ავტორი: პროფ. თ. ჩხიკვაძე, მედიცინის დოქტორი ე. ჭუბაბრია, მედიცინის დოქტორი კ. ბერიშვილი
თსსუ აკად. ალ. ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილება
>> „სანგრისეული“ ანუ „ჭაობის“ ტერფი („Schutzengrabenfuss“, „Pied de tranche“ ). აქვს დამახასიათებელი ლოკალიზაცია და დაზიანების ხარისხი. ეს არის ტერფების IV ხარისხის მოყინვა, მათი სრული ან ნაწილობრივი კვდომით. ლატენტური პერიოდი გამოკვეთილი არ არის და რამდენიმე დღე, საშუალოდ 4-5, გრძელდება. ასეთი ტიპის მოყინვის დროს ტემპერატურა ნულოვან მაჩვენებელზე მეტია და განსაკუთრებული მნიშვნელობა ტენიანობას ენიჭება. მოყინვა ძირითადად ვითარდება რბილი კლიმატის მქონე ქვეყნებში (იტალია, ესპანეთი, ალჟირი). ამ ტიპის მოყინვა შეიძლება განვითარდეს არა მარტო ზამთარში, არამედ შემოდგომასა და გაზაფხულზეც.
სანგრისეული ტერფი უმეტეს შემთხვევაში საომარ ვითარებაში ვითარდება, მშვიდობიან პერიოდში მეტად იშვიათია.
დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია: კოდი – T.69.0, დიაგნოზი: სანგრისეული ხელი და ტერფი.
შემთხვევის აღწერა
პაციენტი მ.ა., 48 წლის მამაკაცი, შემოვიდა აკად. ალ.ალადაშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში 2008 წლის 31 იანვარს. ჩივილები:
ტკივილი ორივე ტერფის არეში, ტერფების გაშავება, სუნიანი გამონადენის არსებობა, შემცივნებები, სხეულის ტემპერატურის მომატება 38°C-მდე, საერთო სისუსტე. Anamnesis morbi:
ავადმყოფის გადმოცემით კლინიკაში მომართვამდე 2 კვირით ადრე რამდენიმე დღე იმყოფებოდა ტყეში შეშის მოსაჭრელად. მუშაობის პროცესში დასველებული და გადაციებული კიდურები რამდენჯერმე გაიშრო და გაითბო კოცონთან. გათბობის მიზნით მიიღო არაყი. სახლში დაბრუნების შემდეგ იგრძნო ტერფების დაბუჟება, მგრძნობელობის დაქვეითება, ჰქონდა წვის შეგრძნება. მეორე დღეს თითებმა მიიღო მოშავო-მორუხო ელფერი. მდგომარეობა გაუარესდა, ჩამოყალიბდა ნეკროზული უბნები, რასაც დაერთო სუნიანი გამონადენი, დაეწყო შემცივნებები.
თვითნებურად იტარებდა მკურნალობას ბინის პირობებში სხვადასხვა მალამოებით. მდგომარეობის გაუარესების გამო მომართა კლინიკას. Status locus:
ორივე ტერფის რბილი ქსოვილები ანთებადად ინფილტრირებული, შეშუპება ვრცელდება კოჭ-წვივის სახსრების დონემდე.
პროქსიმალურად ჰიპერემია, დისტალურ უბნებზე მშრალი განგრენის სურათი, ნეკროზული ქსოვილები მყარად ფიქსირებული, მოშავო- მორუხო ელფერის. ნეკროზი მოიცავს თითებს და ვრცელდება ტერფის შუა მესამედამდე. დემარკაციული ხაზი გამოხატული არ არის, გამონადენი მცირე ოდენობით, მყაყე სუნიანი.
დიაგნოზი:
ორივე ტერფის IV ხარისხის მოყინვა, „სანგრისეული ტერფი“, მშრალი განგრენა.
სურათი 1. პაციენტი მ. ა., 48 წლის, მშრალი განგრენა
მოყინვიდან 3 კვირის შემდეგ
მკურნალობა: ზოგადი და ადგილობრივი თერაპია.
1. ზოგადი თერაპია: ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, ინფუზიური და ანტიჰისტამინური თერაპია, სისხლის რეოლოგიის და მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი საშუალებები.
2. ადგილობრივად: შეხვევები ანტისეპტიური საშუალებებით, ნეკრექტომია.
კლინიკაში შემოსვლიდან მე-4 დღეს გამოიხატა დემარკაციის ზონა. მიღებულ იქნა ოპერაციული მკურნალობის გადაწყვეტილება.
07.02.2008 ენდოტრაქეული ნაკროზით გაკეთდა ოპერაცია: ორივე ტერფის ყველა თითის ეგზარტიკულაცია გარანჟის წესით, მეტატარზალური ძვლების დეკაპიტაცია, ეკონომიური ნეკრექტომია. კანის დიდი დეფექტის გამო საოპერაციო ჭრილობის სრულად დახურვა ვერ მოხერხდა.
სურათი 2. პაციენტი მ. ა., 48 წლის, ოპერაციიდან 2 კვირის შემდეგ
ოპერაციის შემდგომ მიმდინარე კომპლექსური მკურნალობის ფონზე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჭრილობის შეხორცება მიმდინარეობდა მეორადი დაჭიმვით. ჭრილობაში გამოჩნდა საღი გრანულაციური ქსოვილი, ეპითელიზაცია კიდეებიდან. სარეცელის სათანადო მომზადების შემდეგ დაგეგმილი იყო დერმატოპლასტიკა.
დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაწერილ იქნა ამბულატორიულ მკურნალობაზე სათანადო რეკომენდაციებით.
ოპერაციიდან ორი კვირის შემდეგ, განმეორებითი კონსულტაციისას, ქსოვილოვანი დეფექტი მკვეთრად შემცირებულია. გრანულაცია საღი, ეპითელიზაცია კიდეებიდან. შეთავაზებულ იქნა პლასტიკური ოპერაციული მკურნალობა დეფექტის დახურვის მიზნით, რაზეც პაციენტმა უარი განაცხადა.
ოპერაციიდან 5 კვირის შემდეგ ქსოვილოვანი დეფექტი მნიშვნელოვნად შემცირებული.
სურათი 3. პაციენტი მ. ა., 48 წლის, ოპერაციიდან 5 კვირის შემდეგ
აღნიშნული კონსულტაციის შემდეგ პაციენტმა ვიზიტები შეწყვიტა.