მოქალაქის ნიკაპზე მკვრივი შანკრი.
მაგრამ ეს ხელსახოცებიც კი არ მოჰფენენ ბნელს ჩემს მოგონებებს!
გზაჯვარედინზე ცოცხალი მილიციელი იდგა, დამტვერილი ვიტრინიდან ბუნდოვნად გამოსჭვიოდა რკინის თაროები ერთმანეთთან ახლო–ახლო მიჯრილი მოწითალო ფერის კრემიანი ღვეზელების რიგებით, მოედანი თივით იყო მოფენილი, და დადიოდნენ, და მგზავრობდნენ, და საუბრობდნენ, ჯიხურში გამაოგნებელი ცნობების შემცველი გუშინდელი მოსკოვური გაზეთებით ვაჭრობდნენ, სადღაც იქვე ერთმანეთს სტვენით ეხმიანებოდნენ მოსკოვის მატარებლები. ერთი სიტყვით, ეს იყო ცივილიზაცია, ბაბილონი, ნევის გამზირი.
საავადმყოფოს შესახებ ლაპარაკიც ზედ­მეტია. მასში იყო ქირურგიული განყოფილება, თერაპიული, გადამდებ სნეულებათა, სამეანო. საავადმყოფოში იყო საოპერაციო, მასში ბრწყინავდა ავტოკლავი, ვერცხლისფრად ელვარებდნენ ონკანები, მაგიდებს გაშლილი ჰქონდათ თავისი ეშმაკური თათები, კბილები, ხრახნები. საავადმყოფოში იყო უფროსი ექიმი, სამი ორდინატორი (ჩემს გარდა), ფელდშერები, ბებიაქალები, მესასთუმლეები, აფთიაქი და ლაბორატორია. ლაბორატორია, წარმოუდგენელია! ცეისის მიკროსკოპით, საღებავების მნიშვნელოვანი მარაგით.
მე ვკრთოდი და მამცივნებდა, შთაბეჭდილებებმა დამთრგუნეს. საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, რომ საავადმყოფოს ერთსართულიან კორპუსებში დეკემბრის ბინდში, თითქოს და ბრძანებით, ელექტრონული სინათლის აკიაფებას მივჩვეოდი.
ის მაბრმავებდა. აბაზანებში ბობოქრობდა და გრგვინავდა წყალი, და ხის მოთითხნილი თერმომეტრები ყვინთავდნენ და დაცურავდნენ მასში. ბავშვთა გადამდები სნეულებების განყოფილებაში მთელი დღე ისმოდა კვნესა, წვრილხმოვანი გულსაკლავი ტირილი, ხრინწიანი ბუყბუყი…
მესასთუმლეები დარბოდნენ, დაქროდნენ…

მძიმე ტვირთი ჩამომეხსნა გულიდან. აღარ ვატარებდი საბედისწერო პასუხისმგებლობას ყველაფრის გამო, რაც დუნიაზე ხდებოდა. მე არ ვიყავი დამნაშავე ჩაჭედილი თიაქრის გამო და არ ვკრთოდი, როცა მარხილი მოდიოდა და მოჰყავდა ქალი გარდიგარდმო მდებარეობით, მე არ მეხებოდა ჩირქოვანი პლევრიტები, რომლებიც ოპერაციებს საჭიროებდნენ… პირველად ვიგრძენი თავი ადამიანად, რომლის პასუხისმგებლობის მოცულობა, რაღაც ჩარჩოებშია მოქცეული. მშობიარობა? – ინებეთ, აი – დაბალი კორპუსი, აი – ბოლო ფანჯარა, რომელზეც თეთრი ბანდია ჩამოფარებული. იქ მეანია, სიმპათიური და მსუქანი, წითური ულვაშებით და მელოტი. ეს მისი საქმეა. მარხილი, ბანდიანი ფანჯრისაკენ ბრუნდება! გართულებული მოტეხილობაა – მთავარი ექიმი–ქირურგი. ფილტვების ანთება? – თერაპიულ განყოფილებაში პავლე ვლადიმეროვიჩთან.
ოჰ, დიდი საავადმყოფოს დიადი მანქანა თანწყობილი, თითქოს დაზეთილი სვლით! როგორც ახალი ჭანჭიკი, წინასწარ აღებული ზომის მიხედვით, მეც შევედი აპარატში და ბავშვთა განყოფილება ჩავიბარე. და დიფტერიტმა და ქუნთრუშამ გამიტაცეს, შთანთქეს ჩემი დღეები. მაგრამ მხოლოდ დღეები. ღამღამობით მეძინა, რამეთუ ჩემს ფანჯრებთან აღარ ისმოდა ავის მომასწავებელი ღამის კაკუნი, რომელსაც შეიძლება სოწოლიდან წამოვეგდე და კუნაპეტში გავეტაცე განსაცდელისა და გარდაუვალობისაკენ. საღამოობით კითხვა დავიწყე (დიფტერიტის და ქუნთრუშის შესახებ, რასაკვირველია, თავდაპირველად და შემდეგ კი რაღაც საოცარი ინტერესით გამიტაცა ფენიმორ კუპერმა) და სრულად შევაფასე ლამპა მაგიდის თავზე, და სამოვარის სინის ჭაღარა კიდეები და გაციების მომლოდინე ჩაი, და ძილი წელიწად-ნახევრის უძილობის შემდეგ…
ასეთი ბედნიერი ვიყავი 17 წელს ზამთარში, როცა გადამიყვანეს სამაზრო ქალაქში მიყრუებული ქარბუქიანი უბნიდან.

II

ერთმა თვემ გაირბინა, მას მიჰყვა მეორე და მესამეც, 17 წელი გადავიდა, და გაფრინდა 18 წლის თებერვალიც. მე შევეჩვიე ჩემს ახალ მდგომარეობას და ნელ–ნელა ჩემი შორეული უბანიც დავიწყებას მიეცა. მეხსიერებიდან წაიშალა მწვანე ლამპა მოშიშინე ნავთით, მარტოობა, ნამქერები… უმადური! მე დავივიწყე ჩემი საბრძოლო სადარაჯო, სადაც მე მარტო ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე ვებრძოდი დაავადებებს, საკუთარი ძალებით, ფენიმორ კუპერის გმირის მსგავსად, ვპოულობდი გამოსავალს ყველაზე უცნაური მდგომარეობებიდან.
იშვიათად, მართალია, საწოლში დაწოლისას სასიამოვნო ფიქრით, როგორ დავიძინებ, რაღაც ნაწყვეტები გაირბენდნენ ხოლმე უკვე დაბინდულ ცნობიერებაში. მწვანე შუქი, მოციმციმე ფარანი… მარხილის ჭრიჭინი… მოკლე კვნესა, მერე წყვდიადი, ქარბუქის მოგუდული ყმუილი ველად… მერე ეს ყველაფერი თავდაყირა დგებოდა და ჩაინთქმებოდა…
“საინტერესოა, ვინ არის ახლა იქ ჩემს ადგილას?.. ვიღაც ნამდვილად არის… ჩემნაირი ახალგაზრდა ექიმი… აბა რა, მე ჩემი შევასრულე. თებერვალი, მარტი, აპრილი… ვთქვათ, მაისიც – და დასრულდა ჩემი სტაჟი. ეს ნიშნავს, რომ მაისის ბოლოს დავემშვიდობები ჩემს ბრწყინვალე ქალაქს და მოსკოვში დავბრუნდები. თუკი რევოლუცია თავისი ფრთებით ამიტაცებს – ალბათ ცოტა კიდევ მომიწევს მოგზაურობა… მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩემს უბანს ცხოვრებაში ვეღარასდროს ვიხილავ… არასდროს… დედაქალაქი… კლინიკა… ასფალტი, ნათებები…“
მე ასე ვფიქრობდი.
“… და მაინც კარგია, რომ იმ უბანზე ვიყავი… გაბედული ადამიანი გავხდი… მე არ მეშინია… რისთვის არ მიმკურნალია?! მართლა? აა?… ფსიქიატრიული დაავადებებისთვის არ მიმკურნალია… ხოო… მართალია, უკაცრავად… აბა აგრონომი რომ ეშმაკეულებამდე დათვრა… მე ხომ ვმკურნალობდი მას, და ძალიანაც წარუმატებლად… თეთრი ცხელება…
რატომაც არ არის ფსიქიკური დაავადება? ფსიქიატრიას უნდა გადავხედო… ერთი მაგისიც… როგორმე მერე მოსკოვში… ახლა კი, უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა სნეულებები… და კიდევ ბავშვთა სნეულებები… და განსაკუთრებით ეს კატორღული საბავშვო რეცეპტურა… ფუ, ეშმაკმა დალახვროს… თუ ბავშვი ათი წლისაა, მაშინ, ვთქვათ, რამდენი პირამიდონი უნდა მიცეთ ერთ მიღებაზე? 0,1 თუ 0,15?.. დამავიწყდა.თუ სამი წლისაა?.. მხოლოდ ბავშვთა სნეულებები… და სხვა არაფერი… საკმარისია გიჟური შემთხვევითობები! მშვიდობით, ჩემო უბანო!.. რა შემიწუხა ამ საღამოს ამ უბანმა გული და რას მოძვრება ასე დაჟინებით თავში?..
მწვანე შუქი… მე ხომ გავასწორე მასთან ყველანაირი ანგარიში მთელი ცხოვრებისათვის… საკმარისია… დაძინება…“

– აი, წერილი. შემთხვევით მოიტანეს…
– მომეცი.
მესასთუმლე ჩემს მისაღებში იდგა. გაქუცულსაყელოიანი პალტო დამღიანი თეთრი ხალათის ზევიდან ჰქონდა მოსხმული. ცისფერ იაფფასიან კონვერტზე დნებოდა თოვლი.
– თქვენ მორიგეობთ დღეს მიმღებში? – ვკითხე, მთქნარებით.
– მე.
– არავინ არის?
– არა. ცარიელია.
– თუჩი… (მთქნარებით პირი გამეხა და სიტყვებს აბდაუბდა გამოვთქვამდი), ვინმეს მოიკვანენ… აქ მაჩნობეთ… მე დავიძინებ…
– კარგით. შშეიძლება წავიდე?
– დიახ, დიახ. წაბრძანდით.
ის წავიდა. კარმა წამოიკივლა, მე კი ფეხსაცმელების ფრატუნით გავეშურე საძინებლისაკენ, გზად უსწორმასწოროდ და ირიბად ვხევდი კონვერტს.
მასში აღმოჩნდა ჩემი უბნის, ჩემი საავადმყოფოს, მოგრძო ლურჯშტამპიანი ბლანკი… დაუვიწყარი ბლანკი…
ჩავიღიმე.
“ საინტერესოა… მთელი საღამო უბანზე ვფიქრობდი, და აი თავად მოვიდა თავის შესახსენებლად… წინათგრძნობა…“
შტამპის ქვეშ ქიმიური ფანქრით დაწერილი იყო რეცეპტი. ლათინური სიტყვები, გაუგებარი, გადახაზული…
– არაფერი მესმის… არეული რეცეპტია… – ჩავიბურტყუნე მე და სიტყვა „morphini…“–ის მივაშტერდი. რა არის, ნეტავ, უცნაური ამ რეცეპტში?.. ხოო… ოთხპროცენტიანი ხსნარი! ვინ წერს მორფინის ოთხპროცენტიან ხსნარს?.. რატომ?!
ფურცელი გადმოვაბრუნე და მთქნარებამ გამიარა. ფურცლის მეორე მხარეს მელნით, ნაჩქარევი ხელწერით ეწერა:

“11 თებერვალი 1918 წელი.
ძვირფასო collega!
მაპატიეთ, რომ ნაგლეჯზე გწერთ. ქაღალდი ხელთ არ მაქვს. მე მძიმედ და ძალზე ცუდად დავსნეულდი. მშველელი არ მყავს, და მე თავად არ მინდა მივიღო დახმარება არავისგან, თქვენს გარდა.
მეორე თვეა მე თქვენ ყოფილ უბანზე ვარ, ვიცი, რომ თქვენ ქალაქში ხართ და შედარებით ახლოს ხართ ჩემთან.
ჩვენი მეგობრობის და საუნივერსიტეტო წლების სახელით, გთხოვთ, ჩამოხვიდეთ შეძლებისდაგვარად სწრაფად. თუნდაც ერთი დღით. თუნდაც ერთი საათით. და თუკი თქვენ იტყვით, რომ მე უიმედო მდგომარეობაში ვარ, მე დაგიჯერებთ… იქნებ შესაძლებელია, გადარჩენა?.. დიახ, ჯერ კიდევ, იქნებ შეიძლება გადავრჩე?.. იქნებ იმედის ნაპერწკალი აკიაფდეს ჩემთვის? არავის, უმორჩილესად გთხოვთ, არ გააცნოთ ამ წერილის შინაარსი“.

– მარია! ახლავე მიბრძანდით მიმღებში და გამოიძახეთ ჩემთან მორიგე მესასთუმლე… რა ჰქვია?.. ეე, დამავიწყდა… ერთი სიტყვით, მორიგე, რომელმაც ახლახანს წერილი მომიტანა. იჩქარეთ!
– ამწამს.
რამდენიმე წუთის შემდეგ მესასთუმლე ჩემს წინ იდგა, და თოვლი ადნებოდა გაქუცულ კატაზე, რომელიც საყელოს მასალას წარმოადგენდა.
– ვინ მოიტანა წერილი?
– ეე, არ ვიცი მე. წვერებიანმა. კოოპერატორია. ქალაქში მიდიოდა, ასე თქვა.
– ჰმ… კარგი წაბრძანდით. არა, მოიცადეთ. ახლა მთავარ ექიმთან ბარათს დაგიწერთ, წაუღეთ, გეთაყვა, და პასუხი მომიტანეთ.
– კარგი.
ჩემი ბარათი მთავარ ექიმს:

“13 თებერვალი 1918 წელი.
ღრმად პატივცემულო პავლე ივანეს ძევ. მე ახლა მივიღე წერილი ჩემი უნივერსიტეტელი მეგობრის ექიმ პოლიაკოვისაგან. ის გორელოვის ჩემს ყოფილ უბანზეა სრულიად მარტო. დასნეულდა, როგორც ჩანს, მძიმედ. ჩემს მოვალეობად ვთვლი ჩავაკითხო. თუ ნებას დამრთავთ, მე ხვალ, ერთი დღით, განყოფილებას გადავაბარებ ექიმ როდოვიჩს და პოლიაკოვთან გავემგზავრები. ადამიანი უმწეოდაა.
პატივისცემით ექ. ბომგარდი.“

მთავრი ექიმის საპასუხო წერილი:

“ პატივცემულო ვლადიმერ მიხეილის ძევ, გაემგზავრეთ,
პეტროვი.“

საღამო რკინიგზის მეგზურში გარკვევაში გავატარე. გორელოვოში ჩაღწევა შემდეგნაირად იყო შესაძლებელი: ხვალ ორ საათზე უნდა გავემგზავრო მოსკოვის საფოსტო მატარებლით, 30 ვერსი ვიმგზავრო რკინიგზით, ჩამოვიდე N სადგურზე, იქიდან კი ოცდაორი ვერსი გავიარო მარხილით გორელოვოს საავადმყოფომდე.
“თუ გამიმართლა გორელოვოში ხვალ ღამით ვიქნები, – ვფიქრობდი მე, საწოლში. – რით დაავადდა? ტიფით, ფილტვების ანთებით? არც ერთი, არც მეორე… მაშინ უბრალოდ მომწერდა: „ფილტვების ანთებამ დამრია ხელი“. აქ კი ბუნდოვანი, ცოტა არ იყოს ყალბი წერილია… „ მძიმედ… და ცუდად დავსნეულდი…“ რითი? სიფილისით? დიახ, უდაოა, სიფილისით. ის შეძრწუნებულია… იგი მალავს… მას ეშინია… ერთი, საინტერესოა, რომელი ცხენებით გავემგზავრები სადგურიდან გორელოვომდე? ცუდი ნომერი გამოვა, საღამოს ბინდში ჩააღწევ სადგურამდე, იქედან კი ვერაფრით გაემგზავრები… არაა. მე მოვახერხებ. სადგურზევე ვიშოვი ცხენებს. ტელეგრამა გავგზავნო, რომ მან დამახვედროს ცხენები! უადგილოა! ტელეგრამა ჩემი ჩასვლიდან ერთი დღის შემდეგ ჩააღწევს… ის ხომ გორელოვოში ვერ გადაფრინდება. სადგურზე იდება, ხელსაყრელ შემთხვევამდე. ვიცნობ მე მაგ გორელოვოს. ოჰ, მიყრუებული ადგილი!“
ბლანკზე დაწერილი წერილი ღამის მაგიდაზე ლამპის შუქის წრეში იდო, გვერდით კი გამაღიზიანებელი უძილობის მუდმივი მეგზური, ბღუჯა ნამწვებით, საფერფლე იდგა. ვწრიალებდი დაკუჭულ ზეწარზე, და ჯავრი მეფინებოდა გულზე. წერილი მაღიზიანებდა.
“მართლაც: თუ არაფერი მწვავე არ არის, და დავუშვათ, სიფილისია, თვითონ რატომ არ ჩამოდის? რატომ უნდა ჩავქანდე ამ ქარბუქში მასთან? მე რა ერთ საღამოს გავკურნავ მას ლუესისაგან? ან საყლაპავის კიბოსაგან? არა, რა კიბო! ის ორი წლით ჩემზე პატარაა. ის ოცდახუთი წლისაა… „მძიმედ…“ სარკომა? უაზრო წერილია, ისტერიული. წერილი, რომლის მიმღებს შეიძლება შაკიკი დაემართოს… აი, ისიც გამოცხადდა. საფეთქელზე ძარღვს მიჭიმავს… დილით გაიღვიძებ, სავარაუდოდ, ძარღვიდან თხემზე აცოცდება, ნახევარ თავს შებოჭავს, და საღამოს პირამიდონისა და კოფეინის ყლაპვაში იქნები. როგორია მარხილში პირამიდონთან ერთად? ფელდშერს სამგზავრო შუბა უნდა გამოვართვა, გაიყინები ხვალ საკუთარ პალტოში… რა ჭირს ნეტა?.. „იმედი გაფერმკრთალდა…“ – ასე რომანებში წერენ, და არა სერიოზულ საექიმო წერილებში!.. ძილი, ძილი… აღარ ვიფიქროთ ამაზე. ხვალ ყველაფერი ნათელი გახდება… ხვალ.“
ჩამრთველი გადავატრიალე, და სიბნელემ მეყსეულად ჩაყლაპა ჩემი ოთახი. ძილი… ძარღვი მწიწკნის… მაგრამ მე უფლება არ მაქვს გავგულისდე ადამიანზე უაზრო წერილის გამო, მანამ არ ვიცი, რაშია საქმე. ადამიანი თავისებურად იტანჯება, და აი, წერს სხვას. როგორც შეუძლია, როგორც ესმის… და უღირსობაა შაკიკის, შეწუხების გამო გაკიცხო იგი, თუნდაც ფიქრებში. იქნებ ეს არც ყალბი და არც რომანისტული წერილია. მე იგი, სერიოჟა პოლიაკოვი, ორი წელია არ მინახავს. მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. იგი ყოველთვის გონებადამჯდარი ადამიანი იყო… დიახ. ეს ნიშნავს, რაღაც უბედურება მოხდა… და ჩემს ძარღვსაც მოეშვა…
ჩანს, ძილი მეპარება. რა არის ძილის მექანიზმი?.. წამიკითხავს ფიზიოლოგია… მაგრამ შავბნელი ისტორიაა… არ მესმის, რას ნიშნავს ძილი… როგორ იძინებენ ტვინის უჯრედები?! არ მესმის, საიდუმლოდ ვამბობ. და რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ თავად ფიზიოლოგიის შემდგენელიც მთლად ზუსტად დარწმუნებული არ არის… ერთი თეორია მეორის სადარია… აი, დგას ოქროსღილებიან მწვანე ქურთუკში გამოწყობილი სერიოჟკა პოლიაკოვი თუთიის მაგიდასთან, მაგიდაზე კი გვამია…
ჰმ, კიი… ეს, ხომ სიზმარია…

ნანახია: 4671 | შეფასებულია: 3 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1248041


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.