ავტორი: გურამ მგალობლიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ერთხელ პროფესორმა ახმეტელმა მითხრა: „გაკვირვებული ვარ, მამაჩემის მამამ როგორ შეძლო, მეფის დროს შვილებისათვის ბრწყინვალე განათლება მიეცა?“
ბატონო თენგიზ, აქ ჩემთვის გასაკვირი არაფერი იყო, გარდა თქვენი თავმდაბლობისა, ვინაიდან კარგად მოგეხსენებათ, რომ საკითხის საიდუმლო მატერიალური საკითხის გარდა, ყმაწვილთა მძლავრ სულიერ აღზრდასა და მაღალ ნიჭიერებაში იმალებოდა.
თქვენი მამა, ბატონი ილია, სანკ-პეტერბურგში წარჩინებული მოღვაწეობის შემდეგ თბილისში ქირურგიული კათედრის გამგე, პროფესორი, შესანიშნავი ინოვატორი იყო. ძმა მისი, რეჟისორი სანდრო ახმეტელი ქართველთათვის სათაყვანო პირონება გახდა... მომდევნო ორ თაობაში ოჯახმა საზოგადოებას ოთხი მედიცინის დოქტორი – ქირურგი, ხოლო მათ შორის, თქვენის სახით – ქირურგიული კათედრის გამგე, საქართველოს გ.მუხაძის სახ. ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, აკადემიკოსი... მისცა.
ერთადერთი, რაც შემიძლია პატივისცემით გითხრათ: ბარაქალა თქვენ!
გურამ მგალობლიშვილი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
თენგიზ ახმეტელი დაიბადა 1924 წ. გამოჩენილი ქართველი ქირურგის – ილია ახმეტელის ოჯახში.
თენგიზ ახმეტელის პედაგოგიური და სამეცნიერო-პრაქტიკული მოღვაწეობა დაკავშირებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტთან, სადაც ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე 1961 წლიდან განვლო სახელოვანი გზა ასისტენტობიდან კათედრის გამგემდე.
1957 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1967 წელს მოსკოვში, ქირურგიის ცენტრში – სადოქტორო დისერტაცია. 1970 წლიდან პროფესორია, მინიჭებული აქვს საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, მედიკო-ბიოლოგიური და სამხედრო სამედიცინო მეცნიერების აკადემიების აკადემიკოსია.
მისი სამეცნიერო პრაქტიკული მოღვაწეობის სფეროა – ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, მუცლის ღრუს ქირურგია, ურგენტული გასტროენტეროლოგია, პერიტონიტი.
გამოქვეყნებული აქვს 265 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 20 მონოგრაფია, რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელო. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 8 სადოქტორო და 15 საკანდიდატო დისერტაცია. მის მიერ შესრულებული ათასობით ოპერაცია გამირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, უბადლო ოპერაციული ტექნიკით, უზადო შესრულებით. მისი მადლიერია ათასობით გადარჩენილი პაციენტი.
მრავალი წლის მანძილზე იყო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურის განყოფილების გამგე, სპეციალიზირებული სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, საკავშირო სამედიცინო აკადემიასთან არსებული საპრობლემო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, არაერთი სამედიცინო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის და საბჭოს წევრი, რამდენიმე შრომათა კრებულის მთავარი რედაქტორი.
არის გრ. მუხაძის სახ. თბილისის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ქირურგთა ასოციაციის მიერ დაჯილდოვებულია ოქროს სამახსოვრო მედლით და ოქროს სკალპელით.
არის ღირსების ორდენის კავალერი.
ნანახია: 4533 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით