აქტუალური თემა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო მენეჯმენტი

გაიდლაინი

მიმოხილვა

ლექტორიუმი

სიახლეები

ახალი მეთოდები

კვლევა

ექსპერიმენტული კვლევა

ადამიანი და გარემო

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

ჩვენი თანამედროვე

კლინიკური შემთხვევა

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



განვითარებად მსოფლიოს სჭირდება საკუთარი სამეცნიერო ჟურნალები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

XXI საუკუნის დიდი მოაზროვნე [5.00]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [5.00]

თირკმლების ქრონიკული დაავადება [5.00]


თირკმლების ქრონიკული დაავადება [18719]

ჰემოსიდეროზით მიმდინარე დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები [8917]

საშვილოსნოს კედლის მთლიანობის აღდგენა ერთ­შრი­ანი განუწყვეტელი ნაკერით და პერიტონიზაცის ახალი მეთოდი [7589]

საქართველოში მოქმედი სამედიცინო საზოგადოებების როლი სამამულო ქირურგიის განვითარებაში [7291]

რადონი და მისი დაშლის პროდუქტების გავლენა ადამიანზე [5509]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 0

Staphylococcus-Proteus დივაქცინისა და Staphylococcus-Proteus-Escherichia-Klebsiella ტეტრავაქცინის ანტიბლასტომური ეფექტი ექსპერიმენტულ სიმსივნეებზე

ავტორი: პ. ხორავა, ქ. ღამბაშიძე; პროფ. ა. ღვამიჩავას სახ. ონკლოგიის ნაციონალური ცენტრი, მრავალპროფილური ონკოლოგიური კლინიკა „ქირონი“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
P. Khorava, K. Gambashidze; A. Gvamichava National Cancer Center.
Oncology Clinic „Chironi“, Tbilisi State Medical University
Anti-blastoma effect of Staphylococcus-Proteus divaccine and Staphylococcus-Proteus-Escherichia-Klebsiella tetravaccine at experimental cancer growth

>>  შესწავლილია Staphylococcus-Proteus დივაქცინისა და Staphylococcus-Proteus-Escherichia-Klebsiella ტეტრავაქცინის ანტიბლასტომური ეფექტი ექსპერიმენტულ სიმსივნეებზე.
ექსპერიმენტი ჩატარდა 3,0-3,5 თვის 100-120 გ მასის 80 უჯიშო (არახაზოვანი) ლაბორატორიულ თეთრ ვირთაგვაზე. გამოვიყენეთ სარკომა S-45 (თითისტარაუჯრედოვანი სარკომა) სიმსივნური შტამი, რომლის ინოკულაციას ვახდენდით ცხოველის კანქვეშ, ბეჭქვეშა მიდამოში. ავთვისებიანი სიმსივნის ინოკულაციის შემდეგ საკონტროლო ჯგუფის ყველა ცხოველს განუვითარდა სიმსივნე. ჩატარდა სამჯერადი ვაქცინაცია Staphylococcus-Proteus დივაქცინით ინოკულაციიდან მე-3, მე-7 და მე-10 დღეს და Staphylococcus-Proteus-Escherichia-Klebsiella ტეტრავაქცინით ინოკულაციიდან მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 დღეს. ვაქცინების სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტზე ვმსჯელობდით სიმსივნური ზრდის შეფერხების, ექსპერიმენტულ ცხოველთა წონის ცვლილებისა და ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით. ცდები ჩავატარეთ ექსპერიმენტულ ქიმიოთერაპიაში ფართოდ გამოყენებული მეთოდებით. მიღებული შდეგები დამუშავდა ვარიაციული სტატისტიკის მეთოდებით, ხოლო ცალკეულ ჯგუფებში მონაცემთა შორის სხვაობათა სარწმუნოობა განისაზღვრა სტიუდენტის t- კრიტერიუმით.
დადგინდა, რომ სარკომა S-45 სოლიდური სიმსივნის ზრდის დროს სამკურნალო მიზნით დივაქცინის გამოყენების შედეგად ადგილი ჰქონდა სიმსივნის ზრდის შეფერხებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას (42,9%). ტეტრავაქცინის გამოყენებამ დივაქცინასთან შედარებით უკეთესი ანტიბლასტომური ეფექტი გამოავლინა. კერძოდ, სიმსივნე არ განვითარდა 15% შემთხვევაში, სიმსივნის სრული რეზორბცია დაფიქსირდა 35% შემთხვევაში, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 51,3%-ით. ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ჰოსპიტალური ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება არ იწვევს სიმსივნური ზრდის სტიმულაციას. მათი ზემოქმედება სიმსივნიან ორგანიზმზე პოზიტიურად აისახება და ვლინდება დეზინტოქსიკაციური და ანტიბლასტომური ეფექტით.
In the present work it has been studied anti-blastoma treatment effect of Staphylococcus-Proteus divaccine and Staphylococcus-Proteus-Escherichia-Klebsiella tetravaccine at Sarcoma-45 growth. Investigations have been carried out on 3-3,5 months white rats (n=80) with the body weight range 100-120 g. Days of vaccination with the use of divaccine were 3rd, 7th and 10th, while at vaccination using tetravaccine - 2nd, 5th, 8th and 11th. Anti-blastoma effect of vaccines was evaluated according to the following criteria: development of tumor growth, inhibition of tumor growth, alterations of experimental animals’ body weight, and duration of animals’ lifespan. Obtained results were analyzed statistically with the use of Student’s t criterion.
Studies have shown that at solid malignant tumor growth (Sarcoma-45), vaccination with the use of divaccine Staphylococcus-Proteus results in inhibition of tumor growth. Duration of animal’s lifespan was increased by 42.9%. Vaccination using tetra-vaccine Staphylococcus-Proteus-Escherichia-Klebsiella had better anti-blastoma effect compared to the vaccination with the use of divaccine. In 15% of cases tumor did not develop; complete resorption was detected in 35% of cases, and duration of lifespan was increased by 51,3%. According to the results of observation could be concluded that bacterial vaccines (divaccine Staphylococcus-Proteus, and tetravaccine Staphylococcus-Proteus-Escherichia-Klebsiella) reveal positive antiblastoma treatment effect and do not stimulate cancer growth.


საკვანძო სიტყვები: ავთვისებიანი სიმსივნე, ბაქტერიული ვაქცინები, იმუნოთერაპია.
Key words: cancer, bacterial vaccines, immunotherapy

მთელ მსოფლიოში ავთვისებიანი სიმსივნით განპირობებული ავადობისა და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი გამუდმებით იზრდება. გაძნელებულია ადრეული დიაგნოსტიკა, რის გამოც ავადმყოფთა დიდი ნაწილი სტაციონარს გავრცელებული სიმსივნეებით (III-IV სტადია) მიმართავს, როდესაც მათი ქირურგიული, სხივური და მედიკამენტური კომპონენტების გამოყენებით კომბინირებული და კომპლექსური მკურნალობა ესაჭიროებათ.1, 2
მრავალრიცხოვანი გამოკვლევებითა და კლინიკური დაკვირვებებით დადასტურებულია, რომ სიმსივნის ზრდა–განვითარება ორგანიზმის რეაქტიულობაზე, არასპეციფიკურ რეზისტენტობაზე და ჰომეოსტაზის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. 10,11,12,13 ორგანიზმის არასპეციფიკური რეზისტენტობის გასაძლიერებლად მიზანმიმართული ზემოქმედებით შესაძლებელია სიმსივნისსაწინააღმდეგო მკურნალობის დადებითი ეფექტის მიღება. ეს პრობლემა გავრცელებული სიმსივნეების პალიატიური მკურნალობის დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ავადმყოფს აღენიშნება იმუნური სისტემის მკვეთრად გამოხატული დარღვევები, ხოლო ლეიკოპენიის და აგრანულოციტოზის ფონზე განვითარებული გართულებებით გამოწვეული სიკვდილიანობა ძირითადი დაავადების გენერალიზაციით განპირობებულ ლეტალობას უტოლდება.4,5
ცნობილია, რომ კანცეროგენეზის პერიოდში აქტიურდება მაკროფაგების, ბუნებრივი ქილერებისა და უჯრედული ციტოკინური სისტემების სიმსივნისსაწინააღმდეგო იმუნური რეაქციები, 10 თუმცა უმრავლეს შემთხვევაში დადებითი ანტიბლასტომური ეფექტის საბოლოოდ მისაღწევად ეს საკმარისი არ არის. ყოველივე ამის გამო, დღესდღეობით, მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს დაემატა მკურნალობის იმუნოლოგიური მეთოდებიც.9 სამწუხაროდ, იმუნური პრეპარატების მაღალი ტოქსიკურობის, სიძვირისა და გავრცელებული სიმსივნეების მქონე ავადმყოფების იმუნური რეაქციების უმართავობის გამო, მან ფართო გამოყენება ვერ ჰპოვა. პირველი თაობის იმუნური პრეპარატები მიმართული იყო ზოგადად ორგანიზმის არასპეციფიკური რეზისტენტობის გასაძლიერებლად ისე, რომ არ იყო გათვალისწინებული იმუნური სისტემის ცალკეულ ნატიფ სტრუქტურაზე მათი შესაძლო მოქმედების მექანიზმი. ამასთან, მათ ჰქონდათ გამოხატული გვერდითი (ძირითადად ტოქსიკურ–პიროგენული) მოქმედება, რის გამოც კლინიკურ ონკოლოგიაში მათი დანერგვა ვერ მოხერხდა.4,7
თანამედროვე მედიცინაში უპირატესობა ენიჭება ახალ ბაქტერიულ პრეპარატებს – სტაფილოკოკურ ანატოქსინს, ფსევდომონას, პროტეუსისა და კლებსიელას საწინააღმდეგო ვაქცინებსა და სხვა კომბინირებულ პრეპარატებს, რომლებიც მოწოდებულია ჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკისათვის. ისინი მაღალი სპეციფიკური აქტივობითა და ნაკლები ტოქსიკურობით გამოირჩევიან. ამავე დროს, მათ არასპეციფიკური რეზისტენტობის კარგად გამოხატული მასტიმულირებელი ეფექტი გააჩნიათ, რომელიც ხანმოკლე მოქმედებისაა და რამოდენიმე თვით განისაზღვრება. ამ უკანასკნელის გათვალისწინებით, უმართავი იმუნური პროცესები თავიდან არის აცილებული.4,5,6,7
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს გასუფთავებული სტაფილოკოკურ ანატოქსინის, ფსევდომონას, პროტეუსისა და კლებსიელას საწინააღმდეგო ვაქცინების, მათი შემადგენლობით კონსტრუირებული კომპლექსური პრეპარატებისა და ტეტრავაქცინის პროფილაქტიკური და მათი ჰიპერიმუნური პლაზმის სამკურნალო მიზნით გამოყენების პერსპექტიულობა ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობის პროცესში ქირურგიულ, სხივურ და მედიკამენტურ მეთოდებთან ერთად, რადგან ერთის მხრივ ხდება ორგანიზმის იმუნომოდულაცია, ხოლო მეორეს მხრივ – სერიოზული მიკრობული გართულებების თავიდან აცილება და პროფილაქტიკა.
ჩვენს მიერ აპრობირებული პრეპარატები თავისი გასუფთავების ხარისხით ქიმიური ვაქცინების ჯგუფს განეკუთვნებიან, რომლებიც მაქსი­მა­ლურადაა გაწმენდილი ტოქსიკური კომპონენტებისაგან და უპირატესად სპეციფიკური ინფექციის საწინააღმდეგო იმუნიტეტის სტიმულაციისათვის არის მოწოდებული. ამასთა, პრეპარატის პოლისაქარიდული ბუნებიდან გამომდინარე, მისი გამოყენება ორგანიზმის არასპეციფიკურ რეზისტენტობაზე ზემოქმედებისთვისაც შესაძლებელია, რაც ონკოლოგიაში ორმაგ დატვირთვას იძენს. ამ მიმართულებით, ნაკლებად ტოქსიკური ბაქტერიული პოლისაქარიდების გამოყენება, რომელიც ერთდროულად მიმართული იქნება სპეციფიკური ანტიბაქტერიული იმუნიტეტის სტიმულაციისა და ორგანიზმის არასპეციფიკური რეზისტენტობის გაზრდისაკენ, ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის საქმეში უდაოდ პერსპექტიულია.

მასალა და მეთოდები
ექსპერიმენტი ჩატრდა 3,0-3,5 თვის 100-120 გ მასის 80 უჯიშო (არახაზოვანი) ლაბორატორიულ თეთრ ვირთაგვაზე. გამოვიყენეთ სარკომა S-45 (თითისტარაუჯრედოვანი სარკომა) სიმსივნური შტამი, რომლის ინოკულაციას ვახდენდით ცხოველის კანქვეშ, ბეჭქვეშა მიდამოში. ავთვისებიანი სიმსივნის ინოკულაციის შემდეგ საკონტროლო ჯგუფის ყველა ცხოველს განუვითარდა სიმსივნე. ჩატარდა სამჯერადი ვაქცინაცია Staphylococcus - Proteus დივაქცინით ინოკულაციიდან მე-3, მე-7 და მე-10 დღეს და Staphylococcus-Proteus-Escherichia-Klebsiella ტეტრავაქცინით ინოკულაციიდან მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 დღეს. ვაქცინების სიმსივნისსაწინააღმდეგო ეფექტზე ვმსჯელობდით სიმსივნური ზრდის შეფერხების, ექსპერიმენტულ ცხოველთა წონის ცვლილებისა და ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით. ცდები ჩავატარეთ ექსპერიმენტულ ქიმიოთერაპიაში ფართოდ გამოყენებული მეთოდებით. მიღებული შედეგები დამუშავდა ვარიაციული სტატისტიკის მეთოდებით, ხოლო ცალკეულ ჯგუფებში მონაცემთა შორის სხვაობათა სარწმუნოობა განისაზღვრა სტიუდენტის t - კრიტერიუმით.

შედეგები და მათი განსჯა
I სერიაში შევისწავლეთ Staphylococcus-Proteus დივაქცინის სიმსივნისსაწინააღმდეგო სამკურნალო ეფექტი (ცხრ. 1).

როგორც ეს ცხრილიდან ჩანს, დაკვირვების მე-13 დღისათვის საკონტროლო ჯგუფის ცხოველთა სიმსივნური ქსოვილის საშუალო მოცულობა (სსმ) იყო 12,2±1,6 მმ3, საკვლევ ჯგუფში – 11,6±1,7 მმ3 (t=0,27, p>0,2); 23-ე დღისათვის საკონტროლო ჯგუფში სსმ იყო 23,0±1,9 მმ3, საკვლევ ჯგუფში – 22,8±1,3 მმ3 (t=3,7, p>0,2); 33–ე დღისათვის საკონტროლო ჯგუფში სსმ იყო 30,0±3,9 მმ3, საკვლევ ჯგუფში – 27,1±2,2 მმ3 (t=0,98, p>0,2); 45–ე დღისათვის საკონტროლო ჯგუფში სსმ იყო 44,0±2,5 მმ3, საკვლევ ჯგუფში – 25,0±4,3 მმ3 (t=3,7, p<0,01) ; ხოლო დაკვირვების 54-ე დღისათვის საკონტროლო ჯგუფის ცხოველთა სსმ იყო 52,3±3,7 მმ3, საკვლევ ჯგუფში კი – 30,5±1,1 მმ3 (t=3,66, p<0,02) . შეიძლება ითქვას, რომ სარკომა S-45-ის ზრდის დინამიკაში, ცხოველთა ვაქცინაციის შემდეგ საწყის ეტაპზე აღინიშნა სიმსივნური ქსოვილის საშუალო მოცულობის შემცირების ტენდენცია, ხოლო სიმსივნური ზრდის 45-ე და 54-ე დღისათვის სსმ-ს შემცირება იყო მნიშვნელოვანი და თანაც სტატისტიკურად სარწმუნო. სსმ-ის შემცირების პროცენტმა კონტროლთან შედარებით შეადგინა 4,9%, 0,9%, 9,7%, 43,2% და 41,7% შესაბამისად.
საკონტროლო ჯგუფში ცხოველთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 33,1±3,2 დღე, ხოლო საკვლევ ჯგუფში – 47,3±2,7 დღე, (t=3,39, p<0,005). ე.ი. სიცოცხლის ხანგრძლივობამ დივაქცინით მკურნალობის შემთხვევაში მოიმატა 42,9%-ით არანამკურნალებთან შედარებით, რითიც გამოვლინდა Staphylococcus-Proteus დივაქცინის სიმსივნისსაწინააღმდეგო დადებითი სამკურნალო ეფექტი. სამჯერადი ვაქცინაცია საკმარისი აღმოჩნდა ზემოაღნიშნული ეფექტის მისაღწევად. გარდა ამისა, შემცირდა ინტოქსიკაცია და საკვლევი ჯგუფის ცხოველთა სხეულის წონამ საკონტროლოსთან შედარებით მოიმატა 3%-ით (საკონტროლო ჯგუფში ადგილი ჰქონდა სხეულის წონის კლებას, რამაც დაკვირვების 54-ე დღისათვის ცხოველის საწყის წონასთან შედარებით შეადგინა 10,9%).
II სერიაში შევისწავლეთ Staphylococcus-Pro­teus-Escherichia-Klebsiella ტეტრავაქცინის სიმ­სივნის საწინააღმდეგო სამკურნალო ეფექტი (ცხრ. 2).

დაკვირვების მე-7 დღეს საკონტროლო ჯგუფში ცხოველთა სსმ იყო 13,3±1,3 მმ3, საკვლევ ჯგუფში - 10,3±1,7 მმ3 (t=1,38, p>0,1). მე-17 დღისთვის - 21,4±2,2 მმ3 და 20,7±2,7 მმ3 (t=0,39, p>0,2) შესაბამისად. 22-ე დღისათვის – 31,3±2,4 მმ3 და 23,0±1,2 მმ3 (t=2,14, p<0,05) შესაბამისად, ხოლო დაკვირვების 29–ე დღისთვის საკონტროლო ჯგუფში ცხოველთა სსმ იყო 31,0±1,5 მმ3, საკვლევ ჯგუფში კი – 19,7±1,2 მმ3 (t=2,7, p<0,05).
საკვლევ (ძირითად) ჯგუფში აშკარად გამოვლინდა ტეტრავაქცინის სიმსივნისსაწინააღმდეგო დადებითი სამკურნალო ეფექტი. საკონტროლო ჯგუფში ცხოველთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 27,3±3,2 დღე, მაშინ როცა საკვლევ ჯგუფში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ შეადგინა 41,3±3,4 დღე (t=2,95 p<0,02). ე.ი. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ ტეტრავაქცინით მკურნალობის შემთხვევაში საკონტროლო ჯგუფის ცხოველებთან შედარებით მოიმატა 51,3%-ით სტატისტიკურად სარწმუნოდ.
აღსანიშნავია, რომ დაკვირვების მე-17 დღისთავის საკვლევ ჯგუფში სიმსივნე არ განვითარდა 3 შემთხვევაში. 20 ცხოველიდან 7 შემთხვევაში (35%; p<0,01) მცირე ზომის (<1 სმ3) სიმსივნეებმა განიცადეს სრული უკუგანვითარება – მე-17 დღეს – 4 შემთხვევა, ხოლო 22-ე დღეს – 3 შემთხვევა.
ამრიგად, ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ჰოსპიტალური ინფექციების საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება არ იწვევს სიმსივნური ზრდის სტიმულაციას. მათი ზემოქმედება სიმსივნიან ორგანიზმზე პოზიტიურად აისახება და ვლინდება დეზინტოქსიკაციური და ანტიბლასტომური ეფექტით.
ბაქტერიული ვაქცინების სიმსივნეზე ზემოქმედების მექანიზმი შეიძლება აიხსნას სიმსივნური უჯრედების არასრულფასოვანი იმუნური კომპლექსებისგან დებლოკირებითა და უჯრედის მემბრანის განვლადობის გაძლიერებით, რის გამოც მათ არ ახასიათებთ ქიმიოთერაპიის მსგავსი ტოქსიკური ზემოქმედება. თუმცა, ბაქტერიული ვაქცინების სიმსივნეზე ზემოქმედების ზუსტი მექანიზმების ასახსნელად მომავალში უმჯობესი იქნება შევისწავლოთ ორგანიზმის იმუნური სტატუსი და იმუნური მექანიზმები.

დასკვნები
1. სოლიდური სიმსივნეების დროს (S-45), დივაქცინის სამკურნალო მიზნით გამოყენებისას ადგილი აქვს სიმსივნის ზრდის შეფერხებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას.
2. ტეტრავაქცინის გამოყენება სამკურნალო მიზნით კომპლექსურ დივაქცინასთან შედარებით უკეთეს ანტიბლასტომურ ეფექტს იძლევა. სიმსივნის ზრდის შეფერხებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებასთან ერთად, მცირე ზომის (<1 სმ3) სიმსივნეებმა სრული უკუგანვითარება განიცადეს.
3. ჰოსპიტალური ინფექციების გამომწვევ მიკ­რობ­თა საწინააღმდეგო აქტიური იმუნიზაცია (ვაქცინები) სიმსივნიანი ორგანიზმისთვის საზიანო არ არის. მათ მიერ გამომუშავებული ანტიბაქტერიული იმუნიტეტი მართვადია, ახასიათებთ ანტიბლასტომური ეფექტი და არ ახდენს სიმსივნის ზრდის სტიმულირებას.

ლიტერატურა

ნანახია: 3448 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 10

თქვენ ხართ სტუმარი No: 1269688


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.