აქტუალური თემა

სამედიცინო მენეჯმენტი

NOTA BENE

გაიდლაინი

კლინიკური შემთხვევა

ლექტორიუმი

სიახლეები

სიტუაციური ანალიზი

კვლევა

მიმოხილვა

დისკუსია

CASE REPORT

ჩვენი თანამედროვე

ახალი პროექტები

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [5.00]

სისხლის მუსიკა [5.00]

გულის ჭრილობის წარმატებული გაკერვა [5.00]

შეუღლებული არააკომოდაციური სიელმის მკურნალობის თავისებურებანი [5.00]

პარკუჭოვანი არითმიის აბლაცია ვალსალვას სინუსიდან [5.00]


ჯანმრთელი დროული ახალშობილის მოვლა სამშობიარო სახლში [21345]

ვენური უკმარისობისა და წყლულების მედიკამენტური მკურნალობა [12503]

გრიპი A (H1N1) – „ღორის გრიპი“ [7593]

ტკივილის მენეჯმენტი [7366]

საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულებსა და შიდსით დაავადებულებში სტიგმა დისკრიმინაციის სიტუაციური ანალიზი [6923]


თემების რაოდენობა: 22
კომენტარები: 4

საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულებსა და შიდსით დაავადებულებში სტიგმა დისკრიმინაციის სიტუაციური ანალიზი

ავტორი: ო. გაბისონია, ფსიქოლოგი-კონსულტანტი; ნ. წულეისკირი, აღმასრულებელი დირექტორი; მ. ხმელიძე, პროექტების ასისტენტი; ნ. ცინცაძე, ადმინისტრაციული ასისტენტი
საქართველოს არასამთავრობო ასოციაცია ჰერა XXI-ის სამუშაო ჯგუფი

>>  საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულებსა და შიდსით დაავადებულებში სტიგმა დისკრიმინაციის სიტუაციური ანალიზი მომზადდა ასოციაცია ჰერა XXI-ის მიერ, პროექტ „უფრთხილდი შიდსს”-ის ფარგლებში.


სიტუაციური ანალიზის შეფასებისათვის და თანამშრომლობისათვის, ასოციაცია ჰერა XXI მადლობას უხდის ამ საკითხზე მომუშავე ექს­პერ­ტებს მედიცინის დოქტორს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრს ქ-ნ მზია ტაბატაძეს, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის დირექტორს ქ-ნ იზა ბოდოკიას, კონსულტანტს ქ-ნ თამარ ქირიას და რესპონდენტებს.
ასოციაცია ჰერა XXI პასუხს არ აგებს შესაძლო უზუსტობებზე

სტიგმა და დისკრიმინაცია აივ ინფიცირებულებში
ასოციაცია ჰერა XXI-ის პროექტის „აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია და ადვოკაცის“ ფარგლებში, აივ ინფიცირებულებშიჩატარდა სიტუაციური ანალიზი.

მიზანი:
სტიგმა და დისკრიმინაცია საქართველოში მცხოვრებ აივ ინფიცირებულებსა და შიდსით დაავადებულებში: აივ ინფიცირებულთა საზოგადოებასთან ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორების სიტუაციური შესწავლა და შესაძლებლობის ფარგლებში, პრობლემების მოგვარების ხელშემწყობი რეკომენდაციებისა და მოსაზრებების შემუშავება, გათვალისწინებით იმისა, რომ აღნიშნული (გამომდინარე გამოკითხვის მასშტაბურობიდან) არ წარმოადგენს სოციოლოგიურ კვლევას და არის ინფორმაცია არსებული სიტუაციის ანალიზის თაობაზე.

ზოგადი ინფორმაცია
საქართველო, მიუხედავად აივ-ინფექციის გავრცელების შედარებით დაბალი სტატისტიკური მაჩვენებლებისა, ფართოდ გავრცელებული ინტრავენური ნარკომანიის, ინფიცირების მაღალი გავრცელების მქონე მეზობელ ქვეყნებში მიგრაციული პროცესების, სქესობრივი გზით ინფექციის გადაცემის მზარდი ტენდენციის გამო, აივ-ინფექციისა და შიდსის ეპიდემიის გავრცელების მაღალი პოტენციური რისკის მქონე ქვეყნად ითვლება.
2008 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირებული 1754 ადამიანი. მათ შორის 1327 მამაკაცია. რეგისტრირებულთა უმრავლესობა 29 დან 40 წლამდეა. (ცხრილი 1)
საქართველოში აივ/შიდსით ინფიცირების დინამიკა სტაბილურად მზარდია. კერძოდ, თუ 2005 წელს გამოვლინდა 242 შემთხვევა, 2008 წლის რვა თვის მანძილაზე, გამოვლენილია 254 შემთხვევა.
1989 წელს – აივ/შიდსის ინფექციის პირველი შემთხვევა საქართველოში;
1995 წელს – (პოსტ-საბჭოურ ქვეყნებიდან) საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა შეიმუშავა კანონი აივ-ინფექციის პროფილაქტიკის შესახებ;
2000 წელს – ამ პროგრამაში შევიდა გარკვეული ცვლილებები და დამატებები. კერძოდ, ეს ეხებოდა სოციალური დაცვის კომპონენტებს. სამწუხაროდ კანონში მოხსენიებული სოციალური შეღავათებიდან, ბევრი რამ არ განხორციელებულა.
2002 წლიდან, აივ ინფექციისა და შიდსის პროფილაქტიკის და მკურნალობის მთავარი დონორი საქართველოში, გლობალური ფონდია. გაერო-ს შიდსის პროგრამის ღონისძიებები ქვეყანაში, ხორციელდება გაეროს აივ/შიდსის საკითხებზე მომუშავე თემატური ჯგუფის ძალისხმევით, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს შიდსის პროგრამის კავკასიის ოფისთან. ეს ჯგუფი უზრუნველყოფს აივ/შიდსის პრევენციის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის დაგეგმვას, მართვას და ზედამხედველობას.
შიდსის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2004 წლიდან საქართველოში, ყველა რეგისტრირებული პაციენტისათვის, უზრუნველყოფილია ანტირეტროვირუსული თერაპიისადმი უნივერსალური ხელმისაწვდომობა. სამწუხაროდ, გლობალ ფონდი საქართველოში, ე.წ. მეორე რაუნდეზე უარს ამბობს (გარკვეული მიზეზების გამო), ეს კი საფრთხეს შეუქმნის ათასობით მოქალაქის შერყეულ ჯანმრთელობას, რომ არაფერი ვთქვათ მათი სიცოცხლის გახანგრძლივებაზე.

არსებული სიტუაცია
სოციოლოგიური ანკეტირება ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო ფედერაციის (IPPF) მიერ წინასწარ მოცემული კითხვარიდან, რესპონდენტისათვის მისაღები ვარიანტის არჩევით.
აივ ინფიცირებულებთან მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე სამუშაო ჯგუფის მიერ (ასოციაცია „ჰერა XXI“, გლობალური ფონდი, შიდსის ცენტრი, ბემონი, თანადგომა, ბავშვთა ფედერაცია და შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის წარმომადგენლები), კითხვარში შეტანილი იქნა გარკვეული ცვლილებები. კერძოდ, მოხდა ანკეტაში დასმულ კითხვათა რაოდენობის შემცირება ისე, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სიტუაციური ანალიზის მიზნის მიღწევა. ანკეტის მოცულობის შემცირებით გამოირიცხა რესპონდენტთა გადაღლის შესაძლებლობა (რაც მათთან მუშაობის პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანია).
გამარტივდა შედარებით რთული წინადადებებისაგან შემდგარი კითხვები და ანკეტაში გამოყენებული „უცხო სიტყვები“. ხოლო იმ უცხო სიტყვების შესახებ, რომლებიც აუცილებლობიდან გამომდინარე, მაინც დარჩა ანკეტაში, თითოეულ რესპონდენტს მიეცა ახსნა-განმარტება მისი მნიშვნელობისა და არსის შესახებ. ყოველივე ამით შევძელით, რომ კითხვარი გასაგები გამხდარიყო სხვადასხვა ფენის, სოციალური სტატუსის მქონე, განსხვავებული განათლების და ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე რესპონდენტებისათვის.
ასევე ვეცადეთ, რომ ჩვენს მიერ დასმული კითხვებით შესაძლებელი ყოფილიყო ყველა რესპონდენტისათვის შეგვექმნა არა მარტო ჩვენთან თანამშრომლობის და მეტი ინფორმაციის მოწოდების განწყობა, არამედ წარმოჩენილიყო მათდამი პატივისცემისა და ტოლერანტობის პრინციპები.
სიტუაციურ ანალიზში გამოყენებული კითხვარის შედეგად მიღებულმა პასუხებმა გვიჩვენა, რომ მოსაზრება, სიტუაციური ანალიზის პროცესში დამატებით გამოგვეყენებინა ჩაწერისა და გასაუბრების მეთოდი, გამართლდა. ვინაიდან იგივე პასუხების ანალიზმა გვიჩვენა, რომ არც ერთი ცალკე აღებული მეთოდი არ იძლევა საჭირო ინფორმაციას. თუმცა აღსანიშნვავია, რომ ამ კატეგორიის რესპონდენტებთან მუშაობის პროცესში საუკეთესო შედეგს იძლევა გასაუბრების მეთოდი.

სიტუაციურ ანალიზში მონაწილე აივ ინფიცირებულთა შერჩევა
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული აზრი – „აივ-ინფიცირებულები შეზღუდული არიან საზოგადოებაში და გაურბიან მას“ – ნაწილობრივ მართალი აღმოჩნდა სიტუაციურ ანალიზში მონაწილე პირთა მოძიების პროცესში.
მათთან პირდაპირი კონტაქტი და სიტუაციურ ანალიზში მონაწილეობაზე თანხმობის მიღება საკმაოდ რთული იყო. საჭირო გახდა სპეციალური მიდგომის შემუშავება. ამ მიზნით, გაანალიზდა ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობა.
რესპონდენტთა მოძიებისა და გამოკითხვის პროცესში ჩაერთო შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის წარმომადგენელი (ხელმძღვანელი ი. ბოდოკია) და მედიატორი რესპოდენტებთან აივ ინფიცირებული იყო.
რესპონდენტთა მხრიდან გამოკითხვაში მონაწილეობა, მნიშვნელოვნად განაპირობა მათდამი გაწეულმა მატერიალურმა წახალისებამ.
სქესი
გამოკითხვაში მონაწილე აივ ინფიცირებულთა შორის 8 მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, ქალებისა და მამაკაცების დაინფიცირების გზები განსხვავებულია, რაც მთლიანად დადასტურდა ჩვენი მუშაობის პერიოდშიც. ქალებში ზოგადად აივ ინფექციით დაინფიცირების გზა ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია. კაცებში, რომლებმაც დაასახელეს ინფიცირების გზა, აღნიშნეს, რომ დაინფიცირების მიზეზი ინტრავენური ნარკომანიაა. თუმცა, მამაკაცთა უმრავლესობამ არ დაასახელა აივ ინფექციით დაინფიცირების გზა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სიტუაციური ანალიზის შემთხვევაშიც, გადადების გზების შესახებ მონაცემები ემთხვევა არსებულ ზოგად ტენდენციებს.
ასაკი
საექსპერტო შეფასებებით სხვადასხვა ასაკის აივ ინფიცირებულებს განსხვავებული შესაძლებლობები გააჩნიათ სამედიცინო მომსახურების, დასაქმებისა და განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ვინაიდან, ჩვენს გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტები შეადგენდა ერთ ასაკობრივ ჯგუფს (30-39წ), შედარებების შესაძლებლობა არ გვქონდა.
სოციალური სტატუსი
გამოკითხვაში მონაწილე რესპონდენტთა აბსოლიუტური უმრავლესობა დასაქმებული და დაოჯახებულია. დასაქმების ხელმისაწვდომობის მხრივ, ჩვენს გამოკითხვაში რაიმე თავისებურებები არ გამოვლენილა. ალბათ ამ განსხვავების და თავისებურებების გამოვლენისათვის, ასევე სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, სქესის, განათლებისა და წარმოშობის (რეგიონის) რესპონდენტთა დიდი რაოდენობა, საჭირო და აუცილებელია.
გეოგრაფიული განაწილება
განაწილების მიხედვით სიტუაციურ ანალიზში მონაწილეობდა აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისში მცხოვრები 8 რესპონდენტი და დასავლეთ საქართველოს, იმერეთის რეგიონში მცხოვრები 7 რესპონდენტი. სტატისტიკური მონაცემებით, ორივე რეგიონი ხასიათდება აივ ინექციის გავრცელების მზარდი ტენდენციით. სიტუაციური ანალიზიდან გამომდინარე ნაწილობრივ გამართლდა ის აზრი, რომ დედაქალაქში მცხოვრები ინფიცირებულები, უფრო მეტად ინფორმირებულები არიან აივ ინფექციის შესახებ, ვიდრე რეგიონში მცხოვრებნი.

გამოკითხვაში მონაწილე აივ ინფირებულთა გამოცდილება სტიგმასა და დისკრიმინაციაში
გამოკითხვაში მონაწილე აივ ინფიცირებულებმა, რომლებმაც ახლობლებთან და საზოგადოების ცალკეულ წევრებთან განაცხადეს თავისი სტატუსის შესახებ, აღიარეს, რომ ისინი არიან სტიგმატიზებული და განიცდიან დისკრიმინაციულ ქცევებს საზოგადოებისაგან. კერძოდ: „მომხდარა მათი გამოძევება რელიგიური ღონისძიებებიდან“; „მიუყენებიათ სიტყვიერი შეურაცყოფა“; ”ყოფილა ფსიქოლოგიური ზეწოლა“. გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ თვითონ ან მათ ნაცნობებს აივ ინფიცირებულობის გამო უარი უთხრეს „სამედიცინო მომსახურებაზე, დასაქმებაზე და სხვ.“. ყველა გამოკითხული აღნიშნავს, რომ მათზე საზოგადოების მხრიდან ერთხელ მაინც განხორციელდა დისკრიმინაციული ქცევა.
კითხვაზე „თუ განგიცდიათ დისკრიმინაცია და რა არის ამის მიზეზი?“ უმრავლესობის პასუხი იყო, რომ „საზოგადოებას არ ესმის როგორ გადადის აივ ინფექცია“; „ადამიანებს ჰგონიათ, რომ აივ ინფექცია სწრაფად მომაკვდინებელი და ადვილად გადამდებია“; „ეს დაავადება სირცხვილია“, „მორალური გაკიცხვის გამო“ და სხვა. აქვე, მათ დავუსვით დამატებითი კითხვა „რა იცოდნენ მათ აივ/შიდსის შესახებ აივ-ით დაინფიცირებამდე,“ მათმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ „ეს ნარკომანთა ავადმყოფობაა“; „ვიცოდი, რომ სექსით გადადიოდა, მაგრამ არ მიფიქრია უსაფრთხო სექსზე“; „ვიცოდი, რომ თუ არ მექნებოდა ურთიერთობა ნარკომანთან, არ დაავვადდებოდი“; „შიდსი, ეს მომაკვდინებელი დაავადებაა“; „გადადის სექსუალური გზით.“
საინტერესოა, რომ გამოკითხვაში მონაწილე რესპოდენტთა თითქმის 100%-ს გააჩნია სტიგმის შინაგანი განცდა თავის სტატუსის გამო.
პასუხები ასე განაწილდა
•„მრცხვენია“ – თითქმის ყველა;
•„თავს დამნაშავედ ვგრძნობ და დამნაშავე ვარ“ – შედარებით ნაკლები;
• „სხვას ვადანაშაულებ“ – თითქმის ნახევარი;
•„თვითმკვლელობის სურვილი გამიჩნდა“ – რამდენიმე რესპონდენტი.
დაინფიცირების საწყის ეტაპზე ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა:
•„არ დაესწროს საზოგადოებრივ შეკრებებს“;
•„მოახდინოს თვითიზოლაცია“;
•„შეწყვიტოს მუშაობა“;
•„არ იყოლიოს შვილი“.
რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ოჯახის დაგეგმვა – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ფუნქციონირებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის კაბინეტები – აივ- ინფიცირებულები არასოდეს ან იშვიათად იყენებენ მათ მომსახურეობას. საინტერესოა, რომ მათ არა თუ ინფიცირებამდე, არამედ ინფიცირების შემდეგაც კი, არ მიუმართავთ ამ სამსახურისთვის. აღსანიშნავია, რომ ორ რესპონდენტს ახლობლების რჩევით ორსულობის თავიდან აცილების მიზნით, ექიმებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, მიღებული აქვთ ჰორმონალური პრეპარატები. თუმცა ამ პრეპარატების მოქმედების და დანიშნულების შესახებ მათ არავითარი ცოდნა არ გააჩნდათ.
კითხვაზე „არის თუ არა თქვენი მომარაგება ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით დამოკიდებული იმაზე, მიმართავთ თუ არა კონტრაცეფციის მეთოდებს?“ ყველა გამოკითხული აივ ინფიცირებულის პასუხი იყო: „არ ვიცი“. გამომდინარე პასუხებიდან, ჩვენი ვარაუდით, საჭირო გახდა მეტ-ნაკლებად რთული ფორმით დასმული კითხვის კიდევ უფრო გამარტივება. ჩვენ ავუხსენით მათ, რომ მკურნალობასთან ერთად საჭიროა სქესობრივი კავშირის დროს კონდომის გამოყენება, რომ არ მოხდეს ერთმანეთში დამატებითი ვირუსების გადაცემა. ამ განმარტების შემდეგ, რესპონდენტებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ დამოკიდებულების შესახებ მათ არავითარი ცოდნა არ გააჩნიათ. უფრო მეტიც, გასაუბრების შედეგების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ისინი არა თუ ამ დამოკიდებულებას , არამედ კონტრაცეფციის საშუალებებსაც კი არ იცნობენ. რამოდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ „ამით ინფიცირების შემდეგ დაინტერესდა“.
გამოკითხვაში მონაწილე არც ერთ აივ ინფიცირებულს არ გაუვლია ტრეინინგი ჯანსაღ ორსულობაზე (პროგრამის „როგორ უნდა მოხდეს ვერტიკალური გადაცემის პრევენცია“).
უმეტესობა აღნიშნავს, რომ არც კი იცოდა რომ ანტირეტროვირუსული მედიკამენტების არსებობა ვერტიკალური გადაცემის პრევენციისთვის. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ შიდსის პრევენციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამსახურების ინტეგრაცია ქვეყანაში ჯერ კიდევ სუსტია.

აივ-ინფიცირებულთა უფლებები
მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობამ აღნიშნა „დაინფიცირების შემდგომ მათ ბევრი რამ ისწავლეს აივ-ინფექციის თაობაზე“, სიტუაციურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ მათ საკუთარი უფლებების შესახებ ცოტა რამ იციან. ისინი აღნიშნავენ, რომ არის კანონი, რომელიც იცავს მათ უფლებებს და მასში არის გარკვეული სოციალური გარანტიები. მაგრამ ასევე აღნიშნავენ, რომ ისინი არ ხორციელდება და ირღვევა. აქედან გამომდინარე, არც მიმართავენ უფლებათა დამცავ შესაბამის სტრუქტურებს.
რესპონდენტთა მხრიდან მხარდამჭერად დასახელდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და შიდსით დაავადებულთა მხარდამჭერი ჯგუფები. კითხვაზე „ბოლო პერიოდში მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა აივ-ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა მხარდამჭერ პროგრამაში?“ მხოლოდ ოთხმა რესპონდენტმა უპასუხა დადებითად.

კონფიდენციალურობა
სიტუაციურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ თითქმის ყველა აივ ინფიცირებულმა საწყის ეტაპზე ინფიცირების შესახებ ინფორმაცია არავის გაანდო. შემდეგ ეტაპზე მათ ინფორმაცია გაანდეს: მდედრობითმა სქესმა – დედებს, ხოლო მამაკაცებმა თანაბრად – მეუღლეს და ახლო მეგობარს. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილი წესით ექიმმა არ უნდა გაამხილოს პაციენტის ინფიცირების შესახებ (ჩვენს გამოკითხვაში ასეთი რამ არც მომხდარა), რესპონდენტთა 80% კითხვაზე „სამედიცინო პერსონალს ოდესმე გაუცია თუ არა თქვენი სტატუსი?“ პასუხობს კონკრეტულად – „არა ვარ დარწმუნებული.“

სიტუაციური ანალიზი
სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია ყველაზე დიდი ბარიერია აივ ინფექციის პროფილაქტიკისა და შიდსის ეპიდემიის გავრცელების შემაშფოთებელი შედეგების თავიდან აცილების გზაზე. სტიგმა (დამღა, ლაქა, სირცხვილი ან უპატივცემულება) და დისკრიმინაცია აივ ინფექციას ყველა ქვეყანაში, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ახლავს თან. შეიძლება ითქვას, რომ იგი უნივერსალურ ხასიათს ატარებს. საზოგადოების ამ უარყოფით დამოკიდებულებას კვებავს ფაქტორთა მთელი ჯგუფი, პირველ რიგში, კი ამ დაავადების შესახებ ცოდნის დაბალი დონე, გავრცელებული არასწორი მითები, წინასწარი განწყობა და სიკვდილის შიში. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ყოველდღიურად აქვს ადგილი აივ-ინფიცირებულების დისკრიმინაციას, მათ დევნას, სასწავლო დაწესებულებიდან გარიცხვას, სამსახურიდან დათხოვნას, სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმას. დისკრიმინაციის საფუძველია საზოგადოების აივ-ინფექცია – შიდსის შესახებ ცოდნის დაბალი დონე. ხალხმა არ იცის, რომ საყოფაცხოვრებო კონტაქტებით შიდსი არ გადადის.
შიდსის პრობლემაზე საზოგადოება დუმილს ამჯობინებს და პრობლემას უგულებელყოფს, ხოლო ინფიცირებულებს კი აიძულებს, რომ თავის თავში ჩაიკეტონ და არავის ენდონ.
აივ ინფექციასთან ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია სათავეს იღებს ორი მძლავრი წყაროდან, რასაც შიში და სირცხვილი ჰქვია. ინფიცირებულთა დამცირება, გარიყვა, მათზე ძალადობა ამ დაავადების ეპიდემიას იატაკქვეშეთში უბიძგებს და იდეალურ პირობებს ქმნის ეპიდემიის სწრაფი გავრცელებისათვის.
აივ-ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა პროფილაქტიკის, მკურნალობის და ჯანსაღი გარემოს დამკვიდრების გზაზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია აივ-ინფიცირებულთა შორის არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება, ანალიზი და გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში არსებული ზოგადი სურათით, აივ-ინფექციის გავრცელების ყველაზე ხშირი გზა ინტრავენური ნარკომანიაა. თუმცა ჩვენი სიტუაციური ანალიზის შედეგებით აღმოჩნდა, რომ აქ არის განსხვავება. ყველა მათგანმა პასუხი გასცა კითხვაზე „ვირუსის გადაცემის რომელი გზებია თქვენთვის ცნობილი“. მათ ერთმნიშვნელოვნად დაასახელეს ინტრავენური ნარკომანია და ჰეტეროსექსუალური კონტაქტები. სტიგმამ და დამღამ, რაც გავრცელებულია საზოგადოებაში ნარკომანიის და აღვირახსნილი ცხოვრების წესის თაობაზე, აიძულა რესპონდენტთა უმრავლესობა არ დაესახელებია დაინფიცირების გზა. სიტუაციური ანალიზის შედეგებმა გვიჩვენა, რომ აივ-ინფიცირებულთა სტიგმატიზაციას საქართველოში საზოგადო ტენდენციის სახე აქვს. საზოგადოებაში აივ-ინფიცირებულები აღქმული არიან, როგორც საზოგადოებისათვის „მიუღებელი“ პირები, რაც პიროვნებისადმი დისკრიმინაციულ, ე.ი. არათანასწორ და უსამართლო მოპყრობაში გამოიხატება.
სოციალური სტიგმა და დისკრიმინაციული ქმედებები ხშირად აიძულებენ აივ-ინფიცირებულებს დამალონ თავიანთი სტატუსი და კიდევ უფრო დაშორდნენ საზოგადოებას. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ რესპონდენტთა უმეტესობა თავისი სტატუსის შესახებ არ საუბრობს ოჯახის წევრებთანაც კი. „ვინაიდან იციან, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, მათ პრობლემა შეექმნებათ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის პროცესში.“ უფრო მეტიც, ისინი შიშის განცდით საუბრობენ იმაზე, თუ როგორ დაწვეს პროვინციულ ქალაქში მცხოვრები კაცის სახლი, მას შემდეგ, რაც მეზობლებმა შეიტყვეს, რომ ის აივ-ინფიცირებული იყო.
საზოგადოებრივი აზრი იმის შესახებ, რომ შიდსი ეს არის უკურნებელი და მომაკვდინებელი სენი, უდიდესი საზოგადოებრივი შიშის მატარებელია, რომელიც უფრო და უფრო აშორებს საზოგადოებასა და აივ-ინფიცირებულებს. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი, გამოკითხვაში მონაწილეთა აზრით, არის „ინფორმაციის გავრცელება და ხელმისაწვდომობა საზოგადოების ფართო ფენებისთვის. ინფორმაციის ნაკლებობა აჩენს შიშს, რომელიც შემდგომი გართულებების სათავე და დასაწყისია“.
გამოკითხულ რესპონდენტთა საუბრებიდან ირკვევა, რომ ინფორმირებულობის ნაკლებობის გამო, აივ-ინფიცირებულთა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება ყველაზე ხშირად სამედიცინო სფეროს, დასაქმების მუშაკთა და ოჯახის წევრთა მხრიდან ვლინდება.
ორ რესპონდენტს (რომელებმაც გაამხილეს თავისი სტატუსი), დამსაქმებელმა სწორედ აივ-ინფიცირებულობის გამო უარი უთხრა სამუშაოზე. ისევე, როგორც საზოგადოების დიდ ნაწილს, ამ დამსაქმებელსაც ვფიქრობთ არ გააჩნია საჭირო ინფორმაცია აივ-ინფექციის გადადების გზების შესახებ. რესპონდენტები შიშით და საზოგადოებისადმი უნდობლობით ჰყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ უთხრეს უარი კბილის მკურნალობაზე და ოპერაციაზე.
საზოგადოების წევრების ასეთი ქცევების შედეგად, ინფიცირებული უკვე მოელის მის მიმართ საზოგადოების მხრიდან უარყოფით მოპყრობას. აქედან გამომდინარე, თავის თავს ხშირად უკეთებს თვით იზოლაციას. გამოკითხვაში მონაწილე 11 რესპოდენტის აზრით „ნორმალური ცხოვრების გაგრძელებისათვის საჭიროა საზოგადოებას დაუმალონ თავიანთი სტატუსი“. თუმცა იყო გამონაკლისიც. ერთმა რესპოდენტმა, რომელსაც იძულებითი სქესობრივი კონტაქტის შედეგად გადაედო ვირუსი, საჯაროდ განაცხადა, რომ აივ-ინფიცირებულია. ის ეცადა საზოგადოებისთვის აეხსნა, რომ შიდსით დაავადებული ადამიანი აუცილებლად მეძავი ან ნარკომანი არ არის და ბევრი მათგანი სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლია. აღნიშნულმა პიროვნებამ, განსხვავებით ბევრი აივ-ინფიცირებულისგან, „უარი არ თქვა სამუშაოზე, კარიერაზე, განათლებაზე და სოციალურ ურთიერთობებზე“. ამ რესპონდენტმა საზოგადოების შიშის მთავარ მიზეზად აივ – ინფექციის პროფილაქტიკისა და გადაცემის გზების შესახებ, ინფორმაციის ნაკლებობა დაასახელა.
გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სტიგმა და დისკრიმინაციული ქცევების არსებობა განსაზღვრულია სახელმწიფოს და ამ პრობლემებზე მომუშავე ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან, აივ-ინფიცირების და შიდსის შესახებ „დამძიმებული“, „უარყოფითი“ დატვირთვის მქონე ინფორმაციული ბუკლეტების და პლაკატების გავრცელებით.
გამოკითხულთა აზრით, აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმა უნდა იყოს „შედარებით პოზიტიური“. ვინაიდან, ყველა სახელმწიფომ და ამ პრობლემაზე მომუშავე ორგანიზაციებმა იციან, რომ შიდსი „არ გადადის ყოველდღიური სოციალური კონტაქტებით“ და „ არც ყველა აივ-ინფიცირებულია გამოკეტილი, მარტოდ მიგდებული და ყველასგან მიტოვებული.“
შეიძლება ვთქვათ, აივ-ინფიცირებულთა უმრავლესობა მართებულად ფიქრობს, რომ „სახელმწიფომ და ყველა დაინტერესებულმა ორგანიზაციამ მეტი „პოზიტივი“ უნდა შეიტანონ თავის საქმიანობაში და საზოგადოებას უთხრან, რომ უკვე არსებობს შიდსთან ბრძოლის ეფექტური საშუალებები და საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს საშუალებები კიდევ უფრო გაძლიერდება. უნდა გაბათილდეს აზრი იმის შესახებ, რომ „შიდსი პირდაპირ ასოცირებადია სიკვდილთან და გარშემო მყოფთა სერიოზულ საშიშროებასთან“. ხშირ შემთხვევაში ამ აზრს მასმედია უწყობს ხელს, შიდსთან დაკავშირებული სენსაციური ისტორიების გამოქვეყნებით. ერთ-ერთმა რესპონდენტმა (მიგვაჩნია მართებულად) „საზოგადოებაში ცუდი განწყობის შემქმნელი“ უწოდა წამყვანი ტელევიზიების მიერ (2008 წლის, ოქტომბერში), საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, კახეთის რეგიონში შიდსის ახალი კერების გამოვლენის შესახებ.
რესპონდენტმა აღნიშნა, რომ „შიდსი ეს არის მძიმე დაავადება, მაგრამ საზოგადოებისთვის ამ ფორმით „ზედმეტი ხმაურით“ და „ისტერიით“ – „კახეთში შიდსია“, „შიდსი კატასტროფულად იზრდება“ მიწოდება მიუღებელია.
ვფიქრობთ, მასმედიის წარმომადგენლებმა უნდა გაითვალისწინონ ეს აზრი და შეეცადონ მეტი ინფორმაცია მოიპოვონ ამა თუ იმ რეგიონში არსებული მდგომარეობის , შიდსის გადაცემის და ამ დაავადებისაგან თავდაცვის საშუალებების შესახებ, ვინაიდან ყოველი არაპროფესიონალურად მოწოდებული ინფორმაცია, კიდევ ერთი დამატებითი დაბრკოლებაა ამ დაავადების მკურნალობისა და აივ ინფიცირებულების საზოგადოებაში ინტეგრირების გზაზე. სიტუაციური ანალიზის შედეგებით აღმოჩნდა, რომ სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესების და აივ-ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე, ყველაზე დამაბრკოლებელი მოვლენა სტიგმა და დისკრიმინაციაა. სტიგმა აიძულებს მათ დამალონ თავიანთი სტატუსი და ამით გაიზარდოს დაავადების გავრცელების პოტენციალური რისკი. ხოლო, საზოგადოების მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციული ქცევების შედეგად, ეს პროცესი კიდევ უფრო ძლიერდება და ხელს უწყობს სტიგმის შინაგან განცდას. სტიგმა და დისკრიმინაცია ხელს უშლის აივ-ინფიცირებულების თანაბარუფლებიან ხელმისაწვდომობას ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების სფეროში.
ამასთან ერთად, საჭიროდ მიგვაჩნია ჩატარდეს კვლევა, სადაც აივ ინფიცირებულები კვლევისათვის საჭირო რაოდენობით იქნებიან წარმოდგენილი და, საშუალება გვექნება გავაანალიზოთ მათი მოსაზრებები სხვადასხვა ასაკის, სქესის, გეოგრაფიული წარმომავლობის, მრწამსის, სოციალური სტატუსის, განათლების, ინტელექტუალური შესაძლებლობების და დაავადების განვითარების სტადიის მიხედვით, რათა დადასტურდეს სიტუაციური ანალიზის მიხედვით გამოვლენილი ტენდენციები. კვლევა გახდება ადვოკაციის დოკუმენტი ყველა დონეზე. ამის აუცილებლობა დაგვანახა ჩვენს მიერ საქართველოში აივ-ინფიცირებულთა შორის სტიგმა-დისკრიმინაციის შესახებ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომლის შედეგები, რესპონდენტთა მცირე რაოდენობის გამო, საინფორმაციო ხასიათისაა.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხვაში გამოყენებული კითხვარი, მიუხედავად რესპონდენტთა სიმცირისა საკმაოდ ინფორმატიული აღმოჩნდა არამარტო მუშა ჯგუფისათვის, არამედ რესპონდენტებისათვისაც. ვინაიდან ანკეტაში დასმულმა კითხვებმა გააჩინა პრეცენდენტი, რომ თითოეულ რესპონდენტს ეფიქრა, გაეანალიზებინა და გაეთავისებინა მოცემული პრობლემები. ამასთან ერთად, ჩვენი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კითხვარმა განიცადა გარკვეული ცვლილებები, გამოკითხვის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა რომ, კითხვარი ითხოვდა უფრო ღრმა ადაპტირებას ქართულ სინამდვილესთან, რასაც ადასტურებს ამ საკითხზე მომუშავე ექპერტების მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები ჩვენს მიერ მომზადებული ანგარიშის შესახებ.
შიდსის შეჩერების ერთადერთი გზაა, სირცხვილი სოლიდარობით შეიცვალოს და შიში – მომავლის იმედით.
სტიგმა და დისკრიმინაცია საზოგადოებიდან იღებს სათავეს, სწორედ საზოგადოებას გააჩნია რესურსი სტიგმის დასაძლევად. შიში და სირცხვილი წარმოქმნის დუმილის კედელს, დადგა დიალოგის დრო, ვილაპარაკოთ ხმამაღლა, ერთად დავამარცხოთ სტიგმა.

რეკომენდაციები
შიდსთან ბრძოლის ერთ-ერთი უპირველესი გზაა ბრძოლა სტიგმასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რაც თავისთავად გულისხმობს აივ-ინფექციისა და შიდსის შესახებ საზოგადოების და მათ შორის ინფიცირებულთა ინფორმირებულობის და ცოდნის დონის ხარისხის ამაღლებას. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა:
•გავრცელდეს ხარისხიანი, დამარწმუნებელი და „პოზიტიური“ აქცენტების მქონე ინფორმაცია, საზოგადოების ფართო ფენებსა და განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. მიეწოდოს მათ ამომწურავი ინფორმაცია აივ-ინფექციისა და შიდსის გადადების გზების და დაინფიცირების თავიდან აცილების საშუალებათა შესახებ;
•აივ-ინფექციის და შიდსის შესახებ, მასმედიის წარმომადგენელთა ცოდნის ამაღლების მიზნით, ჩატარდეს სპეციალური ტრენინგები, სემინარები და შეხვედრები. სტიმულირებულ იქნას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ამ პრობლემაზე მასალების გამოქვეყნება. ასევე სტიმულირდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, თვითონ ინფიცირებულთა გამოცდილებების, მოსაზრებებისა და ხედვების შესახებ, მასალების გამოქვეყნება;
•სხვადასხვა ორგანიზაციებისა და უწყებების, ასევე დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით, მომზადდეს სპეციალური პროგრამები, საზოგადოებრივი ტოლერანტობისა და სოციალური ინტეგრირების საკითხებზე, განსაკუთრებით სამედიცინო მომსახურეობის, განათლებისა და დასაქმების სფეროში;
•გავრცელდეს ინფორმაცია, საზოგადოების ფართო ფენებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ჯანსაღი უსაფრთხო ცხოვრების წესისა და ქცევების შესახებ, აივ ინფექციაზე რეალური და არა სენსაციური ფაქტების მიწოდების გზით;
•შეიქმნას, საქართველოში არსებული აივ/შიდსის კვლევის ცენტრებში (VCT), რეპროდუქციული კაბინეტი და ფსიქოლოგიური სამსახური;
•გაძლიერდეს აივ ინფიცირებულების განათლება ტრეინინგების საშუალებით, თანასწორი-თანასწორს მეთოდოლოგიის გამოყენებით. კერძოდ: „აივ შიდსის პრევენცია”; „მკურნალობა და ქცევა”; „რეპროდუქციული ჯანმრთელობა”; „უსაფრთხო დედობა“.

ცოცხალი ისტორიები აივ-ინფიცირებულთა შესახებ:
•„ინფიცირებული ვერ ამხელს თავის სტატუს საზოგადოებაში იმიტომ რომ, როცა ოჯახმა მისი სტატუსი შეიტყო, უარი თქვა მასზე, ბავშვებს არ აკარებდნენ და სახლიდან გააგდეს. თუ ოჯახმა უარი თქვა მასზე, საზოგადოებაც უარს იტყვის.”
•„ინფიცირებულის დედამ გაიგო შვილის ინფიცირება, 10 წლის შვილთან ერთად სახლიდან გააგდო.“
•„მეზობლებმა, ნათესავებმა, როცა გაიგეს, რომ გარდაცვლილი აივ-ინფიცირებული იყო. ოჯახს არ მიუსამძიმრეს და არც სასახლის აწევაში დაეხმარნენ.“
•„პაციენტს ესაჭიროებოდა თვალის ოპერაცია, გაამხილა სტატუსი და საავადმყოფოში კატეგორიული უარი ეთქვა. შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის ჩარევით პრობლემა მოგვარდა, პაციენტს ოპერაცია გაუკეთდა.“
•„რამდენიმე პაციენტს უარი ეთქვა სტომატოლოგიურ კლინიკაში აივ-სტატუსის გამო. ისინი აიძულეს დამალონ შიდსის სტატუსი და აცხადებენ, რომ აქვთ C ჰეპატიტი. რატომღაც ჰეპატიტი ექიმებს დიდ პრობლემად არ მიაჩნიათ და ხშირ შემთხვევაში მომსახურეობაზე პაციენტს უარს არ ეუბნებიან.“
•„ინფიცირებული მოხვდა საავადმყოფოში, გაამხილა თავისი აივ-სტატუსი. საავადმყოფოში მისულ მნახველებთან, ექიმმა არ დაიცვა პაციენტის უფლებები, გაამხილა მისი სტატუსი და უთხრა მორიდებოდნენ მასთან ურთიერთობას. ეს ამბავი სამსახურშიც გახმაურდა და აივ-ინფიცირებული დაითხოვეს.“
•„პაციენტის აივ-სტატუსმა სამსახურში ჭორის დონეზე გაჟონა, უფროსობამ პირდაპირ ვერ დაითხოვა სამსახურიდან და ოფიციალურად მოითხოვა ყველა თანამშრომელს გაეკეთებინა გამოკვლევა შიდსზე. პაციენტი, რომელმაც იცოდა თავისი სტატუსი, იძულებული გახდა წამოსულიყო სამსახურიდან“.
•„პაციენტი, რომელსაც ჰქონდა გინეკოლოგიური პრობლემა (საშვილოსნოდან სისხლდენა) მიიყვანეს საავადმყოფოში, ოჯახის წევრებმა ექიმებს აუხსნეს მისი სტატუსი. საავადმყოფოში უარი ეთქვა და გადააგზავნეს სხვა საავადმყოფოში. სამწუხაროდ იქაც იგივე განმეორდა. პაციენტმა მიმართა შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს და პრობლემა მოგვარდა.“

ნანახია: 6922 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: nika

თარიღი: 2010-01-06 | 21:32

ekims romelic uars itkvis aiv inficirebulis samedicino daxmarebaze unda sheucherdes licenzia mudmivad!



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 8

თქვენ ხართ სტუმარი No: 1270734


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.