>> პაციენტთა იმ კონტიგენტის დაკარგვის შიშით, ვისაც რამდენიმე სპეციალისტის მეთვალყურეობა ესაჭიროება, კერძო სპეციალიზებული კლინიკები თანდათან მრავალპროფილიან კლინიკებად გარდაიქმნებიან. ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი სწრაფად და გააზრებული დაგეგმვის გარეშე მიმდინარეობს, იმის გაუთვალისწინებლად, თუ რამდენად აუცილებელი და რენტაბელურია ყველა პროფილის სამედიცინო მომსახურების დანერგვა კონკრეტულ კლინიკაში.
უფიქრდებიან კი კლინიკის დირექტორ-ინვესტორები, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ასეთი „საოცრების“ შენახვა?
ახლადგამომცხვარი კერძო მრავალპროფილიანი კლინიკები ცდილობენ სასწრაფოდ აღჭურვონ საკუთარი ლაბორატორიები, შეიძინონ მაგნიტურრეზონანსული თუ კომპიუტერული ტომოგრაფები და სხვა სადიაგნოსტიკო სიახლეები, შვეულმფრენებიც კი ...
არ უნდა დავივიწყოთ, რომ სამედიცინო დაწესებულების უნიკალურობა (ექსკლუზიურობა) დამოკიდებულია არა შენობა-ნაგებობასა და აღჭურვილობაზე, არამედ:
1. პერსონალზე, მათ პროფესიულ ცოდნასა და უნარჩვევებზე, გამოცდილებაზე, იმაზე, თუ რამდენად შესწევთ უნარი ერთ გუნდად, ეფექტურად შეასრულონ მთავარი ფუნქცია – წარმატებულად უმკურნალონ პაციენტებს და დაიცვან მათი ჯანმრთელობა;
2. დაწესებულების ფუნქციონირებისა და განვითარების ღრმად გააზრებულ, ოპტიმიზირებულ გეგმაზე; იმ შიდა კანონებზე, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება პაციენტთა მომსახურება, პერსონალის პროფესიონალიზმის ამაღლება, ახალი პროფილის მომსახურების ორგანიზება;
3. სამკურნალო დაწესებულების მიერ პაციენტთა შორის მოპოვებულ ნდობის ხარისხზე.
დამხმარე პროფილის დანაყოფების ჩამოყალიბება, აღჭურვა-დაკომპლექტება, დამატებითი პერსონალის მოზიდვის აუცილებლობას განაპირობებს, რაც დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.
პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ზოგჯერ აუცილებელია არაპროფილური სამუშაოს შესრულება (მაგ., საბუღალტრო აღრიცხვა), ხოლო ასეთი სამსახურის შექმნა-ფუნქციონირებაზე დანახარჯები შეუსაბამოდ დიდია.
მსგავს შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია აუტსორსინგი (Outsourcing – ინგლ. გარეშე ორგანიზაციასთან ქვეხელშეკრულების გაფორმება გარკვეული სამუშაოების შესრულებაზე).
რა არის აუტსორსინგი?
სამუშაო, რომლის ანაზღაურებასაც მომხმარებელი პირდაპირი წესით არ ახდენს, გადაეცეს გარე ორგანიზაციებს. მაგ., საბუღალტრო აღრიცხვა, შიდა კომპიუტერული ქსელისა და ვებ-მომსახურება, პაციენტთა კვება, სამრეცხაო და ა.შ.
ამას გარდა, არაპროფილურ ლაბორატორიულ თუ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებზეც შეიძლება გაფორმდეს ხელშეკრულება სხვა დაწესებულებებსა თუ სპეციალისტებთან. ამგვარად, მივიღებთ მაღალკვალიფიცირებულ სპეციალიზებულ მომსახურებას და დაიზოგება ფინანსური რესურსი. დანაზოგი კი შესაძლებელია წარიმართოს პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, სამედიცინო ERP–სისტემის (აღრიცხვისა და მართვის ავტომატიზებული სისტემა) დანერგვაზე ან დაწესებულებისთვის საჭირო სხვა პროცესებზე.
აუტსორსინგის გამოყენებით თავიდან ვიცილებთ ისეთ არასასურველ მოვლენას, როგორიცაა შეძენილი ძვირადღირებული აპარატურის არარენტაბელობა, როცა არაპროფილურობის გამო, არ არის უზრუნველყოფილი მათი მინიმალური დატვირთვაც კი და დანახარჯების დაფარვის მიზნით, იძულების წესით ძვირდება მომსახურება. ამასთან, ილახება დაწესებულების რეპუტაციაც, ვინაიდან გარკვეული მომსახურება არასრულად და არაკვალიფიცირებულად წარმოებს.
ახალი კლინიკის ორგანიზებისას დირექტორ-ინვესტორი არჩევანის წინაშე დგება „კლინიკის სრული ეკიპირება“ თუ „არაპროფილური, არასაკვანძო საკითხების აუტსორსინგით გაცემა“. ამ არჩევანზე კი პაციენტთა მომსახურების ხარისხია დამოკიდებული.
ნანახია: 8132 | შეფასებულია: 7 | რეიტინგი: [4.29]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით