თანამშრომლობა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

სიახლეები

მიმოხილვა

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

NOTA BENE

გაიდლაინი

დისკუსია

სამედიცინო ბიულეტენი

ჩვენი თანამედროვე

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [5.00]

ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

უეცარი კარდიული სიკვდილი [5.00]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [4.00]

სანგრისეული ტერფი [0.00]


ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [48567]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [10480]

გულის დიასტოლური უკმარისობა: ეპიდემიოლოგია, ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [9189]

მასტოპათია და კიბო [7690]

მშობიარობის შემდგომი კონტრაცეპცია და ძუძუთი კვება [6249]


თემების რაოდენობა: 21
კომენტარები: 1

ყვავილები ელჯერნონისათვის

ავტორი: დენიელ ქიიზი


დასასრული, დასაწყისი იხილეთ მე-6, მე-7 და მე-8 ნომრებში

4 ივნისი.

წერილი ექიმ შტრაუსს (ასლი)
ძვირფასო ექიმო შტრაუს!
ცალკე კონვერტში გიგზავნით ამ ჩემი მოხსენების ხელნაწერს, რომელსაც მე ვუწოდე „ელჯერნონ–გორდონის ეფექტი: ხელოვნურად მომატებული ინტელექტის სტრუქტურისა და ფუნქციის კვლევა“; მე ვისურვებდი წაგეკითხათ ის და გამოგექვეყნებინათ.
როგორც ხედავთ, ჩემი ექსპერიმენტები დასრულდა. მე მოხსენებაში ჩავრთე ყველა ჩემი ფორმულა, დანართში კი მათემატიკური ანალიზი. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, უნდა გადამოწმდეს.
გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენთვის და ექიმი ნემიურისათვის (ალბათ სალაპარაკო არ არის, რომ ჩემთვისაც?), მე თავად ათეულჯერ შევამოწმე და გადავამოწმე ჩემი კვლევების შედეგები შეცდომის პოვნის იმედით. მწუხარებით ვაცხადებ, რომ ეს შედეგები ძალაში რჩება. თუმცა მეცნიერების ინტერესების თვალსაზრისით, მე მიხარია, რომ ჩემი მცირედი წვლილი შემაქვს იმ მონაცემთა ერთობლიობაში, რომლებიც შეეხება ადამიანის ტვინის ფუნქციებსა და იმ კანონებს, რომელთაც ემორჩილება ადამიანის ინტელექტის ხელოვნურად გაზრდა.
მე მახსოვს, თქვენ ერთხელ მითხარით, რომ ექსპერიმენტის _წ_ა_რ_უ_მ_ა_ტ_ე_ბ_ლ_ო_ბ_ა_ს_ ან თეორიის _უ_ა_რ_ყ_ო_ფ_ა_ს_ ისეთივე დიდი მნიშვნელობა გააჩნია მეცნიერების პროგრესისათვის, როგორიც წარმატებას. ახლა კი მესმის, რაოდენ მართებულია ეს. მაგრამ მე მაინც ვწუხვარ, რომ ცოდნის ამ სფეროში ჩემი საკუთარი წვლილი სრულად უარყოფს იმ ორი ადამიანის შრომებს, რომელთაც მე ასე ვაფასებ.
მარად თქვენი ჩარლზ გორდონი.
მოხს. თან ახლავს.
5 ივნისი. მე თავი ხელში უნდა ავიყვანო. ფაქტიური მასალა და ჩემს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები ეჭვს არ ტოვებს, და საკუთრივ ჩემი სწრაფი აღმასვლის უფრო სენსაციურ ასპექტებს არ შეუძლიათ დაჩრდილონ ის, რომ ექიმ შტრაუსის და ექიმ ნემიურის მეთოდით ქირურგიული ჩარევის გზით ინტელექტის გასამმაგება უნდა განვიხილოთ როგორც აღმოჩენა, რომელიც დღესდღეობით პრაქტიკულად ნაკლებმისაღები ან საერთოდაც მიუღებელია.
ელჯერნონის ექსპერიმენტთან დაკავშირებული ჩანაწერებისა და სხვა მასალების გადათვალიერებისას, მე ვხედავ, რომ, თუმცა ფიზიკურად ის განვითარების ადრეულ სტადიაზეა, გონებრივად იგი რეგრესს განიცდის. მოტორული აქტივობა შესუსტებულია; შეინიშნება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების საერთო ფუნქციის დაქვეითება; სახეზეა კოორდინაციის დაჩქარებული დაკარგვა.
არის პროგრესირებადი ამნეზიის სერიოზული მაჩვენებლები.
როგორც მითითებულია ჩემს მოხსენებაში, ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობის გაუარესების ეს და აგრეთვე, სხვა სიმპტომები შეიძლება წინასწარ გაითვალოს ჩემს მიერ გამოყვანილი ფორმულის საშუალებით, მნიშვნელოვანი სტატისტიკური სიზუსტით.
მასტიმულირებელმა ქირურგიულმა ჩარევამ, რომელიც ჩვენ ორივეს ჩაგვიტარდა, ყველა გონებრივი პროცესის ინტენსიფიკაცია და დაჩქარება განაპირობა. გაუთვალისწინებელი მოვლენები, მე ჩემს თავს უფლება მივეცი, მათთვის „ელჯერნონ-გორდრნის ეფექტი“ მეწოდებინა, აზროვნების პროცესების საერთო დაჩქარების ლოგიკური შედეგია. აქ დამტკიცებული ჰიპოთეზა მოკლედ შემდეგგვარად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ხელოვნურად მომატებული ინტელექტი, შემდეგ მცირდება სიჩქარით, რომელიც მისი მომატების ხარისხის პირდაპირპროპორციულია.
მე მეჩვენება, რომ ეს უკვე თავისთავად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. ყველა მონაცემით ჩემი საკუთარი გონებრივი დეგრადაცია ძალიან სწრაფი იქნება.
მე საკუთარ თავში უკვე შევნიშნე ემოციური არამდგრადობისა და გულმავიწყობის ნიშნები – დასასრულის პირველი ნიშნები.
10 ივნისი. გაუარესება პროგრესირებს. გონება მეფანტება. ორი დღის წინ მოკვდა ელჯერნონი. გაკვეთა ჩემი წინასზარმეტყველების სისწორეს ადასტურებს. მისი თავის ტვინის წონა შემცირდა, გამოვლინდა თავის ტვინის ნაოჭების საერთო გასადავება, აგრეთვე ღარების გაღრმავება და გაფართოვება.
ვვარაუდობ, რომ მეც იგივე მომდის ან მომავალში მელის.
ელჯერნონის გვამი ყველის კოლოფში ჩავდე და უკანა ეზოში დავკრძალე. მე ვიტირე.
15 ივნისი. ჩემთან კვლავ სტუმრად იყო ექიმი შტრაუსი. მე არ ვისურვე კარის გაღება და წასვლა ვთხოვე. მე მსურს, დამტოვონ მარტოობაში. თანდათან ყველაფერი უფრო მეტად მწყინს და ადვილად ვღიზიანდები. ვგრძნობ, როგორ ძლიერდება სიბნელე. ძნელია თვითმკვლელობის შესახებ ფიქრის თავიდან ამოგდება. მე ყოველ წუთს ვახსენებ საკუთარ თავს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას შეიძენს შემდგომში ეს ინტროსპექტული დღიური.
რამდენად უცნაური შეგრძნებაა, როცა იღებ წიგნს, რომელსაც საოცარი სიამოვნებით კითხულობდი სულ რაღაც ერთი თვის წინა, და აღმოაჩენ, რომ საერთოდ დაგავიწყდა იგი. მე გამახსენდა, რა დიად ადამიანად მეჩვენებოდა ჯონ მილტონი, მაგრამ, როცა დღეს ვცადე „დაკარგული სამოთხის“, აბსოლუტურად ვერაფერი გავიგე. ისე გავშმაგდი, რომ წიგნი ოთახის მეორე კუთხეში მოვისროლე.
მე უნდა ვეცადო, შევინარჩუნო თუნდაც რაიმე. რაიმე, რაც ამ დროის მანძილზე შევიცანი. ღმერთო, ნუ წამართმევ ყველავერს…
19 ივნისი. ზოშჯერ, საღამოობით სასეირნოდ გავდივარ. გასულ ღამეს ვერ გავიხსენე, სად ვცხოვრობ. სახლში პოლიციელმა მომიყვანა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს უკვე გადამხდა თავს ერთხელ, ადრე წარსულში. მე ვაგრძელებ საკუთარი თავის დარწმუნებას იმაში, რომ მე მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელსაც ძალუძს იმის აღწერა, თუ რა ხდება ჩემს თავს.
21 ივნისი. რატომ ვკარგავ მეხსიერებას? მე უნდა ვიბრძოლო. დღეები გადის და მე საწოლში ვწევარ ისე, რომ არ ვიცი ვინ ვარ და სად ვარ. შემდეგ უეცრად ეს ყველაფერი ბრუნდება. ამნეზიის თამაშები. სიბერის სიმპტომი – ბავშვობაში ვვარდები. როგორ დაუნდობლად ლოგიკურია ეს! მე შევიმეცნე ამდენი და ასე სწრაფად. ახლა კი ჩემი ინტელექტი უზარმაზარი სიჩქარით მცირდება. მე არ დავუშვებ ამას. მე ვიბრძოლებ. თავიდან ვერ ვიცილებ მოგონებებს რესტორნის ბიჭუნას შესახებ, მისი სახის ბრიყვულ გამომეტყველებას, სულელურ ღიმილს, ადამიანებს, მას რომ დასცინოდნენ. არა… გევედრები… ოღონდ ეს არა…. კვლავ…
22 ივნისი. მე მავიწყდება ის, რაც ახლახანს შევისწავლე. როგორც ჩანს ყველაფერი კლასიკური კანონებით მიდის – პირველ რიგში ხდება იმის დავიწყება, რაც ათვისებული იყო ბოლოში. თუმცა, კანონია კი ეს? ალბათ, უმჯობესია კიდევ ერთხელ წავიკითხო…
მე გადავიკითხე ჩემი მოხსენება „ელჯერნონ-გორდონის ეფექტის“ შესახებ, და მე მომეჩვენა, თითქოს ის ვიღაც სხვამ დაწერა. ზოგიერთი თავი მე აღარც მესმის.
მე გამუდმებულად ვედები სხვადასხვა საგანს, და სულ უფრო მიძნელდება საბეჭდ მანქანაზე ბეჭდვა.
23 ივნისი. მე უარი ვთქვი საბეჭდ მანქანაზე. მოძრაობის ძალიან ცუდი კოორდინაცია მაქვს. მე ვგრძნობ, რომ სულ უფრო ნელა და ნელა ვმოძრაობ. დღეს საშინელი სტრესი მივიღე. მე ავიღე კრიუგერის სტატია „Uber psichische Ganzheit“ („ფსიქიური სრულყოფილების შესახებ“ (გერმან.)) – მე მას საკუთარ კვლევებში ვიყენებდი, რათა მენახა, ხომ არ დამეხმარებოდა გავრკვეულიყავი ჩემს მიერ ჩატარებული სამუშაოს არსში. თავდაპირველად მომეჩვენა, რომ რაღაც არ მაქვს წესრიგში მხედველობის მხრივ. შემდეგ კი მივხვდი, რომ უკვე აღარ შემიძლია გერმანულად კითხვა. სხვა ენებიც ვცადე. ყველაფერი გაქრა.
30 ივნისი. ერთი კვირა გავიდა, სანამ გავბედე კიდევ წერა. ყველაფერი თანდათან ქრება, როგორც ქვიშა თითებს შორის. ჩემი წიგნების უმრავლესობა უკვე ძალიან რთულია ჩემთვის. ისინი მაგიჟებენ, მე ხომ ვიცი, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ მე მათ ვკითხულობდი და მესმოდა.
კიდევ და კიდევ ვუნერგავ საკუთარ თავს, რომ აუცილებლად უნდა ვწერო ეს ანგარიშები, რათა ის რაც ჩემს თავს ხდება, გაიგონ სხვებმა. მაგრამ სულ უფრო და უფრო რთულია სიტყვების მოძიება და და მათი მართლწერის გახსენება. მე ლექსიკონში მიხდება ყველაზე მარტივი სიტყვების მოძებნაც კი, ამის გამო ვცოფდები საკუთარ თავზე.
ექიმი შტრაუსი თითქმის ყოველდღიურად მოდის, მაგრამ მე ვუთხარი მას, რომ არავისი დანახვა და არავისთან საუბარი არ მინდა. იგი საკუთარ თავს დამნაშავედ თვლის. სხვებიც. მაგრამ მე არავის ვადანაშაულებ. მე ვიცოდი, რა გამოვიდოდა ამ წამოწყებისაგან. მაგრამ მაინც როგორ მტკივნეულია ეს ყველაფერი…
7 ივლისი. არ ვიცი, სად წავიდა კვირა. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ დღეს კვირაა იმიტომ, რომ სარკმელიდან ვხედავ, როგორ მიდიან ადამიანები ეკლესიაში. მგონი მთელი კვირა საწოლში გავატარე მაგრამ მე მახსენდება, რომ მისის ფლინმა რამდენჯერმე საჭმელი შემომიტანა. განუწყვეტლივ ვიმეორებ, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედო, მაგრამ შემდეგ მავიწყდება, ან იქნებ უფრო ადვილია არ გავაკეთო ის, რასაც ვამბობ რომ უნდა გავაკეთო.
ეს დღეებია ძალიან ბევრს ვფიქრობ ჩემს მამასა და დედაზე. მე ვიპოვე ფოტოები, რომლებზეც სამივე პლაჟზე ვართ გადაღებული. მამას იღლიაში დიდი ბურთი აქვს ამოდებული, დედას კი ჩემი ხელი უჭირავს. ასე, როგორც ფოტოზეა, მე ისინი არ მახსოვს. მამაჩემი მხოლოდ სულ მთვრალი და დედაჩემთან ფულის გამო მოჩხუბარი მახსოვს.
ის იშვიათად იპარსავდა წვერს და სულ მიკაწრავდა სახეს, როცა მეხვეოდა. დედა მიყვებოდა, რომ ის მოკვდა, მაგრამ ჩემმა ბიძაშვილმა მილტიმ მითხრა, რომ თავისი მშობლებისაგან შეიტყო, რომ ის სხვა ქალთან ერთად გაიქცა. როცა ამის შესახებ დედაჩემს ვკითხე მან სილა გამაწნა და თქვა, რომ მამაჩემი მოკვდა.
მე მგონია ვერასდროს გავიგებ სიმართლეს და საერთოდ კი ფეხებზე მკიდია. (ერთხელ მან მითხრა რომ წამიყვანდა ფერმაში ძროხების სანახავად მაგრამ არ შეასრულა. ის არასდროს არ ასრულებდა თავის დანაპირებს…)
10 ივლისი. ჩემი დიასახლისი მისის ფლინი ძალიან ცუხს ჩემს გამო. იგი ამბობს რომ როცა მე მთელი დღე ასე ვგორაობ საწოლში და არაფერს არ ვაკეთებ მთელი დღე მე მას თავის ვაჟს ვაგონებ იმ მომენტამდე სანამ სახლიდან გააგდებდა. მან თქვა რომ არ უყვარს უსაქმურები. თუკი მე ავად ვარ ეს სხვაა და თუ უსაქმური ვარ სხვა და ამას იგი არ მოითმენს.
მე ვუთხარი მე ვფიქრობ რომ ავად გავხდი.
მე ვცდილობ ყოველდღიურად ვიკითხო ძირითათათ მოთხრობები მაგრამ ზოგჯერ მიხთება ერთი და იგივე ადგილის რამდენჯერმე გადაკითხა იმიტომრომ არ მესმის რას ნიშნავს. და მიჭირს წერა. მე ვიცი რომ ყველა სიტყვა ლექსიკონში უნდა მოვძებნო მაგრამ ეს ძილიან ძნელია მე კი სულ ასეთი მოქანცული ვარ.
მერე მე გადავწყვიტე რომ გრძელი რთული სიტყვების ნაცვლად მხოლოდ მხოლოდ მარტივებს დავწერ. ეს დროს მიზოგავს. დაახლოებით კვირაში ერთხელ ყვავილები მიმაქვს ელჯერნონის საფლავზე. მისის ფლინი ფიქრობს რომ მე გავგიჟდი რომ ყვავილებს ვდებ თაგვის საფლავზე მაგრამ მე მას ვუთხარი რომ ელჯერნონი განსაკითრებული თაგვი იყო.
14 ივლისი. ისევ კვირა. მე უსაქმურად ვარ იმიტომრომ ჩემი ტელევიზური გაფუჭდა და მე ფული არ მაქვს გასაკეთებლად. (მე თითქოს ლაბორატორიიდან ამ თვეში მიღებული ჩეკი დავკარგე. არ მახსოვს.)
საშინლად მტკივა თავი და ასპირინი თითქმის არ მშველის. მისის ფლინმა იცის რომ მე მართლაც ავად ვარ და ვეცოდები. იგი ძილიან კარგი ქალია საკმარისია ვინმე ავად გახდეს.
22 ივლისი. მისის ფლინმა ვიგაც უცხო ექიმი მოიცვია. იგი შეშინდა რომ მე ვკვდები. მე ვუთხარი ექიმს რო მე ძილიან ავათ არ ვარ უბროლოდ ზოგჯერ ყველაფერი მავიწყდება. მან მკითხა მყავს თუ არა მეგობრები ან ნათესავები და მე ვუპასუხე არა მე არავინ მყავს. მე მას ვთხარი რო ოდესგაც მყავდა მეგობარი რომელსაც ელჯერნონი ერქვა მაგრამ ის თაგვი იყო და ჩვენ შხირად ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. მა რაგაც ცნაურად შემომხედა თითქო იფიქრა რო გიჟიაო.
როცა ვუთხრი რო გენიოსი ვიყავი მან ჩაიგიმა. გი პატარა ბავშვით მესაუბრებოდა და მისის ფლინს თვალი ჩაუკრა. მე გავბრაზდი და გავაგდე ის იმიტომრომ იგი როგორც ადრე სხვები დამცინოდა.
24 ივლისი. მე აღარ მაქვს ფული და მისის ფლინი ამბობს რომ მე სადმე უნდა ვიმუშაო რომ ოთახის ქირა გადავუხადო მე ხომ ორ თვეზე მეტია არაფერია გადამიხდია.
მე არაფრის კეთება არ ვიცი გარდა იმ სამუშაოსი რომელსაც დონეგანის „პლასტმასის ყუთების წარმოების კომპანიაში“ ვასრულებდი. მე არ მიდა იქ დაბრუნება იმიტომრომ ისინი მიცნობდნენ როცა ჭკვიანი ვიკავი და შეიძლება დამსცინონ. მე არ ვიცი სხვა რა გავაკეთო ფულის საშოვნელად.
25 ივლისი. მე გადავხედე ზიგიერთ ჩემ ანგარიშს და საუცარია რომ არ შემიძლია ჩემი ნაწერის წაკითხა. მა ზოგიერთ სიტყვას ვარჩევ მაგრამ არ მესმის ისინი.
მის კინიენი მოვიდა და კარებთან იდგა მაგრამ მე უთხარი წადით არ მინდა თქვენი დანახვა. იგი აქვითინდა და მეც ავტირდი მაგრამ არ შემოვუში იმიტომრომ ჩემზე არ გაეცინა. მე ვუთხარი რომ იგი აღარ მომწონს. მე ვუთხარი რომ აღარ მინდა ჭკვიანი ვიყო. ეს ტყუილია. მე ძველებურად მიყვარს ის და ისევ მინდა ჭკვიანი ვიყო მაგრა მე ასე უნდა მეთქვა ის რომ წასულიყო. მან გადაუხადა მისის ფლინს ჩემი ოთახის. მე ეს არ მინდა. მე უნდა სამუშაო ვიშოვო.
გთხოვთ… გააკეთე ისე რომ არ დამავიწყდეს წერა–კითხვა.
27 ივლისი. მისტერ დონეგანიძალიან კეთილი იყო როცა მე ფაბრიკაში მივედი და დამლაგელდა მიღება ვთხოვე. თავიდან იგი უნდობლად მიცქერდა მაგრამ მე მოვუყევი რა მომივიდა და მას ძილიან ეწყინა მხარზე ხელი დამადო და თქვა ჩარლი გორდონ შენ ვაჟკიცი ადამიანი ხარ.
ყველა მე მიყურებდა როცა ქვემით ჩავედი და ძველებურად ტუალეტის რეცხვა დავიწყე. მე საკუთარ თავს ვუთხარი ჩარლი თუკი ისინი დაგცინიბენ არ გეცკინოს ხო გახსოვს რო ისენი ისეთი ჩკვიანები არ არიან როგორც ოდესგაც გეგონა. მერე კი ისინი ხო შენი მეგობრიბი იყვნენ და თუ დაგცინიდნენ არაფერია იმიტომრომ უყვარდი კიდეც.
ერმა მუშამ რომელიც ჩემი წასვლის მერე მიიგეს ძალიან ცუდად იხუმრა მან თქვა ეი ჩარლი შენზე ამბობენ მაგარი თავიანი ბიჭიაო პირდაპირ პროფესორიო. აბ მთხარი რამ ჭკვიანური.
მე ცუდად გავხდი მაგრამ ამ დროს მოვიდა ჯო კერპი პერანგში ჩაავლო ხელი და უთხრა თავი დაანებე შე უხეირო მასხარა თორემ კისერს მოგიგრიხავ. მე არ ველოდი რო ჯო ჩემს მხარეს დაიჭერდა და მე ვფიქრობ რომ ის ჩემი ნამდვილი მეგობარია.
ცოტ მოგვიანებით ჩემთან ფრენკ რეილი მოვიდა და მითხრა ჩარლი თუ ვინმე აგეკიდება ან მოტყუებას შეეცდება დარეკე ჩემთან ან ჯოსთან და ჩვენ იმას სეირს ვაჩვენებთ.
მე ვუთხარი მდლობ ფრენკ და გული ამომიჯდა და საწყობში გავიქეცი რომ არავის დაენახა როგორ ვტირი. კარგია მეგობრების ყოლა.
28 ივლისი. დგეს სისულელე ვქენი. დამავიწყდა რომ აღარ დავდივარ მის კინიენის კლასში როგორც ადრე მოზრდილთა სკოლაში. შევედი კლსში და ჩემ ძველ ადგილას დავჯექი ოთახის ბოლოში მან კი უცნაურად გადმომხედა და მითხრა ჩარლზ.
მე არ მახსოვს რო მას ოდესმე ასე დაეძახოს ჩემთვის იგი უბრალოდ ამბობდა ჩარლი და მე ვუთხარი სალამი მის კინიენ მე მოვამზადე დგევანდელი გაკვეთილი ოღონდ დავკარგე საკითხავი წიგნი რომლითაც ვსწავლობდით. იგი ატირდა და ოთახიდან გავარდა და ყველამ შემომხედა და მე დავინახე რომ ეს სულ სხვა ადამიანები არიან და არა ისინი ვინც ჩემთან ერთად სწავლობდა.
მერე უცებ რაგაც გამახსენდა აპირაციიის შესახებ და როგორ გავხდი ჭკვიანი და ვთქვი ღმერთო ჩემო მე მართლაც ჩარლი გორდონივით მოვიქეცი. მე მის მოსვლამდე წავედი.
ამიტომაც სამუდამოდ მივდივარ ნიუ–იორკიდან. მე არ მინდა რაიმე მსგავსის კიდევ ერთხელ გამეორება. არ მინდა რომ მის კინიენს ვეცოდებოდე. ფაბრიკაში ყველას ვეცოდები და არც ეს მინდა და ამიტომ გავემგზავრებე სადმე სადაც არავის ეცოდინება რომ ჩარლი გორდონი ადრე გენიოსი იყო და ახლა კი წიგნების კითხვაც და კარგად წერაც არ შეუძლია.
თან მმიმაქს ერთი-ორი წიგნი და თუნდაც ვერ წავიკითხო ვივაჯიშებ მაინც და იქნებ ყველაფერი არ დამავიწყდეს რაც ვისწავლე. თუ მოვინდომებ იქნებ ცოტა უფრო ჭკვიანი ვიყო ვიდრე ოპერაციამდე. მე მაქვს კურდღლის თათი და ბედნიერი პენი და იქნებ მათ მიშველონ.
მის კინიენ თუკი ოდესმე თქვენ წაიკითხავთ ამას არ შემიცოდოთ მე მოხარული ვარ რომ გამოვიყენე შანსი გავმხდარიყავი ჭკვიანი იმიტომრომ მე ათასი რამე გავიგე მე არც ვიცოდი მათი არსბობის შესახე და მადლიერ ვარ რომ ერთი წუთით მაინც ვიხილე ეს ყოლაფერი.
მე არ ვიცი ისევ სულელად რატომ გადავიქეცი და არ გავკეთე ისე იქნებ ეს მიტომ რომ არ მოვინდომე ძილიან. მაგრამ იქნებ თუ მოვიდომე და ვივაჯიშებ ბევს ცოტათი უფრო ჭკვიანი გავხდები და ყველა სიტყვის მნიშვნელობას გავიგებ.მე ცოტა მახსომს როგორ მსიმონებდა როცა ყდადაგლეჯილ ლურჯ წინგს ვიკთხულობდი. ამიტომაც მე ვეცდები გავხდე ისევ ჭკვიანი რომ ისევე კარგად ვიგძნო თავი. ეს ძილიან სასიამოა სხდსხვა რამეების ცოდნა და სიჭკვიანე. მე ასეთი ახლავთე მინდა ვიყო და დავჯდებოდი და ვიკითხავდი. და მეინც მე ვარ პირველი სულელი ადამიანი რომელმაც რაგაც მნიშვნელოვანი აღმოაჩინა მეცნიერებისათვის. მე მახსოვს რო რაღაც გავაკეთე მაგრა რა არ მახსოვს. მგონს მე რაგაც გავაკეთე ჩემნაირი ბრიყვი ადამიანებისათვის.
მშვიდობით მის კინიენ და ექიმო შტრაუს და ყველა და P.S. გთხოვთ უთხარით ექიმ ნემიურს რო ასე არ იდუდღუნოს როცა დასცინიან და მეტი მეგობრები ეყოლება. ძალიან ადვილია გყავდეს მეგობრები თუ ადამიანებს უფლებას მისცემ დაგცინონ. იქ სადაც მე მივდივარ ძილიან ბევრი მეგობარი მეყოლება.

P.P.S. თუ ცოტა შესაძლებლობა გექნებათ დააწყვეთ ცოტა ყვავილები ელჯერნონის საფლავზე უკანა ეზოში რომაა…

 

ილუსტრაციები მომზადებულია ვაჟა ქურხულის მერ

ნანახია: 4637 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: MananaMD

თარიღი: 2012-23-02 | 18:41

შესანიშნავია !



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.