ALMA MATER

მედიცინის ისტორია

სიახლეები

NOTA BENE

თარგმანი

კლინიკური კვლევა

მიმოხილვა

კვლევა

ადამიანი და გარემო

იურისტის გვერდი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



აპოკალიფსის 25 წელი [5.00]

ელექტროქიმიური აქტივაცია - წყლის ქლორირების უსაფრთხო და მაღალეფექტური ალტერნატივა [5.00]

ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [5.00]

დეპრესიის მენეჯმენტი მოზრდილებში [5.00]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [5.00]


ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [24604]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [9198]

წყალწყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობის კვლევა „დავიკოლის“ ინსტილაციისას [8983]

ფიბროკოლონოსკოპია ნაწლავური სისხლდენების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში [8175]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა [7720]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 2

აპოკალიფსის 25 წელი

ავტორი: გ. კამკამიძე, მ. ბუწაშვილი


გაგრძელება. დასაწყისი იხ. მე–3 ნომერში

მამაკაცი
* * *
1986 წლის 1 იანვარი. ახალ წელს გილოცავთ ყველას. მშვენიერი ახალი წლის დილა გათენდა, ვერაფერს იტყვი. გლობალური კატასტროფები ისე ნაკლებად მაღელვებს ახლა, ისე ნაკლებად, რომ პირდაპირ მეცინება, როგორ მეგონა, რომ მწვავედ განვიცდიდი აქამდე შიდსის ეპიდემიას. რეალურად საფრთხე კი მსოფლიოს სულ სხვა კუნჭულებში, აქედან შორს, ძალიან შორს მეგონა.
პირადი ტრაგედია ყველაფერს ფარავს, დანარჩენი ყველაფერი სისულელეა!
ჩემო ყურშა, შენ ხედავ მხოლოდ ჩემს ცრემლებს. მეტს არავის ვანახებ. ნუთუ ასე შეიძლება ?! ნუთუ ასე ხდება ?! ნუთუ ეს ყველაფერი ცხადში ხდება ?!
ავად ვარ. მე ინფიცირებული ვარ. ეს საშინელი ვირუსი ჩემს ორგანიზმში ზის.
გუშინ ეს არაფერი არ იყო, გუშინ არაფერი ვიცოდი, გასული წლის ბოლო სამუშაო დღეს ისე, სხვათა შორის გამოვიკვლიე თავი ამ ახალ ვირუსზე.
დილიდან ამაზე ვშაყირობდი კიდეც, მაგრამ სისხლი ლაბორანტს რომ გადავეცი, ავღელდი. ანალიზის დასრულებამდე უკვე ძალიან დამრია ხელი ნერვიულობამ. ვერ მოვითმინე და ლაბორანტს თავზე დავადექი და ანალიზის პასუხი პირველმა მე თვითონვე დავინახე…
ლაბორატორიაში დასადგურებულ სამარისებრ სიჩუმეში მხოლოდ ჩემი ნაბიჯების ხმა მესმოდა, როცა მექანიკურად შეღებული კარისაკენ მივლასლასებდი…
ეს ყველაფერს ცვლის. მთელს ჩემს ცხოვრებას თავდაყირა ატრიალებს. ათვლა დაწყებულია, საათის ისარი ჩემს წუთებს ითვლის…
ჰო, პანიკაში ვარ…
ჰო, ასე არ უნდა იქცეოდეს თავმოყვარე ექიმი…
მეშინია…
ჰო, ის საბედისწერო ავადმყოდი ა.კ.
ჰო, მარცხენა ხელში გაყრილი საპუნქციო ნემსი…
მე-ში-ნი-ა!!!
…ცოტა ხნის წინ ქეთიმ დამირეკა, ახალი წელი მომილოცა, ჩემგან ჩვენი მომავალი ჯვრისწერის შესახებ უნდოდა კიდევ ერთხელ რაიმეს მოსმენა. მეც მოვულოცე… და ვუთხარი, რომ უნდა მაპატიოს, ვუთხარი, რომ სხვა შემიყვარდა და აღარ მსურს მისი ნახვა.
ვიცი ის ასე უცებ არ დამიჯერებს. ვიცი, კიდევ ბევრჯერ დამირეკავს…
კლდესავით ძლიერი უნდა ვიყო…
ძლიერი?
ოღონდ ეგ არა! ნამდვილად მოვიკლავ თავს, ასე რომ იყოს… არადა, როგორ არ იქნება?! რა სასწაულს უნდა გადაერჩინა? რა ვქნა ახლა?! სად ვიპოვო ის ბავშვი და საერთოდ, რა ვუთხრა, რომც ვიპოვო… ეს რა ვქენი?! სისხლი არ იყო და რა მექნა?! არა, ეგ უკვე სულელური თავის მართლებაა… უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდი, რამე თუ შეიძლებოდა სისხლში მქონოდა… მაგარი სიკეთე გავაკეთე.. არადა, საწყალი დედამისი რამდენ მადლობას მიხდიდა! რა ერქვა? რა ერქვა? ნინი, ჰო ნინი!
ეს რა ვქენი! სისხლი რომ არ გადამესხა, შეიძლება სულაც არ დაღუპულიყო… მეთქვა პატრონისთვის, იქნებ სხვა სისხლი ეშოვათ?! რას გამოვიდე თავი?! თან რა ამაყი ვიყავი, ჩემმა სისხლმა ბავშვი გადაარჩინა-მეთქი! რა ბედის დაცინვაა! ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! როგორ დავღუპე ის საცოდავი ბავშვი! რამდენი ავიღე ჩემს თავზე… რა ვქნა ახლა?!…
როგორ ვიყო ამის შემდეგ ძლიერი ? რა სისულელეა !
უნდა ვიპოვო ის ბავშვი, არ ვიცი შემდეგ რას ვიზამ, მაგრამ რადაც არ უნდა დამიჯდეს, აუცილებლად უნდა ვიპოვო !
* * *
1987 წლის 15 ივლისი. სიბნელე ძლიერია და ყოვლისმომცველი, სინათლე სუსტი და არასანდო, მაგრამ მაინც ისე გახარებს, რომ გინდა ღამის პეპელასავით თავდავიწყებით მხოლოდ მისკენ, სინათლისკენ გაფრინდე და თავიც მთლიანად, ბევრი ფიქრის გარეშე, მიანდო.
ნამდვილად კარგი ამბავია. უნდა მიხაროდეს და მიხარია კიდეც. შიდსის წამალი შექმნილია! არის ! ნუთუ ნამდვილად არის ?
ზიდოვუდინი, აზიდოთიმიდინი, რეტროვირი – ერთი და იგივე წამლის ეს რამდენიმე სახელი სულ თავში მიტრიალებს. ნუთუ დამთავრდა წვალება, ნუთუ მეშველება? ნუთუ დასრულდა კოშმარი?
პირველ რიგში ნინის დედას დავურეკავ. მაშინ, ნინის დიაგნოზი რომ დადასტურდა, დედამისი მე მგონი ნორმალურად ვერც კი მიხვდა, რას ვეუბნებოდი.. ძალიან უცნაურად მიყურებდა.. პირველი, რაც მკითხა, საიდანო… იმის ძალა არასოდეს მეყოფა, ავუხსნა, საიდან… იმედი მაქვს, არც სხვაგან ეტყვიან ამ საშინელებას, ვინ დაღუპა მისი შვილი.. მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება უნდა ვზიდო ეს ცოდვა და საიდუმლო.. ყველაზე უარესი ბოლოს იყო, როცა გამომემშვიდობა და ისევ მადლობა მითხრა: თქვენ რომ ეს ანალიზები არ გაგეკეთებინათ, ვერასოდეს გავიგებდით და ვერც მივხედავდითო… ეს ქალი ან ძალიან სულელი, ან ძალიან კეთილშობილია… მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ბავშვის მიხედვა ახლა მთლიანად ჩემზეა…
ბავშვი
* * *
ძალიან დავიღალე. უკვე ოცდამეხუთედ ვარ საავადმყოფოში. ვიცი, რომ ჩემი სისხლი ძნელად დედდება და ამიტომ მოგყავარ აქ ყველა ნაკაწრის გამო. უკვე თითქოს შევეგუე ამას, მაგრამ მაინც ძალიან დავიღალე.
სკოლაში რომ აღარ დავდივარ, ამიტომაც ვარ ალბათ განსაკუთრებით მოწყენილი.
ამჯერად მაინც ძალიან გამიჭირდა. ახლა რატომღაც ძალიან დიდხანს დავრჩით საავადმყოფოში. ალბათ მუცელში რომ ჩამექცა ამჯერად სისხლი, იმიტომ დაგვჭირდა ამდენი ხანი.
წინა ჯერზე რომ გადავიტყავე ფეხი, მარტო რიჟა და მამუკა მოვიდნენ სანახავად. ახლა არც ისინი გამოჩენილან. მაშინაც რაღაც ძალიან მოწყენილები იყვნენ, მშობლებთან ერთად იყვნენ მოსულები და არც გვითამაშია. რაღაცნაირად, შიშით მიყურებდნენ. ვერ გამიგია, რა მოუვიდათ. მაშინ შენ ლაშა ბიძიასაც ეჩხუბე, მე არაფერი მითხარი, მაგრამ პალატის სარკეში ყველაფერი დავინახე. შენ ეჩხუბებოდი, მას კი თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული, ბოლოს გამწარებულმა თავი კედელს რამდენჯერმე აჯახა და წავიდა.
იმის მერე აღარ მინახია, ვიცი რომ საფრანგეთში წავიდა, მაგრამ რატომ არ დამემშვიდობა? არაფერი მესმის.
შენც სულ ცუდ ხასიათზე ხარ. არავის აძლევ უფლებას, მომიაროს და შენს მაგივრად დარჩეს ღამე ჩემთან. მამიკოც სულ დაღვრემილია და თითქმის საერთოდ აღარ მელაპარაკება.
გუშინ ექთნები რაღაცას ეჩურჩულებოდნენ ერთმენეთს, მივხვდი, რომ ჩემზე ლაპარაკობდნენ. რა უნდოდათ ნეტავი? რაღაც სიტყვას იმეორებდნენ “შიციანი, შიციანიო”. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?
ეს ახალი წამალიც ძალიან მეჯავრება. სასაცილო სახელი კი ქვია - რეტრო-ვირი. სისხლი რომ ადვილად შემიდედდეს და ჭრილობაც ადვილად რომ შემიხორცდეს, იმისთვისაა. ადრე არ არსებობდა, თორემ უფრო მალე მოვრჩებოდი.
შენ ალბათ ძალიან დაიღალე, იმიტომ რომ, დაღლილი რომ არ იყო, ძალიან გაგიხარდებოდა ამ ახალი წამლის გამოგონება. ახლა ხომ მოვრჩები?!
* * *
საავადმყოფოში ღამით მომიყვანეს. გუშინ თავი ძალიან მტკიოდა. ძალიან ადვილად მეძინება, გაღვიძება ძალიან მიჭირს, წერაც ძალიან მიჭირს.
ვიძინებ...
ბლოკნოტს ბალიშის ქვეშ ვდებ…
* * *
წინაზე რომ ვწერდი, იმის მერე ორმოცი დღე გავიდა. ისევ იგივე პალატაში ვარ. არავინ მოდის სანახავად.
ცუდად ვარ. თავი მტკივა. მეძინება.
მარტო შენ ზიხარ საწოლთან, ხან ჩემს თავთან, ხან ფეხებთან.
რაღაცას მეუბნები, რაღაცას მიმღერი, მაგრამ მე კარგად არ მესმის.
* * *
ამ ღამეს ძალიან კარგად ვარ. წამოდგომა და ფანჯარასთან მისვლაც კი შევძელი. ექთანმა შემომისწრო და დასაწოლად წამიყვანა. მე ვთხოვე, რომ არ გაგაღვიძოს. შენ ძალიან დაღლილი ხარ, საწოლის კიდეზე გაქვს თავი ჩამოდებული და გძინავს.
ფანჯარაში ვარსკვლავები იყურებიან, ზუსტად ისეთივენი არიან, როგორც მაშინ, ჩვენ რომ ერთად ვუყურებდით სახლის ფანჯრიდან.
ახლა უკვე საბნის ქვეშ ვარ შემძვრალი, მამიკოს ნაჩუქარი ფანრით ვანათებ ბლოკნოტს…
ვარსკვლავები ძალიან ახლოს არიან, გარშემო ტრიალებენ, შემიძლია ხელით მივწვდე.
დედიკო შენ იძინე, მე ვარსკვლავების აღარ მეშინია, ძალიან პატარა ვიყავი, როცა მეშინოდა, აი უკვე მათ შორის ვარ, მივფრინავ…
ზემოდან გიყურებ…
შენ ისევ საწოლის კიდეზე გიდევს თავი და მშვიდად გძინავს.
მამაკაცი
* * *
1990 წლის 12 ივნისი. ნინი ჩვენს ქალაქში პირველი იყო, ვინც რეტროვირის მიღება დაიწყო. მე არაფრით მოვეშვი ერთ-ერთ ამერიკულ ფონდს და ნინის წამლისათვის საჭირო გაუგონარი თანხა გამოვტყავე. თითქმის უკვე სამი წელი გავიდა მას შემდეგ.
ახლა კი ნინის დასაფლავებიდან მოვდივარ. მანქანაში მარტო ვარ, ყურშა, შენ და მე, მარტო.. ცრემლები ღვარ-ღვარად ჩამომდის.. და თვალწინ მიტრიალებს ჩემი ნაჩუქარი სათამაშოები ნინის თავთან და ნინის თმებში ყვავილებიანი ბრჭყვიალა თმის სამაგრები.
არ არსებობს ამაზე უფრო დიდი ტრაგედია! ამის გადატანა შეუძლებელია!
ადამიანს არაფერი შეუძლია, ადამიანი უძლურია ამ ბრმა, კაცთმოძულე, გამანადგურებელი ძალის წინაშე.
ჩვენ ყველანი განწირულები ვართ! წამალი ვირუსს ცოტა ხნით კლავს, შეიძლება რამდენიმე წლითაც, მაგრამ შემდეგ ის უფო ძლირად გვირტყამს უკან; წამალგამძლე, უფრო აგრესიული და დაუნდობელი ხდება.
ეს არ არის ერთი ვირუსი, ჩვენ ვირუსების მთელი სამყარო გვებრძვის, ეს უკუღმართები გამალებით იცვლებიან, ებრძვიან ყველაფერს – საკუთარ თავს, ადამიანს, გარემოს.. ღმერთს.
როცა ნინის სახლს ვტოვებდი, მომესმა, როგორ ლოცულობდა ნინის დედა და ლოცვაში მე მახსენებდა და მადლობას მწირავდა, რომ მას შვილი სამი წლის განმავლობაში შევუნარჩუნე..
* * *
1994 წლის 1 სექტემბერი. ყურშა გაიცანი, ეს კომპიუტერია, მაჯლაჯუნა ჰქვია, ზოგჯერ ისე გამომიყვანს ხოლმე წყობიდან, რომ მინდა ცხვირ-პირი, უფრო სწორად მონიტორი კარგა გვარიანად მოვულამაზო. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში წესიერად იქცევა და მუშაობაც არასოდეს ეზარება. ძალიან დამეხმარება სამეცნიერო მუშაობაში. ცოტ-ცოტა შევეგუე სამუშაო ადგილის შეცვლას. ადრე რომ ეთქვათ, ლაბორატორიულ ვირთხად გადაიქცევიო, გამეცინებოდა. ახლა კი ცოტათი მომწონს კიდეც. პაციენტებს არ ვეკარები, მარტო მათ სისხლს ვიკვლევ. არ მინდა, თუნდაც სულ უმნიშვნელო რისკის ქვეშ დავაყენო მათი ჯანმრთელობა. არადა, რომ იცოდე, როგორ მენატრება ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობა!
წელს შიდსი ახალგაზრდებში სიკვდილობის ყველაზე ხშირ მიზეზად გამოცხადდა. შემზარავია, ეს ახლადაღმოცენებული შავი ჭირი თავის ცელს პირველ რიგში ზუსტად გაფურჩქვნის ასაკში მყოფ ადამიანებს რომ უმიზნებს.
რაც უფრო მეტს ვმუშაობ ამ დარგში, მით უფრო ვრწმუნდები, რომ დღეს ადამიანებისათვის შიდსის ვირუსის დაძლევა მიუღწევადი ამოცანაა. ასეთ დროს, ალბათ სჯობია ნაკლები იცოდე და ბრმად ენდობოდე ვინმე სხვას, ამერიკისა თუ დასავლეთ ევროპის ტვინიკოსა მეცნიერებს და მათი მთავრობების მიერ შიდსის კვლევისათვის გაღებულ უპრეცენდენტო დაფინანსებებს.. და გჯეროდეს, რომ ხვალ-ზეგ ამ სენის უებარი წამლის ყიდვას ქუჩის გადაღმა აფთიაქში შეძლებს ნებისმიერი მსურველი.
ნეტარ არიან მორწმუნენი!
* * *
1996 წლის 16 ივლისი. ვბრუნდები ვანკუვერის შიდსის კონფერენციიდან. ერთი მსოფლიო – ერთი იმედი, ასეთი იყო კონფერენციის ლოზუნგი. ძალიან ამაღლებულ ხასიათზე ვარ. ულამაზესი ქალაქია, გარშემო უთვალავი იალქნი ლივლივებს ხასხასა სილურჯეზე.
შიდსი აღარ არის სასიკვდილო დაავადება ! მისი მართვა უკვე შეიძლება. სამი სხვადასხვაგვარი წამლის ერთდროული მიღებით სისხლში ვირუსი სრულიად ნადგურდება! ისე ნადგურდება, რომ ვერც კი ასწრებს წამალგამძლე შთამომავლობის დატოვებას! საოცარია!
აი რას ნიშნავს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების მობილიზაცია და ერთობლივი ბრძოლა გლობალურ კატასტროფასთან.
მართლა ბოლომდე ხომ არ გაგვწირავდა ღმერთი!
მართალია, ეს ახალი მკურნალობა ჯერ-ჯერობით ძალიან ძვირია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში გაიაფდება და ყველასათვის მისაწვდომი გახდება.
დღეს ისევ დამიბრუნდა რწმენა, რომ ადამიანებს ყველაფერი შეგვიძლია, აბსულუტურად ყველაფერი!
ცხოვრება მშვენიერია!
* * *
1998 წლის 19 ივლისი. ჟენევაში ვარ. რატომღაც ბავშვობიდან მიზიდავდა ამ ქალაქის სახელი, როგორც რაღაც ზღაპრულის, სამოთხის აღმნიშვნელი. მართლაც მშვენიერი ადგილია შუაგულ ქალაქში გაშლილი ტბით, ბაღებითა და შადრევნებით. მწვანე გორაკებზე შეფენილი ულამაზეს სახლებს შორის ერთ-ერთში ბაირონს უცხოვრია თურმე. ეს ადგილი მართლაც რომ პოეზიისადმი განგაწყობს, მაგრამ მე ახლა ედგარ პოსა და ტერენტი გრანელის შავბნელი პოეზიიდან თუ შევძლებდი რაიმეს გახსენებას, თორემ სხვაზე ვერაფერზე მეყოფოდა ნერვები.
აქ მთელი მსოფლიოდან შეკრებილ შიდსის სპეციალისტებს სულაც არა გვაქვს საზეიმო განწყობილება. მართალია, სამმაგი მკურნალობა დიდი ხნის მანძილზე ანადგურებს ვირუსს ადამიანის სისხლში, მაგრამ როგორც კი მკურნალობას შეწყვეტ, ვირუსი კვლავ იჩენს თავს და გაათმაგებული სისწრაფით იწყებს გამრავლებას. სად, სხეულის რომელ კუთხე-კუნჭულში ემალება ვირუსი წამლებს, არავინ იცის.
ჩვენ კვლავ ასალ საშუალებებს ვცდით, ახალი წამლებით ვებრძვით ვირუსს, გვირაბის ბოლოს თითქოს სინათლეც გამოჩნდება ხოლმე, ვირუსი კი ერთი ნაბიჯით ყოველთვის ჩვენზე უფრო წინაა, თითქოს დაგვცინის და ეს უმარტივესი რამ, ცოცხალ არსებასაც რომ ვერ დაარქმევ, თავისი სიმარტივითვე მწარედ გვამარცხებს.
* * *
2000 წლის 15 ივლისი. სამხრეთ აფრიკა. „დავარღვიოთ სიჩუმე“ ასე ჰქვია ამჯერად შიდსის მსოფლიო კონფერენციას. დავარღვიოთ სიჩუმე, რადგან ჩვენ ჩუმი აპოკალიფსის ხანაში ვცხოვრობთ, რადგან ყოველდღე ათასობით ადამიანის სიცოცხლე რაღაც ბრმა ეშმაკისეულ ძალას მიაქვს. და ათასობით დოლის ხმა აყრუებს ირგვლივ ყველაფერს დურბანის სტადიონზე. აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ყოველი მესამეა იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირებული, მთელი ერები გადაშენების გზაზეა. ბოლომდე მანც ვერ ვაცნობიერებ, რომ ეს სინამდვილეში ხდება, რომ ეს საერთოდ ჩვენს დედამიწაზე ხდება, და არა სადღაც შორს, რომელიღაც სხვა პლანეტაზე, რომელიც მალე დაიღუპება, ჩვენ კი ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ გვექნება.
* * *
2002 წლის 1 სექტემბერი. მგონი მეც შევძელი რაღაც ღირებულის გაკეთება. ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა. ჩვენმა საქველმოქმედო ფონდმა მის შესასრულებლად ფული უკვე მიიღო ამერიკიდან. დღეიდან ჩვენთანაც შევძლებთ უფასოდ ყველა ორსული ქალის გამოკვლევას იმუნოდეფიციტის ვირუსზე, ვისაც აღმოვუჩენთ, უფასოდ წამალსაც მივცემთ, რომ არ დავუშვათ ვირუსის ბავშვზე გადაცემა.
იმედი ყველაზე ბოლოს კვდება. იქნებ მომავალი თაობა მაინც დავიხსნათ ამ საბედისწერო დაავადებისაგან. ახლა ამ მიზნითა ვარ ბოლომდე შეპყრობილი და ჩემთვის სულ სხვაგვარად, ტკივილამდე ჟღერს ერთი ფრაზა, ადრე ბანალურად რომ მეჩვენებოდა ხოლმე „დავიცვათ ჩვენი მომავალი!“
ჩვენს ფონდს ნინის სახელი დავარქვი…
* * *
2005 წლის 25 აპრილი. 25 წელი ძალიან დიდი დროა. მე ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ინფიცირებული ვარ, რადგან ამდენი ხნის შემდეგ ისევ ცოცხალი ვარ. ძალიან კი შევიცვალე ამ ხნის მანძილზე, სარკე დიდი ხანია ჩემი მტერი გახდა, შემთხვევით თვალს რომ მოვკრავ ხოლმე ანარეკლს, გამაჟრჟოლებს ხოლმე - იქიდან ცვილის ნიღბიანი მოხუცი შემომცქერის. თუმცა გაცნობიერებული მაქვს, რომ ამ წამლებით მუდმივი მკურნალობა სხვა არაფრით შიძლებოდა დამთავრებულიყო. გაცნობიერებული მაქვს, მაგრამ ძლიერ მიჭირს მაინც. შიდსის ეპიდემიის მეოთხედსაუკუნოვანმა ისტორიამ თითქოს პირდაპირ ჩემი სახის ტყავზე გადაიარა. მე ვიყავი მომსწრე მთელი ამ თამაშისა, ვირუსმა რომ მოგვახვია თავს მთელი ამ ხნის მანძილზე. კატა-თაგვობანა, მეტს ვერაფერს დაარქმევდი ამას.
ძალიან დამთრგუნველია, მაგრამ ისიც გაცნობიერებული მაქვს, რომ ვირუსი ადამიანის ორგანიზმში ერთხელ თუ მოხვდა, მისი იქიდან გამოძევება უკვე შეუძლებელია მთელი სიცოცხლის მანძილზე. და ეს ჩემს სხეულსაც ეხება… რა სამწუხაროა… ძალიან დავიღალე ამაზე ფიქრით, ამიტომ ვცდილობ, საერთოდ აღარ ვიფიქრო ამაზე და საერთოდ აღარაფერზე ვიფიქრო. ახლა სხვებმა იფიქრონ… მე ძალიან დავიღალე…
ამ 25 წლის მანძილზე მსოფლიოში 60 მილიონზე მეტი ადამიანს დაემართა ეს დაავადება. ბევრს ეს კოშმარი კვლავ წინ ელის. ეპიდემია ჩვენთან მხოლოდ ახლა იკრებს ძალებს. რა გველის წინ, არავინ იცის.
ჩემო ყურშა, ეს ჩემი ბოლო ჩანაწერია, განსაკუთრებით კარგად შეინახე. ვინმე სხვას რომ მოასმენინებ, მე უკვე შენს გვერდზე აღარ ვიქნები. ბევრს ნუ იდარდებ და ეცადე, ჩემს ხმას რომ დაატრიალებ თავიდან, შემაწუხებლად არ იშხრიალო.
ქალი
* * *
ორი კვირაა, აღარ ვყოფილვარ. უნდა მოგიყვე, რა ხდება ჩემს თავს… ვსვამ იმ წამლებს. ყველა ტაბლეტის გადაყლაპვაზე ღმერთს ვეხვეწები, ჩემი შვილი გადაარჩინოს ამ საშინელ ვირუსს. იმდენი რამე წავიკითხე შიდსზე, თავი გამოტენილი მაქვს. მოკლედ, თუ ამ წამლებს დავლევ, იმის რისკი, რომ ბავშვს შიდსი ექნება, სულ ხუთი პროცენტი რჩებაო. ადვილი სათქმელია, ხუთი პროცენტი. მაგ ხუთ პროცენტში ჩემი შვილი რომ აღმოჩნდეს, მერე რაღა ვქნა. თავსაც ვერ მოვიკლავ. ბავშვს ხომ ვერ მივატოვებ…
დღეს ექიმი ძალიან შეწუხებული ჩანდა. თურმე საკეისრო უნდა გამიკეთონ. არადა, ისეთი გინეკოლოგის პოვნა, შიდსიანს საკეისროს რომ გაუკეთებს, ადვილი არ ყოფილა. ეს რაღა ჯანდაბაა, ჩემი უბედურება არ მყოფნის, ახლა კიდევ ეს აბსურდი. არაადამიანობა.. ჩემო ძვირფასო გინეკოლოგებო, ერთ მშვენიერ დღეს თქვენც აღმოჩნდებით ჩემს დღეში. მერე ნახავთ, როგორია ადამიანისთვის ხელის კვრა. ეს საშინელება ყველას შეიძლება დაატყდეს თავზე. მეც ეგრე მეგონა, ჩემთან შიდსს რა უნდა მეთქი, მაგრამ…
ჩემი გაჭირვება არ მყოფნის, კიდევ რომ უნდა მალო ეს უბედურება. დღეს ჩემი და მეუბნებოდა, ვიღაცეებს ჩვენების კორპუსში უჭორავიათ, ის ბიჭი შიდსით მოკვდა და გოგოსაც ჰქონიაო. გაუჩნდათ ენის მოსაფხანი. ნეტა საიდან გაიგეს… ჩვენი ქალაქი ხომ ჭორების ბუდეა. დღეს დილით უნდა გენახა, ის დაქოქილი ქალი, მეორე სართულზე რომ ცხოვრობს, როგორ მათვალიერებდა. ალბათ, რას არ მისცემდა, სიმართლე რომ გამოერკვია… რა ვქნა ერთი, რაც უნდათ, ის თქვან, ეგ აღარ არის ჩემთვის მთავარი. მთავარია ეს ჩემი პაწია არსება, უკვე გამალებით რომ მირტყამს შიგნიდან მუცელში, ჯანმრთელი დაიბადოს. ისე, დიდი ყოჩაღი ვინმეა… ენერგიულად ფართხალებს… ნეტა როგორია… ვის ემსგავსება.
მოკლედ, წავედი ახლა, სადაცაა, შემომაღამდება. ხვალ დილით ისევ იქ ვარ მისასვლელი… ცოტა შევეჩვიე იქაურობას. მეტი რა გზა მაქვს…
* * *
გამარჯობა, ჩემო სიყვარულო. როგორც იქნა, გამოიძებნა ერთი ღვთისნიერი ექიმი, ჩემთვის საკეისროს გაკეთებაზე რომ და­თანხმდა. ღმერთმა გაახაროს. ორი კვირაღა დარჩა. მანამდე ალბათ ვეღარც ამოვალ. ვიღაც მეზობლის იდიოტ დედა­კაცს დედაჩე­მისთ­ვის უთქვამს, შენი სიძე ხომ რაღაც ვენერული ავადმ­ყო­ფობით მოკვდაო. გადა­რეული მოვიდა. ისე, ეხლაც არ იცის, რა ხდება ჩემს თავს. შენზე გონია, ჰეპატიტი გქონდა და რატომღაც ფილტვების ანთებით გაგირთულდა...
მარტო როგორ უნდა გადა­ვიტანო ეს ყველა­ფერი?.. უნდა შევძლო... შენ ეგრე დამიბარე და პირობას აუცილებლად შეგისრულებ...
* * *
ისე მომენატრე, უკვე აღარ შემიძლია… აქ როცა ამოვდიოდი, თითქოს უფრო გიახლოვდებოდი… ერთ თვეზე მეტი გავიდა, რაც აქ არ ვყოფილვარ… რომ იცოდე, რამხელა რამე გადავიტანე… უნდა გენახა, ექთნები როგორ ჩურჩულებდნენ და ერთმანეთს ჩემზე ანიშნებდნენ. თან რაღაც შეშინებული, დაფეთებული თვალები ჰქონდათ, თითქოს გველი დაინახესო. ერთი სული მქონდა, მეკივლა მაგათთვის: რა იყო თქვე ქაჯებო, ჩემი ბრალი კი არ არის, ავად რომ ვარ, ჭირიანი კი არა ვარ, ნუ გეშინიათ, არაფერი მოგაფრინდებათ ჩემგან, თქვენ საქმეს მიხედეთ… მაგრამ ამ ყველაფრის თქმა მხოლოდ გულში მომიხდა და სიტყვაც არ დამიძრავს. მაგათ ხელში ვიყავი მაინც.
მშობიარეებს ქმრები ელოდებოდნენ, მე მარტო ვიყავი. შენ იქ არ მყავდი. გული ჩაწყვეტაზე მქონდა. ისევ შენი გატანჯული, ფერმკრთალი სახე მედგა თვალწინ. საოპერაციოში შესვლის წინ განუწყვეტლივ ღმერთს ვეხვეწებოდი, დაეცვა ჩვენი შვილი. მჯეროდა, რომ ჯანმრთელი დაიბადებოდა…
თვალი რომ გავახილე, ექიმი იღიმებოდა და ხელში ეკავა ეს სასწაული. პატარა, სასაცილო, მოთხუპნული არსება. რაღაც ენით აუწერელი შეგრძნება მქონდა. მეტირა თუ მეცინა, არ ვიცოდი. ამ ქვეყანაზე ყველაზე ბედნიერი და თანაც ყველაზე უბედური ვიყავი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, გადასარევი ბიჭი გეყოლათო, ექიმმა მომახარა. ყველაფერი ისე აქვს, როგორც ნორმალურ ახალშობილს შეეფერებაო. ძალიან მიხაროდა, ვიცოდი, შენ გვხედავდი და შენც გიხაროდა. ტვინს ერთი და იგივეზე ფიქრი მიბურღავდა. ნეტავი ვირუსი არ ჰქონდეს…
ძუძუს წოვის უფლება არა აქვს ამ საწყალს, საშიში ყოფილა, შეიძლება ჩემგან ვირუსი გადაედოს. ფხვნილებით გაკეთებული საჭმლით იჭყიპება…
იმ წამლებს ვაძლევ, ექიმმა რომ გამომატანა. იგივენაირი წამლებია, მე რომ ვსვამდი. ეგეც დაიცავს თურმე ვირუსისგან. წამლის დალევის დროს ისე სასაცილოდ იჭყანება, უნდა შეგახედა, მოკვდები სიცილით. როდის გავა ეს ორი თვეც, აღარ შემიძლია, დღეებს ვითვლი. სამი თვის მაინც უნდა გახდეს, რომ საბოლოო ანალიზი გაუკეთონ, სისხლში ვირუსი აქვს თუ არა… წამიც არ არის, მაგაზე რომ არ ვფიქრობდე. არა, დაშვებაც კი არ შემიძლია, რომ ამ საყვარელ, პაწაწინა ადამიანს შეიძლება ეს საშინელი ავადმყოფობა ჰქონდეს…
ხანდახან მეშინია, ძალა არ გამომეცალოს და ეს ბავშვი ბედის ანაბარა მიტოვებული არ აღმოჩნდეს. ზოგჯერ ისეთი სასოწარკვეთილი ვარ, ეს პატარა კაცუნა რომ არა, აქამდე თავს მოვიკლავდი. ღმერთმა გამომიგზავნა, ეტყობა, ცხოვრების გაგრძელების ძალა რომ მოეცა ჩემთვის… აბა. სასწაული არ იყო?! რაღა ზუსტად მაშინ დავორსულდი…
* * *
სულს ვერ ვითქვამ… ისე ამოვირბინე ეს აღმართი ამ ბომბორასთან ერთად, არც კი შემისვენია…
შეხედე, რა საყვარელი, რა ბუთქუნაა, რა საყვარლად იცინის… ესეთი ბავშვი კიდევ ყავს ვინმეს?! არ არსებობს… ღმერთს სულ მადლობას ვწირავ… ამის თვალებს შეხედე, თითქოს შენ მიყურებ… სულ შენი თვალები აქვს. რომ შევხედავ, გამაჟრჟოლებს ხოლმე, ისე გგავს… თუ გაბრაზდა, ყვირილიც შენნაირი რიხიანი იცის…
პირდაპირ იქიდან მოვდივარ…
დღეს ანალიზის პასუხი იყო…
ჯანმრთელია!!! ჯანმრთელია!!! ჯანმრთელია!!!
სულ ეგ მინდა ვიყვირო… შენთვის რომ არ მეთქვა, მოვკვდებოდი… ისე მეჩქარებოდა აქ მოსვლა, ტაქსის მძღოლი გავაგიჟე… ნორმალური არ ვეგონებოდი… იფიქრებდა, სასაფლაოზე ასეთი სასწრაფო რა ხდებაო, თანაც ჩვილი ბავშვით ხელში…
ვიცი, შენ გვხედავ, ვიცი, რომ გიხარია… სხვანაირად არ შეიძლება… სულ ხომ ვერ გაქრებოდი… სადღაც ხომ ხარ…
შეგისრულე პირობა… ხო კარგი გოგო ვარ… ყველაფერი გავაკეთე, რაც მითხრეს… ეხლა კი ნამდვილად ბედნიერი ვარ…

სასწაულია, როგორ გრძელდება სიცოცხლე!!!

ნანახია: 2529 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.