პალიატიური მედიცინა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

NOTA BENE

კვლევა

გაიდლაინი

პრეს–რელიზი

სიახლეები

ახალი მეთოდები

მიმოხილვა

CASE REPORT

კლინიკური კვლევა

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



მორფინი [5.00]

საზარდულის თიაქრების ღია პროთეზირებადი პლასტიკის ალტერნატივა – დესარდას მეთოდი [5.00]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [5.00]

E ვიტამინის შემცველი კონტაქტური ლინზები გლაუკომის სამკურნალო [5.00]

მილდრონატი®-ს ეფექტურობა სტენოკარდიის მკურნალობის დროს სტანდარტულ თერაპიასთან კომბინაციაში [5.00]


პრაქტიკული რჩევები პალიატიური მედიცინით დაკავებულ ექიმებს [14518]

მოზრდილთა წელის ტკივილი [14484]

პერინატალური ინფექციები [12995]

ეთიკა ონკოლოგიაში [11063]

მემკვიდრული თრომბოფილიის მოლეკულურ-გენეტიკური ასპექტები და მისი როლი თრომბოზის პათოგენეზში [9943]


თემების რაოდენობა: 24
კომენტარები: 1

ეთიკა ონკოლოგიაში

ავტორი: მ. შავდია, პროფესორი, რ. ღვამიჩავა, პროფესორი, ი. ბაქრაძე, პროფესორი
თსსუ ონკოლოგიის დეპარტამენტი


“ადამიანებს ასწავლიან რასაც გნებავთ, წესიერების გარდა“
ბ. პასკალი

ეთიკა ფრანგული სიტყვაა და ქცევის მანერას ნიშნავს. არსებობს მისი სხვადასხვა სახეობა: დიპლომატიური, სამხედრო, სამოქალაქო, სამედიცინო, სამეფო და ა.შ. კორექტულ მოქცევას ნებისმიერ საზოგადოებაში, მითუმეტეს რთულ და დაძაბულ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ქცევის მანერები ჩვენი შინაგანი კულტურის, ზნეობრივი და ინტელექტუალური ღირებულების სარკეა. ის აიოლებს კავშირების დამყარებას, ხელს უწყობს ურთიერთგაგების მიღწევას, განაპირობებს მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

სამედიცინო ეთიკა
სამედიცინო და ბიოლოგიური ეთიკის ჩამოყალიბება და განვითარება დაკავშირებულია ბოლო დროს ადამიანის უფლებათა მიმართ მკვეთრად გაზრდილ ყურადღებასთან. ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვამ წარმოაჩინა მრავალი პრობლემა, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს როგორც სამართლის, ისე მორალის თვალთახედვით.
პირველი სამედიცინო ეთიკური კოდექსი შექმნა ჰიპოკრატემ. მისი მოწოდება იყო დაკვირვება რეალურ სამყაროზე. კეთილი და საღად მოაზროვნე ექიმები გააკეთებენ იმას, რასაც საუკეთესოდ ჩათვლიან გარკვეულ სიტუაციაში და არა იმას, რასაც მოისურვებს ავადმყოფი. ამაშია პატერნალიზმის არსი. ექიმმა უკეთ იცის! პილოტებს არ ვთხოვთ ფრენის რუკას და არ ვაფასებთ მათ პროფესიულ თვისებებს.
პატერნალიზმის პრინციპები მკაფიოდ გადმოცემულია XVI საუკუნეში პარაცელსუსის მიერ. პატერნალისტურად ორიენტირებული ექიმები მოქმედებენ თავიანთი ღირებულებების საფუძველზე. თუ წარმოდგენები მცდარია, მათ შეიძლება ზოგჯერ ავნონ კიდეც ავადმყოფს.
საუკუნეების მანძილზე ამიტომაც არ დაუკარგავს პოპულარობა ცნობილ პრინციპს „no nocere“. ავადმყოფის ინტერესებს ყოველთვის ეკავა მთავარი ადგილი სამედიცინო ეთიკაში. „მორალური კამერტონი“ ექიმის შიგნით, თანაგრძნობის უნარი არ უნდა აჰყვეს საკუთარ სისუსტეებს. ეტიკეტი აწესრიგებდა ექიმისა და პაციენტის, ექიმისა და ნათესავების, ექიმისა და მისი კოლეგების ურთიერთობებს, მოიცავდა საექიმო მოვალეობისა და პასუხისმგებლობის, საექიმო საიდუმლოსა და კოლეგიალობის ეთიკას. საექიმო ეტიკეტი აწესებდა თავის დაჭერის, ჩაცმის, საუბრის, ავადმყოფთან ან მისი თანდასწრებით ხუმრობის მანერას.
ძველ დროში მიაჩნდათ, რომ ექიმი შეიძლება იყოს მხოლოდ დარბაისელი, პატივსაცემი წარმომავლობის, მტკიცე ხასიათის, უანგარო, ჭკვიანი, საღად მოაზროვნე და კარგი მეხსიერების მქონე ადამიანი; ზოგადად, ნიჭიერი და წარმოშობით ექიმთა ოჯახიდან, უკიდურეს შემთხვევაში, ექიმთა წრეში მოტრიალე მაინც, ჭეშმარიტების მოყვარული, წესრიგიანი ყველაფერში, საზრიანი და მოხერხებული, მუყაითი, სიკეთისა და მთელი არსებით ავადმყოფის განკურნების მსურველი იმ შემთხვევებშიც, როდესაც ის ამისთვის საკუთარი სიცოცხლითაც კი რისკავს.
ჰიპოკრატე ხაზს უსვამდა, რომ ექიმის მოვალეობები განპირობებულია მისი მიკუთვნებით ადამიანთა განსაკუთრებულ ჯგუფში. ისინი იღებენ საშიშ ცოდნას და უნდა დაიფიცონ, რომ მას გამოიყენებენ მხოლოდ სასიკეთოდ.
ყველა დროში და ყველგან დაძრწის უამრავი სრულიად მოუმზადებელი ადამიანი და ავადმყოფებს სთავაზობს რაღაცის გაკეთებას თითქოსდა მათი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ამიტომ ჯანდაცვის მუშაკებმა მედიისა და სხვა საშუალებებით მოსახლეობას უნდა განუმარტონ შარლატანების რეალური მიზნები და ის ნეგატიური შედეგები, რომელიც არასწორ მკურნალობას მოსდევს და მათ ყოველთვის პროფესიონალებთან მკურნალობა ურჩიოს. პროფესიონალში იგულისხმება, რომ ექიმი შეასრულებს გარკვეულ ვალდებულებებსა და სტანდარტებს. ექიმის ეთიკა ეყრდნობოდა მორალურ მითითებათა უმკაცრეს შესრულებას, გარკვეული წესების დაცვას, რომლებიც დადგენილია სამედიცინო საზოგადოების, სოციუმის მიერ, აგრეთვე ექიმის საკუთარი გონებითა და ნებისყოფით. თითოეული საექიმო სპეციალობისთვის არსებობდა საკუთარი „ღირსების კოდექსი“, რომლის დაუცველობა ისჯებოდა დისციპლინარულად ან სულაც ექიმთა წრიდან გარიცხვას იწვევდა.
ბოლო ათწლეულებში არსებითი ცვლილებები მოხდა „ექიმ-ავადმყოფის“ ურთიერთობებში. დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ახალი ტექნოლოგიების გამოჩენამ შეზღუდა სამედიცინო მუშაკის პიროვნების მნიშვნელობა პაციენტის ბედის გადაწყვეტაში.
საიდუმლო არაა, რომ XX საუკუნის დასასრულიდან ჩვენ ვცხოვრობთ სხვა საზოგადოებასა და სხვა ქვეყანაში. ახლა ითვლება, რომ ავადმყოფს აქვს საკუთარი წარმოდგენა სიკეთეზე და ინდივიდუალური ცხოვრებისეული მიზნები. პატერნალისტური მიდგომის ნაცვლად ექიმისა და ავადმყოფის ურთიერთობა იგება საკონტრაქტო საფუძველზე ისევე, როგორც კომერციაში „პროვაიდერი-კლიენტი“. მთავარია ორიენტაცია გაცნობიერებულად მოქმედი პიროვნების ინტერესებზე.
ფორმალურად ექიმის მხრიდან აუცილებელია:
1. ობიექტური ინფორმაციის წარმოდგენა;
2. დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალების მიცემა.
სპეციალისტმა ავადმყოფს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დიაგნოზისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ. ჩვეულებრივ, არ არსებობს ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზა. მაგალითად, ქირურგები მიდრეკილნი არიან მარტივი გადაწყვეტილებებისადმი. ხშირად ისინი სთავაზობენ ოპერაციას, რომელსაც სრულყოფილად ფლობენ და უგულებელყოფენ მთელ რიგ დამატებით გარემოებებს. ამიტომ აუცილებელია სპეციალისტთა კონსილიუმი, აგრეთვე ავადმყოფის აზრი თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად. პიროვნების პატივისცემა არის სერიოზული ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე კოოპერირებული პარტნიორობის თანამედროვე საფუძველი.
გონიერი ადამიანისათვის სიცოცხლე შეიძლება იქცეს ისეთად, რომ არ ღირდეს მისი გაგრძელება. გულმოწყალე დამოკიდებულებამ ადამიანის, როგორც პიროვნების და არა მხოლოდ ბიოლოგიური არსების მიმართ შეიძლება დაგვაშოროს სიცოცხლის შენარჩუნების ამოცანას. ზოგიერთ სიტუაციაში საღი მორალური არგუმენტების საფუძველზე გვიწევს იმის აღიარება, რომ სიცოცხლის გახანგრძლივება სიკეთე არ არის არც თავად პიროვნებისთვის და არც ვინმე სხვისთვის.
დღემდე ირღვევა ავადმყოფის ავტონომია, როდესაც ონკოლოგები სიტუაციის განუმარტავად საკუთარი რისკის ქვეშ ცვლიან ქიმიოპრეპარატის დოზას ან არღვევენ მკურნალობის სქემას. ეთიკური ნორმები მოუწოდებს კოლეგებს, დაგმონ ასეთი სპეციალისტი და აიძულონ აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. შეიძლება კამათი, რომ ეს არღვევს პროფესიული ეტიკეტის წესებს, რომლებიც იცავს ურთიერთობებს კოლეგებს შორის. თუმცა, თუკი ექიმის ქცევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტის კეთილდღეობას, ეტიკეტმა უნდა დაუთმოს ეთიკას. ასეთი ურთიერთობა კოლეგებს შორის არის ხარისხიანი სამედიცინო პრაქტიკის საფუძველი.

დეონტოლოგია
“Medicus nihil aliud est, quam animi consolidatio“
“ექიმი სხვა არაფერია, თუ არა სულის ნუგეში“
(პეტრონიუსი)
დეონტოლოგია ეთიკის დარგია, რომელიც განიხილავს ვალისა და ვალდებულების პრობლემებს. ფართო გაგებით, ესაა მოძღვრება სამედიცინო მუშაკის მორალური, პროფესიული, იურიდიული მოვალეობებისა და ქცევის წესების შესახებ ავადმყოფისა და კოლეგების მიმართ. ქცევის წესების დაცვა მეტწილად დამოკიდებულია სამედიცინო მუშაკის აღზრდაზე, მისი კულტურის დონეზე, განათლებაზე, ადამიანის პიროვნების მიმართ დელიკატურობასა და პატივისმცემელ დამოკიდებულებაზე. მთელი ცხოვრების მანძილზე ეს თვისებები ნებისმიერმა სამედიცინო მუშაკმა უნდა განავითაროს და სრულყოს.
ტერმინი დეონტოლოგია XX საუკუნის დასაწყისში პირველად შემოიღო ინგლისელმა ფილოსოფოსმა ბენტამმა. საექიმო დეონტოლოგია არის ზოგადი დეონტოლოგიის შემადგენელი ნაწილი. ტერმინი „დეონტოლოგია“ წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან „დეონ“-იდან (მოვალეობა, ვალდებულება, ლეგოს-მოძღვრება, სწავლება),
ყველაზე ძველ წყაროდ, რომელშიც ფორმირებულია ექიმისადმი მოთხოვნები და მისი უფლებები, შედგენილია დაახლოებით ძვ. წ. 1760 წელს ბაბილონში „ხამურაბის კანონები“-ს სახით, აგრეთვე ძველი ინდოეთის ლიტერატურულ-კულტურული ძეგლებში – მანუს კანონების კრებული (ძვ. წ. 1000-5000 წწ) და „აიურვედა“ („მეცნიერება ცხოვრების შესახებ“).
 სამედიცინო ეთიკის განვითარებაში დიდი როლი შეასრულა X-XI საუკუნეების მეცნიერ-ენციკლოპედისტმა აბუ ალი იბნ სინამ, რომელმაც შექმნა უმნიშვნელოვანესი სამედიცინო თხზულება „სამკურნალო მეცნიერების კანონი“. მასვე ეკუთვნის გამოთქმა: „ექიმს უნდა ჰქონდეს არწივის თვალი, გოგონას ხელები, გველის სიმამაცე და ლომის გული.“ რუსი ონკოლოგი ნ.პეტროვი (1876-1964), რომლის ნაშრომმა „ქირურგიული დეონტოლოგიის საკითხები“ დიდი აღმზრდელობითი როლი ითამაშა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მომავალი თაობის ქირურგთა აზროვნების ჩამოყალიბებაში. საქართველოში სამედიცინო ეთიკის და დეონტოლოგიის საპრობლემო საკითხებს მიუძღვნეს თავისი შრომები ვ.ბაბუხადიამ, ვ.შანიძემ, ლ.წაქაძემ, ვ.ხიმშიაშვილმა და სხვებმა.
ბოლო ათეული წლის მანძილზე მიღებულ იქნა დეკლარაციები, კოდექსები წესები, რომლებიც განსაზღვრავენ ექიმის ქცევის ეთიკურ ნორმებს, მათ რიცხვს ეკუთვნის: ჟენევის დეკლარაცია (1948) სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო კოდექსი (ლონდონი, 1949); ჰელსინკ-ტოკიოს დეკლარაცია (1904, 1975), რომელიც მოიწონა გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ (1982) და სხვ.
ჟენევის დეკლარაციაში აისახა XX საუკუნის რეალური ვითარება. მასში სხვა საკითხებთან ერთად შეტანილია შემდეგი ფრაზა: „მე არ დავუშვებ, რომ რელიგიამ, ნაციონალიზმმა, პოლიტიკამ და სოციალურმა მდგომარეობამ გავლენა მოახდინოს ჩემი საექიმო მოვალეობის შესრულებაზე“. ეს ფრაზა მეტყველებს ექიმის ზოგადსაკაცობრიო, ინტერნაციონალურ მისიაზე.
ა. ჩეხოვი წერდა: „ექიმი უნდა იყოს ნათელი გონების, ფაქიზი ზნეობისა და მოხდენილი გარეგნობის“. ექიმს ცოდნასთან ერთად უნდა ამშვენებდეს სინდისი, პატიოსნება და თავდადება. მომავალმა ექიმებმა სწავლის პერიოდიდანვე უნდა გამოიმუშავონ პასუხისმგებლობის გრძნობა. ამიტომ პედაგოგები ვალდებულები არიან ისინი დეონტოლოგიის პრინციპების სულისკვეთებით აღზარდონ; თავიდანვე გაუღვივონ ავადმყოფისადმი სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გრძნობა. სპეტაკი და მაღალი მორალური თვისებებით აღჭურვილი ახალგაზრდა ადვილად ეუფლება ექიმის პროფესიას, სწორად იგებს ადამიანის სულიერი სამყაროს საიდუმლოებას და ამით წარმატებას აღწევს მკურნალობის საქმეში.
ახალგაზრდობას განსხვავებულად ესმის მომავალი: ერთნი მოწოდების მიხედვით ირჩევენ პროფესიას, მეორენი – შემთხვევით (ხშირად მშობლების თხოვნით). ის, ვინც შეგნებულად ირჩევს თავის მომავალს ბედნიერია, ხოლო ვისთვისაც შემთხვევითია, არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი სპეციალობით. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი ექიმი ავადმყოფისათვის უსარგებლოა, ასე რომ საჭიროა მომავალი პროფესიის პასუხისმგებლობის გრძნობით არჩევა.
ავადმყოფი ექიმს ანდობს ყველაზე ძვირფასს – თავის ჯანმრთელობას, ხშირად კი სიცოცხლესაც. გასაგებია, რომ იგი უნდა ენდობოდეს ექიმს, სჯეროდეს მისი. ექიმის ავტორიტეტი კი უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება მისი საქმის ცოდნით. თუ ექიმი დაკვირვებული და ყურადღებიანია, სწორად სვავს დიაგნოზს, კარგად აკეთებს ოპერაციას, მასთან სიამოვნებით დადიან და იმედიანად მკურნალობენ. თუმცა მხოლოდ კარგი ექიმობა საკმარისი არ არის. ავადმყოფს უნდა სწამდეს, რომ ექიმი მისთვის გააკეთებს ყველაფერს, რის საშუალებასაც თანამედროვე მიღწევები და თვით ექიმის პირადი პრაქტიკული გამოცდილება მისცემს. დაუშვებელია ფორმალური, უგულო დამოკიდებულება ავადმყოფისადმი, რომელიც ელოდება დახმარებას და ტანჯვის შემსუბუქებას.
მედიცინის სხვა დარგებისაგან საგრძნობლად განსხვავდება ონკოლოგიაში მომუშავე მედიკოსთა ეთიკის პრინციპები, რადგან ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებები განეკუთვნება სიცოცხლისათვის საშიშ პათოლოგიათა რიცხვს. ის გარემოება, რომ მათი წარმოშობის მიზეზები გაურკვეველია, მოსახლეობაში ერთგვარ შიშს ბადებს. ამიტომ ავადმყოფთა უმეტესობა, რომელთა მკურნალობა ონკოლოგს უხდება, ხშირად ფსიქიკურად ტრავმირებულია. ეს ავალდებულებს ონკოლოგს სათანადო ყურადღებას იჩენდეს დეონტოლოგიის პრობლემებისადმი.
ონკოლოგიურ ავადმყოფთან ურთიერთობისას ექიმის წინაშე მრავალი საკითხი წამოიჭრება – გააცნოს თუ არა ავადმყოფს დიაგნოზი, უთხრას თუ არა დაავადების შესახებ ავადმყოფის ნათესავებს, ახლობლებს და თანამშრომლებს, შეატყობინოს თუ არა დაავადების პროგნოზი და მრავალი სხვა, რომელთა სწორი გადაჭრა გადამწყვტ როლს თამაშობს ავადმყოფის სულიერი სიმხნევის შენარჩუნებასა და მკურნალობის შედეგზე. ცნობილი ფსიქოლოგი ნ.ფროიდი კატეგორიულად მოითხოვდა ექიმებისაგან, რომ სიმართლე ეთქვათ პაციენტებისათვის, მაგრამ როდესაც მას უთხრეს, რომ კუჭის კიბო ჰქონდა, სასოწარკვეთილმა წამოიძახა, ვინ მოგცათ უფლება, რომ ასეთი რამ მითხარითო?
ონკოლოგიურ ავადმყოფთა ნაწილი ექიმს მიმართავს კიბოზე ეჭვის გამო. ისინი შიშისა და იმედის თვალით შეჰყურებენ ექიმს, მზად არიან ნებისმიერ გამოკვლევაზე და მკურნალობაზე. ასეთი ავადმყოფები განსაკუთრებული ყურადღებით ისმენენ ექიმის საუბარს, ყოველი საეჭვო სიტყვის შემდეგ დეპრესიაში ვარდებიან და განკურნების იმედს კარგავენ. ამ დროს ონკოლოგმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს ავადმყოფის მორალური მდგომარეობის განსამტკიცებლად, შეუქმნას ოპტიმისტური განწყობილება. სხვა საქმეა, თუ კუჭის კიბოთი დაავადებული უარს განაცხადებს ქირურგიულ ოპერაციაზე იმ იმედით, რომ განკურნება შეიძლება კონსერვატიულადაც. ამ შემთხვევაში ავადმყოფს უნდა აეხსნას სიმსივნის გართულებების საშიშროება, რომ მას უკვე აქვს ამის მიზეზი. ექიმმა უნდა იღონოს ყოველივე, რათა დაითანხმოს ავადმყოფი საჭირო მკურნალობაზე და იხსნას მისი სიცოცხლე განსაცდელისაგან.
ექიმის პროფესიული საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებში წერია, რომ ავადმყოფს უნდა ეცნობოს მისი დაავადების შესახებ ავთვისებიანი სიმსივნით. ეს დასაბუთებულია იმით, რომ ავადმყოფმა მოაგვაროს პირადი, ოჯახური და სამსახურეობრივი საქმეები. თუმცა დიაგნოზის შეტყობინება უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დაავადების სტადიიდან და ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, დეონტოლოგიის პრინციპების დაცვით.
წარმოუდგენელია ექიმის საქმიანობა ავადმყოფთან მჭიდრო კავშირის, მისი სულიერი სამყაროს გაგების გარეშე. ყველას არ შესწევს ძალა და უნარი იყოს მკურნალი. ამიტომ ექიმისათვის ბევრი რამ არის საჭირო – სპეტაკი მორალი, პროფესიის სიყვარული, მოვალეობის გრძნობა. სხვანაირად რომ ვთქვათ, პიროვნება თავისი შინაგანი ბუნებით მოწოდებული უნდა იყოს ამ პროფესიისათვის, რომლის გარეშე საექიმო საქმიანობაში წარმატების მიღწევა ძნელია. ექიმს პირველ რიგში მოეთხოვება ადამიანების სიყვარული და ღრმა პროფესიული ცოდნა, თუმცა არც ეს არის საკმარისი – აუცილებელია საერთო კულტურა. ექიმს საქმე აქვს სხვადასხვა სპეციალობის, ინტელექტისა და განათლების ადამიანებთან. ამიტომ თვითონვე ყოველმხრივ განვითარებული პიროვნება უნდა იყოს ამ სიტყვის ფართო გაგებით.
ექიმის ძირითადი ამოცანაა შეძლოს პაციენტის ნდობის მოპოვება, რაც არც ისე ადვილია. ექიმი ბ. ვიტჩალი საკონსულტაციოდ მიიწვიეს გამოჩენილ მხედართმთავართან, რომლის მძიმე ხასიათის გამო შეხვედრა რამდენიმე პროფესორთან უშედეგოდ დამთავრდა. როდესაც ბ. ვიტჩალი ოთახში შევიდა ავადმყოფი შესახვედრად წამოდგა. მისალმების შემდეგ ექიმმა ავადმყოფს შესთავაზა დამჯდარიყო, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ მდგომარეობის ბატონ-პატრონი თვითონ იყო. პაციენტმა გაიღიმა – მას შემდეგ სხვა კონსულტანტი არ მოუწვევიათ.
ა.კრეკეს მოჰყავს ასეთი შემთხვევა: ბისმარკი უკიდურესად უხეშად ექცეოდა თავის მკურნალ ექიმს. როდესაც ექიმმა შვენინგერმა პირველად ნახა იგი და გამოკითხვა დაუწყო დაავადებაზე, კანცლერმა უსიამოვნოდ შენიშნა, დრო არა მაქვს ყველა კითხვაზე გიპასუხოთო. მაშინ ვეტერინართან იმკურნალეთ – იქვე უპასუხა შვენინგერმა. რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ამით მან ბისმარკის ნდობა დაიმსახურა.
ევროპაში ექიმის საქმიანობის მორალურ-ეთიკური პრინციპები მოცემულია სამედიცინო კოდექსში. მის შესაბამისად სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები დებენ ექიმის ფიცს, რომლის ამონარიდი მოგვყავს ქვემოთ.

ჰიპოკრატეს ფიცი

ექიმი თავისი პროფესიული საქმიანობით მჭიდროდ უკავშირდება ავადმყოფს, ხდება მისი მესაიდუმლე, მისი განცდების თანაზიარი. ექიმისა და ავადმყოფის საერთო მიზანია დაავადებული ორგანიზმის განკურნება, რათა ავადმყოფი მალე დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას. ასეთი ურთიერთობით აღმოცენდება ექიმისადმი ნდობა, რაც ეფექტური მკურნალობის საწინდარი ხდება.
ტექნიკურმა პროგრესმა დიდი როლი ითამაშა ონკოლოგიის განვითარებაში. ავადმყოფები კვალიფიციურ დახმარებას იღებენ სპეციალიზებულ კლინიკებში, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, კვლევისა და მკურნალობის უახლესი მეთოდებით. ასეთი მიდგომით ბევრი სიმსივნური დაავადება, რომელიც ახლო წარსულში განუკურნებლად ითვლებოდა, სადღეისოდ განკურნებადია, მაგრამ სიმსივნით დაავადებული ავადმყოფის მკურნალობის საქმეში არის მათი შინაგანი სამყაროს თავისებურებებთან დაკავშირებული ისეთი სფერო, რომელიც არაფრით არ შეიძლება შეცვალოს მედიცინის მიღწევებმა. ეს არის ექიმისა და ავადმყოფის ურთიერთკავშირი, ცალკეულ ავადმყოფთა ეთიკური სფეროს თავისებურებანი. დაუშვებელია, რომ თანამედროვე ექიმმა ავადმყოფი ანამნეზის, ფიზიკალური კვლევის, მისი განცდებისა და სულიერი სამყაროს შესწავლის გარეშე გაგზავნოს ლაბორატორიულ, რენტგენოლოგიურ ან სხვა გამოკვლევაზე და მხოლოდ მათი მონაცემებით იმსჯელოს. ყურადღებიან ექიმს ანამნეზის დაკვირვებული შეგროვება, ავადმყოფთან საუბარი და მისი ფიზიკალური გამოკვლევა გარკვეულ წარმოდგენას უქმნის დაავადებაზე, ხოლო უახლესი მეთოდების რაციონალური გამოყენება საშუალებას აძლევს დააზუსტოს სიმსივნის დიაგნოზი.
ზემოთქმული არ ეწინააღმდეგება კვლევის თანამედროვე მეთოდების ფართოდ დანერგვას ონკოლოგიაში, არამედ ერთხელ კიდევ გვინდა გავუსვათ ხაზი ექიმის ქცევასა და მოქმედებას ავადმყოფთან ურთიერთობაში. თუ ექიმის მთელი გულისყური მიმართული არ არის ავადმყოფის სულიერი წონასწორობის შენარჩუნებისაკენ, შეუძლებელია ექიმმა დაიმსახუროს ავადმყოფის ნდობა და მას აღუძრას სიმშვიდის გრძნობა, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალობაში.
სამედიცინო დეონტოლოგიის პრინციპებზე უნდა იყოს აგებული ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების მუშაობა, განსაკუთრებით – ონკოლოგიურის. იმისათვის, რომ ავადმყოფს ოპტიმალური გარემო შეექმნას, საჭიროა ყველა რგოლის ზუსტად და აწყობილად მუშაობა, მშვიდი, კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნა (იგულისხმება არა მარტო გულისხმიერება, არამედ ავადმყოფისა და მისი ნათესავებისათვის არაკვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება, მკურნალი ექიმის უარყოფითად დახასიათების აღკვეთა და სხვა). სამედიცინო პერსონალი ინფორმირებული უნდა იყოს, თუ რა ფარგლებში შეუძლია წარმართოს ავადმყოფთან საუბარი. ოპერაციულ ჩარევასთან ან გამოკვლევის შედეგებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასაუხისაგან ექთანმა თავი უნდა შეიკავოს, თავის თავზე არ უნდა აიღოს რთული ახსნა-განმარტების პასუხისმგებლობა და ურჩიოს ავადმყოფს, ექიმს მიმართოს, მაგრამ ამავე დროს უნდა სცადოს გაამხნევოს ავადმყოფი და ჩაუნერგოს გამოჯანმრთელების რწმენა. ი.გრიცმანს მოჰყავს შემთხვევა, როცა ექთანმა ავადმყოფს შეკითხვაზე, თუ რა დაავადება ჰქონდა უპასუხა: რომ გითხრათ რა დაავადება გაქვთ, ექიმი ენას ამომაძრობსო. დეონტოლოგიური თვალსაზრისით ამ უმსგავსო საქციელის შემდეგ ექთანმა თავის მართლების მიზნით თავისი დამოკიდებულება ავადმყოფისა და საკუთარი პროფესიის მიმართ შემდეგი სიტყვებით გამოთქვა: რა ვქნა, მე მისთვის მზე ვერ ვიქნებიო. ექიმი იქნება თუ ექთანი, რომელიც ონკოლოგიაში მუშაობს გადაწყვეტს, ავადმყოფისათვის მზეც უნდა იყოს და მშობლებზე და ნათესავებზეც ახლობელი.
გვხვდებიან ისეთი ონკოლოგიური ავადმყოფებიც, რომლებიც ვარაუდობენ რა მძიმე დაავადებას და დარწმუნებულნი არიან თავის მძიმე ხასიათში, ექიმისგან მოითხოვენ სიმართლეს. ექიმი არ უნდა დაჰყვეს ავადმყოფის ნებას, რადგან მას წინასწარ არ შეუძლია განსაზღვროს, თუ რა შედედგი მოჰყვება ავადმყოფის ზუსტ ინფორმირებას. ამასთან დაკავშირებით ნ.ბლოხინს მოჰყავს ასეთი შემთხვევა: ფილტვის კიბოთი დაავადებულმა ცნობილმა თერაპევტმა მიმართა ქირურგიულ კლინიკას. იმ წლებში ფილტვის კიბოს ოპერაციები არ კეთდებოდა და ინკურაბელურად ითვლებოდა. ქირურგმა ავადმყოფს აუხსნა, რომ ტუბერკულოზი ჰქონდა, დაამშვიდა და სათანადო რჩევა-დარიგება მისცა. ავადმყოფმა რენტგენოგრამები მეგობარ რენტგენოლოგს უჩვენა, სთხოვა სიმართლე ეთქვა. რენტგენოლოგმა უთხრა, რომ როგორც მეგობარს დიაგნოზს ვერ დაგიმალავ – ფილტვის კიბო გაქვსო, იმედი მაქვს ამ ამბავს დამშვიდებით გადაიტანო. რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ უკიდურესად აგზნებულმა და შეშფოთებულმა ავადმყოფმა კვლავ მიმართა ქირურგს, რომელმაც მასთან ერთად დაათვალიერა რენტგენოგრამები და დაარწმუნა, რომ დაავადებულია ტუბერკულოზით და კიბოს არავითარი ნიშნები არ ჰქონდა. ავადმყოფმა თქვა, „ეტყობა ჩემი მეგობარი რენტგენოლოგი, მიუხედავად მუშაობის დიდი სტაჟისა, ცუდი სპეციალისტია. გარდა ამისა მართლაც რომ ფილტვის კიბო მქონოდა, რა საჭირო იყო ჩემთვის ამის თქმა, მერე რა ვუყოთ რომ ვთხოვე სიმართლე ეთქვა. ის არა მარტო ცუდი რენტგენოლოგი, არამედ ცუდი ადამიანიც ყოფილა“. ავადმყოფმა, რა თქმა უნდა, დიდი ხანი ვერ იცოცხლა, მაგრამ დარჩენილი დრო ტუბერკულოზის განკურნების იმედში გაატარა.
 სიმსივნური დაავადების ადრეული გამოვლინება მკურნალობის წარმატებით ჩატარების საწინდარია და რა თქმა უნდა ყველა ექიმი უნდა ცდილობდეს სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკისათვის ყველაფერი იღონოს.
გასაგებია, რომ ონკოლოგიური დაწესებულება გარკვეულ შიშს ბადებს ავადმყოფებში, მაგრამ ტაქტიანი ექიმი ავადმყოფს დამაჯერებელი საუბრით დაარწმუნებს, რომ აუცილებელია ონკოლოგიურ სტაციონარში მოთავსება მისი სრული განკურნებისათვის. უმრავლეს შემთხვევაში ასეთი საუბარი კეთილ გავლენას ახდენს ავადმყოფის ფსიქიკაზე.
 ონკოლოგი თავის მუშაობაში უნდა ხელმძღვანელობდეს დებულებით „მედიცინა ავადმყოფებისათვის და არა ავდმყოფები მედიცინისათვის“, ექიმისათვის უპირველესია ავადმყოფის ინტერესები, მხოლოდ ის არის სწორი და დასაშვები, რაც ამ ინტერესებს ექვემდებარება. ოპერაციის დროს ტექნიკური შეცდომისაგან არავინ არ არის დაზღვეული, თვით საუკეთესო და გამოცდილი ქირურგიც კი, მაგრამ მისი დაშვების შემთხვევაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ იგი შემდგომში აღარ განმეორდეს. ამისათვის აუცილებელია შეცდომის აღიარება და მიზეზის დადგენა. დაშვებული შეცდომების დროს თვითკრიტიკის გარეშე ექიმს გაუჭირდება თავისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება. ცნობილი ფაქტია, რომ ზოგიერთი ექიმი ყოველნაირად ცდილობს დაამტკიცოს თავისი სიმართლე, მაშინ როდესაც მისი არასწორი პოზიცია ეჭვგარეშეა. ძნელია ნდობით განეწყო ასეთი ექიმის მიმართ.
განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ ინკურაბელური ავადმყოფები. ასეთ ავადმყოფებთან საუბარი ექიმისაგან დიდ ტაქტს მოითხოვს (იხ. პალიატიური მზრუნველობა). მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ექიმის გაუფრთხილებელ ნათქვამ სიტყვებს დაავადების განუკურნებლობის შესახებ. ცნობილია ავადმყოფის თვითმკვლელობის სამწუვარო შემთხვევები, რომელთა მიზეზი ექიმთა გაუფრთხილებელი მოქმედება იყო, მით უმეტეს, ძალზე სამწუხაროა, როცა ზოგჯერ შეხედულება, თითქოს ავადმყოფს განუკურნებელი დაავადება ჰქონდეს მცდარი აღმოჩნდება. ვოლტერმა თქვა: „გამოჯანმრთელების მიზეზი ნახევრად გამოჯანმრთელებააო“. ეს კარგად უნდა იცოდეს ექიმმა, რომელსაც ხშირად უხდება კონტაქტი ინკურაბელურ ონკოლოგიურ ავადმყოფებთან.
აუცილებელია მძიმე ინკურაბელურ ავდმყოფებს სისტემატურად გაუკეთოთ გამაყუჩებელი და საძილე საშუალებები. დაავდების მძიმე პროგნოზი უსაფუძვლოს ხდის შიშს, რომ ისინი ნარკომანები გახდებიან. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ასეთ ავადმყოფებს ტანჯვა შევუმსუბუქოთ.
ონკოლოგიურ პრაქტიკაში არცთუ ისე იშვიათია, როცა ექიმი იძულებულია უარყოს მეორე ექიმის დიაგნოზი და შეცვალოს მკურნალობის ჩატარების წინასწარდასახული გეგმა. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ტაქტიანად. არ არის საჭირო აუხსნა ავადმყოფს, რომ დასმული დიაგნოზი არასწორი იყო და მკურნალობაც შესაბამისად არაადეკვატური. ამის გაგება ავადმყოფს უფრო მეტ ზიანს მოუტანს, ვიდრე სიკეთეს.
ექიმმა ონკოლოგმა უდიდესი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს სხვა ექიმების მიერ დაშვებული შეცდომების გამომჟღავნებისა და მათი კრიტიკის საქმეში. როცა ექიმი ეუბნება ავადმყოფს, რომ მას არასწორად მკურნალობდნენ, ეს ექიმის მხრივ დაუფიქრებელი საქციელია. ავადმყოფი კარგავს რწმენას მკურნალობისადმი, არ არის დარწმუნებული, რომ სხვა ექიმიც ისევე არ მოიქცევა. იგი უნდობლობას იჩენს ჯერ ექიმების, შემდეგ მედიცინის მიმართ. ძალაუნებურად ხვდება ექიმბაშების ხელში.
ექიმი ვალდებულია არა მარტო კარგად იცოდეს, არამედ უყვარდეს კიდეც თავისი საქმე, მთელი შესაძლებლობა და უნარი შესწიროს მას, გამოიჩინოს გულისხმიერი, ჰუმანური დამოკიდებულება ავადმყოფისადმი, ხელი შეუწყოს ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას, ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესებას, შრომისუნარიანობის ამაღლებას, იმ ჰუმანური ამოცანების გადაწყვეტას, რომლითაც არის განმსჭვალული ექიმის პროფესია. ექიმის მთელი საქმიანობა, მთელი სიცოცხლე შეიძლება გამოვხატოთ ორი სიტყვით: ქმნა სიკეთისა. უეჭველია, სიკეთეა ექიმის საქმიანობის ქვაკუთხედი, საფუძველი იმისა, რასაც ეხება ონკოლოგიური და საერთოდ სამედიცინო დეონტოლოგია.
ავადმყოფის სარეცელთან დეონტოლოგიური პრინციპების დარღვევა იწვევს მძიმე მორალურ შედეგებს, რაც მკურნალობაზე აისახება. ამიტომ ამბულატორიული ეტაპიდან დაწყებული, საჭიროა დაჟინებული განმარტებითი მუშაობის ჩატარება, დაავადების სერიოზულობის მიყვანა ცნობიერებამდე, დარწმუნება მკურნალობის აუცილებლობაში. ექიმმა რაც შეიძლება ადრე უნდა გამოიყენოს ფსიქოთერაპიული ზემოქმედება პანიკური შიშის, განწყობის, მდგრადი შფოთვის სინდრომისა და დეპრესიის თავიდან ასაცილებლად. მკურნალობის წარმატებისა და სრული განკურნების რწმენის ჩანერგვა ნებისმიერი სამედიცინო მუშაკის მოვალეობაა.
ჰოსპიტალიზაციის შემდეგ პაციენტის ფსიქიკა განიცდის შიშისმომგვრელი გარემოს არახელსაყრელ გავლენას და გარშემომყოფ პაციენტთა ზემოქმედებას. პაციენტთა განწყობას განსაკუთრებულ ტრავმას აყენებს ოპერაციისშემდგომი გართულებები და მკურნალობის არასასიკეთო შედეგები. არასწორ და ნეგატიურ ინფორმაციას ავადმყოფი იღებს გარშემომყოფი, ხშირად შემთხვევითი პირებისგან. ექიმის მჭიდრო კონტაქტი ავადმყოფთან მკურნალობისთვის ხელსაყრელი ფონის საწინდარია.
ონკოლოგიურ ავადმყოფთა გადაჭარბებული ეჭვიანობა და სიფხიზლე ქმნის ნეგატიურ ნიადაგს მუშაობაში. ექიმმა მნიშვნელოვანი დრო უნდა დაუთმოს პაციენტებთან ინდივიდუალურ მუშაობას, განსაკუთრებით სიმპტომურ პაციენტებში. დაავადებამ არ უნდა დაჩრდილოს პიროვნება მთელი მისი გამოვლინებებითა და სისუსტეებით. ექიმი გათვითცნობიერებული უნდა იყოს არა მხოლოდ სამედიცინო და ყოფით საკითხებში, არამედ უნდა შეაფასოს პაციენტის სულიერი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იცოდეს ოჯახში ურთიერთობების შესახებ და გაითვალისწინოს ვითარება ნათესავებთან საუბრებისას. ნათესავები და ახლობლები მხარში უნდა ამოუდგნენ ექიმს ავადმყოფზე დადებითი ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის.
“Hominis est errare, insipientis perseverare“
“ადამიანს ახასიათებს შეცდომები, ბრიყვს – სიჯიუტე“

საექიმო შეცდომები
„საექიმო შეცდომად“ მედიცინაში ითვლება ექიმის კეთილსინდისიერი ცდომილება მსჯელობებსა და მოქმედებებში, თუკი ეს არაა გამოწვეული გულგრილობით (ზერელობით, თვითდაიმედებით) ანდა სამედიცინო უვიცობით. დეონტოლოგიის პრინციპები მოგვიწოდებს, გვერდი არ ავუაროთ დაშვებულ შეცდომებს. ცნობილი ქირურგი ნ. პიროგოვი თავის კლინიკურ ლექციებში წერდა: „წესად ვაქციე, კათედრაზე ჩემი პირველი ასვლისას არაფერი დავუმალო ჩემს მოწაფეებს; ვაღიარო ჩემს მიერ დაშვებული შეცდომა, იქნება ეს დიაგნოზის დასმის თუ დაავადების მკურნალობისას“. მაგრამ უნდა „ვაღიაროთ შეცდომები კოლეგებთან“ და არა ავადმყოფებთან და ნათესავებთან, მით უმეტეს, იურისტებთან. არ შეიძლება მედიცინის კორპორაციულობის დაუსრულებლად ნგრევა.
გარდაცვალების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზების ნუსხაში საექიმო შეცდომები VIII ადგილზეა. სტატისტიკოსები აღნუსხავენ მხოლოდ შემთხვევითი ან უნებლიე მცდარი ჩარევების არასასიკეთო შედეგებს (არასწორ ადგილას გაკეთებული ინიექცია, ინფუზია, დამწვრობები, ნაწოლები, უკუნაჩვენები პრეპარატები, მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ტრავმები).
განასხვავებენ რამდენიმე სახის შეცდომებს: დიაგნოსტიკურს, ტაქტიკურს, ტექნიკურს, საორგანიზაციოს, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაში დაშვებულს, დეონტოლოგიურს. შეცდომებთან დაკავშირებული რისკის გარდა, არსებობს თერაპიული ან ქირურგიული ჩარევების ნეგატიური გვერდითი მოქმედების რისკი. ონკოლოგიაში შეცდომათა სიხშირე ყველაზე მაღალია მკურნალობის რთული და პოტენციურად საშიში მეთოდების გამოყენების დროს.
საექიმო შეცდომების ჩამოყალიბებული კრიტერიუმები და ტერმინოლოგია დღემდე არ არსებობს. იურიდიულ ლიტერატურაში ეს ტერმინი არ გამოიყენება (ჩვეულებრივ, საუბარია გულგრილობაზე, გართულებებზე, უბედურ შემთხვევაზე, გაუფრთხილებლობაზე).
საზოგადოებრივ ცნობიერებაში, ჩვეულებრივ, საექიმო შეცდომად მიიჩნევენ ავადმყოფისთვის ნებისმიერი ზიანის მიყენებას. ამ განმარტებას მხარს უჭერენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ზოგიერთი სამედიცინო მუშაკიც კი. საბაზრო ეკონომიკამ ავადმყოფი აქცია კლიენტად, სამედიცინო მომსახურების მომხმარებლად და ამიტომ საექიმო შეცდომის პრობლემა გადავიდა იურიდიულ სფეროში.
“ჯანმრთელობისადმი მიყენებული ზიანის“ ცნებას სულ უფრო ხშირად ანაცვლებენ ცნებით „სამედიცინო მომსახურების გაუწევლობა“ (უხარისხო მომსახურება). თუმცა ტერმინი „საექიმო შეცდომა“ საკანონმდებლო აქტებში არაა შეტანილი. ეს ნიშნავს, რომ შეცდომა არ წარმოადგენს გადაცდომას, სამართალდარღვევას ან დანაშაულს. მხოლოდ კლინიკურ-ანატომიურ კონფერენციას ან ეთიკურ კომიტეტს შეუძლია შეცდომის პროფესიული, საორგანიზაციო და სოციალური შეფასება.
საექიმო შეცდომების მიზეზები შეიძლება იყოს ობიექტური, ექიმისაგან დამოუკიდებელი და სუბიექტური. საექიმო შეცდომა არის ექიმის კეთილსინდისიერი ცდომილება. იგი უნდა განვასხვაოთ დანაშაულებრივი გაუფრთხილებლობისგან (დაუდევრობა, ხილული ან ცნობილი საფრთხის უგულებელყოფა), დანაშაულებრივი თვითდაიმედებისგან (გართულებების თავიდან აცილების ავანტიურისტული, დაუსაბუთებელი იმედი), დანაშაულებრივი უვიცობისგან (ცოდნის ნაკლებობა მისი მიღების შესაძლებლობისას).
დეფექტი სამედიცინო პერსონალის მცდარი მოქმედებაა (უმოქმედობა), რომელიც წესების, ინსტრუქციების, ბრძანებების დარღვევაში მდგომარეობს. საექიმო შეცდომა ახლოსაა სამკურნალო ღონისძიებების ჩატარების დეფექტთან. „იატროგენიად“ მიიჩნევენ ნებისმიერ დაავადებას, პათოლოგიურ პროცესს, მდგომარეობას, უჩვეულო რეაქციას, რომელთა წარმოქმნა ცალსახად გამოწვეულია სამედიცინო ზემოქმედებით ავადმყოფის გამოკვლევის, მკურნალობის, დიაგნოსტიკური ან სამკურნალო პროცედურების შესრულების დროს.
სერიოზული შედეგების მცირე საექიმო შეცდომათა შემთხვევებში თავს იჩენს ჩივილები ავადმყოფის არასწორ ან დაგვიანებულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რაც საფუძველია სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად. ეს ხდება იმიტომ, რომ ძალიან რთულია საექიმო შეცდომის განსხვავება სამართალდარღვევისაგან. ამგვარ დიფერენცირებაში უკიდურეს შემთხვევებში ძირითად როლს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა თამაშობს. საბოლოო გადაწყვეტილებას იმის შესახებ, მოხდა თუ არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართალდარღვევა, იღებენ კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოები. საექიმო შეცდომისთვის ექიმს არ ეკისრება სისხლის სამართლის ან დისციპლინური პასუხისმგებლობა.
ონკოლოგიური მეთოდებისა და წამლების გამოყენებასთან დაკავშირებული შეცდომების რეგისტრაციამ და აღრიცხვამ, მათი წარმოქმნის ჭეშმარიტი მიზეზების პრინციპულმა კვლევამ და პროფესიულ დონეზე ღია განხილვამ შეიძლება გამოასწოროს შექმნილი სიტუაცია. იატროგენიის სწორი გაშუქება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ხელს შეუწყობს ექიმთა პასუხისმგებლობის ტვირთის შემცირებას ზოგიერთ შეცდომაზე, მედიცინისადმი ავადმყოფთა ნდობის გაზრდას.
აღსანიშნავია შეცდომები სამედიცინო დოკუმენტაციის გაფორმებაში. ხშირად ექიმები ავადმყოფობის ისტორიაში არ აფიქსირებენ სიმპტომების გამოვლენის ვადებს, არ უთითებენ პროცედურებს, ადრე ჩატარებული მკურნალობის ხასიათს, არ აღნიშნავენ პათოლოგანატომის დასკვნას, ცუდად აღწერენ სიმსივნის ლოკალურ სტატუსს (შემდგომში ვერ ხერხდება დინამიკის დაზუსტება), არ აკონკრეტებენ საჭირო გამოკვლევაზე უარის თქმის მიზეზებს, არ უღებენ ასლს მნიშვნელოვან დოკუმენტებს, დაწვრილებით არ წერენ ოპერაციის ოქმს, გამორჩებათ ხოლმე გართულებები, არასწორად განსაზღვრავენ სიკვდილის მიზეზებს. ზოგიერთ დეტალს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს იურიდიული და საწარმოო საკითხების გადაწყვეტისთვის. დოკუმენტაციის ზუსტი წარმოება ექიმის მოვალეობაა. ჩანაწერებზე დახარჯული დრო არასოდესაა ფუჭი. დოკუმენტებისადმი ზერელე დამოკიდებულებამ სასამართლოში შეიძლება დაუმსახურებელი ბრალდებები წამოჭრას.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

ნანახია: 11062 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1286557


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.