ALMA MATER

მედიცინის ისტორია

სიახლეები

NOTA BENE

თარგმანი

კლინიკური კვლევა

მიმოხილვა

კვლევა

ადამიანი და გარემო

იურისტის გვერდი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



აპოკალიფსის 25 წელი [5.00]

ელექტროქიმიური აქტივაცია - წყლის ქლორირების უსაფრთხო და მაღალეფექტური ალტერნატივა [5.00]

ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [5.00]

დეპრესიის მენეჯმენტი მოზრდილებში [5.00]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [5.00]


ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [24610]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [9200]

წყალწყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობის კვლევა „დავიკოლის“ ინსტილაციისას [8987]

ფიბროკოლონოსკოპია ნაწლავური სისხლდენების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში [8178]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა [7723]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 2

მედიცინა და ქართული სამეფო კარის ტრადიციები

ავტორი: რ. შენგელია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ისტორიის და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
R. Shengelia, Tbilisi State Medical University
Medicine and Traditions of the Georgian Royal Court

>>  Evidences on Petre Iberieli (412-488) belong to earlly Middle Ages. He was a Georgian Prince who refused to ascend a royal throne and sacsificied his life to church, His works of neo- platonican character, incessant care of his churel flock, his inten medical activities are widely known. While being a bishop of Batumi he built some buildings for treating people. Of special mention is the activity of his mother, Queen Bakurdukht. In the 5th century for the first time she built hospitals at the crossroads, hotels and entrances to the country. By that time it itself was an unprecedented yet quarantine servise.
Here we finish telling about medical traditions of Georgian royal court before the Bagrations.
The greatest representative of the Georgian Kings was King David IV Aghmashenebeli(the Builder) in the 11th-12th centuries. His area of activities is too widescale, but medicine occupies a special place. David Aghmashenebeli founded Gelati Academy, where a hospital was arranged and medicine was supposed to be taught. It’s interesting to note that David, endowed with high christian morals, himself visited the patients, took care of them, assisted them. David was assisted not only by his generosity but by fundamental medical education. Otherwise, this interest cannot be explained. He invited Ioanne Petritsi and Arsen Ikaltoeli (“Great Anatomist”) educated in Mangan Academy, Greece, who left a greatest trace in Georgian philosophical and medical thought.
David’s great grandchild was the most popular and favourite ruler of Georgia Queen Tamar (the 12th-13th cc) called by Georgians King Tamar. In the summit of her reigning the country reached maximum flowrishing and power. Georgia was an evident leader in the East of that period. A great number of monasteries were built during her reign. As a rule, there were hospitals accompanying them. On the initiative of Tamar’s royal court a fine review of Arabian medicine was compiled, “Book an Medicine”, it implies experience of Georgian medical school as well. And, still, the finest sample of Tamar’s epoch is a city built in rock, Vardzia. It had several thousand rooms, but after an earthquake several hundred of them are preserved. The city had its water supply system, sewerage, hospital and chemist’s, the latter is fully preserved. All this points to high level of hygienic and medical culture.


პეტრე იბერიელი  და მისი საავადმყოფო პალესტინაში

პეტრე იბერი ქართლის მეფის, ვარაზ-ბაქარის შვილი იყო. ერისკაცობაში პეტრეს მურვანოზი ერქვა. ვარაზ-ბაქარმა თავისი 14 წლის მემკვიდრე მძევლად გაგზავნა ბიზანტიის კეისრის კარზე, კონსტანტინოპოლში. იქ აღიზარდა მურვანოზი, მიიღო ღრმა ფილოსოფიური, თეოლოგიური და, როგორც ჩანს, სამედიცინო განათლებაც. კეისრის სასახლეში გაკვირვებული იყვნენ მურვანოზის გონებამახვილობითა და ნიჭით, „რამეთუ ჩვენსა მას ყოფასა კონსტანტინოპოლეს უზომ ადვილად დაისწავლა ენა ბერძნული და სწავლა, ვიდრეღა უკვირდა ფრიად მეფესა და ყოველთა ფილოსოფოსთა სიმახვილე, გონებისა მისისა“ [11].

ადრეულ შუასაუკუნეებს ეკუთვნის ცნობები პეტრე იბერიელისა (411-491 წწ.) და პალესტინის ქართული სამედიცინო კერისა და საავადმყოფოს შესახებ.
სწავლის დასრულების შემდეგ პეტრე აღარ დაბრუნდა საქართველოში. ჩანს, არ იზიდავდა სამეფო ტახტი და კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში წავიდა. იქ იგი ბერად აღიკვეცა და მთლიანად ღვთის მსახურებას მიეცა. ნაყოფიერ თეოლოგიურ-ფილოსოფიურ მოღვაწეობასთან ერთად, მან სამედიცინო აზროვნებასაც დააჩნია კვალი. ეწეოდა პრაქტიკულ საექიმო საქმიანობასაც. „მრავალნი სასწაულნი ქმნა ღმერთმან ხელითა პეტრე ნეტარისათა, ეკლესიასცა მას შინა და ქუეყანასაცა ალექსანდრიისაცა და მრავალი ეშმაკეულნი და მხელობელნი და კეთროვანნი განკურნეს“ [11, 20]. შემდგომ პერიოდში პეტრე იბერი მაიუმის ეპისკოპოსი გახდა. მას საშუალება მიეცა გაეფართოებინა თავისი საექიმო მოღვაწეობა. როგორც ირკვევა, პეტრეს საავადმყოფო გაუხსნია და ავადმყოფებსაც ღებულობდა პირადად.
„წმინდაო ღვთისაო, განგვიღე და განკურნე ყრმა ესე, რამეთუ იგუემების მტერისაგან“ (ე.ი. ავი ზნისაგან) [11,28,70].
როგორც ტექსტიდან ჩანს, პეტრეს თაოსნობით საავადმყოფოს სპეციალური შენობა აუშენებიათ: „და იყოფოდეს მათ მიერ აღშენებულსა მას მონასტერსა და სხვაცა მონასტერი აღაშენეს და სასნეულო“ [11, 70].
პეტრე იბერის საექიმო მოღვაწეობაზე „ქართლის ცხოვრებაც“ მოგვითხრობს. მოვიდა რა მურვანოზი „იერუსალიმედ“, „უწოდეს მურვანოს პეტრე, ხოლო საჭურისსა იოვანე (იგულისხმება იოანე ლაზი, პეტრეს მასწავლებელი და აღმზრდელი. – ავტ.), რომელთა ღვაწლნი და შრომანი გამოუთქმელ არიან და აღაშენნეს მონასტერნი და ქსენონი“ [11, 134] „ის უშვილოთა შვილიერ, სნეულთა განკურნებდა, უნაყოფოთა ნაყოფიერ ჰყოფდა“ [11, 135].
ჩანს, პეტრე იბერის მრავალმხრივ მოღვაწეობაში სამკურნალო საქმე ერთ-ერთი არსებითი იყო, რადგან მემატიანენი, მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტთა აღწერისას, ხელმეორედ ახსენებენ „სასნეულოს“. როდესაც პეტრემ „მოვლნა ყოველნი უდაბნონი ეგვიპტისანი და სკიტისანი“ და კვლავ დაუბრუნდა იერუსალიმს, „ქართლის ცხოვრების“ გადმოცემით, ის „კუალად მონასტერსა და ქსენონსა თავისსა მოიქცა“ [12, 134].
გაურკვეველია, თუ რამდენად სარწმუნო წყაროზეა დამყარებული ზ. ჭიჭინაძის მითითება პეტრე იბერზე, როგორც პრაქტიკული საექიმო წიგნის ავტორზე, მაგრამ, ალბათ, რაიმე საფუძველი არსებობდა, როდესაც წერდა: „პირველად ქართულ ენაზედ კარაბადინის თარგმნა ამას ეკუთვნის“ [13].
პეტრე იბერის საექიმო მოღვაწეობა და იერუსალიმში მისი თაოსნობით საავადმყოფოს შექმნა V საუკუნის II ნახევარში დადასტურებულია როგორც ასურული, ისე ქართული წყაროებით.
დედოფალ ბაკურდუხტის საავადმყოფოები
ბაკურდუხტი ქართლის მეფის ვარაზ-ბაქარის (V ს.) თანამეცხედრეა და პეტრე იბერის დედა.
პალესტინაში მოღვაწეობისას პეტრე, აშკარაა, ზრუნავდა თავის სამშობლოზე. მას იქ აუშენებია მონასტერი, რომელსაც „ჰქვიან ქართველისა მონასტერი“, თვით იერუსალიმში კი მან „აღაშენა სახლი სასტუმრო ქალაქსა შინა და განუსვენებდა მომავალთა ძმათა ქართველთა და ბერძენთა“ [11, 14-17]. უძველეს ქართულ წყაროებში შემონახულია ცნობები პეტრეს დედის, დედოფალ ბაკურდუხტის სამედიცინო მოღვაწეობის შესახებ. პეტრე იბერის ცხოვრების აღმწერი ზაქარია ქართველი, რომელიც პეტრეს თანამედროვე იყო, წერს, „პეტრე ქართველის დედას ბაკურდუხტს მოგზაურთათვის სასტუმროები და საავადმყოფოები აუშენებია“. ყურადსაღებია ისიც, რომ ბაკურდუხტის საქმიანობის შესახებ სწორედ პეტრეს ბიოგრაფი გვაძლევს ცნობას და არა ვინმე სხვა.
ნიშანდობლივია, რომ ბაკურდუხტს გაუხსნია არა ერთი საავადმყოფო, არამედ საავადმყოფოების ქსელი ქვეყნის მასშტაბით და ისიც არა რომელიმე მონასტერთან, არამედ „მოგზაურთათვის“ გაშენებულ სასტუმროებთან. ეს, თავისთავად, საკარანტინო ფუნქციასაც შეასრულებდა, რაც იმ დროისათვის მეტად პროგრესულია.
სხვა ცნობები ამ საავადმყოფოთა შესახებ ჯერჯერობით მიკვლეული არ არის.
აქ მთავრდება ჩვენი თხრობა ბაგრატიონებამდელი ქართული სამეფო კარის სამედიცინო ტრადიციების შესახებ. ბაგრატოვანთა აღზევებასთან ერთად კი იბერია-კოლხეთის ცხოვრებაში თვისებრივი გარდატეხა იწყება. სწორედ ეს სამეფო დინასტია გახდება შემდგომში ქვეყნის ყველა გამარჯვების შემოქმედი და შთამაგონებელი.
დავით IV აღმაშენებელი და გელათი
ცნობილია, რომ XII საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელმა შექმნა ახალი სამონასტრო ცენტრი გელათი , რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კულტურის შემდგომი განვითარების საქმეში.
გელათის მონასტერთან ჩამოყალიბებული იყო აკადემია. მას და მთელ სამონასტრო საქმიანობას ხელმძღვანელობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი, რომელიც დავით აღმაშენებლმა მოიყვანა პეტრიწონის მონასტრიდან, როგორც კაცი პატიოსანი „ცხოვრებითა“ და შემკული „ყოვლითა სათნოებითა“. გელათის აკადემია იმ დროისათვის არსებული უმაღლესი ტიპის სასწავლებლების მიხედვით იყო მოწყობილი. პეტრიწის გარდა, იქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, იოანე ტარიჭის ძე და სხვ.
ფიქრობენ, რომ ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისა“ თარგმნილია იოანე პეტრიწის მიერ სწორედ გელათში მოღვაწეობის დროს. მართალია, იოანე პეტრიწი, ძირითადად, ფილოსოფოსი იყო და მას განსაკუთრებით აინტერესებდა ნეოპლატონური ლიტერატურა, რომლის ერთ-ერთი ნიმუშია „ბუნებისათვის კაცისა“, მაგრამ სრულიად ბუნებრივია, რომ ანატომიურ-ფიზიოლოგიური ტრაქტატის ეს არჩევანი, ძირითადად, გელათის აკადემიის პრაქტიკული სასწავლო საჭიროებით ყოფილიყო გამოწვეული.
როგორც ირკვევა, დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქაში საექიმო საქმიანობას, საავადმყოფოების დაფუძნებასა და მოვლა-პატრონობას სახელმწიფო აქტიურად უჭერდა მხარს. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითქმის ყველა საეკლესიო კულტურულ ცენტრში საავადმყოფოთა დაარსება ერთგვარ ტრადიციად იქცა, გელათშიც არაფერს უნდა შეეშალა ხელი ამ საქმისათვის. 1948 წელს გელათში ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის განხილვისას პროფესორი სიმონ ყაუხჩიშვილი აღნიშნავს: გელათის „მონასტრის აღმოსავლეთით, უკეთ რომ ვთქვათ, ჩრდილო-აღმოსავლეთით, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, გალავანს იქეთ არის შენობა, რომელსაც დღეს (და უკანასკნელი საუკუნეების მასალებით) „სოხასტერს“ ეძახიან. შეიძლებოდა ამის მიდამოებში გვეძებნა ის დაწესებულება, რომელსაც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი „ქსენონს“ უწოდებს.
ისტორიკოსი წერს, რომ მეფე ხშირად მიდიოდა ქსენონში და პირადად ნახულობდა ავადმყოფებს. „თვით მოვიდის, მოილხინის, მოიკითხნის და ამბორის უყვის, თვითოეულსა მამებრ სწყალობდეს...“
ქსენონი შეიძლებოდა აგებული ყოფილიყო ქუთაისშიც და გელათშიც, ხოლო უპირატესობა შემდეგი მონაცემებით გელათს უნდა მიეცეს: ბიზანტიაში ცნობილია დაწესებულებათა ასეთი სისტემა – მონასტერი, უმაღლესი სკოლა, ქსენონი. მაგალითად, XIII საუკუნეში არსებული პლანუდეს სკოლა კონსტანტინეპოლში შეიცავდა: სკოლას, მონასტერს, ქსენონს. თუ ქსენონი, მართლაც, გელათის სისტემაში შედიოდა, მაშინ შესაძლებელია გელათის აკადემიაში, გარდა ტრადიციული შვიდი დისციპლინისა, ისწავლებოდა აგრეთვე მედიცინა (როგორც ეს ბიზანტიის ზოგიერთ სკოლაში იყო დანერგილი). შეიძლება, შემთხვევითი არ იყოს ის გარემოებაც, რომ იოანე პეტრიწი იმ დროს, როდესაც აკადემიაში სასწავლებელ შვიდ დისციპლინაზე ლაპარაკობს და ფილოსოფიაზე საუბარს მოათავებს, არ ივიწყებს მედიცინასაც. „სოხასტერად“ წოდებულ შენობაში დღეს მარტო პატარა ეკლესიაა შემონახული, მაგრამ მისგან სამხრეთით, უზარმაზარ ტერიტორიაზე, რაღაც შენობის ნანგრევებია, სადაც გამოირჩევა მაღალთაღიანი შესავალი. ასე რომ, იქ რაღაც დიდი დაწესებულება ყოფილა, რომელსაც, როგორც დამხმარე დაწესებულება, პატარა ეკლესიაც ჰქონია. თუ ქსენონი გელათში იყო აგებული, მისი შენობა „სოხასტერის“ ნაგებობათა მიდამოებშია საძიებელი“ [24].
ლოგიკური და დამაჯერებელია 1652 წლის 28 თებერვლის ერთ-ერთი წყარო (Посольство стольника Толочанова и дьяка Иевлева в Имеретию, 1650-1652), სადაც პირდაპირ აღნიშნულია გელათში საავადმყოფოს არსებობის შესახებ: იმერეთის მეფე ალექსანდრე III-სთან წარგზავნილი რუსეთის ელჩის ნიკიფორე ტოლოჩანოვის ამალის წევრთა შორის ავად გამხდარა ვინმე სტენკა რუდნევი, რომელიც დაუწვენიათ სამკურნალოდ ზაქარია მიტროპოლიტის (ზაქარია გაენათელი) მონასტერში, ე.ი გელათის მონასტრის საავადმყოფოში.
როგორც „ქართლის ცხოვრებაში“ შემონახული ცნობებით და სხვა წყაროებით ირკვევა, ქუთაისის მიდამოებში გელათის მონასტრის ქსენონის გარდა, სავარაუდოა სამოქალაქო მნიშვნელობის სასნეულოსა და სამკურნალო დანიშნულების აბანოების (წყალტუბო, ნაგარევი – „საბანელა“, მდინარე რუას ნაპირზე – „მეფის ტახტი“ და სხვ.) არსებობა [14].
პროფ. გ. თავზიშვილი, განიხილავს რა XII საუკუნის საქართველოში უმაღლესი განათლების ისტორიის საკითხებს, იმ დასკვნებამდე მიდის, რომ ძველ ქართულ აკადემიებს სხვა დისციპლინებს შორის „საერთო სასწავლო სქემით“ გათვალისწინებული ექნებოდათ მედიცინის სწავლებაც.
არსენ იყალთოელი 1114 წელს, დავით აღმაშენებლის მოწვევით, თეოფილე ხუცეს-მონაზონთან და იოანე ტარიჭისძესთან ერთად მოღვაწეობდა გელათის აკადემიაში, შემდეგ მას იყალთოს მონასტერთან აკადემია დაუარსებია, რომლის რექტორიც თავად იყო. საბოლოოდ კი შიომღვიმის მონასტერში დამკვიდრებულა. მას განათლება მიუღია კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში (კონსტანტინოპოლში), სადაც სწავლობდნენ აგრეთვე ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი და იოანე ტარიჭისძე. „ღუთის-მეტყველება ამისი არს საქებელ ფისიკა კუალად, ანატომია სხუანი, ფილოსოფია, ხედვითი პრაქტიკათურთ გამოჩინება, სილოგიზმო, ჭეშმარიტ აღმოჩინება, ვერვისაგან დარღუვევადი“ [15].
ანტონ კათალიკოსი (ბაგრატიონი) არსენ იყალთოელს იხსენიებს როგორც ანატომსაც. ანალოგიურ ცნობას გვაწვდის აგრეთვე იოანე ბატონიშვილი თავის „კალმასობაში“.
„მამა არსენი იყალთოელი იყო ღვთისმეტყველ ფილოსოფოსი და ფიზიკოსი, და ანატომიკოსი ალიღორიულთა შემთხზვათა შინა ქებული, საღრმთოთა საგალობელთა კეთილად დამთხზველი, უცხო და მაღალი მესტიხე და საეკლესიოთა ტიბიკონთა მეცნიერი“ [16].
ანატომია მხოლოდ თეორიული საგანია. არსენ იყალთოელი რომ პრაქტიკოსი ექიმი ყოფილიყო, მას ექიმად ან მკურნალად მოიხსენიებდნენ. მეცნიერმა უნდა გამოიყენოს, გამოამჟღავნოს თავისი „ანატომობა“, როგორც გარკვეული ტიპის სკოლის მასწავლებელმა (ლექტორმა), ანდა შეიძლება „ანატომის“ სახელი მოიხვეჭოს ანატომიური ნაშრომის, სახელმძღვანელოს შედგენით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არსენ იყალთოელი ანატომიას კითხულობდა გელათის ან იყალთოს აკადემიაში. არსენის ანატომობის გარკვევამ უნდა განამტკიცოს აზრი, რომ ქართულ აკადემიებში მედიცინას ასწავლიდნენ. ანატომიის სწავლებას აზრი არა აქვს, თუ, საერთოდ მედიცინის სხვა დისციპლინებიც არ ისწავლება.
გელათში საექიმო საქმიანობასა და უმაღლეს სამედიცინო განათლებასთან უნდა იყოს დაკავშირებული არსენ იყალთოელის მიერ იოანე დამასკელის „გარდამოცემა“-ს მეორედ თარგმნა ქართულ ენაზე (ადრე ის თარგმნილი იყო ეფრემ მცირის მიერ) და იოანე პეტრიწის მიერ ნემესიოს ემესელის „ბუნებისათვის კაცისას“ გადმოთარგმნა ბერძნულიდან.
თამარი , ვარძიის აფთიაქი, ვანისქვაბის მონასტრის სასნეულო
თამარის ეპოქის ძეგლთაგან უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა კლდეში გამოკვეთილი ქალაქი ვარძია , რომლის კომპლექსის ზოგ ელემენტს მედიცინის ისტორიისათვის მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. ვარძია საინტერესოა წყალმომარაგების საკმაოდ რთული სისტემით, შორი მანძილიდან გამოყვანილი წყალსადენითა და ამჟამად მოქმედი, დიდი ოსტატობით გაკეთებული ხელოვნური წყარო-აუზით. კლდის სიღრმეში გამოკვეთილი ოთახებისათვის საკმაოდ გონებამახვილურადაა გამოჭრილი ჰაერის გამწოვი მილი, რომელიც მთელი კომპლექსის შუაგულშია და ცენტრალური დერეფნის საშუალებით გაიწოვს ჰაერს პატარა დერეფნებიდან და ოთახებიდან. ვარძიაში კანალიზაციის არსებობაზეც მიუთითებენ, რაც ჯერ კიდევ შესწავლას მოითხოვს. მიწისქვეშა საძროხესა და ფარეხს საკუთარი საკანალიზაციო სისტემა აქვს, რომლის მოწყობილობა მეტად ორიგინალურია.
ვარძიის კომპლექსში ყველაზე მნიშვნელოვანია VI სართულზე მდებარე აფთიაქი (15-20 მ2 ფართობის ოთახი). მის კედლებში გამოჭრილია ერთი და იმავე სიდიდის 265 ნიშა ჰორიზონტალური ძირითა და ნახევარწრისებური თაღით. როგორც ჩანს, თითოეული ნიშა განკუთვნილი იყო თითო სამკურნალო საშუალებისათვის. უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთ დიდ აფთიაქთან ერთად ვარძიაში საავადმყოფოც იქნებოდა. ის რომ გარეშე მომსვლელთათვის განკუთვნილი სავაჭრო წამალხანა ყოფილიყო, რაც არანაკლები, მაგრამ სხვა მნიშვნელობის ფაქტია, მაშინ ქვედა სართულებში იქნებოდა მოთავსებული.
ვარძიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით არის ვანისქვაბის მონასტერი, რომელიც ასევე 14-15 სართულადაა გამოკვეთილი კლდეში. მრავალ ქვაბსენაკთან ერთად იქ 7 ეკლესიაა წყალსადენითა და წყლის არხებით. ეს მონასტერი თამარის მეფობის დროს აუშენებია მწიგნობართუხუცეს ანტონ ჭყონდიდელს. როგორც ვარძია, ისე ვანისქვაბის ქვაბსენაკები საშინელმა მიწისძვრამ ორჯერ დაანგრია.
1956 წელს ექსპედიციამ ვანისქვაბში აღმოაჩინა მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანთა ჩონჩხები ჯგუფებად. ერთ მათგანს 3 ვერცხლის თასი სჭერია ხელში. „მემატიანე აღდგომის დღესასწაულს უკავშირებს ამ მიწისძვრას, გამართლდა ხალხური გადმოცემა, რომ ვანისქვაბის დღესასწაულზე მიწისძვრას დაუნგრევია და შვიდი ნეფე-დედოფალი დაიტანა კლდის ნანგრევებმაო “ [17].
ვანისქვაბის მონასტრის წესდება-ტიპიკონი დღემდე შემოგვრჩა „ვაჰანის ქვაბთა განგების“ სახელწოდებით, რომელიც XIII საუკუნის შუა წლებშია შედგენილი თმოგველების მიერ. ამ ტიპიკონით ირკვევა, რომ ვანისქვაბში იყო სასნეულო, რომლის წესდება ითვალისწინებდა მესნეულის თანამდებობას, დღეში სამჯერ სნეულთა შემოვლას და მათ „უშურველ“ უზრუნველყოფას კვებითა და სხვა ყოველგვარი საჭიროებით.
თუ ვანისქვაბის მონასტერს (ვარძიასთან შედარებით მცირე სავანეს) თავის სტრუქტურაში გათვალისწინებული ჰქონდა სასნეულო, თუნდაც მხოლოდ მონაზონთათვის, ცხადია, ვარძიას აუცილებლად ექნებოდა უფრო მასშტაბური საავადმყოფო, რასაც მის კომპლექსში აფთიაქის არსებობაც ადასტურებს. ვანისქვაბის ტიპიკონის ზემოაღნიშნული მუხლი მეტად საინტერესოა იმითაც, რომ მასში ხაზგასმულია ავადმყოფთა მოვლის პროცესი – შემოვლა დღეში სამჯერ. ამ ეპოქის სხვა სამედიცინო ძეგლსა ან ისტორიულ წყაროებში ეს წესი არ გვხვდება. უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნული უბრალოდ კი არ თანხვდება თამარის ზეობას, არამედ მას განაპირობებდა სულმნათი მეფე ქალის პიროვნება და მისწრაფებანი. ფოლკლორულ მასალაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ მთიანეთისაში, თამარს ხშირად მოიხსენიებენ „აქიმ-დედოფლად“, რაც საფუძველს მოკლებული არ იქნებოდა, თუმცა ამის დამადასტურებელი მატერიალური რამ არ მოგვეპოვება.
თამარის ეპოქაში მისი მწიგნობართუხუცესის ბრძანებით და, უეჭველია, თამარის დასტურით შეიქმნა „წიგნი სააქიმოი“ – არაბული მედიცინის ბრწყინვალე შეჯამება, სადაც ქართული სამედიცინო სკოლის მდიდარი გამოცდილებაა წარმოდგენილი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ნანახია: 4465 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269112


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.