სიამის ტყუპები ავტორი: ა. ძნელაძე, მედიცინის დოქტორი, ექიმი-რადიოლოგი, სამკურნალო-დიაგნოსტიკური კლინიკა „ჯანმრთელობის სახლი“ >> სიამის ტყუპები – პათოლოგია, რომლის დროსაც ტყუპები სხეულის რომელიმე ნაწილით ურთიერთშეზრდილნი არიან. მისი მიზეზი ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპების ზიგოტის არასრული გაყოფაა.
ამ პათოლოგიის ალბათობა ძალზე მცირეა და შეადგენს 1 შემთხვევას 200 000 ახალშობილზე. სიამის ტყუპთა უმეტესობა (50-60%) ინტრანატალურ პერიოდში იღუპება. ახალშობილთა შორის სიკვდილიანობა პოსტნატალურ პერიოდში 75-95%-ს შეადგენს. სიამის ტყუპები უმეტესწილად მდედრობითი სქესის არიან (70-75%).
ურთიერთშეზრდის ლოკალიზაციის, თავის ტვინის, კიდურების და შინაგანი ორგანოების განვითარების მიხედვით სიამის ტყუპების სხვადასხვა ტიპს გამოყოფენ: თორაკოპაგები (thoracopagus), ომფალოპაგები (omphalopagus), ცეფალოპაგები (cephalopagus) და ა.შ.
„სიამის ტყუპების“ შეზრდის ვარიანტები:
• ინოპაგები – კეფით შეზრდილები;
• იშიოპაგები – შორისით შეზრდილები;
• კრანიოპაგები, ცეფალოპაგები – თავით შეზრდილები;
• ქსიფოპაგები ანუ თორაკოპაგები (სიამის ტყუპები) – გულმკერდით შეზრდილები;
• ომფალოპაგები – ჭიპით შეზრდილები;
• ოპოდიდიმუსი – ერთი სხეული ორი თავით ;
• პიგოპაგები – კუდუსუნით შეზრდილები;
• პროზოპოტორაკოპაგები – სახითა და გულმკერდით შეზრდილები და სხვ.
ისტორიული მიმოხილვა
შეზრდილი ტყუპები პირველად ქრისტეშობიდან 945 წლით დათარიღებულ ბიზანტიურ ხელნაწერში მოიხსენიება. მასში აღწერილია, თუ როგორ წარუდგინეს კონსტანტინოპოლელ მედიკოსებს გამოსაკვლევად სომხეთიდან ჩამოყვანილი შეზრდილი ძმები.
შეზრდილი ტყუპების ტიპები პირველად აღორძინების ხანის ფრანგმა ქირურგმა ამბრუაზ პარემ აღწერა 1573 წელს. პათოლოგიის მიზეზები კი, იმდროინდელი საეკლესიო შეხედულებებისამებრ, სატანური ძალების ჩარევით ახსნა და, შესაბამისად, ნაშრომსაც „მონსტრებსა და საოცრებათა შესახებ“ უწოდა (სურათი 1).

სურათი 1. გრავიურა ამბრუაზ პარეს ტრაქტატიდან „მონსტრებსა და საოცრებათა შესახებ“. 1573 წ.
ტერმინი „სიამის ტყუპები“ სიამში (თანამედროვე ტაილანდი) დაბადებული შეზრდილი ძმების – ჩანგი და ენგი ბანკერების (1811-1874) შემდეგ დამკვიდრდა. ისინი მრავალი წლის განმავლობაში პ.ტ.ბარნუმის ცირკში „სიამელი ტყუპების“ ფსევდონიმით გამოდიოდნენ (სურათი 2).

სურათი 2. სიამის ტყუპები ჩანგი და ენგი ბანკერები ოჯახთან ერთად. ქვედა რიგში – შვილები
ქვემოთმოყვანილი შემთხვევა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ქართულ სამედიცინო ლიტერატურაში ამ პათოლოგიის აღწერა ჩვენ ვერ მოვიძიეთ.
შემთხვევის აღწერა
პაციენტი, 29 წლის, ბოლო მენსტრუალური ციკლის მიხედვით – 15 კვირის ორსული (მე-2 ორსულობა). შემოვიდა კლინიკაში ორსულობის მორიგ რუტინულ ულტრაბგერით კვლევაზე.
ულტრაბგერითი კვლევის შედეგები:
საშვილოსნო გადიდებული – გესტაციით ორსულობის ვადის შესაბამისად.
საშვილოსნოს ღრუში ისახება 1 სანაყოფე პარკი, ხოლო მასში ორი, ურთიერთისკენ ფრონტალურად როტირებული ნაყოფი, გულმკერდით ურთიერთშეზრდილები (სურათი 3, 4).

სურათი 3. ექოსკოპური გამოსახულება

სურათი 4. 3D გამოსახულება
მათ ირგვლივ – საერთო ამნიონის გარსი. ორივე ნაყოფს აღენიშნება 1 საერთო გული. გულისცემა 160-170 დარტყმა წუთში (სურათი 5).

სურათი 5. აღინიშნება ერთი გულისცემა
ბიომეტრული პარამეტრები (BPD, HC, CRL, FL და სხვ.) ოდნავ ჩამორჩება ორსულობის აღნიშნულ ვადას:
BPD – 32-33 მმ, OFD - 41-42 მმ, HC - 118-122 მმ, AC - 96-100 მმ, APTD – 22-24 მმ, FL – 17-18 მმ, CRL – 78-82 მმ. თითოეული ნაყოფის წონა 120-130 გრ.
ორივე ნაყოფის კიდურები ისახება მკაფიოდ. იდაყვის ძვლის სიგრძე – 14-15 მმ, ხოლო წვივის ძვლი სიგრძე 15-16 მმ.
ორივე ნაყოფის მოძრაობა შესამჩნევი და აქტიურია.
სანაყოფე წყლები ნორმის ფარგლებში.
პლაცენტა ისახება უკანა კედელზე.
ორსულის შემდგომი მონიტორინგი არ განხორციელებულა მასთან კავშირის გაწყვეტის გამო
წყაროები RESOURCES:
www.scielo.br;
www.guardian.co.uk;
www.bbc.co.uk;
ლიტერატურა
ნანახია: 17127 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00] 
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
|