თანამშრომლობა

მედიცინის ისტორია

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

სიახლეები

მიმოხილვა

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

NOTA BENE

გაიდლაინი

დისკუსია

სამედიცინო ბიულეტენი

ჩვენი თანამედროვე

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [5.00]

ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

უეცარი კარდიული სიკვდილი [5.00]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [4.00]

სანგრისეული ტერფი [0.00]


ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფექცია - ინფექციური მონონუკლეოზი [48567]

შაქრიანი დიაბეტის მართვის გაიდლაინი: გლიკემიის მართვა [10480]

გულის დიასტოლური უკმარისობა: ეპიდემიოლოგია, ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა [9190]

მასტოპათია და კიბო [7691]

მშობიარობის შემდგომი კონტრაცეპცია და ძუძუთი კვება [6249]


თემების რაოდენობა: 21
კომენტარები: 1

უეცარი კარდიული სიკვდილი

ავტორი: ხ. ჯალაბაძე, კ. ეცადაშვილი, ი. ავალიანი, ზ. კლიმიაშვილი, ა. მელია
ანზორ მელიას კარდეოლოგიური კლინიკა „გული“


„ის ვინც იცავს ერთი ადამიანის სიცოცხლეს, იცავს მთელ სამყაროს“
ტალმუდ სანჰეიდრინი

უეცარი კარდიული სიკვდილის (უკს) შედეგად აშშ-ში ყოველწლიურად ≈450 000 ადამიანი იღუპება; იგი წარმოადგენს სიკვდილობის ერთ-ერთ უხშირეს მიზეზს მთელს მსოფლიოში. უეცარი სიკვდილის მიზეზი ძირითადად არითმია ხდება – პარკუჭთა ტაქიკარდია/ფიბრილაცია ან გამტარებლობის დარღვევები.
უეცარი კარდიული სიკვდილი – ეს არის გულის დაავადებების შედეგად გამოწვეული სიკვდილი, რომელიც ვითარდება მწვავე სიმპტომების განვითარებიდან 1 საათის განმავლობაში. ამასთანავე, ავადმყოფს შესაძლოა ჰქონდეს გულის დიაგნოსტირებული დაავადება, მაგრამ სიკვდილი დგება მოულოდნელად და სწრაფად, ძირითადი დაავადების სიმტომატიკის დამძიმების გარეშე.
უეცარი კარდიული სიკვდილის მიზეზს შემთხვევათა 50%-ში წარმოადგენს გულის იშემიური დაავადება; უფრო მეტიც, არც თუ იშვიათად, იგი ამ დაავადების პირველი და ერთადერთი გამოვლენა ხდება. სხვა პათოლოგიებიდან აღსანიშნავია მიოკარდიუმის გენეტიკური არითმოგენური პათოლოგიები, კარდიომიოპათიები, კორონარების ანატომიური ანომალია და სხვა. ზოგად პოპულაციაში უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალ რისკს განსაზღვრავს ასაკი, ჰიპერტენზია, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია, ინტრავენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა, თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა, ტაქიკარდია (დიაგრამა 1) და სხვ.
დეფიბრილაცია ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება უკს-ის მსხვერპლთა გადასარჩენად. შესაბამისად, კარდიოლოგიურ პრაქტიკაში უკვე ფართოდ დაინერგა იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების გამოყენება უკვე დიაგნოსტირებული კარდიოლოგიური დაავადების მქონე მაღალი რისკის პაციენტებისთვის. იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი (სურათი 2) შეიცნობს რითმის ფატალურ დარღვევას და ასრულებს შესაბამის თერაპიას (გადაძაბვა, სტიმულაცია, შოკი).
დადასტურებული კარდიული დაავადებების მქონე პაციენტებში მსგავსი მოწყობილობების იმპლანტაციის რიცხვი უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში კოლოსალურად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ძვირადღირებულ მკურნალობას წარმოადგენს. საქართველოში იმპლანტირებადი კარდიოვერტერების ისტორია დაიწყო კარდიოლოგიურ კლინიკაში „გული“, სადაც 2003 წელს ჩაიდგა პირველი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი; დღეისთვის დაახლოებით 28 ასეთი ოპერაციაა გაკეთებული, რაც ძალიან ჩამორჩება სასურველს; მიზეზი კი პირველ რიგში ფინანსური საკითხი და აპარატის მაღალი ფასია.
მეორეს მხრივ, უცარი კარდიული სიკვდილის მსხვერპლთა უმრავლესობაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან უეცარი კარდიული სიკვდილის რისკი სათანადოდ არ არის შეფასებული. ასეთ შემთხვაში უზარმაზარ მნიშვნელობას იძენს ჰოსპიტალგარე რეანიმაციის სწორი და ეფექტური ამუშავება, დროული და სწორი დახმარება.
დროული და სწორი დახმარების ორგანიზაცია ჯანდაცვის სფეროს ერთერთი სერnოზული პრობლემაა, რადგან მოითხოვს ე.წ. „გადამრჩენი ჯაჭვის“ ამუშავებას (სქემა 1).
ასეთი ორგანიზების მიზანია შეამციროს უეცარი კარდიული სიკვდილის ხანგრძლივობა, ანუ დრო მდგომარეობის განვითარებიდან სისხლის მიმოქცევის ადეკვატურ აღდგენამდე, რათა არ დავუშვათ სასიცოცხლო ორგანოების, პირველ რიგში, თავის ტვინის შეუქცევადი ცვლილებები. ამ ჯაჭის პირველი რგოლია მდგომარეობის, როგორც უეცარი კარდიული არესტის, შეფასება, დროული განგაში და კვალიფიციური სამედიცინო ბრიგადის გამოძახება შემთხვევის ადგილზე. ამასთანავე, საჭიროა შემთხვევის მოწმე ფლობდეს კარდიოპულმონური რეანიმაციის საფუძვლებს. უკანასკნელ პერიოდში ინტენსიურად განიხილება დეფიბრილატორების ხელმისაწვდომობა ფართო საზოგადოებისათვის. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა გარეგანი ხმარების ავტომატური დეფიბრილატორი (სურათი 3).
ავტომატური დეფიბრილატორი წარმოადგენს ერთ-ერთ მძლავრ იარაღს უეცარი კარდიული სიკვდილის წინააღმდეგ არსებულ საბრძოლო არსენალში. ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორები, როგორც კვლევებმა აჩვენა, ამცირებს სიკვდილობას აეროპორტებში, თვითმფრინავებში და ისეთი მაღალი რისკის გარემოში, როგორიცაა სამორინეები. ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორი შექმნილია სამედიცინო განათლების არმქონე პირებისთვის, გამოსაყენებლად არის მარტივი და საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გამოვიყენოთ დრო კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღებამდე; ანუ ეს მოწყობილობა შეიცნობს გონების კარგვის მიზეზს, გვთავაზობს შესაბამისს თერაპიას ან მოქმედების ალგორითმს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მოსვლამდე.
ის, რომ უეცარი კარდიული სიკვდილი საზოგადოების რეალური პრობლემაა, კარგად ჩანს სპორტული შეჯიბრებების დროს განვითარებული ტრაგიკული შემთხვევებით, რომლებიც, მედიის ჩართულობის გამო ზედმიწევნით ხმაურდება; თუმცა, ამავე საზოგადოებისათვის უცნობია, რომ მსოფლიოში ყოველ 80 წმ-ში 1 ადამიანი უკს-ით იღუპება.
კარდიოვასკულური სიკვდილობა სპორტში იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ათლეტის მოულოდნელი და უეცარი სიკვდილი უდიდეს ტრაგიკულ გავლენას ახდენს ოჯახზე, სხვა სპორტსმენებზე, საზოგადოებაზე. უეცარი კარდიული სიკვდილის რისკი იზრდება ასაკთან ერთად და უფრო მეტია მამრობითი სქესის ათლეტებში. აშშ-ში ჩატარებული პოპულაციური კვლევის მიხედვით 12-24 წლამდე ათლეტებში უეცარი კარდიული სიკვდილის რისკი ფასდება <1 100000 მონაწილიდან/წელიწადში. ციფრი თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ საგულისხმოა ის, რომ პროფესიულ სპორტში აქტიურად ჩართულ ახალგაზრდებში უეცარი კარდიული სიკვდილის რისკი 2.8-ჯერ მეტია მათი არასპორტსმენ თანატოლების რისკთან შედარებით. ამის მიზეზს წარმოადგენს არსებული, მაგრამ არადიაგნოსტირებული, გულის პრობლემების ფონზე გაძლიერებული ფიზიკური ვარჯიში, რომელიც ხდება არითმიული კარდიული არესტის მიზეზი სავარჯიშო მოედანზე. ეს ადასტურებს, თუ რამდენად აუცილებელია სპორტსმენების სისტემატური სკრინინგი, რათა დროულად გამოვლინდეს საშიში კარდიული დარღვევები და დავიცვათ ისინი უეცარი კარდიული სიკვდილისაგან.
ძირითადი კარდიოლოგიური პრობლემები, რომელსაც სპორტსმენების კარდიულ სიკვდილთან აკავშირებენ, კარდიომიოპათიებია; ძირითადად, ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია, მარჯვენა პარკუჭის არითმოგენული დისპლაზია, ნაადრევი კორონალური არტერიების დაავადება ან თანდაყოლილი კორონალური ანომალიები. ათლეტების პრესიმპტომური გამოვლენა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა; ეს არ არის ძვირადღირებული მეთოდი: 12 განხრიანი ელექტროკარდიოგრამის დეტალური ანალიზი და ექიმის მიერ ანამნეზის სწორი შეკრება საკმაოდ დიდ ინფორმაციას გვაწვდის სპორტსმენის გულის მდგომარეობის შესახებ.
იტალიაში, ვენეტოს რეგიონში, 1979-2004 წწ. ტარდებოდა ათლეტების სკრინინგი წინასწარ შემუშავებული გამოკვლევის სქემით (სქემა 2).
26 წლიანმა დაკვირვებამ გამოავლინა სკრინინგული პროგრამის ეფექტურობა. უეცარი კარდიული სიკვდილის წლიური შემთხვევების რაოდენობა ათლეტებში შემცირდა 89%-ით. შედარებისათვის აღსანიშნავია, რომ უეცარი კარდიული სიკვდილის შემთხვევები იმავე ასაკობრივ ჯგუფში არასპორტსმენებში ამ პერიოდისთვის მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სიკვდილობის მყარი შემცირება დაიწყო მას შემდეგ, რაც ასპარეზობის წინ სპორტსმენების გამოკვლევა სავალდებულო გახდა (დიაგრამა 2).
ამავე კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სპორტსმენების ეკგ-ის სკრინინგი წარმოადგენს საკმაოდ ინფორმატიულ გამოკვლევის მეთოდს, რათა თავიდან ავიცილოთ უეცარი სიკვდილის შემთხვევები ათლეტებში. ფაქტია, რომ დღესდღეობით საზოგადოებრივ ჯანდაცვას არ გააჩნია უფრო ხარჯთეფექტური მეთოდი ვიდრე 12-განხრიანი ეკგ.
მეორეს მხრივ, რამდენადაც უეცარი კარდიული სიკვდილის რისკის შეფასება ერთერთი ურთულესი პრობლემაა, აქტუალობას არ კარგავს ავტომატური დეფიბრილატორების ფართო მობილიზაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს პრაქტიკა უკვე საკმაოდ ფართოდ არის დანერგილი ევროპასა და ამერიკაში და საჭიროა დაინერგოს საქართველოშიც.
დასკვნა: უეცარი კარდიული სიკვდილი კვლავ რჩება მედიცინის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. მიუხედავად მისი მექანიზმის შესწავლისა და პროფილაქტიკის საკითხებში მიღწეული წარმატებებისა, რისკის შეფასებისა და მასთან ბრძოლის მეთოდები კვლავ შორსაა იდეალურისაგან. სანამ კარდიოლოგები და ელექტროფიზიოლოგები ცდილობენ რისკის სტარიფიკაციისა და პრევენციის მეთოდების დახვეწას, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის, ისევე როგორც მთლიანად სამედიცინო საზოგადოების მობილიზაცია, რათა ქართულ სინამდვილეში დაინერგოს და ამუშავდეს უეცარი კარდიული სიკვდილის პირველადი და მეორადი პრევენციის სადღეისოდ აპრობირებული და მიღებული სტრატეგიები.

ლიტერატურა

ნანახია: 5882 | შეფასებულია: 1 | რეიტინგი: [5.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 5

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268404


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.