მედიცინის ისტორია

თარგმანი

მოლეკულური მედიცინა

MEDICAL IT

სიახლეები

გაიდლაინი

კვლევა

დისკუსია

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



„იმელდა“ ციკლიდან „წერილები ახალგაზრდა ექიმს“ [5.00]

ჰოსპიტალური ინფექციის ანტიბიოტიკოპროფილაქტიკისა და ანტიბიოტიკოთერაპიის სტანდარტი [2.00]

„მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციის შემთხვევა [0.00]

მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველის გავლენა ნეირონის პლასტიურობაზე [0.00]

კიდევ ერთხელ სისტემებზე და სისტემურ მიდგომაზე მედიცინაში, ანუ სჭირდება თუ არა ექიმს ტვინი [0.00]


მედიცინა და ქართული სამეფო კარის ტრადიციები [11517]

ძუძუთი კვება [9204]

აორტის დეგენერაციული სტენოზი [7976]

α თალასემია საქართველოში [6962]

„მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციის შემთხვევა [6618]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 0

„იმელდა“ ციკლიდან „წერილები ახალგაზრდა ექიმს“

ავტორი: რიჩარდ სელცერი


ორ კვირაზე მეტი იყო გასული, რაც ჩვენს მოვალეობას ვასრულებდით – ეს ამბავი წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. დილით უთენია, ამბულატორიის ფანჯრიდან მოვკარი მას თვალი. კნაჭა, შავტუხა ინდიელი გოგონა, დაახლოებით თოთხმეტი წლის. ფიგურა, ნარინჯისფერ მოყავისფრო, ტერაკოტა, თითქოს უფორმო თიხასაგან ჩამოქნილი. უფროსი, მზეზე გარუჯული ქალი გოგონას უკან და ოდნავ მარცხნივ იდგა. დედა დაბალი და ჩაფსკვნილი იყო. მას მაღალცილინდრიანი ფართოფარფლებიანი ქუდი ეხურა და უფორმო, ანაფორის მაგვარი კაბა ეცვა. გოგონას გრძელი, გაშლილი შავი თმები ჰქონდა. ყურებზე პაწაწინა ოქროს რგოლები. კაბა, რომელიც ეცვა, შესაძლოა წინათ დედამისს ეკუთვნოდა, იმდენად დიდი იყო, თითქოს გამხდარი მხრებიდან ქვევით მკლავებზე უნდა ჩამოსრიალდესო. მასთან ერთადაც კი კაბა ცარიელი ჩანდა, როგორც კარზე ჩამოკიდული რამ. მისი მკერდი თითქმის არ ისახებოდა ქსოვილზე, თეძოები კი საერთოდ არ მოსჩანდა. პირთან გამუდმებით აფარებული ჰქონდა ჭუჭყიანი, ვარდისფერი, ჩვრის გორგალი, თითქოს ტკივილის ნაკადის შეჩერებას ან დათრგუნვას ცდილობდა. მე ვხვდებოდი, რომ ის, რაც მას უნდა ეჩვენებინა ჩვენთვის, ის რაც ჩვენ უნდა გვენახა, დაფარული იყო სწორედ ამ ვარდისფერი ჩვარის მიღმა. თვალყურს ვადევნებდი, ქალმა ხაპი მიაწოდა, გოგონა დაეწაფა წყალს და ძაღლივით დაიწყო სვლეპა. ის დღის ბოლო პაციენტი იყო. ისინი შიგა ეზოში იცდიდნენ რამდენიმე საათის განმავლობაში.
„იმელდა ვალდეს“ გამოვიძახე მე. იგი ნელა წამოდგა ფეხზე ისე, რომ ჩვარი არ მოუცილებია პირიდან და დედას მისაღები ოთახის კარისაკენ გამოჰყვა. მე შემოვუშვი ისინი.
„თქვენ იმ მაგიდაზე დაჯექით “, ვუთხარი მას. „დედა, თქვენ იქ გაჩერდით, გეთაყვა“. ისტორიაში წავიკითხე:
„თოთხმეტი წლის გოგო – სრული, ცალმხრივი, მარცხენამხრივი კურდღლის ტუჩითა და მგლის ხახით. არავითარი სხვა დაავადება ან თანდაყოლილი დეფექტი არ აღინიშნება. ლაბორატორიული გამოკვლევები, გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა – ნეგატიური.“
„უთხარით მას მოიცილოს ჩვარი“, თქვა ექიმმა ფრანცისკუსმა. მე ვანიშნე, და გოგონა უკან გახტა, კიდევ უფრო მაგრად მიიჭირა ჩვარი.
„მისმინეთ ეს სისულელეა“, უთხრა ფრანცისკუსმა. „უთხარით მას, რომ მე ეს უნდა ვნახო. ან იგი კარგად იქცევა, ან წაბრძანდეს“.
„გთხოვ, მომეცი ჩვარი მე“, ვუთხარი შეძლებისდაგვარად დაყვავებით. მან მაინც არ გააკეთა. მას არ შეეძლო. სწორედ მაშინ ფრანცისკუსი მისწვდა და სტაცა იმ ხელს, რომლითაც გოგონას ჩვარი ეჭირა და უხეში მოძრაობით ჩამოაწევინა. წამიერად გოგონას თავი გაჰყვა ჩვარს, რომელიც მოსცილდა სახეს, თავისუფლად დარჩენილმა მეორე ხელმა დაფარა სახე. მოლოდინის მიუხედავად, მან სახე დამალა. რამდენიმე წამში იგი მოდუნდა და უძრავად დარჩა. იგი მომაგონებდა მხეცს, რომლის მზერაც უსასრულობას, სიკვდილს მისწვდა, შიშის გარეშე და გაცნობიერებულად.
ამაზრზენი და საძულველი დეფექტი შეუნიღბავად, რეზინის მწერივით ჩაჭედილიყო გოგონას სახის ცენტრში. ზედა ტუჩი ფართოდ იყო გაპობილი და ნაპრალი ნესტომდე აღწევდა. ერთი თეთრი კბილი გამოჩრილ ზედა ყბაზე იყო შემომჯდარი და ხვრელიდან გამოსჭვივოდა. თითქოს ძვალიც ამოჭმული იყო. ზევით, ნათელი ნუშისებრი თვალები და გრუზა შავი თმები სხივებს ირეკლავდა. ქვევით, ნატიფ ყელზე გმოკვეთილი პულსაცია მოსჩანდა. ჩვენი დაჟინებული მზერის ქვეშ გოგონა თვალებით კალთაზე ნახევრად გაშლილ ხელისგულებზე იყო მიშტერებული. ის იყო მშვენიერი ფრინველი გახლეჩილი ნისკარტით. და დაძაბული, მეტი სირცხვილის მოლოდინში.
„გააღე პირი“, წარმოთქვა ქირურგმა. მე ვთარგმნე. იგი ასეც მოიქცა, და ქირურგმა თავი უკან გადააწევინა, რათა შიგნით ჩაეხედა.
„სასაც. სრულად“, თქვა მან. ხანგრძლივმა სიჩუმემ დაისადგურა. დუმილი თავადვე დაარღვია.
„რა გქვია?“ პასუხის გაცემამდე ჭრილობის კიდეები გასადავდა.
„იმელდა“. მარცვლებმა ხვრელიდან ნერწყვთან ერთად სტვენით გამოჟონა.
„ხვალ“, თქვა ქირურგმა, „მე გაგილამაზებ ტუჩს. Man˜ana“.
მომეჩვენა, რომ ჰიუ ფრანცისკუსი, მისი გამოცდილების წლების, მის მიერ ნანახი საშინელებების მიუხედავად, სულის სიღრმემდე შეძრული უნდა ყოფილიყო გოგონას შესახედაობით. ეს მის სახეზე, წამიერ გაელვებაში, ამოვიკითხე. შესაძლოა ეს გოგონას მიერ დაფარვის მცდელობამ განაპირობა, რა უნდა ექნა, რომ გოგონას ტუჩი ეჩვენებინა, როგორ უნდა მოეხერხებინა ეს. ალბათ წინააღმდეგობამ გაამძაფრა სიმახინჯე. მას რომ პირი თავისუფლად, სირცხვილის გარეშე ეჩვენებინა იგი მისთვის არც მეტი, არც ნაკლები რიგით პაციენტად იქცეოდა.
მან დეფექტი შტანგენფარგალით გაზომა, შეისწავლა სხვადასხვა კუთხიდან, ნიკაპქვეშ თითით ატრიალებდა მის თავს.
„ნუთუ ამის გამთლიანება შეიძლება?“ ვკითხე მე.
„გადაუღეთ ფოტოები“, თქვა მან. მას კი, „პირდაპირ იცქირე.“ კამერის ობიექტივიდან გოგონა კიდევ უფრო საცოდავი ჩანდა, იგი სავსებით შეურაცხოფილი იყო.
„შეჩერდით!“ შემაჩერა ქირურგმა. მე დავუშვი კამერა. კულული განივად ჩამოეშალა სახეზე, ადვილად იპოვნა გზა მისი პირისაკენ, სადაც ნერწყვში აიზილა. მან აუკრიფა თმები და კეფაზე დაუმაგრა.
„გააგრძელეთ,“ თქვა მან. აჩხაკუნდა კამერა. გოგონა კრთოდა.
***
მომდევნო დილით, განყოფილების შემოვლის შემდეგ, საოპერაციო ოთახში მივედით, ანესთეზია უკვე დაწყებული იყო. გოგონას პირიდან ამოჩრილი მილი მის ქვედა ტუჩს ებჯინებოდა, რათა საოპერაციო ველი თავისუფალი ყოფილიყო. ექთანი უკვე ასუფთავებდა სახეს, რომელიც მოწითალო-მოყავისფერი ქაფში ცურავდა. პაწაწინა ოქროს საყურეებიც ჩაფლული იყო იმ ქაფში. დროდადრო ერთ-ერთი მათგანი მომხიბლავად გამოიბრწყინებდა. სახე უკანასკნელად დაბანეს და გაამშრალეს. მწვანე საფენები ისე დააფინეს სახეზე, რომ დაეფარათ ყველაფერი პირისა და ცხვირის გარდა. დამაგრდა ზეწარიც.
„შტანგენფარგალები!“ ქირურგი იღებდა ზომებს, საზღვრავდა დამახინჯებული კუპიდონის რკალის პიკის მდებარეობას.
„სანიშნი კალამი!“ მან ლურჯი წერტილით რკალის მწვერვალი მონიშნა. ცხვირის ფორმა პუნქტირით; შემდეგ ქვედა ჩაღრმავება ალისფერი ხაზით. გადაშალა არათანაბარი A ნაფლეთი და B ნაფლეთი გამოიკვეთა. იგი მუშაობდა, ენერგიულად ტუჩსა და ცხვირზე, რათა აზრი მიეცა იმ ქაოსისათვის, ვარდისფერ საძირკველზე დაედო ტუჩი, შედეგის დანახვა კი მხოლოდ მას შეეძლო. დატანილ იქნა ბოლო წერტილი და ხაზი. იგი მზად იყო.
„სკალპელი!“ მან გოგონას პირს ზემოთ დანა მოამზადა.
„O.K., დავიწყოთ?“ იკითხა ანესთეზიოლოგმა.
„დიახ“.
მან დაუშვა დანა.
„არა! მოიცადეთ!“ ანესთეზიოლოგის ხმა დაძაბული, წყვეტილი იყო. „არ გაინძრეთ!“
ქირურგის ხელი უძრავად იყო.
„რაშია საქმე?“
„რაღაც გაუგებრობაა. დარწმუნებული არ ვარ. ღმერთო, იგი პისტოლეტივით ცხელია. სისხლის წნევა ზევით მიდის. პულსი ას ოთხმოცი. გაზომეთ რექტალური ტემპერატურა“. ექთანი ზეწრებს ქვეშ ცოდვილობდა. ჩვენ ველოდებოდით. ექთანმა თერმომეტრი ამოიღო.
„ას შვიდი... არა... რვა“. გამოსცრა ყოყმანით.
„ავთვისებიანი ჰიპერთერმია“, თქვა ანესთეზიოლოგმა. „ყინული! ყინული! მოიტანეთ დიდი რაოდენობით ყინული!“ მე გავვარდი ოთახიდან და პირველივე შემხვედრ ექთანს მივმართე.
„ყინული!“ ვყვიროდი მე. „Hielo! სასწრაფოდ! Hielo!“ ქალი უაზრო გამომეტყველებით მიცქერდა. მე მეორესთან მივვარდი. „Hielo! Hielo! ღვთის გულისათვის, ყინული“.
„Hielo?“ აიჩეჩა მხრები ქალმა. „Nada“. მე უკან შევვარდი საოპერაციო ოთახში.
„იქ არავითარი ყინული არ არის“, ვაცნობე მე. ექიმმა ფრანცისკუსმა მოიგლიჯა ხელთათმანები და გოგონას კანს შეეხო. ნიღაბს ზემოთ მისი თვალები ბრძოლაში გააფთრებული ცხენის თვალებს ჰგავდა.
„ელექტროკარდიოგრამა – შემაშფოთებელია...“
„პულსს ვერ ვსინჯავ...“
„რაა, ეშმაკმა დალახვროს, ...“
ქირურგი მისწვდა გოგონას საზარდულის მიდამოს. ბარძაყის არტერიაზე არავითარი პულსი.
„ეკგ სწორხაზოვანია. ღმერთო, ჩემო! ის მოკვდა!“
„შეუძლებელია.“
„ასეა“.
ქირურგმა თითები დააჭირა საზარდულს, სადაც არავითარი პულსი არ იყო, მხოლოდ საკუთარ პულსს გრძნობდა, რომლის კაკუნიც გოგონას სხეულში შეჭრას ლამობდა.
***
მომდევნო დილას მე განყოფილებაში კი არ წავედი, არამედ შიგნითა ეზოს ჭიშკართან, ქუჩის მხრიდან ვიდექი. ზოლიან პანჩოებში გამოწყობილმა ორმა ახალგაზრდამ ჭილობში გახვული გოგონას სხეული ხის საზიდარზე დაასვენა. ვირი იცდიდა. ამ სცენამ ისე ჩამითრია, როგორც ნებისმიერი უნუგეშო სცენა – სიკვდილით დასჯა, ბრძოლის ველი – მიიქცევდა ადამიანის ყურადღებას. ქალმა ამოიხედა და მაშინვე შემნიშნა. ქუდი მოეხადა. მისი თმების მძიმე გორგალი თავს სიდიდეს, კეთილშობილებას ანიჭებდა. მე მცირეოდენი ფული ჩავუკუჭე ხელში. „ყვავილებისათვის“, ვუთხარი მე. „მღვდლისათვის“. ლოყები ისე უთრთოდა, თითქოს რამდენიმე წუთის წინ მის სამხედრო ხომალდს ქვა დასცემოდა და ტალღები სწორედ ახლა აღწევდნენ მის თავამდე. ვინანე იქ მისვლა.
„Si, sií“, თქვა ქალმა. მწერებისაგან დაკენკილი სახე ჰქონდა. „ექიმი – ანგელოზთაგანია. მან უფლის საქმე დაასრულა. ჩემი ქალიშვილი ლამაზია.“
ნეტავ რა იგულისხმა! ტუჩი არ აღუდგენიათ. გოგონა მანამდე მოკვდა.
„მხოლოდ ნატიფი ხაზი, რომელსაც უფალი დროთა განმავლობაში წაშლის“, თქვა მან.
მე დავეწიე საზიდარს, ავწიე სუდარის კიდე. ნაპრალის ადგილას ნაზი ნაკერების ახალი ზოლი იყო. კუპიდონის რკალი ოსტატურად იყო ფორმირებული, ალისფერი გასწორებული საზღვრით. ნესტო იმეორებდა მეორე ნესტოს მომრგვალებულ ფორმას. ხელი გავუშვი სუდარის ბოლოს, მანამდე კი ერთხელაც შევავლე თვალი ყველაზე მშვენიერი შავი თმების გროვას.
„Adios., adios...“ და საზიდარის ჭრიჭინი სადღაც შორს შეერია ფლოქვებისა და ზანზალაკის ხმებს.
***
ექიმების ცხოვრებაში არსებობს მოვლენები, რომლებიც, როგორც ჩანს, ავლებენ ზღვარს ახალგაზრდობასა და ასაკს, ხედვასა და აღქმას შორის. ოცნებების მსგავსად მთელი წარსული ცხოვრების ილუმინატი. ამგვარი შემთხვევების შემდეგ, ექიმი ის აღარ არის, ვინც იყო. ეს, მომეჩვენა მე, თითქოს ვიღაც შეშლილის, ან უკიდურეს შემთხვევაში, მეტისმეტად ქედმაღალის ქმედება იყო. მოვლენების თავიდან განვითარების მცდელობა. გოგონას სიკვდილი რიგგარეშე იყო მისთვის. სიკვდილი ტუჩის აღდგენის შემდეგ უნდა დამდგარიყო და არა მანამდე. მას შეეძლო ეთქვა დედისთვის, რომ აღდგენა ვერ მოხერხდა. მაგრამ არა, მან არ გააკეთა ეს. მან არ თქვა არაფერი. ეს იყო სწორედ იმ უცნაურ მოვლენათა შედეგი, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი ემორჩილება და რომლებითაც ჩვენ ვცხოვრობთ, და ვნანობთ. ალბათ, სწორედ მაშინ, იმ მომენტში გააცნობიერა, თუ რას მოიმოქმედებდა. დედის სიტყვებმა არ ანუგეშა; ისინი სდევნიდნენ მას. ეს მას დედისთვის არ გაუკეთებია. საშინელი მოთხოვნილება სტანჯავდა. მას არ სურდა გაეცნობიერებინა, რომ იმელდა ტუჩის აღდგენამდე მოკვდა. ამგვარი საქმეების შემოქმედნი საზოგადოებისაგან თავის დაღწევისაკენ ისწრაფვიან. ისინი საკუთარ საცალფეხო ბილიკს მიჰყვებიან. მათ აქვთ საიდუმლო, რომელსაც ვერასდროს დასთმობენ. მე არასდროს არ უნდა გავაცხადო ის, რაც მე ვიცი.
***
ექვსი კვირის შემდეგ მე ვიყავი სამედიცინო სკოლის ჩაბნელებულ ამფითეატრში. იარუსების ნახევარწრე გარს ერტყმოდა პატარა სცენას, რომელზეც იდგა ჰიუ ფრანცისკუსი და წარმოადგენდა ჰონდურასში ნანახ შემთხვევათა მასალებს. ეს წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. დარბაზი სავსე იყო. წინა ღამით მან იმ თანამიმდევრობით დაალაგა სლაიდები, რომლითაც სურდა მათი ჩვენება. მე პროექტორს ვაკონტროლებდი.
„შემდეგი სლაიდი!“ დროდადრო იმ ბრძანებითი კილოთი მომმართავდა, რომელიც სამედიცინო სკოლის სტუდენტების, ინტერნების, რეზიდენტებისა და პაციენტების ბრმა მორჩილების საფუძველი იყო.
„ეს არის ორმოცდაჩვიდმეტი წლის მამაკაცი მძიმე დამწვრობის შედეგად განვითარებული კისრის კონტრაქტურით. ხედავთ ნიკაპსა და მკერდის ძვლის წინა ქსოვილებს შორის გაჭიმულ რიგიდულ შემაერთებელ ქსოვილს. თავის მოძრაობა ტორსის მიმართ შეუძლებელია... შემდეგი სლაიდი!“
პროექტორმა გაიჩხაკუნა.
„აქ წარმოდგენილია ნაწიბუროვანი ქსოვილის ამოკვეთის შემდგომი პერიოდი და პირველად თავის სრული მოძრაობა. დეფექტი სრულად დაიხურა... შემდეგი სლაიდი!“
ჩხაკუნი!
„...მუცლის წინა კედლიდან პეჯეტის დერმატომით აღებული კანის მთელი პლასტი. შემდეგი სლაიდი!“
ჩხაკუნი!
და უეცრად გამოჩნდა იგი, როგორც აჩრდილთა სამყაროდან ამოყვანილი, ყველა ჩვენგანის ზემოთ და მიღმა, როგორც მკვდრეთით აღმდგარი. მას ოვალური სახე ჰქონდა, გაშლილი გრძელი შავი თმები, პაწაწინა ოქროს საყურეები. და განათებული ამოჭმული პირი. მთელი მისი ცხოვრება ამ ერთ ფოტოსურათში იყო მოქცეული. ამას ხანგრძლივი სიჩუმე მოჰყვა, რომლის დარღვევაც მხოლოდ ქირურგს შეეძლო. მაშინვე, როგორც კომაიაგუას საოპერაციო ოთახში ანესთეზიოლოგი, მეც მივხვდი, რომ რაღაც არ იყო წესრიგში. საქმე იმაში კი არ იყო, რომ მას ლაპარაკი არ სურდა, არა – არ შეეძლო. თითქოს ექიმების, ექთნებისა და სტუდენტების აუდიტორიას ბნელი, უსასრულო სიჩუმის ინფექცია შეეყარა. პულსი გამიორმაგდა. სუნთქვაც გაჭირდა. რატომ არ მოითხოვა შემდეგი სლაიდი? რატომ არ უშველა საკუთარ თავს? რატომ არ ამოიღო ეს სლაიდი საჩვენებელი სლაიდების რიგიდან? უეცრად მე გავაცნობიერე, რომ მას თავისი ფოტოაპარატი განმეორებით გამოუყენებია. მე შევძელი მისი გაშლილი შავი თმების ჩრდილის გამორჩევა მორგის უფრო ბნელი გარემოსაგან. მოულოდნელი თვალისმომჭრელი გაელვება... შემდეგი სლაიდი მორგში გადაღებული სურათი უნდა ყოფილიყო. იგი დაუცველი იყო.
სლაიდიდან არეკლილი მქრქალი შუქის ფონზე, მე დავინახე, რომ ის უმზერდა მას, ალბათ არა როგორც ფერად ფოტოს, ჩემი აზრით, არამედ როგორც გოგონას აჩრდილის ნეგატივს. ჩემთვის ამფითეატრი ჰონდურასად იქცა. მე ისევ ის, პაციენტებით გადაჭედილი ეზო წარმომიდგა თვალწინ. პროექტორის სხივში მტვრის ნაწილაკების ლიცლიცი დავინახე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ გოგონა მისი სრულყოფილების და ტკივილის საზომი იყო, როგორც დაკარგულის, ისე შეძენილის. მანაც გაიგონა ფოტოკამერის ჩხაკუნი, დაინახა გოგონას შეცბუნება და მასში სიბრალულმა ერთიორად იმატა. და ბოლოს ხმა ამოიღო.
„იმელდა.“ ეს იყო ის ერთადერთი სიტყვა, რომელიც მისგან გაეგონა. მისი ხმის გაგონებისთანავე მე პროექტორზე შემდეგი სლაიდი გავუშვი. ჩხაკუნი... და იგი აღარ იყო. კვლავ ჩხაკუნი და მის ადგილას მამაკაცი ორბიტალური კიბოთი. ფრანცისკუსი დიდხანს არ მაცილებდა მზერას, მისი გამომეტყველების ახსნის მცდელობას მე უკვე დიდი ხანია თავი დავანებე. მადლიერება? სევდა? ამან გოგონას იმ დაჟინებულ მზერაზე დამაფიქრა, როდესაც მან ბოლოსდაბოლოს თავისი სხეულის ქირურგის ხელებში გადაცემა გადაწყვიტა.
***
განვლილი წლების მანძილზე და დღესაც, დროდადრო, მე თვალწინ მიდგას ვირ-საზიდარიანი კორტეჟი, ან მორგში გოგონას თავთან დახრილი მისი სახე. მე ვისურვებდი მისთვის მეთქვა, რაც ახლა ვიცი, მისი არარეალისტური ქმედება, ვფიქრობ, ალბათ სიგიჟით შეზავებული, სიკეთის მცირე, დაჟინებული გამოვლინება იყო. როგორც ლამფის ანთება, წყლის ადუღება ჩაისთვის, პერანგის რეცხვა. მაგრამ, რასაკვირველია, ახლა ძალზე გვიანია.

* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *



რიჩარდ სელცერი ამერიკელი ქირურგი და მწერალია. მას წარმატებული ქირურგის კარიერა ჰქონდა ნიუ ჰავენში, კონექტიკუტი, აშშ. 20 წლიანი საექიმო მოღვაწეობის შემდეგ, 50 წლის ასაკში საზოგადოების წინაშე იგი წარსდგა როგორც საექიმო მოთხრობების ავტორი და მაშინვე მოიპოვა მკითხველის სიყვარული.სელცერის შემოქმედებაში ძირითადი ადგილი მოკლე მოთხრობებს უკავია. ისინი, ექსკლუზიურად, მისი ქირურგიული გამოცდილებიდან არის აღებული; მისი მოთხრობების ციკლი „წერილები ახალგაზრდა ექიმს“ შეერთებული შტატების ქირურგების გუნდთან ლათინურ ამერიკაში სელცერის მოგზაურობას ეფუძნება. ჩვენ გვსურს წარმოგიდგინოთ რიჩარ სელცერის, როგორც ავტორის შემოქმედება მეტად მშვენიერი, შესაძლოა მისი საუკეთესო მოთხრობით.

რიჩარდ სელცერი დაიბადა (1928) და გაიზარდა ტროიში, ნიუ იორკი, აშშ.
მამამისი, იულიუს სელცერი ზოგადი პრაქტიკის ექიმი იყო და ტროიში, მეხუთე ავენიუზე, მათი სახლის პირველ სართულზე მოღვაწეობდა. დედამისი, გერტრუდ სელცერი მოყვარული მომღერალი იყო და ადგილობრივ მუსიკალურ და საოპერო წარმოდგენებში მონაწილეობდა.
რ. სელცერმა 1948 წელს დაამთავრა იუნიონის კოლეჯი, მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხით, ხოლო ექიმის დოქტორის წოდება მიიღო ალბანის სამედიცინო კოლეჯში 1953 წელს.
კორეის ომის დროს იგი მსახურობდა ჯარში 1955-1957 წწ., სამედიცინო რაზმში პასუხიმგებელ პირად. 1960 წელს იელის უნივერსიტეტში გაიარა ინტერნატურა და რეზიდენტურა ქირურგიაში. ამავე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა ქირურგიის კათედრის პროფესორად, პენსიაზე გასვლამდე 1985წ.

რიჩარდ სელცერის რჩეული ნაწარმოებების სია:
• ქირურგიის რიტუალები (1973);
• სასიკვდილო გაკვეთილები: შენიშვნები ქირურგიის ხელოვნებაზე (1976);
• დანის აღსარება (1979);
• წერილები ახალგაზრდა ექიმს (1982);
• სამყაროს შეცნობა აღდგენისათვის (1986);
• წარმოიდგინეთ ქალი (1990);
• ნახევარი მილის სიგრძის მელანი (1990);
• ქვემოთ ტროადან: ექიმი აღწევს სრულწლოვანებას – მისი ავტობიოგრაფია (1992);
• მკვდრეთით აღდგომა: ექიმის შეხვედრა საკუთარ სიკვდილთან (1993);
• საექიმო ისტორიები (1998);
• სულის ზუსტი ადგილსამყოფელი: ახალი და რჩეული ესეები (2001).

ნანახია: 3766 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.