ხორცის პროდუქტების მოხმარება სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების ალბათობას ზრდის
ავტორი: British Journal of Cancer. 7.04.2008
ყოველდღიურად სულ რაღაც 57 გ ხორცის მოხმარება სარძევე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების ალბათობას 56%–ით ზრდის. ეს ციფრი 64 %–მდე იზრდება ქალებში მენოპაუზის შემდგომ, ვინც დღეში საშუალოდ 100 გ ხორცს მოიხმარს.
ასეთი დასკვნა გამოიტანა ჩატარებული კვლევის შედეგად შეფილდის უნივერსიტეტის კვებითი ეპიდემიოლოგიის პროფესორმა ჯანეტ კეიდიმ. კვლევა 8 წელი მიმდინარეობდა და მასში 35-69 წლის ასაკის 35000 ქალი იღებდა მონაწილეობას. ყველა მათგანი 8 წლის მანძილზე მუდმივად ავსებდა 217-კითხვიან ანკეტას, სადაც მიუთითებდნენ კვების რაციონის, ფიზიკური აქტივობის, მავნე ჩვევების, გადატანილი ან ქრონიკული დაავადებების და ჩატარებული მკურნალობის შესახებ. საკონტროლო ჯგუფს ვეგეტარიანელი ქალები შეადგენდნენ.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ British Journal of Cancer–ში. პროფესორ ჯანეტ კეიდის განცხადებით, კვლევის შედეგები ფრიად სარწმუნოა და მათი ნებისმიერი ინტერპრეტირების შემთხვევაშიც კი, მკაფიოდ იკვეთება დამოკიდებულება ხორცის პროდუქტების მიღებასა და სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარებას შორის. ეს დამოკიდებულება მეტად ვლინდება ქალებში მენოპაუზის შემდგომ პერიოდში.
პროფესორ ჯანეტ კეიდის მოსაზრებას სავსებით ეთანხმებიან დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტის პროფესორი ჰენრი სკოუკროფტი და მკერდის კიბოსთან ბრძოლის საქველმოქმედო ფონდის – Breakthrough Breast Cancer–ის წარმომადგენელი დოქტორი ალექსის უილლეტი, რომლებმაც, ჩატარებული კვლევებით, მსგავსი შედეგები მიიღეს.
ნანახია: 4675 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]
შეფასება
შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით