ტენზიოპათოლოგიის მნიშვნელობა თანამედროვე მედიცინაში
ავტორი: გ. ტურაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
თსსუ, შინაგან სნეულებათა დეპარტამენტი
>> ტენზიოლოგიური დარღვევები ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი აქტუალობით, რაც განპირობებულია ტენზიოპათოლოგიური ცვლილებების მაღალი გავრცელებით, მათი სიმძიმით, გართულებების განვითარების საშიშროებით, ავადმყოფთა მაღალი ინვალიდობით და სიკვდილიანობით. ტენზიოლოგიურ დარღვევებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ არამარტო კარდიოლოგიაში, არამედ მედიცინის სხვა დარგებშიც: პულმონოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, ნევროლოგიაში, ქირურგიაში, გინეკოლოგიაში, ოფთალმოლოგიაში და სხვ.
ტერმინი წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან „Tensio“, რაც წნევას ნიშნავს, ხოლო მისი განსაზღვრა – „ტონომეტრია“ – ბერძნულიდანაა ნაწარმოები (Tonos – დაძაბვა, დაჭიმვა).
სისხლის წნევა დიდ გავლენას ახდენს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ და ბიოქიმიურ პროცესებზე. პათოლოგიური სისხლის წნევა აზიანებს სისხლძარღვებს, იწვევს მორფოლოგიურ ცვლილებებს მის კედლებში, წარმოადგენს წამყვან ფაქტორს თირკმლის უკმარისობის, ინსულტებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაში.
სისხლის წნევა წარმოადგენს ჰიდროდინამიკურ წნევას სისხლძარღვებში, რომელიც წარმოიშვება გულის შეკუმშვების შედეგად. სისხლძარღვებში წნევა (არტერიული, კაპილარული, ვენური) უზრუნველყოფს სისხლის დინებას სისხლძარღვოვან სისტემაში და ნივიერებათა ცვლის პროცესებს ორგანიზმის ქსოვილებში.
ტენზიოლოგიაში, სითხის ცირკულაციის შეფასებისას, საჭიროა გამოვყოთ ორი ძირითადი ფიზიოლოგიური პარამეტრი: წნევა და ნაკადი. ნაკადის მახასიათებელია პუაზეილის (ლამინარული დინების) კანონი, უწყვეტობის პრინციპი და სრული პერიფერიული წინააღმდეგობა. არტერიული წნევის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია – არტერიული სისხლის მოცულობა. მოცულობის ცვლილება წნევის ცვლილებისას – ჭიმვადობა წარმოადგენს (Kompliance), მის რეციპროკულ სიდიდეს კი – კედლის უკუზემოქმედება სისხლზე (Elastance). დაუძაბავი არტერიული ქსელის მოცულობა (Unstressed Volume) არის სისხლის მოცულობა არტერიებში, როდესაც შინაგანი და გარეგანი წნევა ერთმანეთის ტოლია.
გულის მარჯვენა და მარცხენა პარკუჭები ერთმანეთთან თანამიმდევრულადაა დაკავშირებული, ანუ მარჯვენამხრივი წუთმოცულობა ტოლია მარცხენამხრივისა. სხეულის სხვადასხვა ორგანოები კი სისხლს იღებენ პარალელურად განლაგებული სისხლძარღვებიდან. პარალელური მომარაგება სისტემურ ორგანოებს უზრუნველყოფს ერთნაირი შემადგენლობის მქონე სისხლით და ერთნაირი არტერიული წნევით.
ბიოლოგიასა და მედიცინაში განსაზღვრავენ ძარღვოვანი სითხის (სისხლის, ლიმფის) ცირკულაციის ნორმულ მდგომარეობას და მომატებული ან დაქვეითებული წნევის შემთხვევებს (ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია).
ადამიანის ორგანიზმში წნევის პათოლოგიურ ცვლილებებთან დაკავშირებული დარღვევები აღინიშნება არამარტო არტერიულ სისხლძარღვთა სისტემაში (სისტემური არტერიული ჰიპერტენზია, არტერიული ჰიპოტენზია), არამედ, სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, ვენურ და ლიმფურ ქსელში, პორტულ ქსელში, ქალასშიდა მიდამოში და ა.შ. (სქემა 1).
სქემა 1.
განსაკუთრებული ყურადღება ყოველთვის ეთმობოდა ჰიპერტონულ დაავადებას. ყველასათვის ცნობილია გ. ლანგის, ა. მიასნიკოვის, მ. წინამძღვრიშვილის, ი. პეიჯის, ჯ. ლარას და სხვა ავტორთა ფუნდამენტალური ნაშრომები. ბოლო პერიოდშიც შეინიშნება დიდი პროგრესი არტერიული ჰიპერტენზიის შესწავლაში და ჰიპერტენზიოლოგიის პოპულარიზაციაში. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იქმნება ჰიპერტენზიოლოგთა ასოციაციები და საზოგადოებები. ამავე დროს, „ჩრდილში“ რჩება და ნაკლები ყურადღება ეთმობა ჰიპოტენზიოლოგიის საკითხებს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ტენზიოპათოლოგიად ჩვეულებრივ იგულისხმება მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზია, მაშინ, როცა ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი სპეციალობის ექიმს ყოველდღიურ საქმიანობაში ხშირად უხდება შეხება არამარტო ჰიპერტენზიის, არამედ ჰიპოტენზიის შემთხვევებთანაც
არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური წნევა – 100 mm Hg-ზე, ხოლო დიასტოლური – 60 mm Hg-ზე დაბალი) ორი სახისაა: პირველადი და მეორადი.
განასხვავებენ პირველადი, ანუ ესენციალური არტერიული ჰიპოტენზიის ორ ტიპს: ა) სისხლძარღვთა ტონუსის კონსტიტუციონალურ–მემკვიდრეობითი დისტონიით გამოწვეული („ფიზიოლოგიური ჰიპოტენზია“); ბ) არტერიული ჰიპოტენზია, როგორც ქრონიკული დაავადება, ტიპიური სიმპტომატიკით: საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, მოთენთილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ორთოსტატიული რეაქციებისკენ მიდრეკილება, კოლაპტოიდური მდგომარეობები, მომატებული თერმო- და ბარომგრძნობელობა („ნეიროცირკულატორული დისტონია“).
მეორადი ჰიპოთენზია გვხვდება ზოგიერთი ინფექციური დაავადებების დროს, ადისონის დაავადების, ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლის ციროზის, ჰიპოგლიეკმიის შემთხვევაში. შესაძლოა განვითარდეს იტოქსიკაციის ან ზოგიერთი სახის სამკურნალწამლო საშუალების ზემოქმედებით.
ამრიგად, ტენზიოლოგია არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზიის პრობლემების შესწავლით. არტერიული ჰიპერტენზია და არტერიული ჰიპოთენზია კარდიოლოგიის განუყოფელი ნაწილია.
მეორე მომენტი, რაც ტენზიოლოგიის აქტუალობაზე მიუთითებს, გახლავთ ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში, ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების შედეგად, მთელი რიგი კარდიოლოგიური დაავადებებისა, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება, გულის მანკები, გულის რითმის დარღვევები და სხვა, საკმაოდ ეფექტურად იკურნება ინვაზიური და ქირურგიული მეთოდებით (ტრანსლუმინალური ბალონური ლაზერული კორონარული ანგიოპლასტიკა, მიოკარდიუმის არაპირდაპირი რევასკულარიზაცია, აორტო-კორონარული შუნტირება, ელექტროკარდიოსტიმულაცია და სხვ.). მაღალი ტექნოლოგიების დანერგვის და ახალი ეფექტური ფარმაკოლოგიური საშუალებების სინთეზირების ფონზე, საგრძნობლად იკლო გულის უკმარისობის შემთხვევებმაც.
პრაქტიკულად, კარდიოთერაპევტების კომპეტენციაში რჩება მხოლოდ არტერიული ჰიპერტენზია და არტერიული ჰიპოტენზია, ანუ ის კარდიოლოგიური დაავადებები, რომლებიც ექვემდებარებიან მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობას.
ტენზიოლოგიური პრობლემები არ უნდა განიხილებოდეს ცალსახად. ამიტომ მიზანშეწონილი იქნებოდა ტენზიოლოგიის, როგორც ცალკე, დამოუკიდებელი კარდიოლოგიური დისციპლინის ან მიმართულების ჩამოყალიბება და სხვადასხვა ტენზიოლოგიური დარღვევების კომპლექსური განხილვა.
მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი სპეციალისტთა მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ტენზიოლოგიური დარღვევების ამგვარი ინტერპრეტაცია სარგებლობას მოუტანს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მედიცინას.
მიუხედავად იმისა, რომ ტენზიოლოგია არ ჩამოყალიბდა ცალკე დისციპლინად, მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე მედიცინაში. ტენზიოპათოლოგიური დარღვევების კვლევა და მკურნალობა დღესაც პრიორიტეტულია თანამედროვე კარდიოლოგიაში.