იუბილე

სიახლეები

NOTA BENE

სამედიცინო მენეჯმენტი

თარგმანი

კვლევა

სამედიცინო ეთიკა და დეონტოლოგია

გაიდლაინი

დისკუსია

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



ყვავილები ელჯერნონისათვის [5.00]

ნობელის პრემიის ლაურეატები - 2008, მედიცინისა და ფიზიოლოგიის სფერო. [5.00]

ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [5.00]

საოფისე სკამი ხერხემლის შესაბამისი სიმრუდეების მქონე საზურგით [5.00]

ახალი ხელოვნური გული პრეკლინიკურ გამოცდას გადის [5.00]


ღეროვანი უჯრედები - ახალი ერა მედიცინაში [15880]

გულმკერდში ტკივილის მენეჯმენტი [14152]

ვულგარული აკნეს (ACNE VULGARIS) მართვის გაიდლაინი [13637]

ჰოსპიტალური მენეჯმენტი: პრელუდია [7688]

შუა ყურის ქოლესტეატომური დაავადების მკურნალობა [6108]


თემების რაოდენობა: 16
კომენტარები: 3

საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია 10 წლისაა

ავტორი: გ. თომაძე, პროფესორი, ნ. კარანაძე, პროფესორი
საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია

>>  საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია 10 წლის წინ, 1997 წლის 31 იანვარს ჩამოყალიბდა. ასოციაციის დაფუძნებაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა ექიმმა და ოთხმა სამედიცინო ორგანიზაციამ.
ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ორგანოთა გადანერგვის განვითარებას. დღიდან დაარსებისა მას ხელმძღვანელობს პროფესორი გია თომაძე.
სტატიაში აღწერილია ორგანოთა და ქსოვილთა გადანერგვის მდგომარეობა საქართველოში და ამ მიმართულებით საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის აქტივობა.


სურათი 1. თ.ჯიქურაშვილი, ნ.კარანაძე ა.კირეულიშვილი, ქ.ალხაზოვა, გ.თომაძე

საინფორმაციო ბანკი - ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურა
ასოციაციის ერთ-ერთ ძირითად სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკი – ტრანსპლანტაციის ნაციონალური რეგისტრატურა. იგი შეიქმნა 1997 წელს. მისი პირველი ხელმძღვანელი იყო ექიმი ანი დევნოსაძე. 2003 წლიდან მას ალისა კირეულიშვილი ხელმძღვანელობს.
საინფორმაციო ბანკის შემადგენლობაში შედის 5 რეგისტრატურა:
1. ორგანოგადანერგილ პაციენტთა;
2. გადანერგვის მომლოდინეთა;
3. ორგანოს დონორობაზე თანხმობის;
4. ორგანოს დონორობაზე უარის;
5. ცოცხალ დონორთა.
საინფორმაციო ბანკი მონიტორინგს უწევს აღრიცხვაზე მყოფ პაციენტთა და დონორთა მდგომარეობას, რომელიც რეგისტრირდება სპეციალურად შექმნილ მონაცემთა კომპიუტერულ ბაზაში (www.gat.com.ge). აქ წარმოებს წლის განმავლობაში შესრულებულ ოპერაციათა რაოდენობრივი და კლინიკური ანალიზი, სათანადო სტრუქტურებთან თანამშრომლობით, სამედიცინო დაზღვევის პოლისების შექმნა და გაცემა, შექმნილია „ორგანოგადანერგილი პაციენტის დღიური“, წარმოებს ამბულატორიულ პაციენტთა ლაბორატორიული და სხვა სამედიცინო პარამეტრების მონიტორინგი, სახელმწიფოს მიერ შეძენილი იმუნოსუპრესიული მედიკამენტების (ნეორალი, სელსეპტი. მიფორტიკი და სხვ.) გაცემა, კონტროლი და აღრიცხვა. ორგანოგადანერგილ პაციენტებს და მათ დონორებს ჩვენს ასოციაციაში უფასოდ უტარდებათ გარკვეული ლაბორატორიული ანალიზები (კრეატინინი, შარდოვანა და ა.შ.).
2007 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით ასოციაციის საინფორმაციო ბანკში აღრიცხვაზე პაციენტთა სამი კატეგორიაა: თირკმელგადანერგილები (86), ღვიძლგადანერგილები (3) და რქოვანაგადანერგილები (123) (დიაგრამა 1).
10 წლის განმავლობაში საინფორმაციო ბანკში აღრიცხვაზე მყოფ ორგანოგადანერგილ პაციენტთა რაოდენობამ 4-ჯერ მოიმატა: 1995 წელს იყო 20, 2007 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით – 89.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, საშუალოდ 2-3 საზღვარგარეთ ნაოპერაციები ავადმყოფი ადის აღრიცხვაზე, რასაც ვითვალისწინებთ მათი მედიკამენტური უზრუნველყოფისათვის საჭირო გათვლის წარმოებისას (დიაგრამა 2).

საქართველოში შესრულებული თირკმლის გადანერგვების რაოდენობა
საქართველოში თირკმლის პირველი გადანერგვა განხორციელდა 1977 წელს ქირურგიის ინსტიტუტის ბაზაზე მოსკოველ კოლეგებთან ერთად. მას შემდეგ დღემდე თირკმლის გადანერგვის 87 ოპერაციაა შესრულებული. მათგან უროლოგიის ეროვნულ ცენტრში (დირ. პროფესორი ლ. მანაგაძე, თირკმლის გადანერგვის ჯგუფის ხელმძღვანელი მ.მ.დ. ა.ჩხოტუა) – 59 ოპერაცია. ხოლო ქირურგიის ეროვნულ ცენტრში (დირექტორი პროფესორი ბ. მოსიძე, ტრანსპლანტაციის განყოფილების გამგე, მ.მ.დ. ე. ღონღაძე) – 28 ოპერაცია.
განვლილ პერიოდში, გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, მნიშვნელოვანი დადებითი დინამიკა აღინიშნება როგორც თირკმლის გადანერგვის შემდგომი ტექნიკური გართულებების, ისე რეციპიენტთა ლეტალობის თვალსაზრისით თუ მათ განვიხილავთ ეტაპობრივად, ვნახავთ, რომ 1995-99 წლებში ოპერაციასთან დაკავშირებული ლეტალობის მაჩვენებელი შეადგენდა 27%-ს, მაშინ, როცა 2000-2007 წლებში შესაბამისი მაჩვენებელი 5%-მდე შემცირდა (დიაგრამა 3).
საქართველოში დღეისათვის წარმოებს ორგანოებიდან მხოლოდ თირკმლის, ხოლო ქსოვილებიდან – რქოვანას და ძვლის გადანერგვა. სახელმწიფო პროგრამით ყოველწლიურად ფინანსდება თირკმლის 9-10 გადანერგვა.

საქართველოში შესრულებული რქოვანას გადანერგვების რაოდენობა
საქართველოში რქოვანას გადანერგვები ეპიზოდურად ტარდებოდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში. წარმატებული გადანერგვები ჩატარებულია ოფთალმოლოგების ტ. რამიშვილისა და პროფესორ ტ. შატილოვას მიერ. ორგანიზებული რქოვანას გადანერგვები დაიწყო 1997 წელს (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პროფესორი მ. დვალი, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, პროფესორი მ. ომიაძე).
ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკში არსებული მონაცემებით 2008 წლის ჩათვლით ჩატარებულია რქოვანას123 წარმატებული გადანერგვა. 1997 წლიდან 2005 წლის ჩათვლით საქართველოში რქოვანას ტრანსპლანტატების შემოტანა ხორციელდებოდა ACTS International-ისა და ACTS Georgia-ს მიერ ქველმოქმედების სახით. 2008 წლიდან რქოვანების შემოტანა ხორციელდება საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციასთან არსებული ქსოვილოვანი ტრანსპლანტაციის ბანკის მეშვეობით (დიაგრამა 4).

ჰუმანიტარული დახმარება
გასული 10 წლის განმავლობაში ასოციაციის მიერ გაწეული იქნა 100 ათასამდე აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც გამოიხატა ორგანოგადანერგილი პაციენტებისათვის ასოციაციის მიერ მოპოვებული მედიკამენტების (ნეორალი, სელსეპტი, მიფორტიკი) უფასოდ დარიგებაში.
წლების მიხედვით გაწეული ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა ასახულია დიაგრამაზე 5. აღსანიშნავია, რომ მოპოვებული იმუნოსუპრესიული მედიკამენტების ძირითადი დონორები არიან „Novartis“ და „ROCHE”, ხოლო მედიკამენტები ჩამოტანილი იქნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ, ფინეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, პერუდან და სხვა (დიაგრამა 5).

ორგანოგადანერგილთა ბანაკი შვეიცარიის ალპებში
საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია უკვე 6 წელია მჭიდროდ თანამშრომლობს შვეიცარიაში მდებარე ბანაკთან, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან 16 წლამდე ასაკის ორგანოგადანერგილი ბავშვები იკრიბებიან. ასოციაცია თავად პოულობს სპონსორებს და ნაოპერაციებ ბავშვებს აგზავნის შვეიცარიაში. ამ ხნის განმავლობაში 5 ბავშვს მიეცა საშუალება დაესვენა ზღაპრულ ალპებში. 2006 წელს კი 16 წლის ორმა გოგონამ ბანაკში გამართულ სათხილამურო შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და სამშობლოში მედლითაც დაბრუნდა. ამ უნიკალური ბანაკის ხელმძღვანელი ლიზ შიკი, თავადაც ორგანოგადანერგილია და ცდილობს, მომავალი ცხოვრების სტიმული იმ ბავშვებსაც მისცეს, რომლებმაც თავისი ასაკის კვალობაზე ასეთი სერიოზული სტრესი და ტრავმა გადაიტანეს.

ქსოვილოვანი ტრანსპლანტაციის ბანკი
ასოციაციაში 2007 წელს ჩამოყალიბდა ქსოვილოვანი ტრანსპლანტაციის ბანკი, რომლის მიზანია ერთის მხრივ კოორდინაცია გაუწიოს, ხოლო მეორეს მხრივ უშუალოდ განახორციელოს საქართველოში ქსოვილისა და უჯრედის გადანერგვა.
ბანკს ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი თ. ჯიქურაშვილი, სამედიცინო დირექტორია პროფესორი ნ. კარანაძე. გაფორმებულია ხელშეკრულებები მსოფლიოს სხვადასხვა ქსოვილოვან ბანკებთან (მათ შორის თვალის ბანკებთან). ამ ეტაპზე ბანკის პრიორიტეტია რქოვანების იმპორტი.

რა ეტაპზეა დღეს გვამური დონაცია საქართველოში?
საქართველოში ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ 2000 წელს მიღებული კანონის თანახმად „ორგანოს დონორი შეიძლება იყოს ცოცხალი ადამიანი (გენეტიკური ნათესავი, მეუღლე ან დონორთა გაცვლით პროგრამაში მონაწილე პიროვნება), ისე გარდაცვლილი“, თუმცა დღემდე საქართველოში გვამიდან არცერთი გადანერგვა არ განხორციელებულა. ამის ძირითად მიზეზს გვამის ორგანოების დონაციის მიმართ მოსახლეობის ნეგატიური წინასწარგანწყობა წარმოადგენს, რისი შეცვლაც ხანგრძლივ შრომას მოითხოვს და რომლის შესრულებაც მხოლოდ მასმედიის საშუალებების აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერითაა შესაძლებელი.
გვამის დონორის შემთხვევაში ოპტიმალურად ითვლება გულისცემაშენარჩუნებული გარდაცვლილის, ანუ თავის ტვინის სიკვდილით გარდაცვლილის ორგანოები, რამეთუ მათში სისხლის მიმოქცევა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, რაც დადებითად მოქმედებს გადანერგვის შემთხვევაში მისი ფუნქციონირების ხანგრძლივობაზე. აღნიშნული არ ეხება ქსოვილებს, რომელთა აღება შესაძლებელია გარდაცვალებიდან გარკვეული საათების შემდეგაც.
საქართველოში თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმები 2000 წელს შემუშავდა, ხოლო ცნება მის შესახებ საქართველოს კანონში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ 1997 წლიდანაა ჩადებული.
2003-2006 წწ-ში ჩვენ შევისწავლეთ თბილისის 4 ცენტრალური კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ავადმყოფთა ისტორიები. კვლევის შედეგად გამოვლინდა დაახლოებით 50 პოტენციური დონორი, რომელთა მიმართ გამოთქმული იყო ეჭვი თავის ტვინის სიკვდილზე.
მიუხედავად ამისა, საქართველოში არ იყო თითქმის არცერთი შემთხვევა თავის ტვინის სიკვდილის სამართლებრივი დიაგნოზისა. აღნიშნული გულისხმობს მის დადასტურებას ორჯერ, მინიმუმ 12 საათიანი ინტერვალით, კლინიკური გასინჯვისა და ინსტრუმენტული გამოკვლევის (ეეგ ან ტრანსკრანიული დოპლერი) საფუძველზე.
2007 წლიდან ჩვენ შევქმენით ექიმების სპეციალიზებული მობილური ბრიგადა. მისი მეშვეობით ხდება თავის ტვინის სიკვდილის იურიდიულად დასაბუთებული დიაგნოზის დასმა, 18 თვის განმავლობაში გაისინჯა თავის ტვინის სიკვდილზე ეჭვის მქონე 12 პაციენტი. თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დასმული იყო 2 შემთხვევაში. დღეისათვის ჯერ კიდევ არსებობს იმის საჭიროება, რომ ამ დიაგნოზს მიეჩვიოს როგორც ექიმთა საზოგადოება, ისე მოსახლეობა.

საზოგადოების დამოკიდებულება ორგანოთა გადანერგვის მიმართ
ორგანოთა გადანერგვა წარმოადგენს მედიცინის ერთ-ერთ იმ სფეროს, რომლის განვითარებაც წარმოუდგენელია საზოგადოების ფართო ფენების მხარდაჭერისა და მათი დადებითი წინასწარგანწყობის გარეშე.
ამ მიზნით ჩვენი ასოციაციის მიერ ჩატარდა რამდენიმე სოციალური გამოკითხვა. მათი მიზანი იყო შეგვესწავლა მოსახლეობის წინასწარი განწყობა ორაგონოს დონაციის, გადანერგვის და ე.წ. ჯვარედინი დონორობის მიმართ. შესწავლილი იქნა საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა დამოკიდებულება ამ საკითხებთან მიმართებაში. სულ გამოკითხული იქნა 500-მდე რესპონდენტი. მათგან სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო 240, სხვადასხვა რელიგიის მიმდევარი – 150.
ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ გარდაცვალების შემდეგ ორგანოთა დონაციაზე გამოკითხულთა მხოლოდ 54%-ია თანახმა, 30% წინააღმდეგია, 16% კი – თავს იკავებს (დიაგრამა 6).
გამოკვლევამ აჩვენა, რომ ქართული მართლმადიდებელი მრევლი ცოცხალი დონაციის მიმართ (69%) უფრო პოზიტიურადაა განწყობილი, ვიდრე გვამური დონაციის მიმართ (36%). ამ მხრივ, საწინააღმდეგო მაჩვენებლებია კათოლიკებში; მათი 82% მხარს გვამურ დონაციას უჭერს, ხოლო 64% ცოცხალ დონაციას.
საერთო ჯამში, კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები ორგანოთა გადანერგვის მიმართ უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას იჩენენ, ვიდრე მართლმადიდებლები. განსაკუთრებულად განსხვავებულია მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელთა პოზიცია: კათოლიკეთა 100% გვამურ დონაციას უჭერს მხარს, მაშინ, როცა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა მხოლოდ 18% არის ამ ტიპის ოპერაციების მომხრე.
აღნიშნული კვლევები მოხსენების სახით იყო წარდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, ხოლო ჯვარედინ დონორობასთან დაკავშირებით მიღებული კვლევის შედეგები საფუძვლად დაედო სათანადო კანონდებლობის შემუშავებას.
ამჟამად მიმდინარეობს სოციალური კვლევა, რომლის რესპონდენტებსაც წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრები ორგანოგადანერგილი პაციენტების ცოცხალი ნათესავი დონორები. ამ კვლევის შედეგები 2009 წელს გამოქვეყნდება.

კანონშემოქმედება და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
გასული 10 წლის განმავლობაში ასოციაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენდა კანონშემოქმედებითი საქმიანობა. ჯანდაცვის სამინისტროს საკანონმდებლო ჯგუფთან (გ. კიკნაძე, გ. ჯავაშვილი, გ. სიმონია) და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენს მიერ შემუშავებული იქნა შესწორებები და დამატებები ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ საქართველოს კანონის მომზადების პერიოდში. ასოციაციის ძალებით შემუშავდა ორგანოთა ტრანსპლანტაციის კანონით გათვალისწინებული ყველა კანონქვემდებარე აქტი, 2000 წელს ასოციაციის აქტიური მონაწილეობით შემუშავდა თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმები, რომელიც 2001 წელს დამტკიცებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. იმავე წელს შემუშავდა დებულებები ტრანსპლანტატის ექსპორტ-იმპორტის, ტრანსპლანტაციის საბჭოს, საინფორმაციო ცენტრის შესახებ, რეკომენდაციები ჯვარედინი დონორობის პრინციპის შესახებ და ა.შ.
ჩვენი ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: ევროსაბჭოს ტრანსპლანტაციის დარგის ექსპერტთა კომიტეტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო, ტრანსპლანტოლოგთა ევროპული და საერთაშორისო ასოციაციები.
1999 წელს ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა კავკასიის ქვეყნების ტრანსპლანტოლოგთა I კონგრესი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა (სომხეთი, რუსეთი, ინგლისი, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, ჩეხეთი, ისრაელი, საქართველო). კონგრესის მასალები ნაბეჭდი სახით გამოიცა.
ასოციაციის ინიციატივით საქართველო შეყვანილი იქნა ევროპის ტრანსპლანტაციური რუკის წევრ ქვეყანად და 2000 წლიდან, ყოველწლიურად საქართველოს აქტივობა ამ მიმართულებით ისახება ევროსაბჭოს ეგიდით მომზადებულ ჟურნალში.
ასოციაციის ინიციატივით 2002 და 2006 წლებში ჩატარდა სემინარები თავის ტვინის სიკვდილის შესახებ, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წამყვანი კლინიკების ნევროლოგებმა და რეანიმატოლოგებმა.
2005 წელს ასოციაციის ინიციატივით და ევროსაბჭოს ეგიდით საქართველოში ჩატარდა ტრანსპლანტაციის ორგანიზაციული პრობლემებისადმი მიძღვნილი რეგიონული სემინარი, რომელშიც, საქართველოს გარდა, მონაწილეობდნენ წარმომადგენლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან. სემინარის შედეგების საფუძველზე მომზადდა ევროსაბჭოს ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციები მონაწილე ქვეყანათა მთავრობების მიმართ.
აღნიშნული რეკომენდაციები დაედო საფუძვლად საქართველოში ტრანსპლანტაციის განვითარების ნაციონალურ პროგრამას.
2007 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ჩვენს ასოციაციასა და ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის, რომლის მიზანია საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაწყება.
ჩვენი ასოციაციის აქტივობის დამსახურებად მიგვაჩნია ევროსაბჭოს 2007 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „ორგანოთა დონაციისა და ტრანსპლანტაციის მე-12 ევროპული დღის“ საქართველოში ჩატარდება 2010 წელს.

ასოციაციის გეგმები და უახლოესი მიზნები
ჩვენს ასოციაციას, მიმდინარე ეტაპზე, ფუნქციონირების მეორე ათწლეულის ძირითად მიმართულებად მიაჩნია საქართველოში ტრანსპლანტაციის განვითარების ნაციონალური პროგრამის დამტკიცება სახელმწიფო დონეზე. იმედი გვაქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მხარს დაუჭერენ ევროსაბჭოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს 2005-2006 წლების რეკომენდაციებს რათა შეიქმნას საქართველოში ორგანოთა დონაციისა და ტრანსპლანტაციის განვითარების სახელმწიფო პროგრამა.
საჭიროა ჩვენი მუშაობა გადავიდეს ახალ ეტაპზე. იგი უნდა გახდეს უფრო გლობალური, მოიცვას როგორც ორგანული, ისე ქსოვილოვანი და უჯრედული ტრანსპლანტაციები. საჭიროა ქსოვილთა ტრანსპლანტაციური ბანკების ამუშავება, ძვლის ალოტრანსპლანტაციის ბანკის შექმნა. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას თირკმლის გარდა სხვა ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების გადანერგვის მიმართულებითაც (ღვიძლი, რქოვანა, ღეროვანი უჯრედები), ამ მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია ზრუნვა როგორც სათანადო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად, ისე შესაფერისი კლინიკური ცოდნისა და გამოცდილების დასაუფლებლად.

საკონტაქტო ინფორმაცია:თბილისი, წინანდლის ქ. 9, ქალაქის I საავადმყოფოს ტერიტორია, ზოგადქირურგიული კლინიკის ბაზა.
ტელ/ფაქსი: 77-18-19; giatomadze@global-erty.net
www.gat.com.ge

ნანახია: 4489 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 6

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268398


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.