აქტუალური თემა

ახალი პროექტები

კანონი და ჯანდაცვა

სიახლეები

გაიდლაინი

ადამიანი და გარემო

კვლევა

მიმოხილვა

რეპროდუქციული ჯანმრთელობა

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

ღირსეული დასტაქარი [5.00]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [5.00]

ორალურმა ინსულინმა კლინიკური ტესტირება წარმატებით გაიარა [5.00]


ძუძუს პირველადი კიბო: დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი დაკვირვების კლინიკური რეკომენდაციები [18047]

ეკოლოგიური აგრესია და ჯანმრთელობა [16706]

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი [12643]

მენოპაუზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გაიდლაინი [12177]

ანოდინ-დუალის თერაპიული ეფექტურობა მუხლის სახსარის ოსტეოართროზის დროს [11699]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 12

ალერგიული რინიტის იმუნოპათოგენეზი

ავტორი: ბ. ლასარეიშვილი 1, ნ. მიცკევიჩი 2
1გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ინფექციური იმუნოლოგიის და ვირუსოლოგიის ლაბორატორია; 2ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი


ცხვირის ღრუს ნორმალური ფიზიოლოგია
ცხვირის ღრუ რესპირატორული აპარატის პირველი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს ყნოსვის ორგანოს, არის ბგერათა რეზონატორი, მონაწილეობს ჰაერის ნაკადის გადაადგილებაში ფილტვებისკენ და პირუკუ მიმართულებით, განაპირობებს ჩანასუნთქი ჰაერის შეთბობასა და დატენიანებას, გაწმენდას ნაწილაკებისგან და ხელს უწყობს მათ გამოდევნას გარეთ.
შენასუნთქი ჰაერის შეთბობასა და დატენიანებას უზრუნველყოფს ცხვირის ნიჟარის ვასკულარიზებული ლორწოვანი გარსი. სისხლძარღვები ვეგეტატური ნერვული სისტემის მარეგულირებელი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. იგი აკონტროლებს რეფლექსების ისეთ თანაფარდობას, რომელიც ამ ფუნქციის ეფექტურ შესრულებას უზრუნველყოფს. სიმპათიკური ნერვული სისტემა ვაზოკონსტრიქციასა და სეკრეციის შემცირებას განაპირობებს, მაშინ როცა, მისი ფუნქციური ანტაგონისტი – პარასიმპათიკური ნერვული სისტემა – ვაზოდილატაციასა და სეკრეციის გაძლიერებას იწვევს. ნორმაში ეს სისტემები ბალანსის მდგომარეობაში არიან, რაც ნებისმიერ გამღიზიანებელზე ადეკვატურ პასუხს უზრუნველყოფს.
ცხვირის დამცველი და გამწმენდი ფუნქცია რამდენიმე მექანიზმით ხორციელდება. შედარებითი დიდი ნაწილაკების დაჭერა ჰაერის გავლისას, ცხვირის ღრუში არსებული თმების მეოხებით ხდება. ცხვირის სეკრეტი შეიცავს ლიზოციმს, რომელიც ბაქტერიოლიზურ თვისებებს ფლობს. ცხვირის სეკრეტის pH შედარებით მუდმივ დონეზე – 7,0 შენარჩუნებული, რომელიც ოპტიმალურ პირობას ქმნის ლიზოციმის აქტივობის გამოვლენისა და წამწამების მოძრაობისთვის. ცხვირის ძირითადი ნაწილები, ძგიდეები, დამატებითი წიაღები მოფენილია წამწამოვანი უჯრედებით, რომელთა წამწამები წუთში 10-15 რხევას ასრულებენ და უზრუნველყოფენ უჯრედთა ზედაპირზე ლორწოს დინებას 2,5-7,5მმ/წთ-ში სიჩქარით. ლორწო – ლორწოვანი და სეროზული ჯირკვლების და ცხვირის ლორწოვანი გარსის თასისებური უჯრედების სეკრეციის პროდუქტია, რომელიც შენასუნთქი ჰაერიდან დაჭერილ ნაწილაკებს შეიცავს. იგი მიედინება ხახის მიმართულებით, რასაც მისი ამოხველა და გადაყლაპვა მოჰყვება. გამომდინარე აქედან, ცხადია, რომ ცხვირის ღრუში განვითარებული ნებისმიერი პათოლოგია მისი ფუნქციის დარღვევას გამოიწვევს.5,8

რინიტი
რინიტი – ცხვირის ღუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პათოლოგიაა, რომელსაც ახასიათებს ლორწოვანის შეშუპება, გაგუდულობა, რინორეა, ქავილი და ცემინება.
რინიტის გამომწვევი ფაქტორები მრავალფეროვანია, რაც განაპირობებს მრავალი სახეობის არსებობას. გასათვალისწინებელია, რომ რინიტების განსაზღვრული სახეობები არ წარმოადგენენ ცალკეულ ნოზოლოგიურ ერთეულებს, ვინაიდან დაავადების გენეზში ცენტრალური ადგილი არ უკავიათ და მხოლოდ მის ერთ-ერთ კლინიკურ გამოვლინებას წარმოადგენენ.
ალერგიული რინიტი
ალერგიული რინიტი არის ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთებითი დაავადება, რომელიც ალერგიული რეაქციებითაა განპირობებული.
სასუნთქი ორგანოების ალერგიებით შეპყრობილ პირთა შორის ყველაზე დიდი წილი ალერგიული რინიტებით დასნეულებულებზე მოდის. ალერგიული რინიტების სიხშირე ადამიანთა საერთო პოპულაციაში 8-12%-ს შეადგენს. უკანასკნელ ათწლეულებში აღინიშნება ალერგიული რინიტის ზრდის ტენდენცია ევროპულ ქვეყნებში, სადაც იგი დღეისათვის 20%-ს აღწევს. ეს ეკოლოგიური პრობლემების გაუარესებასთან არის დაკავშირებული. დაავადება პირველად თავს იჩენს 6-დან 20 წლის ასაკამდე. არსებული მონაცემების თანახმად, ვაჟებში დაავადება უფრო ხშირად 10 წლამდე (ხშირად 2-4 წლის) ასაკში იჩენს თავს, ხოლო გოგონებში ძირითადად 10-დან 20 წლამდე (ხშირია 30-40 წლის შუალედში) ასაკში ვლინდება. ცნობილია, რომ ალერგიული რინიტი ჩვეულებრივ ალერგენთან ხანგრძლივი კონტაქტის შემდეგ ვითარდება. სწორედ ამიტომაა, რომ დაავადებას იშვიათად ვხვდებით 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუმცა, ხანდახან მისი არსებობა 6 თვის ასაკშიც შეინიშნება.2,5,8
სტატისტიკური მონაცემები მეტყველებენ, რომ ალერგიული რინიტისადმი არსებობს მემკვიდრული წინასწარგანწყობა (პრედისპოზიცია). იმ შემთხვევაში, თუ ორივე მშობელი დაავადებულია ალერგიული რინიტით ან ბრონქული ასთმით, მაშინ ბავშვებში ერთ-ერთი დაავადების განვითარების რისკი 70 %-ს შეადგენს, ხოლო თუ ისინი ერთ-ერთ მშობელს გააჩნია, ასეთ შემთხვევაში დაავადების განვითარების ალბათობა 50%-ს უტოლდება. ალერგიული რინიტით დაავადებულთა შორის, რომელთაც არ ჩატარებიათ სპეციალური იმუნოთერაპია, დიდია ბრონქული ასთმის თანდარვის შესაძლებლობა, რაც თითქმის 30%-მდე შეადგენს. მკურნალობის შემთხვევაში კი ალერგიული რინიტის ბრონქულ ასთმაში ტრანსფორმაციის რისკი 7%-მდე მცირდება. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პაციენტთა დიდ ნაწილში ასთმური კომპონენტი ალერგიული რინიტის წარმოშობამდე ვითარდება ან მის თანადროულად აღმოცენდება ხოლმე.3,4,6
ალერგიული რინიტის განვითარებას ან უკვე არსებულის გამწვავებას ხელს უწყობს ვირუსული რესპირატორული ინფექციები და თანმხლები ატოპიური დაავადებები, ორგანიზმზე ისეთი არასპეციფიკური ირიტატორების (გამღიზიანებლები) რეგულარული ზემოქმედება, როგორიცაა თამბაქოს ბოლი, სუნამოები, სასტამბო საღებავები, სარეცხი ფხვნილი, ალკოჰოლური სასმელები, ცხელი და ცხარე საკვები, ჰაერის პოლიუტანტები (CO2, O3, CO, NO2), მტვერი, ფიზიკური დატვირთვა, ორპირი ქარი, ტემპერატურის და წნევის მკვეთრი ცვლილებები, ტენიანობა. ჩამოთვლილი არასპეციფიკური ირიტატორების ზემოქმედებით ადგილი აქვს მოციმციმე ეპითელის ფუნქციის დარღვევას და ალერგენის შეღწევის ფაქტორის (მაგ. ყვავილის მტვერის) მაბლოკირებელი ფერმენტის პროდუქციის შემცირებას. შედეგად იოლდება ალერგენის შერწევა და კონტაქტი ლორწოვანი გარსის იმუნურ კომპონენტებთან. მონაცემები მოწმობენ, რომ დედის მიერ ორსულობის პერიოდში სიგარეტის წევა, ახალშობილის ადრეული კონტაქტის (განსაკუთრებით პირველი 6 თვის განმავლობაში) დროს ცხოველების, ტკიპების და საკვებისმიერ ალერგენებთან, საგრძნობლად მატულობს შემდგომში ალერგიული რინიტის წარმოშობის შესაძლებლობა. სავარაუდოა, რომ ალერგიული რინიტის კონსტიტუციური წინასწარგანწყობა სასუნთქი სისტემის ეპითელის დამცველი ფუნქციის თანდაყოლილ დეფექტს უკავშირდებოდეს.2,3,4,9

ალერგიული რინიტი უფრო ფართოდ ქალაქის მაცხოვრებლებს შორის არის გავრცელებული, ვიდრე სოფლის მკვიდრებში. ეპიდემიოლოგიური გამოკვლევების თანახმად, 75 % პაციენტებისა ქალაქის ბინადარნი არიან და მხოლოდ ავადმყოფების 25 % ცხოვრობს სოფლებში. ამავე დროს, ძლიერ საინტერესოა, რომ ალერგიული რინიტით შეპყრობილთა დიდი ნაწილი მაღალ სოციალურ ფენას მიეკუთვნება. ამის მიზეზი მათი ცხოვრების წესში უნდა მდგომარეობდეს.2,4
დაავადების პროგნოზი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის გეოგრაფიასთან, ალერგენის ზემოქმედების ინტენსივობასთან, კლიმატურ და საცხოვრებელ პირობებთან, პაციენტის ემოციურ მდგომარეობასთან.
განარჩევენ ალერგიული რინიტის 2 ფორმას: სეზონურ და მუდმივწლიურ ალერგიულ რინიტებს. სეზონური ალერგიული რინიტი („პოლინოზი“) – ცხვირის ლორწოვანის იმ ალერგენებით გამოწვეული სპეციფიკური ალერგიული რეაქციაა, რომლებიც ჰაერში წლის მხოლოდ განსაზღვრულ დროს იმყოფება. მუდმივწლიური (პერსისტირებადი) ალერგიული რინიტი – ცხვირის ლორწოვანის იმ ალერგენებით გამოწვეული სპეციფიკური ანთებაა, რომლებთანაც ავადმყოფი მუდმივ კონტაქტში იმყოფება. მუდმივწლიანი ალერგიისთვის დამახასიათებელია განუწყვეტელი მიმდინარეობა ან ხშირი გამწვავება, რომელიც არ არის დამოკიდებული წლის დროზე.1,2,4
პოლინოზი
სეზონურ ალერგიულ რინიტს იწვევს მცენარის მტვერი, სოკოების სპორები, მწერის ნაწილები. პოლინოზებს ალერგიული დაავადებების სტრუქტურაში 10-80 % უკავია. მისი მასიური „აფეთქება“ ჩვეულებრივ მცენარეთა ყვავილობის პერიოდს ემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს მისი გამომწვევი ალერგენების გამტვერვასა და დაგროვებას ჰაერში. ამიტომაც სეზონურ ალერგიულ რინიტი უპირატესად აპრილიდან სექტემბრამდე გრძელდება. სხვადასხვა მცენარის მტვერვის პერიოდი მის სახეობასა და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან არის დაკავშირებული. განსაზღვრული ადგილმდებარეობის მცენარეთა უმრავლესობისთვის ამტვერვა წლის ერთი და იმავე დროს ხდება. სწორედ ამიტომაა, რომ მცენარეთა კონკრეტული სახეობებისადმი სენსიბილიზებულ ინდივიდებში ალერგიული რინიტის პაროქსიზმები გარკვეულ სეზონზე იჩენს თავს და მცენარის ყვავილობის დასრულებასთან ერთად ისიც დაცხრება.2,3,4
პოლინოზს ქარით დამტვერვადი მცენარეების ყვავილის მტვერი იწვევს, რომელთა რაოდენობა 50-მდეა. მკვეთრი შეფერილობის და სასიამოვნო სურნელის მქონე მცენარეები, რომლებიც ყვავილის მტვრის მსხვილმარცვლოვნების გამო მწერებით დამტვერვადია, იშვიათად ხდებიან ალერგიის მიზეზი. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროფესიული საქმიანობიდან (მეფუტკრეები, მეყვავილეები, მემინდვრეები) გამომდინარე ადამიანს ხშირი კონტაქტი უწევს მასთან.2,3
პოლინოზის კლინიკური სურათის სიმძაფრე ჰაერში მტვრის რაოდენობასთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ კლიმატურ/მეტეოროლოგიურ პირობებზეა დამოკიდებული (ტემპერატურაზე, წვიმიანობასა და ქარიანობაზე). დადგენილია, რომ პოლინოზის კლინიკური მანიფესტირება უკავშირდება პერიოდს, როდესაც მტვრის კონცენტრაცია 1სმ3 ჰაერში აჭარბებს 25 მარცვალს. ზოგიერთი რეგიონის ჰაერის „აუზში“ მცნარეების ყვავილობის დროს მტვრის კონცენტრაცია 1სმ3 ჰაერში 650 მარცვალს აღწევს.2,3,4
კლინიკური მოვლენების პერიოდულ ცვლილებას ადგილი აქვს თავად ყვავილობის სეზონის დროსაც. უმრავლეს ავადმყოფებში ალერგიული რინიტის სიმპტომები უფრო გამოხატულია მშრალი, მზიან დღეების დილის საათებში, რაც მტვრის პროდუქციის პიკს უკავშირდება. ეს პერიოდი უმრავლესი მცენარეებისათვის მზის ამოსვლასა (5-6სთ) და 9-10სთ-ს შორის იმყოფება. ავადმყოფების მდგომარეობა უმჯობესდება უქარო და წვიმიან ამინდებში, როდესაც მცენარეების მტვერი სრულიად ქრება ჰაერიდან.2,4,6,9
დაავადებას ახასიათებს პერსისტირება. მისი მიმდინარეობის სიმძიმე იცვლება წლიდან წლამდე, რაც დამოკიდებულია მტვრის რაოდენობასა და ამტვერვის პერიოდის ხანგრძლივობაზე. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება დაავადების სპონტანური რემისია, რაც სპეციფიკური თერაპიის ჩატარების გარეშე ხდება.
უმრავლეს შემთხვევებში დაავადების განვითარების პირველი 2-3 წლის განმავლობაში მისი მინდინარეობა მძიმდება. შემდგომში კი მიიღწევა სტაბილური მდგომარეობა. პოლინოზის მქონე კონტინგენტის 70 %-ს აღენიშნება პოლისენსიბილიზაცია 2 ან მეტი ჯგუფის ალერგენის მიმართ. სეზონური ალერგიული რინიტის დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს მისი პერიოდული გამწვავება. სიმპტომები რეციდივირებას განიცდიან წლიდან წლამდე ერთი და იმავე დროს და დაკავშირებულია განსაზღვრული მცენარეების ყვავილობის პერიოდთან. ცნობილია, რომ ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში დაბადებული ინდივიდები, უფრო ხშირად ავადმყოფობენ პოლინოზით. ამიტომ ალერგიებისადმი მიდრეკილმა ინდივიდებმა ჩვილის ჩასახვა ისე უნდა დაგეგმონ, რომ მშობიარობა ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდს არ დაემთხვეს.2,4,8
სეზონური ალერგიული რინიტი შეიძლება გამოიწვიოს ობის სოკოს სპორებმა, რომლებიც ჰაერში ქარის საშუალებით გამოჩნდებიან ადრეული გაზაფხულზე და პირველი ყინვებისთანავე ქრებიან. განსაკუთრებული მნიშვნელობას ალერგიული რეაქციების გამოწვევის თვალსაზრისით, ისინი წლის ცხელ თვეებში (ივლისი, აგვისტო) იძენენ. გამომდინარე აქედან, იმ ავადმყოფებში, რომლებიც გამოხატულ მგრძნობელობას ავლენენ სოკოს სპორების მიმართ, ალერგიული რინიტის სიმპტომები პერსისტირებს ადრეული გაზაფხულიდან პირველ სუსხებამდე1,2,4,6
მუდმივწლიური ალერგიული რინიტი
მუდმივწლიური ალერგიული რინიტის გამომწვევი ძირითადად საყოფაცხოვრებო ალერგენებია – სახლის მტვრის მიკროტკიპები, ობის სოკოების, ტარაკნების, შინაურ ცხოველთა ეპიდერმისისა და ნერწყვის კომპონენტების, ბალიშის ბუმბულის ანტიგენები. მუდმივწლიური ალერგიული რინიტი შეიძლება გამოწვეული იყოს საწარმოო ალერგენების მოქმედებით. ასეთ შემთხვევაში მართალია სიმპტომებს გააჩნიათ მუდმივი ხასიათი, მაგრამ ისინი უწყვეტი სახით არ ვლინდებიან. პროფესიული ალერგიული რინიტი ხშირად თავს იჩენს იმ მუშათა შორის, რომლებიც დაკავებულნი არიან ყვავილების მოყვანით, სამხების სამხარშველოსა და ხე-ტყის საწარმოში მუშაობით. მუდმივწლიანი ალერგიული რინიტის კლინიკური სურათი სეზონურ ალერგიულ რინიტთან შედარებით გაცილებით მსუბუქია, რაც ალერგენების უფრო მცირე კონცენტრაციის მოქმედებით აიხსნება. თუმცა დროთა მანძილზე მუდმივწლიანი ალერგიული რინიტი შეიძლება იმდენად გართულდეს, რომ პაციენტის სიცოცხლის ხარისხი გაცილებით გაუარესდეს, ვიდრე ბრონქული ასთმის მსუბუქი და ხანდახან საშუალო ფორმების დროს აღინიშნება. 5,8,9
ალერგენი
ალერგენი ჩასუნთქვისას 30 წუთის მანძილზე შეაღწევს ლორწოვან გარსებში. ალერგენით ცხვირის, თვალის, ბრონქების ლორწოვანას სენსიბილიზებას მოჰყვება მთელი სცენარი უჯრედთა ინტიმური კოოპერაციებისა, რასაც მოსდევს პლაზმური უჯრედების მიერ რეაგინური ანტისხეულების IgE-სა და ნაწილობრივ IgG4-ის სინთეზი. ცხადია, რომ ეს Th2 უჯრედებისა და მათ მიერ გამომუშავებული ციტოკინების (IL-4, IL-13) აქტიური მონაწილეობის შედეგს წარმოადგენს, რასაც ლორწოვანას in situ კვლევებიც მოწმობს. IgE თავისი Fc ფრაგმენტით უკავშირდება პოხიერი უჯრედების (მასტოციტების/ლაბროციტების) მემბ­რანაზე კონსტიტუციურად უხვად ექსპრესირებულ მაღალაფინურ რეცეპტორებს (FcεRI), რომლებიც დიდი რაოდენობით იმყოფებიან ცხვირისა და მისი დამატებითი წიაღების ლორწოვან და ლორწქვეშა გარსებზე. იმავე ეპიტოპური სპეციფიკურობის ალერგენის განმეორებითი მოხვედრისას ადგილი აქვს მის ჯვარედინ დაკავშირებას მემბრანაზე ფიქსირებულ IgE-თან, რასაც FcεRI-ის ჯგუფური აგლომერაცია მოჰყვება. ეს კი პოხიერი უჯრედების მძლავრ სტიმულირებას განაპირობებს. მასტოციტების აქტივირებას ციტოპლაზმაში წინასწარ არსებული გრანულების ჯერ ურთიერთშერწყმა, ხოლო შემდეგ მათი შიგთავსის - პირველადი (პირველი რიგის) მედიატორების ეგზოციტოზი მოჰყვება. შედეგად ვითარდება ჰიპერმგრძნობელობის „საწყისი ფაზა“, რომელიც ალერგენის მოქმედებიდან 15-30 წთ-ში იჩენს თავს. მის ფორმირებაში მონაწილეობას ღებულობენ ბიოგენური ამინები (ჰისტამინი, ბრადიკინინი და სხვ.), ქემოტაქსისური ფაქტორები, ენზიმები (ტრიფტაზა, ქიმაზა და სხვ.) და პროტეოგლიკანები (ჰეპარინი, ქონდრიოტინსულფატი). ლაბროციტების დეგრანულაციას მოსდევს ეიკოზანოიდების – პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების (LTC4, LTD4, LTE4) ინტენსიური სინთეზი, რაც თავის პიკს აღწევს 10-45წთ-ის განმავლობაში. მართალია მათი მოქმედება გაცილებით ნელია, მაგრამ ხანგრძლივ ეფექტს განაპირობებენ. გააქტივებული ლაბროციტები იძენენ ციტოკინების (IL-3, IL-4, IL-5, IL-6, IL-13, GM-CSF, ქემოკინები) სინთეზის უნარს, რაც 2-12სთ-ის განმავლობაშია შენარჩუნებული. მოგვიანებით 4-8სთ-ის შემდეგ ქემოტაქსისური ფაქტორების მოქმედების შედეგად ანთებით უბანში გროვდებიან ეოზინოფილები, ბაზოფილები, ნეიტროფილები და მონოციტები, რაც ალერგიული რეაქციის „გვიანი ფაზის“ განვითარების საწინდარი ხდება. გააქტივებული ლეიკოციტები იწყებენ ციტოტოქსიკური მედიატორების გამოყოფას, რომელთაგან ლორწოვანი საფარველის დაზიანებაში წამყვანი მნიშვნელობა ეოზინოფილების მიერ გამოთავისუფლებულ კათიონურ ცილას და მთავარ ფუძე პროტეინს ენიჭება. ეპითელური შრის დაზიანება აიოლებს განმეორებით მოხვედრილი ალერგენების დაკავშირებას ლორწოვანი გარსების ღრმა შრეებში არსებულ პოხიერ უჯრედებთან, რაც ე.წ. მანკიერი წრის განმტკიცებას განაპირობებს.2,4,5,7,9
ანთებითი მედიატორების მოქმედების შედეგად ადგილი აქვს სისხლძარღვების გაფართოებას და მათი კედლების განვლადობის ზრდას, რაც გრანულოციტებით ლორწოვანი გარსების ინფილტრაციასთან ერთად მის შეშუპებას უწყობს ხელს. სისხლძარღვთა კედლების განვლადობის ზრდა, ლორწოვანას ჯირკვლებისა და თასისებური უჯრედების სეკრეციული აქტივობის ზრდასთან ერთად, ლორწოს უხვ წარმოშობას განაპირობებს, რომელიც გამჭვირვალე წყლისებრი კონსისტენციისაა. მედიატორების მოქმედებით რეცეპტორების გაღიზიანება ბიოელექტრული იმპულსების წარმოშობას განაპირობებს, რომლებიც სამწვერა ნერვის გავლით სუნთქვის ცენტრში მიემართებიან და ცხვირცემინების რეფლექსების განვითარებას იწვევენ. თავისთავად ცემინება ორგანიზმის საპასუხო და თავდამცველობითი რეაქციაა, რომელიც ცხვირის ღრუდან უცხო ნაწილაკების ელიმინაციისკენ არის მიმართული. ალერგიული რინიტის დროს ცემინება შეტევით ხასითს ატარებს და უფრო ხშირად გამოღვიძებისთანავე ან დილის საათებში პაროქსიზმების (10-20 ცემინება მიყოლებით) სახით გვხვდება, რაც რინო-კონიუნქტივალურ სინდრომთან (რინორეასთან, თვალისა და ცხვირის ქავილთან, ხველა) ერთად ძლიერ დისკომფორტს უქმნის ავადმყოფს. ეფერენტული ნერვული ბოჭკოების სტიმულირება აქსონ-რეფლექსების ჩართვას იწვევს, რასაც ნეიროპეპტიდების, P სუბსტანციის, ბრადიკინინის ლოკალური გამოყოფა ახლავს და რაც მასტოციტების შემდგომ აქტივირებასა და დეგრანულაციას უწყობს ხელს. ჰისტამინის ზემოქმედებით ტვინის არტერიოლების გაფართოება განაპირობებს თავ-ზურგ-ტვინის სითხის წნევის მატებას, რაც თავის ტკივილის მიზეზი ხდება. განსაზღვრული მედიატორების (ტრიფტაზა და PAF-თრომბოციტების აქტივირების ფაქტორი) ხანგრძლივი და მუდმივი გამოყოფა, რასაც ძირითადად მუდმივწლიანი ალერგიული რინიტის დროს აქვს ადგილი, ხელს უწყობს ცხვირის ღრუში ჰიპერპლაზიური პროცესების განვითარებას (ფიბრობლასტების და პერიოსტეუმის უჯრედების პროლიფერაცია), რაც პოლიპების წარმოშობას განაპირობებს. სეზონური ალერგიული რინიტი ჰიპერმგრძნობელობის I ტიპის რეაქციის კლასიკური მაგალითია. აღსანიშნავია, რომ მუდმივწლიანი ალერგიული რინიტის ფორმირებაში რეაგინური (I) ტიპის რეაქციების გარდა, შენელებული ტიპის (IV) ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებიც ღებულობს მონაწილეობას.1,4,8

კლინიკური გამოვლინებები
ალერგიული რინიტის სიმძიმე, კლინიკის თავისებურება და პროგნოზი განპირობებულია ინდივიდის, როგორც მემკვიდრულ წინასწარგანწყობაზე (შემთხვევათა 50%-ზე მეტში), ისე ალერგენის თავისებურებებზე (ვეგეტაციის ხანგრძლივობაზე, გავრცელების ინტენსივობაზე, „ჯვარედინ“ თვისებებზე). ალერგიული რინიტის დასაწყისში ცხვირის გაგუდულობა ნაწილობრივია, მოგვიანებით კი გამოხატულ ხასიათს იძენს. ცხვირში „მოჭერის“ შეგრძნება ძლიერდება საღამო ხანს და მკვეთრადაა გამოხატული წოლის დროს, რაც ავადმყოფს მშვიდი ძილის საშუალებას უკარგავს. იგი ძილის დროს ხვრინავს, ფშვინავს, საუბრის დროს დუდღუნისებრ ბგერებს გამოსცემს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პირით იძულებითი სუნთქვა სასისა და ხახის გამოშრობას და ტკივილის შეგრძნებას განაპირობებს. ავადმყოფებს აწუხებთ ქავილის შეგრძნება ცხვირის, ყურების, თვალების, სასისა და ხახის მიდამოებში. ცხვირის ქავილის შეგრძნების დაკმაყოფილებას ავადმყოფი ხელის გულის აღმავალი წრიული მოძრაობით ახერხებს, რაც ალერგიული სალუტის (სალტუს) სახელითაა ცნობილი. ორი წლის მანძილზე ცხვირის ამგვარი სრესა მის ქვედა მესამედში, ძვლისა და ხრტილოვანი ქსოვილის საზღვარზე განივი ნაკეცის წარმოშობას იწვევს. იგი თანდაყოლილი განივი ნაკეცისგან განსხვავებით, რომელიც მემკვიდრულ დეფექტს წარმოადგენს, ცხვირის წვერზე თითის ზემოდან დაწოლისას ქრება. რინიტის მწვავე პერიოდში, გამუდმებილი ცემინებისგან ცხვირ-პირს დაღმეჭილი მიმიკა აქვს მიღებული, რასაც „კურდღლის ცხვირს“ უწოდებენ. ალბათ ხშირი ცემინებით უნდა იყოს გამოწვეული ადრეული ბავშვობის ასაკში ქვედა ქუთუთოზე ნეკეცების გაჩენა, რასაც დენნის ხაზების სახელი აქვს მიღებული. ცხვირის გზების გამოხატული დახშობისას ირღვევა ცხვირის წიაღების აერაცია და ევსტაქის მილის განვლადობა. მას მოჰყვება ცხვირის წიაღებიდან შუა ყურში ჰაერის თანდათანობითი აბსორბცია, რაც წიაღებში უარყოფითი წნევის განვითარების მიზეზი ხდება. ამგვარ ცვლილებებს თანახლავს ე.წ. ვაკუუმური ტკივილის განვითარება შუბლისა და ცხვირის წიაღებში, ყურებში. სასმენი მილის დრენაჟის დარღვევა სმენის დაქვეითებას, ბგერის მოგუდულ აღქმას და ტკივილის შეგრძნებას იწვევს, რომელიც განსაკუთრებით შეიგრძნობა ყლაპვის პროცესში. ცხვირის და მისი წიაღების შეშუპება ვენურ შეგუბებას იწვევს, რაც თვალის „ბალიშებზე“ შავი წრეების განვითარებას განაპირობებს, რომელსაც „ალერგიულ ფარანს“ ეძახიან. ალერგიული რინიტის მწვავე ფაზის დროს ავადმყოფს განსაკუთრებული ჰაბიტუსი აქვს მიღებული, რომელსაც ადენოიდურ სახეს უწოდებენ და იგი პირდაღებული, თვალის „ბალიშებზე“ შავი წრეების, გაფართოებული ცხვირის და ნამძინარევი გამომეტყველების არსებობით ხასიათდება. ბავშვობის ადრეულ ასაკში განვითარებული ალერგიული რინიტი სახის ქალის განვითარების დარღვევას იწვევს. ვინაიდან ამ დროს, ბავშვი გამუდმებით პირით სუნთქავს, ადგილი აქვს - სასის რკალის შემჭიდროვებას, რის შედეგადაც გოტიკური სასა წარმოიშობა; მოგრძო და ბრტყელი ზედა ყბის, ჰიპერტროფული ღრძილების, განუვითარებელი ნიკაპის და არასწორი თანაკბილვის ფორმირებას. ენის ზედაპირზე შეიმჩნევა მკაფიოდ შემოსაზღვრული ლაქების ფორმირება. ალერგიული რინიტის დროს იშვიათად შეინიშნება ნაოჭების მქონე ენა. ენის ამგვარი ცვლილებები გეოგრაფიული ენის ცნებით აღიწერება. ხახის მიდამოში ადგილი აქვს ლიმფური ფოლიკულების ჰიპერტროფიას. ალერგიული რინიტის დროს ლოკალური ცვლილებების გარდა საერთო სიმპტომებიც ვითარდება. ავადმყოფი რეციდივების პერიოდში სუსტად და შეუძლოდ გრძნობს თავს, აღგზნებული და გადაღლილია, ხანდახან გააჩნია გულისრევისა და ზოგადი დისკომფორტის შეგრძნება. ავადმყოფს მადა დაკარგული აქვს (ანორექსია), რაც გარდა მოჭარბებული აღგზნებისა, დიდი რაოდენობით ლორწოს ყლაპვით შეიძლება აიხსნას.1,2,5,8,9

ლიტერატურა

ნანახია: 12642 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: beso

თარიღი: 2010-15-11 | 19:45

mimoxilva sainteresoa da fundamenturia, tumca minda davamato, rom alergiebis imunopaTogenezSi IL-4 da IL-13 Tan ertad, aqtiurad monacileobs IL-25, razec kvlevebi intensiurad mimdonareobs bolo periodebSi.



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.