გლობალური კატასტროფები

სიახლეები

ყოფნა არყოფნის ზღვარზე

NOTA BENE

ადამიანი და გარემო

სადიაგნოსტიკო მეთოდები

მიმოხილვა

თარგმანი

ახალი მეთოდები

კლინიკური კვლევა

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების პლასტიკა პირამიდული საცობის გამოყენებით [5.00]

რობოტები და ქირურგია – სამეცნიერო ფანტასტიკა და რეალობა [5.00]

აპოკალიფსის 25 წელი [0.00]

სიამის ტყუპები [0.00]

კოტარდის სინდრომი [0.00]


ჭიპის და პარაუმბილიკალური თიაქრების პლასტიკა პირამიდული საცობის გამოყენებით [8344]

ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკის ჰისტოპათოლოგიური მეთოდები [8305]

სიამის ტყუპები [7700]

22 წელი ჩერნობილის კატასტროფიდან… [5510]

კოტარდის სინდრომი [5498]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 0

აპოკალიფსის 25 წელი

ავტორი: გ. კამკამიძე, მ. ბუწაშვილი


მამაკაცი
* * *
კოლეგები უეჭველად დამცინებენ, რომ გაიგონ, შენ გესაუბრები, ჩემო ყურშა. დიქტაფონისთვის სახელის დარქმევაც ალბათ არავის მოსვლია აქამდე თავში. მაგრამ შენი პატარა დინამიკები ისე ძლიერ ჰგავს დინგოს, ბავშვობაში რომ მყავდა იმ ძაღლის, ყურებს, რომ არ შემიძლია, ასე არ მოგმართო. უსულო საგნების განსულიერება და სახელების დარქმევა ჩვევაში მაქვს. მაგალითად, ტანსაცმლების საკიდს, კაბინეტის კუთხეში რომ აყუდებულა, დონკიხოტას ვეძახი. ავადმყოფობის ისტორიებს რომ ვინახავ, იმ კარადას კახაბერი ჰქვია, ისე ჰგავს ჩემს შკაფივით ძმაკაცს. ფონენდოსკოპს კი ასინეთას სახელი სამუდამოდ შერჩა.
ახლა საქმეზე:
დღეს 1980 წლის 13 ნოემბერია. შემოვიდა ერთი ახალი პაციენტი ა.კ., 27 წლის მამაკაცი. მძიმედ მიმდინარე ფილტვების ანთებით.. უკვე ორი კვირაა სახლში ანტიბიოტიკებით უტარებენ მკურნალობას, მაგრამ მდგომარეობა უფრო დაუმძიმდა და ჩვენთან ამიტომაც მოიყვანეს. რენტგენზე არაფერი ჩანს, ასინეთასაც არაფერი ესმის. ძალიან უცნაური შემთხვევაა. ხვალ ლაბორატორიული ანალიზების პასუხები მექნება და იქნებ რაიმე რეალურზე მივიტანო ეჭვი. ასეთ სიტუაციებში თავი ყავაზე მკითხავი მგონია.
* * *
1981 წლის 15 იანვარი. პაციენტი ა.კ. ისევ დამძიმდა. ძირითადი დიაგნოზი ისევ გაურკვეველია, არადა პაციენტი თვალსა და ხელს შუა მეცლება. თითქოს ყველა დაავადებამ ერთად მოიცალა მისთვის. არასოდეს მინახავს, რომ ერთ ადამიანს, მითუმეტეს ასეთ ახალგარზდას, ამდენი ინფექცია ერთად ჰქონოდეს. თანაც როგორი ინფექციები! ჩვენი ლაბორანტები გაოგნებული არიან – ითესება და ითესება უუცნაურესი მიკრობები, ზოგიერთი აქამდე საერთოდ რომ არ უნახავთ, ისეთები. ძალიან აგრესიულ მკურნალობას ვიყენებ, მაგრამ მხოლოდ იმას ვაღწევ, რომ ერთ ბაქტერიას დროებით ვუგრეხ კისერს, მაგრამ ამის სანაცვლოდ მეორე წამოყოფს თავს და გაშმაგებული მებრძვის. ავადმყოფი კი დნება, თითქოს შიგნიდან იხრწნება. სამინისტროდან რამდენჯერმე გამოვიძახე ხალხი, მაგრამ ისინი მხრების ჩეჩვისა და ჰალსტუხების სწორების მეტს ვერაფერს ახერხებენ.
* * *
1981 წლის 25 თებერვალი. დღეს ნამდვილ კოშმარში ვარ. ვერაფერს ვუხერხებ პაციენტ ა.კ.-ს. ყველა წამალი მოვსინჯე. ინტენსიური მკურნალობა თითქოს წყალია მისთვის...
მე ბოლომდე ვიბრძოლე მისი სიცოცხლისათვის. პერიოდულად პლევრიდან სითხესაც ვუღებდი, რომ ცოტათი მაინც შემემსუბუქებინა მისთვის სუნთქვა, რომლის დროსაც ერთხელ კარგა ღრმად გავირჭვე მარცხენა ხელში საპუნქციო ნემსი, თუმცა ეს აქ რა მოსატანია.
ბრძოლა მაინც ჩემი დამარცხებით დამთავრდა. დღის ბოლოს პაციენტი გარდაიცვალა. მე პალატის წინ, არაქათგამოცლილი და დათრგუნული კიბეზე ვიჯექი, სახე პაციენტის სისხლით მქონდა მოთხვრილი, თვალებზე ცრემლი მქონდა მომდგარი და სიბრაზისგან ყელი მქონდა გადაკეტილი. თავი არ მქონდა, ავმდგარიყავი და თავი მომეწესრიგებინა.
თებერვლისათვის უჩვეულოდ თბილი დღე იყო. მე კი ვნანობდი ჩემს ექიმობას და ბუღალტრობაზე ვოცნებობდი.
* * *
1982 წლის 1 სექტემბერი. ამერიკიდან ჩვენამდეც მოაღწია ინფორმაციამ ჰომოსექსუალ მამაკაცთა “შავი ჭირის” შესახებ. სან-ფრანცისკოში ამ დაავადებისათვის ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებული იმუნოდეფიციტი შეურქმევიათ თურმე.
საიდან გაჩნდა ეს დაავადება, არავინ იცის. ახალგაზრდა მამაკაცები უეცრად სიმსივნით ან უკურნებელი ფილტვების ანთებით ავადდებიან და სწრაფადვე იღუპებიან. თანაც ეს საშინელი სენი ეპიდემიასავით ვრცელდება!!
გამახსენდა ჩემი პაციენტი ა.კ. ნუთუ იმასაც ჰომოსექსუალთა იმუნოდეფიციტი ჰქონდა? სან-ფრანცისკოს შემთხვევების აღწერის მიხედვით ასე უნდა ყოფილიყო. თუმცა, ჩემი პაციენტი საერთოდ არ ჰგავდა “ცისფერს”, მეუღლე და ორი შვილიც ჰყავდა... თუმცა ვინ იცის?
* * *
1983 წლის 14 იანვარი. ჰომოსექსუალთა იმუნოდეფიციტი სულაც არ აღმოჩნდა ჰომოსექსუალთა. შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი, ასე ჰქვია ოფიციალურად უკვე ახლა ამ დაავადებას, მოკლედ – შიდსი. ის ყველას შეიძლება დაემართოს. გადადის სისხლით, სქესობრივი გზით, დედიდან ბავშვზე. და არავინ იცის, კიდევ როგორ. განსაკუთრებით საცოდავ დღეში ჰემოფილიით დაავადებულები აღმოჩნდნენ, მათ ხომ უამრავი გადასხმა უტარდებოდათ სისხლდენების შესაჩერებლად. მათგან ალბათ უმრავლესობას ეს ახალი სენიც ექნებათ აკიდებული.
არავის წარმოდგენაც კი არა აქვს, რა იწვევს ამ საშინელ დაავადებას.
სამედიცინო წრეებში პანიკაა. მსოფლიო კატასტროფის წინაშე დგას.
საოცარია. ცხოვრობ შენთვის, შეგუებული ყველა იმ უბედურებას, რაც გარს გვაკრია. და მოულოდნელად ჩნდება სრულიად ახალი რამ, რომელსაც ძალუძს შავი ჭირივით გავრცელდეს მთელს დედამიწაზე და მთელი კაცობრიობა აღგავოს პირისაგან მიწისა.
* * *
1984 წლის 23 მაისი. ექიმებმა ცოტათი ამოვისუნთქეთ. შიდსის გამომწვევი მიკროორგანიზმი აღმოაჩინეს. ვირუსი ყოფილა... ადამიანის იმუნოდეფიტის ვირუსი... ახლა ვიცით მაინც, რასთან გვაქვს საქმე.
ფრანგმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ერთმანეთი კინაღამ დახოცეს იმის გარკვევაში, თუ ვის ეკუთვნოდა პირველობა ამ აღმოჩენაში. ძალიან სწრაფად კი მოახერხეს ამის გაკეთება! კარგ ქვეყნებში სამედიცინო მეცნიერებას სოლიდური ძალა აქვს ნამდვილად.
ახლა უკვე შეიძლება წამლისა და ვაქცინის შექმნაზე ფიქრი. იმედია, ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება.
* * *
1985 წლის 15 ოქტომბერი. ლაბორატორიის მაცივარში ავადმყოფი ა.კ.-ს სისხლის შრატი ინახება. დღეს საზღვარგარეთიდან ჩამომივიდა რეაქტივები ვირუსის დასადგენად. ხვალ უკვე მეცოდინება პასუხი, ჰქონდა თუ არა მასაც შიდსი. სამეცნიერო ინტერესი ამაღამ არ დამაძინებს.
შევცქერი პაწაწინა სინჯარაში გაყინულ მოყვითალო სითხეს და ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები მიპყრობს. მაინც რა პასუხს მივიღებ?
მსოფლიოში კი საოცარი ამბები ხდება. ბევრი თვლის, რომ ეს ბუნების საპასუხო ბრძოლაა ადამიანთა საზოგადოების წინააღმდეგ გარემოსადმი კაცთა უგუნური მოქცევის საპასუხოდ.
“ჩვენ ყველანი ამოვწყდებით! ეს ღვთის რისხვაა! ადამიანები საპასუხო სასჯელს იღებენ მრუშობის, მამათმავლობისა და ნარკომანიისათვის“, ასეთი სათაურებითაა აჭრელებული დასავლური პრესა. თითქმის ყველა ქვეყანაში დაიწყო შიდსიანების დევნა და შევიწროება.
საბჭოური საინფორმაციო საშუალებები ამის საპასუხოდ გვარწმუნებენ, რომ ჩვენთან, სადაც სექსი ტრადიციულად არა გვაქვს, ცისფრებიც არავის უნახია თვალით და როგორ გეკადრებათ, არც ნარკომანები გვყავს, შიდსის ეპიდემიის გავრცელება წარმოუდგენელია.
მაინც სადამდე მიდის ადამიანთა უგუნურება!
ხსნა ჯერ-ჯერობით არსაიდან ჩანს. საბედისწერო ვირუსი ადამიანთა იმუნურ სისტემას ანადგურებს, ანადგურებს იმას, რაც სხეულს იცავს აგრესიული გარემოსაგან, იცავს ინფექციებისაგან, იცავს სიმსივნეებისაგან. იმუნიტეტის გარეშე ადამიანი ვერ უმკლავდება გარემოს სულ მცირე დარტყმასაც კი და ბაკანმოცილებული კუსავით დაუცველი და სუსტი, ვერაფერს ხდება ბუნების გამხრწნელ ძალებთან.
ქალი
* * *
სასაფლაოსკენ მიმავალი გზა შენზე ფიქრისთვის საუკეთესო ადგილი ნამდვილად არ არის, ჩემო პატარა სიხარულო, მაგრამ ამ ბოლო დროს წამიც არ არის ისეთი, შენზე რომ არ ვფიქრობდე.. ღმერთო, ჯანმრთელი გამიჩინე ეს პატარა არსება, გეხვეწები.
ცრუმორწმუნე ხალხი მეუბნება, ორსულის სასაფლაოზე სიარული არ შეიძლებაო. შენც შეამჩნიე ალბათ, ისე ხშირად ვეღარ მოვდივარ.. არა, ცრუმორწმუნეებს კი არ ვუჯერებ, ამ აღმართზე უკვე მიჭირს ამოსვლა.. მაგრამ დღეს რომ არ მოვსულიყავი, არ შემეძლო.. იმდენი მაქვს სათქმელი.. დღეს ექიმთან ვიყავი, როგორც იქნა მივაღწიე, დიდხანს ვითრევდი ფეხს, მაგრამ ბოლოსდაბოლოს მივედი. ხომ გახსოვს, მაშინ რომ მითხრეს, თუ გინდა ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს, რაღაც წამლები უნდა დალიოო.. არადა, რომ იცოდე, როგორ მეზიზღება იქაურობა.. ყოველ მისვლაზე იგივე შეგრძნება მიჩნდება, როგორიც იმ ავადსახსენებელ დღეს მქონდა, შენი დიაგნოზი რომ გავიგეთ პირველად.. გახსოვს, ექიმი როგორ ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ძალიან შეწუხებული იყო და ესმოდა ჩვენი.. კარგი რა! რაც არ უნდა ეცადოთ, მაგას მაინც ვერ გაიგებთ, ქალბატონო ექიმო, ჩვენს გულში რა ხდებოდა მაშინ.. “არ ინერვიულოთ, შიდსი აღარ არის მომაკვდინებელი დაავადება, ამ ვირუსით უსასრულოდ დიდხანს ცხოვრობენ, მთავარია მეთვალყურეობა და საჭიროების დროს მკურნალობა. ახლა ჩვენ გაგიკეთებთ ანალიზებს, რითაც გავიგებთ, თქვენი იმუნიტეტი როგორ მდგომარეობაშია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება”, და რა ვიცი, ათასი რამე გვითხრა, მაგრამ ბოლომდე აღარ მომისმენია, ისეთი გაბრუებული, უფრო სწორად გაოგნებული ვიყავი. შენი შეძრწუნებული თვალები არასოდეს დამავიწყდება. აშკარად ვხედავდი, რა ეწერა მაგ თვალებში. ერთი კითხვა გიტრიალებდა თავში, მეც მქონდა თუ არა ეგ საშინელი ვირუსი. ამასობაში ექიმის სიტყვებიც ჩამესმა: „თქვენი პასუხი ხვალ იქნება, თქვენს მეუღლეს კი სერიოზული მკურნალობა სჭირდება. ხვალ კლინიკაში უნდა დაწვეს. დიახ, აუცილებელია“.
ეს ხვალ კი ისე გვიან მოვიდა, მეგონა მთელი თვე გავიდა. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ვგრძნობდი, არც შენ გეძინა, მაგრამ სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. შენ ისევ არ გასვენებდა ხველა. ღამე მაღალი სიცხე გქონდა. ნეტავი იმ ექიმს, ფილტვების ანთებაზე რომ გიტარებდა მკურნალობას, საიდან მოუვიდა თავში შენი შიდსზე გამოკვლევა? მაშინ სასაცილოდაც არ გვეყო. თურმე რა მართალი ყოფილა ის კაცი.
მეორე დღეს ის ქალი უფრო შეცბუნებული ჩანდა, სახეზე რომ შევხედე, მივხვდი, არ იყო კარგად ჩვენი საქმე. ისე მეშინოდა, გული ამოვარდნაზე მქონდა. ვერც მე გადავრჩი. ასეც ვიცოდი. “დიახ, სამწუხაროდ ვირუსი თქვენც აღმოგაჩნდათ”.
თუმცა ჩემზე ფიქრის დრო სადღა იყო, თვალდახელშუა მეცლებოდი ხელიდან. ღმერთო, რა საშინელი დღეები იყო. შენი გატანჯული, ფერმკრთალი სახე თვალიდან არ მშორდება.
ხო მართლა, დღეს რის სათქმელადაც მოვედი, სულ დამავიწყდა. იმას გეუბნებოდი, დღეს ვიყავი-მეთქი იმ დაწყევლილ ცენტრში. ჩემი ანალიზების პასუხები იყო უკვე. აი ის ანალიზი რომ არის, ვირუსს რომ ითვლიან, და კიდევ იმუნიტეტის უჯრედებს რომ ითვლიან, რამდენი გაქვს. საკმაოდ ცუდად მაქვს საქმე. ბავშვზე ვირუსის გადაცემის რისკი მაღალი ყოფილა ეგეთ სიტუაციაში.
გახსოვს, პირველად რომ გითხარი, ორსულად ვარ მეთქი. თუ შეიძლებოდა ადამიანს სიხარული და სასოწარკვეთილება ერთდროულად ეგრძნო, აქამდე არ ვიცოდი. რა იყო ის, ბედის დაცინვა თუ პირიქით, საჩუქარი, მაშინ არ ვიცოდი. რა დამავიწყებს შენს თვალებს, როცა მეხვეწებოდი “ბავშვი დაიტოვე. თუ გიყვარვარ, არ მოკლა, თავს მოუარე, ეცადე, ჯანმრთელი გაჩნდეს. მაგისთვის უნდა იცოცხლო და კარგად იყო, იცოდე...”
წავედი ახლა, უკვე ბინდდება და უნდა წავიდე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, სასაფლაოზე ასეთ დროს მარტო თუ ვიქნებოდი და გული არ გამისკდებოდა შიშით. ეტყობა, შენ რომ აქ ხარ, არ მეშინია. ისე ხშირად ვეღარ მოვალ ამის შემდეგ, ნუ გეწყინება. სულ შენზე და ბავშვზე ვფიქრობ.
ბავშვი
* * *
ჩემო დედიკო,
ამ ყველაფერს ვერ გეუბნები, ცოტა მრცხვენია, ამიტომ ბლოკნოტში ვწერ. ძალიან მომწონს ეს ბლოკნოტი. ასე არცერთი ბლოკნოტი არ მომწონებია. შეიძლება იმიტომ, რომ ლაშა ბიძიამ მაჩუქა და თანაც საფრანგეთიდან ჩამომიტანა. ყდაზე მუქი ლურჯი ცა და კაშკაშა ვარსკვლავები ახატია. ქვემოთ და გვერდზე პატარა უფლისწულია, ყვითელი თმები აქვს და წითელი შარფი უკეთია. ზუსტად ისეთივეა, “პატარა უფლისწულის” წიგნშიც რომ არის დახატული. ხის კალმისტარიც მოყვება და ისეთივე ვარსკვლებიანი ცა ახატია, როგორიც ბლოკნოტზეა.
ლაშა ბიძიამ მითხრა, ვინმე, ვინც შენ გიყვარს, ამოირჩიე, და ამ ბლოკნოტში იმას მისწერე ხოლმე შენი აზრებიო. მე შენ ამოგირჩიე, ჩემო დედიკო, მაგრამ მაინც გთხოვ, ამ ბლოკნოტში რასაც ჩავწერ, არ წაიკითხო. შემთხვევით რომ არ ჩაგივარდეს ხელში, ჩემს ბოქლომიან რკინის ყუთში დავმალავ ხოლმე, იქ სხვა რაღაც-რაღაცეებიცა მაქვს შენგან დამალული.
ახლა საწოლში ვწევარ, ფეხი შეხვეული მაქვს და ამიტომაც ვწერ.
* * *
გუშინ წავიქეცი. ეზოში ფეხბურთს რომ ვთამაშობდი, მაშინ... თუმცა შენ ეს უკვე იცი.
იქითა ეზოელების კარში რომ ვარტყამდი, იოჟიკა მიშკა ფეხებში ჩამივარდა და მეც, გაქანებულმა, თავი ვეღარ შევიკავე და ასფალტი კარგა სიგრძეზე “ვხეხე”. მუხლი ბეტონის რაღაც შემაღლებას მივანარცხე. ცივმა ოფლმა დამასხა – რაღა მუხლი! რაღა მუხლი-მეთქი! შიშით დავხედე ძველი ნაწიბურებით დაფარულ, ასფალტზე ხახუნისაგან გათეთრებულ ჩემს ფეხებს და ცოტათი გამიხარდა, სისხლი რომ არსაიდან მოთქრიალებდა. მაგრად გადავრჩი ამჯერად, იმიტომ, რომ ასფალტზე ჩემი დაცემა ადრე ყოველთვის გახლეჩილი ჭრილობით, შენი გულშეღონებით და საავადმყოფოში ჩემი გაქანებით მთავრდებოდა. მერე ამას მოყვებოდა ნაკერები, გადასხმები და ძაფების ახსნამდე გაბინტული ფეხით ლოგინში წოლა და ისევ რამდენჯერმე ეს საძაგელი ვენაში გადასხმები!
ერთი-ორი წლის წინ ასეთი წაქცევის შემდეგ ალბათ ტირილს მოვრთავდი, მაგრამ ახლა რატომღაც აღარ მინდოდა სოსკის ბავშვივით აბღავლება და შენთან გამოქცევა. არც ვაი-ვიშის ფონზე დაბეჟილ ადგილზე ცივების დება მინდოდა.
მართალია მუხლი შიგნიდან ძალიან მტკიოდა, ფეხბურთის თამაში მაინც გავაგრძელე და გამწარებულ გულზე ისე მაგრად ვითამაშე, რომ სამი ბურთი კიდევ გავიტანე და იქითა ეზოელებს ათით ხუთი მოვუგეთ.
სახლში რომ ამოვედი, საშინელი სიცხის მიუხედავად, გრძელი შარვალი ჩამოვიცვი, რომ შენ დალურჯებული მუხლი არ შეგემჩნია და რია-რია არ აგეტეხა.
მე შიშით იმ დღეს შარვალი აღარც ამიწევია დაშავებული მუხლის სანახავად. დასაძინებლადაც ისე დავწექი, ჩემს საწოლთან სინათლე არ ამინთია, ჩემი ფეხისთვის რომ არ შემეხედა.
ღამე სულ ვარსკვლავებიანი ცა მესიზმრებოდა. ცა კი არა ცაები ანუ ბევრი ცა ერთად. ვარსკვლავები ბრდღვიალებდნენ და სიცხეს მაფრქვევდნენ. ძალიან ცხელი ოფლი თვალებში ჩამომდიოდა. და უეცრად თითქოს დავცარიელდი. ძალიან შემეშინდა. ყველაფრის შემეშინდა უცებ: იმისი, რომ შენ დაბერდებოდი და მოკვდებოდი.. იმისიც, რომ მეც როდესღაც დავბერდებოდი და მოვკვდებოდი.. ეს ვარსკვლავები კი ისევ ისე დარჩებოდნენ ცაზე, მე კი მათ ვეღარასოდეს დავინახავდი, ვერაფერს ვეღარ დავინახავდი, ვერც შენ, ჩემო დედიკო.. რა უნდა ყოფილიყო ამ ქვეყნად ამაზე უფრო საშინელი და ამაზე უფრო მთავარი !
ალბათ ხმამაღლა ვსლუკუნებდი, იმიტომ რომ შენ გაიგე, შემოხვედი, ჩემს საწოლთან ჩამოჯექი და თავზე მოფერება დამიწყე. მე უკვე მეღვიძა და მაინც ვერ ვჩერდებოდი, ვსლუკუნებდი და ვიმეორებდი ”დედიკო, მეც ხომ მოვკვდები ოდესმე.. როდის მოვკვდები? ხომ ძალიან-ძალიან ბევრი ხნის შემდეგ, ხომ? შენ ხომ არასოდეს მოკვდები?..”
შენ გულში ჩამიკარი, ამ სიმძიმე ხელში ამიყვანე და გაღებულ ფანჯარასთან მიმიყვანე. ფანჯრიდანაც ვარსკვლავებიანი ცა ჩანდა, ბევრი-ბევრი კაშკაშა ვარსკვლავი იყო ღამის მოწმენდილ ცაზე. მაგრამ შენთან ჩახუტებულს უკვე ისე აღარ მეშინოდა. ისიც მიკვირდა, როგორ შემეძლო ამაზე, ყველაზე მთავარზე, აღარ მეფიქრა და ხვალ ისევ გამეგრძელებინა თამაში, სკოლაში სიარული და საკონტროლოებისთვის მომზადება.
აღარ მახსოვს, რას მეუბნებოდი გაღებულ ფანჯარასთან, მაგრამ შენთან რომ ვიყავი და შენი ლაპარაკი მესმოდა, იმიტომ დავმშვიდდი და მერე ჩამეძინა.
* * *
დილას მუხლი ნესვის ტოლა მქონდა. შენთვის ამ ნატკენის დამალვაც არ გამომივიდა!
ისევ იგივე – შენი შეშინებული თვალები და ვაი-ვიში. ცივი ყინულები და ტილოები. ლაშა ბიძიას მანქანით საავადმყოფოში ჩვენი მივარდნა. ტელეფონით მამიკოს გამოძახება და მისი შემოვარდნა პირდაპირ ოპერაციაზე.
სისხლი ამჯერად ლაშა ბიძიამ გადამისხა. ექიმმა მითხრა, რადგან შენი დედიკოს ძმა არის, ეს სისხლი განსაკუთრებით კარგად შეგერგებაო.
შუადღეს ჩემი სკოლის მეგობრები მოვიდნენ და პალატაში ბევრი ვიგიჟეთ. შენ ბოლოს გაბრაზდი და ყველანი გაყარე. იმ ღამეს მშვიდად მეძინა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ნანახია: 3104 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.