სამედიცინო მენეჯმენტი

მიმოხილვა

გაიდლაინი

კვლევა

CASE REPORT

სიახლეები

თარგმანი

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



სამედიცინო დაწესებულების მართვის ისტორიული ასპექტები [5.00]

მარათონთან დაკავშირებული სიკვდილის მიზეზი ტვინის ღეროს ჰერნიაციაა, რაც რეჰიდრატაციასთან ასოცირებული ჰიპონატრემიის შედეგია [5.00]

მწვავე რევმატიული ცხელების ეტიოლოგია და იმუნოპათოგენეზი [5.00]

პროფესია – ექიმი, მოწოდება – მკურნალი [5.00]

მძიმე საყოფაცხოვრებო პნევმონიის ­­­­­მკურნალობა მოქსიფლოქსაცინით [5.00]


ფსორიაზისა და ფსორიაზული ართრიტის მართვა ნაწილი I. ფსორიაზი და ბიოლოგიური აგენტებით მისი მკურნალობის გაიდლაინი [9879]

არადემონსტრირებული გიგანტური ცისტადენომის შემთხვევა პუბერტული ასაკის პაციენტში [8760]

მწვავე რევმატიული ცხელების ეტიოლოგია და იმუნოპათოგენეზი [8520]

დერმატოლოგიური მანიფესტაციების კლინიკური რეკომენდაცია [8516]

სამედიცინო დაწესებულების მართვის ისტორიული ასპექტები [7854]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 3

სისხლის მუსიკა

ავტორი: გრეგ ბირი
Greg Bear, Blood Music


დასასრული, დასაწყისი იხ. 10-13 ნომრებში

– მაგრამ შენ ხომ... შენ ხომ შეგიძლია, დაელაპარაკო მათ, უთხრა, ცოტა უფრო ნელა იმოქმედონ, – ვურჩიე მე, თუმცა თავადაც ვხვდებოდი, რომ უცნაურ რჩევებს ვიძლეოდი.
– კი, შემიძლია. მაგრამ ისინი მე შეიძლება სულაც არ დამემორჩილონ.
– მე მეგონა, რომ შენ მათთვის ღმერთი ან რაღაც მსგავსი ხარ.
– ისინი, ვინც ჩემს ნეირონებში ჩაერთო, სინამდვილეში არც თუ ისე მნიშვნელოვანი ფიგურები არიან. უბრალოდ მკვლევარები ან რაღაც მაგდაგვარი. მათ იციან ჩემი არსებობის შესახებ, იციან, ვინ ვარ მე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ შეძლეს იმათი დარწმუნება, ვინც იერარქიული კიბის უფრო მაღალ საფეხურებზე დგას.
– იმათთან დებატები მიდის?
– როგორც ჩანს. თუმცა ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც შენ გეჩვენება. თუკი ჩემს ლაბორატორიას კვლავ გახსნიან, სახლიც მექნება და სამუშაო ადგილიც. – მან ფანჯარაში გაიხედა, თითქოს ვიღაცას ათვალიერებსო იქ, ქვევით. – მე აღარავინ მყავს. მათ გარდა. მათ კი, არაფრის ეშინიათ, ედვარდ. არასოდეს არავისთან მიგვრძვნია ასეთი სიახლოვე. კვლავ სიამოვნების ღიმილმა გადაჰკრა. – მე პასუხისმგებელი ვარ მათზე. მე მათთვის დედასავით ვარ.
– მაგრამ შენ ხომ არ იცი, რას მოიმოქმედებენ მომავალში.
მან თავი გააქნია.
– მართლა, ვერჯილ. შენ ამბობდი, რომ ეს ცივილიზაციაა...
– ათასი ცივილიზაცია!
– მითუმეტეს. ცივილიზაციები კი, ცნობილია, ხშირად ცუდად ამთავრებენ. ომები, გარემოს დაბინძურება...
მე თითქოს ხავსს ვეჭიდებოდი, მზარდი პანიკის დასაშოშმინებლად. მე მართლაც არ მყოფნიდა გამოცდილება, კომპეტენცია, რათა სრულად წარმომედგინა მომხდარი მთელი თავისი გრანდიოზულობით. იგივე შეიძლება ითქვას ვერჯილზეც. ძნელია მასზე გამჭრიახი და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების უნარის მქონე ადამიანის წარმოდგენა, როცა საქმე გლობალურ პრობლემებს ეხება.
– მაგრამ რისკს მხოლოდ მე ვწევ.
– შენ ეს ზუსტად არ იცი. ღმერთო, ვერჯილ, შეხედე, რას გიშვებიან!
– მხოლოდ მე! მხოლოდ და მხოლოდ მე! – წამოიყვირა მან. - სხვას არავის!
მე თავი გადავაქნიე და დანებების ნიშნად ხელები ავწიე.
- კარგი. აი, გახსნის ბერნარდი ლაბორატორიას, გადასახლდები იქ და საცდელ ზღვის გოჭად გადაიქცევი. მერე?
- მათ ჩემთვის ზიანი არ მოაქვთ. მე ახლა ბებერ, კეთილ ვერჯილ ულემზე მეტი ვარ. მე - ეშმაკმა დალახვროს, მთელი გალაქტიკა ვარ! ზეშემოქმედი!
შენ, ალბათ, ზეინკუბატორს გულისხმობ?
მან მხრები აიჩეჩა და კამათს თავი აარიდა.
ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა. რაღაც აბდაუბდა თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო დავემშვიდობე მას და წამოვედი. დიდხანს ვიჯექი ქვემოთ ჰოლში და ნერვებს ვიმშვიდებდი... ვინმემ უნდა გადაარწმუნოს. მაგრამ ვის დაუჯერებს ვერჯილი? იგი ბერნარდსაც შეხვდა... უკანასკნელმა კი, როგორც ჩანს, ვერჯილის ისტორია არა მარტო დაიჯერა, არამედ ძალზედ დააინტერესა კიდეც. ბერნარდის ტიპის ადამიანები, ჩვეულებრივ, არ უბიძგებენ ამაქვეყნის ვერჯილ ულემებს დაუფიქრებელი ნაბიჯებისაკენ, იმ შემთხვევების გარდა, როცა გრძნობენ, რომ სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემობრუნებაა შესაძლებელი. ეს მხოლოდ ჩემი აზრი იყო, მაგრამ მისი შემოწმება გადავწყვიტე. ტაქსოფონთან მივედი, ჭრილში საკრედიტო ბარათი შევაცურე და „გენეტრონში“ დავრეკე.
- გეთაყვა, მომიძებნეთ, თუ შეიძლება, ექიმი მაიკლ ბერნარდი, - მივმართე მდივანს.
- უკაცრავად, ვინ კითხულობს?
- მისი მდივანი „სატელეფონო სერვისიდან“. ძალზე მნიშვნელოვანი ზარი შემოვიდა, მისი ბიპერი კი, როგორც ჩანს, არ მუშაობს.
რამდენიმე წუთიანი მოლოდინის შემდეგ ბერნარდმა ყურმილი აიღო:
- ვინ ხართ, ეშმაკმა დალახვროს? მე არავითარი მდივანი არ მყავს „სატელეფონო სერვისში“.
- მე ედვარდ მილიგანი ვარ. ვერჯილ ულემის მეგობარი. ჩვენ, ალბათ, უნდა შევხვდეთ და რაღაც რაღაცეებზე ვისაუბროთ.
მეორე დილით შეხვედრაზე შევთანხმდით. სახლისაკენ მიმავალი, რაღაც თავის გასასამართლებელ მიზეზს ვეძებდი, რომ კიდევ ერთი დღე გამეცდინა სამსახურში, იმიტომ რომ საერთოდ არ შემეძლო ფიქრი მედიცინასა და პაციენტებზე, რომლებიც გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებდნენ.
დანაშაულის საშინელი გრძნობა, დარდი, სიბრაზე და შიში დამეუფლა.
აი, ასეთ სულიერ მდგომარეობაში დავხვდი გეილს. სიმშვიდის ნიღაბი ავიკარი და ვახშამი ერთად მოვამზადეთ. შემდეგ, გადახვეულები, დიდხანს ვიდექით სრუტისაკენ გამავალ ფანჯარასთან და ბინდში ლამპიონების კიაფს ვაკვირდებოდით. გამოსაზამთრებლად დარჩენილი რამდენიმე შაშვი მზის უკანასკნელი სხივების ათინათში გაცრეცილ მოლზე დახტოდა, შემდეგ კი უცაბედად მონაბერ ქართან ერთად გაქროლდნენ, რომელმაც მინები ააზრიალა.
- რაღაც მოხდა ედვარდ? - მშვიდად შემეკითხა გეილი. შენ თვითონ მომიყვები, თუ ისე გააგრძელებ, თითქოს არაფერი მომხდარა?
- უბრალოდ ცუდ გუნებაზე ვარ, - ვუპასუხე მე. - ნერვები. საავადმყოფოში მუშაობა.
- ღმერთო ჩემო, მივხვდი, - თქვა მან და სავარძელში ჩაჯდა. - შენ გადაწყვიტე გამეყარო და იმ ქალზე დაქორწინდე, ბეიკერზე.
მისის ბეიკერი, რომლის შესახებაც ოდესღაც ვესაუბრე გეილს, სამას სამოც ფუნტს იწონიდა და თავისი ორსულობა მხოლოდ მეხუთე თვეზე აღმოაჩინა.
- არა, - ვუპასუხე უსიცოცხლოდ.
- ოოო, დიდი ბედნიერებაა! - გამოაცხადა გეილმა და მსუბუქად შემეხო შუბლზე. - ასე მარწუხებით რომ ამოგაგლიჯოს რამე ადამიანმა, შეიძლება ჭკუიდან გადავიდეს.
- იცი რა, მე ჯერ ამაზე საუბარი არ შემიძლია, ასე რომ... - ხელზე მოვეფერე.
- ოჰ, როგორ გულისამრევად სერიოზულები ვართ, - თქვა მან და წამოდგა. - წავალ ჩაის მოვამზადებ. მიირთმევ?
ეწყინა, მეც ვიტანჯებოდი იმით, რომ ვერავის ვერაფერს ვუყვებოდი. ისე, რატომაც არ გავუმხილო მას? ჩემი ძველი მეგობარი მალე გალაქტიკად გადაიქცევა...
ამის ნაცვლად მაგიდა ავალაგე. იმ ღამეს დიდხანს ვერ დავიძინე. საწოლში ვიჯექი, მხრებქვეშ ბალიში და გეილს შევცქეროდი. ვცდილობდი გავრკვეულიყავი, ამ ყველაფერში რა იყო რეალობა და რა გამოგონილი.
„მე ექიმი ვარ, - ვეუბნებოდი საკუთარ თავს. - მეცნიერებასა და ტექნიკასთან დაკავშირებული პროფესიაა. მე ვალდებული ვარ, იმუნიტეტი გამაჩნდეს ამგვარი ფუტურისტული სტრესების მიმართ“.
ვერჯილ ულემი გალაქტიკად გადაიქცა.
ერთი როგორ ვიგრძნობდი თავს, ჩემში ტრილიონობით ნამცეცა ჩინელები რომ ჩაენერგათ? სიბნელეში გავიღიმე და იმ წამსვე კინაღამ შევყვირე: ვერჯილის შიგნით მობინადრე არსებები ჩვენთვის სრულიად უცხონი იყვნენ, იმდენად უცხონი, რომ მე ან ვერჯილი სწრაფად ვერ შევძლებდით მათ გაგებას.
შეიძლება, ვერც ვერასდროს გავუგოთ.
თუმცა ეს ყველაფერი ფიქრებია, მე კარგად ვიცოდი, რომ ეს რეალობა იყო. საძინებელი. ლამპიონები, რომელთა სხივებიც ფარდაში იპარებოდნენ. მძინარე გეილი.ეს ძალზე მნიშვნელოვანია. გეილი, საწოლში მძინარე გეილი.
კვლავ ის სიზმარი მეზმანა. ამჯერად ქალაქი ფანჯრიდან შემოვიდა და გეილს ეცა. უზარმაზარი, ეკლებიანი, მცოცავი, სულ განათებული, ის რაღაცას ბუტბუტებდა გაუგებარ ენაზე, რომელიც ავტომობილების სიგნალების, ბრბოს ხმაურის და მშენებლობების გრუხუნისაგან შედგებოდა. მე შებრძოლება ვცადე, მაგრამ მან მაინც მიაღწია გეილამდე... და მოციმციმე ვარსკვლავების ნაკადად იქცა, რომელიც გაიბნა საწოლზე, ყველაფერზე, რაც ჩვენს გარშემო იყო. უცაბედად გამომეღვიძა და გათენებამდე თვალი ვეღარ მოვხუჭე. ავდექი, ჩავიცვი გეილთან ერთად, წასვლის წინ ვაკოცე და მიმნდობი ადამიანური ბაგეების სიტკბო შევიგრძენი.
შემდეგ ბერნარდთან შეხვედრაზე გავეშურე. მის განკარგულებაში იყო კაბინეტი ერთერთ ქალაქგარეთ მდებარე დიდ საავადმყოფოში. ლიფტით ავედი მეექვსე სართულზე და თვალნათლივ ვიხილე, რა შეუძლია პოპულარობასა და ქონებას. საუკეთესოდ მოწყობილი ოთახი, საუცხოო გრავიურები აბრეშუმზე, კედლები ხით მოპირკეთებული, ქრომირებული ლითონისა და მინის ავეჯი, კრემისფერი ხალიჩა, ჩინური ბრინჯაოს ნაკეთობები, გაპრიალებული კარადები და მაგიდები.
ბერნარდმა ფინჯანი ყავა შემომთავაზა. უარი არ მითქვამს. საწერი მაგიდის გვერდით ჩამოჯდა, მე მის საპირისპიროდ ფინჯანი ყავით დანოტივებულ ხელებში. რუხი გატკიცინებული კოსტუმი ეცვა. ჭაღარა თმები და გამოკვეთილი პროფილი ასრულებდა სურათს. ეს სამოცს გადაცილებული მამაკაცი ძალზე წააგავდა ლეონარდო ბერნსტეინს.
- რაც შეეხება ჩვენს საერთო ნაცნობს... - დაიწყო ბერნარდმა. - მისტერ ულემს. ბრწყინვალე მეცნიერია და არ შუვუშინდები ამ სიტყვას, მამაცი.
- იგი ჩემი მეგობარია. და მე მაღელვებს ის, რაც მას მოსდის.
ბერნარდმა თითის აწევით შემაჩერა:
- მაგრამ ამ მამაცმა ადამიანმა უაზრო, იდიოტური საქციელი ჩაიდინა. ის, რაც მას შეემთხვა, დაუშვებელი იყო. ეს ნაბიჯი გარემოებათა გამო გადაიდგა, მაგრამ, რასაკვირველია, ეს არ არის გასასამართლებელი საბუთი. როგორც ვხვდები, მან ყველაფერი მოგიყვათ.
მე თავი დავუქნიე:
- მას სურს „გენეტრონში“ დაბრუნება.
- რასაკვირველია. იქ არის ყველა მოწყობილობა. და ალბათ, იქვე იქნება მისი სახლიც, სანამ ჩვენ არ გადავჭრით ამ პრობლემას.
- გადაჭრით... როგორ? რა აზრი აქვს? - მსუბუქი თავის ტკივილი ფიქრის საშუალებას არ მაძლევდა.
- ოო, მე მრავალი სფეროს წარმოდგენა შემიძლია, სადაც შესაძლებელია ბიოლოგიურ საფუძველზე აგებული პატარა ზემკვრივი კომპიუტერების გამოყენება. მართლაც, ეს რთული არ არის. „გენეტრონში“ უკვე გაკეთდა რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენა, მაგარამ აქ სულ სხვა ახალი პერსპექტიული მიმართულებაა.
- რას გულისხმობთ?
- მე უფლებამოსილი არ ვარ ვისაუბრო პერსპექტივებზე, - ბერნარდმა გაიღიმა, - მაგრამ ეს რაღაც სრულიად რევოლუციური იქნება. ამიტომაც ჩვენთვის უბრალოდ აუცილებელია მოვათავსოთ მისტერ ულემი ლაბორატორიულ პირობებში. ჩვენ ასეთი ექსპერიმენტები ცხოველებზე უნდა ჩავატაროთ. რასაკვირველია, ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს. საქმე იმაშია, რომ ე-ე-ე... ვერჯილის კოლონიების სხვა ორგანიზმში გადატანა შეუძლებელია: ისინი მის ლეიკოციტებზე არიან ბაზირებული. ამიტომაც ჩვენ მოგვიწევს ახალი კოლონიების შექმნა, რომლებიც არ გამოიწვევენ იმუნურ რეაქციას სხვა ორგანიზმებში.
- ინფექციის მსგავსად? -შევეკითხე მე.
- ვფიქრობ, ასეთი შედარება დასაშვებია. მაგრამ ვერჯილი ინფიცირებული არ არის.
- ჩემმა ტესტებმა მიჩვენა, რომ ეს ასე არ არის.
- ალბათ აპარატურამ საინფორმაციო ნაკადების ის მონაკვეთები აღიქვა, მის სისხლის მიმოქცევის სისტემაში რომ დაცურავენ. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- მე არ ვიცი.
მომისმინეთ, მე ვისურვებდი, შემოგევლოთ ჩვენს ლაბორატორიაში, როცა ვერჯილი გადმობარგდება. თქვენი გამოცდილება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენთვის.
ჩვენთვის. ე.ი. ის „გენეტრონის“ კაცია. შეინარჩუნებს კი ობიექტურობას?
- როგორია თქვენი პირადი ინტერესი ამ საქმეში?
- ედვარდ, მე ყოველთვის მეცნიერების წინა ხაზზე ვიყავი. და მიზეზს ვერ ვხედავ, რომ აქაც არ წავიმუშაო. თავის ტვინის და ნერვული სისტემის ფუნქციების ჩემი ცოდნა, ნეიროფიზიოლოგიაში ჩემი კვლევები...
- თქვენ შეგეძლოთ დახმარებოდით „გენეტრონს“, თავიდან აეცილებინა სახელმწიფოებრივი მოკვლევა, - წარმოვთქვი მე.
- ძალიან უხეშადაა ნათქვამი. ძალიან უხეშად და თანაც უსამართლოდ.
- შესაძლოა.მაგრამ მე თანახმა ვარ. მე ძალიან მინდა მოვიდე ლაბორატორიაში, როცა ვერჯილი გადმოვა. თუ, რასაკვირველია, ჩემი უხეშობის შემდეგ, ეს წინადადება ძალაში რჩება.
ბერნარდმა მახვილი მზერა მესროლა. მას ესმოდა: მე მის მხარეს არ ვითამაშებ, და წამის მეათასედში ეს აზრები მის სახეზე გარკვევით აისახა.
- რასაკვირველია.
იგი წამოდგა და ხელი გამომიწოდა. ხელისგული ნოტიო ჰქონდა. თუმცა ბერნარდი ამის დამალვას ცდილობდა, იგი ჩემზე არანაკლებ ნერვიულობდა.
მე სახლში დავბრუნდი და შუადღემდე იქ დავრჩი. ვკითხულობდი და საკუთარ აზრებში გარკვევას ვცდილობდი. აუცილებელია რაღაც დასკვნამდე მისვლა. კერძოდ, გადაწყდეს, მაინც რა არის რეალობა და რა უნდა დავიცვა მე. ცვლილებებს ადამიანი მხოლოდ გარკვეული დოზებით იღებს. სიახლე - კარგია, მაგრამ ცოტ-ცოტა და თანდათან. არ შეიძლება მათი ძალით თავს მოხვევა. თითოეულს უფლება აქვს არ შეიცვალოს, სანამ თავად არ გადაწყვეტს, რომ მზად არის.
დიადი სამეცნიერო აღმოჩენები კი მერე...
ბერნარდი კი ძალას გამოიყენებს. „გენეტრონიც“. ეს ფიქრები აუტანელი იყო.
„ნეოლუდიტი“, - ვუწოდე საკუთარ თავს. მართლაც, ბინძური ბრალდებაა.
მაღლივი კორპუსის ჰოლის სასაუბრო დაფაზე ვერჯილის ბინის ღილაკზე დაჭერისთანავე მან პასუხი გამცა.
- დიახ, - მიპასუხა აგზნებული ხმით. - ამოდი. მე აბაზანაში ვარ. კარები ღიაა.
მე შევედი ბინაში და დერეფანს აბაზანისკენ გავუყევი. ვერჯილი ვარდისფერ წყალში თითქმის ნიკაპამდე იჯდა. დაბნეულად გაიღიმა და ხელები აადგაფუნა.
- ისე გამოიყურება, თითქოს ვენები გადავიჭერი, არა? არ ინერვიულო. ყველაფერი რიგზეა. „გენეტრონს“ უკან მივყავარ. ეს ესაა ბერნარდმა დარეკა. - ვერჯილმა აბაზანაში დაყენებულ ინტერკომის აპარატზე მიმითითა.
მე უნიტაზის თავსახურზე ჩამოვჯექი და მაშინვე ყურადღება მივაქციე, რომ პირსახოცების კარადის თაროს კიდეზე, ნიჟარის თავზე დღის სინათლის უამრავ ნათურებიანი გასარუჯი ეკრანი იდგა. თუმცა სადენი როზეტიდან გამომძვრალი იყო.
- შენ რა ეს მართლა გინდა? - შევეკითხე მხრებჩამოშვებულმა.
- ალბათ კი, - მიპასუხა ვერჯილმა. - მათ სხვებზე უკეთ შეუძლიათ ჩემზე იზრუნონ. ასე რომ გადავწყვიტე მოვწესრიგდე და საღამოს გავემგზავრები. ბერნარდი თავისი ლიმუზინით გამომივლის. მაგარია! ამიერიდან ყველაფერი უმაღლესი კლასის მექნება.
ვარდისფერი ელფერის წყალი უცნაურად გამოიყურებოდა: ეს სრულებითაც არ წააგავდა გახსნილ საპონს.
- რა არის წყალში - ქაფიანი შამპუნი? - შევეკითხე მე, მაგრამ მაშინვე თავადაც მივხვდი და უცებ ცუდად გავხდი: იმდენად თვალსაჩინო და შეუქცევადი იყო ეს პროცესები.
- არა, - თქვა ვერჯილმა.
მე ეს უკვე ვიცოდი.
- არა, - გაიმეორა მან, - ეს გამონადენია კანიდან. მე ყველაფერს არ მიყვებიან, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მათ მზვერავების, პიონერების გამოგზავნა დაიწყეს. ასტრონავტების.
მან დაკვირვებული მზერა მომაპყრო და მის გამოხედვაში დარდის ნიშანწყალიც ვერ აღმოვაჩინე, პირიქით, ინტერესი: ერთი როგორი რეაქცია მექნება. ჩემი მოსაზრების მტკიცებულებამ, რომელიც მის სიტყვებში გაჟღერდა, შინაგანად დამძაბა, თითქოსდა დარტყმისთვის ვემზადებოდი. აქამდე ასეთ ვარიანტზე არც მიფიქრია, იმიტომ, რომ პრობლემის სხვა ასპექტებით ვიყავი დაკავებული.
- ეს პირველად მოხდა? - შევეკითხე მე.
- კი, - მიპასუხა მან და გადაიხარხარა. - სულ ვფიქრობ, ხომ არ გავუშვა ეს ეშმაკუნები საკანალიზაციო სისტემაში. გაიგონ, როგორია რეალური სამყარო.
- ისინი ხომ მთელს დედამიწას მოედებიან!
- ეს მართალია.
- ახლა როგორ გრძნობ თავს?
- ახლა არც თუ ისე ცუდად... ისინი აქ, ალბათ, მილიარდობით უნდა იყვნენ. კიდევ ერთი ხელის აქნევა. როგორ ფიქრობ? იქნებ ღირდეს, მათი გამოშვება?
დაუფიქრებლად, სწრაფად აბაზანასთან ჩავიმუხლე. ჩემმა თითებმა თავად მოძებნეს გასარუჯი ლამფის სადენი და ჩამრთველი როზეტში შევარჭე. ვერჯილი ისევ იმ პატარა ბიჭუნად დარჩა, რომელიც ელექტროდენს კარების სახელურს უერთებდა, ხარშავდა პუნშს, რომელიც შარდს ლურჯად ღებავდა და იგონებდა ათასგვარ ოინბაზობას. არ გაიზარდა, ვერ მომწიფდა იმ ზღვრამდე, რომ გაეგო, მისი გენიალობა სავსებით საკმარისი იყო სამყაროს შესაცვლელად, მაგრამ ამავდროულად პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გაგაჩნდეს. ვერჯილმა ტრაპის საცობისაკენ გააცურა ხელი.
- იცი ედვარდ, მე...
მან აზრი ვერ დაასრულა. ხელი ვტაცე ლამფას და აბაზანაში ჩავუძახე და მყისვე უკან გადმოვხტი, წყალი თითქოსდა აფეთქდა ნაპერწკლებისა და ორთქლის ღრუბლად. ვერჯილმა იყვირა, დაიკრუნჩხა - შემდეგ ყველაფერი ჩაჩუმდა. მხოლოდ ლაიფა აგრძელებდა ტკაცუნს და მის თმას კვამლის წვრილი სვეტი ასდიოდა.
მე უნიტაზის თავსახური ავწიე და მყისვე გული ამერია. შემდეგ ცხვირზე ხელი მოვიჭირე და სასტუმრო ოთახში გავედი. უეცრად ფეხებმა მიმტყუნა და დივანზე დავეხეთქე.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, სამზარეულოში აღმოვაჩინე კოლოფი მათეთრებელი, ნიშადური და ერთი ბოთლი ვისკი. დავბრუნდი აბაზანაში, ვერჯილს შეძლებისდაგვარად ვარიდებდი თვალს, და ჩავასხი აბაზანაში ჯერ ვისკი, შემდეგ ნიშადურის სპირტი, შემდეგ მოვაყარე მათეთრებელი. წყალი მაშინვე აბუყბუყდა, და მე გამოვედი, კარები მჭიდროდ მივიხურე.
სახლში დაბრუნების შემდეგ ტელეფონი აწკრიალდა, მაგრამ მე ყურმილი არ ავიღე. იქნებ საავადმოფოდან რეკავენ? ან ბერნარდია? იქნებ პოლიციაა. ადვილი წარმოსადგენია ჩემი ახსნა-განმარტებები. „გენეტრონი“ კატეგორიულად არ დაადასტურებს ჩემს მონათხრობს. ბერნარდი განაცხადებს, რომ საერთოდ არაფერი იცის.
მთელს სხეულში საოცარ დაღლილობას ვგრძნობდი, დაძაბულობისაგან კუნთები მეკვანძებოდა და... არც კი ვიცი რა შეიძლება ვუწოდო ამგვარ შეგრძნებას. შეგრძნება, რომელიც ჩნდება... გენოციდის განხორციელების შემდეგ?
სრულებით ველური აზრია. ვერ ვიჯერებდი, რომ საკუთარი ხელებით მოვკალი ასობით ტრილიონი გონიერი არსება. გავანადგურე მთელი გალაქტიკა... სასაცილო ბრალდებაა. მაგრამ მე სულაც არ მეცინებოდა. უფრო ადვილად იმას ვეგებოდი, რომ ადამიანი მოვკალი, საკუთარი მეგობარი. კვამლი, ლამფის ჩამომდნარი კარკასი, როზეტის გამდნარი პლასტიკის გუბე, დაბუგული სადენი...
ვერჯილ!
მე მას აბაზანაში ჩართული გასარუჯი ლამფა ჩავუგდე. გული ისევ მერეოდა. სიზმრები, გეილზე მოძალადე ქალაქები (საინტერესოა, როგორ არის მისი ყოფილი მეგობარი ქალი, კენდისი?). მილში მოჩხრიალე წყალი. ჩვენს ირგვლივ მიმობნეული გალაქტიკები. დაუსრულებელი საშინელება... მაგრამ იმავდროულად - სილამაზის უდიდესი პოტენციალი. სიცოცხლის ახალი ფორმა, სიმბიოზი, ტრანსფორმაცია.
ყველა მოვკალი ნეტავ? წამიერად პანიკამ მომიცვა. ხვალ, აზრმა გამირბინა თავში, იქ მივალ და ბინას გავასტერილებ. რამეს მოვიფიქრებ. ბერნარდი არც კი გამახსენდა.
როცა გეილი დაბრუნდა დივანზე მეძინა. წამოვდექი, თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და მან ეს მაშინვე შენიშნა.
- ავად ხომ არ ხარ? - შემეკითხა შეშფოთებული გეილი, და კიდეზე ჩამომიჯდა.
თავი გავიქნიე და ვკითხე:
- რა გვაქვს სადილად? - ენა არ მემორჩილებოდა. სიტყვებს ძლივს ვპოულობდი.
გეილმა ხელი შუბლზე დამადო:
- ედვარდ, შენ სიცხე გაქვს, ძალიან მაღალი.
აბაზანამდე მივლასლასდი და სარკეში ჩავიხედე. გეილი ჩემს უკან გაჩერდა.
- ეს რა არის? - შემეკითხა იგი.
პერანგის საყელოს ქვეშ მთელი კისერი თეთრი ხაზებით მქონდა დახაზული. როგორც გზატკეცილზე. როგორც ჩანს, მათ ჩემს ორგანიზმში უკვე კარგა ხანია რაც შემოაღწიეს, რამდენიმე დღის წინ.
- ნოტიო ხელისგულები... წავიბუტბუტე მე.
საოცარია, რომ ეს თავში ადრე არ მომივიდა.
აშკარაა, ჩვენ კინაღამ არ დავიხოცეთ. თავიდან შებრძოლება ვცადე, მაგრამ ზუსტად რამდენიმე წუთში ისე დავსუსტდი, რომ განძრევის თავიც აღარ მქონდა. გეილიც იგივე მდგომარეობაში ერთ საათში აღმოჩნდა. სასტუმრო ოთახში ფარდაგზე ოფლით გალუმპული ვიწექი. გეილი - დივანზე. სახე თალკივით თეთრი გაუხდა, თვალები დაეხუჭა - როგორც გვამს ბალზამირების ლაბორატორიაში. ჯერ მომეჩვენა, რომ იგი მართლა მოკვდა. და იმ უუნარო, ავადმყოფურ მდგომარეობაშიც კი არ მტოვებდა სიბრაზე, რომ დროულად ვერ ვიფიქრე ყველა შესაძლო შედეგზე. მაგრამ მალე ამის ძალებიც აღარ დამრჩა. თვალის დახამხამებაც არ შემეძლო; ამიტომ დავხუჭე თვალები და უბრალოდ ველოდი.
ხელ-ფეხში აშკარად შეიგრძნობოდა რაღაც საქმიანობის რიტმი. სისხლის თითოეულ ბიძგს ჩემს შიგნით ერთგვარი ხმაური მოსდევდა, რომელიც ათასი მუსიკოსისგან შემდგარი ორკესტრის კაკაფონიას წააგავდა, თითქოს რამდენიმე სიმფონიის ფრაგმენტებს უკრავენო. მუსიკა, რომელიც ჟღერს სისხლში... თანდათან ხმა ბგერა უფრო მკვეთრი გახდა, მაგრამ იმავდროულად უფრო თანწყობილი: აკუსტიკური ტალღების ზვავი ნელნელა ცხრებოდა და სხვადასხვა ჰარმონიულ სიგნალად იყოფოდა. ისინი თითქოს ჩაიზარდა ჩემში, ჩემი საკუთარი გულის რიტმში.
თავდაპირველად მათ ჩვენი იმუნური რეაქციები დაიმორჩილეს. ომი – ეს მართლაც ომი იყო, ისეთი, რომლის სადარიც დედამიწის ზურგზე არავის არაფერი უნახავს, მებრძოლ ტრილიონებთან ომმა, დაახლოებით, ორი დღე გასტანა.
იმ დროისათვის, როცა ძალები მოვიკრიბე და სამზარეულოს ონკანთან მივაღწიე, ისინი ჩემი ტვინის დამუშავებას შეუდგნენ. მათი მიზანი კოდების გატეხვა და პროტოპლაზმაში ღმერთის აღმოჩენა იყო. მე ვსვავდი და ვსვავდი, სანამ გული არ ამერია, კიდევ მოვსვი, უფრო ნელი ყლუპებით, და გეილს ჭიქა წყალი წავუღე. მან ჭიქა დახეთქილ ტუჩებზე მიიკრა და ხარბად დაეწაფა. თვალები ჩაუწითლდა, ირგვლივ მოყვითალო, ბინძური ნამცეცები მიწებებოდა. ახლა, თითქოს, კანს ნორმალური ელფერის მაგვარი დაუბრუნდა. რამდენიმე წუთში ჩვენ უკვე სამზარეულოს მაგიდასთან ვიჯექით და უღიმღამოდ ვღეჭავდით საკვებს.
– ეს რა ჯოჯოხეთი იყო? – უპირველეს ყოვლისა შემეკითხა იგი. ახსნის თავიც არ მქონდა, და მხოლოდ თავი გავაქნიე. შემდეგ ფორთოხალი გავფცქვენი და ორად გავყავი.
– ექიმს უნდა დავურეკოთ, – მითხრა მან. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ამას არ გავაკეთებდით. მე უკვე მათგან შეტყობინებების მიღება დავიწყე, საიდანაც ნათელი გახდა, რომ თავისუფლების ეს შეგრძნება ილუზორული იყო. თავიდან შეტყობინებები უკიდურესად მარტივი იყო. ფიქრებში უეცრად ბრძანებები ჩნდებოდა, უფრო სწორედ მოგონებები ბრძანებების შესახებ. ჩვენ გვეკრძალებოდა ბინის დატოვება: ალბათ, ჩვენმა განმკარგულებლებმა ასეთი ქმედებების არასასურველობა გაითვალისწინეს, თუმცა საკუთრივ ეს კონცეფცია მათთვის სავსებით აბსტრაქტული უნდა ყოფილიყო. ჩვენ გვეკრძალებოდა ნებისმიერ ჩვენს მსგავსთან კონტაქტი. გარკვეული დროით ნებადართული გვაქვს საკვების მიღება და წყლის დალევა ონკანიდან.
სიცხის დაწევის შემდეგ, ტრანსფორმაცის პროცესი აჩქარდა და უფრო შეუპოვრად წარიმართა. თითქმის ერთდროულად მე და გეილი გაგვაშეშეს. იგი იმ მომენტში მაგიდასთან იჯდა, მე კი მუხლებზე დავეშვი და თვალის კუთხით ძლივს ვხედავდი მას.
გეილს ხელზე უკვე წანაზარდებიც გაუჩნდა.
მათ უამრავი რამ ისწავლეს, სანამ ვერჯილის შიგნით ცხოვრობდნენ, და ახლა სულ სხვა ტაქტიკას იყენებდნენ. დაახლოებით ორი საათი მთელი სხეული საშინლად მექავებოდა და მეწვოდა – ორი საათი ჯოჯოხეთში, შემდეგ კი, როგორც იქნა, მათ ტვინისკენ გზა გაიკვლიეს და მე მიპოვეს. მათი საზომით მრავალსაუკუნოვანი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა, და ახლა მათ მოუქნელ, შენელებულ გონთან ურთიერთობის საშუალება მიეცათ. რომელიც ოდესღაც სამყაროს მბრძანებელი იყო.
ისინი სულაც არ იყვნენ დაუნდობლები. როცა მათი ქმედებებით გამოწვეული უხერხულობების კონცეფცია გასაგები გახდა ამ პატარა არსებებისათვის, მყისვე აფუსფუსდნენ არასასიამოვნო შეგრძნებების მოსასპობად. და ვგონებ, გადაამეტეს. კიდევ ერთი საათი მე აბსოლუტურ ნეტარებას განვიცდიდი, და მათ ყოველგვარი კონტაქტის საშუალება მოვუსპე.
მომდევნო დილით კვლავ დაგვრთეს მოძრაობის ნება. უპირატესად ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად: ცხოველქმედების ზოგიერთი პროდუქტისაგან მათ თავად გათავისუფლება არ შეეძლოთ. მე დავემორჩილე – შარდი იისფერი აღმოჩნდა, გეილმაც ჩემს მაგალითს მიბაძა. დიდხანს ვუცქერდით ერთმანეთს შუშის თვალებით, შემდეგ კი მან ღიმილის გამოძერწვა შეძლო.
– ისინი შენც გესაუბრებიან? – შემეკითხა გეილი.
თავი დავუქნიე.
– ანუ ჭკუიდან არ შევშლილვარ.
მომდევნო თორმეტი საათი კონტროლი შესუსტდა, და მე ამ ხელნაწერის მნიშვნელოვანი ნაწილის დაჯღაბნა შევძელი. ვეჭვობ, რომ ჩემს ორგანიზმში ამ დროს კიდევ ერთი ომი მიმდინარეობდა. გეილს მხოლოდ ოდნავ განძრევა შეეძლო, მეტი არაფერი.
– ედი... – წაიჩურჩულა, და ჩემი სახელი უკანასკნელ გარეშე ბგერად იქცა.
ასეთ მდგომარეობაში, ფეხზე, ერთმანეთს შევეზარდეთ. რამდენიმე საათში ჩვენი ფეხები მასიურ საყრდენად იქცა, რომელიც იატაკზე ყველა მიმართულებით იყო განთხეული. ცალკეული საცეცი ფანჯრისკენ, მზის სინათლისკენ, და სამზარეულოსკენ, სასმელი წყლის წყაროსაკენ, გაცოცდა. მალე ფილამენტებმა ოთახის ყველა კუთხეს მიაღწიეს, კედლებიდან საღებავი და ბათქაში ჩამოშალეს, შემდეგ რბილი ავეჯის გადასაკრავსა და შემავსებელს მიადგნენ.
მომდევნო დილას ტრანსფორმაცია დასრულდა. მე ახლა ძალიან ცუდად ვხედავ, მიჭირს განსჯა, რას ვგავართ. უფრო, ორ უზარმაზარ ბრტყელ უჯრედს, რომელთაც ყველა მიმართულებით ფილამენტები აქვთ გაშვერილი და მთელს ოთახში არიან განთხეული. დიდი ემსგავსება პატარას.
მე ნაბრძანები მქონდა ჩემი შთაბეჭდილებების ჩაწერა, მაგრამ მალე ეს შეუძლებელი გახდება. დღითი დღე, იმის და მიხედვით, თუ როგორ შთანთქავენ ჩვენ ორგანიზმებს შიგნით მყოფი მოაზროვნეები, ორივე ჩვენი გონება ირევა. ყოველდღიურად ჩვენი ინდივიდუალური თვისებები იკარგება. ჩვენ მართლაც უზარმაზარი, მოუქნელი დინოზავრები ვართ. ახლა ჩვენი მოგონებები მილიარდობით პატარა არსებაშია შენახული, ჩვენი პიროვნულობა გარდაქმნილი სისხლის მოცულობაშია განაწილებული. მალე ცენტრალიზაციის აუცილებლობა სრულად გაქრება.
მე შემატყობინეს, რომ წყალკანალიზაცია მათ ხელშია. სხვა სართულებზე უამრავმა ადამიანმა უკვე განიცადა ტრანსფორმაცია.
დროის ძველი შკალით რამდენიმე კვირაში ჩვენ ტბებს, მდინარეებს და ზღვებს აურაცხელი რაოდენობით მივაღწევთ.
მე ვერც კი ვხვდები, როგორი იქნება შედეგი. პლანეტის თითოეული კვადრატული დუიმი გადაივსება გონით. წლების შემდეგ კი – შეიძლება უფრო სწრაფადაც – ადამიანები შეერწყმებიან ერთმანეთს, მოიცილებენ პირადულს.
გაჩნდება ახალი არსებები, მათი აზროვნული შესაძლებლობების წარმოდგენა კი უბრალოდ შეუძლებელია.
სიძულვილი და შიში სულ გამიქრა.
რამდენჯერ მომხდარა ასეთი რამ სხვაგან? დედამიწაზე არც ერთხელ არ გამოჩენილან უცხოპლანეტელები. და საერთოდ, რაში სჭირ­დებოდათ ეს?
ქვიშის თითოეულ მარცვალში ხომ მთელი სამყაროს აღმოჩენაა შესაძლებელი.

ნანახია: 3260 | შეფასებულია: 4 | რეიტინგი: [4.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 10

თქვენ ხართ სტუმარი No: 1285490


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.