ავტორი: დ. ხაზარაძე; ქ.თბილისის სამედიცინო აკადემიის
ქირურგიულ სნეულებათა კათედრის გამგე, სრული პროფესორი
ტრადიცია გრძელდება
თურმანიძეები ცნობილი სახალხო მკურნალები არიან, რომლებიც საგვარეულო მალამოს დახმარებით უკანასკნელი ათასწლეულის მანძილზე ერთგულად ემსახურებოდნენ ქართველ ხალხს. ამ ხნის მანძილზე სასწაულმოქმედი წამლის სადიდებლად მრავალი ლეგენდა შექმნილა, მათ შორის, ერთერთი, იტალიაში მოღვაწე სახელგანთქმულ ქართველ თეოლოგს პადრე თამარაშვილს ეკუთვნის.
მისი გადმოცემით, იტალიის სახალხო გმირი, ჯუზეპე გარიბალდი, მტერთან ერთ-ერთი შეტაკებისას ქვემო კიდურში მძიმედ დაჭრილა, მკურნალობას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია და შექმნილა კიდურის ამპუტაციის საშიშროება. სწორედ ამ დროს საქართველოდან მოწვეულმა სახალხო მკურნალმა თურმანიძემ თავისი „საფირმო“ მალამოს გამოყენებით სასწაული მოახდინა და განკურნა ავადმყოფი. ასეთი შედეგით აღფრთოვანებულმა პაციენტმა გადაწყვიტა ჯეროვნად „დაეფასებინა“ მკურნალის ოსტატობა, გასამრჯელოს აღებაზე თურმანიძეს ცივი უარი უთქვამს, მაშინ მადლიერი გარიბალდი ჯარის თვალწინ შეახტა გაქანებულ ცხენს და სახალხოდ გადაუხადა მადლობა თავის მხსნელს.
ბ-ნი ზურაბ თურმანიძე სწორედ ამ სახელგანთქმული გვარის ბრწყინვალე გამგრძელებელია. მასაც, თავისი სახელოვანი წინაპრების მსგავსად სასწაულმოქმედი მალამოთი უამრავი ადამიანი განუკურნავს, მათ შორის ზურაბ წერეთელი, ბორის პოკროვსკი, ბოგუსლავ დივიში, მარკო მალკოვიჩი, დავით ანდღულაძე, ზურაბ ანჯაფარიძე, რეზო ჯაფარიძე, გოგი თოფაძე და მრავალი სხვ.
ბ-ნი ზურაბი ექიმი-ქირურგია, იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკ. ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიის განყოფილების გამგე, საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და იუნესკოს ხალხური მედიცინის ევროპის საერთაშორისო კომისიის წევრია. ყველა, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია, აღნიშნავს მის განუმეორებელ იუმორსა და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ხიბლს, რაც განგების წყალობაა და ესოდენ საჭიროა ექიმისათვის. ბ-ნი ზურაბი საოცრად პოპულარული პიროვნებაა საქართველოში. მობილური კომუნიკაციების ეპოქაში მასთან წყნარი საუბარი თითქმის შეუძლებელია – ურეკავენ ყოველ წუთს, დიდი თუ პატარა, სთხოვენ არა მარტო სამედიცინო დახმარებას, არამედ ყოფითი პრობლემების მოგვარებასაც კი და ისიც მზადაა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში გვერდში დაუდგეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანს.
ბ-ნი ზურაბი ნამდვილი თურმანიძეა. ის ამავე დროს დიდი ოჯახის ფანტასტიკური მამა და ბაბუაა. ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე ქ-ნი დოდო იაშვილი, ორი შესანიშნავი შვილი, 5 შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი.
ზურაბის ვაჟი გიორგი – მედიცინის დოქტორი და მამასთან ერთად შპს „თურმანიძე პლიუსის“ დამფუძნებელიცაა. გარდა იმისა, რომ გიორგი გვარის ტრადიციებს აგრძელებს, იგი წარმატებული ქირურგია. მისი შვილი ზუკა წელს ამთავრებს სკოლას და ეჭვი არ გვეპარება, რომ ისიც გააგრძელებს გვარის სახელოვან ტრადიციებს (როგორც ცნობილია მალამოს დამზადების საიდუმლო საუკუნეების მანძილზე მამაკაციდან მამაკაცზე გადადიოდა).
გვწამს, რომ თურმანიძეები მომავალშიც არ უღალატებენ წინაპართა საქმეს, მათ გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ქართული მედიცინა, არამედ ქართული საზოგადოების ყოფაც.
ბ-ნ ზურაბს ვუსურვებთ ხანგრძლივ და ნაყოფიერ სიცოცხლეს ოჯახის წევრების, მეგობრების და ქართველი ხალხის საიმედოდ.
ნანახია: 7613 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით