იუბილე

სიახლეები

NOTA BENE

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

კვლევა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

გაიდლაინი

დისკუსია

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ნობელის პრემიის ლაურეატები - 2008, მედიცინისა და ფიზიოლოგიის სფერო. [5.00]

ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [5.00]

საოფისე სკამი ხერხემლის შესაბამისი სიმრუდეების მქონე საზურგით [5.00]

ახალი ხელოვნური გული პრეკლინიკურ გამოცდას გადის [5.00]


ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [15880]

გულმკერდში ტკივილის მენეჯმენტი [14152]

ვულგარული აკნეს (ACNE VULGARIS) მართვის გაიდლაინი [13637]

ჰოსპიტალური მენეჯმენტი: პრელუდია [7688]

შუა ყურის ქოლესტეატომური დაავადების მკურნალობა [6108]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 3

რელაპარატომია და მასთან დაკავშირებული ეთიკური და დეონტოლოგიური საკითხები

ავტორი: ბ. არჩვაძე, მედიცინის მეცნეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; მარნეულის სარაიონთაშორისო საავადმყოფო
Professor B. Archvadze, M.D. Marneuli Regional Hospital
Ethic and deontological issues in connection with re-laparotomy

>>  The work presented by the author is of general theoretic character, it does not deal with the reasons for re-laparotomy in certain cases of surgical diseases. In return it gives sufficient coverage of quite an important issue which is in direct connection with the performance of re-laparotomy. It concerns the mistakes which are made by the surgeons during the operation and therefore such mistakes are justly considered in connection with medical ethics and deontology. The author believes that the reason for the doctors’ mistakes lies in their insufficient qualification and considers that such mistakes can be minimized by increasing their professional level. As concerns medical ethics and deontology, for the recovery of the patient it is equally important to observe them properly during the implementation of repeated operations, than other organizational and technical issues.


სურათი 1. Dr. Samuel D. Gross-ის პორტრეტი, Thomas Eakins, 1875. ფოტო: Graydon Wood, 2007.

შესავალი
მიუხედავად იმისა, რომ აბდომინურ ქირურგიაში აღინიშნება დიდი პროგრესი, ჯერ კიდევ ხშირია სერიოზულ გართულებათა რიცხვი. ზოგიერთი მათგანის მკურნალობა გარდაუვალს ხდის რელაპარატომიის წარმოებას,2,3,4 რომლის შესრულების დროული გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია მორალურ-ეთიკურ და დეონტოლოგიურ საკითხებთან.1,5 ამიტომაც, მისი წარმოება სასურველი არ არის არცერთი ქირურგისათვის, იგი უფრო იძულებითი მეთოდია, ვინაიდან მისი წარმოების გადაწყვეტამდე ქირურგს ამოწურული აქვს სხვა სამკურნალო გზების და საშუალებების გამოყენების შესაძლებლობები. რელაპარატომიის აუცილებლობის პროგნოზირება ზოგჯერ ოპერაციის შემდგომ ძალზე უახლოეს პერიოდშიც კი არის შესაძლებელი, დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე ოპერაციის შემდგომ გართულებათა განვითარების გამო. ზოგჯერ რელაპარატომიის აუცილებლობა იმდენად მოულოდნელია ექიმისათვის, რომ დიდ დაბნეულობასა და გაუგებრობებსაც კი იწვევს. მაგ., მუცლის ღრუს მძიმე ტრავმების დროს, როდესაც დაზიანებულია მრავალი ორგანო და მათ შორის პარენქიმული, ოპერაციის უნიკალური შესრულების შემდეგაც კი რჩება იმის ეჭვი, რომ შეიძლება მუცლის ღრუში მაინც დაგროვდეს სისხლი ან ქსოვილოვანი გამონადენი, მუცლის ღრუს ინფიცირების შემთხვევაში განვითარდეს პერიტონიტი, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეპტიკის სათანადო დაცვის პირობებში ჩვეულებრივი კალკულოზური ქოლეცისტიტი გართულდეს ჩირქოვანი პერიტონიტით ან ნაწლავთა მწვავე გაუვალობით, თანაც მაშინ, როცა ოპერაცია შესრულებელია მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის მიერ ყოველგვარი ტექნიკური წუნის გარეშე.

წლების მანძილზე ამა თუ იმ აპრობირებული მეთოდით ოპერაციის წარმოების შემთხვევაში, ქირურგი ოპერაციას წარმატებით ასრულებს უფრო მაშინ, როდესაც მას სტანდარტულ მდგომარეობასთან აქვს საქმე. როდესაც სტანდარტული მეთოდით არ მუშაობს და საჭიროა მეთოდში გარკვეული კორექტივების შეტანა, სწორედ ასეთ შემთხვევაში წარმოიქმნება მრავალი გაუთვალისწინებელი სირთულეები, რაც თავისთავად იწვევს შეცდომებს. აქედან გამომდინარე, შეცდომების დაშვება ძირითადად დაკავშირებულია ქირურგების პროფესიულ დონესთან. პროფესიონალს მეტი შესაძლებლობა აქვე სასურველი მიმართულებით შეცვალოს ოპერაციული ტაქტიკა, უფრო მეტი ტექნიკური სრულყოფით შეასრულოს ოპერაციის საკვანძო ეტაპები, სწორად შეიმუშაოს და გამოიყენოს ამა თუ იმ გართულების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები.

რელაპაროტომიის მიზეზები
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია წარიმართოს მსჯელობა ძალზე საინტერესო მიმართულებით, რომელიც ეხება რელაპარატომიის უშუალო მიზეზებს, როგორც ძირითადი დაავადებათა გართულებებიდან გამომდინარე, ასევე დაკავშირებული ქირურგიულ შეცდომებთან. საერთოდ, ცალ-ცალკე ამ ორი საკითხის განხილვა არ იქნება მართებული. მართალია, არცთუ იშვიათად მძიმე დაავადების შემთხვევაშიც შესაძლებელია რელაპარატომიის თავიდან აცილება, თუ ოპერაცია ჩატარდება სათანადო დონეზე. მაგრამ შესაძლებელია მოხდეს სხვაგვარადაც და იგივე დაავადების შემთხვევაში, ერთი და იგივე ქირურგის მიერ შესრულებული ოპერაციის შემდეგ არ არის გამორიცხული, რელაპარატომიის აუცილებლობა. საერთოდ, დაავადების მიმდინარეობაში დიდ როლს ასრულებს ავადმყოფის ინდივიდუალური ბრძოლისუნარიანობა, ორგანიზმი თავისი მრავალმხრივი წინააღმდეგობებით, რეაქტიულ გამოვლინებათა მთელი ფიზიოლოგიური სპექტრით. ერთი სიტყვით, ორგანიზმი და ექიმი ერთად. იმისათვის, რომ გავერკვიოთ ქირურგიული შეცდომებიდან გამომდინარე რელაპარატომიის აუცილებლობაში, საჭიროა დეტალურად განვიხილოთ არსებული შეცდომის ძირითადი არსი. როგორც წესი, ქირურგი ოპერაციის შესრულების დროს იყენებს ტექნიკის იმ არსენალს, რომელიც მას შეუძენია პრაქტიკული და თეორიული საქმიანობის პერიოდში და რომელიც წლების მანძილზეა დამკვიდრებული, როგორც ქირურგიული მეთოდი. ქირურგი ასევე ხშირად იყენებს იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც მას არც უსწავლია და არც სხვა დროს გამოუყენებია და ზოგჯერ ამ საშუალებათა წყალობით ასრულებს ოპერაციას.
ზოგჯერ ოპერაციულ ტექნიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გართულებათა მინიმუმამდე შემცირების თვალსაზრისით. მეტი შეცდომებია მოსალოდნელი მაშინ, როდესაც ოპერაციას ასრულებს ნაკლებად გამოცდილი, ახალგაზრდა ქირურგი. არც ძალზე ხანდაზმულ ასაკში მომუშავე ქირურგს შეუძლია ოპერაციის სასურველი შედეგით დამთავრება. ასაკიანმა ქირურგმა, რომელსაც პრობლემა აქვს როგორც ზუსტი კოორდინირებული მოძრაობის, ასევე მხედველობის მხრივ, მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, შესაძლოა ვერ მიაღწიოს სასურველ შედეგს. ახალგაზრდა ქირურგების მიერ დაშვებულ შეცდომებს ხშირად არა მარტო ცუდ, არამედ ტრაგიკულ შედეგებამდეც კი მივყავართ. ძალზე საშიშია ქირურგის ის ასაკი, როდესაც მას ჰგონია, რომ უკვე ყველაფერი იცის, შეუძლია ნებისმიერი სირთულეების დაძლევა, ეს ხშირად ტექნიკურ შეცდომებს იწვევს, რასაც გარდაუვალ გართულებამდე მიჰყავს საქმე და საჭირო ხდება რელაპარატომია!
შეცდომების სპექტრი შეიძლება იყოს ძალზე მრავალმხრივი, დაწყებული გაუტკივარებიდან და საოპერაციო მიდგომიდან, დამთავრებული მუცლის ღრუს დრენირებით. ლაპარატომიური განაკვეთის დაგეგმვას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალგაზრდა ქირურგები თავის მოწონების მიზნით ხშირად ირჩევენ მცირე განაკვეთს, რაც ძალზე ართულებს ოპერაციის მსვლელობას. ასევე არაფიზიოლოგიურმა განაკვეთებმაც, როდესაც ზიანდება სისხლის ძარღვები, ნერვები, კუნთოვანი ბოჭკოები, შეიძლება მიგვიყვანოს გაუთვალისწინებელ გართულებამდე.
ძალზე საშიშია ოპერაციის წარმოება ჩვენების გარეშე. აქაც ორი მომენტია განსახილვევი: პირველი, რომ უცოდინარობის გამო არასწორად დასმული დიაგნოზით კეთდება ოპერაცია; მეორე, ყველაზე საშიში, როცა ქირურგი ოპერაციას აკეთებს იმის ცოდნით, რომ ორგანო არ არის დაავადებული; ე.წ. გამოგონილი დიაგნოზით, მაგ., „ქრონიკული აპენდიციტი“. მართალია, ჯანსაღი ჭიაყელა ნაწლავის მოცილება ხშირად არ იძლევა არანაირ გართულებას, მაგრამ დაავადების გარეშე წარმოებულმა ოპერაციამ შეიძლება წარმოქმნას ბევრად მეტი სირთულე, ვინაიდან ორგანიზმი მოუმზადებელია ასეთი „თავდასხმისათვის“. ჩვენების გარეშე ოპერაციის წარმოებას ქირურგი ორი გარემოების გამო ასრულებს: პირველი, ოპერაცია სჭირდება სამუშაო პრაქტიკის გასაღრმავებლად, მეორე მიზეზი კი, სამწუხაროდ, მატერიალურ მხარესთან არის დაკავშირებული. ოპერაციის შესრულება არც ერთი და არც მეორე მიზეზით გამართლებული არ არის, მაგრამ ქირურგი ძალით ხომ ვერ გაუკეთებს ოპერაციას ავადმყოფს? ავადმყოფი თუ მივიდა ქირურგთან, ალბათ რაღაც აწუხებს და საჭიროებს მკურნალობას. ასეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი, რომ მკურნალობა იყოს მხოლოდ ქირურგიული, მაგრამ სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ლაპაროტომია დაუსაბუთებელი დიაგნოზით და არასასურველი განაკვეთით კეთდება. ყოველივე ამან შეიძლება საჭირო გახადოს მუცლის ღრუს მეორედ რევიზია ნამდვილი პათოლოგიის მკურნალობის მიზნით. ზემოთ აღნიშნული შემთხვევები უკიდურესად იშვიათია. თუმცა მაინც გვხვდება.

ოპერაციის გართულებული მიმდიანრეობის დროს ექიმი ცივი გონებით უნდა მოეკიდოს დაავადების სიმძიმის შეფასებას, არ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს მის რეპუტაციაზე განმეორებითი ოპერაცია, არ უნდა ეცადოს მისი წარმოების თავიდან აცილებას, უმჯობესია დროული გადაწყვეტილების მიღება. მართალია, რელაპარატომია არ არის ერთ საათში გადასაწყვეტი ოპერაცია, მაგრამ მისი ერთი დღით დაგვიანებასაც შესაძლოა უმძიმესი შედეგი მოჰყვეს.

რელაპარატომია თავისთავად, როგორც ქირურგიული მკურნალობის მეთოდი, მძიმე ოპერაციაა. ამას განაპირობებს ის, რომ რელაპარატომია არის ოპერაცია, რომელიც მიმართულია ოპერაციის შემდგომი გართულებების სამკურნალოდ. ამიტომ მის წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის როდია იოლი, ვინაიდან ზოგჯერ გართულებისაგან გამოწვეული პერიტონიტის გამო ორგანიზმში არ არის განვითარებული დიდი ცვლილებები, სუსტია პერიტონიტის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ზომიერი ცვლილებებია ლაბორატორიულ მონაცემებში. ზოგჯერ კი პირიქით – სახეზეა პერიტონიტის დამახასიათებელი ყველა სიმპტომები მძიმე ფორმებში, შჩოტკინის სიმპტომი, მუცლის წინა კედლის ძლიერი დაჭიმულობა, პერისტალტიკის არარსებობა, გულის რევა, მაღალი ლეიკოციტოზი. არის შემთხვევები, ლაბორატორიულ მონაცემებში არ არის დიდი ცვლილებები, არც მუცლის მხრიდან გამოხატული სიმპტომატიკა არის საგანგაშო, მაგრამ ავადმყოფი არის მივარდნილი, ადინამიური, სახეზეა სუნთქვის მკვეთრად გამოხატული უკმარისობა. ამიტომ სიმძიმის ფაქტორის განსაზღვრის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა სიმპტომის შეჯერებას, სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციების დარღვევის შეფასებას. სიმძიმის განსაზღვრის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სუბიექტურ ფაქტორს. გამოცდილი ექიმი გასინჯვის გარეშე, ადამიანის სახის გამომეტყველებიდან იღებს იმდენ ინფორმაციას, რომლის მიღება გამოუცდელ, ახალბედა ექიმს ძირფესვიანი კვლევის შემდეგაც კი გაუჭირდება.
რელაპარატომიის წარმოების გადაწყვეტას დიდი მორალური პასუხისმგებლობა გააჩნია. განმეორებითი ოპერაციის საკითხის დაყენება არა მარტო ქირურგზე, არამედ ავადმყოფზეც ძალზე დიდ ზეგავლენას ახდენს. მისი შეთავაზების შემთხვევაში ზოგი ავადმყოფი კარგავს გამოჯანმრთელების რწმენას და დეპრესიაშიც ვარდება. ამასთან დაკავშირებით ისმება კითხვა - საჭიროა თუ არა, რომ ავადმყოფმა ყველაფერი იცოდეს მეორე ოპერაციის შესახებ? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა ძალზე ძნელია, ვინაიდან ორივე მოსაზრების გამართლებისთვის შეიძლება არგუმენტების მოძებნა – იმისთვისაც, რომ უნდა იცოდეს, და იმისთვისაც, რომ არ იცოდეს. როგორც წესი, ავადმყოფს აძლევენ ახსნას განმეორებით ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ იშვიათად ეუბნებიან სიმართლეს. ყველა შემთხვევაში ავადმყოფს მოსალოდნელ ოპერაციაზე იყოლიებენ და ამით უმაგრებენ რწმენას მისი გამოჯანმრთლების შესახებ. ამგვარი მიდგომა ძირითადად გამართლებულია, თუმცა არც ძალიან იოლ ფორმებში უნდა იყოს ნათქვამი მძიმე ოპერაციის შესახებ, ვინაიდან ავადმყოფი ასეთ შემთხვევაში მორალურად მომზადებულია წარმატებისთვის და ნაკლებად ბრძოლისუნარიანია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოპერაციის მასშტაბურობაზე და დაავადების სიმძიმეზე ავადმყოფთან საუბრის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მისი პირადი თვისებები. თუ ავადმყოფი გაწონასწორებული და ნაკლებად ემოციური პიროვნებაა, მასთან შესაძლებელია უფრო ღიად საუბარი, ვიდრე გაღიზიანებული ფსიქიკის მქონე სუსტ პიროვნებასთან. როგორც არ უნდა იყოს, ავადმყოფმა უნდა იცოდეს განმეორებითი ოპერაციის შესახებ, ვინაიდან მისი ბედი მის გარეშე არ უნდა გადაწყდეს და მანაც გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ექიმთან ერთად. სხვა საკითხია, როდესაც ოპერაცია კეთდება ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ავადმყოფი იმდენად მძიმეა, რომ მასთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს. მაშინ რელაპარატომიის პასუხისმგებლობის საკითხი ნათესავებთან გადადის. ექიმი ვალდებულია ჩააყენოს ნათესავები საქმის კურსში, დაწვრილებით აუხსნას ოპერაციის სიმძიმე და მოსალოდნელი გართულებების. აქ უკვე გასარკვევია შემდგომი მეტად საჭირბოროტო საკითხი, რომელიც დაკავშირებულია დეონტოლოგიასთან. ეს ეხება ავადმყოფის დაავადების რეალურ სურათს, ძირითადი გართულების მიზეზს, რომელსაც მივყავართ განმეორებით ოპერაციამდე. ჩვენ რელაპარატომიის მიზეზებს ვიხილავთ ცალკე თავში, აქ კი საჭიროა შევჩერდეთ ისეთი მიზეზების წარმოჩენის აუცილებლობაზე, როგორიცაა ექიმის მიერ დაშვებული შეცდომა, რომლის გამოც საჭირო შეიქმნა რელაპარატომიის წარმოება.
როდესაც ამგვარ შეცდომებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება ცალსახად რაიმეს თქმა, თუ არ მოხდება ამ შეცდომების ურთიერთგამიჯვნა. ჩვენ შევეცდებით, გავყოთ ეს შეცდომები რამდენიმე ნაწილად.

1. შეცდომები, რომლებიც ექიმმა დაუშვა თავისი უცოდინარობით;
2. შეცდომები, რომლებიც დაშვებული იქნა ექიმის უყურადღებობით;
3. შეცდომები, რომლებიც დაშვებულია ექიმის არასათანადო კვალიფიკაციის გამო;
4. შეცდომები, რომლებიც დაშვებულია ექიმისაგან დამოუკიდებელი სხვადასხვა გარემოებების გამო;
5. შეიძლება გამოიყოს ერთი კატეგორია შეცდომებისა, რომლებიც დანაშაულებრივია.

ექიმის უცოდინარობით დაშვებული შეცდომები
ექიმის უცოდინარობით დაშვებული შეცდომები არ წარმოადგენს იშვიათობას. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც ექიმს არა აქვს საკმარისი განათლება, მაგრამ რატომღაც ქირურგად იწყებს მუშაობას. ზოგჯერ ეს ხდება ვიღაცის უპასუხისმგებლობის გამო, როდესაც ქირურგიისაკენ უხსნიან გზას დაბალი კვალიფიკაციის ექიმებს და კერძოდ მათ, ვისაც სათანადო დონეზე არ უსწავლიათ ისეთი მნიშვნელოვანი საგნები, როგორიცაა ანატომია, ფიზიოლოგია, ოპერაციული ქირურგია. აღნიშნული საგნების არადამაკმაყოფილებელი ცოდნის დონე ყოველთვის იქნება დამღუპველი ქირურგის მუშაობაში და იგი ძალზე ხშირად დაუშვებს მოულოდნელ შეცდომებს. თანაც ზოგჯერ ისეთი სიმძიმისას, რომლის შემდეგაც რელაპარატომიაც კი აღარ იქნება საჭირო! რა თქმა უნდა, როდესაც ქირურგი თავისი უცოდინარობით აზიანებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს, შესაძლოა ავადმყოფი დაიღუპოს საოპერაციო მაგიდაზეც. გაუნათლებელი ქირურგის მიერ დაშვებული შეცდომები შესაძლოა იყოს როგორც ტექნიკური, ასევე ტაქტიკური ხასიათის. შედარებით სხვაგვარად არის საქმე, როდესაც ნიჭიერი და თეორიულად კარგად მომზადებული ქირურგი უშვებს შეცდომებს პრაქტიკის უქონლობის გამო. ამ დროს დაშვებული შეცდომები უფრო ტექნიკური ხასიათის შეიძლება იყოს, თუმცა სწორ ტაქტიკურ გადაწყვეტასაც გამოცდილება სჭირდება. გამოუცდელი ქირურგის მიერ დაშვებულ შეცდომებში გარკვეული წვლილი მის ხელმძღვანელსაც მიუძღვის, თუ ეს ხდება შედარებით კარგად ორგანიზებულ საექიმო დაწესებულებაში. სულ სხვაგვარად არის საქმე, როდესაც გამოუცდელი, მცირე პრაქტიკის მქონე ქირურგი მუშაობას იწყებს დამოუკიდებლად. ხშირად ასეთ პირობებში იგი იძულებულია გააკეთოს ოპერაცია ავადმყოფის სასიცოცხლო ჩვენებიდან გამომდინარე. ასეთ პირობებში შეცდომები შეიძლება იყოს დაშვებული დაწყებული გაუტკივარების შერჩევიდან, დამთავრებული მუცლის ღრუს დახურვამდე. ყოველივე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ოპერაციულ მიდგომას აირჩევს ქირურგი და როგორ გაერკვევა დიაგნოზში, რა ტაქტიკას გამოიყენებს და როგორ გაართმევს თავს ტექნიკურ სირთულეებს. ასეთ შემთხვევაში ავადმყოფის ბედი დიდად არის დამოკიდებული ქირურგის მიერ თავისი ნამუშევრის თვითკრიტიკულ შეფასებაზე. მთავარია ქირურგმა სწორად შეაფასოს თავისი ნაშრომი და თუ ეჭვი ეპარება რაიმეში, სასწრაფოდ მიმართოს გამოცდილ პროფესიონალს ან უმოკლეს დროში გადაიყვანოს ავადმყოფი კვალიფიციურ ქირურგიულ კლინიკაში.

ექიმის მიერ მისი უყურადღებობით დაშვებული შეცდომები
ექიმის მიერ მისი უყურადღებობით დაშვებული შეცდომებიც არცთუ ისე იშვიათია, ამიტომ ქირურგი მუშაობის პროცესში უნდა იყოს ზედმიწევნით ყურადღებიანი. ოპერაციის შესრულების დროს მისი მოქმედება უნდა წარიმართოს მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ არ დაუშვას რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო შეცდომა, რასაც შეიძლება მოჰყვეს მძიმე გაუთვალისწინებელი გართულება. არის შემთხვევები, როდესაც საკმაო კვალიფიკაციის მქონე ქირურგს დაუშვია მიუტევებელი შეცდომა, რომლის შედეგადაც საჭირო გამხდარა განმეორებითი ოპერაციის წარმოება. მაგ., რევიზიის დროს უყურადღებოდ დატოვებული კუჭის პერფორაცია, დატოვებული ანთებითი ჭიაყელა ნაწლავი და სხვ. არის შემთხვევა, როდესაც ქირურგი აკეთებს ლაპაროტომიას, რომელიმე მწვავე დაავადების დიაგნოზთ, აღმოაჩენს მეორად ცვლილებებს, აღარ ეძებს დაავადების ძირითად კერას და ისე ასრულებს ოპერაციას. ასეთ უყურადღებობას და უპასუხისმგებლობას მივყავართ რელაპაროტომიამდე. ზოგი ოპერატორი იმდენად დარწმუნებულია თავის პროფესიონალიზმში, რომ ყურად არ იღებს ასისტენტის მოსაზრებებს და მითითებებს, რასაც შეიძლება მოჰყვეს გამოუსწორებელი შეცდომა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ ქირურგი უნდა იყოს ზედმიწვენით ყურადღებიანი, გაწონასწორებული და ამავე დროს უნდა შეძლოს სხვისი აზრის გათვალისწინება საჭიროების შემთხვევაში. უყურადღებობის ერთ-ერთი მიზეზია მუცლის ღრუში უცხო სხეულის დატოვება, რასაც თან ახლავს უმძიმესი გართულებები. ზოგი ამგვარ შეცდომას საოპერაციო მედდას და ასისტენტს გადააბრალებს უსირცხვილოდ. მართალია, საოპერაციო მედდას არ უნდა გამოეპაროს ამგვარი შეცდომა, მაგრამ დამნაშავე მაინც ოპერატორია, რომელმაც აუცილებლად უნდა მოითხოვოს, გადამოწმდეს შესახვევი მასალის რაოდენობა, ზედმიწვენით ყურადღებით უნდა დაათვალიეროს მუცლის ღრუ დახურვის წინ, შეამოწმოს ჰემოსტაზი, დაათვალიეროს მუცლის ღრუს ყველა ორგნო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანამნეზში ავადმყოფს აღენიშნებოდა გადატანილი ოპერაცია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ვიფიქროთ პირველი ოპერაციის გართულებებზე, ვინაიდან პირველი ოპერაციის შემდგომი ორგანული ხასიათის გართულებები შეიძლება აღმოჩნდეს ახალი გართულებების მიზეზი. კერძოდ, ეს ეხება შეხორცებებით გამოწვეულ პროცესებს. ამ და სხვა საკითხებს მიეძღვნება ცალკეული ქვეთავები, თუმცა აქ ზოგადად მაინც იყო საჭირო ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

ნანახია: 2725 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 6

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268397


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.