საქართველოს ჯანდაცვა

ჯანდაცვა და სოციოლოგია

სიახლეები

გაიდლაინი

NOTA BENE

თარგმანი

CASE REPORT

კლინიკური რეკომენდაციები

კვლევა

პრეს–რელიზი

ჩვენი თანამედროვე

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გულისნაცვალი [5.00]

კლიმატის ცვლილებები [5.00]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

ბალანსი ოჯახსა და კარიერას შორის საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელ მეცნიერ ქალებში [5.00]

ერთიანი ევროპული სივრცისაკენ საქართველოში უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების პერსპექტივები [5.00]


ჰერპეს ზოსტერი [38432]

სარკოიდოზისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს ერთდროულად არსებობა [20960]

კლიმატის ცვლილებები [11743]

პერინატალური ინფექციები [10627]

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [9744]


თემების რაოდენობა: 23
კომენტარები: 5

ბალანსი ოჯახსა და კარიერას შორის საქართველოში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელ მეცნიერ ქალებში

ავტორი: მ. ბუწაშვილი, თ. მაღლაკელიძე, მ. თოფურიძე
საქართველოს ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი


„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“.

შესავალი
საქართველო ისტორიულად იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ქალის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. საბჭოთა კავშირის დროსაც ქვეყანაში ოფიციალურად მოქმედებდა სქესთა თანასწორობის პრინციპი და ქალებს და მამაკაცებს განათლების, დასაქმების, შრომის ანაზღაურების, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის მიღების თანაბარი უფლებები ჰქონდათ, განსხვავებით მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნისგან, სადაც დღემდე ქალები და მამაკაცები სრულიად არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად და კანონმდებლობის დონეზე გენდერული თანასწორობის პრინციპი მოქმედებდა, რეალურ ცხოვრებაში ყველაზე მაღალ ადმინისტრაციულ, სამეცნიერო-კვლევით და აკადემიურ პოსტებს მაინც მამაკაცები იკავებდნენ. საბჭოთა სისტემა ფორმალური თანასწორობის მიუხედავად არ ახორციელებდა რეალურ, ქმედით მხარდაჭერას იმისთვის, რომ ქალები გამხდარიყვნენ ლიდერები მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.
სადღეისოდ საქართველო დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს მსგავსად, იწყებს დემოკრატიული ღირებულებების პრომოციას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, თუმცა ნელი ნაბიჯებით, მეცნიერებაშიც. მიუხედავად ამისა, ძალიან ცოტა კეთდება მეცნიერი ქალებისთვის ხელის შეწყობის მიმართულებით, რათა მათ შეეძლოთ განავითარონ თავიანთი კარიერა მეცნიერების სხვადასხვა დარგებში. ამის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ქალები წარმოადგენენ ქვეყნის სამეცნიერო და აკადემიური დაწესებულებების თანამშრომელთა ნახევარზე მეტს (2004 წლის მონაცემებით სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა შორის 65% ქალები წარმოადგენენ), ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ლიდერულ პოზიციებზე. რა თქმა უნდა, ამის ძირითად მიზეზს ოჯახური მოვალეობები წარმოადგენს.
ცხადია, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ქალებს სამეცნიერო კარიერაში წინსვლისთვის დაბრკოლება მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ექმნებათ. დასავლეთის ქვეყნებში ამჟამად მაქსიმალური ყურადღება ექცევა ამ თემას და სამეცნიერო თუ აკადემიური დაწესებულებები ცდილობენ შეიმუშავონ მრავალფეროვანი სტრატეგიები და იყენებენ სხვადასხვა მიდგომას, რათა ქალებს ხელი შეუწყონ ოჯახური მოვალეობები შეძლებისდაგვარად ჰარმონიულად შეუსაბამონ სამსახურს. ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებიც ხორციელდება. სამეცნიერო პროექტების საგრანტო კონკურსების გამოცხადებისას ხშირად სპეციალურად არის ხაზგასმული, რომ ქალ მეცნიერებს მოუწოდებენ აქტიური მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და ცდილობენ ამ პროცესს ხელი შეუწყონ. მიუხედავად ამისა, კვლავ ბევრი პრობლემა რჩება და ამას მოწმობს სხვადასხვა კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავდა გაერკვია, რამდენად ახერხებენ ქალები შეინარჩუნონ ბალანსი ოჯახსა და კარიერას შორის და რამდენად აქვთ შექმნილი თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის გარემო. კანადაში მედიკოს ქალებში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მათ მნიშვნელოვან ნაწილს უჭირს ბალანსის შენარჩუნება ოჯახსა და კარიერას შორის დეკრეტული შვებულების სიმცირის და ბავშვის მოვლისთვის სამსახურის მხრიდან არახელსაყრელი გარემოს გამო. როგორც გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამბობს, სამსახურის შერჩევისას პრიორიტეტს ანიჭებენ არა პროფესიულ ინტერესებს, არამედ ცხოვრების წესთან და ოჯახურ მოვალეობებთან მორგებას. ნორვეგიელი ექიმი ქალების გამოკითხვით ირკვევა, რომ სპეციალობაში წინსვლის ალბათობა იკლებს შვილების რაოდენობის პროპორციულად. რაც შეეხება მეცნიერი ქალების მიერ სამეცნიერო კვლევების დაფინანსების საკითხს, ერთ-ერთი გამოკითხვის რესპოდენტების 52%-ს აქვს სამეცნიერო კვლევების გრანტული მხარდაჭერა. ამას კვლევის ავტორები უკმაყოფილებით აღნიშნავენ, თუმცა თუ ამ მაჩვენებელს ჩვენს ქვეყანას შევადარებთ, როგორც საქართველოში ჩატარებულმა ქვემოთაღნიშნულმა კვლევამ გამოავლინა, მეცნიერი ქალების მხოლოდ 2%-მა აღნიშნა, რომ მათი კვლევა გრანტით ფინანსდება (ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, მამაკაც მეცნიერთა გამოკითხვითაც არ შეიცვლებოდა).

ბიოსამედიცინო სფეროში მოღვაწე მეცნიერ ქალთა კარიერული წინსვლის ხელშეწყობის პროექტი
საქართველოში, ელსევიერის ფონდის ხელშეწყობით, განხორციელდა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ბიოსამედიცინო სფეროში მოღვაწე მეცნიერ ქალთა კარიერული წინსვლის ხელშეწყობას მათთვის შესაბამისი ტრეინინგის ჩატარების გზით. სადღეისოდ ჩვენს ქვეყანაში დრამატულად იზრდება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში პროგრესულად მოაზროვნე, დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებული შეხედულებების და ცოდნის მქონე სპეციალისტთა საჭიროება, მათ შორის მედიკობიოლოგიურ სფეროშიც. პროექტის ფარგლებში გარდა მედიცინასა და ბიოლოგიაში სადღეისოდ აქტუალური საკითხების ირგვლივ ლექციებისა, ტრეინინგი ტარდებოდა ასევე ისეთ პრაქტიკულ თემებზე, როგორიცაა:
• თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება მედიცინასა და ბიოლოგიაში (ტელემედიცინა, ვირტუალური ლაბორატორია, ვიდეოკონფერენცია, ინტერაქტიული სემინარები ინტერნეტის გამოყენებით – ვებინარი);
• ელექტრონული მონაცემთა ბაზების გამოყენებით სამეცნიერო ლიტერატურის ეფექტური მოძიება;
• როგორ დავწეროთ CV და სამოტივაციო წერილი;
• როგორ მოვემზადოთ ინტერვიუსთვის (როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის პოზიციიდან);
• დასაქმების სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა;
• გენდერული თანასწორობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობასა და საჯარო პოლიტიკაში და სხვ.
ამ პროექტის მიმდინარეობისას ჩატარდა 141 ქალის გამოკითხვა, რაც მიზნად ისახავდა იმის შეფასებას, თუ რას ფიქრობენ ქალები მათ დაწესებულებებში მეცნიერების სფეროში და კარიერაში წინსვლისთვის საჭირო გარემოს შესახებ, რა ბარიერებს ხედავენ ამ მიმართულებით, როგორ განსაზღვრავენ პრიორიტეტებს ოჯახსა და კარიერას შორის, როგორ ახერხებენ ბალანსის შენარჩუნებას, რამდენად დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას ოჯახსა და სამსახურში, როგორია მათი სამსახურით კმაყოფილების ხარისხი და აქვთ თუ არა უნარის გამოვლენის შესაფერისი გარემო.

შედეგები
გამოკითხულ ქალთა შორის 41% თვლის, რომ არა აქვს ხელსაყრელი გარემო ოჯახსა და კარიერას შორის ბალანსის შენარჩუნებისთვის. მხოლოდ 49%-ს მიაჩნია, რომ მათი სამსახური ბავშვის მოვლისთვის ადეკვატურ პირობებს უქმნის. სასიამოვნო იყო იმის შეტყობა, რომ რესპოდენტთა უმრავლესობას არ შექმნია ბარიერი სამსახურში მიღებისას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ქალები არიან. თუმცა დისკრიმინაციის ასეთი მაგალითები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს. გამოკითხულთა 56% ამბობს, რომ მათ სამსახურში თავიანთი უნარის და შესაძლებლობების გამოვლენისთვის არ არის ხელსაყრელი გარემო. 11% თვლის, რომ არ მუშაობს თავისი სპეციალობით. სიახლე არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ქალთა მხოლოდ ნახევარმა აღნიშნა მათი მუშაობის მიზნად საქმისადმი სიყვარულთან ერთად ანაზღაურებაც. ოდნავ სხვა კონტექსტში დასმულ შეკითხვაზე კი (რა არის თქვენთვის კარიერაში წინსვლის სტიმული ?) 61% პასუხობს, რომ ეს არის საქმისადმი სიყვარული და მხოლოდ 39% აღნიშნავს მატერიალურ დაინტერესებას. როგორც ირკვევა, ინიციატივის გამოჩენას ქალთა უფრო მეტი ნაწილი სამსახურში მამაკაცებს ანდობს, მაშინ როდესაც ოჯახში უმრავლესობა არ ერიდება ინიციატივებს. ქალთა 44%-მა გაგვიმხილა, რომ მათი სამსახური ყოფილა ოჯახური კამათის მიზეზი და შემთხვევათა 9%-ში ეს ხშირად ხდება. ქორწინებაში მყოფ რესპოდენტთა შორის მხოლოდ 4% ჰყავს 2-ზე მეტი შვილი, მათ შორის ერთადერთს – 4 შვილი. მართალია, მრავალშვილიანობა დღევანდელ საქართველოში ზოგადად იშვიათობას წარმოადგენს, მაგრამ ჩვენს საკვლევ ჯგუფში ამ მხრივ კიდევ უფრო არასახარბიელო სიტუაცია აღინიშნებოდა. ის ქალები, რომლებსაც ოჯახსა და კარიერას შორის ბალანსის შენარჩუნებისთვის ხელსაყრელი გარემო აქვთ, თითქმის ორჯერ მეტად ახერხებენ თავიანთი პროფესიული შესაძლებლობების გამოვლენას სამსახურში, ვიდრე ამ მხრივ არასახარბიელო გარემოში მყოფი ქალები. გამოკითხულთა 36% თვლის, რომ მამაკაცების აზრს სამსახურში სრულად ან ნაწილობრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება (ეს იმ პირობებში, როცა საშუალოდ 65%-ს ქალები შეადგენენ). კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფი ქალებისათვის (35 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი) 9-ჯერ უფრო მეტად არის მნიშვნელოვანი სამსახურეობრივი წინსვლა, ვიდრე მათი უფროსი კოლეგებისთვის (>35 წელზე), რაც ადასტურებს იმას, რომ ოჯახური მოვალეობები სამეცნიერო და კარიერული ინტერესების უკანა პლანზე გადაწევას განაპირობებს.
საქართველოში ქალები დიდი წარმატებით იცავენ სამეცნიერო ხარისხებს, მაგრამ ძალიან ხშირად ქალის სამეცნიერო კარიერა ხარისხის მიღებით მთავრდება და მისი ცოდნა და გამოცდილება შემდგომში გამოუყენებელი რჩება (ასეთი შემთხვევები ნაკლებად ხშირია მამამაკებს შორის). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც აკადემიური, ისე კლინიკური დაწესებულებები ცდილობდნენ განსაზღვრონ ეფექტური გზები იმისთვის, რომ სამეცნიერო ხარისხის მიღების შემდეგ მეცნიერ ქალებს ჰქონდეთ მაქსიმალური მხარდაჭერა კარიერაში წინსვლისა და საინტერესო და პროგრესული სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის.
სადავო არ არის, რომ ქალის უპირველეს მოვალეობას შვილების აღზრდა წარმოადგენს, მაგრამ ხელმძღვანელობის კეთილი ნების, მონდომების და შესაბამისი ხელშეწყობის პირობებში შესაძლებელია ორივე მოვალეობის ოპტიმალური შეთავსება. ამით კი ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული კადრის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანაში მეცნიერების წინსვლას დაეხმარება.

ნანახია: 4532 | შეფასებულია: 2 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 526

ამჟამად საიტზეა: 4

თქვენ ხართ სტუმარი No: 1248041


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.