აქტუალური თემა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო მენეჯმენტი

გაიდლაინი

მიმოხილვა

ლექტორიუმი

სიახლეები

ახალი მეთოდები

კვლევა

ექსპერიმენტული კვლევა

ადამიანი და გარემო

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ჩვენი თანამედროვე

კლინიკური შემთხვევა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



განვითარებად მსოფლიოს სჭირდება საკუთარი სამეცნიერო ჟურნალები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

XXI საუკუნის დიდი მოაზროვნე [5.00]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [5.00]

თირკმლების ქრონიკული დაავადება [5.00]


თირკმლების ქრონიკული დაავადება [18719]

ჰემოსიდეროზით მიმდინარე დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები [8917]

საშვილოსნოს კედლის მთლიანობის აღდგენა ერთ­შრი­ანი განუწყვეტელი ნაკერით და პერიტონიზაცის ახალი მეთოდი [7589]

საქართველოში მოქმედი სამედიცინო საზოგადოებების როლი სამამულო ქირურგიის განვითარებაში [7291]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [5509]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

მუცლის ღრუს მსხვილი კალიბრის სისხლძარღვების ტრავმისშემდგომი დეფექტების დახურვა პერიტონეალურ-აპონევროზული აუტოტრანსპლანტატის გამოყენებით

ავტორი: ვ. გორგაძე, გ. გვასალია, ჯ. ფარცახაშვილი, ნ. ხოდელი, მ. კაპეტივაძე, ე. ბაღათურია
სსიპ ქ.გორის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (კლინიკური შემთხვევა)
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ კლინიკური საავადმყოფო (ექსპერიმენტული ნაწილი)
V. Gorgadze, G. Gvasalia, J. Pharcakhashvili, N. Khodeli, M. Kapetivadze, E. Bagaturia
LEPL of the Ministry of Defense Gori Military Hospital (clinical case),
Iv. Javakhishvili Tbilisi State University Clinic (experimental part )
Closure of Post-traumatic Defects of Large Caliber Blood Vessels Existing in Abdomen Cavity by Peritoneal-Aponeurotic Transplant

>>  The article describes closure of post-traumatic large defects of blood vessels existing in abdomen and pelvic cavity by peritoneal aponeurotic transplant. There is a case report: a soldier wounded in the abdomen area was taken to city Gori Military hospital. The patient was in critical condition, loss of blood constituted three liters. By intraoperational revision, injury of liver and inferior vena cava was stated. Hepatoraphia was carried out. Defect of anterior wall of vena cava inferior was closed by peritoneal aponeurotic flap. Seven months later after the operation by phlebography was visualized recanalization in the vein plastic area.


ქირურგიულ პრაქტიკაში, კერძოდ ურგენტულ ქირურგიაში, განსაკუთრებით ცეცხლნასროლი და ნაღმფეთქებადი ჭრილობებისას ხშირად ადგილი აქვს სხვა ანატომიურ წარმონაქმნებთან ერთად მსხვილი კალიბრის სისხლძარღვების დაზიანებას დიდი ზომის დეფექტების არსებობით. ასეთ შემთხვევებში, თუ ავადმყოფი აღწევს სპეციალი-ზირებულ სამედიცინო დაწესებულებამდე და ხდება სისხლდენის დროული შეჩერება რეანიმაციული ღონისძიებების ფონზე, დგება სისხლძარღვის სანათურის დეფექტის დახურვის საკითხი, ვინაიდან მსხვილი კალიბრის სისხლძარღვების ლიგირება ხშირად მთავრდება არასასურველი გამოსავლით.

შესავალი
სამედიცინო პრაქტიკაში ამჟამად მიღებულია მსხვილი კალიბრის სისხლძარღვების დეფექტის დახურვის რამდენიმე მეთოდი:
1. დაზიანებული სისხლძარღვის კედლების განახლება და პროთეზირება, რაც ხშირ შემთხვევაში (განსაკუთრებით გულმკერდის და მუცლის ღრუში) შეუძლებელია – მნიშვნელოვანი კოლატერალური ქსელის გამოთიშვისა და არასაკმარისი მობილიზაციის შესაძლებლობის გამო.
2. ხელოვნური სინთეზური ყლორტების (დაკრონი, ტეფლონი, პოლიტეტრაფუროეთილენი – PTFE) გამოყენება. ამ პროტეზებით სისხლძარღვის დეფექტის დახურვა ტექნიკურად ძალზედ მოხერხებულია, მაგრამ სისხლძარღვთა ქირურგების დიდი ნაწილი ამჯობინებს აუტოტრანსპლანტატების გამოყენებას, მათი უკეთესი ბიოლოგიური თავსებადობის და სხვადასხვა გართულებების (დაჩირქება, თრომბოზი, ადრეული სისხლდენა და პროტეზიდან გამომდინარე ჩირქოვანი ხვრელმილების ჩამოყალიბება) შედარებით დაბალი რისკის გამო. ანგარიშგასაწევია ის, რომ ყოველ მსგავს კრიტიკულ სიტუაციაში ადგილზე უნდა იყოს შესაბამისი ზომის, ვადიანი და ხარისხიანი ტრანსპლანტატი.
3. სისხლძარღვთა პლასტიკისა და დიდი ზომის დეფექტების დახურვის მიზნით გამოიყენება აგრეთვე ქსენოტრანსპლანტატები – სპეციალურად დამუშავებული და სტერილურად დაკონსერვებული მსხვილფეხა საქონლის პერიკარდიუმი. ტექნიკური თვალსაზრისით და დროის მოგების მიზნით ქსენოტრანსპლანტატები ძალზედ მოხერხებულია, მაგრამ აქაც დგება ქსოვილთა შეუთავსებლობის პრობლემა და გართულებების მეტი სიხშირე; გაძნელებულია მათი მოპოვების გზებიც.
4. აუტოტრანსპლანტატებიდან სისხლძარღვების დახურვის მიზნით ფართოდ გამოიყენება აუტოვენური (დიდი საჩინო ვენა, გარეთა საუღლე ვენა და ა.შ.) ტრანსპლანტატები, ხოლო გულმკერდის ღრუში არსებული მსხვილი კალიბრის სისხლძარღვების დაზიანებისას – აუტოპერიკარდიუმი.

ექსპერიმენტული კვლევა
მიზანი
შრომის მიზანს წარმოადგენდა მუცლისა და მენჯის ღრუებში არსებული მსხვილი კალიბრის სისხლძარღვების ტრავმისშემდგომი დიდი ზომის დეფექტების დახურვა, პერიტონეალურ-აპონევროზული აუტოტრანსპლანტატის საშუალებით.
ვინაიდან დიდი საჩინო ვენა და გარეთა საუღლე ვენა არც დიამეტრით და არც კედლის სისქით არ იძლევა მსხვილი კალიბრის სისხლძარღვების დეფექტის დახურვის საშუალებას და მოითხოვს დამატებითი განაკვეთების წარმოებას, ხოლო აუტოპერიკარდიუმის გამოყენება კი ასეთ უკიდურესად მძიმე ავადმყოფებში ყოვლად გაუმართლებელია – დამატებითი მძიმე ოპერაციული ტრავმის გამო, არჩევანი შევაჩერეთ პერიტონეალურ-აპონევროზულ ყლორტზე, რომელიც საკმაოდ მტკიცეა – შეიცავს პერიტონეუმის პარიესულ ფურცელს, განივ ფასციას და სწორი კუნთის უკანა კალთას. გარდა ამისა, შესაძლებელია საკმაოდ დიდი ზომის ყლორტის აღება ისე, რომ მოხდეს მუცლის წინა კედლის სრული პერიტონიზაცია.
მასალა და მეთოდები
ნაშრომის ექსპერიმენტული ნაწილი დაწყებულ იქნა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თსუ კლინიკური საავადმყოფოს ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში. გაკეთდა ოპერაციები 7 ძაღლზე. ენდოტრაქეული ნარკოზის ქვეშ გამოიყოფოდა მუცლის აორტის ინფრარენული ნაწილი და იკვეთებოდა სიგრძეზე (სურ. 1, 2).
შემდეგ მუცლის ღრუს მხრიდან სწორი კუნთის პროექციაზე იღებოდა შესაბამისი ზომის პერიტონეალურ-აპონევროზული ყლორტი (სურ. 3).
რომელიც კერდებოდა დეფექტის არეში 6/0 ატრავმული პოლიპროპილენის ძაფით განუწყვეტელი ნაკერით (სურ. 4).
აორტის სანათურის გამავლობაში დარწმუნების შემდეგ ხდებოდა სწორი კუნთის უკანა კალთის აღდგენა და პარიესული პერიტონეუმით პერიტონიზაცია (სურ. 5, 6).
მუცელი იხურებოდა შრეობრივად. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ნაოპერაციებ ძაღლებს ენიშნებოდათ ანტიბიოტიკები და უკეთდებოდათ ჰეპარინის ინექცია (2500 ერთ) 2-ჯერ დღეში კანქვეშ 5 დღის განმავლობაში.
შვიდივე ნაოპერაციევი ძაღლი იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ 12-25 დღის მანძილზე. გართულება აღინიშნა 3 შემთხვევაში ჭრილობის სუპურაციის სახით. 2 ძაღლს გაუკეთდა აორტოგრაფია (ოპერაციიდან მე-12 და მე-20 დღე); ორივე შემთხვევაში აორტის სანათური იყო გამავალი (სურ. 7).
დაგეგმილი იყო ექსპერიმენტების გაგრძელება მსხვილი კალიბრის ვენებზე, პრეპარატების ჰისტომორფოლოგიური კვლევა, გეგმიური ოპერაციებისთვის წინასწარ სისხლძარღვოვანი აუტოტრანსპლანტატების შექმნა და ა.შ., მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ყოველივე ეს ვერ მოხერხდა.
ჩატარებულმა ექსპერიმენტულმა მუშაობამ თავისი პრაქტიკული შედეგი გამოიღო, რაც გამოყენებულ იქნა კლინიკურ პრაქტიკაში შესაბამისი ექსტრემალური შემთხვევის დროს.

კლინიკური შემთხვევის აღწერა
სადემონსტრაციოდ წარმოვადგენთ შემთხვევას. 2008 წლის 8 აგვისტოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოყვანილ იქნა მუცლის არეში ტყვიით დაჭრილი მეომარი – გ.ნ., 27 წლის. ავადმყოფი იმყოფებოდა კრიტიკულ მდგომარეობაში. რეანიმაციული ღონისძიებების ფონზე სასწრაფოდ დაწყებულ იქნა ოპერაცია. რევიზიით დადგინდა ღვიძლისა და ქვემო ღრუ ვენის დაზიანება. სისხლის დანაკარგი დაახლოვებით 3 ლ. გაიკერა ღვიძლი; სისხლძარღვოვან მომჭერებზე აღებულ იქნა დაზიანებული ვენის პროქსიმალური და დისტალური ბოლოები. აუტოჰემოტრანსფუზიის, თანამოსახელე ჯგუფის სისხლისა და სისხლის შემცვლელი ხსნარების გადასხმებით ჰემოდინამიკური მაჩვენებლები გამოსწორდა. დარჩა ქვემო ღრუ ვენის ინფრარენული ნაწილის წინა და უკანა კედლების დეფექტები.
კიდეების განახლების შემდეგ გვერდითი კედლებიდან შეიქმნა ვენის უკანა კედელი. წინა კედლის დეფექტი შესაბამისად გაფართოვდა (დეფექტის ზომა შეადგენდა დაახლოვებით 1,5x4სმ). მისი დახურვის მიზნით მუცლის შიგნითა ზედაპირიდან სწორი კუნთის გაყოლებაზე აღებულ იქნა შესაბამისი ზომის პერიტონეალურ-აპონევროზული ყლორტი. სწორი კუნთის უკანა კალთისა და პარიესული პერიტონეუმით დაიხურა დონორული უბანი. აღებული ყლორტი ჩაკერდა ქვემო ღრუ ვენის წინა კედლის დეფექტში 5/0 ატრავმული პროლენის ძაფით, განუწყვეტელი ნაკერით. სისხლძარღვთა მომჭერების მოხსნის შემდეგ ქვემო ღრუ ვენის გამავლობა აღსდგა, მაგრამ აღინიშნებოდა მცირეოდენი დეფორმაცია. მუცელი დაიხურა შრეობრივად, მოხდა მუცლის ღრუს დრენირება. საომარ ვითარების გამო, ავადმყოფი რეანიმობილით გადაიგზავნა ევაკუაციის შემდგომ ეტაპზე ქ.თბილისში (სურ. 8, / სურ. 9, 10 / სურ. 11, 12, 13, 14).
ერთი თვის შემდეგ ავადმყოფი მომართა ჰოსპიტალს შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით.
კლინიკურად ვენური უკმარისობის ნიშნები არ შეიმჩნევა, არტერიული სისხლის მიმოქცევა კომპენსირებულია, მოძრაობითი ფუნქცია და მგრძნობელობა სრულფასოვანი.
დოპლეროგრაფიულად ოპერაციიდან პირველი თვის ბოლოს, კლინიკურად ვენური უკმარისობის არ არსებობის მიუხედავად გამოხატული იყო ქვემო ღრუ ვენის, მარცხენა თეძოს ვენის და საფენო-ფემორალური სეგმენტის თრომბოზი, რაც წარმოდგენილია დოპლეროგრამებზე.
ინტენსიური მკურნალობის ფონზე ანტიკოაგულანტებით, დეზაგრეგანტებით, ვენოტონიკებით და ა.შ. ავადმყოფის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, გამოჩნდა დადებითი დინამიკა დოპლეროგრაფიულადაც.
ფლებოგრაფიულად ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ აღინიშნებოდა ქვემო ღრუ ვენის დეფექტის დახურვის მიდამოში სრული თრომბოზი. ვენური სისხლის მიმოქცევის კომპენსაცია ხორციელდებოდა მარცხენა სათესლე ჯირკვლის ვენით, წელისა და დიაფრაგმის ვენებით.
ოპერაციიდან 7 თვის შემდეგ ფლებოგრაფიულად გამოჩნდა ვენის პლასტიკის არეში რეკანალიზაცია, რაც აისახა აგრეთვე ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობაზე.
ამჟამად ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკურად ჩივილები არა აქვს და კვლავ აპირებს სამხედრო სამსახურში დაბრუნებას.

დასკვნები:
1. მსხვილი კალიბრის სისხლძარღვების ტრავმული დაზიანების შემთხვევაში, სპეციალიზებურ კლინიკებში სავსებით შესაძლებელია ლიგირების ნაცვლად გაკეთდეს რომელიმე შესაბამისი ყლორტით დეფექტის დახურვა და სანათურის გამავლობის შენარჩუნება.
2. მუცლისა და მენჯის ღრუს მსხვილი კალიბრის სისხლძარღვების დაზიანებისას შესაძლებელია ხელოვნური პროთეზების და სინთეზური ყლორტების, ქსენო-პერიკარდიუმის და ჩვენს მიერ აპრობირებული პერიტონეალურ-აპონევროზული ყლორტი.
3. პერიტონეალურ-აპონევროზული ყლორტის გამოყენებას მუცლისა და მენჯის მსხვილი კალიბრის სისხლძარღვების დაზიანებისას სინთეზურ და ქსენოტრანსპლანტატებთან შედარებით აქვს რიგი უპირატესობები – მათზე მეტად ბიოშეთავსებადია, მისი აღება არ არის დაკავშირებული ტექნიკურ სიძნელეებთან და დროის დაკარგვასთან, აგრეთვე ეკონომიურად გაცილებით მომგებიანია.

ლიტერატურა

ნანახია: 4894 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 10

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269688


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.