მედიცინის ისტორია

თარგმანი

მოლეკულური მედიცინა

MEDICAL IT

სიახლეები

გაიდლაინი

კვლევა

დისკუსია

ადამიანი და გარემო

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



„იმელდა“ ციკლიდან „წერილები ახალგაზრდა ექიმს“ [5.00]

ჰოსპიტალური ინფექციის ანტიბიოტიკოპროფილაქტიკისა და ანტიბიოტიკოთერაპიის სტანდარტი [2.00]

„მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციის შემთხვევა [0.00]

მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველის გავლენა ნეირონის პლასტიურობაზე [0.00]

კიდევ ერთხელ სისტემებზე და სისტემურ მიდგომაზე მედიცინაში, ანუ სჭირდება თუ არა ექიმს ტვინი [0.00]


მედიცინა და ქართული სამეფო კარის ტრადიციები [11517]

ძუძუთი კვება [9203]

აორტის დეგენერაციული სტენოზი [7976]

α თალასემია საქართველოში [6961]

„მეთერთმეტე თითის“ ატიპური ლოკალიზაციის შემთხვევა [6618]


თემების რაოდენობა: 18
კომენტარები: 0

მედიცინა და ქართული სამეფო კარის ტრადიციები

ავტორი: რ. შენგელია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ისტორიის და ბიოეთიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
R. Shengelia, Tbilisi State Medical University
Medicine and Traditions of the Georgian Royal Court

>>  In the 16th century there ruled King David XI Bagrationi (he was King in 1569-1578). All through his life he was most interested in medical science. After failure of his political career, he settled in Istanbul, where he finished his important medical monograph “Iadigar Daudi”. The book reviews Arabian medical literature, but presents rich experience of the author in abundance. This surely, points to intensive medical activities of David XI. “Iadigar” is an important work combining the best traditions of Eastern medicine and Europeism. The monograph discusses etiopathogenesis of diseases of human system, their clinical expression, treatment. The issues of dietology are most valuable, which differentiates this book from all the medical books of that and earlier periods avalable to us. The author describes the features of different kinds of meat (32), grains (50), fruit (70). The characteristics of bread, fat, milk products are presented along with the terms of use. In general, Georgian medical works of that and later periods (there are about 500 of them described and studied) are based conceptually on humoral theory having a united philosophical base, certainly, with interesting modification.
Vakhtang VI (1675-1737) is a person most outstanding among the Bagrations who were found of science and art. He initiated formation of the so-called “Sepeta Darbazi” (a scientific commission). They revealed, studied and re-published numerous books, among them those of medical character as well. Namely, the 10th century monument “Ustoro Karabadini” was stylist-ically elaborated and corrected, a masterpiece of the 15th century “Karabadini”, a medical book by Zaza Panaskerteli-Tsitsishvili, and others.
Vakhtang himself is the author of books in chemistry, veterinary, etc, in which there are lots of paragraphs of medical character. These paragraphs may be bound into a separate independent book. Vakhtang’s books express vividly and fully the influence of European medicine. There are chemically more elaborate preparations, new methods of treatment, rules of preparing glasses in it; it is also pointed that there existed an optical workshop in Tbilisi of that period.


გაგრძელება. დასაწყისი იხ. მე–4 ნომერში

სურათი 1. ლადო კოტეტიშვილის რედაქციით გამოცემული
„იადიგარ დაუდის“ (თბილისი, 1985) ყდა.

დავით XI, დაუთ-ხანი
ქართლის ხანი (ზოგიერთი ქართული წყაროს მიხედვით, ქართლის მეფე) 1569-1578, ლუარსაბ I-ის ძე. დავით XI-მ უღალატა ძმას სიმონ I-ს და თავის მომხრე ქვემო ქართლის თავადებთან – ბარათაშვილებთან ერთად 1561 ირანს გაემგზავრა და შაჰ-თამაზ I-ს ეახლა ყაზვინს. იგი გაამაჰმადიანეს, ვასალობის რაყამი უბოძეს, ქართლის ხანად დანიშნეს (1562) და ყიზილბაშთა ჯარით საქართველოში გამოგზავნეს. დავით XI განაგებდა მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლს, რომელიც ამ დროს ირანს ეპყრა. დანარჩენი ქართლი სიმონ I-ს ემორჩილებოდა, რომელსაც ფეოდალთა დიდი ნაწილი ერთგულობდა. ქართლში „ორიანობა“ (ორმეფობა) დამყარდა. დავით XI-მ 1569 ფარცხისის ბრძოლაში ყიზილბაშთა დახმარებით სიმონი დაამარცხა და ქართლის ერთადერთი მმართველი გახდა. დატყვევებული სიმონი ირანში გაგზავნეს. მაგრამ თავადთა უმეტესობა საჩინო ბარათაშვილის მეთაურობით კვლავ განაგრძობდა დავით XI-ისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლას. დავით XI წელიწადში 20000 დუკატს უხდიდა ირანს ხარკად. 1578, როცა ოსმალეთის დიდი არმია მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით საქართველოში შემოიჭრა, დავით XI-მ თბილისი გადაწვა და თავი ლორეს შეაფარა. ოსმალებმა ქართლი საფაშოდ გამოაცხადეს და თბილისში ფაშა დასვეს. 1578 ირანის მთავრობამ სიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლში დააბრუნა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად, დავით XI-მ ციხეები ოსმალთა სარდალს გადასცა, თვითონ კი სტამბოლში წავიდა, სადაც პატივით მიიღეს და სარჩოდ ორი სანჯაყი უბოძეს. დავით XI-ის ვაჟებმა ბაგრატმა და ხოსრომ ჯერ კახეთს შეაფარეს თავი, შემდეგ კი ირანში წავიდნენ. დავით XI-მ ოსმალეთში რამდენიმე წელი დაჰყო და იქვე გარდაიცვალა. ოსმალეთში ყოფნის დროს ორი ოსმალური კარაბადინისაგან ერთი ქართული საექიმო წიგნი – „იადიგარ დაუდი“ შეადგინა და საქართველოში გამოგზავნა.
დავით ბატონიშვილის იადიგარი
მოგვაქვს ვრცელი ციტატა „იადიგარ დაუდის“ პირველგამომცემლისა და, საერთოდ, ქართული მედიცინის ისტორიის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებლის ექიმ ლადო კოტეტიშვილის გამოკვლევიდან: „მეფე დავითს ანუ დაუთ-ხანს რომ საფუძვლიანი საექიმო ცოდნა ექნებოდა, ეს ეჭვს გარეშეა. ამას თვითონვე ამჟღავნებს, შეიძლება თავისდა უნებლიედ, ამ წიგნის შესავალში, სადაც ის ეპიკური სიდინჯით და მეცნიერის დამაჯერებლობით მოგვითხრობს: „…და ერთსა დღესა, ერთსა ბედნიერსა და ფილოსოფოსსა კაცსა შემოვეყარენით და თავისა სახლშიგა მიმიყვანა და მრავალი საექიმო და სამეცნიერო წიგნები ჰქონდა და გვიჩვენა. და სრული ის წიგნები ვნახეთ და გავსინჯეთ და მწოვედ მოგვინდა და მოგვეწონა. წინას კაცთა მცნებასა და მცოდნეობას გავჰკვირდით, თუ ამა ყუელასა სენსა, ჭირსა და სატკივარსა ან როგორ მიხუდეს, ან გული როგორ გაავლეს, და ამთენსა სენსა და ჭირსა თავ თავისი წამლები როგო უპოვეს.“
რად აინტერესებდა დავით ბატონიშვილს საექიმო წიგნები? იმ აუარებელ ფილოსოფიურ წიგნებში, რაღა საექიმო წიგნებით დაინტერესდა ჩვენი ავტორი, ან რითი იყო გამოწვეული ეს დაინტერესება? ამ კითხვებზე თვითონვე იძლევა პასუხს: „აწე, ესე ჩუენცა ვიცოდით, რომე დღეს საქრისტიანოშიგა ამისთანა და ამგვარი წიგნი სააქიმო არ იყო და საქრისიტიანოშიგა (საქართველოში) მრავალი ისეთი კაცი ვნახეთ, რომე უხელობითა და უცოდნელობითა მოკვდა და დაზიანდნეს, რომე რაცა მათ კაცზედა სენი და ჭირი ვნახეთ ან მისი სენისაგან ისი კაცნი დაზინდნეს, მის სენისა და ჭირის წამალი ყუელა ადვილისა საქმითა მათ წიგნებშიგა ეწერა. ვნახეთ და წავიკითხეთ ამ რიგისა სენისა მკურნალი წამალიცა ბევრი ვნახეთ”.
საიდან უნდა სცოდნოდა დავითს ანუ დაუთ-ხანს, რომ საქრისტიანოში, ანუ საქართველოში, ამგვარი სამედიცინო ლიტერატურა არ იყო, თუ კარგად არ იცნობდა იმ დროს საქართველოში არსებულ საექიმო ლიტერატურას? ან კიდევ, საიდან ნახავდა ის მრავალ ავადმყოფს, რომელნიც „უხელობითა და უცოდნელობითა მოკვდა და დაზიანდა“? აქედან გასაგებია, რომ დაუთ-ხანი საქართველოშივე დაინტერესებული ყოფილა როგორც საექიმო მეცნიერებით, ისე საექიმო პრაქტიკით.
ავტორი განაგრძობს: „მერმე ჩემი თავი და ჩემი გულის ყური, ჩემი ჭკუა და მცოდინარობა დავსცადო თუ ამა ორისა თათრულისა წიგნისა ერთგან შეკრება და გადმოთარგმნა შემიძლიან თუ არა მეთქი...“
რას ნიშნავს ეს „მცოდინარობა“? ან როგორ უნდა გამოეცადა, ჩვენს ავტორს, ეს მცოდნეობა საექიმო მეცნიერებისა, თუ ასეთი მას არ ექნებოდა?
გასაგებია, რომ დაუთ-ხანს, ეს მცოდნეობა საფუძვლიანი ჰქონია, თორემ მართლა ვერ გაბედავდა ამ მძიმე საქმისათვის ხელის მოკიდებას.
შემდეგ ავტორი უკვე მეცნიერული დამაჯერებლობით აცხადებს: „აწე ერთი სააქიმო მუხათსარი ვითამცა და ცოტა და კარგი წიგნი გარდმოვიღო და ყოვლის სააქიმოისა წიგნებიდაღმან გადმოღებული და ან რაც ბრძენთა და ფილოსოფოსთა კაცთაგან ნაქმარი ან ნათქვამი სიტყუანი და საქმეები იყოს, ან მე ცოდვილსა და უღირსსა მამეგონოს და გამომეღოს ან მრავალჯერ დამეცადოს, ყუელა ამა წიგნშიგა დავსწერო”.
რას ნიშნავს ეს „მამეგონოს და გამომეღოს ან მრავალჯერ დამეცადოს“? გასაგებია, რომ ჩვენ აქ საქმე გვაქვს ისეთ ავტორთან, რომელსაც აქვს დიდი პრაქტიკული გამოცდილება და აქვს თავისი გამოგონილი წამლები.
ავტორის სამედიცინო-ფილოსოფიური კონცეფცია დამყარებულია ჰიპოკრატეს ჰუმორულ-პათოლოგიურ თეორიაზე ისე, როგორც ყველა ადრინდელი ქართული სამედიცინო ძეგლი. წიგნი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: ზოგადი და კერძო პათოლოგიისა და თერაპიისაგან. ზოგად ნაწილში, მოკლე ანატომიურ-ფიზიოლოგიური მონაცემების შემდეგ, ძალიან დეტალურადაა განხილული ჰიგიენისა და დიეტეტიკის საკითხები. ჰიგიენის საკითხებიდან აღსანიშნავია: „ძილისა და სიფხიზლის წესები“, სქესობრივი ჰიგიენის წესები, მოვლის, კვებისა და მკურნალობის ზოგადი პრინციპები, პროფილაქტიკური მკურნალობის წესები (გასახსნელი წამლების მიღების, პირღებინების, სისხლის გამოშვების, ოყნის გაკეთების წესები და სხვ.).
განსაკუთრებული გულმოდგინებითაა გადმოცემული დიეტეტიკის საკითხები; განხილულია თითქმის ყველა საკვები და სამკურნალო საშუალების თვისებები, გარჩეულია პურის, ხორცის (32 სახის), ცხიმეულის (ქონი, ერბო, ზეთი), რძისა და მისი ნაწარმის, თესლეულის (50-მდე სახის), ხილის (70-მდე დასახელების) კვებითი და სამკურნალო ღირებულება, მავნეობა.
შემდგომ თავში საკმაოდ ვრცლად და საინტერესოდაა გადმოცემული დიაგნოსტიკური საშუალებანი, ძირითად ნაწილში გარჩეულია კერძო პათოლოგია და თერაპია, თანამიმდევრულადაა განხილული იმდროინდელი მედიცინის თითქმის ყველა ძირითადი დარგი.
ავტორი, პირველ რიგში, განიხილავს ნერვულ და ფსიქიკურ დაავადებებს, შემდეგ თვალის, ყურის, კბილის, ყბის, ენის, პირის ღრუს, სახისა და ყელის, ფილტვების, ღრძილისა და თირკმლების, გულისა და კუჭის, ელენთის, ნაწლავების, შარდის ბუშტისა და სასქესო ორგანოების, კანისა და სახსრების დაავადებებს, ციებ-ცხელებას, წყლულებსა და ჭრილობებს, მოტეხილობასა და დამწვრობას, ძაღლის, გველის, მორიელისა და ფუტკრის ნაკბენს. გონებამახვილურადაა განხილული თითქმის ყველა ცალკეული დაავადება. განსაკუთრებით ვრცლადაა მოცემული ამ დაავადებათა მკურნალობის მეთოდები. გარჩეულია მრავალი სამკურნალწამლო საშუალება, სხვადასხვა ავტორის მიერ შემუშავებული ვარიანტები. ლ. კოტეტიშვილი შენიშნავს, რომ დავით ბატონიშვილის წიგნსა და, საერთოდ, ძველ ქართულ სამედიცინო ძეგლებში გამოყენებულია ე.წ. პოლიფარმაციის პრინციპი, ანუ ბევრი წამლის ერთად გამოწერა. ეს ტრადიცია, ლ. კოტეტიშვილის აზრით, შემოტანილი უნდა იყოს საქართველოში არაბეთიდან, სადაც არაბმა ექიმებმა წამლების ისედაც დიდი რიცხვი უფრო გაამრავლესო1. ჩვენი აზრით, აქ შეიძლება სხვა აღმოსავლური სამედიცინო სისტემის გავლენაზეც ვილაპარაკოთ, განსაკუთრებით – ტიბეტურზე, მითუმეტეს, როდესაც ჩინური და ინდური მედიცინის პლასტები ქართულ ტრადიციულ მედიცინაში ადვილი შესამჩნევია. ბოლოს მოცემულია შარბათების, მალამოებისა და სხვა სამკურნალწამლო საშუალებათა დამზადების ზოგადი პრინციპები.
პალპაციისა და აუსკულტაციის გარდა, წიგნში განხილულია, აგრეთვე, ქალური დაავადების დროს საშვილოსნოს ორი თითით გასინჯვა. ისე როგორც დღეს, „საყმაწვილოს თავშიგა ორი თითი შეყოს და თუ თითსა ძალიან ეცემოდეს და ან მწვედ გამოსტეხდეს იცოდეთ ეს დედაკაცის ორსულობა ვარამისაგან (სიმსივნე) არის“. აქ მოცემულია ორსულობისა და მოჩვენებითი ორსულობის (სიმსივნით გამოწვეული) დიფერენცირების საშუალება ობიექტური გასინჯვით.
ცოფის დიაგნოსტიკის ბიოლოგიური ცდის შესახებ კარში ვკითხულობთ: „მოიტანე ნიგვზის გული და ძაღლის ნაკბენის ალაგი იმა ნიგვზის გულითა დაუზილეთ და მერე ესე ნიგოზი ქათამსა მიუყარეთ, და თუ ან არა ჭამა და ან ჭამა და ქათამი მოკვდა იცოდე ბრაზიანი (ცოფიანი) ძაღლის ნაკბენი არის. და თუ ჭამა და ქათამი არ მოკვდა… მართლის ძაღლის ნაკბენი არის”. როგორც ვხედავთ, საქმე გვაქვს მეტად საყურადღებო ბიოლოგიური ცდის პრინციპებთან.
ადრინდელი სამკურნალო ძეგლებიდან ცნობილი სამკურნალო მანიპულაციების (ხელის გახსნა, კოტოშები, წურბელები, ოყნის გაკეთება და სხვ.) გარდა, „იადიგარ დაუდში“ აღწერილია წამლის მიღების მეტად საინტერესო მეთოდი – ინჰალაციის სახით.
კარში „თ“ ვკითხულობთ: „მოიტანე ერთი აგური და კარგად გაახურვე, მერმე გამოიღე და ზედ ცხარი ძმარი დაასხი და მამ ცხვირცინგლიანმა კაცმან, ასსე უნდა, თავი და ცხვირი ამა ძმრის ორთქლზედა დაიჭიროს, და თავზედა რამე წაიხუროს, რომე ორთქლი არ გაუცივდეს და კარგად იორთქლონ“. როგორც ჩანს, აქ აღწერილია სურდოს (Rhinitis) მკურნალობა ინჰალაციით. ქვემოთ (კარი „კვ“) აღწერილია სასუნთქი ორგანოების მკურნალობა: „მოიტანე ერთი პირვიწრო ლიტრა და ამა ლიტრაშიც ცოტაოდენი ვარდის ყვავილი ჩაყარე და ამაზედა ცოტა ნაკვერჩხალი დააყარე და ნაკვერჩხალზედა ამა გუნდებისაგან (წამალია) ერთი, ორი გუნდა დააფშვნიტე და იმა ლიტრასა პირი მოუგლისე და ამა ლერწმის მეორე საფაყარიანმან კაცმან პირშიგა უნდა დაიჭიროს და ამა წამლების კუამლი ამოსწოვოს, რომე წამლების კუამლი ყუელი პირსა და ხახაშიგან შემოიდინოს, და ასრე უნდა ესე კუამლი ჩაყლაპის“. როგორც ირკვევა, ინჰალაციას, ანუ „კუამლებას“ იყენებდნენ არა მარტო სასუნთქი ორგანოების სამკურნალოდ, არამედ თვალის კონიუქტივური პარკის შებოლვისათვის (ჰემერალოპიის შემთხვევაში), საშვილოსნოსა და სწორი ნაწლავიდან შეორთქლებისათვის სხვადასხვა დაავადების დროს და ა.შ. იყენებდნენ აგრეთვე მშრალად წამლის ჩაბერვას ხახაში: „და ერთსა ლერწმისა მასრაშიგა ჩაყარეთ (წამლები) და ამა მასრისა ერთი წვერი ცხვირშიგა შეუდევით და მეორე წვერი პირთანა დაიჭირეთ და ამა მასრასა წყნარად შეუბერეთ, რომე ესე წამლები კაცსა დამაღშიგა შეუვიდეს“ (კარი „თ“). ან კიდევ „ლერწმის მასრითა ხახაში ჩაუყარონ და ასრე რიგად ჩაბერონ რომე, წამალი ხახაშიგა ჩაუვიდეს” (კარი „კბ“).
წიგნში ნაკლებადაა განხილული ქირურგია, რადგან ავტორის აზრით, „რკინის საქმე და ჩუენი აქიმობა შორი შორ არის“. ჩანს, იგი მტკიცედ იზიარებდა მოსაზრებას ზოგიერთ „აქიმთა“ (თერაპევტთა) მხრივ ქირურგიის უგულვებელყოფის შესახებ. მაგრამ, ქირურგიისადმი ასეთი განწყობილების მიუხედავად, ზოგიერთ ქირურგიულ ჩარევათა შორის ავტორი ერთ-ერთ საინტერესო ოპერაციასაც აღნიშნავს: „და ბევრსა აქიმთა ასრეცა უთქუამს თუ აღარა ღონე იყოს (სწორი ნაწლავის გამოვარდნის დროს) უკანა კარი შეუკერონო და კიდეცა დასდაღონო, მაგრა დადგებისო“. ცხადია, აქ ლაპარაკია სწორი ნაწლავის გამოვარდნილობის (Prolapsus ani) ქირურგიულ მკურნალობაზე, რომელიც, ჩანს, იმდენად გავრცელებულ და საიმედო ოპერაციად მიაჩნია ავტორს, რომ ხაზს უსვამს მის ეფექტურობას.
ძეგლში ლაპარაკია აგრეთვე ბუნებრივი ფაქტორებით მკურნალობის, კლიმატურ-ბალნეოლოგიური მკურნალობის პრინციპების მნიშვნელობაზე. მზით მკურნალობა გამოყენებულია „ისისხის სენით“, ანუ წყალმანკის სენით (ტუბერკულოზური პერიტონიტით) დაავადების დროს: „ან მზე შიგა ცხელსა ალაგსა უნდა დაჯდეს, რომე ამა კაცსა თავი ჩრდილშიგა უნდა ჰქონდეს და სრულად ტანი მზეშიგა ჰქონდეს. და თუ მზე არ იყოს ამავ რიგად ცეცხლის პირსა და ან თორნის პირსა დაჯდეს“. კარგად იცის ავტორმა ზღვისა და მინერალური წყლების სამკურნალო თვისებები: „ან ზღვის წყალშიგა, ან გოგირდის ან ქანის (მინერალურ) წყალშიგა ყელამდის ჩასვან და თუ ესეები არცერთი იყო, ამავე რიგად ყელამდისი მარილს წყალშიგა ჩასვან“, ან კიდევ: „და თუ ასეთსა თბილსა აბანოშიგა იბანონ რომე მიწიდაღმან თვითონ თბილი გამოდიოდეს ამრიგსა ილიაჯაშიგა (აბაზანა) ბანება და შიგ ჯდომა სისხისა სენსა და სიმსივნესა მწოვეს არგებს და კარგად მოუხდების“.
ავტორი მელანქოლიის, სევდიანობისა და, საერთოდ, ნერვულ დაავადებათა დროს ურჩევს ავადმყოფთ ლამაზი საგნების ხილვას, ტკბილ საუბარს, მუსიკის მოსმენას და სხვ.: „კაის საკრავისა ან კაის ხმის გაგონება, და ლამაზის ალაგის ნახვა, და ყოვლის წამლისაგან მეტადრე თავის საყუარლის ნახვა, დაჭურეტა, ყოვლის სენისა და ჭირისა წამალ და აქიმი არის“.
ამრიგად, დავით XI-ს „იადიგარ დაუდი“ ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომია, რომელიც მაშინდელი მედიცინის თითქმის ყველა ძირითად საკითხს ეხება.
ვახტანგ VI - „სამედიცინო პარაგრაფები“.
XVII საუკუნის დასასრულისა და XVIII სუკუნის დასაწყისის უაღრესად მძიმე პოლიტიკური სიძნელეების ფონზე აღტაცებას იწვევს ვახტანგ VI-ის (1675-1737) მრავალფეროვანი მოღვაწეობა კულტურისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგში. თავისი ხანმოკლე სიცოცხლე მან პოლიტიკურ ემიგრაციაში, უცხოელ დამპყრობლებთან ან შინაურ მტრებთან ბრძოლაში გაატარა.
ვახტანგ VI-მ დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში. „უსწორო კარაბადინი“ მისი ბრძანებითა და ხელმძღვანელობით იყო გადაწერილი და რედაქტირებული „სეფეთა დარბაზის“ („სწავლულთა კომისია“) მიერ. ტექსტი სტილისტურად შეასწორეს, გადაამუშავეს, შეავსეს, მკურნალობის მეთოდები და სამკურნალო საშუალებები ახლებურად შეცვალეს და სხვ.
აღსანიშნავია ვახტანგის გულისტკივილი ერთი ფურცლის დაკლების გამო, ჩანს, ის ბევრი უძებნია, რადგან ჩივის „ვერსად ვიპოვეთო“.
ვახტანგის ღვაწლითა და მზრუნველობით შემორჩა ქართულ კულტურას ძველი ქართული მედიცინის უძვირფასესი ძეგლი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი - კარაბადინი“.
შემონახულია მისი ჩანაწერი ხელნაწერის ერთ ფურცელზე (მისსავე კალამთან ერთად): „აქ ჩვენ საქართველოს გამგებელმან ბატონიშვილმან პატრონმან ვახტანგ თვითეულად ფურცლად მოშორებული კარაბადინი ესე შევაწყობინე და შევაკვრევინე სახმარად და სასარგებლოდ კაცთათვის და სახმარად ყოველთა“. ეს ჩანაწერი ხელნაწერის შეკრებასთან, განახლებასა და აკინძვასთან დაკავშირებული ანდერძია. როგორც ხელნაწერის გარეგნული შესწავლით ირკვევა, ვახტანგს ძეგლზე ასეთი სამუშაო ჩაუტარებია: 1. ფურცელ-ფურცელ დაშლილი კარაბადინი აუწყვია, აუკინძავს და ჩაუსვამს ძვირფას ყდაში; 2. გამოურკვევია ფურცელთა ნაკლებობა და საკუთარი ხელით სათანადო ადგილას მიუწერია: „აქ ფურცელი აკლია ერთი“, „აქაც აკლია“ და ა.შ. (სულ 17 ადგილას); 3. შეკრულ ხელნაწერში ახალი პაგინაცია გაუკეთებია; 4. აშიებზე ზოგან მიუწერია შენიშვნები და განმარტებანი.
ეს მუშაობა ვახტანგის მიერვე დათარიღებულია 1709 წლით. „უსწორო კარაბადინის“ გადაწერა და რედაქტირებაც ამავე პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს, რადგანაც მინაწერში ვახტანგი თავის თავს „გამგებლად“, „ბატონიშვილად“ (1703-1716 წწ.) იხსენიებს და არა „მეფედ“.
როგორც ირკვევა, ვახტანგ VI-ის ღვაწლი სამკურნალო მეცნიერებაში მხოლოდ სარედაქციო-აღდგენითი სამუშაოებით არ ამოიწურება. სათანადო წყაროებზე დაყრდნობით არსებობს მოსაზრება, რომ ამავე ხანებში მას შეუდგენია ვეტერინარიის სახელმძღვანელო: „წიგნი ცხენთა ცნობისა და აქიმობისა“ [19]. იგი შედგება 114 კარისაგან (პარაგრაფისაგან). 43 პარაგრაფში განხილულია ცხენთა ჯიშის გაუმჯობესების, ცხენის ექსტერიერის, ჯიშთა გამოცნობის, წვრთნისა და მოვლის მეთოდები, რომლებიც იმ დროისათვის ძალიან გონებამახვილურია. შემდეგ თავებში განხილულია ცხენის დაავადებათა პროფილაქტიკა, კლინიკა და მკურნალობა. მრავლადაა მოცემული სამკურნალწამლო ნივთიერებები. ავტორი მოკლედ აღნიშნავს პათოლოგიის ზოგად საკითხებს, საიდანაც ჩანს, რომ იზიარებს ჰიპოკრატეს ჰუმორულ-პათოლოგიურ თეორიას.
ძეგლში კარგად არის აღწერილი დაავადებათა კლინიკური სურათი, მაგალითად, კარი ხველის, წითელი ქარის, მუცლის ტკივილის, შიგნით სიცხის სირაჯის შესახებ, ყოლინჯის აღწერილობა და სხვ., რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვეტერინარია იმ დროისათვის საფუძვლიანად ჩამოყალიბებული დარგი ყოფილა.
ცალკეული დაავადება შესწავლილია დიფერენცირებულად, დიაგნოსტიკის, კლინიკის, მკურნალობისა და სხვათა მხრივ. დაავადებათა სამკურნალოდ ხშირად ხაზგასმულია მეტად რადიკალური საშუალებები ქირურგიულ ჩარევათა სახით. ნაჩვენებია სისხლის გამოშვება, თერმული მოწვა, დადაღვა. ავტორი იძლევა დარიგებას ინფექციური სნეულებებით დაავადებული პირუტყვის იზოლაციის შესახებ, რაც ეპიდემიასთან ბრძოლის მეტად რაციონალური მეთოდია.
ვახტანგის მიერ შედგენილი საკუთრივ სამედიცინო ხასიათის ძეგლი არა გვაქვს, მაგრამ მისი ერთი მეტად საინტერესო ხელნაწერი: „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის, შეკრებილი მეფის ვახტანგისაგან“, შეიცავს სამედიცინო ხასიათის პარაგრაფებს, რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს ვახტანგის განსწავლულობას მედიცინაში.
ტექსტში აღმოსავლური ტერმინების გვერდით ხშირია რუსული სიტყვები, ტერმინები, მაგალითად, ოტკა, ხლება, ჩეთვერთი, ჩარეკა, მიშიაკ, პოროშოკი, ფეჩი, სტაქანი, და სხვ. აგრეთვე ლათინური ტერმინოლოგია: ალე ვიტერმუს, კარდიალის ტერპენანტო, მოსტიხა და სხვ.
დასავლეთ ევროპასთან იმდროინდელი საქართველოს კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების მაჩვენებელია, რომ წიგნში ხშირად ვხვდებით ასეთ წინადადებებს: „საფრანგეთიდან მოვა“ (პარ. 246) „თაგვის წამალი… ამის ქანი ხვარასანშიც არის და საფრანგეთსაც არი“ (პარ. 54), „ფრანგული ლადანის მსგავსი სურნელება“ (პარ. 252), ,,დანამასტაკის ოტკას ფრანგნი მოსტიხას ეძახიან" (პარ. 267).
ავტორი იმდენად ყურადღებით ეპყრობა ახალ ევროპულ აღმოჩენებს, რომ საჭიროდ მიაჩნია ასეთი „განაგონი" ამბავიც კი ჩაურთოს თავის შრომაში: „ვერცხლის წყალი ქანიდამეც გამოვა, სინგურიდამეც გამოვა. ერთს ქვეყანას, გამიგონია, მიწაც ამოჰყრის. ასეც გამიგონია სისხლისაგან, ბაყლისაგან, ერთ ფრანგ ექიმს გამოეღოს“ (პარ. 68).
ამჟამად ლიტერატურაში ცნობილია, რომ ცოცხალ ორგანიზმში ვერცხლისწყლის არსებობა პირველად თითქოს გერმანელმა მეცნიერმა ა. შტოკმა აღმოაჩინა 1926 წელს. მიუთითებენ მცირე რაოდენობით მის შემცველობაზე ღვიძლსა და თირკმელში (შარდში, ოფლში, ნაღველში, ნერწყვში და სხვ.). ამ მხრივ მეტად საინტერესოა ვახტანგ VI-ის ზემოაღნიშნული ცნობა ფრანგი ექიმის შესახებ, რომელსაც თითქოს გაცილებით უფრო ადრე (1716-1724 წწ.) „გამოეღოს“ ვერცხლისწყალი ადამიანის ორგანიზმიდან (ჩირქიდან, სისხლიდან).
ხელნაწერში სამკურნალო საშუალებების სისტემური აღწერილობა არ გვხვდება, მაგრამ ის მაინც გარკვეულ ინტერესს იწვევს, ერთი მხრივ, ძველი ქართული მედიცინის ისტორიის და, მეორე მხრივ, თვით ვახტანგ VI-ის პიროვნებისა და მისი მეცნიერული დიაპაზონის შესწავლის თვალსაზრისით.
ტექსტიდან მედიცინის ისტორიისათვის საინტერესოა 35 პარაგრაფი. მათ შორის 2 პარაგრაფში (215 და ნაწილობრივ 216) აღწერილია სათვალეების ყალიბის გაკეთება. ტექსტიდან ირკვევა ვახტანგ VI-ის ღრმა ცოდნა ფიზიოლოგიური და ფიზიკური ოპტიკის მეტად რთული საკითხისა. გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ, რომ თბილისში იყო ოპტიკური სახელოსნო, ვინაიდან, სხვაგვარად მოტანილი ინფორმაცია მიზანმიმართულებას ჰკარგავს. დანარჩენი 33 პარაგრაფი შეიცავს ზოგიერთი დაავადების დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალებების აღწერას, ორგანიზმზე მათ მოქმედებას („ხასიათს“), დამზადების ტექნოლოგიური პროცესების ჩვენებას და სხვ.
საქართველოში ყველაზე ადრინდელ წყაროდ, რომელშიც შემონახულია ცნობა საკორექციო საშუალებათა შესახებ, ჯერჯერობით აღიარებულია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი. მას განმარტებული აქვს ზოგადი ტერმინები, რომლებიც ერთგვარ წარმოდგენას გვაძლევს ამ საკითხებზე. მაგალითად, დურბინი, სათვალე, კონოი, შორსათვალე, დამანი, ჭიქა, მინა, შუშა, ჭოგრი, ჭოგრიანი (თელესკოპი) [20].
ვახტანგს განსაკუთრებული ყურადღება გამოუჩენია სათვალეებისა და სხვა ოპტიკური ხელსაწყოების დამზადების წესების აღწერისადმი.
თანამედროვე ოპტიკურ სახელოსნოში არსებული ტექნოლოგიური პროცესების შესწავლით, შესაძლებელი გახდა გავცნობოდით ვახტანგის მიერ აღწერილ სათვალეების დამზადების ტექნოლოგიურ პროცესებს. გამოირკვა, რომ ძველი დროისა და თანამედროვე ტექნოლოგიის პროცესები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს.
აღწერილია სათვალეების ჩარჩოს დამზადება, მაგრამ რადგან სათვალე მინებზე მისთვის აკეთებდნენ სპეციალურ არშიას, ცხადია, ჩარჩოსაც საგულდაგულოდ საკმაოდ მოხდენილს გააკეთებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგის მიერ აღწერილი გაპრიალების პროცესი თითქმის დღესაც უცვლელად სრულდება. ოღონდ, ვახტანგი შალის ნაცვლად ასახელებს ქაღალდის დაკვრას ყალიბზე წებოთი და გასაპრიალებელ ნივთიერებად „კროკუსის“ ნაცვლად მიუთითებს ჯერ „ამარულსა“ და შემდეგ „ტრიფელს“, ე.ი. ორჯერად გაპრიალებას.
ვახტანგის მიხედვით, მინაზე არშიას თრაშვის დამთავრების შემდეგ გაპრიალებამდე აკეთებდნენ სპეციალურ ყალიბში, დღევანდელ სახელოსნოში კი ის ბოლო მანიპულაციაა და მას ყალიბებში კი არ აკეთებენ, არამედ სპეციალურ სალეს ქვებზე.
ვახტანგი, რასაკვირველია, არ იცნობდა ცილინდრულ მინებსა და არც მათი დამზადების წესებს. XVII საუკუნის ბოლომდე მხედველობის კორექციისათვის სფერულ მინებსაც კი სამ დიოპტრიაზე მეტს არც იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ ვახტანგის მიერ აღწერილი ყალიბები ოთხ დიოპტრიამდე უნდა ვიგულისხმოთ, რადგან მის მიერ უკანასკნელად აღწერილი ყალიბი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ოთხს იმდონს წვრილად აჩვენებსო“. ყოველ შემთხვევაში საწყისი ზომიდან რაღაც ოთხი განზომილება იგულისხმებოდა სათვალეების სიძლიერეთა სახეობაში.
ავტორს ნახსენები აქვს აგრეთვე „ცეცხლის მოსაკიდებელი ჭიქა“ და „ხელის სათვალე“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს იმ დროისათვის კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანასთან. ალბათ, ამით აიხსნება, რომ ტექსტში ძალიან ხშირად ვხვდებით ასეთ მითითებებს: „ხარისჩინია ცოტა იშოება, ჩინეთიდან მოიტანებენ“. ნიშადური „სამარყანდიდამ, ქაშხარ(ი)დან, ხორასანს მოიტანებენ, იქიდამ აქეთ წამოვა“; „თალხი თეთრი რუსეთიდამ მოვა“ და სხვ.
ოპტიკური სახელოსნოსათვის საჭირო ნივთიერება „კროკუსი“ კი, როგორც ჩანს, საფრანგეთიდან შემოჰქონდათ: „კროკუსი ერთი ფისია ყვითელი, საფრანგეთიდან მოვა“.
ვახტანგის ეს წიგნი, როგორც ვთქვით, 1716-1724 წლებშია დაწერილი. სრულიად ბუნებრივი იქნებოდა, და საუკუნეობრივი ტრადიციებით განპირობებული, აგრეთვე ერეკლე II-ის დროს ოპტიკური სახელოსნოს არსებობა, რაც ერთი პატარა, მაგრამ მეტყველი დოკუმენტით კიდევაც დასტურდება.
1788 წლის „ერეკლე II-ის სალაროს, ოქროს შემოსავალ-გასავლის აღწერის ნუსხაში“ ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერია: „ქ/ორონი/კ/ონ/სა/ უოვ (1788) ამა წლის ხარჯი ამის ქვემოთ დაიწერება… მარტის კ ბატონისათვის სათვალე გაუკეთებია გაბრიელ ოქრომჭედელს ნონია მოლარის ზედამდეგობით“… ჩანს, მეფის სალაროდან ოქრო გაუციათ მეფის, „ბატონის“ სათვალის ჩარჩოსათვის. ამ ჩანაწერით, ერთი მხრივ, მტკიცდება, რომ თბილისში 1788 წელს იყო ოპტიკური სახელოსნო და, მეორე მხრივ, მასში შემონახულია სათვალეების ოსტატის სახელი - გაბრიელ ოქრომჭედელი.

ლიტერატურა

ნანახია: 11516 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.