თანამშრომლობა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

სიახლეები

მიმოხილვა

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

NOTA BENE

გაიდლაინი

დისკუსია

სამედიცინო ბიულეტენი

ჩვენი თანამედროვე

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [5.00]

ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

უეცარი კარდიული სიკვდილი [5.00]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [4.00]

სანგრისეული ტერფი [0.00]


ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [48567]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [10480]

გულის დიასტოლური უკმარისობა: ეპიდემიოლოგია, ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [9189]

მასტოპათია და კიბო [7691]

მშობიარობის შემდგომი კონტრაცეპცია და ძუძუთი კვება [6249]


თემების რაოდენობა: 21
კომენტარები: 1

მასტოპათია და კიბო

ავტორი: ი. ნადირაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი




მასტოპათიის, როგორც პათოლოგიური პროცესის, მრავალი ასპექტი, კერძოდ, ეტიოპათოგენეზისა და მკურნალობის საკითხები გარკვეულწილად ღიად რჩება და დღეისათვის საკამათოცაა. ნაწილი ავტორებისა მიიჩნევს მასტოპათიას ე.წ. “ობლიგატურ ავადმყოფობად” (რის ნიადაგზეც 100%-ში ვითარდება კიბო), ნაწილი კი საერთოდ არ თვლის მას არამცთუ ჭეშმარიტ კიბოსწინა ავადმყოფობად, არამედ საერთოდ ავადმყოფობად და, უფრო მეტიც, პათოლოგიურ მდგომარეობადაც კი.
მასტოპათიისადმი ინტერესის ქვაკუთხედს წარმოადგენს მისი დამოკიდებულება ძუძუს კიბოსთან და ისეთ პირველხარისხოვან კითხვებზე პასუხის გაცემა, როგორიცაა: 1. უნდა ჩავთვალოთ თუ არა მასტოპათია კიბოსწინა პათოლოგიად?; 2. ნაჩვენებია თუ არა ოპერაციული ჩარევა მასტოპათიის ლოკალიზებული და კვანძოვანი ფორმების დროს?; 3. რომელი სპეციალისტის პრეროგატივაა ამ პაციენტების მეურვეობა (გამოკვლევა და მკურნალობა)?
ძუძუს კიბოს ეტიოლოგია, როგორც სხვა ლოკალიზაციების და მორფოგენეზის ავთვისებიანი სიმსივნეებისა, დღეისათვის რჩება უცნობი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემაზე მეორე საუკუნეა მუშაობს მსოფლიოს ათეულობით წამყვანი ონკოლოგიური დაწესებულების მეცნიერი და კლინიცისტი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკვე ეჭვგარეშეა ძუძუს კიბოს განვითარებაში რიგი ეგზო- და ენდოგენური რისკ-ფაქტორების მნიშვნელოვანი როლი, როგორიცაა დამძიმებული მემკვიდრეობა, დაბალი შობადობა, მზის რადიაცია და სხვ. ამ ტრიგერთა შორის ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის ჰორმონული ბალანსის დარღვევებს, რადგან ამ უკანასკნელთ ადგილი აქვთ ძუძუს კიბოს შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში და წარმოადგენენ პირველ რიგში გენიტალური სფეროს ქრონიკულ (ანთებად, სიმსივნურ და სხვ.) პათოლოგიათა შედეგს.
მასტოპათია არ წარმოადგენს, როგორც ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, ჭეშმარიტ კიბოსწინა პროცესს – ობლიგატურ ავადმყოფობას, ისევე, როგორც არ წარმოადგენს ე.წ. „ფონურ პროცესსაც“ კი, რამეთუ, ჯერ ერთი, დღეისათვის არ არსებობს მისი უცილობელი გაავთვისებიანების პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულებები; მეორე, ასევე არ არსებობს ისეთივე კლინიკურ-ლაბორატორიული ურთიერთდამოკიდებულება მასტოპათიასა და ძუძუს კიბოს შორის, როგორიც, მაგალითად, აკავშირებს დამწვრობის შემდგომ ნაწიბურსა და მის ადგილზე განვითარებულ კანის ბრტყელუჯრედოვან კიბოს (ე.წ. „მარჟოლინის კიბო“); ამ უკანასკნელისათვის, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ავთვისებიანობით, პირველი – მართლაც „ფონური პათოლოგიაა“. თუმცა, ზოგადად, სიმსივნური გადაგვარების რისკი შედარებით მაღალია მასტოპათიის ლოკალიზებული პროლიფერაციული ფორმების დროს, ფიბროადენომების შემთხვევებში კი – მალიგნიზაცია ვითარდება, 5%-ში.
ჩვენი აზრით, ეს საკითხი უნდა იყოს განხილული სხვაგვარად: ძუძუს კიბოსა და მასტოპათიას, პრინციპში, აქვთ იდენტური „დისჰორმონული ფესვები“, რომლებსაც პირველ შემთხვევაში დამძიმებული მემკვიდრეობისა და სხვა ე.წ. „კანცეროტროპული“ ფაქტორების არსებობისას მივყავართ კიბომდე, მეორეში კი – მასტოპათიამდე. აქედან გამომდინარე, მასტოპათიის დროული გამოვლენა და პათოგენეზურად დასაბუთებული მკურნალობა – ეს ის რეალური გზაა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.
ჩვენი აზრით, მასტოპათიის წარმატებული მკურნალობის უცილობელი წინაპირობაა – იმთავითვე მასთან მიდგომა, როგორც მეორად დისპლაზიურ პროცესთან, რომელიც განვითარდა ძუძუში ორგანიზმის ჰორმონული ბალანსის ამა თუ იმ პათოლოგიით გამოწვეული დარღვევების შედეგად. აქედან გამომდინარე, მასტოპათია პირველ რიგში ენდოკრინოლოგიური პრობლემაა, და თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ამ ჰორმონული დარღვევების უმეტესი ნაწილის ეტიოლოგიური ფაქტორი გენიტალიების სხვადასხვა პათოლოგიაა – გინეკოლოგიურიც და რეპროდუქტოლოგიურიც. პაციენტის გამოკვლევისა და მკურნალობის პროცესში შეიძლება გახდეს აუცილებელი ჰეპატოლოგის ჩართვაც, ე.წ. „ონკოლოგიური სიფხიზლისათვის“ კი – შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციაც, მაგრამ პრობლემა მაინც პირველ რიგში ენდოკრინოლოგიურია, მითუმეტეს, რომ ძალზე ხშირად მასტოპათიის პირველმიზეზი – ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაა („ველიამინოვის ავადმყოფობა“), რომელიც ისევ და ისევ ენდოკრინოლოგის პრეროგატივაა.
დაბოლოს – ტერმინოლოგიის შესახებ, რომელიც იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც პაციენტთან მიმართებაში მჭიდროდაა დაკავშირებული ორგანიზაციულ საკითხებთან. საზოგადოებაში ტერმინი „მამოლოგი“ (ე.წ. „ძუძუს სპეციალისტი“) ასოცირდება სპეციალისტ-ონკოლოგთან. მართებულია თუ არა ამგვარი მიდგომა გამომდინარე პაციენტის ინტერესებიდან?
კი, მართალია, ბოლო წლებში ძუძუს კიბოთი ავადობამ საგრძნობლად იმატა, მაგრამ კიბოს გარდა ძუძუში რამდენიმე ათეული ავადმყოფობა გვხვდება, მათ შორის, ისევ და ისევ მასტოპათია (რომელიც სიხშირით პირველ ადგილზეა), ჩირქოვანი მასტიტის, ნეკნიდან ნაღვენთი აბსცესი, ტუბერკულოზი, ათაშანგი, აქტინომიკოზი, წითელი ქარი, ლეიშმანიოზი, „მონდორის ავადმყოფობა“ და სხვ. უმეტესი ამ პათოლოგიებიდან გვხვდება ძალზე იშვიათად, რამდენიმე კი შეიძლება კაზუისტიკადაც ჩაითვალოს, მაგრამ ისმის კითხვა: ვინ „უპატრონოს“ ამ პაციენტებს – შესაბამისად ენდოკრინოლოგმა (მეან-გინეკოლოგთან და რეპროდუქტოლოგთან ერთად), ზოგადმა ქირურგმა, ფტიზიატრმა, ვენეროლოგმა, დერმატოლოგმა, სეფსოლოგმა, პარაზიტოლოგმა, ანგიოლოგმა თუ ყველას ერთად – ე.წ. „მამოლოგმა“, რომელიც დღეს, როგორც წესი, ონკოლოგია?
მეორეს მხრივ, თუ ე.წ. „მამოლოგს“ დღეისათვის ევალება ძუძუს ნებისმიერი პათოლოგიის მკურნალობა, სად არიან სხვა „სეკრეციის ჯირკვლების სპეციალისტები“: „თირეოიდოლოგი“, „პანკრეატოლოგი“, „ჰიპოფიზოლოგი“, „პროსტატოლოგი“, „თიმუსოლოგი“ და სხვ., რომლებსაც დაევალებოდათ ანალოგიური (შესაბამისი ორგანოების მიმართ) ფართო ფუნქციების შესრულება?!
ჩვენი აზრით, ეს თითქოსდა არც ისე იოლად გადასაწყვეტი საკითხები ნაწილობრივ შეიძლება გამარტივდეს: დაერქვას პასუხისმგებელ პირს ის სახელი, რომელიც შეესაბამება მის ძირითად სპეციალობას, ანუ, როგორც მაგალითი, სპეციალისტს, დაკავებულს ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნეებით – „ონკოლოგ-მამოლოგი“ და ა.შ.
რაც შეეხება ოპერაციული მკურნალობის ჩვენებებს მასტოპათიის ლოკალიზებული და კვანძოვანი ფორმების დროს:
1. ოპერაცია უნდა გაკეთდეს იმ მცდარი წინაპირობის გამო კი არა, რომ მასტოპათია კიბოსთან მიმართებაში – ე.წ. „ობლიგატური ავადმყოფობაა“ და ის აუცილებლად გადაგვარდება ავთვისებიან სიმსივნეში, არამედ იმის გამო, რომ მისი მალიგნიზაცია შემდგომში არ არის გამორიცხული;
2. ოპერაცია უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ მოცემული პათოლოგიური პროცესის ჰისტოლოგიური შესწავლის გარეშე მიკროსკოპული უბნების მალიგნიზაციის ამჟამად არსებობის აბსოლუტურად გამორიცხვა შეუძლებელია;
3. ოპერაცია უნდა გაკეთდეს, აგრეთვე, იმიტომ, რომ კიბოს გამო წარმოებული რადიკალური ქირურგიული ჩარევისა და ადიუვანტური ქიმიოთერაპიის ურთიერთობის მსგავსად (თუმცა შედარება შეიძლება ნაკლებად კორექტულია), სადაც პირველი მნიშვნელოვნად „უადვილებს“ მეორეს თავისი ფუნქციის შესრულებას, მასტოპათიის ლოკალიზებული ფორმებისა და, პირველ რიგში, ფიბროადენომების რადიკალური ამოკვეთა ხელს უნდა უწყობდეს ოპერაციისშემდგომი მიზანმიმართული პათოგენეზური კონსერვატიული მკურნალობის შედეგიანობას. ეს ვარაუდი ირიბად მყარდება იმით, რომ დღეისათვის ვერცერთი კლინიცისტი და მკვლევარი ვერ ამტკიცებს აღნიშნული ლოკალიზებული ფორმებისა და ფიბროადენომების აბსოლუტურ ინდიფერენტულობას ძუძუს დანარჩენ ქსოვილში მიმდინარე დისჰორმონულ პროცესებთან მიმართებაში.
რაც შეეხება პაციენტის „სწორ გზაზე დაყენებას“, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოკვლევისა და მკურნალობის ადეკვატური სქემის შემუშავებასა და ამ პროცესში საჭირო სპეციალისტების ჩართვას – ეს ცალკე საუბრის თემაა, რომლის შედეგების რეალიზაცია ითხოვს გარკვეულ ძალისხმევას შესაბამისი ორგანიზაციული ღონისძიებების დაკანონების თვალსაზრისით…

ლიტერატურა

ნანახია: 7690 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.