იუბილე

არქივი

NOTA BENE

დისკუსია

სიახლეები

EBM კლასი

მიმოხილვა

MEDIA RELEASE

თარგმანი

გაიდლაინი

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [5.00]

სპიგელის თიაქარი [0.00]

კონტარაცეფციის საკითხები სამეანო ფისტულის მენეჯმენტში [0.00]

დედათა სიკვდილობა და აბორტი: თავიდან აცილებადი, მაგრამ ჯერ კიდევ პრობლემატური საკითხი [0.00]


მწვავე ბრონქიტი [19551]

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი [16748]

თავისუფალი რადიკალები, ანტიოქსიდანტები, რეზვერატროლი, ღვინო, და ღვინო ქართული [14247]

ვისცერული ლეიშმანიოზი [10218]

სპიგელის თიაქარი [5180]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

,,თანამედროვე მედიცინა” ერთი წლისაა

ავტორი: ნინო ჩხაიძე,ჟურნალ „თანამედროვე მედიცინის“ სამედიცინო რედაქტორი


ერთი წელი ადამიანის შვილისთვის არის ბავშვობა, ჟურნალისთვის კი ნამდვილად არ ნიშნავს ცოტას. „თანამედროვე მედიცინის“ 6 ნომერი ჯამში 384 გვერდია 30-მდე რუბრიკით, 70-მდე სტატიით, 200-მდე ავტორით, ზღვა ინფორმაციით...
მაინც რა მიზანს ემსახურება ჟურნალი და როგორია განვლილი ერთი წლის შრომის რეტროსპექტული ანალიზი?

სურათი 1. „თანამედროვე მედიცინის“ პირველი ნომრის თავფურცელი,
ნოემბერი–დეკემბერი, 2007 წ.

„თანამედროვე მედიცინა“ – ახალი პერიოდული სამედიცინო გამოცემა კომპანია GPC-ის ხელშეწყობით შეიქმნა. დაარსების მიზანს წარმოადგენს ქართული, თანამედროვე, საერთაშორისო მნიშვნელობის, მომავალზე ორიენტირებული, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის ფორმირება.
ჩანაფიქრი სერიოზულია და რთულად განსახორციელებელი. ადვილი არ არის, დააკმაყოფილო სამედიცინო ჟურნალის მკითხველთა ინტერესი ქვეყანაში, სადაც ოდითგანვე მედიცინით ინტერესდებოდნენ და მის განვითარებაში მონაწილეობდნენ უბრალონიც და მეფენიც. მსოფლიო ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება საქართველოს სამეფო კარის სამედიცინო ტრადიციების ანალოგი. საუკუნეების წინ შექმნილი სამკურნალო კარაბადინები და ზოგადად ქართული ხალხური მედიცინის მონაპოვარი კი დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

სურათი 2. „თანამედროვე მედიცინის“ მეორე ნომრის თავფურცელი,
იანვარი–თებერვალი, 2008 წ.

კიდევ უფრო ძნელია, გამოსცე მოსაწონი ჟურნალი თანამედროვე ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის – ექიმებისათვის, რომლებიც ქვეყანაში არსებული ცვალებადი პოლიტიკურ-სოციალური მდგომარეობის მიუხედავად აღწევდნენ და აღწევენ მნიშვნელოვან წარმატებებს როგორც კლინიკური პრაქტიკის, ისე მეცნიერული კვლევების კუთხით და არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით.
და ბოლოს, ძნელია, თქვა ახალი სიტყვა სამედიცინო ჟურნალისტიკაში საქართელოში, სადაც ამ საქმის მდიდარი ტრადიციები არსებობს.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ჟურნალ „თანამედროვე მედიცინას“ აქვს ამბიცია, იყოს თანამედროვე ექიმისათვის საინტერესო სამეცნიერო-პრაქტიკული გამოცემა. ჟურნალის მისიაა საქართველოს სამედიცინო საზოგადოების ინფორმირება მსოფლიო მედიცინის სიახლეების, მიმდინარე კვლევების და მათი შედეგების, საინტერესო კლინიკური შემთხვევების, თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდებისა და სტანდარტების შესახებ. მაგრამ, ცხადია, ჟურნალის ამბიცია ამბიციად დარჩება ავტორისა და მკითხველის გარეშე. ჩვენი ავტორიცა და მკითხველიც კი თქვენ ბრძანდებით. სწორედ თქვენი თანადგომა და თანამონაწილეობაა აუცილებელი გამოცემის განვითარებისათვის, რისი ტენდენციაც დღითიდღე იზრდება.

სურათი 3. „თანამედროვე მედიცინის“ მესამე ნომრის თავფურცელი,
მარტი–აპრილი, 2008 წ.

ასაკის მატებასთან ერთად ჩვენს გამოცემას ავტორიც ემატება და მკითხველიც. გამოცემა ვითარდება: მრავალფეროვანი ხდება თემატიკა, ფართოვდება რუბრიკათა ნუსხა, იზრდება დაინტერესება.
შესაძლებელია ვაქცინაცია სიმსივნის საწინააღმდეგოდ? რეალობაა რობოტები ქირურგიაში? რა პერსპექტივებს სახავს ნანომედიცინა? რას გულისხმობს ჰემოფილიის კომპლექსური მართვა? რომელი ნაკლებად ცნობილი ანატომიური წარმონაქმნი არსებობს ღვიძლში და რა ფუნქცია აქვს მას? – „Nota Bene“-ს რუბრიკით გაშუქებულმა საკითხებმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა მკითხველში.
რუბრიკაში „მიმოხილვა“ განხილულია ისეთი საინტერესო თემები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის კვანძები, ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკის ჰისტოპათოლოგიური მეთოდები, ლეიკემოიდური რეაქციები, ალკოჰოლიზმი, ვილებრანდის დაავადება და სხვ.
რა გავლენას ახდენს ადამიანებზე მობილური ტელეფონების ელექტრომაგნიტური ველი, ხმაური, უხილავი სხივები? რა ხარისხის ჰაერს ვსუნთქავთ? რა საშუალებით გაუსნებოვნებელ წყალს ვსვამთ? – კითხვებს პასუხობს რუბრიკა „ადამიანი და გარემო“.
რუბრიკაში „კლინიკური კვლევები“ წარმოდგენილია ქართველი მკვლევარების მიერ განსხვავებულ თემატიკაზე ჩატარებულ კვლევათა შედეგები: „α–თალასემია საქართველოში“, „ფიბროკოლონოსკოპია ნაწლავური სისხლდენების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში“, „დამოკიდებულება არტერიული წნევის ცირკადულ პროფილსა და სისხლის რეოლოგიურ მახასიათებლებს შორის“, „მუდმივი კარდიოსტიმულაცია XXI საუკუნის დასაწყისში: რესინქრონიზაცია გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალებათა არსენალში“, „თიანეპტინის მოხმარების შედეგად განვითარებული აღკვეთის მდგომარეობის თავისებურებების ანალიზი“ და სხვ.
კოტარდის სინდრომის, სიამის ტყუპების, ტაკოცუბოს სინდრომის, „მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციისა და სხვა საინტერესო შემთხვევებს აღწერენ ქართველი ექიმები თავისი კლინიკური პრაქტიკიდან რუბრიკაში „Case Report“.
„Medical IT“-ის რუბრიკით ჟურნალმა მიმოიხილა ტელემედიცინის, GRID ტექნოლოგიების, სამედიცინო საინფორმაციო სისტემების პროექტირების თავისებურებები.

სურათი 4. „თანამედროვე მედიცინის“ მეოთხე ნომრის თავფურცელი,
მაისი–ივნისი, 2008 წ.

რედაქცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუბრიკას „თარგმანი“, რომელიც ორიენტირებულია აქტუალურ თემატიკასა და უახლეს მასალაზე, აქცენტი კეთდება პროსპექტულ, რანდომიზებულ და ფართომასშტაბურ კოჰორტულ კვლევებზე, ასევე კლინიკურ მიმოხილვებზე. თარ-გმანები ხორციელდება BMJ-ის რედაქციის ნებართვით. სწორედ ამ რუბრიკაში გაშუქდა ისეთი საინტერესო თემები, როგორიცაა: ჰიპოკალციემია, ძუძუთი კვება, დეპრესია, აორტის დეგენერაციული სტენოზი, ჰემიართროპლასტიკა და სხვ.
„მედეადან მითრიდატამდე“ და „მედიცინა და ქართული სამეფო კარის ტრადიციები“ სტატიებია, რომელთაც თავისებური ხიბლი შემატეს ჟურნალს რუბრიკით „მედიცინის ისტორია“.
„ენდემიური ჩიყვი საქართველოში“ – თემა, რომელიც აქტუალურია დღესაც, თურმე საუკუნის წინ წარმოადგენდა კვლევის საგანს. რუბრიკა „არქივი“ 1924 წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო-მიმოხილვითი სტატიის ფრაგმენტით (ავტ. ი. ასლანიშვილი) კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მდიდარი სამედიცინო კულტურის ქვეყანაა.
რუბრიკამ „ყოფნა-არყოფნის ზღვარზე“ განიხილა ისეთი ბიოსამედიცინო და სოციალური პრობლემები, როგორიცაა შიდსი, ევთანაზია, „გლობალურმა კატასტროფებმა“ – ჩერნობილის ტრაგედიის შედეგები.
„...სჭირდება თუ არა ექიმს ტვინი?“ – საინტერესო თემით დაიბადა რუბრიკა „დისკუსია“, რომელიც ნებისმიერ სამედიცინო თემაზე სადისკუსიოდ იწვევს განსხვავებული შეხედულებების ექიმებს.

სურათი 5. „თანამედროვე მედიცინის“ მეხუთე ნომრის თავფურცელი,
ივლისი–აგვისტო, 2008 წ.

ჟურნალი მუდმივად აწვდის მკითხველს სამედიცინო „სიახლეებს“. ბოლო ნომრებში დაიწყო ქართული და უცხოური გაიდლაინების ბეჭდვა, გაიხსნა ლექტორიუმი.
„მოლეკულური მედიცინა“, „სამედიცინო ბიულეტენი“, „მსოფლიოს ჯანდაცვა“, „Alma Mater“, „დეონტოლოგია“, „პრევენცია“, „პრაქტიკოსის გვერდი“, „იურისტის გვერდი“... ყველა რუბრიკის მიმოხილვა შორს წაგვიყვანდა.
ინფორმაციით გადაგტვირთეთ? განტვირთვის საშუალებასაც გთავაზობთ. XXI საუკუნის ექიმს იშვიათად რჩება დრო მხატვრული ლიტერატურის საკითხავად. ამ დანაკლისის შესავსებად „ლიტერატურული გვერდი“ წარმოგიდგენთ სამედიცინო პრობლემების ეთიკურ, მორალურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ თვალთახედვას ქართველი თუ უცხოელი ექიმების ნოველებში. „ახლგაზრდა ექიმის ჩანაწერები“ (მ. ბულგაკოვი), „აპოკალიფსის 25 წელი“ (გ. კამკამიძე, მ. ბუწაშვილი), „იმელდა“ (რ. სელცერი), „ყვავილები ელჯერნონისათვის“ (დ. ქიიზი) – ამ ნაწარმოებებს გულგრილი არ დაუტოვებია ფართო მკითხველი. დარწმუნებულები ვართ, საქართველოში მრავლად არიან ნიჭიერი ექიმები, რომელთაც ექიმობით განცდილი ემოციები ფურცელზე გადააქვთ. ჩვენი „ლიტერატურული გვერდი” მზად არის, საზოგადოებას გაუზიაროს მათი გულის ნადები, მათი ტვინის ნაჟური.

სურათი 6. „თანამედროვე მედიცინის“ მეექვსე ნომრის თავფურცელი,
სექტემბერი–ოქტომბერი, 2008 წ.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალის ინტერნეტ-ვერსია ხელმისაწვდომს ხდის გამოცემას ყველა დაინტერესებული პირისათვის: მედიცინისა და მედიცინის მომიჯნავე დარგების სპეციალისტებისათვის, სტუდენტებისათვის.
ჩვენთვის საამაყო და ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ჟურნალი თითქმის საუკუნის წინ – 1924-34 წლებში გამოცემული სამედიცინო გამოცემის სახელს ატარებს. იმ პერიოდის „თანამედროვე მედიცინა“ იყო ჟურნალი, რომელშიც დაბეჭდილი სტატიები, ერთის მხრივ, ნათლად ასახავენ იმდროინდელი ქართული მედიცინის მაღალ დონეს და, მეორეს მხრივ, არ კარგავენ აქტუალობას დღევანდელი გადმოსახედიდანაც. ჩვენ ვისურვებდით, საუკუნის შემდეგ ჩვენი „თანამედროვე მედიცინაც“ ასე შეაფასონ შთამომავლებმა. ჯერ-ჯერობით კი ის ერთი წლისაა...
ჩვენი მხრიდან შეიძლება ითქვას, რომ რედაქცია ძალისხმევას არ იშურებს ჟურნალის დასახვეწად, შინაარსობრივად საინტერესო და ვიზუალურად სასიამოვნო სოლიდური გამოცემის სახელის დასამკვიდრებლად სოლიდურ სპეციალისტებში. ძვირფასო კოლეგებო, ვიცით, გვაქვს სუსტი მხარეებიც და არც შეცდომებისგან ვართ დაზღვეული, მაგრამ ისევ თქვენი თანადგომისა და თანამონაწილეობის იმედი გვაქვს. თანადგომაში კეთილგანწყობასაც ვგულისხმობთ და კრიტიკასაც. ერთი სტიმულს გვმატებს, მეორე სიფხიზლეს, განვითარებისათვის კი ორივე გვჭირდება. სუსტად მიიჩნევთ ზოგიერთ სტატიას? ამომწურავად ვერ გავაშუქეთ რომელიმე თემა? განსხვავებული აზრი გაქვთ რაიმე საკითხთთან დაკავშირებით? მოგვწერეთ! გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, ღიად ვიკამათოთ, სხვადასხვა პოზიციებიდან განვიხილოთ საექიმო პრობლემები და ერთად მივიღოთ მონაწილეობა თანამედროვე ქართული სამედიცინო სამეცნიერო სივრცის განვითარებაში!
და ბოლოს, რედაქცია ღრმა მადლიერებას გამოხატავს კომპანია GPC-ის, მისი გენერალური დირექტორის ბ-ნ დავით კილაძის და ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ხორცი შეასხა ჩვენს წამოწყებას და „თანამედროვე მედიცინას“ დაბადებისა და განვითარების საშუალება მისცა.

ნანახია: 4524 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 11

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269689


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.