ავტორი: ს.ჭედია, მ.ქუთათელაძე, ნ.კბილაშვილი, ა.ხაჭაპურიძე
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, რადიოლოგიის დეპარტამენტი
შესავალი
„მენჯის თითი“ (ე.წ. „მეთერთმეტე თითი“) ან „მენჯის ნეკნი“ იშვიათი თანდაყოლილი ანომალიაა, რომელიც პირველად აღწერეს Sullivan და Cornwell-მა 1974 წელს (1), ხოლო დღეისათვის მსოფლიო ლიტერატურაში აღწერილია 40-მდე შემთხვევა. უხშირესად ეს ანომალია თავს იჩენს მენჯის ძვლებში (2,3). აღწერილია მუცლის წინა კედელში ლოკალიზაციის შემთხვევაც (4). „მეთერთმეტე თითის“ ტიპური რადიოგრაფიული სურათია – ნეკნის ან თითის მაგვარი ძვლოვანი სტრუქტურა კორტიკალური და მედულური შრით და ერთი ან რამდენიმე ფსევდოშესახსრებით.
შემთხვევის აღწერა
71 წლის მამაკაცს მარცხენა ფილტვის ცენტრალური კიბოს დიაგნოზით, ჩაუტარდა გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია. გარდა ძირითადი დაავადებისა, მარჯვენა ბეჭის ძვლის ფრთის შიგნითა ზედაპირთან, კუნთოვანი ქსოვილის სისქეში გამოვლინდა ირიბად მიმართული 7სმ-მდე სიგრძის ძვლოვანი სტრუქტურა, რომელიც დაკავშირებული იყო ბეჭის ძვლის კუთხესთან ფსევდოშესახსრებით და ტოვებდა თითის ორი ფალანგის შთაბეჭდილებას.
ანამნეზი
დეტალურად შეკრებილმა ანამნეზმა გამოავლინა, რომ პაციენტს ბავშვობიდან გარკვეულ პოზიციებში აღენიშნებოდა ყრუ ხასიათის ტკივილი.
დამატებითი ნეკნის ან „მეთერთმეტე თითის“ ანალოგიური ლოკალიზაციის შემთხვევა ლიტერატურაში ვერ მოვიძიეთ. აღნიშნული ანომალია მოკლებულია კლინიკურ მნიშვნელობას, თუმცა მისი არსებობის ცოდნა უდაოდ საინტერესოა რადიოლოგებისათვის.