ALMA MATER

მედიცინის ისტორია

სიახლეები

NOTA BENE

თარგმანი

კლინიკური კვლევა

მიმოხილვა

კვლევა

ადამიანი და გარემო

იურისტის გვერდი

CASE REPORT

ლიტერატურული გვერდი


ძებნისთვის ჩაწერეთ
4 ან მეტი სიმბოლო



აპოკალიფსის 25 წელი [5.00]

ელექტროქიმიური აქტივაცია - წყლის ქლორირების უსაფრთხო და მაღალეფექტური ალტერნატივა [5.00]

ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [5.00]

დეპრესიის მენეჯმენტი მოზრდილებში [5.00]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [5.00]


ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა დაავადებების დიაგნოსტიკაში - ლეიკემოიდური რეაქციები [24604]

ჰემოფილიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები [9198]

წყალწყალა ნამის ანტიოქსიდანტური აქტივობის კვლევა „დავიკოლის“ ინსტილაციისას [8983]

ფიბროკოლონოსკოპია ნაწლავური სისხლდენების დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში [8175]

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა [7721]


თემების რაოდენობა: 20
კომენტარები: 2

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 90 წლისაა

ავტორი: ა. ცისკარიძე, ნ. ჩიხლაძე


სურათი 1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტის დაარსება და სამედიცინო განათლების სფეროში არსებული საუკეთესო ტრადიციების აღდგენა ქართველი ექიმებისა და მოწინავე საზოგადოების დიდი ხნის ოცნება იყო.
უნივერსიტეტის დამხმარე საზოგადოების წინადადებით 1917 წლის 12 ოქტომბერს „ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების“ მორიგ კრებაზე პირველად დაისვა ქართულ უნივერსიტეტთან სამკურნალო ფაკულტეტის დაარსების საკითხი.
კრებაზე შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა დაემუშავებინა სამკურნალო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების ჩამოყალიბების პროექტი. კომისიაში შედიოდნენ: პ. მელიქიშვილი, ა. ჯავახიშვილი, დ. ახვლედიანი, ი. თიკანაძე, მ. წინამძღვრიშვილი, ს. ვირსალაძე, ვ. ღამბაშიძე, გ. მუხაძე, ნ. მელიქიშვილი, ა. ხარაძე.
15 ოქტომბერს შედგა კომისიის პირველი სხდომა. განიხილეს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და შესაძლო კანდიდატურების საქართველოში მოზიდვის საკითხი.
პროექტის უფრო დეტალური დამუშავების მიზნით კომისია საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტების ქვეკომისიებად დაიყო.
შედგა ფაკულტეტების ჩამოყალიბების პროექტი და ხარჯთაღრიცხვა. ორივე ქვეკომისიამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტები ერთად მოისმენდნენ ლექციებს ბიოლოგიურ და საბუნებისმეტყველო საგნებში. აქედან გამომდინარე, სამკურნალო ფაკულტეტის ხარჯთაღრიცხვის ორი ძირითადი მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სპეციალური სამედიცინო საგნების ჩატარების უზრუნველყოფა და სამკურნალო დაწესებულებების ანუ ფაკულტეტის კლინიკური ბაზების მოწყობა და შენახვა.
კომისიამ დაადგინა: „თუ მატერიალური ძალა ხელს შეგვიწყობს და ომი მოკლე ხანში გათავდება, საბუნებისმეტყველო და მასთან ერთად სამკურნალო ფაკულტეტიც შესაძლებელია გაიხსნას 1918 წლის 1 ოქტომბრიდან“.
კომისიის მუშაობის შედეგები 1917 წლის 31 ოქტომბერს მოხსენდა „ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების“ კრებას.
გამოითქვა აზრი, ქართველ ექიმთა კომისიას არ შეეწყვიტა მუშაობა, მიეღო მუდმივი ხასიათი და ემოქმედა უნივერსიტეტის გამგეობასთან ერთად. აზრი მოწონებულ იქნა თვით უნივერსიტეტის გამგეობის მიერ, რომელშიც „ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების“ წარმომადგენლებად მხოლოდ სათათბირო ხმით შევიდნენ ივანე თიკანაძე, სპირიდონ ვირსალაძე და გრიგოლ მუხაძე.
გრიგოლ მუხაძე თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ „1917 წელს თვითმპყრობელობის დაცემის შემდეგ ქართული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი პრაქტიკულ ხასიათს იღებს.“
1918 წლის 26 იანვარს უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა .
1918 წლის 27 თებერვლის სხდომაზე განხილულ იქნა „ეროვნული საბჭოს სამკურნალო სექციის მიმართვა უცხოეთში მყოფ ქართველ პროფესორთა, დოცენტთა და მეცნიერ-ხელმძღვანელთა მიმართ სააღდგომოდ ტფილისს დაბრუნებისა და აქ კრების გამართვის შესახებ, სადაც ერთ-ერთ საკითხად ქართულ უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტის გახსნა უნდა იყოს დასმული.“
8 მარტის სხდომაზე განხილული იქნა წიგნთსაცავისა და რენტგენის სხივების კაბინეტის შეძენა საფრანგეთის მისიისაგან და გადაწყდა: „რადგანაც კაბინეტიცა და წიგნთსაცავიც სამკურნალო ფაკულტეტისათვის არის საჭირო, ამიტომ ეთხოვოს მკურნალთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოებას, რომ ამათ შეძენას მოხმარდეს ის თანხა, რომელიც საზოგადოებას სამკურნალო ფაკულტეტისათვის აქვს შეგროვებული და განკუთვნილი.“
15 მარტს ივანე ჯავახიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ საფრანგეთის მისიისაგან სამი ათას მანეთად შეძენილ იქნა უნივერსიტეტისათვის ფრანგული წიგნთსაცავი, რომელიც მოიცავდა „სამკურნალო წიგნებს“, რისთვისაც ი. ჯავახიშვილს გამოეცხადა მადლობა.
13 აპრილის სხდომაზე მადლობა გამოეცხადა შავი ქვის მრეწველთა საბჭოს, რომელმაც გადასცა უნივერსიტეტს თავისი წიგნთსაცავი და საექიმო ლაბორატორიის მოწყობილობა. ამავე სხდომაზე ფ. გოგიჩაიშვილმა აღძრა საკითხი იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტს ეთხოვა ყველა ადგილობრივი რედაქციისა და გამომცემელისათვის თავიანთი გამოცემები და ჟურნალ-გაზეთები, ორ-ორი ეგზემპლიარი, უფასოდ გადაეცათ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის.
1918 წლის 25 ივნისის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა: პ. მელიქიშვილი, განხილული იქნა საბუნებისმეტყველო და საექიმო ფაკულტეტის გახსნისა და მოწყობის საკითხი. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, „დაუყოვნებლივ მიღებულ იქნას საჭირო ზომები ორივე ფაკულტეტის ენკენისთვიდან გახსნისა და მოწყობის შესახებ; ეთხოვოს მთავრობას დაუთმოს უნივერსიტეტს ერთ-ერთი შესაფერისი შენობა, სასურველია ქართული გიმნაზიის შენობა. …აღიძრას შუამდგომლობა, სადაც ჯერარს, რომ საექიმო ფაკულტეტისათვის ეხლავე მიჩნეულ იქმნას რამოდენიმე საავადმყოფო, ორი მაინც, და ყველა ამ საკითხების მოგვარება დაევალოს ცალკე კომისიას, რომელშიც შევლენ უნივერსიტეტის გამგეობის წევრნი და ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების სამი წარმომადგენელი.“

დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში სამკურნალო ფაკულტეტის დეკანებად არჩეულები იყვნენ:
•დაარსებიდან 1918 წლის 24 ოქტომბრამდე – დამსახურებული პროფ. პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი.
•1918წ. 24/X – 1919წ. 29/IV – პროფ. ვარლამ პავლეს ძე მოსეშვილი.
•1919წ. 29/IV – 1919წ. 6/IX – პროფ. ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ნათიშვილი.
•1919წ. 6/IX – 1920წ. 6/IX – პროფ. სვიმონ სარდიონის ძე ამირეჯიბი.
•1920წ. 6/IX – 1924წ. 17/XII – პროფ. ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი.
•1924წ. 17/XII – 1927წ. 21/II – პროფ. გრიგოლ მიხეილის ძე მუხაძე.
•1927წ. 21/II – (1929წ. XII) – პროფ. ალექსანდრე გიორგის ძე მაჭავარიანი.

სხდომაზე განიხილეს ლაბორატორიების და აუდიტორიების მოწყობის საკითხი; ჭიათურიდან საექიმო ლაბორატორიის გადმოტანაში თანადგომა ეთხოვა ჭიათურაში მოღვაწე ექიმ სიმონ ჯაფარიძეს. დაისვა, აგრეთვე, „საანატომიო თეატრისა და კლინიკის საკითხი.“ მიხეილის საავადმყოფოთი და საბებიო ინსტიტუტით სარგებლობის შესახებ მთავრობის წინაშე მოხსენების მომზადება სხდომამ დაავალა მედიცინის დოქტორს სპირიდონ ვირსალაძეს.
1918 წლის შემოდგომაზე გაიხსნა საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტები. პროფესორთა სიმცირის გამო ორივე ფაკულტეტი ერთად იყო და დეკანად არჩეულ იქნა დამსახურებული პროფესორი პ. მელიქიშვილი, 1918 წლის 24 ოტომბერს კი – პროფესორი ვ. მოსეშვილი.
ფაკულტეტების დამოუკიდებლად მუშაობის დაწყება შესაძლებელი გახდა 1919 წელს.
1919 წლის 9 აპრილს (ოქმი π30) პროფესორთა საბჭოზე განიხილეს სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო და სამკურნალო ფაკულტეტის გაყოფის საკითხი და უკანასკნელი დამოუკიდებელ ფაკულტეტად ჩამოყალიბდა.
1919 წელს უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო რაოდენობამ 1813 შეადგინა. მათ შორის, 739 (40,8%) სწავლობდა სამკურნალო ფაკულტეტზე. 1920 წელს კი სტუდენტთა საერთო რაოდენობის (2729) 35,2% (960) ჩაირიცხა სამკურნალო ფაკულტეტზე.
სამკურნალო ფაკულტეტის დაარსებიდან 10 წლის თავზე ფაკულტეტის შემადგენლობაში შედიოდა 12 თეორიული კათედრა, (ადამიანის ნორმალური ანატომია, ჰისტოლოგია ემბრიოლოგიით, ფიზიოლოგია, ფიზიოლოგიური ქიმია, ფარმაცია და ფარმაკოგნოზია, პათოლოგიური ანატომია, სამკურნალო მიკრობიოლოგია, ზოგადი პათოლოგია, ფარმაკოლოგია რეცეპტურით და ტოქსიკოლოგიით, ზოგადი ჰიგიენა, სოციალური ჰიგიენა, სამოსამართლო მედიცინა), 15 კლინიკური კათედრა (შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკა პროპედევტიული კლინიკით, ზოგადი ქირურგიული პათოლოგია კლინიკით, შინაგან სნეულებათა კერძო პათოლოგია და თერაპია ინფექციური სნეულებებით, კლინიკით, ნერვების სნეულებანი კლინიკით, ფსიქიატრია კლინიკით, მეანობა კლინიკით, ქალთა სნეულებანი კლინიკით, თვალის სნეულებანი კლინიკით, ბავშვთა სნეულებანი კლინიკით, კანისა და ვენერიული სნეულებანი კლინიკით, ფიზიატრია და კურორტოლოგია კლინიკით, ფაკულტეტის თერაპიული კლინიკა, ფაკულტეტის ქირურგიული კლინიკა, ჰოსპიტალური თერაპიული კლინიკა, ჰოსპიტალური ქირურგიული კლინიკა) და 7 თეორიული და კლინიკური დოცენტურა (ზოოლოგია, ტოპოგრაფიული ანატომია, ოპერაციული ქირურგია, რენტგენოლოგია, ოპერატიული მეანობა და გინეკოლოგია, ყელის, ყურის და ცხვირის სნეულებანი კლინიკით, სტომატო-ოდონტოლოგია კლინიკით).
სამკურნალო ფაკულტეტზე პროფესორებისა და დოცენტების რაოდენობა შეადგენდა 21-ს. მათ შორის, სამეცნიერო ხარისხი ჰქონდა 18-ს. ფაკულტეტზე მოღვაწეობდა 63 ასისტენტი. მათ შორის, ხარისხი ჰქონდა 58-ს. დამსახურებული პროფესორი და პრივატ-დოცენტები კითხულობდნენ „არა სავალდებულო კურსს.“

1924 წლის გაზაფხულზე უნივერსიტეტის უმცროს მასწავლებელთა კოლეგიუმის საერთო სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამეცნიერო ჟურნალის „თანამედროვე მედიცინა“ გამოცემის შესახებ.
ჩამოყალიბდა სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: შ. მიქელაძე, მ. მგალობელი, პ. ქავთარაძე, ზ. მაისურაძე, ნ. ყიფშიძე. 1924 წელს გამოიცა ჟურნალის ხუთი ნომერი. ჟურნალში გამოქვეყნებული იყო თეორიული წერილები, კლინიკური წერილები, მიმოხილვები, რეფერატები, ბიბლიოგრაფია, ქრონიკა, კორესპონდენცია და სხვ.
„უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტი წარმოადგენს დაუშრეტელ წყაროს ჟურნალის საზრდოსათვის“ - წერდა 1928 წელს ნ. ყიფშიძე.

სამკურნალო ფაკულტეტმა უნივერსიტეტში არსებობა შეწყვიტა 1929/1930 სასწავლო წლის ბოლოს.
1995 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღდგა სამედიცინო სწავლება.

ნანახია: 7720 | შეფასებულია: 0 | რეიტინგი: [0.00]  



შეფასება

შესაფასებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით


კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია, ან დარეგისტრირდით

ავტორი: სალი

თარიღი: 2011-09-11 | 22:41

მე მიყვარს თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი :))))



სახელი

პაროლი


2010 | მაისი–ივნისი | 16

2010 | მარტი–აპრილი | 15

2010 | იანვარი–თებერვალი | 14

2009 | ნოემბერი–დეკემბერი | 13

2009 | სექტემბერი–ოქტომბერი | 12

2009 | ივლისი–აგვისტო | 11

2009 | მაისი–ივნისი | 10

2009 | მარტი–აპრილი | 9

2009 | იანვარი–თებერვალი | 8

2008 | ნოემბერი–დეკემბერი | 7

2008 | სექტემბერი–ოქტომბერი | 6

2008 | ივლისი–აგვისტო | 5

2008 | მაისი–ივნისი | 4

2008 | მარტი–აპრილი | 3

2008 | იანვარი–თებერვალი | 2

2007 | ნოემბერი–დეკემბერი | 1


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ქართული google


დარეგისტრირებულია: 531

ამჟამად საიტზეა: 7

თქვენ ხართ სტუმარი No: 1268403


საიტის ავტორი: კობა კურტანიძე
© Copyright 2009-2017 MODERNPUBLISHING.GE
საიტზე არსებული მასალის გამოყენება ან გავრცელება, საიტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე, აკრძალულია.