მედიცინის ისტორია

NOTA BENE

MEDICAL IT

არქივი

მიმოხილვა

პრაქტიკოსის გვერდი

თარგმანი

კვლევა

იშვიათი სინდრომი

ადამიანი და გარემო

სამედიცინო ბიულეტენი

CASE REPORT


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [5.00]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [5.00]

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ინფექციური გამწვავების მკურნალობის ასპექტები [5.00]

ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [5.00]

თირკმლის მწვავე ინფარქტი, როგორც წელის ტკივილის ერთ-ერთი მიზეზი [0.00]


ფარისებრი ჯირკვლის კვანძები: კლინიკური მნიშვნელობა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [43098]

მედეადან მითრიდატემდე [8465]

ენდემიური ჩიყვი საქართველოში*) [8249]

ნანოტექნოლოგიები და ნანომედიცინა [7186]

ტაკოცუბოს კარდიომიოპათია [6561]


თემების რაოდენობა: 13
კომენტარები: 3

თბილისის სარეკრეაციო ზონებსა და მიმდებარე გამზირებზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება

ავტორი: მ. გრძელიშვილი, მ. ლაშხაური, მ. იაშვილი, მ. ქვათაძე, მ. არაბიძე, ქ. კიკნაძე, ნ. შუბითიძე, ნ. საყვარელიძე, ნ. ჩხაიძე
თბილისი, გ. ნათაძის სახ. სანიტარიისა და ჰიგიენის ს/კ ინსტიტუტი
Grdzelishvili M., Lashkhauri M., Iashvili M., Kvatadze M., Arabidze M., Kiknadze K., Shubutidze N., Sakvarelidze N., Chkhaidze N. D,
Georgia, G.Natadze name S/R Institute of Sanitary and Hygiene
Estimation of quality of atmospheric air of recreational zones and adjoining avenues of Tbilisi

>>  The aim of the work was to learn the quality of recreation zone environment (air) throughout Tbilisi, reveal through specific researches the diseases caused by the environmental harmful factors in the population of the most polluted districts of the city, prevent diseases caused by such factors and work out and introduce sanitation measures.
In the air of recreation zones and their nearby avenues as well the sanitary-chemical, microbiological data of the quality. was defined, a one-moment epidemiological quiz-research was held and general epidemiological situation as a result of environmental pollution was assessed. Furthermore, in aimed groups of the territories of the city revealed as most risky lead consistence in hair was defined. The lead consistence in atmospheric air and soil is correlated with lead consistence growth in hair of the population and outdoor traders of this territory.


მსოფლიოს მრავალ ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის პოტენციურ რისკ ფაქტორს. ატმოსფერული ჰაერის ქიმიური დაბინძურება მრავალკომპონენტიანი პროცესია, რაც განაპირობებს ადამიანის ორგანიზმში ერთდროულად რამდენიმე ნივთიერების მოხვედრას.

შესავალი
დიდ ქალაქებში ფორმირებული სასიცოცხლო, ურბანისტული გარემოს განუყოფელი ნაწილია ადამიანი და მისი საქმიანობით შექმნილი ტექნოსფერო. ამ გარემოში მეტად თვალსაჩინოა ანთროპოგენური ზემოქმედების უარყოფითი შედეგები, რაც წარმოშობს რთულ და მრავალფეროვან ანთროპოეკოლოგიურ პრობლემას [1].
მსოფლიოს მრავალ ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის პოტენციურ რისკ ფაქტორს. ატმოსფერული ჰაერის ქიმიური დაბინძურება მრავალკომპონენტიანი პროცესია, რაც განაპირობებს ადამიანის ორგანიზმში ერთდროულად რამდენიმე ნივთიერების მოხვედრას. ქალაქების ატმოსფერულ ჰაერში გავრცელებული დამაბინძურებლების (NO2, SO2, CO2, შეწონილი ნაწილაკები და სხვ.) ის მინიმალური სიდიდეები, რომლებიც იწვევენ საერთო ავადობის ზრდას 7-10-ჯერ ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის (ზდკ) ფარგლებშია, ხოლო რომლებიც იწვევენ ფიზიოლოგიურ ძვრებს – 2-4 ზდკ-ის დონეზეა [2,3].
ჰაერის დაბინძურების დროს ეკოპათოლოგიის სპექტრი საკმაოდ ფართოა და ძირითადად დამოკიდებულია ჰაერში დამაბინძურებლების კონცენტრაციაზე, ექსპოზიციის ხანგრძლივობაზე და ორგანიზმის მდგომარეობაზე. იმ მიდამოებში, სადაც ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებულია გოგირდის ანჰიდრიდისა და აზოტის ოქსიდის მაღალი კონცენტრაციებით, სასუნთქი ორგანოების დაავადება მატულობს 3,5-5-ჯერ. აირებით, აეროზოლებით, მტვრით, გოგირდის ანიდრიდით, აზოტის ჟანგეულებით, ნახშირჟანგით, მძიმე მეტალებით, ფენოლით, გოგირდწყალბადითა და სხვ. დაბინძურებული ჰაერი ადამიანის ორგანიზმზე ახდენს მრავალფეროვან უარყოფით ზემოქმედებას, კერძოდ, აზიანებს კანსა და ლორწოვანს, იწვევს ალერგიულ, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა ორგანოების დაავადებებს და სხვ. ზრდის ონკოლოგიური და მთელი რიგი სპეციფიკური ეკოპათოლოგიების განვითარების რისკს. ფილტვების პათოლოგია არსებითად ატმოსფერული äაერის დაბინძურების მანიფესტური მარკერია [5,6].
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ონკოლოგიური დაავადებების წარმოშობა შემთხვევათა 75-90%-ში დაკავშირებულია გარემოს ეკოლოგიურად საშიშ, მათ რიცხვში ქიმიური ფაქტორების მოქმედებასთან. ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო რეესტრი შეიცავს ასობით ცნობილ, ეკოლოგიურად მავნე ნივთიერებას, რომლებიც ხასიათდება მასენსიბილიზებელი, ტოქსიკური, გამაღიზიანებლი, იმუნოპათოლოგიური მოქმედებებით. ყურადსაღებია გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი სიმახინჯეების განვითარება, რაც მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრებში 2-ჯერ უფრო ხშირად აღინიშნება, ვიდრე სოფლის მოსახლეობაში. მაგალითად, მყარი გადანაყარების, საყოფაცხოვრებო ნაგვისა და სამედიცინო ნარჩენების დაწვისას წარმოქმნილი მტვერი, ჭვარტლი, კვამლი და ტოქსიკური ნივთიერებები დიოქსინები და ფურანები მიეკუთვნება გარემოს მდგრად დამაბინძურებლებს და ხასიათდება კანცეროგენური, ტერატოგენური, მუტაგენური მოქმედებით. დიდ ქალაქებში მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მოქმედი მაღალი რისკის ტერიტორიებია არა მარტო დასახლებული ადგილები, არამედ ბავშვთა სკოლამდელი, სასკოლო და სამკურნალო დაწესებულებები, სარეკრეაციო ზონები და სხვ [2,5].
ამასთანავე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ხელს უწყობს ისეთი ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნას, როგორიცაა: „მჟავა წვიმები“, „სათბურის ეფექტი“, „გლობალური დათბობა“, რაც უარყოფითად მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმებზე (ფლორა, ფაუნა), არქიტექტურულ ძეგლებზე, ადამიანის საქმიანობაზე და აუარესებს სანიტარიულ კეთილდღეობას.
კვლევის მიზანი
კავშირის „ეკომედექსპრესის“ მიერ პროგრამის „თბილისის ფარგლებში არსებული სარეკრეაციო ზონებისა და წყლის ობიექტების გარემოს (ჰაერი, წყალი, ნიადაგი) სოციალურ-ჰიგიენური მონიტორინგი“ განხორციელებისას შესწავლილი და შეფასებულია ჰაერის ხარისხი ბაღებსა და პარკებში და მათ მიმდებარე ცენტრალურ გამზირებზე.
კვლევის მეთოდები და ობიექტი
ჰაერის ხარისხის შესწავლა წარმოებდა სანიტარიულ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით, დასასვენებელი ბაღების, პარკებისა და მიმდებარე გამზირების 8 ობიექტზე, სეზონურად, სამ-სამ წერტილში სულ ჩატარდა 360 გაზომვა [4].
კვლევის შედეგები და განსჯა
კვლევის შედეგების მიხედვით, ივლისისა და აგვისტოს თვეებში ჰაერის დაბინძურება დაახლოებით ერთნაირი და უფრო დაბალი იყო, ვიდრე მაისში. რაც სავარაუდოდ განაპირობა ავტოტრანსპორტის ნაკადის ინტენსივობის შემცირებამ და ცხელმა, მშრალმა ზაფხულმა. კერძოდ, ავტომანქანების მოძრაობის ინტენსივობა სარეკრეაციო ობიექტების მიმდებარე ძირითად გამზირებზე, ე.წ. სამკუთხედის ჩათვლით, (კოსტავას, მელიქიშვილის ქუჩები და ვარაზისხევი) მაისის თვეში საათში დაახლოებით შეადგენდა – 1500-3800 ავტომანქანას, ზაფხულში მკვეთრად შემცირდა და საათში შეადგენდა დაახლოებით –1000-2200 ავტომანქანას, ხოლო ოქტომბერში კვლავ გაიზარდა 3000-4000-მდე.
ჰაერის სინჯების 70%-ში აღინიშნა განსაზღვრული მაჩვენებლების მაღალი კონცენტრაციები ზღვრულად დასაშვებთან შედარებით. განსაკუთრებით მაღალი იყო მტვრის შემცველობა თითქმის ყველა წერტილში და აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას 1,3-16,9-ჯერ. განსაკუთრებით მაღალი იყო კოსტავას ქუჩაზე, ვერის პარკთან, მელიქიშვილის გამზირზე ლიტერატურულ კაფესთან, დოდო აბაშიძის სახელობის სკვერთან. აზოტის დიოქსიდის რაოდენობა 1,1-5,5-ჯერ, გოგირდის დიოქსიდის (გარდა ბოტანიკური ბაღისა – საკონტროლო) – 1,64-16,0-ჯერ, ჭვარტლისა – 1,3-2,5-ჯერ აღემატებოდა ზდკ-ს. ზოოპარკის ტერიტორიაზე ცხოველების ვოლიერებთან ამიაკის კონცენტრაცია 3-5-ჯერ აღემატებოდა ზდკ-ს (ცხრილი 1).
ჰაერის სინჯების მიკრობიოლოგიურმა კვლევამ გამოავლინა მომატებული მიკრობული დაბინძურების ტერიტორიები, კერძოდ, კოსტავას ქუჩა, ვერის პარკი, ზოოპარკი, წერეთლის სკვერი, მუშტაიდი, წითელი ბაღი, რომლებსაც ასევე ახასიათებდათ მომატებული ქიმიური დაბინძურება (ცხრილი 2).
გამოვლინდა მომატებული რისკის ის ტერიტორიები (კოსტავას ქუჩა, რუსთაველის, მელიქიშვილის, ჭავჭავაძის გამზირები და მათი მიმდებარე სარეკრეაციო ზონები), სადაც აღინიშნა მიმდებარე სკვერებისა და ბაღების ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება.
სამუშაოს შესრულებისას ამ ტერიტორიებზე მოხდა ტრანსპორტის ნაკადისა და სახეობების შეცვლა (ცენტრალურ გამზირებზე აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა), გზის საფარის განახლება. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით შესწავლილ იქნა ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობა (კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩები, ჭავჭავაძის, წერეთლის პროსპექტები და ე. წ. «სამკუთხედი»). დადგინდა, რომ წინა თვეებთან შედარებით, სარეკრეაციო ზონების მიმდებარე გამზირებზე ატმოსფერულ ჰაერში შემცირდა აზოტის, გოგირდის დიოქსიდების და ტყვიის შემცველობა, განსაკუთრებით ე.წ. „სამკუთხედში“. კოსტავას ქუჩაზე (ზოოპარკთან) და ა. ყაზბეგის გამზირზე წითელ ბაღთან აღინიშნა მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების მატების ტენდენცია, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია სატრანსპორტო ნაკადის ინტენსივობიის მკვეთრ მატებასთან, მტვრისა და ჭვარტლის რაოდენობა ყველა შესწავლილ წერტილში კვლავ მომატებული დარჩა.
მომატებული რისკის ტერიტორიებზე ანკეტური გამოკითხვის მეთოდით შესწავლილი იქნა ზოგადი ეპიდსიტუაცია.
ამ მიზნით შეირჩა ოთხი ასაკობრივი ჯგუფი: 40 წლამდე, 40-50 წელი, 50-60 წელი და 60 წლის ზევით. გარემოს უარყოფით ფაქტორებთან კონტაქტის ხანგრძლივობის მიხედვით შეირჩა 3 ჯგუფი: I ჯგუფი 5 წელი, II ჯგუფი 5-15 წელი და III ჯგუფი 15 წელი და ზევით სამუშაო სტაჟით.
გამოკითხული იყო 150 პირი, აქედან,
• 8,3% სარეკრეაციო ზონების პარკების, ბაღებისა და სკვერების დამსვენებლები;
• 11,3% პარკების, ბაღებისა და სკვერების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა;
• 80,4% პარკების, ბაღებისა და სკვერების, აგრეთვე მიმდებარე გამზირებსა და ქუჩებზე მომუშავე პირები.
გამოკითხულთაგან 36,1% იმყოფებოდა შენობებში, ხოლო 63,9% ღია ცის ქვეშ. 14,3% მუშაობდა დღე გამოშვებით, სამუშაო დრო 24 საათი, 26,2% _ ყოველდღიურად, 8-10 საათის განმავლობაში, 19,5% კი ამ ტერიტორიების მაცხოვრებლები იყვნენ.
ანკეტური მასალის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხულთაგან 55,6%-ს აღენიშნება სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული ჩივილები, 44,4% თავს მიიჩნევს პრაქტიკულად ჯანმრთელად. 40,6% აღნიშნავს საცხოვრებელი ბინისა და სამუშაო ადგილის მიმდებარე ქუჩებზე ტოქსიკური ნისლის ანუ „სმოგის“ არსებობას, ძირითადად ზაფხულის პერიოდში, საღამოს.
გამოკითხულთა ჩივილები უკავშირდება ქალაქის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას მტვერით, კვამლით და ჭვარტლით. 74,4% ჰაერის დაბინძურებას ყველაზე მეტად აღიქვამს ზაფხულში, 6,8% – გაზაფხულზე, ხოლო 5,3% – შემოდგომაზე. გამოკითხულთა 39,8% ჰაერის დაბინძურებას მკვეთრად აღიქვამს შუადღისას, 18,8% – საღამოს, ხოლო 12% – შუადღისას და საღამოს და იგივე რაოდენობა – ერთნაირად მთელი წლის განმავლობაში.
ამრიგად, მიღებული შედეგების გაანალიზებით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სარეკრეაციო ზონებში მყოფი პირები (მომუშავეები და დამსვენებლები), ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე მაცხოვრებლები ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებას ყველაზე მეტად აღიქვამენ ზაფხულში, შუადღისას, როდესაც აერაცია ყველაზე ნაკლებია. მათზე მოქმედებს გამონაბოლქვის სუნი და ჰაერის ისეთი დამაბინძურებლები, როგორიცაა მტვერი, ჭვარტლი, კვამლი, შესაბამისად, ჩივილები გამოხატულია ძირითადად იმ სიმპტომებით, რომლებსაც იწვევს ჰაერში აღნიშნული დამაბინძურებლები. კერძოდ,
• ცხვირ-ხახის, თვალის ლორწოვანის გაღიზიანება;
•პირის ღრუსა და ყელის სიმშრალე;
• თავის ტკივილი, თავბრუ;
• ალერგიული სურდო;
• სუნთქვის გაძნელება.
გამოკითხულთა შორის ჩივილები გამოხატულია, როგორც ცალკეული სიმპტომებით, ისე სიმპტომკომპლექსით. ამავე დროს როგორც პროცენტული მაჩვენებლით, ასევე სიმპტომების რაოდენობის მიხედვით, ჩივილები მატულობს ასაკის მატებასთან ერთად.
ამიტომ მომატებული რისკის ტერიტორიებზე შეირჩა 4 ძირითადი სამიზნე ჯგუფი, რომელთა თმაშიც შესწავლილია ტყვიის შემცველობა.
I ჯგუფი – გარე მოვაჭრენი, რომლებიც წლების მანძილზე ავტომანქანებით გადატვირთულ გამზირებზე ვაჭრობენ; II ჯგუფი – პენსიონერი დამსვენებლები, რომლებიც დღის განმავლობაში 3-5 საათს ატარებენ ქუჩებში, III ჯგუფი – გამზირების მიმდებარე სახლების მცხოვრებლები; IV ჯგუფი – საკონტროლო, თბილისის შედარებით «სუფთა» უბნის (მთაწმინდის) მცხოვრებლები.
კვლევის შედეგებით თმაში ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა აღინიშნა გარემოვაჭრეთა თმაში (I ჯგუფი), მაქსიმალური შემცველობა 74,0 მკგ/გ. თმაში ტყვიის შემცველობა სამუშაო სტაჟის პირდაპირპროპორციული აღმოჩნდა. საკონტროლო ჯგუფის (IV) მცხოვრებთა თმაში ტყვიის შემცველობა მერყეობდა 6,0-18,5 მკგ/გ და ყველაზე დაბალი აღმოჩნდა შესწავლილი ჯგუფებიდან. II და III ჯგუფის ადამიანების თმაში ტყვიის შემცველობა მეტია საკონტროლო ჯგუფთან შედარებით და ნაკლებია გარემოვაჭრეთა ჯგუფთან შედარებით, საშუალო შემცველობა მერყეობს 22,5-50,0 მკგ/გ-ს ფარგლებში. ამრიგად, ჩვენი კვლევების შედეგებით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მომატებული რისკის ტერიტორიებზე სამიზნე ჯგუფის ადამიანების ორგანიზმში (თმაში) ტყვიის შემცველობის მატების ერთ-ერთი მიზეზი დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერიცაა.
დასკვნები
• ატმოსფერული ჰაერის აღებული სინჯების 70%-ში აღინიშნა განსაზღვრული მაჩვენებლების (NO2, SO2, მტვერი, ჭვარტლი, ტყვია) მომატებული კონცენტრაციები, ზღვრულად დასაშვებთან შედარებით;
• ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მატება (1,1-3,0-ჯერ) ზდკ-თან შედარებით კორელაციაშია ამ ობიექტების ნიადაგიდან აღებულ სინჯებში ტყვიის (1,0-2,0-ჯერ ზდკ-თან შედარებით) შემცველობის მატებასთან, ამავე დროს გარემოვაჭრეთა თმაში ტყვიის შემცველობა სამუშაო სტაჟის პირდაპირპროპორციული აღმოჩნდა;
• ატმოსფერული ჰაერის მომატებული მიკრობული დაბინძურება გამოვლინდა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ასევე ახასიათებთ ჰაერის მომატებული ქიმიური დაბინძურება.
პრაქტიკული რეკომენდაციები
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასატარებელი ტექნიკური, დაგეგმარებითი და ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული ღონისძიებების კომპლექსი გადაეცა თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებს:
1. საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის რაციონალური ორგანიზაცია:
ა) ავტოსატრანსპორტო ნაკადების გადანაწილება სხვადასხვა ქუჩაზე;
ბ) ცალმხრივი მოძრაობა;
გ) ქალაქის ირგვლივ შემოვლითი გზების მშენებლობა და სხვ.;
დ) ცენტრალურ გამზირებსა ქუჩებზე ავტომანქანების ორმხრივი დგომის აკრძალვა, ავტომანქანების სპეციალური სადგომების (პარკინგები) მოწყობა;
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაღალხარისხსიანი საწვავით (ბენზინი, დიზელი) უზრუნველყოფა;
3. ტექნიკურად გაუმართავი (აირდამჭერი ფილტრები, ხმაურჩამხშობი და სხვ.) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აკრძალვა;
4. სატრანსპორტო გზების დროული რემონტი, მოპირკეთება, მაღალხარისხიანი ასფალტის ან სხვა საფარის დაგება შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით;
5. შესაბამისი ორგანიზაციების მიერ პერიოდულად ავტომანქანების გამონაბოლქვში ტოქსიკური აირების შემცველობის განსაზღვრა;
6. გზაჯვარედინებზე შუქნიშნების რეგულარული მუშაობის უზრუნველყოფა;
7. ქუჩის სამგზავრო ნაწილსა და ქვეითად მოსიარულეთა შორის დაცვითი მწვანე ზოლის შექმნა, არსებულის გაფართოება, ტრასების მიმდებარე ტერიტორიების სივრცეების შევსება ბუჩქნარით;
8. გამზირებისა და ქუჩების სისტემატური დასუფთავება, მორწყვა, განსაკუთრებით ზაფხულში;
9. საყოფაცხოვრებო ნაგვის, მცენარეთა ფოთლების, ტოტების დაწვის აკრძალვა;
10. მიწისქვეშა გადასასვლელების კეთილმოწყობა და სისტემატური დასუფთავება;
11. საცხოვრებელი ტერიტორიის განაშენიანება და საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების აგება სამშენებლო ნორმებისა და წესების („ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების საცხოვრებელი ტერიტორიის დაგეგმარება და განაშენიანება“) მოთხოვნების მიხედვით; საცხოვრებელი სახლების შიდა დაგეგმარება ისე, რომ სარეკრეაციო სათავსები არ იყოს ორიენტირებული ავტოტრანსპორტით დატვირთული გამზირებისა და ქუჩების მხარეს;
12. სატრანსპორტო მაგისტრალებსა (გამზირები) და საცხოვრებელი სახლების წითელ ხაზს შორის სამშენებლო და ჰიგიენური ნორმებით გათვალისწინებული მანძილის დაცვა;
13. ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის ეროვნული სახელმწიფო სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და დანერგვა;
14. მექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტით მოსარგებლე პირებისა და ორგანიზაციების მიმართ ადმინისტრაციული ზომების დადგენა და გამოყენება;
15. ნებისმიერი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ზღვრული სიჩქარეების დადგენა და სამარშრუტო ავტოტრანსპორტისთვის (ტაქსები) გასაჩერებელი ადგილების დადგენა და დაცვა;
16. სანიტარიული ზედამხედველობა დასახლებული ადგილების, გამზირების, ქუჩებისა და მიმდებარე სარეკრეაციო ზონების ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე სანიტარიული წესებისა და ნორმების („დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისაგან დაცვა“) მოთხოვნების მიხედვით;
17. ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით მოსახლეობის სანიტარიული და ეკოლოგიური განათლების დონის ამაღლება პირადი საუბრების, საინფორმაციო ლიტერატურისა და სხვა საშუალებების გამოყენებით.

ლიტერატურა

ნანახია: 4336 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268402


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.